ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025

“ოცნება” “ნაცმოძრაობის” დროინდელ შეზღუდვებს აბრუნებს – ხმალაძე: “მალე ქუჩაში გამოსვლასაც აკრძალავენ”
რამდენად შორს წავა წულუკიანი – კომისიაზე, შესაძლოა, და კიდევ 9 “ოცნების” ოპონენტი დაიბარონ
დიდი არეულობა სომხეთში – სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით არქიეპისკოპოსი დააკავეს
* * *
“ოცნება” “ნაცმოძრაობის” დროინდელ შეზღუდვებს აბრუნებს – ხმალაძე: “მალე ქუჩაში გამოსვლასაც აკრძალავენ”
“საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით, 27 ივნისამდე, განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მკვეთრად ზღუდავს მედიის შესაძლებლობებს სასამართლო პროცესების გაშუქებისას – სასამართლოს შენობაში, დარბაზში და ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება, ტრანსლაცია და აუდიო ჩაწერა მხოლოდ მოსამართლის ნებართვით იქნება დაშვებული. სახალხო დამცველი კანონპროექტს უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ცვლილებები ქვეყანაში 2007-2013 წლებში მოქმედ ჩაკეტილ სასამართლო სისტემას აბრუნებს, როდესაც პროცესების საჯაროობა სერიოზულად შეზღუდული იყო. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიურომ 23 ივნისს დაარეგისტრირა. კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში და ეზოში ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დაშვებული, როდესაც გადაღებას თავად სასამართლო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” “ნაცმოძრაობის” დროინდელ შეზღუდვებს აბრუნებს.
“დოკუმენტის თანახმად, სასამართლოს უფლება ექნება გაავრცელოს სასამართლო პროცესის ფოტო და ვიდეომასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. რაც შეეხება ვიდეო და აუდიო ჩაწერას, ის მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილებით დაიშვება. შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლებლობა ჰქონდა, სასამართლო პროცესის ფოტო, კინო, ვიდეო და აუდიოჩაწერა შეზღუდვების გარეშე განეხორციელებინა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხდომა ნაწილობრივ ან სრულად დახურული იყო. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაღების უფლებით არ სარგებლობდა, აღნიშნული შესაძლებლობა სხვა მაუწყებლებსაც ჰქონდათ, მოსამართლის წინასწარი წერილობითი ნებართვით. საინტერესოა, რომ 2007-2013 წლებში საქართველოში მოქმედებდა ანალოგიური რეგულაცია – სასამართლო დარბაზებში ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია აკრძალული იყო. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან, ეტაპობრივად დაიწყო პროცესების გახსნისკენ მიმართული ნაბიჯები, თუმცა ახალი კანონპროექტით მედიისთვის ისევ მკაცრი შეზღუდვები წესდება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ცვლილებები ეხება სასამართლო სისტემაში მოქმედ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურსაც – მისი გაუქმება პირველი სექტემბრიდან არის დაგეგმილი. კანონპროექტის მიხედვით, დამოუკიდებელი ინსპექტორის ფუნქციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი შეითავსებს. გარდა ამისა, კანონპროექტით ფართოვდება მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი – სამოსამართლო მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება. როგორც კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, ეს ცვლილება მოსამართლეების საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას გააძლიერებს. საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები არიან “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” წარმომადგენლები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, , დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი”, – განაგრძობს გამოცემა.
“ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ მედია თვისუფლება ყველა უწყებაში შეუზღუდავი შესვლით არ გამოიხატება. “მედია თავისუფლება იმით არ განისაზღვრება, რომ ჟურნალისტს უნდა შეეძლოს ყველგან, ყველა უწყებაში შესვლა და ყველა პროცესის გაშუქება. პირდაპირ გეუბნებით – არც პარლამენტში ვემხრობი, როდესაც ჟურნალისტი კორიდორებში დასდევს დეპუტატებს, კაბინეტებში ეჭრება და ა.შ. ვნახეთ, სასამართლოს ეზოები რისთვის გამოიყენეს – დაპირისპირების ცენტრი, აქციების ადგილი გახადეს. გადახედეთ სოციალურ ქსელს – “შევიკრიბოთ სასამართლოს ეზოში”. რას ნიშნავს ეს? დამისახელეთ ქვეყნის მაგალითი, სადაც სასამართლო შენობის წინ დაანონსდა აქცია, დაიწყო დროშების ფრიალი, დაპირისპირება და ა.შ. როდესაც ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა იციან, რომ იქ მედია საშუალება იქნება, ამას ამიტომ აკეთებდნენ”, – თვლის მაჭარაშვილი. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კი პარლამენტს მოუწოდებს, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაჩქარებული წესით არ ჩატარდეს”, – დასძენს გამოცემა.
“ინიცირებული კანონპროექტი საქართველოში 2007 წლიდან 2013 წლამდე მოქმედ რეგულაციას აბრუნებს… ყურადსაღებია, რომ ასეთი პრაქტიკა მკაცრად გააკრიტიკა სახალხო დამცველმა 2007 წლის საპარლამენტო ანგარიშში. სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლოში გადაღების საკითხზე 2013 წლამდელი რეგულაციის შემოღება სერიოზულად გააუარესებს ქვეყანაში როგორც მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის მუშაობას სასამართლო დარბაზებში”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ვიდეო და ფოტო ტრანსლაციებს ზღუდავს, კიდევ უფრო გაამწვავებს მდგომარეობას და გაართულებს ისეთი სასამართლოს ფორმირებას, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ახალი კანონპროექტის ინიცირებას პოზიტიურად უყურებს. აღნიშნავს, რომ “ოცნებას” აღნიშნული ცვლილებები ბევრად ადრეც უნდა დაეწყო”, – წერს სტატიის ავტორი.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ხედავდეს, რა ხდება სასამართლოში, რამდენად კანონის შესაბამისად მოქმედებენ სასამართლო პროცესის მონაწილეები. აკრძალვები, რომლის შემოღებასაც აპირებენ (და ალბათ მიიღებენ კიდეც), ეს არის დაბრუნება იმ სისტემაზე, როცა სასამართლო პრაქტიკულად მთლიანად დაკეტილი ხდება საზოგადოებისთვის. ეს კიდევ უფრო გაართულებს ისეთი სასამართლოს ქონას, რომელიც უნდა იყოს დემოკრატიაში”, – ამბობს ხმალაძე. “რეალობაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” დასავლური დემოკრატიული კანონმდებლობის ქვეყანაში აღსრულებისთვის ცოტა დააგვიანა. გასაგებია, რომ ამას ხსნიან დასავლეთიდან ზეწოლით, მაგრამ ეს ადრეც უნდა აღსრულებულიყო. არ შეიძლება სასამართლოში ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების სამარცხვინო შოუების მოწყობა. ჩვენ არაერთხელ გვინახავს დასავლური მედიიდან, რომ ტრამპის ან თუნდაც ვინმე სხვა ცნობილი პირის სასამართლო პროცესები ვიზუალურად არ შუქდება – მხოლოდ საწყისი კადრები და შემდეგ პროფესიონალი მხატვრები სხედან და მათ იმიჯებს აცნობენ საზოგადოებას”, – თვლის აბაშიძე, რომლის აზრით, “ეს ახლა უნდა დაამკვიდროს “ოცნებამ”, თუმცა ძალიან დაგვიანებულად”, – განაგრძობს სტატიის ავტორი.
“ასეთი წნეხი იყო 2013 წლამდე. ცოტათი ნაკლებად შემზღუდავი იყო, თუმცა კრძალავდა სასამართლოში ვიდეო გადაღებას, ფოტო გადაღებას, მხოლოდ ჩანაწერების გაკეთება შეიძლებოდა და ამან ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა. ფაქტობრივად, საზოგადოება ვერ ეცნობოდა იმ მტკიცებულებებს, იმ ფაქტებს, რომლითაც დასტურდებოდა სასამართლოში მთელი რიგი დარღვევები. ამ ხელისუფლებამ ბევრად გადაასწრო წინა ხელისუფლების პერიოდს. მხედველობაში მაქვს 2013 წლამდე რაც იყო – შეზღუდვების სახეობებითა და შეზღუდვების ხარისხით. ეს არის პირდაპირი გზა ერთპარტიული დიქტატურის დამყარებისკენ. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება მდგომარეობას ბევრად გააუარესებს. მალე ქუჩაში გამოსვლასაც აკრძალავენ, გამოხატვის თავისუფლებასაც. შეზღუდვები, რომელიც შემოაქვთ, ჩემი შეფასებით, პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებას”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.
რამდენად შორს წავა წულუკიანი – კომისიაზე, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი და კიდევ 9 “ოცნების” ოპონენტი დაიბარონ
“პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ოთხშაბათის სხდომაზე კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერის გვარმა გაიჟღერა, რაც ნიშნავს, რომ ახლო მომავალში, შესაძლოა, ისინიც დაიბარონ კომისიაზე. ბოლო რამდენიმე კვირის პრაქტიკიდან გამომდინარე კი, გამორიცხული არაა ისინიც პატიმრობაში აღმოჩდნენ. რამდენად შორს აპირებენ წასვლას ამ მიმართულებით კომისია და მისი ხელმძღვანელი , ამაზე ანალიტიკოსებს ზუსტი პროგნოზის გაკეთება უჭირთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წულუკიანმა კიდევ ერთი თვით – 5 აგვისტომდე მოითხოვა კომისიის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება და პარლამენტი ამ საკითხს ახლო მომავალში განიხილავს. 25 ივნისს წულუკიანის კომისიაზე “ოცნების” წევრმა გივი მიქანაძემ ის აქტიური ოპოზიციონერები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაასახელა, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ხელისუფლების ლეგიტიმაცია არ ეღიარებინა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამდენად შორს წავა წულუკიანი – კომისიაზე, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი და კიდევ 9 “ოცნების” ოპონენტი დაიბარონ.
“აქვე უნდა ითქვას, რომ ასამბლეის ამ სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სწორედ საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კი ასევე ახსენა ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. გივი მიქანაძე კი კომისიაზე ასახელებს იმ ადამიანებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, სტრასბურგში ეკონტაქტებოდნენ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს და კატეგორიულად აყენებდნენ საკითხს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში “ოცნების” დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო აღიარებული. გივი მიქანაძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო ს შემდეგ პირველი საერთაშორისო ორგანიზაციის კონტექსტში დაფიქსირება საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის დელეგაციას მოუწია სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. დელეგაციაში მონაწილეობის მისაღებად “როგორც რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლების, კონკრეტული პოლიტიკოსების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების” უპრეცედენტო მობილიზება იყო. ისინი მიწვეულები იყვნენ სტუმრის სტატუსით, რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ და, როგორც ჩანს, მანამდე კომუნიკაცია ჰქონდათ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, მათ შორის “ალდესთან” და “ევროპის სახალხო პარტიასთან, – აღნიშნავს გამოცემა.
“პარტიებმა, რომლებმაც საპარლამენტო ბარიერი გადალახეს 2024 წლის არჩევნებზე, 4 პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად ეკონტაქტებოდნენ (ევროპის) პოლიტიკურ ჯგუფებს იმისთვის, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი. მათ გაგზავნეს სტრასბურგში დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: თინა ბოკუჩავა, , გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე. არასამთავრობო სექტორიდან: ნინო დოლიძე, ნონა ქურდოვანიძე, გიორგი ბურჯანაძე, და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი ონიანი. ეს ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ კომუნიკაციაში სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან და ინდივიდუალურ პოლიტიკოსებთან. ეს კომუნიკაციები ძირითადში ხდებოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კორიდორებში, თუმცა, რიგ პოლიტიკური ჯგუფების შეკრებაზე მოხდა მათი მიწვევაც”, -ამბობს მიქანაძე, სადაც მათ, მისი აზრით, ”სრული დეზინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ”, – განაგრძობს გამოცემა.
“ამასთან, მათი მხრიდან აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა, ნაწილი შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და ასამბლეის გენერალურ მდივანს, სადაც კატეგორიულად აყენებდნენ საკითხს, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ უნდა ყოფილიყო ცნობილი… მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი საქართველოს ეხებოდა, ჩვენმა დელეგაციამ მიიღო მოწვევა და მისი ხელმძღვანელი დაესწრო სხდომას. რაიმე სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის მიუხედავად, ამავე სხდომაზე მიწვეული იქნა თინა ბოკუჩავაც. დელეგაციის ხელმძღვანელს საშუალება ჰქონდა ჩვენი პოზიცია დაეფიქსირებინა, თუმცა მან მოისმინა ბოკუჩავას სრულიად დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაცია, ის პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოში არის რუსული ხელისუფლება, საჭიროა ზომების მიღება და რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის უდიდესი შეურაცხყოფა იქნება, თუნდაც დათქმით ცნოს საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის უფლებამოსილება”, – თქვა მიქანაძემ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი აქტიურად გამოიყენეს, “როგორც ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული ინსტრუმენტი”, – დასძენს გამოცემა.
“არ შეიძლება არ ითქვას სალომე ზურაბიშვილის ფაქტორზე, რომელიც აქტიურად გამოიყენეს სწორედ იმისთვის, რომ ინსტრუმენტი გამხდარიყო ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ის ყოფილიყო მარტო ერთადერთი ლეგიტიმური. ყველა ეს კამპანია, რეალურად, მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. როდესაც შენ არ აღიარებ ს, სასამართლოს, პარლამენტს და მერე ამბობ, რომ რაღაც სიკეთე გინდა ამ ქვეყნისთვის, უბრალოდ, არალოგიკურია. თუ გინდა, ქართველმა ხალხმა მიიღოს სიკეთე, მაშინ, პატივი უნდა სცე ამ ქართველი ხალხის არჩევანს და პატივი უნდა სცე იმ შედეგს, რაც არის ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგი. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ აქ ხდება გაყოფა, ვინ არის მათთვის ხალხი და ვინ არ არის ხალხი. ცოტა უჭირთ კიდეც ეს, თუმცა, მცდელობები ამისა არის ძალიან დიდი”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა. ზაალ ანჯაფარიძე “ქართული ოცნების” სავარაუდო მიზნებზე საუბრობს და ორ შესაძლო ვარიანტს განიხილავს”, – წერს სტატიის ავტორი
“მე ვფიქრობ, რომ აქ ორი მიზანი შეიძლება არსებობდეს – პირველი, რაღაცნაირად გამართლება მოუძებნონ იმას, რომ შესაძლოა საქართველოს დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილება საბოლოოდ შეუწყვიტონ და ეს ოპოზიციას და მათთან აფილირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გადააბრალონ. მეორე – ეს არის ინფორმაციულ-პროპაგანდისტული, მოდით ამას დავარქვათ კონტრპიარი, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად იბრძვიან ხელისუფლების წინააღმდეგ, საზოგადოების თვალში უცხოური გავლენის აგენტებად წარმოაჩინონ. შესაბამისად, მოხდეს ფართო საზოგადოებაში მათი სტიგმატიზაცია, როგორც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი და მებრძოლი ადამიანებისა და ჯგუფების… ვერ გეტყვით დაიბარებენ თუ არა გივი მიქანაძის მიერ დასახელებულ პირებს სხდომაზე, მაგრამ შესაძლოა არც “ოცნებას” აწყობდეს ამდენი ადამიანის ციხეში გაშვება. ამიტომაც, მე ვფიქრობ, რა ინფორმაციებიც მათ მიიღეს და რაც ისედაც არსებობდა, საკმარისი იქნება იმისათვის, რომ რაღაც დასკვნები გამოიტანონ. თუმცა, არც მეორე ვარიანტს გამოვრიცხავ იქიდან გამომდინარე, თუ რა მწვავე ფაზაშია შესული პოლიტიკური დაპირისპირება საქართველოში. ფაქტობრივად, მხარეები ვა-ბანკზე მიდიან”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“ვერ გეტყვით იქნება თუ არა დაბარებული ზურაბიშვილი კომისიაზე, ალბათობა 50/50-ზეა. კომისიამ ისედაც მშვენივრად იცის, რომ თუ დაიბარებენ, ის კომისიაზე არ გამოცხადდება. თუ მათ სურთ ჯარიმა დააკისრონ და კიდევ ერთხელ გამოიყვანონ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსი, მაშინ ამას გააკეთებენ. თუმცა, ალბათ კომისიაში ფიქრობენ, თუნდაც საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურების ფონზე, რამდენად უღირთ ამდენი ოპოზიციონერის დაპატიმრება… ადგილობრივი არჩევნები პროცესს არ უკავშირდება – უბრალოდ დაემთხვა. თუმცა თუ რაღაც კონსპირაციულ თეორიას მივყვებით, შესაძლოა ეს იმისთვის კეთდება, რომ ოპოზიციას უფრო მეტი საფუძველი ჰქონდეს, რათა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს – ანუ, ჩვენი ლიდერები ციხეში არიან და როგორ შეიძლება ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთო.. ბოლო დრომდე მაინც მეგონა, რომ არჩევნების მეტი ლეგიტიმაციის მინიჭების კუთხით, “ოცნება” დაინტერესებული იქნებოდა, რომ მინიმუმ ორ ბარიერგადალახულ პარტიას არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აცხადებენ, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს მიიღებს თუ არა ბარიერგადალახული რომელიმე პარტიაო”, – დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.
“ვახტანგ ძაბირაძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციის გაშავებას ცდილობს, რადგან მოსალოდნელი შედეგები მათ გადააბრალონ. ხელისუფლება ცდილობს მოასწროს ყველაფერი მანამ, სანამ დასავლეთი სანქციებს დააწესებს და ხალხი მიხვდება, რომ ეს “ოცნების” პოლიტიკის შედეგია. “მათი დაკავება ამ მოტივით ნამდვილად არ იქნება. “ოცნების” განზრახვა ძალიან მარტივია – მას სურს პროპაგანდისტულად ეს ადამიანები დაადანაშაულოს მოსალოდნელ სანქციებში და ისრები გადაიტანოს “ოცნებიდან” ოპოზიციაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ეს იმიტომ, რომ იქნება საქართველოს საკითხზე დებატები და გამორიცხული არ არის ძალიან მკაცრი რეზოლუცია მიიღონ “ოცნების” წინააღმდეგ. ეს არის მცდელობა იმისა, რომ წინასწარ გაანეიტრალონ მოსალოდნელი პროპაგანდისტული შედეგები. მოკლედ, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის გაშავება მიდის – რომ “ოცნება” კი არ იქცევა ცუდად, არამედ ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და გარეთ ჩვენი პარტნიორები მათ ებრძვიან”, – განმარტავს ძაბირაძე, რომლის თქმით, “შესაბამისად, ამის შედეგი არის ის, რომ შესაძლოა ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს, სანქციები დაწესდეს და ა.შ.”, – განაგრძობს სტატიის ავტორი.
“ვერ გეტყვით, დაიბარებენ თუ არა დასახელებულ პირებს, მაგრამ ვიცი ერთი რამ – “ოცნება” გააგრძელებს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის დევნას. ამიტომ უარესს შედეგებს ველოდები. ისინი ძალიან ჩქარობენ, რომ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება ციხეში გამოამწყვდიოს, ან მათ წინააღმდეგ რაღაც სხვა მექანიზმები მოიგონოს. ეს უნდა გააკეთოს მანამ, სანამ ჩვენი პარტნიორები რაიმე სერიოზულ სანქციებს შემოიღებენ “ოცნების” წინააღმდეგ და სანამ ამ სანქციების სიმძიმეს იგრძნობს საქართველოს საზოგადოება, რის მერეც, როცა უკვე პერსონალურად შეეხებათ, ხალხი მიხვდება, რომ ეს არის “ოცნების” პოლიტიკის შედეგი და არა ის, ოპოზიციამ მოითხოვა თუ არა რაიმე ბრიუსელში, სტრასბურში და ა.შ. ამ ყველაფრის მოსწრება უნდათ. რაც შეეხება დაიბარებენ თუ არა კომისიაზე სალომე ზურაბიშვილს ალბათ “ოცნებას” ორივე ვარიანტი ექნება გათვლილი – აწყობთ ზურაბიშვილის დაპატიმრება, დაიბარებენ, თუ არ აწყობთ არ დაიბარებენ. ვერ გეტყვით რომელი ვარიანტია მათთვის მისაღები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ადგილობრივ არჩევნებთან არის კავშირში. ახლა ცდილობენ ლიდერები მოაშორონ და ოპოზიციას აიძულებენ ბოიკოტზე წავიდნენ”, -ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
დიდი არეულობა სომხეთში – სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით არქიეპისკოპოსი დააკავეს
“სომხეთის პრემიერ ს განცხადებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში აღკვეთეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომლის უკანაც “კრიმინალურ-ოლიგარქიული სასულიერო წრეები” იდგნენ. ერევანში ჩხრეკები და დაკავებები მიმდინარეობს. დაკავებულია არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც ორგანიზაცია “წმინდა ბრძოლას” ედგა სათავეში. გამოძიების ცნობით, სწორედ ის ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვას. მანამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით დააკავეს გავლენიანი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი, რომელსაც სომხურის გარდა ს მოქალაქეობაც აქვს. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სომხეთში მიმდინარე პროცესებს ფაშინიანის ხელისუფლების მიერ რუსეთისგან დისტანცირების პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი არეულობა სომხეთში – სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით არქიეპისკოპოსი დააკავეს.
“სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი პრესრელიზში წერს, რომ მოძრაობამ “წმინდა ბრძოლა” რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებაკანონიერი გზით და მიზნად დაისახა ამის მიღწევა კონსტიტუციურად დაუშვებელი მეთოდებით. “სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩაშალეს “კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების” მასშტაბური და ბოროტი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა სომხეთის რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას”, – დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელში. 25 ივნისს დილიდან უსაფრთხოების ძალები ჩხრეკენ მოძრაობა “წმინდა ბრძოლის” წევრებისა და მხარდამჭერების სახლებს. წინასწარი ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა 90-მდე ობიექტზე, რის შედეგადაც კიდევ 14 ადამიანი დააპატიმრეს. მათ შორის არიან ყოფილი პოლიციელები, თადარიგში მყოფი მაღალი რანგის ოფიცრები და ოპოზიციური პარტია “დაშნაკცუთიუნის” წევრები”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რადიო თავისუფლების” სომხური სამსახურის ცნობით, გამომძიებლების თქმით, არქიეპისკოპოსმა გალსტანიანმა “ჯგუფებისთვის შეიძინა ტერორისტული თავდასხმების ჩასატარებლად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად საჭირო საშუალებები და ინსტრუმენტები, ასევე განზრახ შექმნა სხვა პირობები, რითაც ემზადებოდა ძალაუფლების უზურპაციისთვის”. გუშინ სომხური გამოცემა “სივიკი” კი ირწმუნებოდა, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ გადატრიალების გეგმა, რომელსაც ოპოზიცია ამზადებდა სომხეთის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. მათი ცნობით, ეს დოკუმენტი მათ “ოპოზიციიდან სანდო წყარომ” მიაწოდა და მასში გაწერილია მოქმედებების ეტაპობრივი გეგმა, მონაწილეთა სია, შეთქმულების მონაწილეთა განკარგულებაში არსებული რესურსების ჩამონათვალი. ამ პუბლიკაციის ბმული ნიკოლ ფაშინიანმა მოგვიანებით თავის “ფეისბუქ” გვერდზეც გამოაქვეყნა”, – განაგრძობს გამოცემა.
“გამოძიების ოფიციალური ცნობით, შეთქმულებს შექმნილი ჰქონდათ 200-დან 250-მდე დამრტყმელი ჯგუფი, თითო საშუალოდ 25 კაცის შემადგენლობით. ეს ჯგუფები ძირითადად ყოფილი პოლიციელებისა და სამხედროებისაგან შედგებოდა. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ამ ჯგუფებს უნდა მოწყოთ ხანძრები, ავტოკატასრტოფების ინსცენირება, აფეთქებები და ა.შ. მანამდე, 17 ივნისს, ერევანში სომეხმა სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს სამრეწველო-საშენებელი ჰოლდინგ “ტაშირის” ხელმძღვანელის, მილიარდერ სამველ კარაპეტიანის სახლში. იგი ღიად გამოხატავდა მხარდაჭერას სომხეთის სამოციქულო ეკლესიისადმი და აკრიტიკებდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. კარაპეტიანს ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებაში ედება ბრალი. ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრსა და სომხური ეკლესიის მეთაურს შორის კონფლიქტი თვეების განმავლობაში მიმდინარეობს. მამუკა არეშიძის შეფასებით, მიმდინარე მოვლენები სავარაუდოდ იმაზე მიანიშნებს, რომ კრემლი სომხეთში ხელისუფლების შეცვლას ცდილობს”, – დასძენს გამოცემა.
“საქართველოზე ეს ვერ აისახება იმ შემთხვევაში, თუ სომხეთში ფაშიანიანი ხელისუფლებას შეინარჩუნებს. რაც შეეხება იმას, თუ რა ხდება სომხეთში, შემიძლია გითხრათ, რომ იქ არის ასეთი ვერსია – რუსები ცდილობენ ფაშიანიანის ხელისუფლება შეცვალონ და დააბრუნონ მათთან ლოიალურად განწყობილი პოლიტიკური ელიტა, რომელიც მანამდე იყო. ამას ეკლესიის ხელით აკეთებენ, თან მოსკოვიდან გავლენიან ბიზნესმენებს ახმარენ. კარაპეტიანი, რომელიც ახლა დააპატიმრეს, ერთ-ერთი ცნობილი სომეხი ბიზნესმენია. “ფორბსის” შეფასებით, მას დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ქონება აქვს და სომხეთში საკმაოდ დიდი გავლენიით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, მისი ჩასვლა და აქტიურობა გარკვეულწილად შემთხვევითი არ იყო. ის დაპირისპირება, რაც სომხურ საზოგადოებაშია, იმ პოლიტიკის გამოძახილია, რასაც ჰქვია რუსეთისგან დისტანცირება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.