„ქართული ცემენტი“ „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ნაცვლად – კომპანიას სახელი ოფიციალურად შეეცვალა

საქართველოში ცემენტის უმსხვილეს მწარმოებელს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ სახელი ოფიციალურად შეეცვალა და მას შპს „ქართული ცემენტი“ ეწოდება.
ბიზნესრეესტრის მონაცემების მიხედვით, ცვლილება მიმდინარე წლის 12 სექტემბერს აისახა. კომპანიის სახელის ცვლილება უკავშირდება ქარხნიდან გერმანული Heidelberg Materials-ის გასვლას, რაც ცნობილი ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში გახდა.
„ჰაიდელბერგცემენტ საქართველოს“ ახალი მფლობელების შესახებ ინფორმაცია 2023 წელს გავრცელდა. ცემენტისა და ბეტონის უმსხვილესი მწარმოებელი, „ცემენტ ინვესტმა“ გერმანული „ჰაიდელბერგ მატერიალზისგან“ სრულად გამოისყიდა.
კომპანია „ცემენტ ინვესტი“ წარმოადგენს ს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის, ირაკლი რუხაძის „ჰანიველ პარტნერზისა“ და დავით ბეჟუაშვილის ოჯახის ინტერესებს.
„ცემენტ ინვესტი“ ჰაიდელბერგის პარტნიორი 2017 წლიდან გახდა, მას შემდეგ კომპანიამ ქარხნის და საწარმოო სიმძლავრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა.
ტრანზაქციამდე ქარხნის ბენეფიციარი მესაკუთრეების სია ასეთი იყო: 45% – ჰაიდელბერგ მატერიალსი; 45% – თანაინვესტირების ფონდი და ჰანიველ პარტნერსი (ერთობლივად); 10% – დავით ბეჟუაშვილის ოჯახი.
ამ დროისთვის საჯაროა კომპანიის 2022 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც კომპანიამ 513 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა 2021 წელთან შედარებით 98 მილიონი ლარით მეტია. ამავე წელს გაუმჯობესდა კომპანიის წმინდა მოგებაც, რამაც 129 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 38 მილიონი ლარით მეტი იყო. ქარხნის მთლიანი აქტივები 579 მილიონ ლარს აღწევს.