ქართული სატვირთო ავიაკომპანია “იზი ჩარტერის” შემოსავალი გაიზარდა

ქართულმა ავიაკომპანია „იზი ჩარტერმა“, რომელიც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებს, 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც კომპანიის გაზრდილ ფინანსურ მაჩვენებლებზე მეტყველებს.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ გასულ წელს 37.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. წმინდა მოგებამ 8.5 მილიონი ლარი შეადგინა – 2023 წლის შედეგთან (668 ათასი ლარი) შედარებით ზრდა 12-ჯერ აღინიშნა.
„იზი ჩარტერს“ საკუთრებაში ჰყავს ერთი სატვირთო Airbus A300B4-203F, რომელიც ბაზირებულია თბილისში. რეისების უმეტესობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება, თუმცა კომპანია აქტიურად ოპერირებს ევროპაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაშიც.
ფინანსური დოკუმენტის თანახმად, ყველაზე მსხვილი ხარჯი ცვეთა და ამორტიზაცია იყო – 6.5 მილიონი ლარი. საწვავზე კომპანიამ 6.2 მილიონი ლარი დახარჯა, საჰაერო მომსახურებაზე – 4.2 მილიონი ლარი, ხოლო რეისების დაზღვევაზე – 3.7 მილიონი ლარი. ადმინისტრაციულ ხარჯებს შორის წამყვანია შრომის ანაზღაურება – 2.2 მილიონი ლარი.
კაპიტალი და აქტივები:
2024 წლის ბოლოს „იზი ჩარტერის“ აქტივები 41.3 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 32.7 მილიონი ლარი გრძელვადიან აქტივებზე მოდის. ფულადი სახსრების ნაშთი კი 7.4 მილიონ ლარს გაუტოლდა.
მფლობელობა:
კომპანიის 70%-ს ფლობს დედა კომპანია „იზი ჩარტერი“, ხოლო დარჩენილი წილები ლაშა და კახაბერ გიგიტელაშვილებს (თითოეულს 15%) ეკუთვნით. საბოლოო ბენეფიციარები არიან: რატი ძერია (34.11%), კონსტანტინე დავითიძე (28.65%), პაატა კვიჟინაძე (13.64%), კახაბერ გიგიტელაშვილი (12.55%) და ლაშა გიგიტელაშვილი (11.05%).
დოკუმენტის მიხედვით, ავიაკომპანია უკვე მუშაობს მეორე საჰაერო ხომალდის შესაძენად, რაც ოპერირების გაფართოებას და ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს.