საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აქვეყნებს „ღია წერილს გულწრფელი ახალგაზრდებისადმი“. ვრცელ წერილში კობახიძე საქართველოში ბოლოს წლებში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილე ერთი ახალგაზრდის დამოკიდებულებას განაზოგადებს და წერს, რომ ეს ახალგაზრდა „ნაციონალების“ სახეა, რომელიც ხან პოლიტიკოსების, ხან არასამთავრობო ორგანიზაციების, ხანაც მედიისა და ლექტორების გავლენით მოქმედებს – პოსტებს წერს ფეისბუკში და დგას აქციებზე, „ნაცის ტვინი ასეა მოწყობილი – ხან ვერ ფიქრობს და ხან არ ფიქრობს”, – წერს საქართველოს პრემიერი.
ამასთან, ირაკლი კობახიძე წერს, რომ „ერთი თვის წინ საინტერესო კვლევა“ ჩაატარეს. დაკონკრეტებული არაა, ვინ ჩაატარა კვლევა – მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ თუ საქართველოს მთავრობამ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილის თანახმად, მხარდამჭერთა დამოკიდებულების გასაგებად ჯერ მათი ინტელექტი შეამოწმეს.
„გამოვიკითხეთ, ამომრჩევლის რამდენი პროცენტი უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“ ინტელექტის დონის მიხედვით. რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ შევამოწმეთ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დავყავით. კვლევით დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში – მხოლოდ 45,6 პროცენტი“, – წერს კობახიძე. იგი არ მიუთითებს დაბალი ინტელექტის ამომრჩევლის მხარდაჭერის პროცენტულ მაჩვენებელს.
პრემიერი დაასკვნის, რომ „ზოგადად, სახელმწიფოსთვის ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა, რასაც დანინგ-კრუგერის თეორიაც ადასტურებს. ამ თეორიის თანახმად, საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანს ახასიათებს თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი ხარისხი. ადამიანს, რომელსაც კანონი არ წაუკითხავს, მაგრამ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისგან და ოკეანის გაღმიდან მოისმინა, რომ ეს კანონი რუსულია, ყველაზე მყარად სწამს, რომ მის მიერ წაუკითხავი კანონი ცუდია“.
2024 წლის პირველ მაისს პარლამენტმა, ხანგრძლივი და მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო.
კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის რადიო თავისუფლებასაც.
კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.