გია ხუხაშვილი – “ჯერჯერობით სალომე ზურაბიშვილი ვერ ახერხებს რაიმე რეალურის გაკეთებას და ეს სამწუხარო რეალობაა”
შეუძლია თუ არა ოპოზიციას დიდი ქალაქების მოგება – არჩევნები ძველი წესებით და ვენეციის კომისიის ახალი მოთხოვნა
გიორგი გობრონიძე – “რასაც უკრაინას სთავაზობენ, კაპიტულაციაა”
* * *
გია ხუხაშვილი – “ჯერჯერობით სალომე ზურაბიშვილი ვერ ახერხებს რაიმე რეალურის გაკეთებას და ეს სამწუხარო რეალობაა”
“ნებისმიერ ბრძოლას სჭირდება სარდალი. ეს პოლიტიკური პროცესია და პოლიტიკური გონი, ხელმძღვანელობა სჭირდება. სწორედ აქ გვაქვს სერიოზული პრობლემა. ამ ბრძოლაში პოლიტიკური სარდლობა, ფაქტობრივად, არ არსებობს. არის არმია, რომელიც შედგება უამრავი სოციალური თუ პროფესიული ჯგუფისგან, ჩვენ ეს მარშების სახით ვიხილეთ, მაგრამ ამ ყველაფრის აკუმულირება, კონსოლიდაცია რომ მოხდეს, ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფია საჭირო. სამწუხაროდ, პოლიტიკური კლასი, რომელიც დასავლური მიმართულების აპოლოგეტად გამოდის, არ აღმოჩნდა მზად, რომ ამ პროცესს უხელმძღვანელოს. ამას აქვს, რა თქმა უნდა, ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. მათ აქვთ პრეტენზია, რომ იყვნენ ამ პროცესის მართვის სადავეებთან, მაგრამ რატომღაც არჩიეს არა საჭესთან დაჯდომა, არამედ უკანა სავარძელზე მოკალათება და იმ ილუზიაში ჩაძირვა, რომ ეს პოლიტიკური პროცესი ა-დან ბ წერტილში თავისით მივა და ბოლოს ამისთვის დამსახურებას თვითონ მიიწერენ. ასეთი უცნაური ვითარებაა”, – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სალომე ზურაბიშვილს აქვს სწორი გეგმა, მაგრამ…”
“ოპოზიციაში, ძირითადად, გარე ფაქტორებზე აპელირებენ, თითქმის აღიარებენ, რომ თვითონ არაფერი შეუძლიათ და იმის იმედად არიან, გარედან ვიღაც დისტანციური პულტით წარმართავს ამ ყველაფერს და მიიყვანს სასურველ შედეგამდე. ასე არ ხდება რეალურ პოლიტიკაში. ეს არის საკუთარი უსუსურობის დემონსტრირება და ამას მშვენივრად ხვდება ის საზოგადოება, რომელიც პროტესტის მამოძრავებელი ძალაა. გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნევს ძალის დემონსტრირებას, ბუნებრივია, მას კიდევ უფრო დიდი ძალა უნდა დაუპირისპირდეს. ამ ძალის ფორმირებას ორი ელემენტის კომბინაცია სჭირდებოდა – შიგა პროცესის ეფექტიანი მართვა და საგარეო ზეწოლა. ამას ერთად უნდა გაეჩინა გარკვეული სინერგია. მიზეზთა გამო საგარეო ფაქტორები მუშაობს, მაგრამ შეყოვნებით, რაც გამოიწვია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომლის მერეც ბუნდოვანი გახდა, საით მიდის სამყარო და როგორი იქნება მომავალი მსოფლიო წესრიგი. ამ ეტაპზე საქართველოს თემა დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც არის სტაგნაცია. ის სინერგია, რასაც უნდა ჩამოეყალიბებინა ხელისუფლებისთვის გადაულახავი ძალა, არ არსებობს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდეტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“თვითონ ხელისუფლებაც გაუგებრობაშია. არ იცის, მთავარ მტრად გამოცხადებული “დიფ სთეითი” როდის დამარცხდება, ან დამარცხდება თუ არა საერთოდ, შესაბამისად, დიდი აქტივობებით ისინიც არ გამოირჩევიან, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც აგრძელებენ ავტორიტარიზმისკენ, ძალაუფლების აბსოლუტიზაციისკენ სვლას. კეტავენ ყველა მიმართულებას, იყენებენ მათ ხელთ არსებულ რესურსებს – ეკონომიკურს, ძალისმიერ, ე.წ. მართლმსაჯულებრივს და ა.შ. საზოგადოდ, ავტორიტარული რეჟიმები ერთგვარი ბულიმიით არიან დაავადებული, ვერ ჩერდებიან, მუდმივად ახალი და ახალი სეგმენტების შეჭმას ცდილობენ. აი, ამ პროცესში ვართ დღე”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“სალომე ზურაბიშვილს აქვს სწორი გეგმა, მაგრამ ეს დღეს კი არა, გუშინ უნდა გაკეთებულიყო… მეც ვეთანხმები მე-5 პრეზიდენტს, რომ პოლიტიკურ ერთიანობაზე ლაპარაკი არასწორია, პროდასავლური პარტიები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც შიდაპოლიტიკური ხედვებით, ისე ისტორიით და ა.შ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ ერთიანობაზე ლაპარაკი არაკონსტრუქციულია. რა თქმა უნდა, უნდა იყოს კოორდინაცია. ამ პროცესში 2 თემა არსებობს: ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ საარჩევნო მდგომარეობას, რათა ქვეყანას ჰყავდეს ლეგიტიმური ხელისუფლება; და მეორე – გვაქვს უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ვექტორი. ამ ყველაფერს სჭირდება პროდასავლური ძალების კოორდინაცია და თანამშრომლობა. ამის პარალელურად პოლიტიკური კონკურენცია ამ პარტიებს შორის უნდა იყოს და ეს იქნებოდა სწორი”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, მას თავისი მიზნები და ამოცანები აქვს. თავს სამყაროს ცენტრად მიიჩნევენ და როდესაც ერთიანობაზე ლაპარაკობენ, გულისხმობენ მათი ორბიტის გარშემო გაერთიანებას, რაც შეუსრულებელი ამოცანაა. რაც მთავარია, ამ ტიპის ერთიანობის თეორიული შანსიც რომ დავუშვათ, ეს მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია. მათი მთავარი პოლიტიკური იარაღია მუდმივად “ნაციონალურ მოძრაობასთან” დატოლება და საზოგადოებისთვის ამგვარი გზავნილის გაგზავნა, კი ბატონო, მე ცუდი ვარ, მაგრამ ჩემ წინ ხელისუფლება კიდევ უარესი იყოო. წმინდა პოლიტიკურადაც ის ერთიანობა, რაზეც “ნაციონალური მოძრაობა” ლაპარაკობს, წამგებიანი იქნება… კი, ზურაბიშვილი ლაპარაკობს ძალთა კოორდინირების აუცილებლობაზე, მაგრამ, ფაქტია, ვერ აკეთებს ამას. რომ გითხრათ, ამ მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს დგამს-მეთქი, თავს მოვიტყუებთ. ეს ეპიზოდური შეხვედრები, სწორი იდეების გახმოვანება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს საქმედ იქცევა. პოლიტიკაში მთავარი რიტორიკა კი არა, ქმედებაა… ჯერჯერობით სალომე ზურაბიშვილი ვერ ახერხებს რაიმე რეალურის გაკეთებას და ეს სამწუხარო რეალობაა”, – ამბობს გია ხუხაშვილი.
“ხელისუფლების ახალ-ახალი საკანონმდებლო ცვლილებები იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ცდილობენ დაასუსტონ და გააქრონ ქვეყანაში ნებისმიერი ალტერნატივა, რათა როდესაც დრო მოვა, ანუ როდესაც დადგება გარე აქტორებთან საუბრის დრო, თქვან, კი ბატონო, მე ცუდი ბიჭი ვარ, მაგრამ ქვეყანაში სხვა ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს, ურთიერთობა თუ გინდათ, ჩემთან უნდა იურთიერთოთო. ეს არის “ქართული ოცნების” პოლიტიკური ამოცანა, მაგრამ ამის გარდა აქვს კიდევ ერთი გაცილებით დიდი მიზანიც – საზოგადოების გათითოკაცება, პროტესტის ქუჩიდან სამზარეულოში შეკეტვა, კონფორმისტული საზოგადოების ჩამოყალიბება… და ეს უკვე გრძელვადიანი ამოცანებია”, – თვლის რესპონდენტი,
“ოცნების” მეთოდოლოგია ან შპარგალკების სახით არის მოსკოვიდან ჩამოტანილი, ან კიდევ უფრო მძიმედ არის საქმე და პირდაპირ იქიდან ჩამოსული ჯგუფები მოქმედებენ ნაბიჯ-ნაბიჯ და კრემლის გეგმებს კაგებე-ეფესბეში დამუშავებული ინსტრუქციებით ასრულებენ. ძალიან ბევრი ანალოგიაა იმასთან, თუ რა ხდებოდა 10-15 წლის წინ რუსეთში, თითქმის იმავეს იმეორებენ რიტორიკის, პროპაგანდის თუ ქმედებების დონეზე. საბოლოო ამოცანაა ჩვენი საზოგადოებაც რუსულივით ნაჭუჭში ჩაიკეტოს, თუმცა ასე არ გამოუვათ. რუსეთში ყველაფერი რუსული სამყაროს, დიადი “დერჟავის” იდეას ემყარება. საქართველოში ასეთი იდეა არ არსებობს, ამიტომაც ხელოვნური და არასტაბილურია ეს ყველაფერი… მატერიალური მხარეც რომ ავიღოთ, ავტორიტარულ სისტემებს სჭირდებათ კვების მუდმივი წყარო, რაც რუსეთს აქვს ბუნებრივი რესურსების სახით. საქართველოში ასეთი კვების წყარო არ არსებობს და არის საფრთხე, რომ საბოლოოდ ეს ურჩხული საკუთარ მშობელს შეჭამს. საფრთხე ივანიშვილს პროტესტანტი საზოგადოებისგან კი არ ემუქრება, არამედ თავისივე შექმნილი სისტემისგან. ამ რეჟიმს გრძელვადიანი სტრატეგიული მომავალი არა აქვს. უფრო პაროდიულია ის ავტორიტარიზმი, რაც საქართველოშია, იმის პაროდიაა, რაც რუსეთში ხდება”, – ამტკიცებს ექსპერტი.
“ოცნების” ვიზიტებიც, ჩემი აზრით, წმინდად ადამიანურ დონეზე ჩაწყობილი ვიზიტებია. ესაა უფრო პროპაგანდისტული ვიზიტი, ვიდრე რეალური პოლიტიკის ნაწილი. სამხარაძის განცხადებებიც უფრო შიდა პოლიტიკისთვის, სისტემის `დასაბოლებელი~ განცხადებებია, თითქოს ყველაფერი კარგად არის. თუმცა ტრამპის არჩევამ მეტად ბუნდოვანი ვითარება შექმნა, საქართველოსთან დაკავშირებითაც, “ოცნებამ” კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ საერთოდ გავმქრალიყავით ამ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პოლიტიკური დღის წესრიგიდან. საქართველო ხურდაში გადასაყოლებელ ელემენტად აქციეს. ეს ბიძინა ივანიშვილმა სრულიად შეგნებულად გააკეთა. მისი გათვლა, დარწმუნებული ვარ, ასეთია: რაკი ჰგონია, საბოლოოდ ტრამპი და პუტინი დასხდებიან, ძლიერის დომინირების პოლიტიკის ინსტრუმენტებით შეთანხმდებიან და გაიყოფენ მსოფლიოს, საქართველოსაც ისინი მიუჩენენ ადგილს. ივანიშვილმა ყველაფერი იმისკენ წაიყვანა, რომ ჩვენ დღეს ვართ დახლზე დადებული პროდუქტი, თვითონ კი დარწმუნებულია, რომ ჩვენ ამ განაწილებაში აუცილებლად რუსეთის იმპერიაში მოვხვდებით. მოკლედ, აქეთ მიჰყავს პროცესი და ელოდება, ტრამპი და პუტინი სად მიგვიჩენენ ადგილს”, – დაასკვნის გია ხუხაშვილი.
შეუძლია თუ არა ოპოზიციას დიდი ქალაქების მოგება – არჩევნები ძველი წესებით და ვენეციის კომისიის ახალი მოთხოვნა
“ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს, რადგან მას დიდ ქალაქებში წარმატების მისაღწევად ყველა წინაპირობა აქვს. თავად ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ არჩევნებამდე 6 თვით ადრე ამ თემის გააქტიურება მმართველი პარტიის სტრატეგიის ნაწილია და ამაზე მსჯელობას არ აპირებენ. ვენეციის კომისია კი კრიტიკულად აფასებს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექტსში შეტანილ ბოლო ცვლილებებს და მათ გაუქმებას ითხოვს. უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წალენჯიხის მერი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, აწ გარდაცვლილი გიორგი ხარჩილავა გახდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ხმების 51.11% მიიღო, ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გოგა გულორდავამ – 48.89%. ეს პრაქტიკულად ერთდართი შემთხვევაა ბოლო 13 წლის განმავლობაში, როდესაც “ოცნება” დამარცხდა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეუძლია თუ არა ოპოზიციას დიდი ქალაქების მოგება – არჩევნები ძველი წესებით და ვენეციის კომისიის ახალი მოთხოვნა.
“ადგილობრივი არჩევნებისთვის აქტიური მზადება კი მმართველმა პარტიამ, პრაქტიკულად, ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. 2024 წლის დეკემბერში პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები იმავე წესით ჩატარდება, როგორიც 2017 წელს იყო, 2021 წელს მიღებული წესები კი გაუქმდა. ახლა ვენეციის კომისია თავისი ბოლო რეკომენდაციით ამ ცვლილებების გაუქმებას ითხოვს და მიაჩნია, რომ მოქმედი წესი აძლიერებს მაჟორიტარულ კომპონენტს, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს მმართველი პარტიის პოზიციების კიდევ უფრო გამყარებას. “ქართული ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ “ეს არის პოლიტიკური განცხადება, რომელსაც კავშირი არ აქვს სამართლებრივ ნაწილთან”. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვილსკის თქმით, “საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანით სწორედ პრევენცია მოხდა რევოლუციური გზის ერთ-ერთი მიმართულებისა და მიზანი არ ყოფილა ოპონენტების პოლიტიკური მონაწილეობის და ჩართულობის შეზღუდვა”. ამასთან, 2024 წელს საარჩევნო კოდესში მიღებული ცვლილებების თანახმად, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის მსგავსად 4%-იანი ბარიერით ჩატარდება. შესაბამისად, გაუქმებულია 2021 წლის ივნისში მიღებული წესი, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტების საკრებულოების დაკომპლექტებისას 4%-დან 2.5%-მდე (თბილისში) და 3%-მდე (სხვა მუნიციპალიტეტები) შემცირდა საარჩევნო ბარიერი”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ანალიტიკოსთა შეფასებთ, “ოცნებას” საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით აქცენტი მაჟორიტარებზე აქვთ გაკეთებული, რადგან პარტიული სიით და პროპორციული არჩევნებით საკრებულოებში უმრავლესობის მიღების იმედი არ აქვთ. გარდა ამისა, გაზრდილი საარჩევნო ბარიერით ნაკლებ პარტიას შეეძლება საკრებულოში შესვლა და ესეც “ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს. რაც შეეხება მერების არჩევნებს, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შეიძლება “ოცნებას” ამ ნაწილში სერიოზულად გაუჭირდეს და დიდ ქალაქებში ისევ დაიდოს ის შედეგი, რაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში იყო, როდესაც დიდ ქალაქებში მმართველმა პარტიამ 50%-ზე ნაკლები მიიღო. თბილისის ვერც ერთ ოლქში მმართველმა პარტიამ 50%-იანი ზღვარი ვერ გადალახა და გარდა თბილისისა, 50%-იანი ზღვარი ვერ გადალახა ასევე ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და წალენჯიხაში”, – განაგრძობს გამოცემა.
“ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, 2024 წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გაუქმდეს, რადგან ცვლილებები აძლიერებს ადგილობრივ არჩევნებში მაჟორიტარულ კომპონენტს, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს მმართველი პარტიის პოზიციების კიდევ უფრო გამყარებას. “მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ევროპული სტანდარტები ადგილობრივი საკრებულოს არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემას არ არეგულირებს, ეს ცვლილებები, ფართო კონტექსტის გათვალისწინებით, პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას ხელს არ უწყობს. მეტიც, მათ შეიძლება ძირი გამოუთხარონ საარჩევნო უფლების თანასწორობის პრინციპს, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესში ხმის უფლებამოსილების სამართლიან განაწილებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიმართულებით”, – ვკითხულობთ ვენეციის კომისიის დასკვნაში”- დასძენს გამოცემა.
“ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციებია: გასული წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებების გაუქმება; საარჩევნო ოლქების დელიმიტაციის მკაცრი რეგულირება საარჩევნო კოდექსის დონეზე, საარჩევნო ოლქების დელიმიტაციის მკაფიო და ობიექტური კრიტერიუმების განსაზღვრა; მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, საზღვრების დელიმიტაცია მიუკერძოებელ ორგანოს დაევალოს. დამატებითი რეკომენდაციებია: საარჩევნო კოდექსში ნებისმიერი შემდგომი ცვლილება საარჩევნო სისტემის საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი გადახედვის შემდეგ უნდა შევიდეს; ყოვლისმომცველი მიმოხილვა უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო კანონმდებლობას, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს და ითვალისწინებს წინა რეკომენდაციებს, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ფართო საჯარო კონსულტაციების შედეგად მიღწეული ფართო კონსენსუსის შემდეგ. ასევე, უნდა ითვალისწინებდეს მსგავსი კანონმდებლობის სრულად და კეთილსინდისიერად განხორციელების პოლიტიკურ ვალდებულებებს, ადეკვატური პროცედურული და სასამართლო გარანტიებითა და საშუალებებით აღნიშნული კანონმდებლობის ნებისმიერი სახით შეუსრულებლობის დროული შეფასებისთვის. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ “ოცნება” ვენეციის კომისიას საბოლოოდ მაინც არ დათანხმდება”, – წერს სტატიის ავტორი.
“არ მგონია “ქართული ოცნება” ამ ეტაპზე რეკომენდაციებს დათანხმდეს. დღეს “ოცნების” პოლიტიკაა, რომ ყველა მიმართულებით, იქნება ეს სამართლებრივი, საარჩევნო, თუ მედიის თვალსაზრისით, უფრო რეპრესიული გახდეს კანონი და იყოს მორგებული “ქართული ოცნების” ინტერესებზე. აქედან გამომდინარე, ვენეციის კომისიამ რაც არ უნდა რეკომენდაციები მისცეს “ოცნებას”, ის ამას არ გაითვალისწინებს და არ შეასრულებს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ვენეციის კომისიასთან და ზოგადად ევროპასთან ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. თუ “ოცნება” რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, ამით ჩვენს პარტნიორების “ოცნებისადმი” დამოკიდებულება ხომ არ შეიცვლება? თუ “ოცნება” რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ის მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მას გამოადგება პარტნიორებთან ურთიერთობის დალაგებაში. ამიტომაც არ მგონია, რომ გადაწყვეტილება შეცვალოს”, – ცახადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე – “რატომ დააბრუნა “ოცნებამ” 2017 წლის წესები ადგილობრივ არჩევნებზე?” – პასუხობს:
“მაჟორიტარული ოლქები ხელისუფლებისთვის ყოველთვის იყო საყრდენი, საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა თუ ადგილობრივი, და როგორც ჩანს, ამ მიმართულებით თავის დაზღვევის მიზნით გადათამაშება ხდება. საკრებულოებში რაღაც ნაწილი პროპორციული წესით ირჩევა და რაღაც ნაწილი მაჟორიტარული წესით და თუ მაჟორიტარების რაოდენობა იზრდება, ხელისუფლება ფიქრობს, რომ მას უფრო მეტი შანსი აქვს მაჟორიტარებში გაიყვანოს თავისი სასურველი კანდიდატები და ამით შექმნას ადგილობრივ საკრებულოებში უმრავლესობა”.
“კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი იმის მომხრეა, რომ ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მეტიც, მისი თქმით, ოპოზიციას დიდ ქალაქებში მოგების შანსიც აქვს. “ჩემი კითხვა უფრო არის მათთან, ვინც აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილოებას, რათა ამომრჩეველი ჩამოყალიბდეს, რომელი პარტია იღებს მონაწილეობას და ჩამოყალიბდნენ ვინ იქნება ქალაქის მერობის კანდიდატი. შეიძლება ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის, გორის მოგება. თბილისიც გარანტირებული შეიძლება იყოს და ამაზე მუშაობაა საჭირო”, – თვლის ზაქარეიშვილი. ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ წლევანდელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობაზე საუბარი ნაადრევია”, – განაგრძობს სტატიის ავტორი.
“დღეს ლაპარაკი იმაზე, უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილოება, მით უმეტეს მოიგებს თუ წააგებს, არასწორია. იქამდე ნახევარი წელია და ამ დროის განმავლობაში რა შეიცვლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, კაციშვილმა არ იცის. ამიტომ გადაწყვეტილება ოპოზიციამ დღეს არ უნდა მიიღოს. ასევე არასწორად მიმაჩნია ის გადაწყვეტილება, გარკვეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა დღესვე რომ თქვეს უარი – არა, არ მივიღებთ მონაწილოებასო. არ ვიცით ადგილობრივი არჩევნებისთვის რა იქნება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ და გადაწყვეტილება პოლიტიკოსმა უნდა მიიღოს კონკრეტული მომენტისთვის შესაფერისი და შესაბამისი. თუ პოლიტიკური სიტუაცია ისე დალაგდება და ისე მოითხოვს, რომ უმჯობესია არჩევნებში მონაწილოების მიღება, მაშინ უნდა მიიღო. თუ დღევანდელი პოლიტიკური ვითარება შენარჩულებული იქნა, მაგალითად, ხვალ რომ ადგილობროვი არჩევნები ტარდებოდეს, დიდი ალბათობით ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ რომ ტარდება და დღეს განაცხადო, რომ არ მივიღებ მონაწილოებასო, ესეც პოლიტიკურად გაუმართლებელი მგონია”, – დაასკვნის ძაბირაძე.
გიორგი გობრონიძე – “რასაც უკრაინას სთავაზობენ, კაპიტულაციაა”
“სინამდვილეში ტრამპი და პუტინი იმაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში რაღაცაზე შეთანხმდებიან. ოპტიმიზმს არავის ვუკარგავ, მაგრამ რუსეთს ახლა არ აწყობს სამშვიდობო შეთანხმება. იმიტომ, რომ დღეს უკრაინას ფრონტის ხაზზე ძალიან უჭირს და ინიციატივა რუსეთის ხელშია. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სუსტ მხარეს შესაძლებლობას აძლევს გადააჯგუფოს ძალები, მიიღოს დამატებითი დახმარება, გააუმჯობესოს პოზიციები, გააანალიზოს შეცდომები და ამით საქმე გაურთულოს აგრესორს. ეს იცის პუტინმა და ამიტომაც უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტაზე. ძალიან ირონიულია განცხადება, ტრამპთან შეთანხმების საფუძველზე 30 დღის განმავლობაში ენერგეტიკულ ობიექტებს არ დავარტყამო, იმიტომ, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურის 80% ისედაც განადგურებულია. რა გამოდის? უკრაინას შეეზღუდება რუსეთის ენერგოობიექტების განადგურება, მაშინ როდესაც საომარი მოქმედებები ჩვეულებრივად გაგრძელდება. რასაც უკრაინას სთავაზობენ, კაპიტულაციაა. ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ ჰაველმა სწორად თქვა, აგრესორის პირობებით “მშვიდობას” კაპიტულაცია ჰქვიაო”, – აცხადებს უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი, რუსეთის სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რასაც უკრაინას სთავაზობენ, კაპიტულაციაა”.
“ომი წელს რომ არ დამთავრდება, ცხადია. სამწუხაროდ, მე ოპტიმისტური დასკვნის საფუძველს ვერ ვხედავ. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინა წააგებს ომს და რუსეთი დაიწყებს მანიპულირებას დასავლეთით. პუტინი ხედავს, რომ კოლექტიურ დასავლეთში ერთობა აღარ არსებობს, ევროკავშირსა და ამერიკას შორის დიდი ბზარია. რთულია, ენდო სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც ხელისუფლების ცვლილების დროს 180 გრადუსით ატრიალებს თავის პოლიტიკას. ყოველთვის იქნება რისკი, რომ ტრამპი ან ტრამპზე უარესი მოვიდეს ხელისუფლებაში. რა გააკეთა ტრამპმა? კრიზისში მყოფი ევროპა მარტო დატოვა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი ომი და პოლიტიკური დღის წესრიგის გაშლა იმ ვერბალიზაციით დაიწყო, რომ თურმე კანადა უნდა იყოს ამერიკის 51-ე შტატი, გრენლანდიაც სჭირდება, რადგან კუნძულის სტრატეგიული მდებარეობა მსოფლიო უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა… უკვე გასაგებია, რომ ტრამპი პუტინივით აზროვნებს – “ცივი ომისა” და გავლენის სფეროების კატეგორიებით. მისი განცხადებები იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ცდილობს მსოფლიო გადაანაწილოს ძირითად აქტორებს – ამერიკას, რუსეთსა და ჩინეთს შორის”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.
“ზელენსკის მოუწევს იმ დღის წესრიგის მიღება, რაზეც მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდებიან. ამერიკას რაც უნდოდა, ყველაფერზე მოაწერინა ხელი უკრაინის პრეზიდენტს, ასე იქნება მომავალშიც. ეს იმიტომ მოხდა, რომ როგორც ტრამპმა თქვა, ზელენსკის არა აქვს კოზირები, არა აქვს უპირატესობა. სამწუხაროდ, ამ ტიპის მოლაპარაკებებში ძალის პრიმატია გადამწყვეტი, ზელენსკის არა აქვს ძალა ამერიკის გარეშე. ევროპა სანამ ჩამოყალიბდება ცალკე სამხედრო ძალად რუსეთს ახლა აქვს ძალიან კარგი შეტევითი პოზიციები და სანამ ევროპა საქმეზე გადავა, დაიკარგება ის ძვირფასი დრო, რომელიც უკრაინას არა აქვს. საკითხავია, რამდენად არის მზად ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომ უკრაინა უზრუნველყოს შესაბამისი იარაღით, რამდენად არის ამის პოლიტიკური ნება და ხომ არ გადაიყოლებს ეს ევროპის მთავრობებს. საზოგადოების ნაწილი, მაგალითად, გერმანიაში არ არის აღფრთოვანებული უკრაინის დახმარებით, რაც იწვევს მემარჯვენე ფლანგის გაძლიერებას, და ეს სჭირდება რუსეთსაც. ვგულისხმობ გერმანელი ულტრამემარჯვენეების, “ალტერნატივა გერმანიისთვის” ლიდერის, ალის ვაიდელის პოზიციის გაძლიერებას”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ტრამპი რუსეთისა და ჩინეთის გარდა, არც ერთ ქვეყანას არ მიიჩნევს ანგარიშგასაწევ ძალად. ევროპა გლობალური პოლიტიკის პერიფერიაში გადავა თუ ლიდერები დროულად არ დაიწყებენ კონსოლიდაციას. ევროპას ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ შედგეს ძალის მეოთხე ცენტრად, ამერიკის, რუსეთისა და ჩინეთის პარალელურად, თუმცა ამისთვის ბევრი რამ უნდა გადააფასონ, უპირველესად უნდა მიხვდნენ, რომ მათთვის ტრადიციულ კომფორტში ვეღარ იცხოვრებენ. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ერთიანობა არა აქვთ, სადაც პოლონეთი საუბრობს შეიარაღებული ძალების გაორმაგებაზე, გერმანია თავდაცვის ძალების ბიუჯეტის გახუთმაგებასა და საფრანგეთი ევროპაზე თავისი ბირთვული ქოლგის გადაფარებაზე, იქვე იტალია, უნგრეთი და სლოვაკეთი ამ ყველაფერს ემიჯნება. მათივე მსგავსია ესპანეთისა და პორტუგალიის პოზიციები. ასეთი დაქსაქსულობის გამო შესაძლოა მალე ვიხილოთ ევროკავშირის ფრაგმენტაცია პაციფისტებად და მილიტარისტებად”, – მიიჩნევს უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი.
“ამ ომის დასრულების შემთხვევაში რუსეთი, დიდი ზიანის მიუხედავად, ძალიან დიდ სარგებელს მიიღებს მის ხელში გადავა უკრაინული ტერიტორიები და მიიღებს სამხედრო ძალას, რომელსაც სამი წელია სანგრებში სძინავს. რუსი ჯარისკაცები სამხედრო გამოცდილებას ამერიკელებივით და ევროპელებივით პარტიზანების დევნაში კი არ იღებენ, არამედ ყველაზე ბრძოლისუნარიან სამხედრო ძალასთან დაპირისპირებაში. უკრაინელებმა ნამდვილად დაამტკიცეს, რომ არც ერთი ევროპული არმია არ არის მათსავით ბრძოლისუნარიანი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსს შეუძლია იცხოვროს ნაგავში და უხაროდეს, რომ აქვს კარგი ბომბი. თუ მას კარგი არმია ეყოლება და დაკმაყოფილდება მისი იმპერიალისტური ამბიციები, არაფერზე იდარდებს. შესაბამისად, ომის დასრულების შემდეგ რუსეთი გადაიქცევა საშინელ საფრთხედ ევროპისთვის, დასავლეთისთვის. რუსეთის ერთადერთი პრობლემა ჩინეთზე დამოკიდებულებაა, რომელიც იზრდება”, – ამბობს გიორგი გოვრონიძე.
“ჩვენ უკვე გვყავს კბილებამდე შეიარაღებული ჩინეთის ერთი სატელიტი – ჩრდილოეთ კორეა. ძალიან მალე გვეყოლება მეორეც, რომელიც, რა თქმა უნდა, მთლად ჩრდილოეთ კორეის მსგავსი სატელიტი არ იქნება, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ჩინეთი და რუსეთი ერთ, შედუღაბებულ ძალად ჩამოყალიბდნენ, რაც დიდი საფრთხეა დასავლეთისთვის. ასეთ შემთხვევაში ევროპულ დემოკრატიას ძალიან გაუჭირდება გადარჩენა. კიდევ უარესი სცენარი შეიძლება განვითარდეს რუსეთისა და ჩინეთის ერთიან ღერძში ინდოეთისა და ცალკეული ლათინური ქვეყნების ინკორპორირებით და მძიმე ბრძოლა გაიმართება ბიპოლარულ მსოფლიოში დემოკრატიულ და ავტორიტარულ სამყაროებს შორის, მით უფრო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის სიტუაციური მოკავშირის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, ვიდრე ევროპის. ერთადერთი, რასაც რუსეთი ამ შემთხვევაში დაკარგავს, ის არის, მოსკოვს შეეზღუდება საგარეო პოლიტიკური ავტონომიურობა ჩინეთის სასარგებლოდ”, – ამტკიცებს რესპონდენტი.
“პრობლემა ის არის, რომ რუსეთი ვერ აცნობიერებს, რამდენად დიდი საფრთხე შეიძლება იყოს მისთვის ჩინეთი. სხვათა შორის, ამას ვერც დასავლეთი აცნობიერებს, იმიტომ, რომ ძალიან დააგვიანდა ჩინეთის შეკავებაზე ფიქრი. თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ ჩინური და ამერიკული მეგაპოლისები და სხვაობას თითქმის ვერ ნახავთ, თუ ნახავთ, ჩინეთის სასარგებლოდ. ჩვენ იმასაც კი მოვესწარით, რომ ჩინელები გახდნენ გერმანული ავტოქარხნების უმსხვილესი აქციონერები. პირდაპირ გეტყვით – ჩინეთის ეკონომიკური შეღწევა დასავლეთში გარდაუვალია. ჩინეთი გადაიქცევა ახალ გლობალურ ძალად, რუსეთი კი ჩამოყალიბდება აგრესიულ რეგიონულ ძალად, რომელიც საფრთხე იქნება მისი ყველა მეზობლისთვის. პირველ რიგში დასავლეთისთვის, იმიტომ, რომ სამხრეთში მოსკოვს მეტ-ნაკლებად დალაგებული აქვს სიტუაცია. პუტინს გაუჩნდება ცდუნება, შეამოწმოს რამდენად მუშაობს ნატოს მეხუთე მუხლი. ამისთვის იდეალური სამიზნეა ბალტიისპირეთი. ბევრი პოლონეთს ვარაუდობს, მაგრამ ის მაინც დიდი და რთულად დასაპყრობი ქვეყანაა”, – განმარტავს მკვლევარი და შეკითხვაზე – “ფიქრობთ, რომ ეს საფრთხეები ვაშინგტონში არა აქვთ გათვლილი?” – პასუხობს:
“ძალიანაც კარგად აქვთ გათვლილი, მაგრამ ტრამპს ევროპის ბედი არ აინტერესებს. თუ გახსოვთ, ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტისას თქვა, საჭიროების შემთხვევაში პოლონეთს დავიცავო, მაგრამ როდესაც ბალტიისპირეთზე დაუსვეს კითხვა, პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. აქედან გამომდინარე, გასაგებია ბალტიისპირეთის ქვეყნების შფოთვა, მათ კარგად ესმით, თუ რუსეთისთვის დღის წესრიგში დადგება ნატოს ქვეყნები, პირველად ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო აღმოჩნდება სამხედრო აგრესიის ობიექტი. სანამ ნატოს მინისტერიალი შეიკრიბება და გადაწყვეტილებას მიიღებს, რუსეთი სამხედრო ოპერაციას დაამთავრებს. რაც შეეხება საქართველოს, გავაკეთებთ იმას, რასაც მოსკოვიდან გვიკარნახებენ იმიტომ, რომ ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკა ჩავარდა ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში”…
“მესმის, რომ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობის გამო, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპელი ლიდერების “წყალობით” უკვე 30 წელია ევროკავშირის ღია კარში ვდგავართ როგორც მათხოვრები. ერთხელ შევარდნაძემ ძალიან სწორად შენიშნა, ღია კარში დიდხანს დგომამ გაცივება იცისო. ამდენი ხანია, ეს პროცესი ვერ დაიძრა, ხან რა მიზეზი მოიგონეს, ხან რა… ბალტიისპირეთმა საქართველო გააკრიტიკა, რუსეთს სანქციები რატომ არ დაუწესეთო? რუსეთს ჩვენი ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული, მაგრამ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გამო მაინც ვერ დავუწესეთ. 2008 წელს არავის ულაპარაკია სანქციების დაწესებაზე. გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი დღემდე “გაზპრომის” წარმომადგენელია. ევროპამ ორმაგი სტანდარტით საკუთარი თავიც დაღუპა და მის იმედზე მყოფი ქვეყნებიც. მე მაინტერესებს, ჩვენ რომ გვთხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნას და ა.შ., უსაფრთხოების გარანტიას გვაძლევდნენ? თუ გახსოვთ, იყო საუბარი, თქვენი საბჭოთა შეიარაღება უკრაინას მიეცით და ახალს მოგცემთო. წარმოიდგინეთ, უკრაინისთვის რომ გაგვეგზავნა 200 ტანკი, თ-72 და მიგვეღო 200 “ლეოპარდი”. ომი რომ დამთავრდება და მილიონიანი არმიისა და უდიდესი საბრძოლო გამოცდილების მქონე რუსეთი ჩვენ რომ შემოგვიბრუნდება შურის საძიებლად, დასავლეთი დაგვიცავს? ერთი უკრაინა დაიცვა, მეორეს ჩვენ დაგვიცავს. სამი წლის განმავლობაში ვერ გადაწყვიტეს, უნდა დახმარებოდნენ თუ არა უკრაინას და რამდენად”, – დასძენს გობრონიძე.
