ქართული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების განბაჟება სომხეთში იანვრიდან სავალდებულო ხდება – რას გამოიწვევს ახალი რეგულაცია?

2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოდან ან სხვა ქვეყნიდან, რომელიც არ არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყანა, იმპორტირებული მანქანების დროებითი სარგებლობისთვის სომხეთის მოქალაქეებს მოეთხოვებათ გარკვეული თანხის ჩარიცხვა საბაჟო ორგანოს სადეპოზიტო ანგარიშზე. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის მინისტრთა კაბინეტი 2023 წლის 5 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, 5 წლამდე ასაკის ავტომობილების განბაჟებას დაასუბსიდირებს 40 პროცენტით, ხოლო 5 წელზე უფროსი ასაკის ავტომობილებს – 70 პროცენტით.
ქართული სანომრე ნიშნებით ავტომობილების მძღოლებმა სომხეთში უცხოური მანქანების სავალდებულო განბაჟების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი აპროტესტებენ სავალდებულო განბაჟებას და პროცედურის შეთავაზებულ პირობებს. აქციის მონაწილე მძღოლების თქმით, განბაჟების ღირებულება უკიდურესად მაღალი და სრულიად წამგებიანია თუნდაც სახელმწიფო სუბსიდიებით.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსი ნონიაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სომხეთის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ ექნება, თუმცა მეზობელ ქვეყანაში ავტომობილების იმპორტი შეიძლება მცირედით შემცირდეს.
„ყველა სახელმწიფო მიისწრაფვის იმისკენ, რომ ადგილობრივი სახელმწიფო ნომრებით იაროს ავტომობილებმა და არა თუნდაც მეზობელი ქვეყნების სანომრე ნიშნებით. ვფიქრობ, აქამდე ავტომფლობელები ამ ხერხს იმიტომ იყენებდნენ, რომ გარკვეულ სეგმენტს საქართველოში განბაჟება უფრო იაფი უჯდებოდა, მაგრამ უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ჩვენ შემთხვევაში იქნება ეს თუ სხვა ქვეყნის შემთხვევაში ნებისმიერი მთავრობა ბოლოს მაინც იღებს გადაწყვეტილებას, რომ ასეთ მდგომარეობაში არსებული ავტომობილები გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციოს. საქართველოზე მნიშვნელოვანი გავლენა ამას არ ექნება, შეიძლება განბაჟებული ავტომობილების რაოდენობა და იმპორტი მცირედით შემცირდეს“, – ამბობს ალექსი ნონიაძე.