ქართული ღვინის გაყიდვები რუსულ ბაზარზე შენელებულია. აქციზის გაზრდა საბოლოოდ პროდუქტის ფასზე აისახა – “ასკანელი ძმები”

ქართული ღვინის გაყიდვები რუსულ ბაზარზე შენელებულია. ,,ასკანელი ძმების“ დირექტორი ირაკლი უგლავა ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ს მიერ საბაჟო გადასახადის გაზრდამ თაროზე განთავსებული ღვინო გააძვირა. მისი თქმით, ერთი ბოთლი ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე დოლარით ან დოლარითა და 20 ცენტით გაძვირდა. რუსულ ვალუტაში თუ ვიანგარიშებთ მატება დაახლოებით 100 რუბლს შეადგენს.
,,აქციზის გაზრდა საბოლოოდ პროდუქტის ფასზე აისახა და ზოგადად, ქართული ღვინის გაყიდვები რუსულ ბაზარზე შენელებულია. ფასის გაძვირებამ საბოლოოდ, როგორც ჩანს ღვინის გაყიდვების შენელება გამოიწვია. უხეშად რომ ვიანგარიშოთ, თაროზე ერთი ბოთლი ღვინის ფასი დოლარი და 20 ცენტით გაიზარდა. ჩვენ თუ ვყიდდით თაროზე პროდუქტს პირობითად 500 რუბლად, ახლა დევს 600 რუბლად. 100 რუბლით ან დოლარი და 20-ით მატება ბოთლზე პატარა თანხა არ არის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 4 და 5 დოლარიან პროდუქტზე, რომელიც მასიური გაყიდვის არის. დოლარით ფასის გაზრდა, რა თქმა უნდა, პატარა ცვლილება არ არის მომხმარებლისთვის და შესაბამისად გაყიდვებზე გავლენა აქვს.”- აცხადებს ირაკლი უგლავა.
,,ასკანელი ძმების“ დირექტორი მიიჩნევს, რომ რუსეთში ქართული ღვინის რეალიზების მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 10%-ით შემცირდება. ირაკლი უგლავა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რუსეთში ევროპული ღვინოები კიდევ უფრო მეტად გაძვირდა, ვიდრე ქართული. მისი შეფასებით, ამ ფაქტის გათვალისწინებით ქართულ ღვინოზე მოთხოვნა შესაძლოა შენარჩუნდეს, რადგან ფასის მატების მიუხედავად ის ბაზარზე იაფ ალტერნატივად რჩება.
,,ველოდები რომ წლიურ ჭრილში მაქსიმუმ, დაახლოებით 10-15%-იანი ნაკლებობა იქნება. შეიძლება არც შეგვიმცირდეს. ჩვენ ახალი პარტნიორებიც გვყავს და ნორმალურად ვმუშაობთ. საქართველოსთვის წლიურ ჭრილში რეალიზების დაახლოებით 10%-ზე მაღალ კლებას არ ველოდები. შეიძლება არც შეიცვალოს და იგივე დარჩეს. ბაზარზე არის ევროპული ღვინოებიც, რომელსაც სანქციები აქვთ და იმათ კიდევ უფრო დიდი გადასახადები დაუწესდათ. შესაბამისად, ღვინის მომხმარებელი ევროპულის ყიდვას კიდევ უფრო ვერ შეძლებს და დაბალ ფასიანზე გადმოვა. გამოდის, რომ ჩვენ ვართ შედარებით იაფიანი. რუსულ ბაზარზე იტალიური და ესპანური ღვინოები იყო ყველაზე დიდი მოცულობით. აქციზი ჩვენთვის რომ გასამმაგდა, იმათ კიდევ დამატებით 2 დოლარიანი გადასახადი დაადეს და ევროპული ღვინოები კიდევ უფრო გაძვირდა.”- აცხადებს ირაკლი უგლავა.