ირაკლი მელაშვილი – “ნაცმოძრაობის” მთავარი ამოცანა “არანაცურ” ოპოზიციურ პარტიებთან ბრძოლაა…”
ვინ იქნება მეორე თბილისში – კალაძეს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა
ვახტანგ მაისაია – “შუალედური კორიდორი შეიძლება გადაიქცეს ნარკომოვაჭრეთა რუხ ზონად”
* * *
ირაკლი მელაშვილი – “ნაცმოძრაობის” მთავარი ამოცანა “არანაცურ” ოპოზიციურ პარტიებთან ბრძოლაა…”
“რაც გორის საკრებულოს თავმჯდომარისგან მოვისმინეთ, მხოლოდ მისი პრობლემა არ არის და ის, რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში, მთელი ქვეყნის საერთო პრობლემაა. ეტყობა, ჩვენ გადაჭარბებული წარმოდგენა გვაქვს საზოგადოების რაღაც ნაწილზე, მაგრამ უკვე ისეთი რაღაცები ხდება, ცოტა ხნის წინ ამაზე სერიოზულად საუბარი ვერც წარმომედგინა. ვერ წარმომედგინა, თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა, საღ ჭკუაზე მყოფი ქართველები რუსეთს ასე გულმხურვალედ დაუჭერდნენ მხარს და ინატრებდნენ ზელენსკისა და უკრაინის მარცხს. ვერ წარმომედგინა, რომ ჭკუაზე მყოფ ადამიანს შეიძლებოდა დაეჯერებინა, რომ ევროპელი ლიდერები მატარებელში კოკაინს ყნოსავენ. თავიდან მეგონა, ეს ხალხი ხუმრობდა, მაგრამ რომ დავაკვირდი, აბსოლუტურად სერიოზულად პოსტავდა ამ აზრებს. რაღაც საწინააღმდეგო რომ დავწერე, ეს ზრდასრული, განათლებული ხალხი შემომივარდა და ლანძღვა დამიწყო. ამ ფონზე გორის საკრებულოს თავმჯდომარეზე რაღა უნდა ვთქვა”, – აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ნაცმოძრაობის” მთავარი ამოცანა “არანაცურ” ოპოზიციურ პარტიებთან ბრძოლაა…”
“მე მხოლოდ იმას ვერ დავაბრალებ, რომ ეს პროპაგანდის ამბავია. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში ჩაბუდებული რუსეთუმეობა, საბჭოთა ჩეჩმაში ცხოვრების ნოსტალგიაც და სურვილიც ბევრად უფრო მეტია, ვიდრე გვეგონა. რა თქმა უნდა, ამას დღევანდელმა ხელისუფლებამ ხელი შეუწყო იმით, რომ ყველაზე მარგინალიზებული და ფსკერზე მყოფი იდეები პროპაგანდად გადააქცია და ახლა ამას ეფუძნება. სამთავრობო მედიითაც ამ პროპაგანდის კულტივირებას ახდენს. როგორც ჩანს, ეს ძალიან უღირსი პროპაგანდა ძალიან ნაყოფიერ ნიადაგზე დაეცა. ჩვენი პრობლემა არა მხოლოდ ის 84 კაცია, რომლებიც დღეს პარლამენტში სხედან “ქართული ოცნების” სახედ, არამედ ჩვენი პრობლემა ბევრად ღრმაა. ჩვენ, საზოგადოების ერთ ნაწილს მაინც, არა გვაქვს არც ემპათიის, არც სამართლიანობის გრძნობა, ამიტომ შეუძლებელია ახსნა რუსეთის მხარდაჭერა უკრაინასთან ომში. ერთია ის, როცა რომელიმე პოლიტიკოსი ამბობს, რომ პრაგმატული მოსაზრებებით რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ, იმიტომ, რომ რუსეთი დიდია და ბირთვული იარაღი აქვს, და მეორეა რიგითი მოქალაქე, რომელიც სიხარულით ელოდებოდა იმას, რომ ზელენსკი ჩავიდოდა ვაშინგტონში და მას მიჯირყნიდნენ. უბედურება ის არის, რომ ამას ელოდებოდა არა ათობით ან ასობით, არამედ, მინიმუმ, ასიათასობით ჩვენი მოქალაქე. აი, ამ რეალობაში ვცხოვრობთ, ასეთი აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოება”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“არ მეგონა, თუ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ თურმე შესაძლებელი ყოფილა. შესაძლებელი ყოფილა, ტაშს უკრავდე ბავშვების მკვლელს, რომელიც საბავშვო ბაღებს, სკოლებს ბომბავს, გინდოდეს დამარცხდეს ის ხალხი, რომელიც საკუთარ მიწას იცავს. ეს არის ჩვენი რეალობა. ეს კაციც იმ აზრის ტრანსლირებას ახდენს, რაც მის საზოგადოებაში ტრიალებს, ამ საზოგადოების განწყობებს ეფუძნება და მეტი არაფერი… სხვათა შორის, უკრაინაში ომი არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთს შორის ომი. პუტინი არ იბრძვის მხოლოდ კოსტანტინოვკისა და ჩასოვ-იარის დასაპყრობად. ეს მისთვის მეასეხარისხოვანია, მას აქვს ძალიან ცხადად ჩამოყალიბებული გეგმა – ის ებრძვის ევროპულ ღირებულებებს: დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, თავისუფლებებს, იბრძვის მათ ჩასანაცვლებლად “რუსკი მირით”. ჩემი აზრით, ევროპელები უკვე მიხვდნენ, რა უბედურებასთანაც აქვთ საქმე და ამიტომ შედგა ტრამპთან ასეთი უპრეცედენტო შეხვედრა, ყველა ერთად ჩავიდა და ზელენსკის გვერდით დაუდგნენ. ისინი ამით ეცადნენ და მგონი, შეძლეს კიდეც, ტრამპისთვის აეხსნათ, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიისთვის ბრძოლა. პუტინი ებრძვის დემოკრატიას და ჩვენი ხელისუფლება ამ ბრძოლაში პუტინის მხარეს არის, რადგან მასაც არ სურს დემოკრატია”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“მუდმივი პროპაგანდა უნდა იყოს, რათა ის 30-35%, რომელიც ანტიდასავლურადაა განწყობილი, უნდა იყოს დაბევებული. სხვათა შორის, იქაც არიან უკმაყოფილო ადამიანები, მიაჩნიათ, რომ “ქართული ოცნება” არ არის საკმარისად მკაცრი. მხოლოდ 50 კაცი კი არ უნდა დაეჭირათ, კიდევ ერთი ასი უნდა მიეყოლებინათ. საკმარისად მკაცრად არ ექცევიან ოპოზიციას და სამსახურებიდან ცოტა ხალხი გაყარეს, მეტი იყო გასაყრელი, იმიტომ, რომ სანდო არ არიან. ეს ზუსტად ისეთი ხალხია, 1920-30-იანი წლების ისტორიებში რომ გვხვდება, მეზობელი მეზობელზე “დანოსებს” რომ წერდა. ეს ის ხალხია, მათი შვილები არიან, მათი შთამომავლები. შევარდნაძის მმართველობამ გააკეთა ერთი ძალიან ცუდი საქმე – რადგან ის თავად იყო თავის დროზე ცეკას მდივანი, მან არ დაუშვა სერიოზული მსჯელობა იმაზე, თუ რა ხდებოდა საბჭოთა პერიოდის საქართველოში. როგორც გვჩვევია, თავი იმით დავიმშვიდეთ, რომ ამ ცუდ რაღაცებს საბჭოთა სისტემა აკეთებდა და ჩვენ არაფერი დაგვიშავებია. არადა, ამ საბჭოთა სისტემას სწორედ ქართველები წარმოადგენდნენ საქართველოში, ისინი, ვინც ამ სიბინძურეებს აკეთებდნენ, და მათი შთამომავლები დღესაც იმავეს აკეთებენ”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“იმან, რომ თავის დროზე ამ ყველაფრის შეფასება არ მოხდა, აი, ახლა მოგვჭრა კბილი. დამოუკიდებლობის მშენებლობის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც შეგვეძლო ევროპული ინტეგრაციის თემა ქვეყანაში წარმატებით დაგვეხურა და თავი შეგვეფარებინა ევროპული ქოლგისთვის, იმ მომენტში იფეთქა სწორედ დემოკრატიის, დასავლეთის და საზოგადოდ თავისუფლების სიძულვილმა და გაიმარჯვა მენტალობამ, რომ ნაცნობი ბატონი, აგერ რომ არის, რუსი, სჯობია თავისუფლებას. სხვათა შორის, ბატონყმობა რუსეთში სისხლში აქვთ გამჯდარი. მთელ ევროპაში გადავარდნილი რომ იყო, მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთში მთელი ძალით ყვაოდა და როდესაც ლაპარაკი მიდიოდა ბატონყმობის გადაგდებაზე, არსებობს დაფიქსირებული, წერილობითი ფაქტები, რომ თავად გლეხები, ყმები გამოდიოდნენ წინააღმდეგ, ბატონის გარეშე როგორ ვიცხოვროთ, ვინ მოგვივლისო. ეს მენტალობაა მთელ რუსეთში და ამ ფსიქოლოგიითვე ცხოვრობს დღემდე ქართველი საზოგადოების ნაწილიც”, – განმარტავს ირაკლი მელაშვილი.
“რაც შეეხება არჩევნებს, მთავარი ის არის, “ნაციონალური მოძრაობისა” და მის ორბიტაზე მყოფი პარტიების ამოცანა არ არის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. მათი ამოცანა ახლა მათი დამარცხებაა, ვინც არჩევნებზე მიდის. მათ რატომღაც ჩათვალეს და, ჩემი აზრით, ძალიან ეშლებათ, რომ ახლა, როდესაც საზოგადოების აქტიური ნაწილი წინააღმდეგია არჩევნებში მონაწილეობის, მათ აქვთ შანსი, რომ გაანადგურონ არანაცური ოპოზიციური პარტიები, რომლებიც, მათი აზრით, მათი კონკურენტები არიან და თუ ამათ გაანადგურებენ, აღდგება ის დიქოტომია, რაც იყო – მარტო “ქოცი” და “ნაცი”, მაგრამ ვინაიდან “ქოცი” უკვე ძალიან დისკრედიტირებულია ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც, მხოლოდ ამ ორი ძალის დაპირისპირების შემთხვევაში ძალაუნებურად გამარჯვება მათ დარჩებათ და ისინი ერთპიროვნულად მოვლენ ხელისუფლებაში. აი, ეს შთაბეჭდილება მრჩება. ახლა ივანიშვილის წინააღმდეგ არანაირი ბრძოლა არ მიმდინარეობს, ახლა მიმდინარეობს “ნაცმოძრაობისა” და მის ორბიტაზე მყოფი პარტიების ერთი ნაწილის ბრძოლა იმისათვის, რომ იქნებ რამენაირად პოლიტიკური არენიდან გააქრონ არანაცური ოპოზიციის პარტიები. ეს არის მათი ამოცანა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან შედეგს არ მოიტანს”, – დაასკვნის რესპონდენტი.
“ირაკლი კუპრაძე იმ კანდიდატებიდან, ვინც ციხის გარეთ არის და ვინც შეიძლებოდა “ლელოს” დაესახელებინა, ერთ-ერთი ყველაზე კარგი კანდიდატია. ახალგაზრდა, მებრძოლი კაცია, ქარიზმაც აქვს და ვნახოთ, რა გამოვა. მიმაჩნია, რომ თბილისში ოპოზიციის კოზირი უნდა იყოს საზოგადოებისთვის მონაწილეობითი ბიუჯეტირების შეთავაზება. ვფიქრობ, შეცდომა არ უნდა დაუშვან და აქცენტი არ უნდა გააკეთონ მხოლოდ დღეს აქტიურ პოლიტიკურ თემებზე. დიდწილად საუბარი უნდა იყოს თბილისის პრობლემებზე. ასევე, ყველგან, სადაც იქნება ოპოზიციის კანდიდატი, ყველგან უნდა იყოს მუნიციპალურ პრობლემებზე საუბარი. თბილისში ეს უნდა იყოს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მონაწილეობითი ბიუჯეტირების შეთავაზება, ძალიან კარგად შესწავლა იმ პრობლემების, რაც ქალაქის თითოეულ რაიონშია. ოპოზიცია ამ ბრძოლაში ძალიან კარგად აღჭურვილი უნდა ჩაებას. თბილისის მერიას ძალიან ბევრი სისუსტე და შეცდომა აქვს და ეს უნდა გამოიყენოს. ახლა ამ სისუსტეებზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ჯერ კიდევ არის ამ შეცდომებისა და სისუსტეების საფუძვლიანი გაანალიზებისა და გამოყენების დრო. პოლიტიკური თემები არსად არ გაიქცევა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას სთავაზობს ოპოზიცია, მათ შორის იმ თემებზე, რომლებიც სწორედ თვითმმართველობას ეხება”, – დასძენს ირაკლი მელაშვილი და შეკითხვაზე – “ანრი ოხანაშვილი თანამდებობიდან გადადგა…” – პასუხობს:
“ოხანაშვილის მოხსნა და მდინარაძის დანიშვნა აშკარად მიუთითებს, რომ “ოცნებაში” შიდა არეულობაა. როცა ქვეყნის მთავარ სპეცსამსახურს, რეალურად კი პოლიტიკურ პოლიციას, რომელიც საზოგადოების დასამორჩილებლად ხელისუფლების ლამის მთავარი დასაყრდენია, 5 თვეში მესამე უფროსს უნიშნავ, ეს ბადებს ეჭვს, რომ ხელისუფლებას რაღაცის ეშინია, რაღაცას უფრთხის”.
ვინ იქნება მეორე თბილისში – კალაძეს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა
“4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა 10 დღეში იწურება და ამ დროისთვის ყველაზე მეტი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებისთვისაა დასახელებული. ოფიციალურად ცნობილია, რომ მმართველი პარტიიდან წარდგენილ მოქმედ მერს, კახა კალაძეს “ალტ-ინფოს” დამფუძნებელ ზურაბ მახარაძე და “ლელო – ძლიერი საქართველოსა” და გიორგი გახარიას პარტიის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე დაუპირისპირდებიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ სამეულს მომავალ კვირაში კიდევ ერთი დაემატება – “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია. “რუსთავი 2” თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მომავალ კვირაში ხვიჩია ოფიციალურად დასახელდება თბილისის მერობის კანდიდატად. მანამდე ის არჩევნების კონტექსტში უფრო მეტად ქუთაისზე საუბრობდა. ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კალაძეს თბილისში პრობლემები არ იქნება, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში ოპოზიციის დაქსაქსულობა და ის ფაქტი, რომ რეიტინგული ოპოზიციური პარტიების ნაწილი და შესაბამისად, მათი ამომრჩეველიც, 4 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ამის მიუხედავად, ისინი არ გამორიცხავენ მეორე ტურის ალბათობასაც და იმაზე საუბრობენ, კალაძესთან დაპირისპირებული ამ სამეულიდან ვის აქვს ყველაზე მეტი ხმის მიღების შანსი”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ იქნება მეორე თბილისში – კალაძეს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა.
“ამ შემთხვევაში მეც კანდიდატი ალბათ ქუთაისში ვიქნები, მაგრამ თუ არ იქნა ისეთი აქტივობა, როგორსაც ვვარაუდობთ და თუ დავინახეთ, რომ ისეთი წარმატებით არ მიდის და ქუთაისელებს ძალიან არ უნდათ საქართველოს დედაქალაქი იყოს მათთან, მაშინ, რასაკვირველია, როგორც სხვა პარტიების შემთხვევაში, ძირითადი ბრძოლის ცენტრი იქნება თბილისი. ახლა მხოლოდ სტრატეგიას ვტესტავთ და ვუყურებთ ჩვენი კოლეგების მოქმედებებს, როგორ მოიქცევიან, რომ ამის მიხედვით დავაკორექტიროთ ჩვენი გეგმა”, – აცხადებდა ხვიჩია ჯერ კიდევ 17 აგვისტოს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციურ კანდიდატებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ იაგო ხვიჩიას ყველაზე მეტი შანსი აქვს. “იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკაში პოპულარობა გადამწყვეტია, მე მაინც მგონია, რომ ამ სამი დასახელებული ოპოზიციური კონკურენტიდან ყველაზე მეტი შანსი იაგო ხვიჩიას აქვს, ვინაიდან ის ძალიან პოპულარულია თავისი საპარლამენტო აქტიურობითა თუ ტელეაქტიურობით. დანარჩენებს რაც შეეხება, ასეთი მკაფიო სურათი არ არის. ამიტომ მე მათ მიმართ მკაფიო დამოკიდებულება უბრალოდ არ მაქვს”, – განაცხადა საყვარელიძემ. განსხვავებულად ფიქრობს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი. მისი აზრით, ხვიჩიაზე მეტი რესურსი “ლელო – ძლიერი საქართველოსა” და პარტიის “გახარია – საქართველოსთვის” საერთო კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს აქვს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მე არ გამოვრიცხავ, რომ, ვთქვათ, კუპრაძემ კარგი შედეგი აჩვენოს. თავისთავად, თუ იქნებოდა ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი, რომელიც იქნებოდა არაპარტიული, მთელი ოპოზიციური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოება იქნებოდა ჩართული, მაშინ აქ სერიოზული შანსი იქნებოდა გამარჯვების. მე არ მჯერა, რომ ხელისუფლება რაც უნდა იმას დაწერს არჩევნებზე, ეგრე არ ხდება. მთლად შესაძლებელი ეს არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი იქნებოდა სერიოზული კონსოლიდაციის ფაქტორი ოპოზიციური ძალებისთვის, თუმცა ასე არ გამოვიდა. ასეთ ვითარებაში რთულია რამე შეფასება გააკეთო”, – ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ მეორე ტური არ იქნება, ნაწილი კი ამ პოზიციას არ იზიარებს. რამაზ საყვარელიძის აზრით, საქმე მეორე ტურის ჩატარებამდე სავარაუდოდ არ მივა. “მე, მაგალითად, მეეჭვება, რომ მეორე ტურამდე საქმე მივიდეს. იაგოს პოპულარობა ვახსენე, თუმცა კალაძეს გაცილებით მეტი პოპულარობა აქვს. კალაძეს უკან დგას დიდი პოლიტიკური ძალა. თან ოპოზიციური განწყობებიც, რის მომხრე ხვიჩიაც იქნებოდა და დანარჩენები, არ არის იმ ხარისხის, რომ მეორე ტურმა გადაწყვიტოს მერის ბედი. არ ვფიქრობ, რომ იქნება მეორე ტური. თუმცა, თუ თეორიულად მეკითხებით, თუ ვინმეს ექნება შანსი, ყველაზე მეტად ეს შანსი, ვფიქრობ, იაგო ხვიჩიას ექნება და ერთადერთი მიზეზი არის პოპულარობა”, – განაცხადა საყვარელიძემ. დავით ზურაბიშვილი წინასწარი პროგნოზებისგან თავს იკავებს და 2010 წლის არჩევნებთან ავლებს პარალელს და მიიჩნევს, რომ თეორიულად მეორე ტურში “ხვიჩიასთან შედარებით, კუპრაძეს უფრო აქვს უპირატესობა”, – დასძენს გამოცემა.
“მეორე ტური იქნება თუ არა, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა გეტყვით, რომ ოპოზიცია დასაწყისშივე წამგებიან პოზიციაშია – ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტშია და აგრესიულად უტევს არჩევნებში მონაწილე პარტიებს. ასეთ ვითარებაში წარმატებაზე საუბარი რთულია. თუმცა, თუ “ლელოს” და “გახარიას” კანდიდატი მოახერხებს ოპოზიციური ამომრჩევლის რაღაც ნაწილის დარწმუნებას, მათ შორის იმ პარტიების ამომრჩევლის, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, მაშინ შესაძლოა ამ კანდიდატმა რაღაც შედეგი აჩვენოს. ანალოგია რომ გავაკეთო, 2010 წელს იყო დაახლოებით მსგავსი სიტუაცია: იყო გიგი უგულავას კანდიდატურა, იყო ირაკლი ალასანია და იყო ბოიკოტი. მახსოვს, მაშინ მეც ვიყავი ამ ალასანია-რეპუბლიკელებიდან. თბილისში ოპოზიციური განწყობა მაინც ძლიერი იყო, მაშინ ავიღეთ ასე 20 პროცენტი და პირველივე ტურში მოიგო უგულავამ. ახლანდელი ხელისუფლების რეიტინგი კი თბილისში ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე “ნაცმოძრაობის” 2010-ში, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი კი საკმაოდ ბევრია”, – დაასკვნის დავით ზურაბიშვილი.
ვახტანგ მაისაია – “შუალედური კორიდორი შეიძლება გადაიქცეს ნარკომოვაჭრეთა რუხ ზონად”
“სანდო ინფორმაციით, ივნისში სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანაში შედგა გარიგება – მექსიკური კარტელის წარმომადგენლებმა 880 მილიონი დოლარი გადასცეს “ალ-ქაიდას” ავღანეთში ჰეროინისა და ოპიუმის შესასყიდად, რათა შემდგომში ლათინური ამერიკის ლაბორატორიებში დამუშავდეს. საუბარი იყო ახალი ტიპის ნარკოტიკული საშუალებების გამოყვანაზეც, რომლებიც შემდგომში ტრანსპორტირებული იქნება იმავე ლათინურ ამერიკაში, ევროპაში… ჩათვალეთ, ეს არის ტერორისტული სამხედრო-პოლიტიკური კავშირი – მექსიკური ნარკოკარტელები და ავღანეთში მოქმედი “ალ-ქაიდასა” და “თალიბანში” არსებული რადიკალური ჯგუფები, რომლებიც თავად “თალიბანის” მმართველ ძალასაც კი უდგანან ოპოზიციაში. მექსიკაში მოქმედებს 50-ზე მეტი ნარკოკარტელური ქსელი, რომლებიც მონაწილეობენ არალეგალი მიგრანტების გადაყვანაშიც აცხადებს ექსპერტი ვახტანგ მაისაია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შუალედური კორიდორი შეიძლება გადაიქცეს ნარკომოვაჭრეთა რუხ ზონად”
“მექსიკის ნარკოკარტელის წარმომადგენლების ხელში გადავიდა ოპიუმისა და ჰეროინის დიდი პარტია, ეს ოპიუმი ძირითადად მოყვანილია ავღანეთის სამხრეთ-დასავლეთ ზონაში და მას თავის დროზე ავღანეთის თალიბანის ხელმძღვანელი ჰაჯი ბაშარ ნურზაი აკონტროლებდა. ეს ის მურზაია, რომლის მეშვეობითაც 2014 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ყანდაარის ნარკოკარტელს თხევადი ჰეროინი გადაჰქონდა. ეს ტექნოლოგია სწორედ მურზაის დაჯგუფებამ შეიმუშავა – მოახერხეს ფხვიერი ჰეროინის თხევადში გადაყვანა. მაშინ თხევადი ჰეროინი საქართველოს ტერიტორიაზე დაიჭირეს, როგორც ჩანს, სპეცსამსახურების ოპერატიული კოორდინაციით ან აგენტურული ინფორმაციის მეშვეობით… ტვირთი 3 ტონამდე იყო. რაც შეეხება ჰაკანის (ავღანეთის შს მინისტრი) დაჯგუფებას, ის ყველაზე რადიკალური დაჯგუფებაა, თავის დროზე, სწორედ მან მიიწვია და შეიფარა ავღანეთში უსამა ბინ ლადენი, რამაც ავღანეთში ნატოს ძალების შეჭრა და “თალიბანის” ხელისუფლების დამხობა გამოიწვია, თუმცა შემდგომში “თალიბანი” დაბრუნდა ხელისუფლებაში”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“მათი მთავარი იდეაა ამერიკისა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ ომი. მოგეხსენებათ, ტრამპმა მექსიკურ კარტელებს დაუნდობელი ომი გამოუცხადა, მანვე გაამკაცრა საემიგრაციო პოლიტიკა და აქედან გამომდინარე, მექსიკური კარტელი ცდილობს შეიძინოს გავლენიანი, ძლიერი მოკავშირეები და ეძებოს გასაღების გზები. მხოლოდ ავღანურ ჰეროინზე არ არის საუბარი, არამედ დივერსიული ტერორისტული ჯგუფების შეღწევაზეც აშშ-ის ტერიტორიაზე, რისი უზრუნველყოფაც შეუძლიათ მექსიკურ კარტელებს, ასევე, ტერორისტული აქტების გაძლიერება ამერიკის, კანადისა და მექსიკის ტერიტორიებზე. არ არის გამორიცხული გაიზარდოს თავდასხმები ევროპაშიც. მათი თანამშრომლობა საშიშია ჩვენი რეგიონისთვისაც. ფაქტობრივად, შუალედური კორიდორი შეიძლება გადაიქცეს რუხ ზონად – ანუ არა მარტო გაატაროს ტვირთები, არამედ იყოს შავი ტრანზიტის ერთგვარი ზონა, რაც დიდი საშიშროებაა”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“არის ინფორმაცია, რომ “თალიბანის” მთავარი დაზვერვის სამმართველო აპირებს შექმნას რეზიდენტურები კავკასიაში. ჩრდილო კავკასიაში უკვე შექმნეს, ყაზახეთშიც აპირებენ, რომელიც მთავარი სატრანზიტო ჰაბია, მთელი ტვირთები ჩინეთიდან ევროპაში გადის. შუალედური კორიდორის მთავარი არეალია ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და, ბუნებრივია, შეიძლება დაიწყოს იარაღის უკანონო კონტრაბანდა, ჯიჰადისტების გადაადგილება. არ გამოვრიცხავ, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულების გაფორმებისას ზანგეზურის კორიდორის ვარიანტში ტრამპის ადმინისტრაცია შეიძლება ამ საფრთხესაც ითვალისწინებდა და ამიტომ კორიდორი უნდა გადავიდეს ამერიკელების კონტროლქვეშ, რათა საფრთხის პრევენცია მოახდინონ”, – განმარტავს ექსპერტი.
“არც იმას გამოვრიცხავ, რომ ტრამპმა პუტინს თანამშრომლობა შესთავაზა აგრესორების წინააღმდეგ, ვინაიდან ეს არა მარტო აშშ-ს, რუსეთსაც უქმნის პრობლემას – ტრანზიტი შეიძლება წავიდეს რუსეთის ფედერაციასა და ცენტრალურ აზიაშიც, რამაც შეიძლება დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რაც რუსეთისთვის პირდაპირი საფრთხეა. დღეს რუსეთის ფედერაციაში, ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და თურქეთშიც გააქტიურდნენ ჯიჰადისტები, ევროპაში უკვე არაერთი ჯიჰადისტი დააკავეს… ორივეს, “ალ-ქაიდასაც” და მექსიკურ კარტელებსაც მოტივაციური ფონი აქვთ. არ დაგავიწყდეთ, რომ “ალ-ქაიდას” ხელმძღვანელი უსამა ბინ ლადენის უმცროსი შვილი, ჰამზა ბინ ლადენია. ბუნებრივია, მას მამისთვის შურისძიება არ დავიწყებია და ამერიკა მისთვის დაუძინებელი მტერია. ასევე, მექსიკურ კარტელებსაც, რომელთაც ტრამპმა ომი გამოუცხადა, ამერიკა ნომერ პირველ მტრად ჰყავთ გამოცხადებული. ისინი არ გაჩერდებიან”, – მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.
“2014 წელს, როცა თხევადი ჰეროინის გადატანის ვარიანტი იყო, შავ კორიდორს იყენებდნენ, მაგრამ ამას არ ჰქონდა ქსელური ფორმა. აქ უკვე არის აგრესიული არასახელმწიფო აქტორების სამხედრო-პოლიტიკური ალიანსური მიდგომა – “ალ-ქაიდა”, “თალიბანი”, “ხორასანი” და ნარკოკარტელებიც აგრესიული არასახელმწიფოებრივი აქტორები არიან. მათი ერთგვარი ალიანსი უკვე სხვა დონეა. ვაშინგტონის ხელშეკრულების გაფორმება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და იქ ამერიკის ჩართვა შეიძლება ამითაც იყოს განპირობებული, ბოლო დროს შეიძლება ამიტომაც დაინტერესდა ტრამპი ჩვენი რეგიონით. ტრამპის ადმინისტრაციამ მაისში გამოხატა დიდი ინტერესი ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მიმართ, მისი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ თურქმენეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში. როგორც ჩანს, ჩინეთსაც კარგად ესმის ავღანეთიდან წამოსული საფრთხე, იმიტომ, რომ ჯიჰადისტები ჩინეთსაც ემუქრებიან. აღმოსავლეთ თურქესტანის ჯიჰადისტური დაჯგუფება (უიღურები) სერიოზული დაჯგუფებაა ჩინეთში და ის ბევრ პრობლემას უქმნის ჩინეთის ხელისუფლებას”, – ამბობს რესპონდენტი.
“ივნისში ჩინეთმა ცენტრალური აზიის ხუთივე სახელმწიფოსთან ერთიანი რეგიონული უსაფრთხოების ხელშეკრულება გააფორმა. რუსეთმაც კი, რომელსაც ცენტრალურ აზიაში მყარი პოზიციები აქვს, ვერ მოახერხა ასეთი ხელშეკრულების გაფორმება. ანუ დიდმა სახელმწიფოებმა – ჩინეთმა, ამერიკამ და რუსეთმა განგაშის გამოცხადება დაიწყეს და ჩანს, ასეთი საფრთხეების პრევენციისთვის ტრამპის ადმინისტრაციამ რეალური გზების გამონახვა დაიწყო. არის ასეთი სიახლეც: 21 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოლუმბიურმა ნარკოკარტელმა დრონების საშუალებით ჩამოაგდო პოლიციის ვერტმფრენი. ჩათვალეთ, რომ კოლუმბიისა და მექსიკის ნარკოკარტელები იდენტურია, ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ და ამერიკამ ორივეს გამოუცხადა ომი. 2022 წლიდან ავღანეთში, ყუნდუზის პროვინციაში 4 საბრძოლო სწავლების ცენტრი მოქმედებს, რომლებიც ჯიჰადის დრონების მართვის ოპერატორებს ამზადებენ. ყუნდუზის ცენტრს კურირებს ჰამზა ბინ ლადენი. ფაქტობრივად, “ალ-ქაიდა” უკვე ამზადებს საბრძოლო დრონებს, ეს ფაქტი უკვე დაფიქსირდა. ტექნოლოგიები უფრო განვითარდა და მათაც გაზარდეს გავლენის სფეროები”, – ამტკიცებს ექსპერტი და შეკითხვაზე – “შუა დერეფანს რა ბედი ელის, მას ვინ დაიცავს და როგორ გაკონტროლდება?” – პასუხობს:
“ალბათ, დღევანდელ მმართველ პოლიტიკურ ძალას მოუწევს თანამშრომლობა აზერბაიჯანელებთან, სომხებთან, თურქებთან, აშშ-სთან. ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში ჩვენ კარგი გამოცდილება გვაქვს, ანტიტერორისტული ცენტრი ერთადერთი სტრუქტურაა სუს-ში, რომელიც ეფექტურად მუშაობს. არაერთხელ დავაყენე საკითხი, რომ საქართველოს მთავრობასთან შექმნილიყო სპეციალური ანტიტერორისტული საკოორდინაციო ცენტრი, კომიტეტი, რომელიც თუნდაც ამ მიმართულებით წარმართავდა საქმიანობას. მით უმეტეს, ახლა ეს აუცილებელ საკითხად უნდა დადგეს, იმიტომ, რომ არასახელმწიფო აგრესიულ, მათ შორის რელიგიურ ალიანსს მხოლოდ ანტიტერორისტული ცენტრი ვერ გაუმკლავდება. ფაქტობრივად, ეს სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია და უკვე აქვს უფრო მასშტაბური საფრთხეების შექმნის შესაძლებლობა. ჩვენ არ უნდა გავხდეთ შავი სატრანზიტო კორიდორი!”
“როცა ერაყსა და სირიაში ისლამური სახალიფო დამარცხდა, მავანთ ვაფრთხილებდი, რომ საქართველო შეიძლება შავი სატრანზიტო კორიდორი გამხდარიყო – სირიიდან წამოსულიყვნენ ჯიჰადისტები და ლამის მტრად გამომაცხადეს. ევროპარლამენტმა მიიღო ჩემი გაფრთხილება და მათ სთხოვეს ჩვენს ხელისუფლებას, ამაზე გაემახვილებინათ ყურადღება, მათ კი მეორედ დამაბრალეს სამშობლოს ღალატი. აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავი, როდესაც ნომერ პირველი ტერორისტი ჩატაევი თბილისის ქუჩებში დასეირნობდა… შავი სატრანზიტო კორიდორის შექმნის ვარიანტი დღესაც არსებობს, ამიტომ გვმართებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია. საჭიროა შეიქმნას ერთიანი ანტიტერორისტული საკოორდინაციო ცენტრი ანუ კომიტეტი. ასეთი გეოსტრატეგიულად მძაფრი ვითარების ფონზე ანტიდასავლური რიტორიკა და დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება პირდაპირ ეხება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასაც. ვის იმედად ვართ? აუცილებელია ამერიკასა და თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობა. ტრამპმა ზანგეზურის კორიდორზე ამ კუთხით მოახდინა რეაგირება. ისინი სპობენ ირანიდან და კასპიიდან შემოსულ საფრთხეებსაც. ირანიც შეიძლება გახდეს ერთ-ერთი საშიში სატრანზიტო ზონა. სატრანზიტო კორიდორების შექმნას შეიძლება რუხი კორიდორების საშიშროებაც მოჰყვეს. ასე რომ, დიდი სიფრთხილე და გონივრულობა გვმართებს,” – დასძენს ვახტანგ მაისაია.
