რომელ ფლანგს ექნება მეტი მხარდაჭერა – არჩევნებში ჩართვის მომხრეებს თუ ბოიკოტში მყოფებს
უვიზოს გაუქმების შესაძლო ვადები – “თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მგონია, რომ 2026 წლიდან ამოქმედდება სავიზო რეჟიმი”
სომხეთი და აზერბაიჯანი შესაძლოა ზანგეზურის თემის მოგვარების ამერიკული მოდელისკენ იხრებოდნენ – გადის თუ არა თამაშიდან რუსეთი?
* * *
რომელ ფლანგს ექნება მეტი მხარდაჭერა – არჩევნებში ჩართვის მომხრეებს თუ ბოიკოტში მყოფებს
“ბარიერგადალახული ოპოზიციის ორივე ფლანგს 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის საკუთარი გეგმები აქვთ – ბოიკოტის მომხრე 8 პარტია და მათი აქტივისტები რეგიონებში “წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას” იწყებენ. არჩევნებში ჩართვის მომხრეები კი, თავის მხრივ მონაწილეობისთის ემზადებიან, მიუხედავად მათი ლიდერების ციხეში ყოფნისა. “ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, სისტემურ ოპოზიციად იქცევა, რომელიც დიქტატურულ ძალას დემოკრატიული პროცესების იმიტაციაში დაეხმარება – წინააღმდეგობა შესუსტდება”, – აცხადებენ ენმ-ში. “ბოიკოტი მკვდრადშობილი იდეაა. არ მჯერა ისეთი იდეის, რომლის საბოლოო შედეგადაც “ქართული ოცნება” საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში იქნება უფრო ძლიერი, უფრო მეტი წვდომით საბიუჯეტო სახსრებზე, უფრო მეტი წარმომადგენლობით”,- მიაჩნიათ “ლელოში”. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ბოიკოტის მომხრეებს მეტი მხარდაჭერა ექნებათ, ვიდრე არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რომელ ფლანგს ექნება მეტი მხარდაჭერა – არჩევნებში ჩართვის მომხრეებს თუ ბოიკოტში მყოფებს.
“უფრო მეტი მხარდაჭერა ექნებათ იმათ, ვინც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, რადგან მაგალითად, წინა არჩევნებში “კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე “ლელომ” და გახარიას პარტიამ, თან “ლელოს” გადაწყვეტილებას ემიჯნება ამ პარტიის მომხრეთა გარკვეული ნაწილი, მათ შორის პოლიტიკური ელიტაც, რომლებმაც პოლიტიკური საბჭო დატოვეს. რეგიონებში გასვლა კარგია, უნდა შეხვდნენ არა მარტო თავიანთ მომხრეებს, არამედ ნეიტრალურად განწყობილ ადამიანებსაც. არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციას არაფერს არ მოუტანს, რადგან ძალიან ბევრი არ წავა არჩევნებზე”, – განაცხადა ჩიტაძემ. მისი პროგნოზით, 4 ოქტომბერს ბოიკოტის მომხრეებისგან შესაძლოა დიდი აქცია დაიგეგმოს. “წესით, ძალიან ბევრი ხალხი უნდა შეიკრიბოს, ვინც გააპროტესტებს, მათ შორის საარჩევნო უბნებთან და შემდგომში თუნდაც რუსთაველზე და აჩვენონ, რომ უმრავლესობა არჩევნების წინააღმდეგია”, – თქვა ჩიტაძემ. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი აცხადებს, რომ არჩევნების მომხრე ოპოზიციურ ფლანგს უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება, ვიდრე ბოიკოტის მომხრეებს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“თუ ზოგადად ელექტორატი ნორმალურად აზროვნებს, მაგათ რა მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ? ოპოზიციურ ელექტორატს რაც შეეხება, ისინი მხარს როგორ უნდა უჭერდნენ იმ ხალხს, რომლებიც პირდაპირ მოწოდებულები არიან იმისთვის, რომ მოლოტოვის კოქტეილები ისროლონ და ქართველო პოლიციელები ცოცხლად დაწვან. ვფიქრობ არჩევნების მომხრეებს უფრო მეტი ელექტოლარული მხარდაჭერა ექნებათ, ანუ “ლელოს” და “გახარია საქართველოსთვის””. ბოიკოტის მომხრეები არიან სახელმწიფო გადატრიალების პოტენციური მომხრეები, მათ გეგმაში აქვთ გადატრიალება, სისხლისღვრა. უბედურება, შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლა და საქართველოს ომში ჩაბმა. იარონ რეგიონებში რამდენიც უნდათ. მაგათ ჰგონიათ, რომ რეგიონის ხალხი ბრიყვია, აზროვნება არ აქვთ და მათ საქართველოს ომში ჩართვა უნდათ. მე მაგ უბედურებს ასეთ რამეს შევახსენებდი, მთაწმინდაზე ნახონ რამდენი ქალაქელია დაკრძალული და რამდენია რეგიონიდან”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას ეხმაურება, მისი თქმით, იმ პარტიებმა, რომლებიც 4 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობის მიღების მზაობა გამოთქვეს, 19 ივლისის აქციაზე დაინახეს, თუ რა იყო საპროტესტო ელექტორატის მოთხოვნა და დაკვეთა. “4 ოქტომბერს რომ არჩევნები იყოს, ყველა პოლიტიკოსი დიდი სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ ქვეყანაში არჩევნები აღარ ტარდება, ამიტომ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ორი მთავარი მიზეზია, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, სისტემურ ოპოზიციად იქცევა, რომელიც დიქტატურულ ძალას, ივანიშვილის ბანდის სახით, დემოკრატიული პროცესების იმიტაციაში დაეხმარება. მეორე: წინააღმდეგობა შესუსტდება, ის რაც მთავარ დაბრკოლებას უქმნის რეჟიმს, რაც შიდა დაპირისპირებებსა და რყევებს იწვევს, ასევე საერთაშორისო ზეწოლას, რაც ერთადერთი გზაა მსგავსი რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლველად. მონაწილეობის მიღებით ამ ბრძოლას დააზიანებს პოლიტიკური აქტორი”, – მიიჩნევს ფავლენიშვილი, რომლის თქმით “ერთადერთი, რაც უნდა შეცვალოს არის პოლიტიკური აქტორების მიერ მიღებული გადაწყვეტილება”, – განაგრძობს გამოცემა.
“ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობის არ მიღებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ, “ქოცი” იყო, რომლებიც კვლავ “ქოცურ” ნარატივს მიყვებიან”. “სინამდვილეში ვისაც უნდა რომ პროტესტში და წინააღმდეგობაში ნიჰილიზმი დათესოს, არის ივანიშვილი და მისი ბანდა. ამ ქვეყანაში ყველამ იცის, რომ დიქტატურული რეჟიმები მარცხდება არა სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებით, არამედ ბრძოლით, წინააღმდეგობით, საპროტესტო გამოსვლებითა და არ თანამშრომლობით. ერთადერთი გზა ივანიშვილის ბანდის დემონტაჟის არის ეს და არა ისეთ პროცესში შესვლა, რომელშიც თავიდანვე განწირულები არიან პოლიტიკური ძალები მარცხისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ. თუ ეს ხალხი საპროტესტო ელექტორატის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას არ დაჰყვება, მათთვისვე იქნება ცუდი…” – განაცხადა ფავლენიშვილმა”, – დასძენს გამოცემა
“ბოიკოტი არის მკვდარი თემა, მკვდარი სტრატეგიაა. მკვდარია ბოიკოტი, ეს გულწრფელად უნდა ვთქვათ, როგორც არ უნდა ეწყინოთ ჩვენს კოლეგებს, – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა. კუპრაძის თქმით, ბოიკოტი მკვდრადშობილი იდეაა. “პატივს ვცემთ მათ არჩევანს, არ ვაკრიტიკებთ, არ ვლანძღავთ, არ ვეძახით რაღაც საშინელ სიტყვებს, როგორც გვეძახინ, მაგრამ ბოიკოტი მკვდრადშობილი იდეაა. არ მჯერა ისეთი იდეის, რომლის საბოლოო შედეგადაც “ქართული ოცნება” საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში იქნება უფრო ძლიერი, უფრო მეტი წვდომით საბიუჯეტო სახსრებზე, უფრო მეტი წარმომადგენლობით”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ, როლის აზრით “პლუს, ამ ყველაფერს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიითვის გამოიყენებს”, – წერს სტატიის ავტორი.
უვიზოს გაუქმების შესაძლო ვადები – “თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მგონია, რომ 2026 წლიდან ამოქმედდება სავიზო რეჟიმი”
“არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებულ იქნას საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც, საბოლოო ჯამში, არის ხელისუფლების შეცვლა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, კანონები შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ამის მიბმა უვიზო მიმოსვლასთან, არის ჩვეულებრივი თვითნებობა. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, 61 ქვეყანასთან აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა და “რომელ ქვეყანაში არის უფლებები უფრო მეტად დაცული, ვიდრე საქართველოში”. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ ევროკავშირი საქართველოს 2026 წლამდე სავიზო რეჟიმს არ დაუწესებს. “მე ასე მგონია, რომ თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ევროკავშირის ფარგლებში, 2026 წლიდან ამოქმედდება სავიზო რეჟიმი საქართველოსთან”- მიიჩნევს ჩიტაძე”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უვიზოს გაუქმების შესაძლო ვადები – “თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მგონია, რომ 2026 წლიდან ამოქმედდება სავიზო რეჟიმი”.
“შეგახსენებთ, სულ ბოლო იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც გაფართოების კომისარი, ქალბატონი კოსი ესწრებოდა. ეს დასკვნა, თუ რეზოლუცია შედგენილი იყო რასა იუკნევიჩიენეს მიერ და ქალბატონი კომისარის შექების და კომპლიმენტების ფონზე მიიღეს რეზოლუცია, რომელსაც დღემდე ევროკავშირის ელჩი არ გამიჯვნია. სადაც წერია, რომ ისინი არ აღიარებენ ქართველი ხალხის არჩევანს. ამ პირობებში ვართ დღეს და ნახეთ ახლა ბოლო ე.წ. წერილი. ვინაიდან გადაწყვეტილებები არ მიიღება ამ შეხვედრებზე, გადაწყვიტეს, ახლა წერილი მოეწერათ, რადგან გადაწყვეტილება არ იყო. ეს პროცედურა რომ ავხსნათ, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს ვიზის გარეშე მიმოსვლის შესაძლებლობა, ყოველწლიურად ევროკავშირი ყველა ამ ქვეყანასთან დაკავშირებით აქვეყნებს გარკვეულ ანგარიშს, აკმაყოფილებს თუ არა უვიზო მიმოსვლისთვის საჭირო პირობებს. როგორც წესი, ეს პირობები ეხება მიგრაციის საკითხებს, რომ საფრთხე არ შეიქმნას ჩვენი ქვეყნის გავლით ევროკავშირში მოუწესრიგებელი მიგრაციის და სხვადასხვა საკითხებს სახელმწიფო სტრუქტურების და ა.შ. ამბობს შალვა პაპუაშვილი პირველი არხის გადაცემაში “აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად”. მისი თქმით, “საქართველო წლიდან წლამდე მიყვება და ახლაც ეს პროცესი ჩვეულებრივად მიდის”, – აღნიშნავს გამოცემა.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო, შსს, ჩვეულებრივად კომუნიკაციაში არიან ევროპულ სტრუქტურებთან, რათა კიდევ ერთხელ განუახლონ ინფორმაცია, რა ხდება საქართველოში ამ მხრივ. თუ შევხედავთ, რა ხდება საქართველოში ამ მხრივ, სულ ახლახან ჩვენ მივიღეთ მიგრაციასთან დაკავშირებით ახალი კანონმდებლობა და მათ შორის, ხედავს შედეგებს ჩვენი მოსახლეობა, რომ საქართველოდან უკანონო მიგრანტების გაძევება უფრო გამარტივდა, ეს ევროკავშირის მოლოდინიც და მოთხოვნაც იყო, ამას ჩვენ ვასრულებთ. არის სხვა მიმართულებები – ანტიკორუფციული მიმართულება, სადაც ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩვენს საშინაო დავალებებს უვიზო მიმოსვლისთვის ჩვეულებრივად ვასრულებთ და ეს პროცესი ასეც მიდიოდა. მაგრამ უცებ აღმოჩნდა რაღაც პოლიტიკური მოთხოვნები, უფრო სწორედ, აღმოჩნდა, რომ არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებულ იქნას საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც, საბოლოო ჯამში, არის ხელისუფლების შეცვლა. ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად უკონტექსტოდ. უცებ აღმოჩნდა, რომ ვიღაცას არ მოსწონს ოჯახური ღირებულებები, ქართული გაგება ოჯახური ღირებულებებისა. ვიღაცას არ მოსწონს გამჭვირვალობა. ვიღაცას შეიძლება, კიდევ ბევრი სხვა რამ არ მოეწონოს, მაგრამ ამის მიბმა უვიზო მიმოსვლასთან, არის ჩვეულებრივი თვითნებობა, ვინაიდან არანაირი კავშირი უვიზო მიმოსვლასთან ამას არ აქვს”, – ამტკიცებს პაპუაშვილი”, – განაგრძობს გამოცემა.
“61 ქვეყანასთან აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა. ჩახედეთ სიას ამ ქვეყნებისა და მოქალაქეებმა თავად დაასკვნან, რომელ ქვეყანაში არის უფლებები უფრო მეტად დაცული, ვიდრე საქართველოში… ქრონოლოგიურად რომ შევხედოთ, იყო წერილი, შემდეგ გამოვიდა ევროკავშირის ელჩი. სხვათა შორის, წერილში არ წერია არანაირი თარიღი, ზეპირად ითქვა. გამოვიდა ელჩი და თქვა, რომ 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, რაც ნიშნავს, რომ პირველი სექტემბრიდან შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო. რაც გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია. არანაირი 31, 00:00 საათი დადგა და ახლა ფაეტონი იქცევა გოგრად – ასეთი რაღაცები არ ხდება სტრუქტურებში, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება. ეს ერთი. მეორე – ეს თემა შემოაგდეს, რომლითაც, ფაქტობრივად, მისცეს საკვები ოპოზიციას. ოპოზიცია დარჩენილია ყოველგვარი იდეის გარეშე და აჰა, ადექით ახლა და იპარაზიტეთ ამ თემაზე, რომ რაიმენაირად იქნებ ააღელვოთ საზოგადოება”, – დაასკვნის პაპუაშვილი პირველი არხის ეთერში”, – დასძენს გამოცემა
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ ევროკავშირი სავიზო რეჟიმს 2026 წლიდან აამოქმედებს. მისივე აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სექტემბრიდან მოხდეს. “მე ასე მგონია, რომ თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ევროკავშირის ფარგლებში, 2026 წლიდან ამოქმედდება სავიზო რეჟიმი საქართველოსთან. თუმცაღა ეს რა თქმა უნდა, რაღაც პროცედურებთან არის დაკავშირებული. მართალია იქ 8 ქვეყანა ეწინააღმდეგება ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ვიცით, საერთო ჯამში საჭიროა 15 ქვეყნის თანხმობა. ამიტომაც ვიზალიბერალიზაციის გაუქმება კონსენსუსს არ საჭიროებს, სხვა საკითხებისგან განსხვავებით. ასე რომ, ელჩის განცხადება არ არის დეზინფორმაცია და ევროკავშირში ეს თემა სერიოზულად განიხილება. ჩემი აზრით, შესაძლოა სექტემბრიდან არა, მაგრამ ახალი წლიდან სავიზო რეჟიმი ამოქმედდეს. ნეტა ეს არ მოხდეს, თუმცა, აღნიშნულის შესაძლებლობა არსებობს”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ, – წერს სტატიის ავტორი.
სომხეთი და აზერბაიჯანი შესაძლოა ზანგეზურის თემის მოგვარების ამერიკული მოდელისკენ იხრებოდნენ – გადის თუ არა თამაშიდან რუსეთი?
“სომხეთი, აზერბაიჯანი და აშშ შეთანხმდნენ მემორანდუმზე, რომელიც ე.წ. ზანგეზურის დერეფნის ამერიკული კომპანიის მხრიდან მართვას ითვალისწინებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა „”პერიოდისტა დიხითალი” ავრცელებს ინფორმაციას. გამოცემა წერს, რომ საფრანგეთში სომხური დიასპორის წარმომადგენლების საშუალებით მოიპოვა კონფიდენციალური დოკუმენტი სახელწოდებით – “ურთიერთგაგების მემორანდუმი ტრამპის ხიდის სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ”. წყაროების ცნობით, ეს ტექსტი უკვე დამტკიცებულია სომხეთში, აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებში. ესპანური გამოცემა წერს, რომ მემორანდუმი ითვალისწინებს “ტრამპის ხიდის ორმხრივი რეგიონული ეკონომიკური დერეფნისა და თავდაცვის კარიბჭის” პროექტის განხორციელებას. 42-კილომეტრიანი სატრანსპორტო დერეფანი სომხეთის რესპუბლიკის სიუნიქის რეგიონს გაივლის. სომხური დიასპორისთვის ხელმისაწვდომ მემორანდუმში ნათქვამია, რომ სომხეთი ინარჩუნებს სუვერენიტეტს სიუნიქის რეგიონზე. თუმცა დაზუსტდა, რომ სატრანსპორტო დერეფნის მართვას კერძო ამერიკული კომპანია განახორციელებს, რომელმაც შესაბამისი ლიცენზია მიიღო”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სომხეთი და აზერბაიჯანი შესაძლოა ზანგეზურის თემის მოგვარების ამერიკული მოდელისკენ იხრებოდნენ – გადის თუ არა თამაშიდან რუსეთი?
“დერეფნის გამოყენებით მიღებული შემოსავლების განაწილება ამ შეთანხმების ძირითად ინტერესებს უსვამს ხაზს. აშშ-ის მმართველი კომპანია შემოსავლის 40 პროცენტს მიიღებს, ხოლო სომხეთი – მხოლოდ 30 პროცენტს. გამოცემის ცნობით, ამერიკულ კომპანიას მუშაობის ლიცენზია 99 წლით მიეცემა. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი ითვალისწინებს აშშ-ის მნიშვნელოვანი ძალების განლაგებას სომხეთის ტერიტორიაზე. არსებული ინფორმაციით, ეს არ იქნება აშშ-ის რეგულარული სამხედრო ძალები, არამედ იქნება კერძო ამერიკული სამხედრო კომპანია. 1 000 სამხედრო პასუხისმგებელი იქნება სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. გამოცემის შეფასებით, მემორანდუმის დებულებების განხორციელების მთავარი ბენეფიციარები ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი იქნებიან”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მიუხედავად იმისა, რომ თურქეთისთვის, შეიძლება, ეკონომიკური სარგებელი იყოს, შეერთებული შტატები, თავისი სტრატეგიული ინტერესების ფარგლებში, უპირველეს ყოვლისა, სომხეთსა და ირანს შორის საზღვარზე მტკიცე კონტროლის დამყარებას ისახავს მიზნად. თავდაპირველად საზღვარს მძიმე შეიარაღების გარეშე ჯარისკაცები გააკონტროლებენ. თუმცა, არმიისთვის ეს ნიშნავს, რომ ირანსა და ისლამური რესპუბლიკის მთავარ მტერს, შეერთებულ შტატებს შორის მანძილი აღარ იქნება. ეს ხმელთაშუა ზღვიდან სამხრეთ კავკასიამდე გადაჭიმულ რეგიონში მასშტაბური ომის დაწყების საფრთხეს ქმნის. სომხურ-ამერიკული მემორანდუმი სომხეთისთვის კატასტროფაა. ის მას ყველანაირ სუვერენიტეტს ართმევს. აშშ-ის მიერ ეს ოკუპაცია ამ პატარა ქვეყნის პრობლემებს ვერ გადაჭრის. ამით მხოლოდ შეერთებული შტატები და თურქეთი ისარგებლებენ”, – წერია სტატიაში. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი თამაშიდან გადის”, – დასძენს გამოცემა.
“პრინციპში ეს ნიშნავს, რომ რუსეთი თამაშიდან გადის. მანამდე სომხეთი თავს იკავებდა და თითქოს უარყო, რომ ეს ამერიკული კომპანია ჩართული ყოფილიყო ამ ოპერაციის განხორციელებაში, მაგრამ როგორც ჩანს, შემდგომში სიტუაცია შეიცვალა, განსაკუთრებით რუსეთის მიერ ხისტი განცხადების მერე. თუ ეს ნამდვილად ასეა და ამერიკული კომპანია შემოდის, მაშინ ეს ნიშნავს, რომ რუსეთს გზა ეკეტება თუნდაც რეგიონში. ამ შემთხვევაში განმეორდება 1994 წლის საუკუნის პროექტის შექმნის პრეცედენტი. როგორც მოგეხსენებათ, მაშინაც რუსეთი არ მიიწვიეს პროექტის რეალიზაციის საქმეში, რომლის დროსაც რუსეთის მმართველი, პრეზიდენტი ელცინი იყო. რუსეთმა თავისი არსით ამ პროექტს ანტირუსული უწოდა. სხვათა შორის, საქართველოსთან ომის დაწყების ერთ-ერთი საბაბი სწორედ ეს იყო. ომის პერიოდში რუსეთმა დაბობმა კიდეც თბილისი-ბაქო-ჯეიხანის ნავთობსადენთან არსებული ტერიტორიები და ეს იყო ერთგვარი გამოძახილი. დაახლოებით ახლაც ასეთი სიტუაცია ხდება და როგორც 1994 წელს, ახლაც რუსეთი თამაშგარე მოთამაშე ხდება”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
