ქართული პრესის მიმოხილვა 25.12.2023

დათო ტურაშვილი – “ზოგჯერ დამოუკიდებლობის აღდგენა უფრო ადვილია, ვიდრე თავისუფლების დაბრუნება”
“ოპოზიცია თუ დროზე არ გადაჯგუფდა, “ოცნება” ხელისუფლებაში რჩება” – როდისაა ახალი პოლიტიკური ცენტრების ფორმირების “დედლაინი”?
ცუდად დაწყებული და კარგად დასრულებული წელი – მარტის მოვლენებიდან სტატუსამდე
ბიჭვინთის აგარაკებზე მოსკოვი ბჟანიას რეჟიმს ხელებს უგრეხს – სოხუმში საახალწლოდ ფეთქებადსაშიში სიტუაციაა
წლის პროგნოზი: რა იქნება მსოფლიოში 2024 წლის 5 მთავარი მოვლენა?!
* * *
– “ზოგჯერ დამოუკიდებლობის აღდგენა უფრო ადვილია, ვიდრე თავისუფლების დაბრუნება”
“სამწუხაროდ, თანამედროვე საქართველოში ძალიან ბევრი პრობლემაა, თუმცა, ალბათ, მთავარი მაინც არასაკმარისი განათლება და პროფესიონალიზმია. საბჭოთა საქართველოში იშვიათი იყო უდიპლომო ადამიანი, ზოგს რამდენიმე უმაღლესის დამამთავრებელი დიპლომიც კი ჰქონდა, მაგრამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ყველაზე მეტად რომ დაგვჭირდნენ კვალიფიციური კადრები, აღმოჩნდა, რომ დიპლომები გვაქვს, მაგრამ პროფესიონალიზმი აშკარად გვაკლია. პროფესიონალი ხელოსანიც ცოტა გვყავს, დეპუტატიც და მასწავლებელიც, სამწუხაროდ, და ამის ახსნა ადვილია, თუ გავიხსენებთ საბჭოთა წარსულს, სადაც დიპლომი, ანუ ფურცელი, უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ცოდნა, ანუ განათლება. მეტიც, საბჭოთა საქართველოში ძალიან ბევრი მშობელი შვილს სწავლაში კი არ უხდიდა ფულს, არამედ ქრთამს უხდიდა ვისაც საჭირო იყო იმას, რომ შვილი შტერი ჰყოლოდა, მაგრამ იმ შტერ შვილს დიპლომი ჰქონოდა”, – აცხადებს მწერალი დათო ტურაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ზოგჯერ დამოუკიდებლობის აღდგენა უფრო ადვილია, ვიდრე თავისუფლების დაბრუნება”.
“ამიტომაც არის, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა საბჭოთა მენტალური მემკვიდრეობისაგან გათავისუფლება. აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენა უფრო ადვილია ზოგჯერ, ვიდრე თავისუფლების დაბრუნება, რადგან თავისუფლება აზროვნების კატეგორიაა და უპირველესად პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობას გულისხმობს. რაც შეეხება პოლიტიკურ კლასს, ამ მხრივ გაცილებით რთულადაა საქმე, რადგან თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში ძალიან ბევრი ადამიანი არა იდეებისა და პროგრამების, არამედ სულ სხვა მიზნებისა და მიზეზების გამო მიდის. ზემოთქმული ყველაზე კარგად პარლამენტში ჩანს, სადაც ცოტანი არიან ისინი, ვისთვისაც პოლიტიკა ქვეყნისა და საზოგადოების შეცვლის საშუალებაა და ბევრნი არიან ისინი, ვისაც საკუთარი ცხოვრების შეცვლა სურს უკეთესობისკენ ხელისუფლების გამოყენებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველაზე მეტი მილიონერი (ორმოცზე მეტი, ოფიციალურად) საქართველოს პარლამენტს ჰყავს და ამ მხრივ, ასეთი ქვეყანა მსოფლიოში, ალბათ, არც არსებობს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დათო ტურაშვილი.
“რასაკვირველია, ქართველ პოლიტიკოსებს შორის არსებობენ ისეთებიც, ვინც ის მაინც იცის, რას ნიშნავს საკანონმდებლო საქმიანობა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს (პარლამენტში რომ მოდის), სადღეგრძელოებს არ ეუბნება, მაგრამ ასეთები ბევრნი არ არიან. პარლამენტის წევრმა ის მაინც უნდა იცოდეს, რომ გარდა კანონშემოქმედებისა, მისი ფუნქცია აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი და კრიტიკაა და არა ქება და მლიქვნელობა. ყველას ეს არ ეხება, თუმცა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში ისეთებიც არიან, ვინც კითხვაც არ იცის კარგად. იმედია, ახალი ხელისუფლების წევრები მაინც იქნებიან განათლებული და გონიერი ადამიანები და მათთვის პარლამენტი და პოლიტიკა იქნება არა თავშესაფარი, არამედ ქვეყნისა და ხალხის სამსახური”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ოცდაათ წელზე მეტია, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, მაგრამ დამოუკიდებლობისაგან განსხვავებით, თავისუფლება ჯერჯერობით ვერ დავიბრუნეთ, რადგან თავისუფლება აზროვნების კატეგორია უფრო არის და სხვა ყველაფერთან ერთად, საბჭოთა კავშირისაგან მენტალური მემკვიდრეობაც დაგვრჩა. როცა ამდენი ათეული წლის მანძილზე გვინერგავდნენ, რომ ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ის მტერია, ახლაც კი ძნელია დავიჯეროთ, რომ ყველა განსხვავებულ აზრს აქვს არსებობის უფლება. ამას ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში ამბობდა შოთა რუსთაველი. ამ მხრივ დეგრადირებული ცნობიერების მაგალითები ყველაზე მეტად პოლიტიკაში გვაქვს და ასეთები ხელისუფლებაშიც არიან და ოპოზიციაშიც – ქართველი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს ვერ წარმოუდგენია, რომ ადამიანი, რომელიც არ გეთანხმება, არ უნდა გძულდეს. ეს სიძულვილი და ზიზღი, რომელიც ასე მასობრივად ვრცელდება, ყველასა და ყველაფერზე ახდენს გავლენას. ცუდი პოლიტიკოსები თავს იმით იმართლებენ, რომ პოლიტიკაა თვითონ ცუდი და ბინძური და ამით წესიერ ადამიანებსაც აფრთხობენ, რომ მათ არ მოუნდეთ პოლიტიკაში წასვლა და ქართული პოლიტიკის შეცვლა. არადა, აუცილებელია ყველგან იყვნენ პროფესიონალები, პატიოსანი და განათლებული ადამიანები, რომ ეს არაჩვეულებრივი ქვეყანა წარმატებულ სახელმწიფოდაც იქცეს”, – მიიჩნევს მწერალი.
“ყველაფერს მხოლოდ რუსებსა და რუსეთს ვერ დავაბრალებთ, მაგრამ ფაქტია, რომ იმ სახელმწიფომ, რომლის დიდი იმედი გვქონდა გეორგიევსკის ტრაქტატის დადებამდე, ძალიან დიდი იმედგაცრუება მოგვიტანა და არავინ ისე არ მოუტყუებიათ დამპყრობლებს, როგორც ერეკლე მეორე. ნებისმიერი დამპყრობელი ცუდია, მაგრამ როცა მოყვრად მოსული ერთმორწმუნე ქვეყანა ასე მუხანათურად გექცევა და იმას გართმევს, რაც მანამდე სხვებს არ წაურთმევიათ, ფსიქოლოგიურადაც კი, ძალიან ძნელი ასატანია და ამდენი ბრძოლით დაღლილმა საქართველომ, მშვიდობის ნაცვლად, მეცხრამეტე საუკუნეშიც ბევრი ტკივილი და ცრემლი მიიღო. მეოცე საუკუნის ოციან და ოცდაათიან წლებში კი, საქართველოს საუკეთესო, გონებრივად და სულიერად ყველაზე ელიტური ნაწილი ფიზიკურად გაანადგურეს და გადარჩენილი ადამიანებისაგან საბჭოთა ტიპის მორჩილი უმრავლესობის შექმნა დაიწყეს. თუმცა, როგორც ვთქვით, ს იმპერიამდე სხვა დამპყრობლებიც მრავლად გვყავდა, სამწუხაროდ, და მათი უმრავლესობა გვართმევდა სწორედ იმას, რაც ახლა ასე ძალიან გვჭირდება – ეს არის საკუთარი ქვეყნის კარგი მოქალაქის პრინციპული პოზიცია და კრიტიკული აზროვნება”, – განმარტავს დათო ტურაშვილი.
“ნებისმიერი მთავრობა უნდა გავაკრიტიკოთ და ვაიძულოთ ისეთები იყვნენ, როგორც არჩევნებამდე გვპირდებოდნენ. ევროპული აზროვნება და ცნობიერებაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სწავლასა და შრომაზეა დამოკიდებული ყველა წარმატება და რიგითი მოქალაქეებიც პასუხისმგებლები ვართ ქვეყნის მომავლის გამო. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ეს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, მეტი შრომა და მეტი განათლებაა. ევროინტეგრაციის ყველაზე მეტად სწორედ მათ ეშინიათ, ვისაც სწავლა და შრომა ეზარება და საბჭოთა ინერციით ურჩევნიათ ყველაფერი “იჩალიჩონ” ძველებურად – დიპლომით დაწყებული და სამსახურით დამთავრებული. ამასთან, არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომლის მიზეზიც სხვაა და ევროპას სკეპტიკურად უყურებს (რბილად რომ ვთქვათ), რადგან ჰგონიათ, რომ ევროპაში, ისტორიულ სახლში დაბრუნება, იმ ტრადიციებს დაგვაკარგვინებს, რაც ჩვენთვის ძვირფასია. სინამდვილეში კი ევროპა სწორედ ის სივრცეა, სადაც ყველა ხალხი ადვილად ინარჩუნებს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს და რას დავკარგავთ და რას შევინარჩუნებთ, ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია და არავისი სხვისი”, – დაასკვნის რესპონდენტი.
“ევროპული ღირებულებებიდან არაფერია ჩვენთვის ახალი, უცხო და უჩვეულო – ქალთა უფლებებზე ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში იაკობ ხუცესი საუბრობდა, თანასწორობაზე – გენიალური შოთა რუსთაველი ჯერ კიდევ მეთორმეტეში და აღარაფერს ვამბობ ვაჟა-ფშაველაზე, რომელმაც ევროპული იდეებით ევროკავშირსაც დაასწრო მინიმუმ ერთი საუკუნით მაინც. რადგან სიტყვა “დასწრება” ვახსენე, ბარემ აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მედეა კოლხზე ადრე სიყვარულით და თავისი ნებით გათხოვილი ევროპელი ქალი, უბრალოდ, არ არსებობს… არ არსებობს არც იმის შანსი, რომ უკან, რუსეთის იმპერიაში დავბრუნდეთ, რადგან რამდენი ნაკლიც არ უნდა ჰქონდეს ევროკავშირს, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის ახლა მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ისტორიაც სულ იმ მეკავშირის ძებნაა, ვინც ჩვენი უსაფრთხოებისა და გადარჩენისთვის უკეთესი გარანტია გვეგონა, მაგრამ მაინც ყოველთვის დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით და ახლაც ასე ვართ – გვინდა ვიყოთ იქ, სადაც მეტი თავისუფლებაა”, – დასძენს მწერალი.
“ოპოზიცია თუ დროზე არ გადაჯგუფდა, “ოცნება” ხელისუფლებაში რჩება” – როდისაა ახალი პოლიტიკური ცენტრების ფორმირების “დედლაინი”?
“ოპოზიციურ ფლანგზე წინასაარჩევნო გადაჯგუფებებისთვის ემზადებიან. ხელისუფლების ოპონენტები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმებზე იწყებენ ფიქრს. უკვე გამოიკვეთა, რომ მთელი ოპოზიციის ან თუნდაც მისი დიდი ნაწილის გაერთიანება ამჯერადაც ვერ მოხერხდება. თანამშრომლობაზე “ნაციონალური მოძრაობის” შეთავაზება “„სტრატეგია აღმაშენებლის” გარდა ყველამ უპასუხოდ დატოვა. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “მთელ კვირასთან” მიიჩნევს, რომ ოპოზიციისთვის ახლა არსებული პოლიტიკური სიტუაცია იმდენად რთულია, რომ სასწრაფოდ გადაჯგუფებას მოითხოვს. მისი აზრით, თუ იანვრის ბოლომდე, მაქსიმუმ, თებერვალში ეს სპექტრი არ ჩამოყალიბდა და ისე დარჩა, როგორც დღეს არის, მაშინ საუბარი იმაზე, 5%-იანი ბარიერი გადავლახეთ, მოვიგეთ და ა.შ. გამორიცხული იქნება. მისი აზრით, ოპოზიცია პოლიტიკურად იმდენად შემოიძარცვა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგსაც ვეღარ ქმნის. ბოლოს კი ის მესიჯიც გამოეცალა, “ოცნება” რომ პრორუსული ძალაა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოპოზიცია თუ დროზე არ გადაჯგუფდა, “ოცნება” ხელისუფლებაში რჩება” – როდისაა ახალი პოლიტიკური ცენტრების ფორმირების “დედლაინი”?
“ბოლო დროს გააქტიურდა მესამე ცენტრის ფორმირების საკითხი. ამ პროცესების არდში “ლელო” საკუთარ თავს წარმოაჩენს და ყოფილი მმართველი პარტიის გარდა თანამშრომლობას ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალასთან უშვებს. თუმცა ცნობილია, რომ მათ შორის არ იქნება გიორგი გახარიას პარტია, რომელიც ალიანსს არავისთან განიხილავს. ამის პარალლეურად კი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ახალ დავალებებს აძლევს. მთავარი მოწოდება ერთობის მიღწევაა, რისთვისაც ექსპრეზიდენტი ოპოზიციურ ძალებს პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის, იგივე პაკ-ის შექმნას სთავაზობს. ექს-პრეზიდენტის გათვლებით, კომიტეტში მთავარი როლი მის პარტიას უნდა ჰქონდეს, თუმცა ის სხვა ოპოზიციურ ძალებს და საზოგადოების წარმომადგენლებსაც უნდა აერთიანებდეს. კიდევ ერთი დავალება უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნას ეხება. თუმცა, მოწოდებებს ადრესატების დიდი ნაწილისგან ნეგატიური რეაქციები მოჰყვა. ფაქტია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანება და კოორდინაცია ვერ ხერხდება. “ნაციონაური მოძრაობის” წინასაარჩევნო გზა მხოლოდ გიორგი ვაშაძის პარტიასთან გადაიკვეთა. დანარჩენ პარტიებს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალისგან დამოუკიდებელი გეგმები აქვთ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ “რადიკალური ოპოზიცია” მძიმედ წააგებს არჩევნებს. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, ძალაუფლება დაიბრუნონ არჩევნებით ან ქუჩით. შესაბამისად, ოპოზიციის მცდელობა წარუმატებლობისთვის იქნება განწირული. კანდიდატის სტატუსის მიღებით საქართველო გადავიდა გაწევრიანების ეტაპზე, ოპოზიცია კი ცდილობს, დიდი მიღწევიდან ყურადღება გადაიტანოს სხვა საკითხებზე. სურთ, მნიშვნელოვანი მომენტი გააუფერულონ და მისი დისკრედიტაცია მოახდინონ”, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე. თალაკვაძის თქმით, ახალი რეკომენდაციების შესასრულებლად საჭიროა გეგმის დამუშავება, ევროკავშირთან კომუნიკაცია და არა აჩქარება. “დიდი იმედი არ მაქვს, რომ რადიკალური ოპოზიცია შეიცვლის შინაარსს და გადაწყვეტს, თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. ამას დასჭირდება საკმაო დრო, ძალისხმევა, თანმიმდევრული მუშაობა, რასაც ჩვენი ქვეყანა აუცილებლად შეძლებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ”, – განაგრძობს გამოცემა.
“ერთ წელიწადში, არჩევნების შემდეგ, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში აღარ იქნება, ხოლო ივანიშვილი იქნება მოსკოვში – ამის შესახებ მ “ლელო საქართველოსთვის” მეორე ყრილობაზე განაცხადა. “ლელოს” ლიდერი ამბობს, რომ “ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში!” “არ დაგვავიწყდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმ პოლიტიკოსების მოშვება ხელისუფლებაში, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს ქართველი ადამიანის, მოქალაქეების უფლებები უახლოეს წარსულში. ყველა ხვდებით ვისზეა საუბარი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი მოიშვება ხელისუფლებაში! ამიტომ ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ამის რეალური ალტერნატივა ვართ ჩვენ! ეს არის პარტია “ლელო”. დიახ, ჩვენ უნდა ავიღოთ ხელში პასუხისმგებლობა, რომ დავამთავროთ ძველი პოლიტიკა და ის, რაც აქამდე ხდებოდა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ხაზარაძემ, რომლის აზრით, “ეს არის უცილობლად გასაკეთებელი საქმე”, – დასძენს გამოცემა.
“ეს ყველაფერი იმდენად მძიმედ გამოიყურება და ეს ბოლო კვლევეებმაც აჩვენა, რომ არ ვიცი, ოპოზიციას საერთოდ რა გეგმა აქვს. იმის მაგივრად, რომ ხალხის რეალურ პრობლემებზე ელაპარაკათ, მუდმივად იძახეს, რომ “ოცნება” პრორუსული ძალაა და რუსეთისკენ მიგვაქანებსო. ეს მესიჯი თავიდანვე იყო შეცდომა, უნდა სცოდნოდათ, რომ დასავლეთი საქართველოს მეორედაც უარს არ ეტყოდა, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისთვის ხელის კვრის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ ოპოზიცია თუ დროზე არ გადაჯგუფდა, ეს იმას ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში რჩება. ამაზე უნდა იფიქრონ წვრილმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა. მათ ამბიციები ცოტა უკან უნდა დაწიონ და საერთო წარმატებაზე იფიქრონ და არა იმაზე, რომ თავად გადალახონ 5%-იანი ბარიერი და მშვიდად იყვნენ”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბვრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაც არ უნდა გააკეთონ, 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არასდროს ექნებათ, რადგან მყარი ელექტორატი ჰყავთ. ხოლო ახალი მესიჯი, თუ “ოცნება” ხელისუფლებაში დარჩება, კანდიდატი ქვეყანა ვერ გავხდებით, არაფრის მომცემია. მოსახლეობამ კარგად დაინახა, “ოცნება” დასავლეთს როგორ ელაპარაკებოდა, რა განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ სტატუსი მაინც მივიღეთ. ამიტომ ამ მესიჯის იმედად ოპოზიცია თუ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, მაშინ დარჩება “ოცნება” ისევ ხელისუფლებაში”, – დაასკვნის ძაბირაძე.
ცუდად დაწყებული და კარგად დასრულებული წელი – მარტის მოვლენებიდან სტატუსამდე
“გასული წელი რთული იყო. საქართველომ რამდენჯერმე ბეწვის ხიდზე გაიარა, განსაკუთრებით 7, 8, 9 მარტის მოვლენებისას. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო არ ჰგავს ჩვენს უახლოეს სამეზობლოს – საზოგადოებას თავს ვერავინ ვერაფერს მოახვევს. იმედია, ამას ერთხელ და სამუდამოდ გაითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება (აქვე უნდა აღვნიშნოთ – ხელისუფლებას დროულად რომ არ დაეხია უკან, ალბათ, ტრაგიკული სცენარი გარდაუვალი იქნებოდა) და სანამ რაიმე ინიციატივის გატანას დააპირებს, მანამდე საზოგადოებას დაეკითხება აზრს. სხვათა შორის, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას აქციებით ემუქრება ხოლმე, მარტის მოვლენებზე აკეთებს სწორებას. პოლიტიკოსებს თუ სურთ წარმატების მიღწევა, პირველ რიგში, სიმართლეს უნდა ჩახედონ თვალებში. დიახ, მარტში ხალხი ქუჩაში ოპოზიციის დაძახილზე არ გამოსულა. ქუჩაში, სხვათა შორის, “ოცნების” მომხრეებიც იყვნენ და ის ხალხიც, რომელსაც არც ერთი პარტია გულზე არ ეხატება. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ – ძალიან ცუდ ამბებს გადავურჩით”, – წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით ცუდად დაწყებული და კარგად დასრულებული წელი ანუ მარტის მოვლენებიდან სტატუსამდე.
“2023 წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ მ საქართველოსკენ რამდენიმე მკვეთრად არამეგობრული ნაბიჯი გადმოდგა, რომლის მწვერვალი იყო ამ ქვეყნიდან საქართველოს ელჩის ფაქტობრივი გამოძევება. არადა, საქართველოს საელჩო ლამის ერთადერთი დიპლომატიური უწყება იყო კიევში, რომელიც ომის დაწყებისას ლვოვში არ “გადასახლდა”. დღესაც უკრაინაში საქართველოს ელჩი თბილისშია, კიევს კი თავისი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი არ დაუნიშნავს. ასეთია დამოკიდებულება იმ ქვეყნის მიმართ, რომლის საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინას და იქ მიმდინარე ომს ისევე განიცდის, როგორც თავისას. ადრეც ვთქვით და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ – თუ კიევს აქვს ინფორმაცია, რომ ოფიციალური თბილისი რუსეთთან რაღაც შავ სქემებში მონაწილეობს, ფაქტები უნდა წარმოადგინოს. აქამდე ფაქტები არ გვინახავს. მეტიც, საქართველოში ვიზიტით იყვნენ დასავლეთის სასანქციო ჯგუფის წევრები და დადებითი დასკვნები დაწერეს. თუ დემარშის მიზეზი ის არის, რომ საქართველო უკრაინას იარაღს არ აწვდის, მაშინ ისიც უნდა ესმოდეთ კიევში, რომ თბილისს უკრაინის ფრონტზე 100 ავტომატიც რომ გაეგზავნა, შესაძლოა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზული საშიშროება დამუქრებოდა, მით უმეტეს, საქართველოს ნატოს ქოლგა არ იცავს, განსხვავებით ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან, ხოლო თუ დემარშის მიზეზი სააკაშვილის ფაქტორია, მაშინ ეს არასერიოზულია…”, – აღნიშნავს გამოცემა.
“იმედია, 2024 წელს დალაგდება თბილისისა და ს ურთიერთობა. უკრაინელ ხალხს კი ვუსურვებთ, რომ 2024 წელი რუს ბარბაროსებზე გამარჯვების წელი ყოფილიყოს. ამაში საქართველო რომ არის დაინტერესებული (თუნდაც ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტორიდან გამომდინარე), ისე, ალბათ, არავინ ამ პლანეტაზე. 2023 წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ პუტინმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შემოიღო და პირდაპირი ფრენები აღადგინა. ამას საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლარიზაციის მორიგი “აფეთქება” მოჰყვა. თუმცა ამას უნდა შევხედოთ როგორც რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ ნაწილს, რომელშიც ცენტრალური ადგილი უკავია მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკას. რა, საქართველოს მოსახლეობის პროდასავლური განწყობები შეიცვალა ამ უვიზო რეჟიმით თუ არიქა, ქართველები მასობრივად გაიქცნენ რუსეთში? პუტინმა რაც არ უნდა გააკეთოს, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის (ზოგიერთ მარგინალს რომ რუსეთი უყვარდა და უყვარს, ამაში ხელს არც სავიზო რეჟიმი უშლიდა და არც ოკუპირებული ტერიტორიები) განწყობები არ შეიცვლება, ერთი შემთხვევის გარდა – თუ მოსკოვი დააბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს და მსხვილ კონტრიბუციასაც გადაიხდის იმ ოთხი ომის გამო, რაც მან გააჩაღა საქართველოს დაშლისა და განადგურების მიზნით”, – განაგრძობს გამოცემა.
“2024 წელი კარგად რომ დასრულდეს, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული – როდესაც ჩვენ გარშემო ორი დიდი ომი მიმდინარეობს (და შესაძლოა მომავალ წელს მსოფლიოში კიდევ რამდენიმე ცხელი წერტილი გაჩნდეს), ყოველთვის არის იმის ალბათობა, რომ მოვლენები წარმოუდგენელი სცენარით განვითარდეს, ხოლო თუ მსოფლიოში გეოპოლიტიკური კატასტროფა აპოკალიფსში არ გადაიზარდა და მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა სტატუს-კვო, ჩვენთვის 2024 წლის კარგი დასასრული იქნება, თუ ევროკავშირი საქართველოსთან ამ ორგანიზაციაში გაწევრების მიზნით მოლაპარაკებებს გახსნის. ამისთვის კი, პირველ რიგში, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კარგად ჩატარებაა საჭირო. თუმცა, რა თქმა უნდა, არის ერთი პარტია, რომელიც წინასწარვე არ ცნობს არჩევნების შედეგებს – ეს “ნაცმოძრაობაა”. კერძოდ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება, არჩევნები ვერც სამართლიანად ჩაითვლება და ვერც დემოკრატიულად, რადგან მას არა აქვს ამომრჩეველთან კონტაქტის უფლება”, – დასძენს გამოცემა.
“ძნელი წარმოსადგენია, რომ “ოცნებამ” სააკაშვილი გაათავისუფლოს. ბოლო პერიოდში კი აკეთებს ორაზროვან განცხადებებს, მაგრამ თქვენი მონა-მორჩილი არც იმას ელის, რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. ჰოდა, “ნაცმოძრაობა” უნდა ჩამოყალიბდეს – თუ მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე არჩევნები უსამართლო იქნება, მაშინ, ლოგიკურად, ამ პარტიამ არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს. ზემოხსენებული რიტორიკით არჩევნებში მონაწილეობა უცნაური იქნება – წარმოვიდგინოთ ფეხბურთის გუნდი, რომელმაც წინასწარ იცის, რომ მსაჯები მოსყიდული არიან, გოლებს არ ჩაუთვლიან, მის კარში მოგონილ პენალტებს დაუნიშნავენ და მაინც გადის მოედანზე სათამაშოდ. თუმცა შესაძლოა “ნაცმოძრაობა” თადარიგს იჭერს. კერძოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში გაწელილმა მელია-ე.წ. ახალი მენეჯმენტის “გამიშვი-გამატარემ” პარტია ძალიან დააზარალა. მისი ინიციატივები ხშირად არასერიოზულია და ერთიანი ხაზი აკლია. მაგალითად, სააკაშვილის ინიციატივამ “სუპერპაკის” შესახებ (პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტი) იმდენად სერიოზული განხილვა არ გამოიწვია, რამდენიც ირონია”, – წერს სტატიის ავტორი.
“მეორეც – მიშას შეთავაზებას ოპოზიციის ერთი ნაწილის ისეთი მწვავე რეაქცია მოჰყვა, რომ “ნაცმოძრაობის” სპიკერებმა მაშინვე დააზუსტეს: სააკაშვილს სხვა ოპოზიციური პარტიები არ უგულისხმიაო (არადა, ამ “სუპერპაკთან” დაკავშირებით სააკაშვილი სწორედ ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობდა), შემდეგ კი გადააზუსტეს: პოლიტიკოსებიც არ უგულისხმია, საზოგადოების წარმომადგენლები იგულისხმაო. საბოლოოდ, “სუპერპაკის” ინიციატივამაც იმ იდეის ბედი გაიზიარა – სააკაშვილი ცხელი ხაზის გაკეთებას რომ გეგმავდა რუსი დივერსანტების აღმოსაჩენად. შესაბამისად, ამ ტრაგიკომიკურ ვითარებაში ჩავარდნილი “ნაცმოძრაობის” ლიდერები (განსაკუთრებით კვიპროსზე და ლონდონში მყოფები), ალბათ, ხვდებიან, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში შესაძლოა იმაზე უარესი შედეგი აჩვენონ, ვიდრე 2020 წელს (მელიაც რომ წაართმევს ხმებს, ესეც ფაქტია). ჰოდა, არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, იტყვიან, რომ მათი მარცხის მიზეზი პროცესის უსამართლობა იყო, პროცესი კი იმიტომ იყო უსამართლო, რომ სააკაშვილი ციხეშია. იქნება აქციები, ჰაი-ჰუი და შემდეგ ყველაფერი ჩვეულ ქართულ პოლიტიკურ წრეზე წავა”, – დაასკვნის სტატიის ავტორი.
“2024 წლის არჩევნების კონტექსტში უმნიშვნელოვანესი იქნება, ბოლოს და ბოლოს, შეიქმნება თუ არა საქართველოში ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც შეავიწროებს “ნაცმოძრაობასაც” და “ოცნებასაც”. რეალობიდან გამომდინარე, ამის პრეტენზია შესაძლოა ჰქონდეს ორ პარტიას: გახარიას პარტიასა და “ლელოს”. რჩება შთაბეჭდილება, რომ გახარიას გუნდი აქტიურობს – ის თანაბარი სიმწვავით ესხმის თავს “ოცნებასაც” და სააკაშვილსაც. გათვლა გასაგებია: ამომრჩეველთა საკმაოდ დიდ ნაწილს აღარ მოსწონს მმართველი პარტია, მაგრამ უფრო მეტად არ სურს სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება (იმას თავი დავანებოთ, რომ თავად გახარიასთანაც არის ბევრი მწვავე კითხვა და ეჭვი). თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, გახარიას პარტიის ფონზე “ლელო” პასიურობს, რაც მართლა უცნაურია… 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური სიურპრიზი, ალბათ, სალომე ზურაბიშვილის გადადგომა და მისი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა იქნება. თუმცა ვნახოთ… საბოლოოდ, იმედია, მომავალი წლის შემაჯამებელ სტატიაში ვიტყვით, რომ 2024 წელი საქართველოსთვის და თითოეული თქვენგანისთვის ბევრი და რაც მთავარია, სასიამოვნო სიურპრიზით იყო გაჯერებული”, – მიიჩნევს სტატიის ავტორი.
ბიჭვინთის აგარაკებზე მოსკოვი ბჟანიას რეჟიმს ხელებს უგრეხს – სოხუმში საახალწლოდ ფეთქებადსაშიში სიტუაციაა
“28 დეკემბერს ს სეპარატისტული პარლამენტი კვლავ განიხილავს ბიჭვინთის საბჭოთადროინდელი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე შეთანხმების რატიფიცირების საკითხს. ამას ადგილობრივი ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტური ჯგუფები ეწინააღმდეგებიან და უკიდურეს შემთხვევაში დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას დამხობითაც იმუქრებიან. პარალელურად, რუსეთი აგარაკების გადაცემის მოთხოვნით, სადაც საბჭოთა ლიდერები ისვენებდნენ-ხოლმე, სეპარატისტებზე წნეხს აძლიერებს. ეს გამოიხატება როგორც კულუარულ მოლაპარაკებებში სოხუმის რეჟიმის ხელმძღვანელებთან, ასევე სხვადასხვა სახის ეკონომიკური სანქციებით მანიპულირებაში. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “მთელ კვირსასთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსები თავიანთი ქმედებებით, აფხაზებსა და ოსებს საქართველოსკენ უბიძგებენ”, – წერს გაზეთი ”რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბიჭვინთის აგარაკებზე მოსკოვი ბჟანიას რეჟიმს ხელებს უგრეხს – სოხუმში საახალწლოდ ფეთქებადსაშიში სიტუაციაა.
“საზოგადოება ჩინოვნიკების გარდა არის ერთ პოზიციაზე, იმასთან დაკავშირებით რომ ეს ტერიტორია არ გადაეცეს რუსეთს, მერე არ დაიწყოს აპარტ-ოტელების მშენებლობა. მაგრამ არაფერი არ გამოუვათ იმიტომ, რომ რუსებმა დაიწყეს ჭანჭიკების მოჭერა: უფასო ენერგომატარებლებზე უარი უთხრეს აფხაზეთს, აქედან გამომდინარე 900 მილიონი რუბლი გაუხდათ გადასახდელი აფხაზებს და ეს უნდა გადაიხადონ წლის ბოლომდე. თუ არ გადაიხდიან, მაშინ დენი აღარ ექნებათ. გარდა ამისა რუსები მანიპულირებენ მუდმივად იმ ტრანშებით, რომელსაც სოციალურ ფონდში რიცხავენ, თუ ეს ტრანშები არ იქნა დროზე, მაშინ აფხაზეთში ვერ დაარიგებენ ხელფასებს და ვერ გადაიხდიან პენსიებს. რუსები ასე აკეთებენ: საერთოდ გადარიცხვები არის მაისში და წლის ბოლოს. როცა რუსებს რაღაცა გაურთულდებათ აფხაზებთან, აღარ აძლევენ ამ თანხებს და წელავენ მანამ, სანამ არ დაითანხმებენ აფხაზებს რაღაცაზე. ახლაც ასე იქნება. თუ აფხაზები 28-ში არ მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, მაშინ წლის ბოლოს არ იქნება ეს ტრანში”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“რაც არ უნდა გამოვიდეს ოპოზიცია და იძახოს რომ მთავრობა გადავაყენოთო, ეს ოპოზიცია არის წინა მთავრობის მხარდამჭერი. წინა მთავრობა ზუსტად მაგიტომ დაამხეს. აფხაზები ხვდებიან უკვე, რომ ამ პრობლემას ასე ვერ გადაწყვეტენ, იმდენჯერ ჩამოაგდეს თავისი პრეზიდენტი და იმდენჯერ გადააყენეს რომ ზუსტად ერთი და იგივე მიზეზის გამო, რათა მიხვდნენ უკვე, რომ კომიკურ მდგომარეობაში არიან. სხვათაშორის იგივე ვითარებაა ე.წ. სამხრეთ ოსეთში. იქაც საკმაოდ რთული ვითარებაა იმ თვალსაზრისით, რომ სერიოზული პრობლემები შეუქმნეს ოსებს – საზღვარზე დაუწესეს საბაჟო გადასახადი. ადრე იყო საბაჟო გადასახადი მხოლოდ ალკოჰოლზე და სპეციფიკურ ნივთებზე, ახლა არის ყველაფერზე, ყველაფერზე დაუწესეს და გაუძვირეს. ფაქტობრივად ცხინვალში ცხოვრების ფასი გაორმაგდა – ძალიან გაძვირდა”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“აქ საინტერესო ტენდენცია იკვეთება, აფხაზები და ოსები ლაპარაკობენ, რომ რუსეთი ხელოვნურად ხელს გვიბიძგებს საქართველოსკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყარაბაღის მოვლენებმა ძალიან თავის როლი ითამაშა – ეშინიათ, იგივე არ გააკეთოს საქართველომ. თუ თავიდან ლაპარაკი იყო იმაზე, რომ შეიარაღებული ფორმით უნდა გააკეთონ, ახლა დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ, აი, რუსეთი სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობებით გვიბიძგებს საქართველოსკენ. მაგალითად, ჭორია გავრცელებული იმის თაობაზე, თითქოს მთელი გაგრა შეისყიდეს მოსკოველმა ქართველებმა. ამაზე ლაპარაკობს ისეთი სერიოზული ოპოზიციონერი ლიდერი, როგორიცაა, მაგალითად, ნატალია სმირი. ძალიან არეული სიტუაციაა აფხაზეთში ვეღარ გაურკვევიათ, რა უნდათ საზოგადოებაში”, – ამბობს ექსპერტი.
“პროტესტს გამოთქვამენ ყველაფერზე, რუსეთის ქმედებაზე, ქართველების ქმედებაზე, ეკონომიკურ ვითარებაზე და ა.შ. ამასთან, წამოვიდა ახალგაზრდა თაობა, რომელიც უფრო კრეატიულად აზროვნებს, ვიდრე მათი წინა თაობა, რომელიც ამ ფაქტობრივი მოვლენების შემსწრე იყო, მე ვგულისხმობ ომს. ახალი თაობა ახალ მოთხოვნებს აყენებს. მათ შორის ბევრს აქვს მიღებული განათლება საზღვარგარეთ და აქედან გამომდინარე სხვა ტიპის აზროვნების სტრუქტურა აქვთ. რუსეთს არ სჭირდება აფხაზეთის ანექსია, ანექსირებული აქვს ისედაც, ჯარი იქ არის, ერთი და იგივე კანონმდებლობა მოქმედებს, პასპორტების დარიგება მიდის რამდენი ხანია კონვეირულად, მეტი რა გააკეთოს რუსეთმა, მაინც და მაინც გადააყენოს ბჟანია და დანიშნოს ივანოვი, არ გააკეთებს მაგას, რადგან არ სჭირდება”, – განმარტავს მამუკა არეშიძე.
წლის პროგნოზი: რა იქნება მსოფლიოში 2024 წლის 5 მთავარი მოვლენა?!
“ექსპერტებთან ერთად შევეცადეთ იმ მთავარი მოვლენების პროგნოზი გაგვეკეთებინა, რომელიც საქართველოს და მსოფლიოს 2024 წელს ელოდება. მათ აზრი გამოთქვეს შემდეგ საკითხებზე: 1. გადაწყდება თუ არა რუსეთ-უკრაინის ომის ბედი; 2. გახდება თუ არა ტრამპი პრეზიდენტი; 3. კიდევ უფრო დაეცემა თუ არა გაეროს გავლენა; 4. არის თუ არა ჩინეთი ეკონომიკური კრიზისის მოლოდინში; 5. გამყარებდება თუ არა რუსეთში დიქტატურა”, – წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით წლის პროგნოზი: რა იქნება მსოფლიოში 2024 წლის 5 მთავარი მოვლენა?!
“1. თორნიკე შარაშენიძე: “საინტერესო განცხადება მოვისმინეთ კიევიდან, რომ სჭირდებათ კიდევ ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზაცია. რუსეთს ცოცხალი ძალაც მეტი ჰყავს და თავისი ხალხიც დასახოცად არ ენანება. თუ შეძლებს უკრაინა ამდენი ხალხის გამოყვანას, ეს ფრონტს, სულ ცოტა, დაასტაბილურებს და შესაძლოა წინსვლაც ჰქონდეთ. თუ ეს ვერ მოახერხეს, ვითარება უფრო გართულდება. ცხადია, უკრაინას კონტრშეტევა არ გამოუვიდა, ამიტომაც ვაშინგტონში უფრო ხშირად დაისმება კითხვა, რისთვის ვხარჯავთ ამდენ ფულს, მაინც ვერაფერი ქნეს, რუსეთი ისევ მაგრად დგას და ეს ძალიან ცუდად დამთავრდებაო. ამიტომაც, ვფიქრობ, მომავალ წელს ამ ომში რაღაც გაირკვევა. ზურა ბატიაშვილი: “ალბათ, გამოჩნდებიან სხვა “პრიგოჟინები”, რომლებიც უკმაყოფილო იქნებიან სიტუაციით და რა მოხდება, კაცმა არ იცის. ვფიქრობ, ომის ბედი 2024 წელს უნდა გადაწყდეს”, – წერს სტატიის ავტორი.
“2. გიორგი ბილანიშვილი: “თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი და ბაიდენი იქნებიან კონკურენტები, ბუნებრივია, ამ არჩევნების მნიშვნელობა უფრო გაიზრდება, რადგან ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ -ში ხელისუფლების დაბალანსების სისტემა ძალიან კარგად მუშაობს, მოსალოდნელია ისეთი პროცესების განვითარება, რაც პოლიტიკურ ერთიანობას მოარღვევს. ვერც იმაში ვიქნებით დარწმუნებული, თუ ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ამერიკა ისევ მტკიცედ დაუჭერს მხარს უკრაინას”. თორნიკე შარაშენიძე: ტრამპი შეიძლება დაბლოკონ, მაგრამ თვითონ ამერიკული ისტებლიშმენტია დაბერებული და ეს სისტემური პრობლემაა. როგორც ჩანს, იქ პერსპექტიული ახალგაზრდები აღარ მიდიან პოლიტიკაში. იქ ძალიან რთულია საჯარო სივრცეში ყოფნა – მუდმივად ყურადღების ცენტრში ხარ, შეიძლება გაგიხსენონ, რომ ბავშვობაში ვიღაცას ცუდად შეხედე და გიჩივლონ. რად უნდა თავსატეხი. თუ არჩევანი იქნება ტრამპსა და ბაიდენს შორის, ეს ხომ უკვე პრობლემაზე მიუთითებს? ერთი არის, რბილად რომ ვთქვათ, არამეინსტრიმული პოლიტიკოსი, სახიფათო განცხადებებით და მეორე კი აღარ არის თუნდაც იმ ფორმაში, როგორშიც სამი წლის წინ იყო. ბაიდენი ძალიან მოტყდა და კიდევ ოთხი წელი როგორ უნდა გაუძლოს პრეზიდენტობის წნეხს?”, – აღნიშნავს გამოცემა.
“3. გიორგი ბილანიშვილი: “არა მგონია, შესაძლებელი იყოს ისეთი ორგანიზა­ციის შექმნა, რომელსაც მსოფლიო კონფლიქტების მოგვარების რესურსი ექნება. მეორე მხრივ, დიდი ქვეყნები გაეროს კარგად იყენებენ საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად. შესაძლოა გაეროსთან პრეტენზია ძალიან ბევრს აქვს, მაგრამ რითი უნდა ჩანაცვლდეს, ამ მოდელზე საუბარი არ არის”. თორნიკე შარაშენიძე: იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი. გაეროს დაშლის ინტერესი არავის არა აქვს, არც ამერიკას, არც რუსეთს, არც ჩინეთს, არც ერთ დიდ მოთამაშეს. შესაბამისად, ეს არ მოხდება, რაღაც ადგილი ხომ უნდა იყოს, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან. გარდა ამისა, ინსტიტუციური თემაც არის. ცხადია, ამ ომმა ბევრი რაღაც შეცვალა, მაგრამ არა ისე ფუნდამენტურად, როგორც 1945 წელს, როდესაც დასრულდა მსოფლიო ომი და მერე გაერო შექმნეს, რათა შემდგომი ომები­ თავიდან აეცილებინათ, რაც არ მოხდა. ეს არ არის მაინც მსოფლიო ომი, მაგრამ რომ გადაზრდილიყო, ალბათ, აღარც ვიარსებებდით. ვერ გაჩნდება ახალი ორგანიზაცია, თუ არ იქნება ისეთი დიდი რყევა, როგორიც იყო მეორე მსოფლიო ომი. დიდი ომი დიდ რყევებს იწვევს სახელმწიფოებს შორის, დიდ სახელმწიფოებს ბირთვული იარაღი აქვთ და ამის გამო ერთმანეთთან ომს ერიდებიან, რაც კარგია. ასე რომ, ალბათ, ისევ გაეროს ხელში დავრჩებით”, – განაგრძობს გამოცემა.
“4. ვახტანგ ჭარაია, ეკონომიკის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი: “ჩინეთში კრიზისს დიდი ხანია, ელოდებიან. ჩინური ეკონომიკის კრიზისი დიდწილად დამოკიდებული იქნება ისეთ დიდ ეკონომიკებზე, როგორიც არის აშშ-ის, ევროკავშირის, იაპონიის – ანუ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ითანამშრომლებენ ისინი ჩინეთთან. თუ დასავლეთი ჩინეთის წინააღმდეგ აშკარად თუ ფარულად გააგრძელებს სავაჭრო თუ საინვესტიციო ომებს, შესაძლებელია ჩინეთის ეკონომიკა გლობალური ეკონომიკისთვის უფრო შეიზღუდოს და ამან სირთულეები მოიტანოს, მაგრამ არა მგონია, მომავალ წელს ჩინური კრიზისი იმ დონემდე მივიდეს, რომ ძალზე უარყოფითად იმოქმედოს მსოფლიო ეკონომიკაზე, რადგან გლობალური სირთულეებით არც დასავლეთია დაინტერესებული. თუმცა ჩინეთის ეკონომიკა რომ ნელდება, ეს უკვე ცხადია, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება არ ნიშნავს კრიზისს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ვახტანგ ჭარაია და შეკითხვაზე – “ჩინეთი არის ბრიკსის წევრი, რომელიც წელს გაფართოვდა… ამას რა გავლენა ექნება გლობალურ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე?” – პასუხობს:
“ბრიკსის გაფართოება ყურადსაღებია იმიტომ, რომ იქ ძლიერი ეკონომიკის ქვეყნები არიან გაწევრებული და სურთ დოლარის ალტერნატივის შექმნა. ცდილობენ რაღაც დოზით შეცვალონ გეოპოლიტიკა, მაგრამ მათი ძალა მაინც შეზღუდულია დასავლეთთან შედარებით. ბრიკსი, ალბათ, მომავალ წელსაც განაგრძობს “ჩხვლეტებს”, მაგრამ არა მგონია, ამან გარდამტეხი ფორმები მიიღოს­. ცხადია, რუსეთის ფაქტორიც ბევრ რამეს გადაწყვეტს, მაგრამ თუ ვსაუბრობთ სამხედრო კომპონენტზე, შესაძლოა ამ მხრივ ბრიკსს უფრო მეტი თავხედობა ჰქონდეს. მაგრამ გინდ ეკონომიკური, გინდ სამხედრო და გინდ პოლიტიკური გავლენების შესაძლებლობებით ბრიკსი არ არის იმ წონის,­ რომ დასავლეთს პირდაპირ დაუპირის­პირდეს. ამიტომ ფარული “ჩხვლეტები” და ომები მომავალ წელსაც გაგრძელდება, რუსეთის ეკონომიკაც რაღაც დოზით შესუსტდება, გარდაიქმნება, მაგრამ ძირითადი შემოსავლები ნავთობისა და გაზისგან არ მოაკლდება”.
“5. თორნიკე შარაშენიძე: “მარტში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებია და არა მგონია, ვინმეს პუტინის გამარჯვებაში ეჭვი ეპარებოდეს. სხვა თუ არაფერი, მისი რეიტინგი ახლა გაცილებით მაღალია, ვიდრე შარშან ამ დროს იყო. რაც შეეხება იმას, შეიცვლება რამე თუ არა რუსეთში, მგონი, არაფერი. ვინც კრიტიკულად იყო განწყობილი ან რაღაც დისკომფორტი ვერ აიტანეს, ქვეყნიდან წავიდა და დარჩა ის ხალხი, ვინც არ არის განწყობილი ოპოზიციურად, ან წასასვლელი არსად აქვს. იმ ხალხმაც, ვინც ოპოზიციურად არის განწყობილი, მაგრამ ვერ წავიდა ვერსად, დაინახა, რომ რუსეთმა გაუძლო სანქციებს, დიდ ზეწოლას და როგორც ჩანს, ჩაიქნიეს ხელი. რუსეთში ახლა ოპოზიციური მუხტი ჩაკლულია, არადა, ეს ძალიან ცუდია, რადგან ამ ქვეყნის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ შიგნიდან. ზურა ბატიაშვილი: “რუსეთში უკვე დიქტატურაა. რაც შეეხება იმას, თუ ამ დიქტატურას რა მოუვა, რუსეთ-უკრაინის ომში გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა,­ დღეში დაახლოებით 1000 და მეტ კაცს კარგავენ და ალბათ, მეტსაც დაკარგავენ – უკრაინას შეტევაზე გადასასვლელად საჭირო იარაღი საკმარისად არა აქვს, თუმცა იმდენი კი აქვს, რომ უფრო მეტი ოკუპანტი გაანადგუროს. პუტინი ხალხს რაც უფრო მოუჭერს ხელს, მით უფრო გაიზრდება რისკი იმისა, რომ ვითარება – ყველამ ვიცით, რუსეთში რევოლუცია როგორ მოხდა – ომი აღარავის სურდა, ჯარისკაცებს ერთი სული ჰქონდათ, როდის დამთავრდებოდა და ამან გამოიწვია აფეთქება ქვეყანაში. ამას ისიც ემატება, რომ რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. მაგალითად, თუ დღეს კვერცხია დეფიციტური, ხვალ შეიძლება სხვა პროდუქტი გახდეს და რეალური ეკონომიკური შემოსავალი შემცირდება. ამასთან, პუტინს სურს თუ არა, მოუწევს მორიგი მობილიზაციის გამოცხადება. მართალია, ძველი იურიდიულად არც გაუქმებულა და გამოცხადება შეიძლება არც კი დასჭირდეს, მაგრამ მოუწევს ომში უფრო მეტი ხალხის წაყვანა, რაც გაზრდის უკმაყოფილებას. სიკვდილი არავის უნდა და მით უმეტეს, როცა სასურველ მიზანსაც ვერ აღწევენ. რუსეთის მიზანი ნამდვილად არ არის ავდეევკის ან ბახმუტის აღება, მას კიევის აღება, მთელი უკრაინის დაპყრობა სურს”, – დასძენს გამოცემა.