„ქართული სადაზღვევო ინდუსტრიისთვის ნაკლებად საინტერესოა და განსაკუთრებულს არაფერს შეცვლის“ – ტურისტების სავალდებულო დაზღვევა ივნისიდან ამოქმედდება

საქართველოში შემოსასვლელად ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის ქონა სავალდებულო გახდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკითხზე უწყებათაშორისი კომისია მუშაობს და მთავრობის შესაბამისი დადგენილება 1 ივნისამდე დამტკიცდება.
ტურიზმის შესახებ კანონის შესაბამისად, მთავრობამ 2024 წლის 1 ივნისამდე უნდა მიიღოს „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება. აღნიშნულს ტურიზმის შესახებ კანონი ითვალისწინებს.
დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანი ლაშა ნიკოლაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ დაზღვევის ის მოდელი რომლის ამოქმედებასაც სახელმწიფო სავალდებულო სახით ტურისტებისთვის გეგმავს, ქართული სადაზღვევო ინდუსტრიისთვის ნაკლებად საინტერესოა.
მისი თქმით, ბევრი დეტალია ჯერ კიდევ გასარკვევი, მათ შორის ის თუ რა მექანიზმი იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ტურისტი ქვეყანაში დაზღვევის გარეშე შემოვა, რადგან ჯარიმებზე საუბარი არ ყოფილა.
„ასეთი მოდელი, ქართული სადაზღვევო ინდუსტრიისთვის ნაკლებად საინტერესოა და განსაკუთრებულს არაფერს შეცვლის. ადამიანები განვითარებული ქვეყნებიდან თავიანთ ქვეყნებში შეიძენენ სადაზღვევო პაკეტებს და მიუხედავად იმისა, მათ ვინმე მოსთხოვს თუ არა საზღვარზე დაზღვევას, ისინი შემოვლენ ქვეყანაში. რაც შეეხება მესამე ქვეყნებს და დაზღვევასთან ნაკლებად ასოცირებულ ქვეყნებს, ისინი შემოვლენ როგორც შემოდიოდნენ, იმიტომ რომ აღნიშნული სავალდებულო დაზღვევის რეალიზების ნაწილი არ იქნება გამკაცრებული. შესაბამისად, ეს გამოიწვევს იმას, რომ დაზღვეულთა რაოდენობა ამ კუთხით ქართული სადაზღვევო კომპანიებისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება.
გარდა ამისა, ძალიან რთულია 2 წამში მებაჟემ განსაზღვროს რამდენად აკმაყოფილებს წარმოდგენილი დაზღვევა პირობებს. სადაზღვევო კომპანიებისთვის წარმოუდგენელია, როცა არ არის ცნობილი დაზღვეულთა რაოდენობა, განისაზღვროს პრემიის ის შეთავაზება, რაც მათთვის საინტერესო იქნება“, – ამბობს ლაშა ნიკოლაძე.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილიც ფიქრობს, რომ საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება ქართული სადაზღვევო კომპანიებისთვის პრაქტიკულად არაფერს შეცვლის. გარდა ამისა, მისი აზრით, კანონით გათვალისწინებული ეს რეგულაცია არც უცხოელი ვიზიტორებისთვის იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება.
ცნობისთვის, ქვეყანაში სამოგზაურო დაზღვევის მიმართულებით კიდევ ერთი რეგულაცია მოქმედებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ეხება. იანვრიდან ძალაში შევიდა სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის მინიმალური მოთხოვნები, რომელთა მიხედვით, დაზღვევის მომსახურების ლიმიტები გაიზარდა. ცვლილების მიზეზად დასახელდა ის, რომ ამ სეგმენტში სადაზღვევო სექტორის შეთავაზებები ბოლომდე ადეკვატური არ იყო და სადაზღვევო შემთხვევების დადგომისას, სათანადო ანაზღაურება ვერ ხდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ