ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024

მოსმენა საქართველოზე -ის წარმომადგენელთა პალატაში და შეფასებები თბილისში
სუს-ი “ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს იძიებს” – გამოხმაურება სკანდალურ განცხადებაზე
როგორ უახლოვდა სომხეთი ევროპას ელვისებური სისწრაფით და რა ასახვა ექნება ამას ჩვენს რეგიონზე
* * *
მოსმენა საქართველოზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში და შეფასებები თბილისში
“აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა, მთავარი გზავნილები კი “გავლენების კანონის” გაწვევა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იყო. კონგრესმენების მხრიდან ისმოდა “ქართული ოცნების” მისამართით მწვავე კრიტიკა, რასაც მმართველმა პარტიამ უპასუხა – პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები “ძველ რელსებს დაუბრუნდება”. როგორც ოპოზიცია ამბობს, “ქართული ოცნება” ფსონს აშშ-ს ექსპრეზიდენტ და პრეზიდენტობის მოქმედ კანდიდატ ს გამარჯვებაზე დებს, თუმცა, მოსმენაზე თავად ტრამპის მხარდამჭერი რესპუბლიკელი კონგრესმენები აკრიტიკებდნენ. მათი თქმით, მოსმენა აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში “არის განაჩენი ივანიშვილის პარტიისთვის”. წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვის შესახებ მოსმენა 23 ივლისს გაიმართა, კანონმდებლებმა მოუსმინეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მაღალჩინოსნებს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოსმენა საქართველოზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში და შეფასებები თბილისში.
“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ “ოცნება” ფსონს ტრამპის გამარჯვებაზე დებს, თუმცა რომც გაიმარჯვოს, საეჭვოა რესპუბლიკელებმა “ხალხის ძალას” და მასთან კოალიციაში მყოფ “ქართულ ოცნებას” დაუჭირონ მხარი. “ოცნება” საარჩევნო მარათონში ერთვება და გასაგებია არ უნდა, რომ დაკარგოს ის ამომრჩეველი, რომელიც მის ელექტორატს ეკუთვნის და პროდასავლური ორიენტაციისაა, ეს წმინდა პოლიტიკური მაქინაციებია. როგორ შეიძლება ილაპარაკო აშშ-სთან ურთიერთობების დალაგებაზე, როცა გყავს “ხალხის ძალა”, რომელიც ანტიამერიკული და ანტიდასავლურია?! ტრამპმაც რომ გაიმარჯვოს, არა მგონია რესპუბლიკელებმა ისეთ პოლიტიკურ პარტიას დაუჭიროს მხარი, როგორიც “ხალხის ძალაა”, რომელთან კოალიციაში “ოცნებაა”, ამბობს მაისაია, რომლის მტკიცებით, “ორბანიც და ს მმართველი პოლიტიკური ძალაც კი არ აკეთებენ ასეთ განცხადებებს, რასაც ეს ორი პარტია აკეთებს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“გასაგებია, რომ პროდასავლური ორიენტაციის მხარდამჭერების დაკარგვის ეშინიათ, რომლებიც სერიოზულ ნაწილს წარმოადგენენ. გასულ არჩევნებზე “ოცნების” გამარჯვებას იმან შეუწყო ხელი, რომ პროდასავლური ლოზუნგებით გამოდიოდა. ახლა კი მათი კამპანია საბჭოთა კავშირის ლოზუნგებს მაგონებს და სერიოზული დილემის წინაშეა. მიკვირს რატომ ამყარებენ იმედებს ტრამპის გამარჯვებაზე, მის წინასაარჩევნო კამპანიაში არანაირი მხარდაჭერა არ გამოუხატავთ, მათ შორის არც ფინანსური. ორბანი და ფიცო ტრამპს დაელაპარაკნენ, ფინანსური დაუჭირეს მხარი, რისი იმედი აქვთ “ოცნების” წარმომადგენლებს არ ვიცი. როგორც ჩანს, ტრამპთან ახლო ურთიერთობა არ აქვთ და ფსიქოლოგიურ ტრიუკს იყენებენ, რომ ამომრჩევლები დააჯერონ”, – გაცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯოშუა ჰაკმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა, საქართველოს მთავრობა მკვეთრად უხვევს ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიიდან, “უცხოური გავლენების” კანონი კი ანტიდემოკრატიული გადახვევის სიმბოლოა. “ეს კანონი, რომელიც რუსეთში მიღებული კანონის ანარეკლია, შექმნილია კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად, დამოუკიდებელი არასამთავრობო აქტივისტებისა და ჟურნალისტების “გაშავებისთვის” და საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების შიშით დამორჩილებისთვის”, – განაცხადა ჰაკმა. “რესპუბლიკელმა” კონგრესმენმა, ტომ კინმა კი განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერის მუქარა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს – ოქტომბერში არის იმედის ადგილი საქართველოშიც და მოლდოვაშიც”, – განაგრძობს გამოცემა.
“კინის განცხადებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი გამოეხმაურა. მისი თქმით, არავითარი საფუძველი არ აქვს კრიტიკას, რომელიც კონგრესში მოვისმინეთ. ამბობს, რომ საბოლოოდ, ყველაფერი გადაიხედება და მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ძველ რელსებს დაუბრუნდება. “არავითარი საფუძველი არ აქვს იმ ე.წ. კრიტიკას, რომელიც მოვისმინეთ კონგრესში. აშკარაა, რომ კონკრეტულ ძალებს ჯერ კიდევ აქვთ საქართველოს მიმართ კონკრეტული ინტერესები, ისეთი, რომელიც ეროვნულ ინტერესს არ მიესადაგება. ეს სამწუხაროა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმ 1 წელში, შესაძლოა 6 თვეშიც ურთიერთობები სერიოზულად გადაიხედება, როგორც კი დასრულდება ომი ში… საბოლოოდ, ყველაფერი გადაიხედება და მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დაუბრუნდება იმ რელსებს, რომელსაც მანამდე ვიყავით მიჩვეული”, – აღნიშნა პრემიერმა. რაც შეეხება კონგრესმენის განცხადებას, რომ “ქართული ოცნების” ლიდერის მუქარა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს”, პრემიერმა აღნიშნა, რომ თავად ეს განცხადებაა “უხეირო”, – დასძენს გამოცემა.
“ენმ-ის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, გრძელვადიანი დამკვირვებლების გამოგზავნით საქართველოში, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხის სურვილი ასრულდეს. 23 ივლისის მოსმენა კი “ოცნებისთვის” განაჩენია. “გუშინდელი მოსმენა აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, განაჩენია ივანიშვილის პარტიისთვის, რომელსაც “დემოკრატი” და “რესპუბლიკელი” – დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კონგრესმენები მოიხსენიებდნენ პრორუსულ, პუტინისტ, კორუმპირებულ და ვერშემდგარ დიქტატორად. იქნება ეს “მეგობარი აქტის” ავტორი კონგრესმენი ჯო უილსონი, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ტომას კინი, თუ კონგრესის სხვა წევრები, მათ შორის „რესპუბლიკელები”, რომლებიც, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, სწორედ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები არიან, უკიდურესად მწვავედ აფასებენ ივანიშვილის მცდელობას, რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანი”, – მიიჩნევს ბოკუჩავამ. მისივე თქმით, კონგრესის წევრებმა მწვავედ გააკრიტიკეს ივანიშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილება – ჩინეთის სახელმწიფო კომპანიების კონსორციუმისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გადაცემა”, – წერს სტატიის ავტორი.
“კონგრესის წევრებმა, ასევე ხაზი გაუსვეს ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების გაგრძელების აუცილებლობას, რაზეც სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ჯოშ ჰაკმა, რომელიც ცოტა ხნის წინ თან ახლდა ჯიმ ობრაიანს საქართველოში განაცხადა, რომ სავიზო შეზღუდვებთან ერთად აქტიურად განიხილება ფინანსური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, როგორც პირების, რომლებიც ქართულ დემოკრატიას და ევროპულ მომავალს ძირს უთხრიან. როგორც ჯოშ ჰაკმა განმარტა – არჩევანი ახლა ქართველ ხალხზეა – 26 ოქტომბერს აირჩევენ ანტიდასავლურ ივანიშვილის ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც საქართველოს არ აქვს ევროატლანტიკური პერსპექტივა, თუ საკუთარი არჩევანით გადაარჩენენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. აშშ ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის გრძელვადიანი დამკვირვებლების გამოგზავნით საქართველოში, იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება და თავისუფალი არჩევანი აისახოს საარჩევნო შედეგზე”, – ამბობს ბოკუჩავა, რომლის თქმით, მთავარი საქმე საქართველოს მოქალაქეების გასაკეთებელია, რომლებმაც უნდა შევცვალონ ივანიშვილის პრორუსული, ანტიდასავლური ხელისუფლება”, – დასძენს სტატიის ავტორი.
სუს-ი “ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს იძიებს” – გამოხმაურება სკანდალურ განცხადებაზე
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხმაურიან განცხადებას ავცრელებს, უწყების ინფორმაციით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ს მკვლელობა მზადდებოდა, რომლის ფარგლებშიც იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, “ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს”. აღნიშნულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხე არსებობს. ოპოზიციას კი ქართული ფილმის სცენარი ახსენდება და ამბობს, რომ ეს ხალხის დაშინებას ემსახურება და უფრო “შეთქმულების თეორიებს” ეფუძნება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სუს-ი “ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს იძიებს” – გამოხმაურება სკანდალურ განცხადებაზე.
“სუს-ის ცნობით, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. აღნიშნულია, რომ საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარება. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს…” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში, სადაც მითითებულია, რომ “სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით”, – აღნიშნავს გამოცემა.
“შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ყველაფერი წინასაარჩევნოდაა გათვლილი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისთვის. ამბობს, რომ სუს-ის ინფორმაცია დროში დაემთხვა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამზე თავდასხმას და არაა გამორიცხული, რომ “ქართულ ოცნებას” “თავში მოუვიდა” გაავრცელოს ხმა, რომ ე.წ.-მა გლობალური ომის პარტიამ ახლა ბიძინა ივანიშვილი “ამოიღო მიზანში”. “ამით ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას ცდილობენ – ხალხმა თქვას, რომ ეს ნამდვილი ოპოზიცია კი არა, ეს არის ტერორისტული ხასიათის დაჯგუფება. ეს თავისთავად ოპოზიციას არანაირად არ აწყობდა, პირიქით ისინი საუბრობენ, რომ ხელისუფლება დემოკრატიული გზით უნდა შეიცვალოს. შესაბამისად, მომხრეა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და ამ გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციას არ აწყობს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან გათვლაა, რომ ოპოზიცია წარმოჩინდეს, როგორც ტერორისტი”, – ამბობს ჩიტაძე, რომლის განმარტებით, “მეორეს მხრივ გათვლაა იმაზე, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამას დაიჯერებს, სამწუხაროდ ზოგიერთს მაინც სჯერა, ისევე, როგორც ის, რომ ევროპა რყვნის, ადამიანებს ჩიპებს უდგამენ და ა.შ.” – განაგრძობს გამოცემა.
“ხელისუფლებას უნდა წარმოაჩინოს, რომ ის მსხვერპლია და ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან იმ კონტექსტში, რომ “ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო”. თან იმის ჩვენება უნდათ, რომ თითქოს არჩევნების გზით ვერ დაგვამარცხებენ და ამიტომაც ოპოზიცია ყველაფერზე მიდისო. ამასთანავე, იმ პრობლემების გადაფარვა უნდათ, რომელიც საქართველოში არსებობს, თუნდაც რუსულ კანონთან დაკავშირებით და ა.შ. ეს ინფორმაცია ტრამპზე თავდასხმას დაემთხვა. არაა გამორიცხული ამათაც თავში მოუვიდათ გაავრცელონ ხმები, რომ “გლობალური ომის პარტიამ” ახლა ბიძინა ივანიშვილი ამოიღო მიზანში და “ადგილობრივი კრიმინალების” მეშვეობით, თითქოს გადატრიალება სურდა, ახლა ჯერი საზოგადოებაზეა, მიხვდეს, რომ ყველაფერი გათვლილია არჩევნებისთვის, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანების დისკრედიტაციისთვის – უთხრან, რომ ოპოზიციას თუ უჭერ მხარს, თვითონაც ტერორისტი ხარ. ამ ყველაფერს საბაბად იყენებენ, რომ განსხვავებული აზრი ჩაახშონ”, -მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შემაშფოთებელს უწოდებს, ამბობს, რომ საქართველოში ტერორისტული აქტების საფრთხეები არსებობს. “ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთი და იმავე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს. აქედან გამომდინარე, საფრთხეები არსებობს და გამოძიება, რომელიც დაწყებულია, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საფრთხეები აქტუალურია. გასაკვირი არც ის არის, რომ გამოძიების თანახმად ამ ყველაფერში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების როლი იკვეთება, იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ფიზიკურად უკრაინაში იმყოფებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი აქტების პრევენცია მოხდეს და ამისათვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს”, – ამბობს კობახიძე. ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ივანიშვილი ცდილობს, ყალბი შიშითა და კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქეები. ბოკუჩავამ აღნიშნულ ბრალდებებს აბსურდული უწოდა. “გირჩის” ლიდერის ს აზრით, სუს-ში დაწყებული გამოძიება შეთქმულების თეორიებს ეფუძნება”, – დასძენს გამოცემა.
“ქართული ფილმის სცენარი მახსენდება, რომლის მიხედვით, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბს თხრიან, როცა ეს არის ბრალდება და ადამიანებს ამით ასამართლებენ. არ ვიცი, რა მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი სუს-ის მხრიდან, მაგრამ გლობალური ომის პარტიის ვერსიის შემდეგ ვალდებულები ვართ, ყველა ვერსია, რასაც ხელისუფლება შემოგვთავაზებს, ეჭვქვეშ დავაყენოთ. უფრო შეთქმულების თეორიებისკენ ვიხრები, ვიდრე რეალობისკენ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ, რომლის თქმით, “ზოგი პოლიტიკოსის აზრით, ხალხის შეშინება მადლიანი საქმეა – რაც უფრო შეაშინებენ ხალხს საარჩევნოდ, მით უფრო შეუყვარდებათ – ასე ფიქრობენ ქართულ პოლიტიკურ ველზე”, – წერს სტატიის ავტორი.
როგორ უახლოვდა სომხეთი ევროპას ელვისებური სისწრაფით და რა ასახვა ექნება ამას ჩვენს რეგიონზე
“ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა აღნიშნულ გადაწყვეტილებებს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა. რითია განპირობებული სომხეთის ასეთი სწრაფი დაახლოება ევროპასთან და როგორ ეს აისახება ჩვენს რეგიონზე. არარატ მირზოიანმა ევროკავშირს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა. კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის შეფასებით, სომხეთმა თავისი ვექტორული პოლიტიკა შეცვალა, იმისათვის, რომ ეს სტაბილური ყოფილიყო დასავლეთმა დააჩქარა ეს ურთიერთობა. როგორც მან აღნიშნა, სომხურმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მათი ხალხისთვის ფაქტები ჰქონოდათ. გარდა ამისა, არეშიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთმა ნაბიჯმა სომხეთი უფრო გააქტიურა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ უახლოვდა სომხეთი ევროპას ელვისებური სისწრაფით და რა ასახვა ექნება ამას ჩვენს რეგიონზე.
“სომხეთის ასე სწრაფი დაახლოება ევროპასთან განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სომხეთმა თავისი ვექტორული პოლიტიკა მკვეთრად შეცვალა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ვექტორული პოლიტიკის ცვლილება სტაბილური იყოს, დასავლეთს სჭირდებოდა ფორსირებული ურთიერთობა სომხეთთან. ამიტომ მოხდა ეს ასე ძალიან დაჩქარებულად, რადგან სომხეთმა აზრი არ შეიცვალოს. საქმე იმაშია, რომ სომხეთის გარკვეული ნაწილი ამ ვექტორის შეცვლას ეჭვის თვალით უყურებს და მთავრობისგან გარანტიებს ითხოვს, რადგან სგან მიტოვებული სომხეთი თურქეთისა და აზერბაიჯანის მსხვერპლი არ გახდეს. სწორედ ამიტომ, სომხურმა დიასპორამ და დღევანდელმა სომხურმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ურთიერთობა დასავლეთთან დაჩქრებული ყოფილიყო და სადემონსტრაციოდ თავისი საზოგადოების წინაშე ფაქტები ჰქონოდათ. ესაა მიზეზი ასე სწრაფად, რომ ხდება ყველაფერი… საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი ნაბიჯმა, რომელიც ბრიუსელისთვის მიუღებელია, წყალი დაასხა სომხეთის აქტიურობაზე და უფრო მეტი შედეგი მისცა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“ვექტორული ცვლილებები, რომელიც ახლა სომხეთში მიმდინარეობს არის მიბმული იმ გეოპოლიტიკურ წრეზე, რომელიც ზოგადად რეგიონში ხდება. ვგულისხმობ ევრაზიულ რეგიონს, როდესაც მსოფლიო წესრიგი ჩამოშლილია, ამ წესრიგის შექმნის მცდელობები გვაქვს. ყველა მსხვილი თუ წვრილი პოლიტიკური მოთამაშე ცდილობს რაც შეიძლება უკეთესი სასტარტო მდგომარეობა ჰქონდეს ხვალინდელი დღისათვის. ამიტომ პროგნოზირება იმისა, თუ რა მოხდება ჩვენს რეგიონში, რთული სათქმელია, რადგან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგებზე ძალიან ბევრი რამეა მიბმული, ასევე, იმაზეც თუ რამდენად მალე მოეწერება ხელი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებას და როგორ დასრულდება ეს სამშვიდობო მოლაპარაკება. ამრიგად, ჩვენი ხვალიდნელი დღე ბევრად არის დამოკიდებული გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და ამ შექმნილ ვითარებაში რამდენად მოქნილად იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება”, – დასძენს მამუკა არეშიძე.