სადავო პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი ნარკოდანაშაულის შესახებ, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კოდექსში მკაცრდება ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული მუხლები.
· მკაცრდება სასჯელები ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის; მცირე ოდენობის ნარკოტიკის გაყიდვა დაისჯება 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით – მოქმედი კანონმდებლობით, ეს დანაშაული ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
· სამიდან ექვს წლამდე დაისჯება კანაფის და მარიხუანის გასაღება, ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობით – კანაფისა და მარიხუანის გაყიდვა;
· კანონი განსაზღვრავს, რას ჩათვლის სახელმწიფო ნარკოტიკებით ვაჭრობად და ვის ჩათვლის ნარკომოვაჭრედ, ასევე იმას, თუ ვინ ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრად, ახლო ნათესავად და დაკავშირებულ პირად, რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად – კანონში ასეთი განმარტებები არ არსებობდა.
· შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობის უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.
· 2025 წლის პირველი ივნისიდან მას, ვისაც დაუდასტურდება, რომ მოიხმარა ნარკოტიკი ან მას, ვინც თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, სამი წლით ჩამოართმევენ ავტომობილის მართვის მოწმობას, ხუთი წლით აუკრძალავენ საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობას და ამავე ვადით ჩამოართმევენ იარაღის ტარების/ქონის უფლებას;
· თუკი პოლიციელი ქცევით ან სხვა რაიმე გარეგნული ნიშნით ჩათვლის, რომ მოქალაქე შეიძლება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყოს, მას უფლება აქვს, გადაიყვანოს იგი ექსპერტიზაზე. ამ მოთხოვნაზე უარის თქმა შესაძლებელია, მაგრამ უარის შემთხვევაში, მოქალაქეს მაინც რჩება ვალდებულება, პოლიციას 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს დამოუკიდებლად ჩატარებული კვლევის შედეგები. ნარკოტესტი უნდა გაკეთდეს მიმართვის გამოწერიდან არაუგვიანეს რვა საათისა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა პირველ ჯერზე დაისჯება 500-დან 2 000 ლარამდე ჯარიმით ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ანუ პატიმრობა.
· პატიმრობა შესაძლებელია აიცილონ მათ, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს პოლიციას ნარკოტიკებს.
საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა „საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია“, რომლის თანახმად, რეფორმა „დესტრუქციულია“ და უნდა შეჩერდეს. ამასთან, „ადიქტოლოგთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ ინიციირებული რეფორმა „არ ითვალისწინებს სამეცნიერო მტკიცებულებასა და არ ემყარება პროფესიულ ცოდნას“.
„ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ამსუბუქებდა. მიღებული კანონპროექტი მოიცავს ნორმებს „ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობაზეც“.
ფორუმი
