ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2023

ხათუნა ლაგაზიძე – “ოპოზიციისთვის ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული , რაც კი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოფილა”
შერყეული რეპუტაცია და დაშლილი პარტია – ვის მხარესაა სააკაშვილი
გიორგი კობერიძე – “…ეს იქნება ევროპის სუიციდი!”
გახარია არჩევნებისთვის აქტიურდება და “ოცნების” კრიტიკას ამწვავებს – სულ უფრო მძაფრდება ხმები პრეზიდენტთან მის ალიანსზე
დავით ზურაბიშვილი – “სკოლის დირექტორების არჩევნები მსოფლიოში არსად არ იმართება. ეს ლევან რამიშვილის მოგონილია…”
* * *
ხათუნა ლაგაზიძე – “ოპოზიციისთვის ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევნები, რაც კი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოფილა”
“ევროკავშირთან დაახლოების დაჩქარება დღის წესრიგში დადგა სწორედ უკრაინის დამსახურებით – რომ არა ს ბარბაროსული შეჭრა და გაჩაღებული ომი, წარმოუდგენელი იყო უახლოეს მომავალში დამდგარიყო ეს საკითხი ან მოლდოვისთვის, ან საქართველოსა და უკრაინისთვის. ეს არის ერთგვარად იმ თავდადების დაფასება, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს არა მარტო საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის. მოკლედ, ამ ქვეყნების მონაწილეობით გაფართოების საკითხი მართლაც ერთ პაკეტად განიხილება და ამას ევროპაც ასე უყურებს. პაკეტში ასევე შედიან ბალკანეთის ქვეყნები, რომლებსაც თავისი ლობისტები ჰყავთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ამიტომაც ბალკანეთის ქვეყნების საკითხი, რომელიც ადრე იდგა დღის წესრიგში, ერთიან პაკეტში შეიტანეს. შესაბამისად, ძალიან არასერიოზულია ლაპარაკი იმაზე, რომ ამოგლიჯონ ამ პაკეტიდან და ვთქვათ, მოლდოვა გადაიყვანონ შემდეგ ეტაპზე, საქართველოს კი მისცენ სტატუსი. ეს ამ გადასახედიდან წარმოუდგენელ მკრეხელობად ჩანს”, – აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სტატუსის მოლოდინში: დააზარალებს თუ არა საქართველოს ორბან-ევროკავშირის დაპირისპირება?!
“ამ ეტაპზე ევროკავშირის წინაშე ორი პრინციპული საკითხი დგას: რუსეთს არ მისცეს საშუალება უნგრეთის მეშვეობით ევროკავშირის რღვევა დაიწყოს და არ დაუშვას რუსეთის პოლიტიკის გამარჯვება ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, როგორ მოახერხებენ დაარწმუნონ ორბანი და პოზიცია შეაცვლევინონ. ამისთვის სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი…. ორბანი ხელს უშლის არა მარტო უკრაინის ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადასვლას, არამედ მისთვის ევროკავშირიდან ფინანსური დახმარების საკითხსაც, რომელიც მართლაც მასშტაბურია – ლაპარაკია 56 მილიარდზე. ასეთივე პრობლემებია -ში, სადაც დახმარების 106-მილიარდიან პაკეტს ბლოკავს რესპუბლიკური პარტიის სრული წარმომადგენლობა კონგრესში. ამ დახმარების დიდი ნაწილი განკუთვნილია უკრაინისთვის, დანარჩენი კი ისრაელისა და ტაივანისთვის. ერთი კვირაა დარჩენილი, ვიდრე საშობაო არდადეგები დაიწყება, ეს საკითხი მანამდე უნდა გადაწყდეს. რესპუბლიკელები დიდწილად უარს არ ამბობენ უკრაინის დახმარებაზე, მათ ამის სანაცვლოდ თავიანთი მოთხოვნა აქვთ – ეს ამერიკის საზღვრების დაცვას შეეხება ანუ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, რაც იყო ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.
“საბოლოოდ, უკრაინა, დიდი ალბათობით, მიიღებს დახმარებას აშშ-დან, მაგრამ ამით ვერ დასრულდება მისი პრობლემები. ბოლო ხანს ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი სტატიები გამოქვეყნდა დასავლური მედიის გიგანტებში, როგორიც არის ”ეკონომისტი” და “ვაშინგტონ პოსტი”, რომლებშიც განხილული და შეფასებულია უკრაინის კონტრშეტევა, ლაპარაკია იმ მიზეზებზე, რატომ არ აღმოჩნდა ის შედეგიანი. ამის მიზეზებს შორის სახელდება წინააღმდეგობა უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის, ასევე უკრაინისა და აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობებს შორის სტრატეგიასა და ტაქტიკაზე მნიშვნელოვნად განსხვავებული მოსაზრებები. კონტრშეტევის წარუმატებლობის მიზეზად სახელდება ასევე დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების დროულად არმიწოდება. მაგალითად, ამერიკელი გენერალი, საქართველოს დიდი მეგობარი ბენ ჰოჯესი, დიდი ხანია ამბობს, რომ საჰაერო მხარდაჭერის გარეშე რუსული თავდაცვის საფორტიფიკაციო ნაგებობების გადალახვა ურთულესი ამოცანა იქნებოდა უკრაინისთვის. როგორც ირკვევა, შეტევის დაწყების დროის შესახებაც განსხვავებული მოსაზრებები ყოფილა”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ამერიკელების აზრით, ის უნდა დაწყებულიყო აპრილში, რათა ოკუპანტებს არ მოესწროთ მძლავრი თავდაცვითი ნაგებობების აგება, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ კი მიიჩნია, რომ უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები არ არიან სათანადოდ გაწვრთნილი დასავლური იარაღის მოხმარებისთვის და ივნისამდე გადადო კონტრშეტევა, რამაც რუსებს საშუალება მისცა რამდენიმეშრიანი თავდაცვითი ნაგებობები აეშენებინათ და ტერიტორიები მასობრივად დაენაღმათ. პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს, სხვა შემთხვევაში უკრაინა დგება რუსული აგრესიის მორიგი ტალღისა და მოსალოდნელი მარცხის საფრთხის წინაშე. მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ტალღა შესაძლოა დაიწყოს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, თუმცა სამხედრო ექსპერტების ნაწილი აფასებს რა რუსეთის არმიის მდგომარეობას, ამბობს, რომ რუსეთს ძალიან სერიოზული სამხედრო პრობლემები აქვს და შეტევითი ომის რესურსი აღარ აქვს. რა თქმა უნდა, ამის პარალელურად აუცილებელია დასავლეთმა გააგრძელოს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება და ასევე ხელი შეუწყოს უკრაინის მიერ იარაღის წარმოებას”, – ამბობს ექსპერტი.
“ამ კონტრშეტევის უშედეგობამ იმედგაცრუება გამოიწვია როგორც უკრაინაში, ისე პარტნიორებში, რაც დასაძლევი იქნება. ისევე როგორც ომის პირველ კვირებში, ახლაც საინფორმაციო პოლიტიკის მძლავრი ტალღაა შესამუშავებელი, რათა უკრაინამ შემოიმტკიცოს დასავლური მხარდაჭერა. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მხარდაჭერა წყალობა არ არის უკრაინისთვის, უკრაინა დღეს ევროპის უსაფრთხო მომავლისთვის იბრძვის. თუ რუსეთმა ამ ომში წარმატებას მიაღწია, ამაზე არ გაჩერდება. თუ ახლა დასავლეთი განზე გადგა და თავის ომამდელ ფეხის ათრევის პოლიტიკას დაუბრუნდა, რუსეთის შემდგომი სამიზნეები შესაძლოა უკვე ნატოს წევრი სახელმწიფოები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში არსებული ვითარება აისახება ყველა დასავლური ქვეყნის არჩევნებზე და მათ შორის განსაკუთრებით საქართველოზე, რაც ამყარებს “ქართული ოცნების” პოზიციებს 2024 წლის არჩევნების წინ და ართულებს ოპოზიციის ამოცანას. ხელისუფლების ის ანტიდასავლური ისტერიკა, რასაც ვადევნებდით თვალს კარგა ხნის განმავლობაში სტატუსის მიღების წინ, შეწყდა, მაგრამ, სავარაუდოდ, ისევ დაიწყება სტატუსის მიღების შემდეგ”, – მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.
“წარმოუდგენელია, “ქართულმა ოცნებამ” ის, რაც ხდება უკრაინის თაობაზე მსოფლიო მედიაში, სათავისოდ არ გამოიყენოს და საკუთარ მესიჯებად არ წამოსწიოს. მიუხედავად იმისა, მმართველმა ძალამ იცის ქართველი საზოგადოების გამოკვეთილად პროდასავლური განწყობა, ის თუნდაც რიტორიკის დონეზე აშკარად ვერ მიდის რუსეთისკენ და ვერ ამბობს სრულად უარს დასავლურ კურსზე, მით უფრო წინასაარჩევნოდ სჭირდება მისი ამომრჩევლის პროდასავლური ფლანგის შემომტკიცება. სხვათა შორის, მისთვის ნამდვილად მომგებიანია კანდიდატის სტატუსის მიღება, განსაკუთრებით ამომრჩევლის იმ ნაწილისთვის, რომლისთვისაც ძალიან შემაშფოთებელი იყო მიეცათ ხმა იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს ბლოკავდა – ეს მორალური დილემა “ოცნების” ამომრჩევლის პროდასავლურ ფლანგს მოეხსნება თუ სტატუსს მივიღებთ – მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები გამოკვეთილად ამბობენ, რომ სტატუსს აძლევენ არა ხელისუფლებას, არამედ ქართველ საზოგადოებასა და ქართულ სახელმწიფოს. არადა, ელექტორატის ეს ნაწილი იყო ის, ვისაც შეიძლებოდა შეევსო ამომრჩევლის რესურსი, ერთი მხრივ, გახარიას პარტიისთვის და მეორე მხრივ, “ლელოსთვის”, – თვლის რესპონდენტი.
“კიდევ ერთი თემა მმართველი ძალის პოზიციის გაძლიერებისთვის არის სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი – ანუ როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი აძლევს მმართველ ძალას საშუალებას არ დაჰპირდეს ამომრჩეველს, მაგალითად, ხელფასების ან პენსიების გაზრდას, არამედ არსებითად გაუზარდოს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, “ოცნება” არჩევნებზე საკმაოდ ძლიერი პოზიციებით გადის და ოპოზიციისთვის ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევნები, რაც კი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოფილა… საინტერესოა, “ნაცმოძრაობის” დასუსტების პროცესი როგორ აისახება დანარჩენ პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ვფიქრობ, ეს აჩენს პერსპექტივებს დანარჩენი შედარებით მსხვილი ოპოზიციური მოთამაშეებისთვის, იმიტომ, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც “ნაცმოძრაობით” იმედგაცრუებულია, წესით, უნდა წავიდეს სხვა ოპოზიციური პარტიებისკენ, თუმცა არც ის არის გამორიცხული, შინ დარჩეს. თუ ასე მოხდა, ამან შეიძლება ისევ და ისევ “ქართული ოცნება” ახეიროს და იმაზე მეტი დეპუტატის შეყვანა მოახერხოს პარლამენტში, ვიდრე ახლა ჰყავს”, – განმარტავს ექსპერტი.
“იმის თქმა, რომ “ნაცმოძრაობის” იმედგაცრუებული ამომრჩევლიდან ყველა მელიას გაჰყვება, არასწორია – გვარამიაც ფიქრობს პოლიტიკაში შემოსვლაზე და ნაწილი მასზეც დადებს ფსონს. ასევე საინტერესო იქნებოდა გვარამია-მელიას კომბინაცია. კიდევ უფრო საინტერესო იქნება, მელია წავა თუ არა თანამშრომლობაზე სხვა პოლიტიკურ ცენტრებთან. მაგალითად, გახარიას პარტიასთან, “ლელოსთან” ან ზურა-“გირჩის” და ხოშტარიას დუეტთან? მოკლედ, საითაც წავა “ნაცმოძრაობისგან” ჩამოშლილი ამომრჩეველი და გააძლიერებს პარტიას თუ გაერთიანებას, ამ უკანასკნელს სულ მცირე, 5%-იანი ბარიერის გადალახვის გარანტიას გაუჩენს… კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პრეზიდენტი . თუ ის გადაწყვეტს წინასაარჩევნოდ აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, არა მგონია, ერთ პოლიტიკურ პარტიასთან დაიჭიროს საქმე, არ გამოვრიცხავ, თუ რაღაც დიდი გაერთიანება შედგება, იქ ვიხილოთ. მოკლედ, ზემოხსენებულ ოპოზიციურ პარტიებს ორი შანსი აქვთ: ან გაზაფხულისთვის საკუთარი ამომრჩევლის გამსხვილებაზე უნდა იზრუნონ იმგვარად, რომ გარანტირებული 8% მაინც ჰქონდეთ რეიტინგი გამოკითხვებით, ან არადა, გარდაუვალ გაერთიანებაზე უნდა წავიდნენ. ვნახოთ, ეს გაზაფხულზე უფრო ნათლად გამოჩნდება”, – დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.
შერყეული რეპუტაცია და დაშლილი პარტია – ვის მხარესაა სააკაშვილი
“როგორ იმოქმედა “ნაცმოძრაობაში” მიმდინარე პროცესებმა სააკაშვილის იმიჯზე და საერთოდ, ვის მხარესაა ექსპრეზიდენტი ამ დაპირისპირებაში? ანალიტიკოსთა შეფასებით, ის “ნაციონალურ მოძრაობაში” რჩება, რაც ნიშნავს, რომ ლევან ხაბეიშვილის მომხრეა, თუმცა, რადგანაც არც ხაბეიშვილი და არც მისი ფავორიტები არ არიან, მიმდინარე პროცესებში სააკაშვილის ნეიტრალიტეტიც ლოგიკურია. თუმცა, ის ფაქტი, რომ ექსპრეზიდენტის ინიცირებულმა ერთობის მანიფესტმა სრული კრახი განიცადა, სააკაშვილის იმიჯს სერიოზულად აზიანებს და აჩვენებს, რომ პარტიაზე მისი გავლენა მნიშვნელოვნად შემცირებულია. თავად სააკაშვილმა ენმ-დან ნიკა მელიას ოფიციალურად წასვლის შემდეგ ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც კვლავ ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს. ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო სია “გამარჯვების კოალიციამ” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთად უნდა ჩამოაყალიბონ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შერყეული რეპუტაცია და დაშლილი პარტია – ვის მხარესაა სააკაშვილი.
“რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსი ოლიგარქი შიდა მტრობის და შუღლის გაღვივებას (ეს სუფთა რუსული ტექნოლოგიაა), მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენ მას დავამარცხებთ! საარჩევნო სია “გამარჯვების კოალიციამ” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთად უნდა ჩამოაყალიბონ უკვე არსებული დემოკრატიული ტრადიციით, პარტიის წევრების მიერ ჩატარებული ელექტრონული კენჭისყრით. ეს საშუალებას მოგვცემს სერიოზულად განვაახლოთ პო-ლიტიკური სპექტრი. ჩვენ არ დავკარგავთ არც ერთ დღეს არსებულ ხმას, არამედ პირიქით, გავაფართოებთ ჩვენს საარჩევნო ბაზას”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, ენმ-ში მიიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ სააკაშვილის პარტიაზე სააკაშვილის გავლენა მნიშნელოვნად შემცირებულია. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ სააკაშვილი შიდა დაპირისპირებაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან არც მელია და არც ხაბეიშვილი მისი ფავორიტები არ არიან”, – აღნიშნავს გამოცემა.
“სააკაშვილის იმიჯზე რთული საკითხია. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ის საქართველოში პატიმრობაში იმყოფება, იმდენი რამ მოხდა და იმდენჯერ შეიცვალა პოზიცია, რომ არ მგონია ახლა “ნაციონალურ მოძრაობაში” ეს უთანხმოება კატასტროფულად მოქმედებდეს სააკაშვილის რეიტინგზე. სააკაშვილის მხარდამჭერები ვინც არიან, ძირითადად ალბათ დარჩნენ. ვინც არ იყო, ის არ იქნება თავისთავად. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა, მისი გავლენა, როგორც ჩანს, მთელი “ნაციონალური მოძრაობის” შემადგენლობაზე არ მუშაობს და მისი გავლენა შესუსტდა. რაც შეეხება იმას, თუ სააკაშვილი ვის დაუჭერს მხარს – ხაბეიშვილს თუ მელიას, მე მგონი სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის რჩება “ნაციონალურ მოძრაობაში”, ესე იგი ხაბეიშვილის მხარესაა. ხაბეიშვილი რამდენ ხანს იქნება თავმჯდომარე, კაცმა არ იცის, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა” და სააკაშვილი ისევ ერთად აღიქმება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან” ამბობს, რომ “ასეთი საკითხის გარკვევისთვის უპრიანია ხოლმე ჩაატარონ სოციოლოგიური გამოკვლევები – გაზომონ მისი რეიტინგი რაღაც მოვლენამდე და რაღაც მოვლენის შემდეგ. მე მგონი არავისკენ არ არის სააკაშვილი და იმიტომ არ აფიქსირებს თავის პოზიციას. სააკაშვილი შიდა დაპირისპირებაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან არც მელია და არც ხაბეიშვილი მისი ფავორიტები არ არიან:- ჩვენ გვახსოვს, რომ არც მელია იყო მისი შეთავაზებული კანდიდატი თავმჯდომარის პოსტზე და არც ხაბეიშვილი. ორივე ეს ფიგურა წამოწეულია მისი ნებისგან დამოუკიდებლად და შესაბამისად, არც ერთი ამ ფიგურის გაძლიერება მის ინტერესებში არ შედის”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
გიორგი კობერიძე – “…ეს იქნება ევროპის სუიციდი!”
“რა მოხდება, თუ სენატი უკრაინის დახმარების კანონპროექტს არ დაამტკიცებს? თეთრი სახლი სხვა გამოსავალს ნახავს. წარსულის გამოცდილებიდან ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მთელი “ცივი ომის” პერიოდში ყოველთვის პოულობდა გამოსავალს. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, პუტინმა კარგად იცოდა, რომ ამერიკის შიდა დაპირისპირების გამოყენება შეიძლებოდა, და გამოიყენა კიდეც. ის ახლა დროს იგებს – შეტევაზე გადადის, აქტიურობს აღმოსავლეთის ფრონტზე, თუმცა წარმატებას ვერ აღწევს. მას ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი აქვს. მთელ ამ პროცესში საინტერესო ის არის, რომ ომმა უკვე მიაღწია ძალთა თანაფარდობას. ახლა ამერიკის დახმარება საჭიროა იმისათვის, რომ გამარჯვების სასწორი უკრაინის მხარეს გადაიხაროს. ძალიან კარგია, რომ დასავლურმა მედიამ განგაშის ზარს შემოკრა, რუსეთი ევროპისათვის დიდი საფრთხეაო, და სწორად მიანიშნებს მსოფლიო ლიდერებს მოსალოდნელი აპოკალიფსის შესახებ, თუ უკრაინას დროულად არ დაეხმარებიან”, – აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “…ეს იქნება ევროპის სუიციდი!”
“უკრაინას ამჟამად 800 000-იდან 900 000-მდე მებრძოლი ჰყავს, რაც სავსებით საკმარისია ფრონტის შენარჩუნებისთვის, მაგრამ არ კმარა შეტევისთვის. უკრაინას ცოცხალ ძალაზე მეტად ახლა ტექნიკა უჭირს. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ უკრაინას მეტი ცოცხალი ძალა ტექნიკის დეფიციტის დასაბალანსებლად სჭირდება. რუსეთმა მაღალტექნოლოგიური დეფიციტი ცოცხალი ძალის მასობრივი მობილიზებით დააბალანსა. ეს ნიშნავს, რომ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი კლავს ათ რუსს, მაგრამ საბოლოოდ უკრაინელი ჯარისკაციც ეცემა ბრძოლის ველზე. თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, იძულებული იქნება დასაბალანსებლად ცოცხალი ძალა გამოიყვანოს. არ დაგეთანხმებით, რომ ზელენსკი კანონს “ჯარში გაწვევის გაფართოების” შესახებ ხელს სოციალური მღელვარების შიშით არ აწერს. რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ უკრაინა ომში საზოგადოების საუკეთესო ნაწილს კარგავს და ეს მისთვის დიდი ტკივილია. საყოველთაო მობილიზაცია დიდი პრობლემაა როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვისაც, თუმცა სამობილიზაციო რესურსი რუსეთს უფრო მეტი აქვს. ერთადერთი გამოსავალი უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებაა”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.
“ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ შორსაა. თუ საბრძოლო თეატრის სურათი მანამდე არ შეიცვალა, მერე ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, კარდინალურად ვეღარაფერს შეცვლის. 8 ყველაზე მნიშვნელოვანი თვე გვაქვს – ზამთრის ოპერაცია, რომელიც აუცილებლად იქნება, გაზაფხული და ზაფხულის აქტიური პერიოდი. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ომით გადაღლა ორივე მხარეს უკვე შეინიშნება და წარმოიდგინეთ, რა მოხდება 9 ან 10 თვის შემდეგ. ტრამპი რომ პრეზიდენტი გახდება (თუ გახდება), რუსებიც და უკრაინელებიც ისეთი გადაღლილი იქნებიან, ძალიან გაჭირდება ორივე მხარის გამოღვიძება, ან რომელიმე მხარეს უკვე ექნება უპირატესობა. პოლიტიკურადაც სხვა ვითარება იქნება. 2024 წელს უკვე ბევრ რამეზე ჩამოყალიბდება როგორც დასავლეთი, ასევე რუსეთი და ჩინეთი”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“2023 წლის მსგავსად ზამთრის ოპერაცია წელსაც აქტიური იქნება. რუსეთი ახლაც აქტიურობს ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით. დონეცკის გარეუბნის, მარინკის 95%-ის დასაკავებლად რუსეთმა დიდი რესურსი გაიღო. ავდეევკაც დიდი დასახლებაა, სხვათა შორის, მას დონეცკის ყელზე მიდებულ დანას უწოდებენ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. ამ მიმართულებით რუსებს დიდი დანაკარგი აქვთ, შედეგი კი არსებითად არა. რას ნიშნავს ეს? ან მთელი ზამთრის ოპერაცია გაგრძელდება ისეთი შეტევებით, როგორიც ავდეევკაზე, მარინკაზე და მანამდე ხარკოვის ოლქის მიმართულებით კუპიანსკის ოლქში მიმდინარეობდა, ან ეს არის მოთელვა და რუსეთი რაღაც ძალიან დიდი ამბისთვის ემზადება. გაზაფხულისთვის რომ საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება, ცხადია, მაგრამ რა მასშტაბის იქნება და ვინ იქნება შემტევი, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. რაც შეეხება 2024 წლის პოლიტიკურ ვითარებას, ამის კონტურები უკვე ჩანს – მსოფლიო ორ ბანაკად იყოფა. რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზის არ იყოს, ამაშიც ის იქნება მთავარი, ვინ დაიღლება პირველად”, – მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
“დასავლეთში უფრო მოხშირდა საუბრები იმის შესახებ, მოდი, უკრაინა დავივიწყოთო. რუსეთს მოქმედების უფრო მეტი თავისუფლება აქვს – შეუძლია ისრაელში არიოს სიტუაცია, ირანის კარტი გაათამაშოს ან ვენესუელაში კრიტიკული ვითარებით ისარგებლოს. დასავლეთს ამის ფუფუნება არა აქვს… ახლა ზავის დადებას პუტინი არ დათანხმდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა ყირიმს დათმობს. რატომ? თუ დასავლეთი დაიწყებს უკრაინის დარწმუნებას, რომ დაზავდეს, რუსეთი ჩათვლის, რომ ომს იგებს და დასაზავებელი არაფერი აქვს. პუტინი ზავსა და ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამოსუნთქვა დასჭირდება, თუ ომი ძალიან გაგრძელდა, ძალთა ბალანსი დიდხანს არ შეიცვალა და სიტუაცია ჩიხში შევა, ან თუ რუსეთის მდგომარეობა დამძიმდება და უკრაინელებს უპირატესობა ექნებათ. ასეთ სიტუაციაში რუსეთი შეიძლება თავად იყოს ინიციატორი, მაგრამ გამორიცხულია, დასავლეთის ინიცირებულ ზავს დათანხმდეს”, – ამტკიცებს გიორგი გობრონიძე.
“რუსეთმა ზავის დადების შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს იმ ტერიტორიების სრულად დაცლა, რაც ანექსირებულად აქვს გამოცხადებული. შეგახსენებთ, რუსეთს ანექსირებულად აქვს გამოცხადებული ხერსონიც, ზაპოროჟიეც და დონეცკიც, ასევე ლუგანსკის მთელი ოლქი, რომლის დიდი ნაწილი ისედაც მიტაცებული აქვს. თუ რუსეთის მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობას ძალიან დიდი კითხვის ნიშანი დაესმება. ამასთან ეს იქნება პრეცედენტი იმისა, რომ მსოფლიოში დაპყრობითი ომები დაბრუნდება. ეს იქნება ევროპის სუიციდი! არა მარტო დიდი ქვეყნებისთვის, არამედ ყველა პატარა მეზობელი სახელმწიფოსთვის. ბელარუსი გაქრება რუკიდან, მას მიჰყვება ლატვია, რომლის დიდი ნაწილი რუსულენოვანია და დიდი პროტესტიც არ ექნებათ. იმავე მოცემულობის წინაშე აღმოჩნდება ს აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც რუსები კომპაქტურად არიან დასახლებული. თუ გამოკითხვებს დავუჯერებთ, რუსეთში ომის მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდა. ამ მოცემულობით რუსეთ-უკრაინის ზავის დადების შედეგი იქნება არა ომის დასასრული, არამედ ახალი ომების დასაწყისი”, – დაასკვნის რესპონდენტი და შეკითხვაზე – “ამ შემთხვევაში ნატო არ უახლოვდება რუსეთს, პირიქით, რუსეთი­ უახლოვდება ნატოს…” – პასუხობს:
“კი ბატონო, ნატოს უსაფრთხოების ქოლგას დიდი საფრთხე დაემუქრება. არ არის გამორიცხული, ამ ამბავმა წააქეზოს ჩინეთი. ოფიციალური პეკინი დაიჯერებს, რომ კონსოლიდირებული დასავლეთის დამარცხება შესაძლებელია და აუცილებლად დაესხმება ტაივანს. თუ ჩინეთი ტაივანს დაიპყრობს, ჩათვალეთ, რომ ამერიკას ფარი ჩამოეშლება წყნარი ოკეანის აუზში. არც ის დაგვავიწყდეს, რომ დავის საგანი არის არქტიკა. რუსეთს ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის მიდამოებში რესურსების საძიებო სამუშაოები აქვს და სამხედრო ინფრასტრუქტურასაც აშენებს. ეს ნიშნავს, რომ კანადის საზღვარს უახლოვდება. რუსეთი ნორვეგიასაც ედავება რამდენიმე კუნძულს… თუ რუსეთმა უკრაინის სახით კოლექტიური დასავლეთი დაამარცხა, მას აუცილებლად გაეზრდება მადა, რომელიც შეიძლება ვერასდროს დაიოკოს. საქართველოზე აღარც ვლაპარაკობ”.
გახარია არჩევნებისთვის აქტიურდება და “ოცნების” კრიტიკას ამწვავებს – სულ უფრო მძაფრდება ხმები პრეზიდენტთან მის ალიანსზე
“ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ არჩევნებისთვის გააქტიურება “ოცნების” მწვავე კრიტიკით დაიწყო. დასძენს, რომ 20 ივნისის მოვლენებს თავის თავზე იღებს, თუმცა კვლავ პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა, ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება. ამ დრომდე პარტია “საქართველოსთვის” წევრები აცხადებენ, რომ 2024 წლისთვის არც ერთ პარტიასთან ალიანსს არ აპირებენ, თუმცა ანალიტიკოსებს ეჭვი აქვთ, რომ თუ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, გახარია მასთან ალიანსს დათანხმდება. ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ როგორც ყველამ ოპოზიციაში გადაბარგებისას, გახარიამაც ენმ-ს სტილის პოლიტიკური მანტია მოირგო, ეს კი თვითდამაზიანებელია იმ მხრივაც, რომ უკვე სათუო გახდა, გადალახავს თუ არა გახარია 2024 წლის არჩევნებზე 5%-იან ბარიერს. ცნობისთვის, 10 ნოემბრის “ედისონ რისერჩის” გამოკითხვით, “ოცნებისა” და ენმ-ის შემდეგ, “საქართველოსთვის” მესამე ადგილზეა 9%-ით. 15 ნოემბრის “აირაის” კვლევაში გახარიას პარტიას 8% აქვს, 14 ნოემბრის “გორბის” კვლევაში კი 3%”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გახარია არჩევნებისთვის აქტიურდება და “ოცნების” კრიტიკას ამწვავებს – სულ უფრო მძაფრდება ხმები პრეზიდენტთან მის ალიანსზე.
“როცა ადამიანი ზნეობასთან მწყრალადაა და მოღალატის დამღა აქვს, მისგან მოსალოდნელია, რომ ყველაფერი პოპულისტური და ტყუილი თქვას. ასეთია გახარია და რადიკალურ ოპოზიციაში არაერთი პერსონაჟი. გარდა იმისა, რომ გახარია ტყუილით, ცილისწამებით და უსაფუძვლო ბრალდებებითაა დაკავებული – თითქოს ბიუჯეტს 25 ოჯახი იტაცებს და ა.შ. რასაკვირველია რეალობა იცის, თუმცა უკიდურეს პოპულისტობას ავლენს, რომ თითქოს ბიუჯეტი მშპ-ზეა დამოკიდებული და ვიღაცეებმა ტომრებით ფული წაიღეს, ეს ძალიან დაბალი დონის ტყუილია, რასაც ხაბეიშვილი და ნათელაშვილი თუ იყენებენ თავიანთ პოპულისტურ განცხადებებში. ერთ-ერთ პლატფორმაზე მისი ვიდეოინტერვიუ გავრცელდა, სადაც უკადრებელი იკადრა და თქვა, კოვიდპანდემიის დროს ივანიშვილი არსად ჩანდაო. მაშინ ივანიშვილი პარტიის ლიდერი იყო, მაგრამ რატომღაც გამორჩა, რომ კოვიდდახმარების ფონდში ასი მილიონი გადარიცხა. ზუსტად ასეთი პოპულისტები ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლის იმედების შექმნას, მაგრამ საკითხავი ისაა, გახარიას პარტია საერთოდ 5%-ს მიაღწევს?!” – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“არა აქვს მნიშვნელობა, გახარია ვის დაიმატებს და მის მოკავშირედ ვის განიხილავს, ფაქტი ფაქტად რჩება, როგორც კი ნებისმიერი პოლიტიკოსი ოპოზიციაში გადადის, რატომღაც საკუთარ თავზე ენმ-ს სტილის პოლიტიკურ მანტიას ირგებენ, რაც დამღუპველი და თვითდამაზიანებელია. ასეთი პოლიტიკოსი წარმატებებს ვერ მიაღწევს. არ გამოვრიცხავ, რომ გახარიამ სალომე ზურაბიშვილთან შექმნას ალიანსი, მის პარტიაში პირველ ნომრად სალომე ზურაბიშვილი, მეორე კი თავად გახარია იყოს. გახარიამ ბოლო ინტერვიუში ქალბატონი ზურაბიშვილი საკმაოდ თბილად მოიხსენია, სოცქსელებიდან და სხვადასხვა ინტერვიუებიდან ისიც კარგად ჩანს თუ გახარიას ახლო გარემოცვა ზურაბიშვილს თანამოაზრედ როგორ მოიხსენიებს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
„ქართულ ოპოზიციურ სპექტრში საზოგადოება ანომალიებს მიეჩვია – წარსულში ერთმანეთის მაგინებელნი მეგობრები ხდებიან, მეგობრობიდან კი მტრობაში გადადიან. ოპოზიციურ ფლანგს ცუდი დაავადება სჭირს, ესაა რადიკალიზმი და არასკონსტრუქციულობა, როცა მმართველ პარტიას კონსტრუქციული ოპოზიციური ძალა ეპაექრება, იქ დემოკრატია იმარჯვებს. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში ასე არაა. “ქართული ოცნების” გარშემო საზოგადოების დიდი ნაწილია, რომელიც განწყობილია, რომ “ნაცოპოზიციის” არცერთი აქტორი ხელისუფლებაში არ მოვიდეს. ეს რეალობა და პოლიტიკური სახადი გამოსწორებადია, როცა ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიხვდებიან, რომ რადიკალიზმი კმარა და საჭიროა კონსტრუქციულობის კალაპოტში გადავიდნენ”, – დასძენს გია აბაშიძე.
დავით ზურაბიშვილი – “სკოლის დირექტორების არჩევნები მსოფლიოში არსად არ იმართება. ეს ლევან რამიშვილის მოგონილია…”
“ვფიქრობ, მთავარი პრობლემა საზოგადოდ განათლების სისტემის კონცეპტუალურად არასწორი ხედვაა. სკოლებში მძიმე მდგომარეობაა. მთავარ პრობლემას ვხედავ ერთში – ყველა, ვინც კი განათლების სფეროშია ჩართული ერთსა და იმავეს ამბობს. მაგალითად, განათლების მინისტრი ამილახვარი და , მიშა სააკაშვილი და ერთსა და იმავეს ამბობენ, მხოლოდ ფრაზეოლოგიაშია განსხვავება. ყველას ერთი და იგივე მიდგომა აქვს – ერთი მხრივ, ნეოლიბერალური, რომ საჭიროა ყველაფრის დეცენტრალიზაცია, რასაც მოსწავლეზე მორგებულ სწავლებას უწოდებენ, ანუ კონკურენციის მეტ-ნაკლები გამორიცხვა და ფინეთის მაგალითზე აგება, დეცენტრალიზებული პროგრამული მიდგომა, სადაც მთავარი ადგილი უნდა ეჭიროს უნარებს და არა ცოდნას, რაც მე პირადად სულაც არ მომწონს. ეს არის ზოგადი ხედვა, რომელსაც იზიარებს აბსოლუტურად ყველა, მაგრამ ეს როგორ გააკეთონ, არავინ იცის. მსოფლიოში ამ საკითხს ასე რადიკალურად არავინ უდგება. ჩვენთან ჰგონიათ, ვისაც რა უნდა, ის უნდა ისწავლოს, და ვისაც რა უნდა, ის უნდა ასწავლოს. არანაირი სისტემური ხედვა არ არსებობს. უდიდესი პრობლემაა პოლიტიზება და მასწავლებლებისა და დირექტორების გამოყენება საარჩევნო აქტივისტებად”, – აცხადებს პოლიტიკის ანალიტიკოსი, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რატომ გვაქვს სკოლებში განათლების დაბალი დონე.
“როდესაც ვიღაც დარწმუნებულია, რომ არ არის საჭირო, მაგალითად, ფიზიკაში ნიუტონის კანონების ან ქართული ლიტერატურის შესწავლა, რა შედეგებს უნდა ველოდოთ? ეს ხედვები ისე გაბატონებულია, რომ მე უკვე ხელიც კი მაქვს ჩაქნეული, რომ ოდესმე რამე შეიცვლება და გვექნება ნორმალური განათლების სისტემა. სანამ ელემენტარულ რაღაცებს არ გავიაზრებთ, თუ რა მიზანი გვაქვს, რა გვჭირდება და რა გვინდა, არაფერი გამოვა. არსებობს კლიშირებული წარმოდგენები, რომ უნდა იყოს ინდივიდუალური მიდგომა, მოსწავლეზე იყოს მორგებული და ა.შ. საბჭოთა განათლების სისტემა, რომელიც რეალურად საბჭოთა სისტემაც არ იყო, იყო ძველი ევროპული და უფრო კონსერვატიული სისტემა, ოღონდ იდეოლოგიზებული. ევროპული ქვეყნების დიდ ნაწილში ის დღესაც გამოიყენება, ოღონდ იდეოლოგიაგამოცლილი. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ჩვენც გამოგვერიცხა იდეოლოგია და ევროპული სისტემით ყოფილიყო განათლება. ამ სისტემას სჭირდებოდა სერიოზული რეფორმა, მოდიფიცირება, მაგრამ არა არსებითი ცვლილება, ჩვენთან კი მიზნად დაისახეს ახალი სისტემის შექმნა. ძველი სისტემა კონკურენციაზე იყო დაფუძნებული, რომ ვინც მეტს ითვისებდა, ის ყოფილიყო დაწინაურებული, და ჩაითვალა, რომ ეს ჩამორჩენილობაა”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“დოზირება ნამდვილად სჭირდებოდა, რადგან პროგრამები ძალიან იყო გადატვირთული, მაგრამ მათი შედარებით გამარტივების ნაცვლად, ჩაითვალა, რომ მთავარი უნარების შეძენაა და სულ არ არის საჭირო, ბავშვს ინფორმაცია ექნება თუ არა. ლომაიასდროინდელ რეფორმას ვგულისხმობ. ამიტომაც ვერ გააკეთეს ვერაფერი. არანაირი უნარების გამომუშავება არ შეიძლება, თუ არ იქნება ინფორმაციაზე დაყრდნობილი, მით უმეტეს, ახლა, როდესაც ინტერნეტიდან დიდ ინფორმაციას ვიღებთ. ამას ენიჭება უფრო დიდი მნიშვნელობა. ერთი მხრივ, არის მიდგომა, რომ უნდა იყოს სრული თავისუფლება, ვისაც რა უნდა, ის ისწავლოს, მეორე მხრივ კი, როდესაც ხელისუფლებაში მოდიან, მიზანი აქვთ, ეს სისტემა პოლიტიკურად გამოიყენონ, თანაც სიტყვა “დეცენტრალიზაციას” განათლების სისტემასთან დაკავშირებით რომ ხმარობენ, ჰგონიათ, ეს ყოველთვის კარგია. მაგალითად, უნდა იყოს ბევრი სახელმძღვანელო, მაგრამ გრიფირების გარეშე ამ სახელმძღვანელოების 90%-ზე მეტი ნაგავი იქნება. მაგალითად, ლომაიას დროს იყო ზოოლოგიის სახელმძღვანელო, სადაც ეწერა, რომ ცხოველები იყოფიან მხეცებად და ნადირებად. არ ვხუმრობ, მართლა ასე ეწერა. როცა ბავშვს ამას ასწავლი, რა შედეგებს უნდა ელოდო?” – განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩვენ ახლა ძალიან მკაფიო სტანდარტები გვჭირდება, თუ როგორ მივცეთ მოსწავლეებს ელემენტარული საბაზისო ცოდნა. უამისოდ წაკითხულის შინაარსს ვერ გამოიტან. სწორედ ეს საბაზისო ცოდნა შედის უნარებში. და კიდევ, აუცილებელია სკოლების სრული დეპოლარიზაცია. ეს რთულია და დაკავშირებულია თვითმმართველობის რეფორმასთან. მაგალითად, სკოლის დირექტორების არჩევნები მსოფლიოში არსად არ იმართება. ეს ლევან რამიშვილის მოგონილია და რატომღაც ყველამ ჩათვალა, რომ ევროპული გამოცდილებაა. დირექტორს, როგორც წესი, თვითმმართველობებში, ადგილზე ირჩევენ. გასაგებია, რომ ყველა დირექტორი ვერ გახდება და რაღაც წინა პირობაა საჭირო, მაგრამ სკოლის ადმინისტრირება უნდა ხდებოდეს თვითმმართველობის დონეზე და არა თავად სკოლაში. დირექტორი ადმინისტრატორია, ის არ ასწავლის, ის უნდა იყოს მენეჯერი და თუკი მასწავლებლებს აარჩევინებ, სწორედ კლანურობას მივიღებთ, რასაც თავად დირექტორი შეუწყობს ხელს”, – განმარტავს განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე.
“გარდა ამისა, კარგად არის მოსაფიქრებელი, საგამოცდო სისტემა როგორი უნდა იყოს სკოლაში. ატესტატს ფასი როგორ უნდა დაედოს. სკოლაში ბავშვი კონკურენციასაც უნდა ეჩვეოდეს. ამ პრობლემას ჩვენთან ძალიან მარტივად უდგებიან, პრიმიტიული სქემებით, რომლებიც არასოდეს ამართლებს და არც არასოდეს გაამართლებს. უბედურება კიდევ ის არის, რომ ყველას, ხელისუფლების თუ ოპოზიციის, მიდგომები ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. კიდევ ერთი დიდი პრობლემაა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გარემო, თუ ვინ ხდება ბავშვისთვის როლ-მოდელი. როდესაც ბავშვი ხედავს დაწინაურებულ ს თუ ზარქუას, მისი მოტივაცია რა უნდა იყოს? თუ დაწინაურებისთვის სხვა თვისებები უფრო გჭირდება, ვიდრე სწავლა, რატომ ისწავლის, წავა და სხვა რაღაცებს იჩალიჩებს”, – ამტკიცებს ანალიტიკოსი.
“რა თქმა უნდა, მასწავლებლის კვალიფიკაცია გადამწყვეტია, სკოლაში ყველა ვსწავლობდით და ყველას გვახსოვს, რომ კარგი მასწავლებელი თუ გყავდა, ცუდი პროგრამითაც კარგად გასწავლიდა და პირიქით. ამიტომ სწავლებაში მასწავლებლის როლი გადამწყვეტია. უნდა იფიქრო, როგორ დააყენო წარმოების დონეზე, რათა სკოლები მუდმივად ივსებოდეს კვალიფიციური მასწავლებლებით. ამდენი ხანია ამ პრობლემას თავი ვერ მოაბეს, ვერც უცხოურ გამოცდილებას ვერ ნახულობენ და ვერც თავისას იგონებენ. მართლა ვერ გამიგია, ამას რით ვერ დაადგა საშველი. განათლებისთვის ფული ენანებათ. არადა, განათლება ის სფეროა, რომლისთვისაც ფული არ უნდა გენანებოდეს. ამ სფეროს ბაზარი ვერ დაარეგულირებს. პირობები უნდა შეიქმნას ისეთი, რომ მასწავლებელს სხვაგან გაქცევა არ მოუნდეს, პოლიტიკოსები კი მათ უყურებენ როგორც საარჩევნო ელექტორატს. ეს მხოლოდ ხელისუფლებას არ ეხება. ამიტომაცაა საჭირო განათლების სისტემის დეპოლიტიზება. თუ ეს მოხერხდა, საარჩევნო ინტერესი გამოეცალა, მერე, ალბათ, განათლებასაც მიექცევა მეტი ყურადღება”, – დაასკვნის დავით ზურაბიშვილი.
“რაც შეეხება საჭირო რეფორმების გატარებაა, მე ერთი რამ ვიცი, განათლების სფერო ვერ იტანს მკვეთრ ცვლილებებს. თუნდაც ცუდი სისტემა იყოს, თუ მუშაობს, თუნდაც ცუდად და მას მკვეთრად შემოატრიალებ, კიდევ უფრო უარეს შედეგს მიიღებ, განსაკუთრებით პირველ ხანებში და მერეც არ იცი, რა იქნება. არ ვარგა მკვეთრი ნახტომები. პირველი, რასაც გავაკეთებდი, მოვიძიებდი ამ სფეროს საუკეთესო ექსპერტებს, გავეცნობოდი საზღვარგარეთის გამოცდილებასაც და ისე მივიღებდი გადაწყვეტილებას, რა და როგორ გამეკეთებინა. მანამდე კი პრობლემების იდენტიფიცირებაა საჭირო. უნდა ნახო, ასეთივე პრობლემები სხვადასხვა ქვეყანაში როგორ გადაიჭრა და მოარგო ჩვენს სპეციფიკას. შემდეგ უნდა დასახო გეგმა, რომელიც აუცილებლად გრძელვადიანი უნდა იყოს, ამასთან, არ იყოს პოპულისტური. სასკოლო განათლების სისტემას ვერ შევცვლით სასიკეთოდ ორ წელიწადში. შედეგები გვიან ჩანს, მინიმუმ 10-11 წელია საჭირო, რომ მთელი ციკლი გაიაროს, რათა ვილაპარაკოთ შედეგებზე, თუ რეფორმა როგორ მუშაობს. მე გეგმას გავწერდი ისე, რომ აბსოლუტურად ამოვატრიალებდი დღეს გაბატონებულ კონცეფციას, რადგან, როგორც გითხარით, საბაზისო ცოდნა ინფორმაციის დონეზე აუცილებელია. მოკლედ, შევეცდებოდი, გრძელვადიან სტრატეგიაზე გვემუშავა. დღეს ყველას უნდა ახლავე მიიღოს შედეგი, რაც განათლებაში შეუძლებელია, სწრაფი გარდაქმნა ვერ მოხდება”, – დასძენს განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს