საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წვდომა MIT-ის GenAI Orbit პლატფორმაზე გაუზიარა.
როგორც BM.GE-სთან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს, ეს თანამშრომლობა MIT-თან პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს ანტრეპრენიორული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას როგორც საქართველოში, ისე რეგიონის მასშტაბით.
რაც შეეხება თავად პლატფორმას Orbit, ეს არის MIT-ის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო ინსტრუმენტი. პლატფორმაში შედის 5,000-ზე მეტ სტატია, რომლებიც შექმნილია MIT-ის მეწარმეობის ექსპერტების მიერ და სთავაზობს 200-ზე მეტ კურსს, რომლებიც ფოკუსირებულია მეწარმეობის სხვადასხვა თემებზე – ინოვაციებზე, სტარტაპების მართვაზე და ტექნოლოგიურ განვითარებაზე. Orbit-ში ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი, რომელიც ეფუძნება Bill Aulet-ის Disciplined Entrepreneurship 24-ნაბიჯის ჩარჩოს და უზრუნველყოფს ბიზნეს იდეების სწრაფ და ეფექტურ ანალიზს.
აღსანიშნავია, რომ SEU ამჟამად მსოფლიოს იმ ხუთ უნივერსიტეტს შორის არის, რომელსაც MIT Orbit-ზე შეუზღუდავი წვდომა აქვს. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ პარტნიორობის მიზანია, ცოდნისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების გადაცემა იმ სტარტაპებისთვის, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ.
“SEU მიზნად ისახავს რეგიონში სამეწარმეო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას. MIT-ისთან ექსკლუზიური პარტნიორობა და GenAI Orbit პლატფორმაზე შეუზღუდავი წვდომა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ მისიის რეალიზებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში შეიქმნას სამეწარმეო და ინოვაციური ეკოსისტემის ახალი ეტაპი, სადაც მსოფლიო დონის რესურსები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, ინოვატორებისთვის და სტარტაპებისთვის. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან ამ უნიკალურ პლატფორმაზე წვდომა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსაც ექნება.
GenAI Orbit პლატფორმის წარმატებით დანერგვის პროცესში SEU აქტიურად ჩაერთვება. ამ მიზნით, GITA-ს, MIT-ს პროფესორები და MIT-ში გადამზადებული SEU-ს აკადემიური აფილირებული პერსონალი დაეხმარება”,- ამბობენ SEU-ში.
“საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ, ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, გაგვიზიარა წვდომა MIT-ს მიერ შექმნილი პლატფორმა ORBIT-ზე, რომელიც აერთიანებს MIT-ს მთელ ცოდნის ბანკს – 5,000+ სამეცნიერო სტატიას, 200+ მეწარმეობის კურსს და დახურული სამეცნიერო ბაზების რესურსებს. ORBIT-ზე წვდომა ქართულ სტარტაპებს აძლევს გლობალური დონის ინსტრუმენტებს და ცოდნას, რაც ადრე მხოლოდ MIT-ის სტუდენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ეს ნიშნავს, რომ ლოკალური სტარტაპები შეძლებენ მსოფლიო სტანდარტით განვითარებას და რისკების მინიმიზებას ბიზნეს დაგეგმვის ეტაპზევე”, – განაცხადა აქსელერაციის პროგრამის მენეჯერმა, ნინო ბიწაძემ.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ Orbit-ზე დაშვება ახალ შესაძლებლობას ქმნის სტარტაპებისთვის და ეხმარება მათ აქსელერაციის პროცესში.
SEU-ს მხრიდან GITA-სთვის ORBIT-ზე წვდომის გადაცემა მხოლოდ პირველი ნაბიჯია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის ტრანსფორმაციის გზაზე. როგორც უნივერსიტეტში ამბობენ, მათი მიზანია MIT-ის ანტრეპრენერული განათლების მოდელის გავრცელება საქართველოში და რეგიონის მასშტაბით, რაც ქვეყანას მაღალი კონკურენტუნარიანობის მქონე, ინოვაციური სტარტაპების ცენტრად ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს.
