“ქართულმა ოცნებამ” თუ გაიმარჯვა, ალბათ, მოგვიწევს წასვლა – აზერბაიჯანელი პოლიტემიგრანტები

გასული ათწლეულის განმავლობაში, თბილისი მრავალი აზერბაიჯანელი პოლიტიკური ემიგრანტის თავშესაფარი გახდა – აქტივისტები, ჟურნალისტები და სხვა “დისიდენტები” საქართველოში საცხოვრებლად რეპრესიების შიშით, ან უბრალოდ შედარებით მშვიდ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილით გადმოვიდნენ.
მაგრამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება, ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტის ინიცირება და სხვა ნაბიჯები, რომლებიც ამჟამად ქართულმა ხელისუფლებამ გადადგა, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო უარს ამბობს თავისუფლებასა და დემოკრატიაზე და თავდაჯერებულად მიდის ავტორიტარიზმის გზაზე.
მაშინ, როდესაც ქვეყნის მოქალაქეები იმედოვნებენ, რომ ვითარება შეიცვლება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ემიგრანტები უსიამოვნო არჩევანის წინაშე დგანან: დარჩნენ აქ და გაიზიარონ მეურვე სახელმწიფოს გადაწყვეტილებები თუ მოახლოებული ზიანი თავიდან აიცილონ და სხვაგან ემიგრირდნენ.
მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მათ უმრავლესობას საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ აქვს. აქამდე ამ ფაქტორს განსაკუთრებული როლი არ ჰქონია, ახლა კი საკითხი ყველა სხვა უფლების ნაკლებობას უკავშირდება და პოლიტემიგრანტებს დაუცველ მდგომარეობაში აყენებს.
“მათ შეუძლიათ ჩვენი ჩაბარება აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის”
მაგსუდი [სახელი შეცვლილია] უკვე მეხუთე წელია თბილისში ცხოვრობს და ნამდვილად არ სურს, რომ აქ ყველაფერი მიატაოვოს და სადღაც სხვაგან თავიდან დაიწყოს ცხოვრება, მაგრამ…
“ქართულმა ოცნებამ” რომ არჩევნებში გაიმარჯვოს, ალბათ, მაინც მომიწევს წასვლა. იმიტომ რომ საქართველოში დარჩენა ზედმეტად სახიფათო გახდება. “ოცნებამ” მიიღო კანონი “უცხოელი აგენტების შესახებ” და, ზოგადად, მათი ავტორიტარიზმისკენ სწრაფვიდან გამომდინარე, მათ შეუძლიათ აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნით, პოლიტიკური ემიგრანტების გადაცემა”, – ამბობს მაგსუდი.
ის იხსენებს გახმაურებულ ინციდენტს, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანელი პოლიტიკური ემიგრანტებისთვის პირველი განგაში ზარი იყო:
“2017 წელს ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაიტაცეს თბილისიდან და გადაიყვანეს აზერბაიჯანში, სადაც მას პატიმრობა მიუსაჯეს გაყალბებული ბრალდებით. ამაში აშკარად ქართულ სპეცსამსახურების ხელი ერია. ასე რომ, პრეცედენტი იყო, თანაც არცთუისე დიდი ხნის წინ”.
მიუხედავად ყველაფრისა, არც ევროპას მიიჩნევს მაგსუდი ბოლომდე უსაფრთხოდ.
“მაგალითად, მე მომწონს ბუდაპეშტი და ალბათ, შევძლებდი იქ ცხოვრებას. მაგრამ უნგრეთის პრემიერ მინისტრი ასევე არის მემარჯვენე ავტორიტარული მმართველი, რომელსაც აქვს შესანიშნავი ურთიერთობა ილჰამ ალიევთან. შესაბამისად, იქ გადასვლის აზრს ვერ ვხედავ. ან, მაგალითად, გერმანია: როგორც ჩანს, იქ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ გასულ წლებში, იქიდან რამდენიმე აზერბაიჯანელი პოლიტიკური ლტოლვილი დაადეპორტირეს. შესაძლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჯობდეს წასვლა”.
მაგრამ ყველაზე მეტად მაგსუდს სურს, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს 26 ოქტომბრის არჩევნებში და არ მოუწიოს არსად წასვლა:
“თუ, მაგალითად,” ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოვა ხელისუფლებაში, მაშინ დავრჩები. არა იმიტომ, რომ მე მომწონს ნაციონალური მოძრაობა. არა, მე საკმაოდ კრიტიკულად ვარ მათ მიმართ განწყობილი. სააკაშვილი, თავის დროზე, საკმაოდ რეპრესიულ პოლიტიკას ატარებდა. მაგრამ ამ დროისთვის ნაციონალური მოძრაობა ეწინააღმდეგება კანონს “უცხოელი აგენტების შესახებ” და იბრძვის ევროინტეგრაციისთვის… ასე რომ, იმედი მაქვს, ისინი უფრო ლიბერალურები იქნებიან და შეძლებენ, თუ რაიმე მოხდება, დაიცვან ადგილობრივი აზერბაიჯანელები”.
გარდამტეხი მომენტი
სწორედ აფგან მუხთარლის გატაცება იქცა გარდამტეხ მომენტად, რომელმაც შეარყია აზერბაიჯანელი ემიგრანტების რწმენა საქართველოში. ამავე პერიოდში, ბელგიური ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პარტნიორობისთვის (IPHR) თავის ანგარიშში აღნიშნავდა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობის გამო, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები უსაფრთხოების მაღალი რისკების წინაშე დგანან.
ანგარიშის ავტორების თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა თავშესაფრის ან ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე ბევრი აზერბაიჯანელისტვის. ამის არგუმენტად კი სხვა საკითხებთან ერთად, “საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხეები” მოიყვანა.
2017 წლის შემდეგ ბევრმა აზერბაიჯანელმა პოლიტიკურმა ემიგრანტმა დატოვა თბილისი და საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა. მაგრამ დროთა განმავლობაში, სხვებმა დაიკავეს მათი ადგილი. ეს ნაკადი გაძლიერდა 2020 წლის მეორე ყარაბაღის ომისა და განსაკუთრებით, 2023 წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც რამდენიმე თვის განმავლობაში აზერბაიჯანში ათობით ჟურნალისტი, აქტივისტი და საზოგადო მოღვაწე დააკავეს კონტრაბანდის ბრალდებით.
“დავიღალე პოლიტიკური პროცესებით”
მაგსუდისგან განსხვავებით, ლგბტ აქტივისტ ლილი ნაზაროვს არჩევნების იმედი არ აქვს და ოქტომბრამდე წასვლას განიხილავს.
2020 წლის ომის დროს ლილი, რომელსაც ანტიმილიტარისტული შეხედულებები აქვს, მოქალაქეების მხრიდან სოციალური უარყოფის, ხოლო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა. ამან აიძულა ის თბილისში გადასულიყო.
“მაგრამ მე აქ თავს დაცულად არ ვგრძნობ. უპირველეს ყოვლისა, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობის და აზერბაიჯანულ გაზზე საქართველოს დამოკიდებულების გამო. საქართველო, თუნდაც წმინდა გეოგრაფიულად, ძალიან ახლოსაა აზერბაიჯანთან და რუსეთთან იმისთვის, რომ ჩვენ აქ უსაფრთხოდ არ ვიყოთ”, – ამბობს ლილი.
ის ამტკიცებს, რომ თბილისში ყოფნისას მას უკვე შეექმნა დევნის პრობლემა, რის გამოც ბინის შეცვლაც კი მოუწია.
ლილი აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღების წინააღმდეგ, რომლის მიღებამაც მას, როგორც ამბობს, ბოლო მორალური ძალა გამოაცალა. ლგბტ უფლებების შეზღუდვის კანონის ინიცირებამ კი საბოლოოდ გაამძაფრა მესამე ქვეყანაში წასვლისა და მშვიდობის ძიების სურვილი:
“სიმართლე გითხრათ, უკვე ძალიან დავიღალე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობით. ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ საქართველოში… ამ წუთში არ მაქვს მორალური ძალა, რომ აქ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული პროცესები გავიარო. მინდა, რაც შეიძლება მალე წავიდე”.