ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025

ვახტანგ ძაბირაძე – “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”
ღალატი ადგილობრივი ს წინ – “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას…”
ირაკლი მელაშვილი – “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”
“თბილისი ოუფენ ეარზე” ს დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება
* * *
ვახტანგ ძაბირაძე – “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”
“ხელისუფლების ერთმნიშვნელოვანი მიზანი ნამდვილად არ ჩანს. ჩემი აზრით, საქმე გვაქვს ერთგვარ კომპლექსურ ნაბიჯებთან. ხელისუფლება ფიქრობს, რომ საზოგადოების დაშინებით საპროტესტო აქციებს შეწყვეტს. “ქართული ოცნება” მუდმივად რაღაც მეთოდების გამოყენებას ცდილობს და მერე ცვლის ხოლმე. მას შემდეგ, რაც უწყვეტი პროტესტი დაიწყო, არაერთი ღონისძიება გამოიყენეს მის ჩასახშობად. ჯერჯერობით არც ერთმა არ გაამართლა და ამიტომაც გადავიდნენ მოქმედი პოლიტიკოსების დაპატიმრებაზე. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ აქა-იქ ჯერ კიდევ ლაპარაკობენ, რომ ევროინტეგრაცია სურთ, ნელ-ნელა ცდილობენ საზოგადოება შეაგუონ, რომ მათი გზა კარგა ხანია დასავლეთისკენ აღარ მიდის. მეტიც, უგზავნიან სიგნალებს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომ იწყებენ უკუსვლას ევროპისგან. ეს უკვე ცხადად ჩანს. შეუძლებელია მართლაც გინდოდეს ევროინტეგრაცია და ყოველდღიურად აკეთებდე და ლაპარაკობდე ისეთ რამეებს, რაც ცივილიზებული სამყაროს აღშფოთებას იწვევს”, – აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით, “ჩემი აზრით, ჯობდა გირაო არავის გადაეხადა და …”.
“არის კიდევ ერთი მომენტი – “ქართული ოცნება” ცდის, სადამდე გაუვა რეპრესიული მეთოდები და რამდენად რეაგირებს ხალხი ამ რეპრესიებზე. ჯერჯერობით “ქართული ოცნება” ამ მიმართულებით მშვიდად არის. დასავლეთთან მან წითელი ხაზები უკვე გადაკვეთა, არ აინტერესებს, რა განცხადებებს გააკეთებენ, ქვეყანაში კი ჯერ ამ დაპატიმრებებს არ მოჰყოლია საზოგადოების ისეთი მძაფრი რეაქცია, რომ ხელისუფლება შეაჩეროს, ამიტომაც ველი, რომ იქნება გაგრძელება, იმავე თუ სხვა ბრალდებებით დააკავებენ სხვებსაც… ხელისუფლება ქვეყანას ნელ-ნელა აშორებს დასავლეთს და მძევლად უგდებს რუსეთს. პროტესტი რუსთაველზე გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ლაპარაკია, რომ საჭიროა პროტესტს სათავეში ჩაუდგნენ პოლიტიკოსი ლიდერები, მაგრამ ს გარდა, ჯერ ვერც ერთი ვერ ბედავს გამოვიდეს რუსთაველზე და ხალხს გარკვეული გეგმით მიმართოს. ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ცხადია, ოპოზიცია შეთანხმებას ვერაფერზე ახერხებს, თან გაიძახიან, რომ გაერთიანება სურთ, მეორე მხრივ, ერთმანეთს არ ენდობიან და ლაპარაკობენ თვითმმართველობის არჩევნებზე. არადა, ეს თემა თავიდანვე სწორედ იმიტომ შემოაგდო “ქართულმა ოცნებამ”, რომ ოპოზიციაში დისონანსი შეეტანა. უბედურება ის არის, ოპოზიცია აჰყვა პროვოკაციას და დაიწყო განხილვა მონაწილეობის მიღება-არმიღებაზე, რამაც, ფაქტობრივად, ახალი მიმართულება გააჩინა, ისეთი, რომელიც ხელისუფლებისთვის გაცილებით მომგებიანია, ვიდრე ოპოზიციისთვის. საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა მეორეხარისხოვანი გახდა და იმაზე დაიწყეს მსჯელობა, ვინ მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა. მე თავშივე ვამბობდი, რომ ახლა ამაზე მსჯელობის დრო არ არის. თუმცა მსჯელობა კი არა, ლამის ერთმანეთისთვის ბრალდებების წაყენება დაიწყეს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“არადა, არავინ ამბობს, ან მონაწილეობა რას მოუტანს ქვეყანას, ან კიდევ უარის თქმა. ერთ-ერთ ტელეგადაცემაში მ განაცხადა, ახლა ამაზე ლაპარაკი არ გვინდაო. ლაპარაკი როცა არ გინდა, ეს უკვე დიდი პრობლემაა. დავუშვათ, არ მიიღეს მონაწილეობა, მერე რა იქნება? `ქართულმა ოცნებამ~ ყველა წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა, მათ ჩვენი პარტნიორებიდან არავინ ელაპარაკება, ახლა არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა ოპოზიცია, ეს ამ დამოკიდებულებას ვერ შეცვლის. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული მივდევთ ხოლმე რაღაც ტერმინებს. 1990 წლის აგვისტოში შეიკრიბა სახალხო ყრილობა მხოლოდ იმისთვის, რომ განგვეხილა, მივიღებდით თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. ნაწილმა გადაწყვიტა მონაწილეობა, ვინც ბოიკოტი გამოუცხადა, გარკვეული პერიოდის მერე ნათლად გამოჩნდა, რომ ბოიკოტმა შედეგი არ მოიტანა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პარალელურად ჩატარდა კონგრესის არჩევნები, მაგრამ კონგრესმა ვერ იმუშავა, რადგან მთელი ყურადღება გადატანილი იყო უზენაეს საბჭოსა და იქ მიმდინარე პროცესებზე. ეს გამოცდილება რომ გაქვს, ხომ უნდა გაანალიზო და დასკვნები გამოიტანო”, – ამტკიცებს ექსპერტი.
“ვამბობთ, პროტესტი ილევაო, და იქნებ არჩევნებში მონაწილეობამ შესძინოს ახალი ძალა? ამაზე ფიქრობს ვინმე? გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სულ სხვა მასშტაბისაა… ამბობენ, “ქართული ოცნება” მარტო უნდა დავტოვოთ არჩევნებშიო და რა პრობლემაა ეს მათთვის? აგერ არის ერთპარტიული პარლამენტი და რა ვერ მუშაობს? თანაც არ დარჩება მარტო, იქნება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომლებიც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. მაშინ რა აზრი აქვს ნაწილობრივ ბოიკოტს? ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ შენს პარტიულ აქტივსა და ელექტორატს დაკარგავ რეგიონებში. ერთშიც ვარ დარწმუნებული – თუ ამ მთავარი 4 ოპოზიციური პარტიიდან ერთმა მაინც მიიღო მონაწილეობა, დანარჩენები იტყვიან, არ გამოვიდა ბოიკოტი და ჩვენც იძულებული ვართ მონაწილეობა მივიღოთო. არჩევნებისთვის პარტიები სულ უნდა ემზადებოდნენ, მით უფრო, დღეს ოპოზიციურ სპექტრს ერთი, რაც აერთიანებს, ნამდვილად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაა. დავუშვათ, ხელისუფლებამ ერთდროულად დანიშნა ვადამდელი საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები, მაშინ რას შვრებიან?” – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
“რაც შეეხება კანდიდატების შერჩევას, საქართველოში იმის გარანტია, რომ ვიღაც სხვა მხარეს არ გადავა, არ არსებობს. წყალი რომ არ გაუვა, ეგეთი კანდიდატების შერჩევა რთულია. ნახეთ, თავის დროზე რამდენი ხალხი გადავიდა “ნაციონალური მოძრაობიდან” “ქართულ ოცნებაში”, განსაკუთრებით რეგიონებში “ოცნების” პარტაქტივს ძირითადად ყოფილი “ნაციონალები” შეადგენენ. პარტიებმა, რა თქმა უნდა, ამაზე უნდა იმუშაონ, მიუხედავად იმისა, რა შეიძლება მოხდეს… გამარჯვების გასაფორმებლად “ქართულმა ოცნებამ” კოლოსალურად უნდა გააყალბოს არჩევნები, სხვა რესურსი მას არა აქვს. ამიტომაც არ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, თუ ძალიან იძულებული არ გახდა. ჩვენ კი ვამბობთ, რომ პროტესტი სუსტდება, მაგრამ არ გამქრალა, დარწმუნებული ვარ, უფრო გაძლიერდა, მაგრამ დღეს რუსთაველზე ყოველდღიურად ვერ გამოდის ხალხი, რომლის რიცხვიც ძალიან დიდია. ვერც გამოვლენ და ამის აუცილებლობაც არ არის ამ ეტაპზე. ეს პროტესტი ნაწილობრივ სამზარეულოებში გადავიდა, თუმცა ნებისმიერმა მაპროვოცირებელმა ფაქტორმა ქვეყნისთვის შეიძლება ძალიან მძიმედ იმუშაოს, მათ შორის ხელისუფლებისთვის”, – მიიჩნევს რესპონდენტი.
“მაგალითად, ეკონომიკის ექსპერტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ თუ ვითარება არ შეიცვალა და ხელისუფლებამ გააგრძელა ჩვენს პარტნიორებთან კონფრონტაცია, საქართველოს ღრმა ეკონომიკურ კრიზისი დაემუქრება. თუ ასე მოხდა და ამ პოლიტიკურ კრიზისს დაემატა ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მოხდეს. მაგალითად, ავიღოთ ასეთი სცენარი – ვიცით, რომ დღეს საქართველოს დიდ ნაწილს უცხოეთიდან შემოსული ფინანსები ინახავს – ემიგრანტების გამომუშავებული ფული. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, უცხოური გზავნილების დიდი ნაწილი ამერიკასა და ევროპაზე მოდის. გავითვალისწინოთ, რომ ემიგრანტების 90% არალეგალურად ცხოვრობს. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ამ უგუნური პოლიტიკის საპასუხოდ ქართველი არალეგალები გამოუშვეს ამ ქვეყნებიდან. ეს კატასტროფა იქნება! ვინ აგებს პასუხს იმაზე, რა მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდეს ქვეყანა?” – თვლის ექსპერტი.
“2012 წელს ივანიშვილის ერთ-ერთ დამსახურებად მივიჩნევდი იმას, რომ მან შეძლო ქვეყანაში არსებული პროტესტის გაერთიანება და მიმართვა ხელისუფლების შეცვლისკენ. მაშინაც, დღევანდლის მსგავსად, საზოგადოებაში ძალიან დიდი პროტესტი იყო, თუმცა გზას ვერ პოულობდა. ანალოგიური ვითარებაა დღესაც – თუ პროტესტი ქუჩაში ქაოსურად გადმოიღვარა, არ ვიცი, როგორ დასრულდება. არსებობს სხვა ქვეყნებში ასეთი ვითარების ძალიან სამწუხარო გამოცდილება, როდესაც პროტესტი მართული არ იყო და სპონტანურად გამოვიდა ხალხი ქუჩაში… ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ უმართავი პროცესები თუ დაიწყო, ეს, რა თქმა უნდა, გაანადგურებს არა მარტო ხელისუფლებას… ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს ყველას, განსაკუთრებით ხელისუფლებას, რადგან ნებისმიერ რამეზე, რაც ამ ქვეყანაში ხდება და რაც შეიძლება მოხდეს, სწორედ ხელისუფლებაა უპირველესად პასუხისმგებელი”, – დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.
ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ – “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას…”
“ოპოზიციური ბოიკოტის დარღვევისა და მმართველი გუნდისთვის ქვორუმის უზრუნველყოფაში მონაწილეობისთვის, პარტია “ლელო – ძლიერმა საქართველომ” თავისი რიგებიდან თბილისის საკრებულოს წევრი მიხეილ კაკაურიძე გარიცხა. ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ეს პრეცედენტი ოპოზიციის იმიჯზე ნეგატიურად ვერ იმოქმედებს და პირიქით, გამოაჩენს ”ვინ ვინ არის”; მეორე ნაწილის აზრით კი, მსგავსი შემთხვევები ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად მასობრივ სახეს მიიღებს და ბევრი ოპოზიციონერი დაპუტატი ეცდება „ოცნებასთან” გარიგებას. თბილისის საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძის ასარჩევად 23 მაისს “ქართულ ოცნებას” ქვორუმი არ გააჩნდა – მინიმალური ზღვარი 26 წევრს შეადგენს, სხდომაზე კი საკრებულოს 25 წევრი იყო გამოცხადებული. ოპოზიციური ბოიკოტის მიუხედავად, სხდომას „ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელი მიხეილ კაკაურიძე დაესწრო და მისმა ერთმა ხმამ პროცესზე გადამწყვეტი მნიშველობა იქონია – ქვორუმი შედგა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ – “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას…”
“როგორც “ძლიერი საქართველოს” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება, შევწყვიტოთ თანამშრომლობა მიხეილ კაკაურიძესთან და ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან”, – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს. “დღეს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნების” შემადგენლობა კვორუმის არქონის გამო ვერ ხსნიდა სხდომას, სადაც უნდა მომხდარიყო საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევა და ვიცე-მერის ახალი კანდიდატურის დამტკიცება. სამწუხაროდ, საერთო ოპოზიციური ბოიკოტის და მკაფიო მოწოდების მიუხედავად, “ძლიერი საქართველოს” გლდანის შტაბის წარმომადგენელმა და საკრებულოს წევრმა მიხეილ კაკაურიძემ, რომელიც 2024 წელს შემოგვიერთდა, დაარღვია აღნიშნული ბოიკოტი და დაეხმარა “ქართულ ოცნებას” კვორუმის შექმნაში, რის გამოც როგორც “ძლიერი საქართველოს” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება შევწყვიტოთ თანამშრომლობა მიხეილ კაკაურიძესთან და ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან”, – წერს ბუაძე. “ძლიერი საქართველო” და თბილისის საკრებულოში ოპოზიციის სრული შემადგენლობა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმყოფება პოლიტიკურ ბოიკოტში და არ მონაწილეობს საკრებულოს სხდომებში. ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება “ძლიერი საქართველოს” პოლიტსაბჭომ, 2024 წლის ნოემბერში მიიღო”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ზურაბ აბაშიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ უკვე დაინიშნა. კენჭისყრა საკრებულოს სხდომაზე პარასკევს გაიმართა. დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ წინა თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის პოსტი დაიკავა. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ კაკაურიძეს მსგავსად ბევრი დეპუტატი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ადგილობრივ არჩევნებამდე. ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ მალე ოპოზიცია საკრებულოებში თავის დეპუტატებს ვერ გააკონტროლებს და ეს პროცესი მასობრივ სახეს მიიღებს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა ჩიტაძის აზრით, კაკაურიძის მაგალითმა აჩვენა, რომ ოპოზიციაში “ყველა არ არის სუფთა”, ეს პრეცენდენტი კი ოპოზიციაში წმენდის პროცესს ხელს შეუწყობს. მისი აზრით, ოპოზიციის უმრავლესობა მზადაა ბრძოლისთვის”, – განაგრძობს გამოცემა.
“ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ გახშირდება ასეთი შემთხვევები, ყველა პარტიაში გამოჩნდებიან ეროვნული სულის მატარებელი ადამიანები. როცა ხედავენ ეს ადამიანები, რომ მათი პარტიის ხელმძღვანელები დამოკიდებულნი არიან გარე ძალებზე (რასაც ეტყვიან, იმას ასრულებენ), რა თქმა უნდა, ამ ადამიანებში იღვიძებს პროტესტის გრძნობა და აკეთებენ იმას, რაც გააკეთა ამ “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მით უმეტეს, როდესაც უშვებენ ისეთ კატასტროფულ შეცდომებს. მხოლოდ ერთ მაგალითს დავასახელებ: დღეს ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა, რენდი ფაიენმა თქვა – კარგი იქნებოდა, თუ ღაზის სექტორში ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთო. დარწმუნებული იყავით, მსგავსი რამ რომ თქვას ვინმემ საქართველოს მიმართ, აქაური ოპოზიციონერები ამას სიხარულით შეხვდებიან. ამას დაეთანხმება ხაზარაძე, მელია, გვარამია, ჯაფარიძე, თუმცა ამას ვერ აიტანენ მათ რიგებში მყოფი, ჯერჯერობით კვლავ გაუცნობიერებელი ადამიანები. ვფიქრობ, რომ კაკაურიძის მსგავსი შემთხვევები მასობრივად გახდება. ოპოზიცია ვეღარ გააკონტროლებს თავის დეპუტატებს ვერანაირად. 800 000-მა მისცა ხმა და 50 000 ვერ გამოჰყავს ქუჩაში. მათი როლი და ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არსებობს”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
“ჩემი აზრით, ეს შემთხვევა პრობლემაა. თუმცა ზოგი ჭირი მარგებელია – ამ პრეცედენტმა გამოაჩინა, ვინ ვინ არის და ოპოზიციაც გაიწმინდება მსგავსი ადამიანებისგან. ეს საბოლოოდ ოპოზიციის იმიჯსა და საქმიანობაზე დადებითად აისახება. საერთო ჯამში, რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციურ სპექტრს, მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც რიგით მოქალაქეს, შეიძლება გამაჩნდეს გარკვეული პრეტენზიები მათი პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით, მეორე მხრივ პატივს ვცემ იმ ქმედებებს, რასაც ახორციელებენ. ამას იმიტომ ვამბობ და იმის თქმა მინდა, რომ ოპოზიციურ სპექტრში აბსოლუტურ უმრავლესობას (გახარიას პარტიის გარდა) წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს უფრო ღრმა ინტეგრაცია საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებაში”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე და შეკითხვაზე – “ადგილობრივი არჩევნების წინ მსგავს ქმედება როგორ შეიძლება შეფასდეს?” – პასუხობს:
“ცალკეული შემთხვევები, გეთანხმებით, არის როგორც უპრინციპობა, რაც კაკაურიძემ გამოავლინა. თუმცა საერთო ჯამში, ოპოზიციის პრინციპულობა (სამი პარტიის შემთხვევაში) კიდევ ერთხელ მკაფიოა. თუნდაც პარლამენტში არშესვლა და მაღალი ხელფასების უარყოფა, მიანიშნებს, რომ უმრავლესობა მიზანმიმართულია ბრძოლისკენ”.
“მიუხედავად იმისა, რომ ბევრ კითხვას აჩენს მიმდინარე პროცესები, ვფიქრობ, უმრავლესობა (თუმცა არა ყველა) ოპოზიციაში მზად არის ბრძოლისთვის. კაკაურიძეს შემთხვევა არ არის მისასალმებელი და ამომრჩეველმაც, მათ შორის ჩემმა თავმაც, უნდა დააფიქსიროს აღნიშნული. თუმცა საჭიროა დავინახოთ როგორც სიკეთე, ისე ბოროტება. მხოლოდ ამ კონკრეტული პრეცედენტის დამახსოვრება მართებული არ იქნება. ზოგს უბრალოდ დაამახსოვრდება, რომ კაკაურიძემ მხარი დაუჭირა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას და იტყვის, რომ ოპოზიცია გაყიდულია. თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს როგორც კარგი, ისე ცუდი”, – დასძენს ნიკა ჩიტაძე.
ირაკლი მელაშვილი – “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”
“ჯაფარიძის დაჭერა მუქარაა, რომ ვინც წინააღმდეგობას გაუწევს, ყველას ციხეში ჩააგდებენ. ხელისუფლება ხვდება, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილებაა და ცდილობს ჩაახშოს. ზურა ჯაფარიძის დაკავებაზე ვკითხულობ სოცქსელებში და გაოგნებული ვარ – “ოცნების” მომხრეები წერენ, იმიტომ დაიჭირეს, რომ სააკაშვილის მომხრე იყოო, და კმაყოფილებას არ მალავენ. წულუკიანის კომისიაში რომ ხალხი ზის, ის ხალხი ვინ იყო? ტაბატაძე ვინ იყო, ვინ იყო შარმანაშვილი? ამ ხალხს სააკაშვილის დროს მაღალი თანამდებობები არ ეკავათ? ზურა ჯაფარიძე იყო ექსპერტი, რომელიც იცავდა “ნაციონალების” პოზიციებს, მაგრამ თუ ჯაფარიძის დაკავებას იმით ვამართლებთ, რომ სააკაშვილის მომხრე იყო, მაშინ “ქართული ოცნების” დეპუტაციის ნახევარი ციხეშია ჩასასმელი. ძალიან ბევრი მათგანი იყო მათი დავალებების შემსრულებელი და დღეს ისინი ურცხვად გვეუბნებიან, რომ სააკაშვილის რეჟიმი საშინელება იყო”, – აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”.
“ყველა ხელისუფლება საქართველოში იმ ტაშის დამკვრელებმა დაღუპეს, რომლებიც ცდილობდნენ “გაეპრავებინათ” ყველაფერი, რასაც ხელისუფლება სჩადიოდა. წინა ხელისუფლებას თუ არ ეპატია, რასაც აკეთებდა, მაშინ რატომ უნდა ეპატიოს ამ ხელისუფლებას? ამ 25 წლის განმავლობაში ყოველთვის უპრინციპო პირები იყვნენ ხელისუფლების დასაყრდენი, ვიდრე ისინი, ვისაც სწორი ღირებულებები აქვთ და არ სურთ ხელისუფლება ავტორი­ტარულ რეჟიმს დაემსგავსოს… ხელისუფლებაში აბსოლუტურად წყობიდან არიან გამოსული, საოცარ კომენტარებს აკეთებენ. -ის სახელმწიფო მდივანი კონგრესის საგარეო კომიტეტზე გამოვიდა და თქვა, რამდენად გვაწყობს, რომ ასეთ მნიშვნელოვან რეგიონში ანტიამერიკული ხელისუფლება არსებობდესო, და ამაზე პრეზიდენტმა ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ის რუბიოს შეფასებით, ძირითადად, კმაყოფილია. ან ვერ მიხვდა, ეს ანტიამერიკული მთავრობის სტატუსი მათ რომ ეხება, ან კმაყოფილი არიან, მათ დედა რომ არ აგინა. როგორც ჩანს, ვერ აგვარებენ ურთიერთობებს ვერც ტრამპთან, რისი დიდი იმედიც ჰქონდათ, მაგრამ ეს თავიდანვე მოსალოდნელი იყო. ტრამპი შეიძლება პუტინს რაღაცაზე გაურიგდეს, იმიტომ, რომ მის ინტერესებში იყოს, მაგრამ ტრამპისგან ყველაზე მწარედ მოხვდებათ იმათ, ვინც პუტინის სატელიტია”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“ჩემი აზრით, 26 მაისს დასრულდება ერთი ეტაპი, რომელიც კობახიძის განცხადებით დაიწყო, და რასაც მოჰყვა მრავალთვიანი პროტესტი. კარგი იქნება, ეს ეტაპი ოპოზიციამაც და სამოქალაქო სექტორმაც ძალიან კარგად შეაჯამონ და დაინახონ, რა შეცდომები დაუშვეს, იმიტომ, რომ აშკარაა, ახალი სტრატეგიაა საჭირო, სტრატეგიისთვის კი მიზნების სწორად ჩამოყალიბება და ფორმატების სწორად შერჩევა, რათა ოპოზიციამ დაიბრუნოს საზოგადოების მხარდაჭერა. ბოლო დროს ხელისუფლების მხარდაჭერა სტაბილურად 1/3-ის ფარგლებშია, ოპოზიციის კი, სამწუხაროდ, ეცემა და იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც არ მოსწონს არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება. ოპოზიციას ბევრი რამ გადასახედი აქვს. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ავტორიტარულ სისტემაში ურჩიო პოლიტიკოსებს, როგორ მოიქცნენ. ბევრჯერ მითქვამს, რომ ბევრ რამეში ოპოზიცია თავად არის დამნაშავე, მაგრამ, ჩემი აზრით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, 26 მაისის შემდეგ ოპოზიციამ მონახოს საკუთარ თავში იმის ძალა, რომ კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი. საპარლამენტო არჩევნებზე რაც მოხდა, ესეც კრიტიკულად გადასააზრებელია და ამის შემდეგ ახალი გეგმითა და სტრატეგიით არის ბრძოლის დაწყება საჭირო”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ფაქტია, საზოგადოებასაც მოჰყირჭდა ამ ტიპის აქციები. პროტესტი კი არ იკლებს, არამედ ვერ ხედავენ, რომ ამ ტიპის ქმედებებით შედეგის მიღწევაა შესაძლებელი და ეს არ არის საზოგადოების ბრალი. ბევრი მიზეზი აქვს ამ ყველაფერს და ეს მიზეზებია გასაანალიზებელი ურთიერთბრალდებების და ლანძღვა-გინების გარეშე. ჩამოსაყალიბებელია ახალი სტრატეგია, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალოს და ამას როგორ მივაღწიოთ. არ არის საჭირო საზოგადოებაზე გაბრაზება, მხარს რატომ არ მიჭერო. მხარს არ გიჭერს იმიტომ, რომ ვერ დაინახეს, ცვლილებების მოტანა რომ შეგიძლია… ნებისმიერ აქციას აქვს პიკი და ჩავარდნები. ასეთი მოძრაობა ყოველთვის სპირალისებურია. ამიტომ საზოგადოების დამუნათებას, ქუჩაში რატომ არ გამოდიხართო, აზრი არა აქვს. ამ ყველაფრის გადააზრებაა საჭირო, ყოველგვარი ურთიერთბრალდებების გარეშე და იმის თქმის გარეშე, საზოგადოება არ გვივარგაო”, – განმარტავს ანალიტიკოსი.
“რეგიონებში ხალხი მიტოვებულია. კი გავიდა ოპოზიცია თითქოს რეგიონებში, მაგრამ მათ ჩამოსაყალიბებელი აქვთ, რას აპირებენ თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებზე. ოპოზიციას არა აქვს უფლება ბრძოლის გარეშე დაუტოვოს ხელისუფლებას ძალაუფლება, ჩამოაყალიბებინოს ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ყველა, პრემიერ-მინისტრით დაწყებული და სოფლის გამგებლით დამთავრებული, ყველა ერთი პარტიის წევრი იქნება. ამის წინააღმდეგ ბრძოლა რატომ არის ივანიშვილის მხარეს ყოფნა, ვერავინ ამიხსნა. მხოლოდ საგარეო ფაქტორებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. სამწუხაროდ, მართალი აღმოვჩნდი, რომ ვამბობდი, დასავლეთი ნელ-ნელა­ შეეგუება, რომ ეს რეჟიმი არსებობს და გარკვეული ურთიერთობები იქნება-მეთქი. დასავლეთისთვის ივანიშვილის ხელისუფლება არასდროს არ იქნება მათი მეგობარი და აღარასოდეს იქნება ისეთი დაფასებული, როგორიც მანამდე იყო, მაგრამ ფაქტია, გარკვეული ურთიერთობები იქნება შენარჩუნებული და ივანიშვილსაც ზუსტად ეს უნდა. მას სურს აქ დასავლეთი იყოს, მაგრამ იყოს იმდენად მინიმალურად, რომ სანქციები არ დაუწესონ და რაღაც ბენეფიტები მიიღოს, მაგრამ დასავლეთის ისე შემოსვლა, რომელიც მას დემოკრატიულ რეფორმებს მოსთხოვს, სულაც არ აწყობს”, – დაასკვნის ირაკლი მელაშვილი.
“მას სურს თან დასავლეთი შორიახლო ჰყავდეს და თან ეუბნებოდეს, მომეცი საშუალება, რაც მინდა, ის ვაკეთოო. ჯერ ეს გასდის და გახარებული არიან, ამერიკელებს რომ არ აინტერესებთ, საქართველოში რა ხდება, ევროკავშირი ვერ ასანქცირებს უნგრეთის და ს გამო, მაგრამ ეს ყულფიც ნელ-ნელა ვიწროვდება. ადრე თუ გვიან, ამერიკის ადმინისტრაციასაც მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, ამას კონგრესის ორივე პალატა სთხოვს, ტრამპი მათთან ურთიერთობას არ გაიფუჭებს ივანიშვილის გამო და “მეგობარ აქტსაც”, ადრე თუ გვიან, მიიღებენ. ევროკავშირიც აპირებს, რომ უნგრეთს ხმის უფლება შეუჩეროს და მიეცემა შესაძლებლობა, რომ ერთიანი პოლიტიკით გამოვიდეს საქართველოსთანა ქვეყნების წინააღმდეგ. ეს არ არის მოკლევადიანი ბრძოლა და თავიდანვე ყველასთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ ჩვენ ისეთი ტიპის რეჟიმთან გვქონდა საქმე, რომ ეს წინააღმდეგობა და დაპირისპირება მალე ვერ დამთავრდებოდა. ამიტომაც ოპოზიციამ თავისი ნაბიჯები საშუალოვადიან პერსპექტივაში უნდა გათვალოს და ვფიქრობ, ეს ყველაფერი შესაძლებელია”, – დასძენს მელაშვილი.
“თბილისი ოუფენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება
“ფესტივალ “თბილისი ოუფენ ეარზე” მომღერალ ერეკლე გეწაძის პერფორმანსს რუსული დროშის გამოყენებით, მოსკოვის გაღიზიანება მოჰყვა. ქვეყნის საგარეო უწყება სამართლებრივი რეაგირებით იმუქრება და არა გამორიცხული, რომ ქმედითი ნაბიჯებიც გადადგას გეწაძის წინააღმდეგ. რუსული სსკ-ს თანახმად, სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან იმავე ვადის იძულებითი შრომით ისჯება. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ერეკლე გეწაძე თუ რუსეთში არ ჩავა, სამართლებრივად აქ არაფერი ემუქრება, თუმცა სიფრთხილეა საჭირო, რადგან არაა გამორიცხული, რომ “ვიღაცას ფული გადაუხადონ და შური იძიონ”. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა, გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობის საქმეზე, ქართველმა სამართალდაცავებმა რუსეთის მოქალაქე დააკავეს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “თბილისი ოუფენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება.
“გეწაძის პერფორმანსზე წერს რუსული მედიაც: “მომღერალმა ჯერ რუსული სამფეროვანი დროშა დააგდო იატაკზე, შემდეგ აიღო და პაკეტში ჩადო. ამის შემდეგ კი, გეწაძემ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების (მოშარდვის) იმიტაცია მოახდინა”. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი კი წერს, რომ “რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შეაფასებენ რუსეთის სამფეროვანი დროშის პერფომანსს” საქართველოში. პრესსპიკერის განმარტებით, “არ წყდება ზარები თხოვნით, კომენტარი გავაკეთოთ უცნობი ანტიგმირის საქციელზე, რომელმაც რუსული დროშით რაღაც პერფორმანსი დადგა თბილისში. პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რაც უნდა ჩაიდინოს ნებისმიერმა შეშლილმა, მეორეს მხრივ, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ უმსგავსო აქტს საკუთარ შეფასებას მისცემენ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რუსეთმა მომავალში ამ ტიპის ღონისძიებები რომ გამორიცხოს, განსაკუთრებით პოსტ საბჭოთა სივრცეში, სადაც შეიძლება ეს საქციელი მოეწონონ და გაიმეორონ, ასეთი ადამიანების წინააღმდეგ არსებული სამართლებრივი პრაქტიკა, რომ ასეთი ადამიანები რუსული კანონმდებლობით დაისჯებიან. ალბათ ასეთ ადამიანს ან რუსეთში არ შეუშვებენ, ან შეუშვებენ და დააპატიმრებენ. ამიტომ ადამიანმა, ვინც რუსეთის მიმართ თავის პოზიციას მკაფიოდ გამოხატავს, უნდა იცოდეს, რომ თავი უნდა აარიდოს რუსეთის ტერიტორიაზე მოხვედრას. გიორგი გაბუნიას მიმართ არ იყო სამართლებრივი დევნა, ვიღაც ადამიანი შემოვიდა და ასე უნდოდა შურისძიება. ანუ სამართლებრივი დევნა არ ყოფილა და სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება. ახლა კი, რაკი ასე თქვა ზახაროვამ, არაა გამორიცხული სამართლებრივი დევნა იყოს. ამ ადამიანის ადგილზე ამ მხრივ არ შემეშინდებოდა, თუ რუსეთში ჩასვლას არ აპირებ, არავითარი პრობლემა არაა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ისე, არაა გამორიცხული, რომ საქართველოს მოქალაქემაც კი რაღაც განახორციელოს მის წინააღმდეგ. საქართველოში რა, რუსეთის მეხოტბეები არ გვყავს? ყველაფერი შეიძლება იყოს, ვიღაცას შეიძლება ფული გადაუხადონ და მან იძიოს შური – ამ მხრივ სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ თუ ჩვენ ზახაროვას რეაქციაზე ვიმსჯელებთ, გამორიცხული არაა, გამოძიებამ დაადგინოს ამ ადამიანის ბრალეულობა რუსეთის სახელმწიფოს წინაშე და განუსაზღვროს რაღაც სასჯელი”, – დასძენს ზაქარეიშვილი.