2024 წელს ქართულმა რაგბმა განვითარების გზაზე კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. სასიხარულოა, რომ გასული წელი წარმატებული და ისტორიული აღმოჩნდა ყველა ასაკობრივი და ფორმაციის ნაკრებისთვის.
ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წელი ქართულ რაგბს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს, მანამდე კი თვალი გადავავლოთ ჩვენი გუნდების სპორტულ მიღწევებს, რომელსაც 4 ნაწილად შემოგთავაზებთ – ბორჯღალოსნები, ‘შავი ლომი’, უმცროსი ბორჯღალოსნები (18 და 20-წლამდელები) და რაგბი7 (7-კაცა და 7-ქალა).
ნაწილი პირველი – ბორჯღალოსნები
ახალი მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ ქოქრილის ხელმძღვანელობით ბორჯღალოსნებმა 11 თამაში გამართეს, რომელთაგან 7-ში გამარჯვება მოიპოვეს.
ტრადიციულად,
წელი რაგბი ევროპის ჩემპიონატით გავხსენით, რომლის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიას 28:17, ნიდერლანდებს 31:10 და ესპანეთს 38:3 მოვუგეთ. ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დავამარცხეთ და მე-18-ედ მოვიპოვეთ მათთან საზიარო ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც 2002 წლიდან თამაშდება.
ფინალში საქართველომ პორტუგალია 36:10 დაამარცხა და ტიტული მე-16-ედ მოიპოვა. „სტად ჟან ბუინზე“ ის სრულად დომინირებდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში ლელო არ გასულა, გამარჯვება ეჭვქვეშ წამითაც არ დამდგარა. ბორჯღალოსნებმა პორტუგალიას მეორე ტაიმში 4 ლელო დაუდეს და ზედიზედ მეორედ დაამარცხეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში.
ჩვენმა გუნდმა ჩემპიონის თასი ზედიზედ მე-7-ედ შემართა, რითაც საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა (2011-2016 წლებში მიჯრით 6-ჯერ გახდა ჩემპიონი). ცენტურიონმა ბორჯღალოსანმა ალექსანდრე თოდუამ რაგბი ევროპის ჩემპიონატი მე-14-ედ მოიგო და საკუთარი რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესა.
ზაფხულში ბორჯღალოსნებს სამი ერთმანეთზე მაღალი დონის თამაში ქონდათ. სანაკრებო ფანჯარა ფიჯისთან გავხსენით, რომელსაც ბათუმში ვუმასპინძლეთ. გულშემატკივარი, 2023 წლის მსოფლიო თასზე განცდილი მარცხისთვის რევანშის მოლოდინში იყო, მაგრამ კუნძულელებისთვის “ვალის დაბრუნება” გადაიდო. მძიმე თამაში ფიჯელთა გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 21:12.
შემდეგ ბორჯღალოსნები შორეულ ტურნეში გაემგზავრნენ, თავდაპირველად იაპონიაში, სენდეიში შეჩერდნენ და 2024 წლის 13 ივლისს ტიერ1-ის გუნდთან მესამე (იტალიის უელსის შემდეგ) ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. საქართველო იაპონიას ისტორიაში მეშვიდედ ეთამაშა და აზიის საუკეთესო გუნდს 10 წლის შემდეგ მეორედ სძლია – პირველად იაპონიაში, ანგარიშით 25:23.
ამ მატჩამდე იაპონელებს ბოლოს 2018 წელს ვეთამაშეთ და ბალანსი მეტოქის მხარეს იყო – 1 მოგება 5 მარცხის წილ. 2020 წლიდან, იაპონია ტიერ1-ის გუნდებს შეუერთდა და მას შემდეგ მათთან თამაშის შესაძლებლობა არ მოგვცემია.
ბორჯღალოსნები სენდაიდან სიდნეიში ავსტრალიასთან სათამაშოდ ჩავიდნენ – პირველად მსოფლიო თასს მიღმა. საქართველომ მაღალი დონის თამაში აჩვენა, სანახაობრივ მატჩში ავსტრალიას 4 ლელო გაუტანა და ბოლომდე თამაშში დარჩა, თუმცა გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ – 40:29.
„ვოლაბებს“ თითო ლელო მიხეილ ბაბუნაშვილმა და დავით ნინიაშვილმა გაუტანეს, აკაკი ტაბუცაძემ კი დუბლი გაახერხა. ჯარიმითა და სამი გარდასახვით ლუკა მატკავამ გუნდის მონაგარს კიდევ 9 ქულა შემატა. აღსანიშნავია, რომ ტაბუცაძის ერთ-ერთი, 100-მეტრიანი ლელო მსოფლიო რაგბის საუკეთესო ლელოების ნომინაციაში მოხვდა.
შემოდგომის სანაკრებო სეზონი ბორჯღალოსნებმა ოლ ბლექს XV-თან ამხანაგური მატჩით გახსნა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გაიმართა და მეტოქის გამარჯვებით დასრულდა – 31:13. ეს იყო პირველი თამაში ახალი ზელანდიის გუნდთან მსოფლიო თასს მიღმა. მართალია ამ ეტაპზე ოლ ბლექსის მეორე გუნდს შევხვდით, თუმცა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ის ჩვენი გუნდისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. ზელანდიელებთან გუნდს პირველად უკაპიტნა ვასილ ლობჟანიძემ, რომელიც 35-ე კაპიტანი გახდა.
17 ნოემბერს წლის მთავარი მატჩი გენუაში, იტალიასთან გვქონდა. 2022 წელს ბათუმში მოპოვებული გამარჯვების (28:19) შემდეგ, მასპინძლები ქოქრილის შეგირდებს განსაკუთრებული მოტივაციით დაუხვდნენ.
ბორჯღალოსნები იტალიის ზედიზედ მეორედ დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ პირველ ტაიმში მოპოვებული 11-ქულიანი უპირატესობა (პირველი ტაიმი 17:6 მოვიგეთ) ვერ შეინარჩუნეს და მასპინძლებმა უმძიმეს ბრძოლაში 20:17 გაიმარჯვეს. ეს იყო ამ გუნდების მეექვსე შეხვედრა, მეხუთე იტალიაში და მასპინძლებმა მეხუთე ჯერზეც მოიგეს, თუმცა წინა მატჩებისგან განსხვავებით, ყველაზე მცირე სხვაობით. მიუხედავად ამისა, ნათლად გამოჩნდა, რომ იტალიასთან და ექვსი ერის სხვა გუნდებთან ტოლსწორად თამაში შეგვიძლია და გამოცდილების შეძენის ფონზე, ისტორიული გამარჯვებებიც მრავლად იქნება.
2024 წლის დასკვნით მატჩში ტონგას სარეკორდო, 15 ქულის სხვაობით ვძლიეთ – 22:7. ეს იყო ამ გუნდების მე-8 რკენა, საიდანაც 6 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 2014 წლის შემდეგ, ბორჯღალოსნები ტონგას 5-ჯერ ეთამაშნენ და ყველა მათგანში გამარჯვება მოიპოვეს. წინა რეკორდული სხვაობა 2018 წელს დაფიქსირდა (20:9). კუნძულელებს მას შემდეგ პირველად ვეთამაშეთ და ეს მაჩვენებელი 4 ქულით გაუმჯობესდა.
ტონგასთან რეკორდული სხვაობით გამარჯვებას თან ახლდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი: 37 წლის სანდრო თოდუამ ბორჯღალოსნების კვართით 117-ე თამაში ჩაატარა და მე-20 ლელო გაიტანა. თოდუა საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მეორე ადგილზეა და 5-ით ჩამორჩება დავით კაჭარავას; ვასილ ლობჟანიძემ, რომელიც შემოდგომის თამაშებში ბორჯღალოსნების კაპიტანი იყო, 90-ე კეპი მოიხვეჭა; აკაკი ტაბუცაძემ 41-ე სანაკრებო ლელო გაიტანა (46 თამაში), რითაც მსოფლიო რაგბის საუკეთესო მელელოვეთა შორის მე-15 ადგილზე აღზევდა.
2025 წელს ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე ხვდებიან. მათ 73,85 ქულა აქვთ და 0,16-ით ჩამორჩებიან უელსს.
Rugby.ge