ვინ დარჩა მოგებული “სტალინის ხატის” სკანდალით – სამებაში მომხდარი ინციდენტის პოლიტიკური მხარე
სად შეიძლება გადაიყვანონ სააკაშვილი – პენიტენციურ დაწესებულებაში, თუ სამკურნალოდ უცხოეთში
უკრაინა სტრატეგიულ თავდაცვაში გადადის და მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდას სთხოვს – რა ხდება ფრონტის ხაზზე
* * *
ვინ დარჩა მოგებული “სტალინის ხატის” სკანდალით – სამებაში მომხდარი ინციდენტის პოლიტიკური მხარე
“ვინ გამოიყენა სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებული აჟიოტაჟი პოლიტიკური მიზნებისთვის და რომელი პოლიტიკური ჯგუფი დარჩა ამით მოგებული? ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიცია ცდილობს რელიგიით მანიპულირებას და ამან შესაძლოა ქვეყანაში დიდი მღელვარება გამოიწვიოს. ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ პრიქით, ხელსიუფლება ცდილობს ამ თემიდან ქულების დაწერას. ყოველივე ამის ფონზე, პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე დარეგისტრირდება კანონი, რომლის მიხედვითაც რელიგიური ნაგებობისა და ნივთების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება. ეს ინიციატივა ხელისუფლებას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტშიც იოსებ სტალინი იყო გამოსახული, 9 იანვარს საღებავი სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა, რასაც პოლიტიკური მღელვარება და დაპირისპირება მოჰყვა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ დარჩა მოგებული “სტალინის ხატის” სკანდალით – სამებაში მომხდარი ინციდენტის პოლიტიკური მხარე.
|კანონმდებლების თქმით, ახალი ნორმის მიზანი რელიგიურ ნიადაგზე სავარაუდო კონფლიქტების პრევენციაა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხატის შეურაცხყოფა არის ეკლესიაზე თავდასხმა და |რადიკალური ოპოზიცია| პოლიტიკური სპეკულაციისთვის ამ თემის გამოყენებას ცდილობს. მათი აზრით, როდესაც ადამიანს შეუძლია რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა და ამაზე არ აგებს სერიოზულ პასუხს, ეს შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც სერიოზული იარაღი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის. “ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად ყველა კონფესიისთვის შეურაცხმყოფელი ქცევა. ძალიან მძიმე პროვოკაციულ ნიშნებსა და რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების რისკებს შეიცავდა ეს ნაბიჯი. ჩვენი ამოცანაა, არავის მივცეთ არც ერთი ეკლესიის წარმომადგენლის, რელიგიური შენობისა და ნივთის შეურაცხყოფის უფლება. უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ ამ ცვლილებებს, რითაც გამკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ისე, როგორც ეს არის ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში”, – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. პარლამენტში ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, ხელისუფლება ამ საკითხით მანიპულირებს, მისი პარტია კი ამ კამპანიაში მონაწილეობას არ მიიღებს”,- აღნიშნავს გამოცემა.
“კერძო პირის ქმედებაზე კამპანიის დაწყება და საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირება მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად, ხელისუფლებას სურს გამოიყენოს ეს საკამპანიო თემად, სადაც დააპირისპირებს მოქალაქეებს. პოლიტიკური ქულების დაწერის და ადამიანების ემოციებით და რწმენით მანიპულირების მცდელობაა. შესაბამისად, ჩვენ ამ კამპანიაში მონაწილეობას არ მივიღებთ,” – აცხადებს თინა ბოკუჩავა. პარტიის “საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ ვანდალიზმი მიუღებელია, თუმცა ამ შემთხვევაში ხდება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან ხდება ეკლესიისა და რწმენის გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ სტალინის ხატის ირგვლივ დაწყებული დისკუსია და დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ოპოზიციის კრახით დასრულდა. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ ამ თემიდან თუ ვინმემ “მოიგო”, ეს ალბათ სტალინია, რადგან ხალხს მისი არსებობა კიდევ ერთხელ გაახსენდა. მისი თქმით, ეს იყო სრულიად გაუგებარი და არაფრის მომტანი თემა, საიდანაც ოპოზიცია ქულების დაწერას შეეცადა, მაგრამ მარცხი იწვნია”, – დასძენს გამოცემა.
“დაუშვებელია, როდესაც ასეთ თემაზე აქცენტს ოპოზიცია აკეთებს – არა პოლიტიკაზე, არამედ რელიგიაზე. ამ ხატის ეკელესიაში მიტანა, შეწირვა და შემდეგ ამაზე დისკუსია სწორედაც რომ პოლიტიკური დატვირთვის იყო. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ხატი იქ სწორედ ამის გამო მოხვდა. ანუ „პატრიოტთა ალიანსი“ რა ძალაც არის და რასაც წარმოადგენს, ყველამ ვიცით. ამიტომ ამ ხატის დანიშნულებაც სწორედ იმ მღელვარების გამოწვევა იყო, რაც გამოიწვია. მერე მეორე დიდი შეცდომაა, როდესაც საიდანღაც რაღაცას აკოპირებენ და სწორედ ისე იქცევიან. ანუ სამების ეკლესიაში შევარდნა, მერე ვანდალიზმი და იქ საღებავების შესხმა იყო დაუშვებელი. ეს სადღაც ევროპაში თუ ამართლებს, ამით საქართველოში ქულებს ვერ დაიწერ. უნდა იცოდე, რომ ხელისუფლება ამას პირიქით, ოპოზიციას და მესამე სექტორს შემოუტრიალებს. “ოცნებამ” ამით შესანიშნავი პროპაგანდა გამოაცხო. მუდმივად იძახის იმას, რომ ოპოზიციას ქვეყანაში სურს არეულობა, დაპირისპირება, დესტაბილიზაცია, რელიგიური გრძნობების შელახვა და ა.შ. და აგერ, ბატონო, ხალხს ფაქტიც აჩვენა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“რა თქმა უნდა, ეს თემა ხელისუფლებამ პირიქით, ოპოზიციის საწინააღმდეგოდ რომ გამოიყენა, ამაში გასაკვირი რა არის?! სადაც შანსი მიეცემა მმართველ გუნდს, რომ ოპზიციას მოუგოს, რატომ არ გამოიყენებს?! ეს იყო სუფთა პოლიტიკური დაპირისპირება, სადაც ოპოზიცია კიდევ ერთხელ ჩავარდა. საქმე კი ისაა, რომ ამ ხატის ამბავი საბოლოოდ საპატრიარქოსთვისაც პრობლემური აღმოჩნდა და მიხვდნენ, რომ სტალინის მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არც მორწმუნეებს შორის არ არის. ოპოზიციას რა უნდოდა, ეს ვერ გავიგე – ანუ რა ქულების დაწერას ცდილობდა. აქედან მოგებული მგონი მარტო სტალინი გამოვიდა, რომელიც ხალხს კიდევ ერთხელ გაახსენეს. მორწმუნეებისთვის ამ ხატზე მნიშვნელოვანია წმინდა მატრონა და არა სტალინი. ხოლო ვინც არ არის მორწმუნე, იმისთვის ან ერთი ან მეორე მნიშვნელოვანი რატომაა – მაგას ვერ მივხვდი. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლის ქცევა ხომ საერთოდ არაფერში ჯდებოდა – როდესაც ის შევარდა ეკლესიაში, დააზიანა სხვისი ნივთი და შეურაცხყო იმ მორწმუნეების გრძნობები, რომელთათვისაც ეს ხატი მნიშვნელოვანია“, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბვრისას რამაზ საყვარელიძე.
სად შეიძლება გადაიყვანონ სააკაშვილი – პენიტენციურ დაწესებულებაში, თუ სამკურნალოდ უცხოეთში
“ევროპარლამენტარებმა პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს წერილი მისწერეს,რომელსაც ტვიტერზე ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი აქვეყნებს. მათი განცხადებით, აკვირდებიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ყველაფერს აკეთებენ მის გასაუმჯობესებლად. “დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ევროპარლამენტში ყოველთვის ვართ თქვენი მდგომარეობის საქმის კურსში და ყველაფერს ვაკეთებთ მის გასაუმჯობესებლად. გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევროპული მომავლისკენ და შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მძიმე შრომის გარეშე, კონკრეტულად, ევროპული რეფორმების კუთხით თანამდებობაზე თქვენი ყოფნისას”, – წერია ევროპარლამენტარების წერილში. წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტრევიჩუსი, მირიამ ლექსმანი, ტის როიტენი, მაიკლ გალერი, ანა ფოტიგა და ანდრიუს კუბილიუსი”,- წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სად შეიძლება გადაიყვანონ სააკაშვილი – პენიტენციურ დაწესებულებაში, თუ სამკურნალოდ უცხოეთში.
“ექსპერტების შეფასებით, ევროპარლამენტარების მოსაზრებები სააკაშვილის ჯანმთელობის მდგომარეობის შესახებ არ არის მნიშვნელოვანი საქართველოს ხელისუფლებისთვის. ხოლო, სააკაშვილი სად იქნება, დამოკიდებულია უპირველესად სამედიცინო დასკვნაზე, რასაც მორიგი სამედიცინო კონსილიუმი დადებს. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ ან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა-არგადაყვანა ევროპარლამენტარების რეაქციებზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ რა აძლევს ხელს “ქართული ოცნებას”. პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე კი ამბობს, რომ სააკაშვილის გადაყვანა-არ გადაყვანა ციხეში თუ საზღვარგარეთ დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მორიგ დასკვნაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ევროპარლამენტარებმა რაც არ უნდა ითხოვონ და მოითხოვონ, გამორიცხულია რომ სააკაშვილი გაუშვან ან დატოვონ ევროპარლამენტარების განცხადებებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას რეაქცია არც ჰქონდა არასდროს მთელი წლის განმავლობაში რაც სააკაშვილი ციხეში ზის და არა აქვს არც ახლა. ანუ, ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილს ციხეში გადაიყვანონ თუ საზღვარგარეთ გაუშვებენ სამკურნალოდ დამოკიდებულია იმაზე რა აძლევს ხელს „ქართულ ოცნებას”. თუ „ქართული ოცნება” ჩათვლის, რომ მისთვის მომგებიანი იქნება ციხეში გადაიყვანონ – გადაიყვანენ ციხეში. თუ ჩათვლის, რომ მისთვის პოლიტიკურად უფრო მომგებიანი იქნება სამედიცინო დაწესებულება „ვივამედში” ყოფნა, დატოვებენ სამედიცინო დაწესებულებაში. თუ „ქართულ ოცნებას” ხელს აძლევს, რომ გაუშვას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, გაუშვებენ, და არა ისე როგორც ამას ევროპარლამენტარები მოითხოვენ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ამ ეტაპზე მე არა მგონია რომ ხელისუფლების გეგმებში და ინტერესებში შედიოდეს სააკაშვილის გაშვება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც შეეხება ციხეში მის დაბრუნებას, ალბათ უნდა დაველოდოთ მორიგ სამედიცინო დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუ ეს დასკვნა იქნება ისეთი, რომ მისცემს საფუძველს ხელისუფლებას, კონკრეტულად იუსტიციის სამინისტროს გადაიყვანოს, მე ვფიქრობ, ვერანაირი ევროპარლამენტარების წერილები მასზე გავლენას ვერ მოახდენს. მითუმეტეს ასეთი წერილები არაერთხელ დაწერილა. რატომ არ შედის „ქართული ოცნების” ინტერესებში სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა? პასუხი ხელის გულზე დევს, საარჩევნო წელია – როგორ ფიქრობთ “ქართული ოცნების” ამომრჩეველს მოეწონება ხელისუფლების მხრიდან – მე მგონი, რომ არ მოეწონება”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
უკრაინა სტრატეგიულ თავდაცვაში გადადის და მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდას სთხოვს – რა ხდება ფრონტის ხაზზე
“უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ამ დროისათვის საბრძოლო მოქმედებების არეალი ფრონტის ხაზის 1000 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს. გენშტაბის ბოლო ცნობების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა 1 100-ზე მეტი ოკუპანტი მოკლეს და ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის დანაკარგებმა 372 000-ს ჯარისკაცს მიაღწია. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალები ახლა აქტიურ თავდაცვაში იმყოფება და ფრონტის აღმოსავლეთის 1000 კმ-იან მონაკვეთზე პოზიციების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა ალექსანდრე სირსკიმ “როიტერს”-თან ინტერვიუში განაცხადა. “ჩვენი მიზნები უცვლელი რჩება: პოზიციების შენარჩუნება, მტრის გამოფიტვა მაქსიმალური დანაკარგების მიყენებით”, – განმარტა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა. მისი თქმით, რუსული ძალები ასევე ცდილობენ, დაიბრუნონ პოზიციები სამხრეთით – ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში”,წერსგაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინა სტრატეგიულ თავდაცვაში გადადის და მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდას სთხოვს – რა ხდება ფრონტის ხაზზე.
“უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ კონგრესს დრო ეწურება იმისთვის, რომ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარება დაამტკიცოს. მან განაცხადა, რომ უკრაინისთვის მეტი დაფინანსების გამოყოფა პოტენციურად თავიდან აიცილებს ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირ დაპირისპირებას, რომელშიც ამერიკელ ჯარებს ჩართვა მოუწევთ. “თუ დასავლეთს არ შეუძლია რუსეთის შეჩერება უკრაინაში, სხვას ვის შეუძლია, შეაჩეროს იგი მსოფლიოს სხვა ნაწილებში?” – განაცხადა კულებამ და დასძინა, რომ უკრაინა რუსეთის წინაშე დათმობაზე არასდროს წავა. “იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, რადგან უკრაინისთვის სასწორზე ამ ერის არსებობა დევს”, – განაცხადა უკრაინის საგარეო მინისტრმა. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ექნება მეტი დრონები და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები. მისი თქმით, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვების პოტენციალი აქვს”,- აღნიშნავს გამოცემა.
“ვამზადებთ უფრო სასიხარულო ამბებს საჰაერო თავდაცვის შესახებ. გვახსოვს რაკეტების შესახებ, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების შესახებ, რომელიც უფრო მეტი იქნება. ვზრდით ჩვენს უკრაინულ საარტილერიო წარმოებას. უკრაინას აქვს საკმარისი პოტენციალი ამ რთული ომის გზაზე გასავლელად. ჩვენ გვაქვს მსოფლიო გაერთიანების პოტენციალი. გამარჯვების პოტენციალი გვაქვს. მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეს და უკრაინის გვჯეროდეს”, – აღნიშნა ზელენსკიმ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ უკრაინის ფრონტზე მიმდინარე სიტუაცია სხვადასხვა მიზეზებით არის განპირობებული. კაპანაძე “რეზონანსთან” მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, ეს არის სამხედრო ბაზირებით მიღებული და პოლიტიკური მოტივით განპირობებული გადაწყვეტილებები”,- დასძენს გამოცემა.
“ეს ყველაფერი კი ფრონტის ხაზზე გავლენას ახდენს. სწორედ ასეთი არასწორი გადაწყვეტილება იყო ბახმუტთან დაკავშირებით, რომლის დაცვასა და შენარჩუნებაზეც უკრაინამ დრო დაკარგა. ზუსტად ეს ის დროა, რომელიც სუროვიკინმა გამოიყენა იმისთვის, რომ ღრმად ეშელინირებული თავდაცვის ზღუდეები მოეწყო. ამიტომ უკრაინის ჩავარდნილ კონტრშეტევაზე ასე პირდაპირ ვინმე დაადანაშაულო რთულია. ასევე ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებზე გავლენას ახდენს დასავლეთიდან დაგვიანებით მოწოდებული შეიარაღებით დახმარება. სანამ დასავლეთიდან ტანკები მიაწოდეს, ამ ტანკების გასაუნებელყოფად რუსებმა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები უკვე განავითარეს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ იგივე თვითმფრინავების მიღების დროს, რუსეთს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაც განვითარებული ექნება. ახლა ფრონტის ხაზზე ინიციატივა რუსეთს აქვს. უკრაინამ ახლა ცოტა უნდა ამოისუნთქოს, რადგან ჯარის გადალაგება, გადაჯგუფება შეძლოს. ევროპა ყველაფერსს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინა არ დამარცხდეს, მაგრამ არაფერს იმისთვის, რომ რუსეთი დამარცხდეს. ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს ომის შეწყვეტას. ყარაბაღში აზერბაიჯანელები თავის მომენტს 30 წელი ელოდნენ და ამ მომენტისთვის მუდმივად ემზადებოდნენ“, – აცხადებს გამოცერმის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.