ქართული ტაქსის გამოძახების კომპანია “რაში“ წლის ბოლომდე ბათუმსა და ქუთაისში გადის. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ნოდარ ლაცაბიძემ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ქართული ტაქსის გამოძახების აპლიკაციის მიმართ მოთხოვნა რეგიონებში როგორც ტაქსის მძღოლების, ასევე მომხმარებლების მხრიდან ძალიან დიდია. მაგრამ, აქტიური მძღოლების დეფიციტის გამო, კომპანია მოთხოვნას ვერ პასუხობდა. თუმცა, კომპანიამ ცოტა ხნის წინ “იანდექსის” და “ბოლტის” ტაქსის გაფიცულ მძღოლებთან თანამშრომლობა დაიწყო და პირველ ეტაპზე 500, ხოლო ზაფხულამდე 1500 მძღოლის დამატებას გეგმავს, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებას ხელს შეუწყობს.
მისივე თქმით, ამ დროისათვის ბათუმსა და ქუთაისში უკვე რამდენიმე ასეული ტაქსის მძღოლი ჰყავთ და წლის ბოლომდე, ამ ქალაქებში უკვე შესაძლებელი იქნება „რაშის“ აპლიკაციის გამოყენება.
„ჩვენთვის აქტიური მძღოლების მოყვანა პრობლემა იყო, ხოლო მომხმარებლები თავიდანვე ბევრი გვყავდა. ახლა, მძღოლებთან დაპარტნიორების შემდეგ ვფიქრობთ, ეს პრობლემაც აღარ გვექნება.
გვინდა, რამდენიმე ათასი აქტიური მძღოლი გვყავდეს, რადგან არსებულ მოთხოვნას შესაბამისად ვუპასუხოთ და დავაკმაყოფილოთ. ამ ეტაპზე, მხოლოდ თბილისის მასშტაბით ვმუშაობთ, თუმცა ამ წლისთვის, ქუთაისსა და ბათუმში ვაპირებთ შესვლას. ამასთან, ზუგდიდი, გორი და პატარა ქალაქებიც ჩვენს მიზანშია. ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით რამდენიმე ასეული ტაქსის მძღოლი გვყავს რეგისტრირებული. ისინი ჩვენს აპლიაკაციაში უკვე არიან და როგორც კი ჩვენი აპლიკაცია ამ ქალაქებში გააქტიურდება, მომხმარებლებს მძღოლებზე წვდომაც ექნებათ “, – ამბობს ლაცაბიძე.
მისივე ცნობით, სტარტაპის განვითარების მიზნით, კომპანია ინვესტორის მოძიების პროცესშია, როგორც საერთაშორისო მასშტაბით, ამასთან ადგილობრივ ბაზარზეც. თუმცა, მისი თქმით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვნად აფერხებს ინვესტორების მოძიების პროცესს. გარდა ამისა, კომპანია აქციების გარკვეულ ნაწილს ყიდის და ღიაა ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებისთვისაც.
ნოდარ ლაცაბიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ დიდი კონკურენტული პირობების ფონზე, მათ პლატფორმაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ამ დროისათვის, დაახლოებით 120 000 – ზე მეტ ადამიანს აქვს აპლიკაცია ჩამოწერილი.
