ქართულმა ბრენდმა Nickola’s-მა დაგეგმილი პროექტების განხორციელება, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, დააპაუზა.
როგორც ბრენდის დამფუძნებელი ნიკოლას ქანთარია “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, ბრენდის მიერ მამაკაცის წვერის მოვლის საშუალებების, ჭურჭლის და მამაკაცის სუნამოს გამოშვება, მიმდინარე მოვლენების დასტაბილურების შემდეგ გახდება შესაძლებელი.
“ვიმედოვნებ, რომ 2025 წელს შევძლებთ პროექტების განხორციელებას. რა თქმა უნდა, მაქვს მოლოდინი, რომ უკეთესი წელი იქნება, ვიდრე 2024 იყო”, – აცხადებს ნიკოლას ქანთარია.
რაც შეეხება განვლილ 2024 წელს – ნიკოლას ქანთარია აღნიშნავს, რომ დეკემბერი უმნიშვნელოვანესი თვეა ყველა კომპანიისთვის და შესაბამისად, 2024 წლის ბოლოს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, ბიზნესების წინსვლა შეაფერხა.
” ჩვენს სფეროში დეკემბრის თვეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საახალწლო პერიოდში ყველა საჩუქარს ეძებს და როდესაც ეს თვე გივარდება, ნიშნავს, რომ მთელი წელი ჩავარდნილი გაქვს”, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ბრენდი Nickola’s უკვე 13 წელია რაც ბაზარზეა. ბრენდი ამ ეტაპზე სამოსს, პარფიუმს და აქსესუარებს აწარმოებს. Nickola’s-ის ე.წ. შოურუმი და ატელიე თბილისში, პანკისის 3ა-ში მდებარეობს, სადაც მომხმარებლებს ბრენდის პროდუქციის შეძენა შეუძლიათ. გარდა ამისა, მომხმარებლებს დიზაინერის დახმარებით შეუძლიათ საკუთარი შტრიხები შეიტანონ სამოსში, ან თავისივე დიზაინით შექმნან სამოსი.
bp.ge