ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, მიმდინარე წელს რეკორდულად მაღალი დაფინანსება, 19 მლნ ლარია გათვალისწინებული – ოთარ შამუგია

ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ბაზრების დივერსიფიცირება. ჩვენ ყოველწლიურად ვზრდით აქტივობებს დადაფინანსებას პრიორიტეტულ ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის. მიმდინარე წელს, ამ მიმართულებით, რეკორდულად მაღალი დაფინანსება 19 მლნ ლარი არის გათვალისწინებული , – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, დარგი ვითარდება, იზრდება ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები.
„გასულ წელს ორგანიზებულად ჩატარდა რთველი – გადამუშავდა 221 ათას ტონამდე ყურძენი. ყურძნის რეალიზაციიდან ფერმერების შემოსავალმა 300 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. ჩვენ გავაგრძელებთ დარგის მხარდაჭერას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია გაძლიერდეს მიკვლევადობის ინსტრუმენტები და ხარისხის კონტროლი, რისთვისაც დავიწყეთ შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი პროდუქციის სავალდებულო სერტიფიცირება. ასევე, დავასრულეთ ვენახების კადასტრის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, აღწერილია 48700 ჰა ფართობი“, – განაცხადა შამუგიამ.