ქართული პრესის მიმოხილვა 26.08.2024

მამუკა არეშიძე – რატომ აანონსებს “ქართული ოცნება“ სა და ცხინვალის დაბრუნებას?!
მმართველმა პარტიამ 30 რჩეული დაასახელა – რისთვის სჭირდება “ოცნებას” პროპორციულ არჩევნებში პარტიული სიის დელეგატები
ზურა ბატიაშვილი – “პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტი კურსკის მოვლენების ერთგვარად გადაფარვის ცდა იყო”
* * *
მამუკა არეშიძე – რატომ აანონსებს “ქართული ოცნება“ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებას?!
“მე სრულ ინფორმაციაზე არ მიმიწვდება ხელი, თუმცა გარკვეული ცნობები მაქვს, რაც საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ ხელისუფლებას ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით შესაძლოა რეალურადაც ჰქონდეს რაიმე ხელჩასაჭიდი. პირადად მე ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ნაწილს ვეთანხმები, ნაწილსაც – არა, მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკას თანამიმდევრულობა აკლია. ჩვენ ხშირად ვჩივით, რომ რბილი ძალით გვებრძვის, მაგრამ ჩვენ ამ რბილი ძალის გამოყენებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე არ ვმუშაობთ. უფრო სწორად, ისე ეფექტიანად ვერ ვმუშაობთ, რომ ამან შედეგი მოგვცეს. არ ხდება იქაური მოსახლეობის მასობრივად დარწმუნება, რომ ცხოვრების წესი და პოლიტიკური ორიენტაცია უნდა შეიცვალონ. არადა, თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები ამის ფართო საშუალებას იძლევა. სოციალურ ქსელებში სისტემური ჩართულობა უმნიშვნელოვანესია”, – აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რატომ აანონსებს “ქართული ოცნება“ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებას?!
“მე ვიცი 2-3 ქართველი, მათ შორის ერთი ცნობილი ჟურნალისტი, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ აფხაზურ სოციალურ ქსელებზე. პირველად მათ მიმართ იყო დიდი აგრესია, თუმცა ახლა იკლო და აფხაზები უფრო მეტად და მშვიდად უსმენენ მათ მოსაზრებებს. მუშაობა უნდა ყველაფერს. ამას სჭირდება სისტემური მიდგომა და არა ინდივიდუალური აქტივობები. ამის გაკეთება ნამდვილად შესაძლებელია. სამედიცინო პროგრამა, რომლის ფარგლებში არაერთმა აფხაზმა იმკურნალა, წლებია მოქმედებს, თუ ამ რამდენიმე წლის წინ ისინი საჯაროდ ამის აღიარებას და მადლობის გადახდასაც კი ვერ ბედავდნენ, ახლა შედარებით შეიცვალა ვითარება, აქა-იქ უკვე ბედავენ ამაზე ლაპარაკს. მეტიც, ზოგიერთი აფხაზი აქ რჩება საცხოვრებლად. ტენდენცია არის, სისტემა კი არა გვაქვს… რაც შეეხება იმას, რომ ამ სისტემის შექმნას და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, ეს ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია. არა მგონია, იმდენად ხელიდან წასული იყოს ოპოზიცია, მისი ნაწილი მაინც, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუ დადგა დღის წესრიგში, თავისი პოლიტიკური ამბიციების გამო ამას ხელი შეუშალოს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“ის, რომ წინა ხელისუფლების საქმიანობა პოლიტიკურად არ შეფასდა, გახდა მიზეზი იმისა, რომ 2014 წელს მე “ქართული ოცნებიდან” წამოვედი. იქ ვიყავი და კარგად ვიცი, რა ზეწოლა იყო დასავლეთიდან იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრობის” ქმედებები პოლიტიკურად არ შეფასებულიყო. იყო რამდენიმე ადამიანი, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგა, ესეც დასავლეთის ნებართვით, საზოგადოდ პარტიის საქმიანობა კი არ შეფასებულა. ამას სხვა მიზეზიც ჰქონდა – კერძოდ, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” სწორუპოვარი წევრი იყო და ძალიან სწრაფად დაპორტირდა “ქართულ ოცნებაში”. პოლიტიკური თამაშის წესები ასეთ რამესაც ითვალისწინებს – კომპრომეტირებული ადამიანი უფრო მორჩილი და ერთგულია, შესაბამისად, ისინი ყველა ხელისუფლებას სჭირდება. ეს აწყობდა “ქართულ ოცნებასაც” და ამიტომაც მოხდა ეს მასობრივი გადმობარგება. მოკლედ, იყო დასავლეთის ზეწოლა და ასევე იყო მტრის ბანაკიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადმობირების ცდა… ახლა სხვა ვითარებაა, როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებას” დასავლეთის მიმართ ის ვალდებულებები, რაც 2012 წელს ჰქონდა, აღარ აქვს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“რეპრესიები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებების პოლიტიკური შეფასება კვლავინდებურად აუცილებელი მგონია. მე არ ვამბობ, რომ ეს ანგარიშსწორებად უნდა იქცეს. ეს აუცილებლად გასაკეთებელია, რათა ანალოგიური შეცდომები კვლავაც არ იქნეს დაშვებული. თუნდაც გასარკვევია ის, თუ როგორ მივედით 2008 წლის ომამდე და მერე როგორ მივატოვეთ ბრძოლის ველი. კიდევ ბევრი სხვა საკითხია… შეფასება აუცილებელია, მაგრამ ძალიან დაგვიანებულია. როგორც ამბობენ, “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”, მაგრამ ამ საკითხის საარჩევნო კამპანიის ნაწილად ქცევა, ვფიქრობ, არასწორია, რადგან გაცილებით სხვა რამ არის სათქმელი… ვიმეორებ, საჭიროა პოლიტიკური შეფასება და არ უნდა გავმართოთ სასამართლო… ოღონდ შეფასება უნდა იყოს იურიდიულად კარგად გამართულ ფაქტებზე დაფუძნებული. საარჩევნო პროცესში ამაზე აპელირება რამდენად შედეგიანი იქნება, არ ვიცი…” – მიიჩნევს ექსპერტი.
“კი, არიან ადამიანები, ვინც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” პასუხი არ აგო, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი რაოდენობა. გადამწყვეტია ახალი ამომრჩეველი, ანუ ახალგაზრდები, რომლებსაც სულ სხვა შეხედულებები და ფასეულობები აქვთ. მათ ახალი მიდგომები და განსხვავებული დაპირებები სჭირდებათ… სიმართლე გითხრათ, მეც ვერ ვხედავ ახალგაზრდებზე მორგებულ, გამართულ კამპანიას. არადა, ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ განათლების სისტემა კვლავ დიდი პრობლემაა. ჩვენ უნდა შევუქმნათ ახალგაზრდებს პირობები, რათა მაქსიმალურად ღრმა ცოდნა მიიღონ. ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში არჩევს სწავლის გაგრძელებას და მათგან ძალიან ცოტა თუ ბრუნდება სამშობლოში. თუ ქვეყანაში არ იქნა განვითარებული ეკონომიკა შესაბამისი ინდუსტრიით, სადაც შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები მაღალი ცოდნისა და ინტელექტის ახალგაზრდებისთვის, ისინი აქ არ გაჩერდებიან”, – ამბობს მამუკა არეშიძე.
“დემოგრაფიული სურათიც კატასტროფულია. მისი გამოსწორება ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოახერხა. ვერც ვერავინ გამოასწორებს, თუ არ განვითარდა საქართველოს სამრეწველო პოტენციალი. მშენებლობა, დეველოპერული საქმიანობა და სხვა სფეროები, რომლებიც დღეს ქართული ეკონომიკის ბურჯებია, ვერ ქმნის ძლიერ ეკონომიკას. დღეს მთავარია ინდუსტრიული და ტექნოლოგიური განვითარება. ამის პოტენციალი დიდია ქვეყანაში, მაგრამ არავინ იყენებს. ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რის გამოც, ალბათ, გავილანძღები, მაგრამ არა უშავს – ჩემი აზრით, დღეს ტერიტორიულ მთლიანობაზე მეტად მნიშვნელოვანია საკუთარი ერის ინტელექტუალური პოტენციალის სწორად გამოყენება და ძლიერი ინდუსტრიული სისტემის შექმნა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს ტვინებს და ამის მერე ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაჭრაც უფრო გაიოლდება. უმთავრესია სწორი სისტემის შექმნა, რომლის უპირველესი კომპონენტი ერის ინტელექტუალური პოტენციალია”, – დაასკვნის ექსპერტი.
“რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, ჩემი აზრით, ომი ჩიხში შედის და მხარეები იძულებული იქნებიან მის დასრულებაზე იფიქრონ. უკრაინის კურსკში შეჭრით ძალიან დიდი იმიჯური დარტყმა მიიღო რუსეთმა. პუტინი კი ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს ისეთი არაფერი ხდება, რომ ეს დივერსიული ჯგუფების ნამოქმედარია და არა მნიშვნელოვანი სამხედრო შეტევა. ამის სადემონსტრაციოდ დადის უცხოურ ვიზიტებში, თუმცა, რა თქმა უნდა, სერიოზულად არის საქმე. ჩემი აზრით, მხარეები ცდილობენ დასასრულისკენ წაიყვანონ ვითარება და მოლაპარაკების მაგიდასთან რაც შეიძლება უკეთესი პოზიციით დასხდნენ. რა თქმა უნდა, ეს ომი მოქმედებს მთელ მსოფლიოზე, მსოფლიო წესრიგი ჩამოშლილია, ახლის მშენებლობის დაწყებას კი ჯერ პირი არ უჩანს. შესაბამისად, ყველა ცდილობს რაც შეიძლება კარგ მდგომარეობაში შეხვდეს იმ მომენტს, როდესაც დაიწყება ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნა… ჩვენ ამ ეტაპზე გაცხადებული გვაქვს, რომ ვზრუნავთ სუვერენიტეტის გაძლიერებაზე და ვლაპარაკობთ დასავლურ ინტეგრაციაზე, მაგრამ ბოლო ხანს პრობლემები შეიქმნა. რა თქმა უნდა, ამაში წვლილი შეიტანა დასავლეთმაც…” – დასძენს მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე – “ერთი შეხედვით, ხელისუფლება ცდილობს მრავალვექტორული პოლიტიკის გატარებას, მაგრამ აშკარაა, რომ უჭირს ბალანსის დაცვა. შედეგად, ვხედავთ თითქმის უკვე ღია კონფრონტაციას დასავლეთთან…?” – პასუხობს:
“სამწუხაროდ, ბალანსი კარგა ხანია დარღვეულია. შეიძლებოდა ამგვარი პოლიტიკის წარმოება, მაგრამ უფრო მოქნილად. პატარა ქვეყანა კი ვართ, მაგრამ ჩვენი სათქმელი უნდა გვეთქვა. კარგია, რომ ვთქვით, მაგრამ შეიძლებოდა ეს უფრო დიპლომატიურად გაკეთებულიყო. მესმის, რომ საქართველოში დასავლეთს უზარმაზარი თანხები აქვს ჩადებული, დიდი ძალისხმევა აქვს დახარჯული, რომ არ მომხდარიყო სეპარატისტული რეგიონების აღიარება და ა.შ. ეს დასაფასებელია. ისიც ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო მოკავშირისა და სამოკავშირეო სისტემის გარეშე ამ რეგიონში ძნელად თუ შეინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ტიპის სამოკავშირეო სისტემების შექმნას გეგმავს საქართველოს ხელისუფლება და რა იქნება ხვალ; როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობა ისე, რომ თან ქვეყანა იყოს დაცული”.
მმართველმა პარტიამ 30 რჩეული დაასახელა – რისთვის სჭირდება “ოცნებას” პროპორციულ არჩევნებში პარტიული სიის დელეგატები
“ოცნებამ” საქართველოს მასშტაბით 30-ივე დელეგატი უკვე დაასახელა. 23 აგვისტოს გაირკვა მათი ვინაობაც, ვინც საარჩევნო პროცესს თბილისის ოლქებში გაუძღვება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა, ოცდაათივე დელეგატი წარმოდგენილი იქნება “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში ე.წ. გამსვლელ ადგილებზე და “საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ეყოლება ყველა ქალაქს და რეგიონს”. უკვე ცნობილია ისიც, რომ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური გაერთიანებები თავისი დელეგატების დანიშვნას არ აპირებს. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში პირველად ტარდება სრულიად პროპორციული საპარლამენტო არჩევნები. ოპოზიცია კი საარჩევნო პროცესში დელეგატის ცნების შემოღებას მაჟორიტართა ინსტიტუტის რემინირების მცდელობად მიიჩნევს. ისინი მმართველი პარტიის დელეგატებს “ფეოდალებს” და “გაქსუებულ ფულის ტომრებსაც” უწოდებენ. ანალიტიკოსთა შეფასებით კი, დელეგატების დასახელებაში უჩვეულო არაფერია, რადგან ეს პირველ რიგში პარტიის საარჩევნო კამპანიის კოორდინირებასთანაა დაკავშირებული.”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მაჟორიტარების შემდეგ დელეგატები – მმართველმა პარტიამ 30 რჩეული დაასახელა / რისთვის სჭირდება “ოცნებას” პროპორციულ არჩევნებში პარტიული სიის დელეგატები და როგორ იმუშავებს ეს ამომრჩეველზე.
“ვფიქრობ, რომ ეს ამომრჩეველზე დადებითად იმუშავებს და ჩემი აზრით, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით შემოიღეს დელეგატის თანამდებობა”, – აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, “დელეგატები ამომრჩევლისთვის გარკვეული სატყუარაა”, რომელიც რეალურად საარჩევნო პროცესზე დიდ გავლენას ვერ იქონიებს და “მით უმეტეს შედეგებზე”. “თუმცა, თუ სახელს თავს დავანებებთ, თითოეულ რაიონს რომ სიიდან თითო კანდიდატი ჰყავდეს მიმაგრებული, ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან მან კოორდინირება გაუწიოს კონკრეტულ რაიონს და საარჩევნო კამპანიას უხელმძღვანელოს”, – თქვა ძაბირაძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მ რეგიონებში 22 დელეგატი 15 აგვისტოს დაასახელა, მისი თქმით, ეს ადამიანები გაუძღვებიან რეგიონებში საარჩევნო კამპანიას და საბოლოოდ, მოხვდებიან საარჩევნო სიაში. 23 აგვისტოს კი პრემიერისგანვე გახდა ცნობილი თუ ვინ გაუძღვება თბილისის 8 ოლქს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“თბილისში დელეგატებად დასახელდნენ: (პარლამენტის ვიცე-სპიკერი); დავით კაჭარავა (პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი რაგბისტი); ზუკა რურუა (წყალბურთის ნაკრების მწვრთნელი); აკაკი ალადაშვილი (თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი); ირაკლი ხელაძე (თბილისის საკრებულოს დეპუტატი); ლადო ბოჟაძე (თბილისის საკრებულოს დეპუტატი); ნიკა ელისაშვილი (ისნის რაიონის გამგებელი); ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდოისტი, მრავალგზის პრიზიორი). 22 რეგიონალური ოლქიდან დელეგატები არიან მოქმედი დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, , ირაკლი შატაკიშვილი, ზაურ დარგალი, ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი, , ზაალ დუგლაძე, ზაზა ლომინაძე, გივი ჭიჭინაძე, პაატა კვიჟინაძე, გიორგი ხახუბია, ვასილ ჩიგოგიძე, გოჩა ენუქიძე, ანზორ ბოლქვაძე; საჯარო მოხელეები: დავით შერაზადიშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი, ზვიად შალამბერიძე, დათო კოდუა; ბიზნესმენები: ილია ინჯია, გია ჭყონი და ასევე ანსამბლ “ალილოს” სოლისტი, მუსიკოსი არჩილ ბერიძე”, – განაგრძობს გამოცემა.
“ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივან პეტრე ცისკარიშვილის თქმით, “ეს ადამიანები ე.წ. დელეგატებად გაამწესეს რეგიონებში იმისათვის, რომ არა მხოლოდ პარტიის ძალისხმევა იყოს არჩევნებში, არამედ ამ ადამიანებსაც ფული დაახარჯვინონ, ასევე ამ ადამიანების მაქსიმალური ჩართულობა მოიპოვონ. ამ მიზნებისთვის კანონმდებლობა შეცვალეს, საკუთარ თავს მოარგეს იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ასეთი რესურსი”. “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ “ერთიანობა” კანონის დარღვევას არ აპირებს და შესაბამისად, ისინი დელეგატების დანიშვნას არ აპირებენ. “საქართველოში მაჟორიტარული სისტემა აღარ არსებობს, ამიტომ ჩვენ, “ერთიანობა”, კანონს არ და ვერ დავარღვევთ. ასევე, კანონს არ არღვევენ სხვა ოპოზიციური პარტიები. ერთადერთი, ვინც ჟონგლიორობს, მანიპულირებს, ეს არის “ქართული ოცნება”, თქვა მან. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის აზრით, დელეგატების თანამდებობის შემოღება ამომრჩეველზე დადებითად იმუშავებს და სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა “ოცნების” ინიციატივის მიზეზიც”, – დასძენს გამოცემა.
“ეს ამომრჩეველზე დადებითად იმუშავებს და ჩემი აზრით, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით შემოიღეს დელეგატის თანამდებობა. წლების განმავლობაში რეგიონებისა და გარკვეულწილად თბილისის მოსახლეობის ნაწილიც მიეჩვია, რომ გარკვეული საკითხების გადასაწყვეტად ისინი ამ რეგიონის დეპუტატთან მიდიოდნენ, თუ საკითხს ადგილობრივ დონეზე სხვა სტრუქტურებში ვერ წყვეტდნენ. ესაა დამკვიდრებული ტრადიციის ერთგვარი შენარჩუნების მცდელობა ისე, რომ არ დაირღვეს საყოველთაო პროპორციულობის პრინციპები. ერთის მხრივ ეს, ხალხი ჩვეულებრივ პროპორციულ სიაში არიან, მაგრამ კონკრეტულ რეგიონებს წარმოადგენენ და შესაბამისად, უფრო მეტად იქნებიან ამ რეგიონებზე მიბმული. მათი ძირითადი ფუნქცია იქნება სწორედ ამ რეგიონების და მუნიციპალიტეტების პრობლემებზე ზრუნვა. ჩემი აზრით, ამომრჩევლისთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ეს უფრო დადებითად იქნება აღქმული, ვიდრე უარყოფითად. ამ პოზიციის შემოღების ერთ-ერთი მიზანი ეს იყო”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“მეორე მიზანი შესაძლოა იყოს ის, რომ რადგანაც ეს ადამიანები იმ რეგიონებში ცხოვრობენ და მოსახლეობასთან რაღაც ბმა აქვთ, მაგალითად, იგივე დიმიტრი ხუნდაძე უკვე კარგა ხანია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაჟორიტარი იყო და მას კარგად იცნობენ, ეს “ქართულ ოცნებას” გარკვეულწილად გაუადვილებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებასაც”, – დაასკვნის ანჯაფარიძე. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძის თქმით კი დელეგატები გარკვეული სატყუარაა, რათა “ოცნებამ” ხმები მოიზიდოს. თუმცა, მისი თქმით, არჩევნებსა და მის შედეგებზე ეს დიდ გავლენას არ იქონიებს. “სატყუარაა იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ამ დელეგატს ხმას არავინ არ აძლევს, ხმას საერთო სიას მისცემენ და ამით, როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” ფიქრობს, რომ რაღაცნაირად ამომრჩეველი მოიზიდოს და თითქოს ეს ადამიანი მაჟორიტარის ფუნქციას შეასრულებს და ა.შ. რეალურად რაიონში მაჟორიტარებიც ფაქტიურად არაფრის გამკეთებლები არ არიან, მით უმეტეს დელეგატი”, ამობის ძაბირაძე, რომლის მტკიცებით, ეს “პროპაგანდისტული ხერხია იმისთვის, რომ არჩევნებში მეტი ხმა მიიღონ. რეალურად არჩევნებზე ეს დიდ გავლენას ვერ იქონიებს და მით უმეტეს შედეგებზე.”, – წერს სტატიის ავტორი.
ზურა ბატიაშვილი – “პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტი კურსკის მოვლენების ერთგვარად გადაფარვის ცდა იყო”
“პუტინის აზერბაიჯანში ჩასვლის ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ საკუთარი მოქალაქეებისთვის ეჩვენებინა, თითქოს კურსკის ოლქში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. ამ დროს კი ხდება, ბოლო 80 წლის განმავლობაში პირველად სხვა ქვეყნის ჯარი შედის და იკავებს რუსეთის ტერიტორიებს და რუსეთის ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს. სახელმწიფო მმართველობაში ქაოსია, გაგზავნილ ჯარისკაცთა უმრავლესობა ტყვედ ჩავარდა. კურსკმა დაგვანახა, რომ რუსეთს რეზერვის არც სტრატეგიული და არც ოპერატიული რესურსი არ გააჩნია. ამიტომ პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტი ერთგვარად გადაფარვის ცდა იყო. პუტინს ბევრგან აღარ ჩაესვლება, ევროპის ან ჩრდილოეთ ამერიკის რომელიმე ქვეყნის ლიდერები აღარ შეხვდებიან, ამიტომ ნებისმიერი შეხვედრა სჭირდება, რათა მოსახლეობას აჩვენოს, რომ ჯერ კიდევ ლეგიტიმურია. პუტინის ეს ცდები განწირულია. ამ ვიზიტმა ვერ მიჩქმალა კურსკში არსებული ვითარება”, – აცხადებს ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტი კურსკის მოვლენების ერთგვარად გადაფარვის ცდა იყო”.
“ქვეყნებს შორის ორმხრივი შეხვედრების შემდეგ მემორანდუმებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმებების გაფორმება ერთგვარი სტანდარტია. ამიტომ არ ვფიქრობ მათი განცხადებებით, რომ ორი ქვეყნის მეგობრობა რეგიონში უსაფრთხოების გარანტიაა და ერთად ძლიერები არიან, რომელიმე ქვეყანა დამფრთხალიყო. თუ სომხეთი იგულისხმება, არა მგონია, ფაშინიანმა, იმის გამო, რომ პუტინი ჩავიდა ბაქოში, ქვეყნის საგარეო მიმართულება შეცვალოს და პრორუსი გახდეს. სომხეთში ვითარება შეცვლილია, საზოგადოება, რომელიც პრორუსი იყო, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, რუსეთის ქმედებების გამო ევროპულ ორიენტაციაზე გადავიდა. დასავლეთს რაც შეეხება, ალიევი ჭკვიანი პოლიტიკოსია და კარგად ხვდება, როდესაც აზერბაიჯანის ნავთობი თუ გაზი ევროპაში გადის და აქვს დიდი შემოსავალი, ომის დამნაშავესთან ერთად გეოპოლიტიკურ თავგადასავლებში არ უნდა გადაეშვას, ბაქოს დასავლეთთან დაპირისპირება არ აწყობს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურა ბატიაშვილი.
“თურქეთს თავისი დღის წესრიგი აქვს, რომელიც აზერბაიჯანთან ახლო თანამშრომლობას გულისხმობს. თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა ჰეიდარ ალიევის პრინციპით – “ერთი ერი, ორი სახელმწიფო” ვითარდება. ამის შედეგი იყო ის, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღის ომებში მოიპოვა. საქართველოსთვის კი აზერბაიჯან-რუსეთის მჭიდრო ურთიერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. განსაკუთრებულს არაფერს შეცვლის აზერბაიჯანის ბრიკსში გაწევრებაც. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა ორიენტაციას იცვლის, პროდასავლურიდან პრორუსულზე გადადის. როდესაც მტერს და მოყვარეს ვერ არჩევ, მაშინ მტერი ადვილად ჩაგიგდებს ხელში… არავითარი კონფლიქტი საქართველოს აზერბაიჯანთან არა აქვს და არც აწყობს ჰქონდეს. საქართველოსთვის საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი იქნება 26 ოქტომბერი, როდესაც საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რუსეთისკენ უნდა წასვლა თუ დასავლეთისკენ”, – განაგრძობს რესპონდენტი.
”ბრიკსს არა აქვს საერთო თამაშის წესები. ევროკავშირისგან განსხვავებით, არც საერთო ბაზარი აქვს, არც საერთო ვალუტა, არც საერთო ეკონომიკური პოლიტიკა. ბრიკსში შედიან როგორც მემარცხენე ჩინეთი, ბრაზილია, რუსეთი, ისე სხვა ქვეყნები, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ამ ქვეყნებთან – არც ფასეულობები, არც პოლიტიკური წყობა და არც ეკონომიკური დღის წესრიგი. ეს არის სხვადასხვა ქვეყნის ერთგვარი ჯამი. აზერბაიჯანი მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან თანამშრომლობს. ნავთობსა და გაზს, რომელსაც ევროპაში ყიდის იმ ფასად ვერ გაყიდის აღმოსავლეთში. დოლარით და ევროთი ვაჭრობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, ვთქვათ, ჩინური ან ინდური ვალუტით. ამიტომ აზერბაიჯანი ითანამშრომლებს იმ ქვეყნებთან და იმ სფეროებში, რომლებიც მისთვის მოგებიანი იქნება”, – ამბობს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე – “ყოველდღიურად ველოდებოდით, რომ ირანი ცეცხლს გაუხსნიდა ისრაელს… რატომ იკავებს თავს ირანი?” – პასუხობს:
“ახლო აღმოსავლეთში ბევრი რამ კარს მიღმა ხდება. როგორც ჩანს, ირანი დაარწმუნეს, რომ მისთვის მოგებიანი არ იქნებოდა ეს ნაბიჯი. ირანი კარგად ხედავს, რომ არ არის ხელწამოსაკრავი ძალა, მით უმეტეს, როდესაც შეერთებული შტატები უმაგრებს ზურგს, მათ შორის სამხედრო კომპონენტითაც და დაეხმარება პოტენციური კონფლიქტის შემთხვევაშიც.
“როგორც ჩანს, ირანმა თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან. პასუხი იქნება, მაგრამ არა განსაკუთრებული, როგორც თავიდან იყო გაცხადებული, თითქოს მიწასთან გაასწორებდნენ და ა.შ. ირანმა ჩათვალა, რომ მის პასუხს მოჰყვებოდა პასუხის პასუხი, თან ძალიან ძლიერიც, რაც თეირანისთვის შესაძლოა დამღუპველიც ყოფილიყო. ირანის გაჩერებას ვუკავშირებ არა შიშს, არამედ პრაგმატულ გათვლას. როგორც ჩანს, “ჰამასის” ლიდერი არც ისეთი მძიმეწონიანი იყო, რომ მის გამო ომი დაიწყოს ახლო აღმოსავლეთში. რუსეთი ძალიან იყო მოწადინებული, რომ ირანს ეპასუხა, რაც დიდწილად გადაიტანდა ყურადღებას რუსეთ-უკრაინის ომიდან ახლო აღმოსავლეთზე, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთმა ირანი ვერ დაიყოლია გახვეულიყო ამ დიდ ავანტიურაში. პასუხს უნდა ველოდოთ, თუმცა ის არ იქნება გამანადგურებელი, ალბათ, ზრდილობისთვის გასცემენ პასუხს”, – დასძენს ზურა ბატიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”