პროტესტის დაშლა თუ ახალი არჩევნები – წინ კიდევ 2 კრიტიკული თვეა
რა პოლიტიკას აირჩევს ტრამპი საქართველოსთან დაკავშირებით
ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – ევროსაბჭომ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო
* * *
პროტესტის დაშლა თუ ახალი არჩევნები – წინ კიდევ 2 კრიტიკული თვეა
“ქვეყანაში ორთვიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე, ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ არანაირი ახალი არჩევნები არ იქნება. ანალიტიკოსები იმ შიდა და გარე ფაქტორებზე საუბრობენ, რომელიც შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს და მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საქართველოში მინდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მათი შეფასებით, ამ მხრივ თებერვალი და მარტი მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება. “მგონია, რომ ეს ის ორი თვე იქნება, როდესაც გარკვეულწილად შეერთებული შტატებიც უნდა ჩამოყალიბდეს და ჩამოაყალიბოს და უფრო მკაფიო გახადოს “ქართული ოცნების” მიმართ პოზიცია”,- აცხადებს “რეზონანსთან” ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი აცხადებს, რომ შიდა პროცესებზე გავლენა ექნება ერთადერთ რამეს და ესაა “გარედან დაფინანსების შეწყვეტა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პროტესტის დაშლა თუ ახალი არჩევნები – წინ კიდევ 2 კრიტიკული თვეა.
“შიდა პროცესებზე გავლენა ერთადერთ რაიმეს ექნება, როდესაც გარედან დაფინანსება შეწყდება იმ დესტრუქციული ძალებისათვის, რომლებიც ამ პროცესებს აფინანსებენ და რომელსაც საქართველოში ოპოზიციას უწოდებენ, სინამდვილეში კი “მეხუთე კოლონაა”. ესენი არიან იმ ავადსახსენებელი “დიფ სთეითის” წარმომადგელები და ერთი ძაფი, რომლებსაც გარე ძალები მართავენ. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, რომ გარე ძალების დაფინანსება შეწყდეს და დასრულებულია ყველაფერი. ტრამპის პოზიციამ ამაზე გავლენა უკვე მოახდინა, რადგან აქაური ოპოზიცია ძალიან აწრიალებულია. ტრამპმა ფაქტობრივად სახელმწიფო დაფინანსება შეწყვიტა, რომელიც “იუ-ეს-ეიდის” სახით ჰქონდათ. ძალიან მძიმე დღეში არიან ჩავარდნილები და ამიტომაცაა, რომ საღამოობით 8-დან 11 საათამდე რუსთაველზე თითოოროლა კაცი დაბორიალობს ხოლმე და მერე მიდიან, ესაა მიტინგი მიტინგისათვის დანაჩენი არაფერი არაა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი თვლის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესი მარტივი არაა და არც მარტივად არ გადაწყდებოდა ამ პროცესის ბედი. მისი თქმით, მინიმუმ ორი თვეა საჭირო, რომ გარდატეხა შევიდეს, როგორც სარაგეო, ისე შიდა ფაქტორის გათვალისწინებით. “თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს პროცესი არა მარტივი, არამედ საკმაოდ რთული და მძიმე იქნებოდა. დღეს მთელი ჩვენი საზოგადოება გამოწვევის წინაშეა, რადგან ეს არ არის მხოლოდ პარტიებს შორის და ძალაუფლებისთვის ბრძოლა, აქ ყველა პრობლემამ ერთდროულად მოიყარა თავი და საზოგადოება ფაქტიურად ორ ნაწილად გაიყო – ოპოზიციურად განწყობილები და ხელისუფლების მხარდამჭერები. მართალია საზოგადოებაში დაპირისპირება მკაფიოდ არ გადასულა, თუმცა ამის გარკვეული ნიშნები არის, ასევე საპროტესტო აქციები არ წყდებ”, ამბობს ძაბირაძე, რომლის აზრით, “შიდა პრობლემები ერთია, მეორე კი საგარეო პრობლემები, საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ამ პროცესშია ჩართული”, – აღნიშნავს გამოცემა.
“თუმცა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ევროსაბჭოში ინიცირებულია ბოლო დოკუმენტი “ქართული ოცნების” მიმართ და დიდი ალბათობით ამ დოკუმენტს მიიღებენ, სადაც საუბარია, რომ “ოცნებას” გამოსაცდელი ორი თვის ვადა მისცენ, თებერვალი და მარტი გადამწყვეტი იქნება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. მგონია, რომ ეს ის ორი თვე იქნება, როდესაც გარკვეულწილად შეერთებული შტატებიც უნდა ჩამოყალიბდეს და ჩამოაყალიბოს და უფრო მკაფიო გახადოს “ქართული ოცნების” მიმართ პოზიცია. არ ველოდები, რომ ამ ორ თვეში რაღაც მნიშვნელოვნად შეიცვლება, არ მგონია, რომ ხელისუფლება დათმობებზე წავიდეს, თუმცა ის ფაქტი, რომ ახლა საგამოძიებო კომისია იქმნება და ა.შ. აქ რა თქმა უნდა მხოლოდ “ნაცმოძრაობაზე” ლაპარაკი არაა. ეს ხელისუფლების მხრიდან შერჩეული თემაა, პროცესი გაგრძელდება და იქნება პროპაგანდისტული სვლა იმისთვის, რომ თუ იძულებული გახდება და არჩევნებზე დათანხმდება, საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენოს და მუდმივად პარალელი გაავლოს თუ როგორ უმჯობესია “ოცნება”, ვიდრე ენმ იყო. ეს ნაბიჯი პროპაგანდისტულია და “ოცნება” წინასაარჩევნო პროპაგანდისთვისაც გამოიყენებს”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“რთული სათქმელია “ქართული ოცნება” დათმობაზე როდის წავა, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეხება ეს, გარდა გარკვეული ფენისა, რომელსაც სასმელ-საჭმელი არ უჭირს და მილიონები აქვს ნაშოვნი. მოსახლეობის 90% ასეთი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება და ეს იქნება ის დრო, როდესაც ალბათ “ქართული ოცნება” იძულებული იქნება დათმობებზე წავიდეს. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იქნება ის თუ უკრაინაში მოვლენები როგორ განვითარდება, ანუ შესაძლოა უკრაინა ჩვენ პირდაპირ არ გვეხებოდეს, მაგრამ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები რა თქმა უნდა ჩვენი და აშშ-ს ურთიერთობებზეც აისახება. ესაა ის მონახაზი, როდესაც ქვეყანაში შეიძლება რაღაც მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ჯერჯერობით უახლოეს ორ თვეში არ ველოდები, რომ “ოცნება” რაღაც ნაბიჯებზე წავა, იგივე პოლიტიკას გააგრძელებს და შეიძლება უფრო ხისტი გახადოს იგივე პროტესტანტების მიმართებაში, არ გამოვრიცხავ, რომ იმ მიტინგებზე, რაც პერმანენტულად ტარდება რუსთაველზე ხელისუფლება ისევ შეეცადოს და ძალისმიერი მეთოდი გამოიყენოს და აქცია დაშალოს. ამ ორი თვის განმავლობაში რაიმე უკეთესს არ ველოდები, სამწუხაროდ უფრო ცუდი მოლოდინები მაქვს, ვიდრე კარგი”, – დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.
რა პოლიტიკას აირჩევს ტრამპი საქართველოსთან დაკავშირებით
“აშშ-ს ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციისგან ოფიციალურ დონეზე ჯერჯერობით არაფერი ისმის საქართველოს შესახებ, რასაც განსაკუთრებით ელოდებიან შიდაპოლიტიკურ წრეებში. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა პოზიცია შესაძლოა თებერვლის შუა რიცხვებიდან დააფიქსიროს, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ სამი თვე მაინც გაგრძელდეს ეს პროცესი. ანალიტიკოსთა შეფასებით, მთავარი აქცენტები ერთის მხრივ შიდაპოლიტიკურ პროცესებზე გაკეთდება, მეორეს მხრივ კი საქართველოს საგარეო კურსს შეეხება. ოპოზიციას მოლოდინი აქვს და საჯარო განცხადებებშიც ამბობენ, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული იქნება და არც დამატებით სანქციებს გამორიხავენ. “ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ მსოფლიოში სიტუაციის გადალაგებაა მოსალოდნელი და მათ შორის საქართველოს მიმართაც, “თუმცა საქართველომ პირველ რიგში საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა პოლიტიკას აირჩევს ტრამპი საქართველოსთან დაკავშირებით.
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მისი პროგნოზით საქართველოს შესახებ განცხადებას თებერვალლის შუა რიცხვებისთვის უნდა ველოდოთ, ამბობს, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკული იქნება. “მგონია, რომ ცალკე კონგრესი გააგრძელებს საქართველოს საკითხის განხილვას, მათ შორის იმ საკითხის, რომელიც დაკავშირებული იქნება სანქციების პაკეტში ბიძინა ივანიშვილის ოჯახისთვის დაატებითი ბერკეტების ამოქმედებას. კონკრეტულ განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტიც გააკეთებს. შესაძლოა, უახლოეს მომავალში უშუალოდ ტრამპმა არ გააკეთოს განცხადება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, სახდეპიც გამოგვეხმაურება და კონგრესიც. მოუწოდებენ საქართველოს დე ფატქო ხელისუფლებას, რომ პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, უკანონოდ დაკავებული პატიმრები გაათავისუფლოს და ა.შ. მგონია, რომ ეს ყველა შემთხვევაში მოხდება, რადგან თუ მიმდინარე წლის 3 იანვარს კონგრესმა საქართველოს საკითხი განიხილა, ბუნებრივია მიუბრუნდებია”, – ამბობს ჩიტაძე, რომლის აზრით, “ტრამპისგან კრიტიკული დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მისამართით იქნება მათ შორის ჩინეთთან და ირანთან ურთიერთობის გამო”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ვფიქრობ ეს ინფორმაციები ტრამპს უკვე ექნება, რადგან ჯო უილსონმაც განაცხადა, რომ ის უშუალოდ ესაუბრა. მგონია, რომ თებერვლის პირველ ნახევარში უკვე იქნება რაღაც განცხადება გაკეთებული”, – თვლის ჩიტაძე. განსხვავებული მოლოდინი აქვს ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს, რომელიც “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ტრამპის დაცვის იმედი აქვს. განცხადებას კი უფრო გაზაფხულისკენ ელოდება. “ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ჩინეთთან ურთიერთობა, ასევე ორბანთან როგორ მომწიფდება სიტუაცია. ბოლო ხანებში ვნახეთ, რომ ტრამპის გარემოცვამ ევროპის მიმართ დამოკიდებულებაში სიმკაცრე გამოავლინა, სიტუაცია ისეთი შეიქმნა, რომ ჩვენ ევროპა სულ გვეჩხუბება და ახლა ტრამპის დაცვის იმედი გვაქვს”, – აცხადებს საყვარელიძე, რომლის თქმით, “ამდენად ევროპა-ტრამპის ურთიერთობაზე დამოკიდებულები ვართ”, – განაგრძობს გამოცემა.
“ჩინეთიდან იმიტომ დავიწყე, რომ ზოგადად ტრამპისა და პეკინის ურთიერთობაში, ჩვენზე ბევრი რამ იმოქმედებს, რამდენადაც ჩინური ტრანზიტის გზად კავკასიაა, კერძოდ, საქართველო და აზერბაიჯანია დასახელებული. ამ საკითხების გადაწყვეტაა იმ სამომავლო პოზიციის საფუძველი, რომელიც შეიძლება ტრამპს საქართველოს მიმართ გაუჩნდეს. არ ვიცი, თვითონ ტრამპი საქართველოზე გააკეთებს თუ არა განცხადებას, მაგრამ თუკი ტრამპის ადმინისტრაციიდან რაიმე მოძრაობები იქნება საქართველოს მიმართ, ეს უკვე განცხადების ტოლფასია, თუ უფრო მნიშვნელოვანი არა. სავარაუდოა, რომ ეს იქნება მაშინ, როდესაც ტრამპის ჩინეთში ვიზიტი დამთავრდება. ას დღეში, ანუ სამ თვეშიო თქვა ტრამპმა და ამ პერიოდში ალბათ რაღაც სიახლე იქნება”, – ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და კითხვაზე – “რა შეიძლება იყოს ჩვენთან მიმართებაში მთავარი აქცენტები?” – პასუხობს:
“ჩვენს ქვეყანაზე პრობლემების ორი ხაზი ერთმანეთს კვეთს, ერთია გეოპოლიტიკური, რომელიც დაკავშირებულია საქართველო-ჩინეთის ურთიერთობასთან. მეორე, პარტიულ-პოლიტიკურია, ეს კი დაკავშირებულია დიდი ევროპული კონსერვატიული და ლიბერალური პარტიების დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. ლიბერალურ პარტიებს ბაიდენის ხელმძღვანელობით, საკმაოდ კრიტიკული (თუ აგრესიული არა) დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოს მიმართ, ტრამპი კონსერვატორია და მხარსაც კონსერვატორებს უჭერს. ამ ორ ხაზზე – გეოპოლიტიკის და პარტიული პოლიტიკის გადატვირთვაზე იქნება ტრამპის პოზიცია დამოკიდებული. თუკი მას ჩინეთის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება არ ექნა და ჰარმონიულ ურთიერთობაში ეკონომიკური შეჯიბრი ამჯობინა, ასევე თუ კონსერვატიზმს დაუჭირა მხარი, ეგ ჩვენ გვაწყობს. ჩინეთთან აგრესიული პოლიტიკის გატარება და ლიბერალური პოლიტიკის გაგრძელება ჩვენთვის დამღუპველია, უფრო სწორად, მაგ მიმართულებაში ცუდ როლს ითამაშებს”.
“ხალხის ძალის” წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ გარდაუვალია პროცესების “სწორ კალაპოტში ჩადგომა” – “აშშ-ში დონალდ ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტება, რომელმაც მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გარდაუვალია პროცესების სწორ კალაპოტში ჩადგომა, მათ შორის, უკრაინაში ომის დასრულება. თუმცა, საქართველომ ახლაც პირველ რიგში საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას. ჩვენს ქვეყანას აქამდე ეს რომ არ გაეკეთებინა, თუნდაც ერთი შეცდომა რომ დაეშვა, ის ნამდვილად გახდებოდა დიდ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასარკვევი სათამაშო”, – აღნიშნა ხუნდაძემ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უნგრეთში გააკეთა განცხადება, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია, უნგრეთის მთავრობა და “ოცნების” ერთსა და იმავე ღირებულებებს იზიარებს. “… დღეს ვხედავთ, როგორ მოხდა ერთი ხელის მოსმით შეცვლა დღის წესრიგის. ისინი, ვინც გუშინ გვიმტკიცებდნენ, რომ 15+ სქესი და გენდერი არსებობს, დღეს ერთმანეთს ასწრებენ, თქვან, რომ არის ორი სქესი – ქალი და კაცი. ასე მივა საბოლოო ჯამში იმ ჭეშმარიტებამდე, რომლის აღიარებაც არ სურდათ და იმ რეალობამდე, რომლისთვისაც თვალის გასწორება არ უნდოდათ”, აცხადებს პაპუაშვილი, რომლის თქმით, “აქ ჩვენ და უნგრეთს გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა”, – დასძენს გამოცემა.
“ჩვენ ასევე ვეძებთ სხვა ნამდვილ მეგობრებს, რომლებთანაც საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ. ამ მხრივ ყველა საერთაშორისო პლატფორმას გამოვიყენებთ, რათა საერთო ღირებულებების, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებულ ხალხთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან ვიყოთ. ჩვენ პრემიერ-მინისტრმა ორბანმაც პირდაპირ გვითხრა, რომ საქართველოს აქვს მისი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ასევე სრული მხარდაჭერა, რომ ეს გაწევრიანება დაფუძნებული იყოს მიღწევებზე და არა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მავნე პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რაც სამწუხაროდ ხდება დღეს. ამიტომ, ვფიქრობ, ორბანის, ისევე როგორც ევროკავშირში მისი თანამოაზრეების დამსახურებით, ჩვენ შევძლებთ, რომ გარდავტეხოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც ბრიუსელიდან ინერგება, როცა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გატარების ინსტრუმენტად აქცევენ ინტეგრაციის გზას და არა იმ საქმიან მიდგომას, რომელიც წესით უნდა ჰქონდეთ”, – თქვა პაპუაშვილმა” – წერს სტატიის ავტორი.
“ჩინეთის კომუნისტური პარტიისა” და ირანის რეჟიმის გულითადი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში სოროსს კარგად იცნობს”, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. “სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრი ორბანი ცდება. “ჩინეთის კომუნისტური პარტიისა” და ირანის რეჟიმის გულითადი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში სოროსს კარგად იცნობს”, – წერს ჯო უილსონი. ამერიკელი კონგრესმენი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა. “დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ. საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე”, – დაწერა ორბანმა”, – დასძენს სტატიის ავტორი.
ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – ევროსაბჭომ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო
“114 მომხრე, 13 წინააღმდეგი-ევროსაბჭომ რეზოლუცია მიიღო, საქართველოს დელეგაციას აპრილამადე მანდატი შეუნარჩუნდა – მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარება, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მოთხოვნები “ოცნებამ” აპრილამდე უნდა შეასრულოს. 134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114 მომხრე ჰყავს,13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა. ევროსაბჭოს რეზოლუცია ძალაში შევიდა, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი ასამბლეას საქართველოსთან დაკავშირებით ორ ვარიანტს სთავაზობდა: პირველი, დაუყოვნებლივ დაეწყო აპრილამდე ახალი არჩევნებისთვის მზადება, და მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება; მეორე, თუ მონიტორინგის კომიტეტის პირობას არ დასთანხმდებოდა და დელეგაციის უფლებამოსიელბა შეწყდებოდა, 2025 წლის აპრილამდე, საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება შეუნარჩუნა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსგან დაჟინებით მოითხოვს “ინკლუზიური პროცესის დაუყოვნებლივ ინიცირებას ყველა ჩართული პირისა და სოციალური აქტორების ჩართულობით”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – ევროსაბჭომ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო.
“საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის – ეს არის დღევანდელი გზავნილი”,-გერმანელმა დეპუტატმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის წევრმა, ფრანკ შვაბემ განაცხადა. “მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ ძალადობა, მოგიწოდებთ გაათვისუფლოთ ისინი, რომლებიც პოლიტიკური მიზეზებით არიან დაკავებულებუ, განსაკუთრებით, მინდა აღვნიშნო მზია ამაღლობელი” – აღნიშნა შვაბემ. სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ “ოცნება” მშვიდობას იცავს და არავის მისცემს უფლებას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს. “ქართული ოცნების” მთავრობა და მისი 1 100 000-ზე მეტი ამომრჩეველი მშვიდობას იცავს და არავის მისცემს უფლებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს; ქვეყანაში, რომელიც დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ… მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრორუსულად შერაცხული. მთავრობა, რომელიც ამაყობს იმით, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო პენიტენციური სისტემა აქვს” – განაცხადა წულუკიანმა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველ პარტიას აპრილამდე “მხოლოდ ფორმალურად უნარჩუნდებათ უფლებამოსილება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელორუსს არ უდებს ტოლს, ევროკავშირში მიგვიღებენ კი არა, ევროსაბჭოდანაც გაგვრიცხავენ, ქოცები თუ არ გადავცალეთ სანაგვეში” – წერს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, რითაც ევროპის საბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება. “ივანიშვილის დელეგაციის წევრებს არ ექნებათ კომიტეტებში წევრობის ან მონაწილეობის უფლება და მათ მხოლოდ ფორმალურად უნარჩუნდებათ უფლებამოსილება აპრილამდე – ერთადერთი მიზნით, რომ ქვეყანაში ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას ასახავს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან ენმ-ს ლიდერმა თინა ბოკუჩავამ. “ოცნების” წევრი რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის როლს მიმდინარე პროცესებში და მათ “დამსმენთა ჯგუფი უწოდა”, რომლებიც ქვეყნის დაზიანებას ისახავენ მიზნად”, – განაგრძობს გამოცემა.
“ეს პირველი არ არის, როდესაც რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ მტრობს საქართველოს. ისინი არიან დამსმენთა ჯგუფი, რომელიც ყოველ ჯერზე ცდილობს, რომ დააზიანოს ჩვენი ქვეყანა. ასე იყო ევროკავშირშიც, ბრიუსელშიც. ასე იქცევიან ისინი სტრასბურგშიც. ეს არის მათი საქმიანობის ერთადერთი არეალი, როგორც ჩანს, რომ რაიმენაირად ჩვენს ქვეყანას მიაყენონ ზიანი”, – განაცხადა იონათამიშვილმა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია ევროპული სტრუქტურის პირობები, ვადამდელ არჩევნებზე დათანხმებასთან დაკავშირებით. ხაზგასმით ამბობენ, რომ “საქართველო არანაირ პირობას არ დათანხმდება”. „ოცნების” წევრები აღნიშნავენ, რომ არის პირდაპირი ზეწოლა საქართველოსა და ხელისუფლებაზე, „რათა უგულებელყონ 120 ათასი ამომრჩევლის ნება”, რომელმაც მმართველ პარტიას დაუჭირა მხარი. კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მმართველი პარტია “არც შანტაჟის ენას, არც ულტიმატუმებს არ მიიღებს”. ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე “რეზონანსთან” საუბრობს, რომ ევროსაბჭოს კომიტეტის პირობებში გარკვეული “ტენდენციურობა” შეიმჩნევა”, – დასძენს გამოცემა.
“ვფიქრობ, გარკვეული ტენდეციურობა შეინიშნება როგორც ევროსაბჭოს კომიტეტის გადაწყვეტილებაში, ასევე საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებშიც, ტენდეციურობა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ცდილობენ სათავისო პოლიტიკის გატარებას, მათ რეალურად არ სურთ გაიგონ რა ხდება საქართველოში, ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ მართალ-მტყუანზე, უბრალოდ ეს მიდგომები არაა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის შესაბამისი, რთულია “თეთრი და შავი” მსჯელობა, თუ ხარ მათთან ყველაფერს გაპატიებენ, თუ რაღაცაში ეწინააღმდეგები პატარა შეცდომასაც არ გაპატიებენ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე – “რას ფიქრობთ ოპოზიციის აქტიურობასა და მესიჯებზე ევროსაბჭოში”, – პასუხობს:
“მე შემიძლია გავუგო რუსთაველზე მდგომ ხალხს, მაგრამ ვერ გავუგებ ოპოზიციას, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე… ჩემი აზრით, გამოსავალი კომპრომისშია, თუ არ მივაღწევთ ამას, ქვეყანა თავზე დაგვენგრევა. მე, როგორც 90-იანი წლების დასაწყისის გამოცდილების მატარებელი ვფიქრობ, შეიძლება ამ ყველაფერმა ძალიან ცუდი სახე მიიღოს, ამიტომ ახლა კომპრომისული პოლიტიკა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია”!