ქართული პრესის მიმოხილვა 24.02.2025

გიორგი გობრონიძე – “ხალხია სწორედ ძალაუფლების წყარო და ხალხზე ხელის აღმართვაც სახელმწიფოზე ხელის აღმართვაა!”
ტოტალური დაჯარიმების პოლიტიკა – “ოცნება” პროტესტის მხარდამჭერი ფონდების გაკოტრებას ცდილობს
მირიან მირიანაშვილი – “სხვათა შორის, ივანიშვილი ძალიან დიდ სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ თანხმდება”
* * *
გიორგი გობრონიძე – “ხალხია სწორედ ძალაუფლების წყარო და ხალხზე ხელის აღმართვაც სახელმწიფოზე ხელის აღმართვაა!”
“კელოგმა სცადა გამოესწორებინა ტრამპის დიდი შეცდომა, რომელიც ტრამპსვე მიუბრუნდება ძალიან ცუდად. აბსურდია იმის თქმა, რომ ტრამპი არაპროგნოზირებადია. თუ ის არ იქცევა ისე, როგორც ვიღაცას წარმოუდგენია ან სურს, სულაც არ ნიშნავს, რომ არაპროგნოზირებადია. ის მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგნოზირებადი პოლიტიკოსი და დღესაც ასეა. მან წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ ნებისმიერ ფასად შეეცდება ომის დასრულებას და ახლა სწორედ ამას აკეთებს. ტრამპმა კარგად გააცნობიერა, რომ ამ ომით არ გამოვიდა ის, რაც იყო დაგეგმილი ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერით, არ აღმოჩნდა ეს დახმარება იმდენად ეფექტიანი, რომ ს მოეპოვებინა სტრატეგიული, ოპერატიული ან ტაქტიკური უპირატესობა ამ სამხედრო დაპირისპირებაში. მთელი პრობლემა ის არის, რომ ტრამპი ნაადრევად ცდილობს ომის დასრულებას”, – აცხადებს ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გადარჩებიან, თუ ევროკავშირში თავს დაანებებენ სისულელეების კეთებას და…”
“ისმის კითხვა: რას უპირებს უკრაინისთვის გაწეულ 350-მილიარდიან დახმარებას, რაზეც თვითონაც ლაპარაკობს? ან აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონები, სადაც არის იშვიათი ლითონების ის საბადოები, რაც ძალიან უნდა ტრამპს, თუ ს კონტროლქვეშ აღმოჩნდა, რანაირად უნდა მოიპოვონ და დაამუშაონ ამერიკულმა კომპანიებმა? რა ჰგონია, უკრაინის ნებართვით რუსეთთან ამაზე გარიგდება? ასევე ისმის კითხვა, რამდენად სწორია ამ დროს, ამ მომენტში ევროპელი მოკავშირეების ამერიკისგან მიტოვება? მე არ ვიცი, ტრამპის მოქმედებების უკან დგას თუ არა ეს დიდაქტიკური მოტივი, მაგრამ ევროპამ შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანოს. ის უნდა გახდეს დამოუკიდებელი ძალის ცენტრი და პოლუსი, რისი პოტენციალიც მას აქვს. თუნდაც რომ შევადაროთ -ისა და ევროკავშირის ეკონომიკური პოტენციალი, თითქმის იდენტურია, 5 ტრილიონი დოლარია სხვაობა, მაგრამ მოცულობაა ისეთი, ეს თანხა არ ქმნის არსებით განსხვავებას… მოსახლეობის რაოდენობით ევროკავშირი აღემატება ამერიკას, ადამიანური კაპიტალითა და განვითარების ინდექსით ბევრად მაღლა დგას ევროპა”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.
“აქედან გამომდინარე, ევროპას შეუძლია იყოს ბევრად წარმატებული ძალის ცენტრი, ვიდრე არის აშშ. გადარჩებიან, თუკი ევროკავშირში ექნებათ ერთობა და დაანებებენ თავს სისულელეების კეთებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ არიან დაქსაქსული, ჩამოუყალიბებელი, იხრჩობიან საკუთარ უაზრო რეგულაციებსა და ბიუროკრატიაში. რა გლობალური პრობლემების მოგვარებაზე ვლაპარაკობთ, კავკასიის რეგიონი თითქმის სრულად დაკარგეს. კარგად ვხედავ “ქართული ოცნების” მიერ საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეტრიალების ცდას, რაშიც საქართველოს ხელისუფლების გამართლება არ შეიძლება, მაგრამ მოდი, ვთქვათ ისიც, რომ ამ პროცესების ამგვარი დინამიკა გარკვეულწილად ევროკავშირმაც დაუშვა”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“საქართველო არ არის პროაქტიური საერთაშორისო აქტორი, მას არა აქვს დამოუკიდებლად დღის წესრიგის შეთავაზების უნარი თუნდაც თავისი პარტნიორებისთვის. აქედან გამომდინარე, თუ ევროკავშირი ხედავს სამხრეთ კავკასიის აუცილებლობას, მაშინ მათ ცოტა განსხვავებული პოლიტიკა უნდა გაეტარებინათ თუნდაც გაფართოების პოლიტიკის თვალსაზრისით. იმ ნაბიჯებს, რაც მათ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადადგეს, “დაგვიანებული გამოღვიძება” შეიძლება დავარქვათ. ეს უფრო ადრე რომ გაეკეთებინათ, დღეს სრულიად განსხვავებული ვითარება გვექნებოდა. სამწუხაროდ, ევროპა არ აღმოჩნდა მზად ასეთი გამოწვევებისთვის. დროა, ახლა მაინც გაიღვიძონ და გადადგან ქმედითი ნაბიჯები, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი უსაფრთხოებისთვის. დასავლეთის და პირველ რიგში, ევროპის პრობლემა იმაშია, რომ მათ უჭირთ დაპირისპირება იმ ავტორიტარულ ღერძთან, რომელსაც წარმოადგენენ ჩინეთი და რუსეთი. ან გამოფხიზლდებიან ან დადგებიან გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე”, – ამტკიცებს ექსპერტი.
“შეგახსენებთ, უკრაინას დახმარება არ მიუღია პირველ დღეებში, ჯერ დაელოდნენ, რას იზამდნენ უკრაინელები, შეძლებდნენ თუ არა წინააღმდეგობას, შემდგომ დაიწყეს ჯერ ჩაფხუტებისა და ჯავშანჟილეტების გაგზავნა, შემდეგ მისცეს კიდევ რაღაც იარაღი, მერე კი შედარებით სერიოზული შეიარაღება, თუმცა რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის გარეშე. მოკლედ, უკრაინის დახმარება ისე გააჭიანურეს, რომ ამან ეფექტიანობა დაკარგა. ეს რესურსების უსაგნო ხარჯვა იყო, თანაც სასწაული არ არის? – დღეს უკრაინაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ ისე, რომ თურმე ამ მაგიდასთან უკრაინის ადგილი არ არის. უკაცრავად, მაგრამ მილიონზე მეტი ადამიანი დაკარგა ამ ქვეყანამ და მას თუ არა, ვის აქვს უფლება ომის დასრულებაზე მოლაპარაკების წარმოების? მორიგი იდიოტიზმია უკრაინაში ს ჩატარების მოთხოვნა. თურმე დემოკრატიის ეტალონი პუტინია, ზელენსკი კი დიქტატორი… მე არ მიმაჩნია ზელენსკი კარგ ლიდერად, მან იმდენი შეცდომა დაუშვა, თუნდაც ზალუჟნის მოხსნითა და ელჩად გაშვებით, მოუწევს ამაზე პასუხისგება, მაგრამ ზელენსკის არც ომი დაუწყია და არც დიქტატორია!” – ამბობს გიორგი გობრონიძე.
“მეორე მსოფლიო ომის დროს ჩერჩილმაც გააუქმა არჩევნები. როგორ წარმოუდგენია ტრამპს, მაგალითად, ხარკოვში არჩევნების ჩატარება? სადაც დაინახავს რუსეთი მოსახლეობის შეკრებას, იმ ტერიტორიას ხომ აუცილებლად დაბომბავს?! ასევე იქნება აუცილებლად რუსული სპეცსამსახურების ჩარევა, პროვოკაციები, უკრაინის სახელმწიფოს სრული ჩამოშლის მცდელობა და რუსეთისადმი ლოიალური მარიონეტის მოთრევა ხელისუფლებაში. კაცი, რომლის ქვეყანაც საომარ მდგომარეობაშია, იმისთვის უნდა იცლიდეს, რომ საარჩევნო კამპანია ჩაატაროს? საომარი მდგომარეობა გულისხმობს გარკვეული უფლებების შეზღუდვას, მათ შორის არჩევნების უფლების შეზღუდვასაც. თუ იდიოტი არა ხარ, ეს როგორ უნდა თქვა?! ტრამპი იდიოტი არ არის, გამოდის, შეგნებულად ეწევა მავნებლობას, რადგან სურს აშშ-ის უსაფრთხოების პოლიტიკის ჩავარდნა და მარცხი როგორმე ზელენსკის შეაწმინდოს”, – განმარტავს რესპონდენტი.
“საქართველო იქნება იქ, როგორც გადაწყვეტს ქართველი საზოგადოება, მაგრამ გვაქვს ერთი ურთულესი პრობლემა – საქართველოს ჰყავს ყოვლად არაკომპეტენტური პოლიტიკური კლასი. დავიწყოთ ხელისუფლებით, რომლის პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია. საქართველოს ხელისუფლებას დაკარგული აქვს რეალობის აღქმა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ… მე სულ ვამბობდი და დღესაც გავიმეორებ – ჩვენ უნდა შევიმუშაოთ უსაფრთხოების პოლიტიკა იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ არა ვართ არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თუ გავწევრდებით, მერე შევცვლით. ჩვენთან საქართველოს ევროპული მომავლის რაღაცნაირად მისტიფიცირება მოხდა, ისე წარმოუდგენიათ, თითქოს ევროკავშირი ზეციური სასუფეველია, სადაც უნდა მოხვდეს ცხონებული ქვეყანა – ასე არ არის! სინამდვილეში გვაქვს რეალობა, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკოსი არა გვყავს, დაწყებული ხელისუფლების მაღალი ეშელონებით და დასრულებული ყველაზე დაბალრეიტინგული პარტიის აქტივით. ამ პოლიტიკური კლასით შეიძლება აღმოვჩნდეთ მსოფლიო წესრიგის პერიფერიასა და სანაგვეზე”, – დაასკვნის ექსპერტი.
“ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ქვეყანა შეიძლება არ შედიოდეს ევროკავშირში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კანონის უზენაესობა უნდა გაუუქმონ, ადამიანების უფლებები არ დაიცვან და ა.შ. მე სადმე შესვლა იმიტომ კი არ მჭირდება, რომ ვინმეს მოვაწონო თავი, არამედ იმიტომ, რომ ნორმალური სახელმწიფო მქონდეს… ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს წესრიგი და კანონის აღსრულება. არ შეიძლება შენზე მორგებულ კანონებს იღებდე და მხოლოდ შენ რაც გაწყობს, იმას ასრულებდე… მზია ამაღლობელის საქმე ავიღოთ. მაინტერესებს, რა ფიზიკური და სულიერი ტანჯვა მიიღო პოლიციის უფროსმა ისეთი, რომ ადამიანს 7-წლიანი მუხლით ასამართლებენ, მაშინ, როდესაც პირდაპირ ეთერში ვუყურეთ, რამდენმა ე.წ. სამართალდამცავმა იძალადა მოქალაქეებზე, გადაამეტა უფლებამოსილებას, ჩაიდინა დანაშაული და ერთიც კი არ დასჯილა. ორიოდე დღის წინ აქციის მონაწილეებს ორი შეიარაღებული კაცი დაესხა თავს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მაგრამ ჯანდაბას, რადგან დააკავეს უკვე კარგია და ისევ მომიტინგეებს არ დააბრალეს რამე… ძალიან სახიფათო რამეს ამბობენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიციელზე ხელის აღმართვა სახელმწიფოზე ხელის აღმართვააო. უკაცრავად, მაგრამ სახელმწიფოს წარმოადგენს ხალხი, ხალხია სწორედ ძალაუფლების წყარო, შესაბამისად, ხალხზე ხელის აღმართვაც სახელმწიფოზე ხელის აღმართვაა და ყველა უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად და არა შერჩევით”, – დასძენს გიორგი გობრონიძე.
ტოტალური დაჯარიმების პოლიტიკა – “ოცნება” პროტესტის მხარდამჭერი ფონდების გაკოტრებას ცდილობს
|თითქმის 3-თვიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელისუფლებამ პროტესტის მინიმალიზებისათვის ახალი სტრატეგია აირჩია – აქციის მონაწილეთა მასობრივი დაჯარიმება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ამით ცდილობს იმ ფონდებისთვის თანხების შემცირებას, რომელიც აქციებისთვის არის გამოყოფილი და რაც თავისთავად გამოიწვევს პროტესტის შეწყვეტას. “სრულიად ლოგიკური ვერსიაა, რომ ხელისუფლება ცდილობს ჯარიმების გზით აქციისთვის გამოყოფილი თანხები შეამციროს, რადგან, წესით, მას აქციის შეწყვეტა უნდა სურდეს”, – განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ ამ თემაზე “რეზონანსთან” საუბრისას. ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კი მიიჩნევს, რომ ამან, შესაძლოა, პროტესტის მასშტაბებზე არ იმოქმედოს, რადგან ჯარიმების გასაჩივრების პროცესი დროში გაიწელება და შემდეგ არავინ იცის რა მოხდება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ტოტალური დაჯარიმების პოლიტიკა – “ოცნება” პროტესტის მხარდამჭერი ფონდების გაკოტრებას ცდილობს.
“ხელისუფლების ოპონენტები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ მაქსიმალურად გააჭიანურონ ჯარიმის გადახდა – გაასაჩივრონ ჯარიმები და ა.შ. ეს საჭიროა იმის გამო, რომ აქციის მონაწილეთა თანადგომის ფონდი, რომელმაც თავის თავზე აიღო ამ ჯარიმების გადახდა, ამას პრაქტიკულად ვეღარ ახერხებს და საჭიროა გარკვეული დრო, რათა სხვადასხვა შემოწირულობებით ეს ფონდი შეივსოს. “თხოვნით მივმართავთ ყველა დაჯარიმებულ პირს, რომ ჩვენი თანადგომის პარალელურად, აუცილებლად გაასაჩივრონ დაკისრებული ჯარიმები ყველა შესაბამის ინსტანციაში. ეს პროცესი ფონდებს დამატებით დროს მისცემს საჭირო ფინანსური რესურსების მოსაზიდად და ამავდროულად, ტვირთად დააწვება სისტემას, რომელიც მსგავსი მეთოდებით ცდილობს ზეწოლას მოქალაქეებზე”, – ნათქვამია აქციების დროს დაზარალებულთა დახმარების ფონდების ერთობლივ განცხადებაში”, – აღნიშნავს გამოცემა.
“პლატფორმა Freebuseness-ის დამფუძნებელის, გიორგი ჩუგოშვილის განცხადებით: “საქართველოში არის ბევრი ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება დემოკრატიის განვითარებას. არის ფონდები, რომლებიც დაზარალებულებს გვერდში უდგას და ჯარიმების გადახდაში ეხმარება. შეიძლება საზოგადოებისთვის იმდენად ცნობილი არ იყოს, თუმცა მათ უმეტესობას ახლა მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვთ”. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე კი სოციალურ ქსელში წერს, რომ “5000-ლარიანი სანქცია, ანუ 19-ჯერ მეტი, ვიდრე საარსებო მინიმუმია, სისხლის სამართლებრივ დასჯას უთანაბრდება და აშკარად არაპროპორციულია”. მისი აზრით, “დაჯარიმება 5000 ლარით იმ საფუძვლით, რომ გზა უკანონოდ გადაიკეტა, რადგან ხალხის რაოდენობა არ იყო საკმარისი, არის კონსტიტუციის დარღვევა და იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონი ფორმალურად ირღვევა, არაძალადობრივი ქცევა/პროტესტი სისხლის სამართლებრივ დასჯას არ უნდა დაექვემდებაროს”, – განაგრძობს გამოცემა.
“5000-ლარიანი სანქცია, ანუ 19-ჯერ მეტი, ვიდრე საარსებო მინიმუმია, სისხლის სამართლებრივ დასჯას უთანაბრდება და აშკარად არაპროპორციულია. ამ პრინციპების შესახებ ძალიან კარგად იცის ყველა მოსამართლემ და ამ არაადამიანური სამართალდარღვევათა კოდექსის პირობებშიც შეუძლიათ გამოსავლის პოვნა და ამ დასჯის არგამოყენება. თუმცა, ამ საქმის განმხილველი მოსამართლეები მოსამართლის მანტიას ტყუილად ატარებენ და ყოველდღე ასობით მოქალაქე საკუთარი გამოცდილებით რწმუნდება, რომ სასამართლო არ არსებობს”, – წერს ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში. დავით ზურაბიშვილის აზრით, ამ გზით „ქართული ოცნება” ცდილობს საპროტესტო აქციების შეწყვეტას, თუმცა, მისივე ვარაუდით, ხელისუფლება სასურველ შედეგს ვერ დადებს”,- დასძენს გამოცემა.
“რა მიზანს ემსახურება “ქართული ოცნება” ამ ჯარიმებით, ალბათ ყველასთვის ცხადია და მე აქ ორიგანალური ვერ ვიქნები. ხელისუფლების მიზანია აქციის მონაწილეები დააშინონ, დააფრთხონ, სახლში დასვან და როგორმე ეს აქციები შეაწყვეტინონ. ვინაიდან ამ ბრუტალურმა დარბევებმა საზოგადოებაში და მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია, ახლა ამ მეთოდებით ცდილობს პროტესტის შემცირებას. თუმცა, ვფიქრობ, მიზანს ვერ მიაღწევენ. რა თქმა უნდა, ყოველდღე ისეთი ხალხმრავალი აქციები ვერ იქნება, მაგრამ ხალხი მაინც მობილიზებულია. ამას პლუს არის გასაჩივრების მექანიზმი. ანუ თუ ყველა გაასაჩივრებს, ვინც დაჯარიმებულია, სანამ უშუალოდ ჯარიმის ამოღებამდე მივა საქმე, მათ უნდა გაიარონ სასამრთლოს ყველა ინსტაცია. ვინაიდან დაჯარიმებულები ძალიან ბევრია, სასამართლოებზე სერიოზული დატვირთა იქნება და შეიძლება დიდხანსაც გაიჭიმოს. ამასობაში კი კაცმა არ იცის რა იქნება, რომ იტყვიან – ან ვირი, ან ვირის პატრონიო… არ მგონია ამან ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგი გამოიღოს”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ხელისუფლებას კი არა, ალბათ საზოგადოების დიდ ნაწილსაც უნდა აქციის შეწყვეტა. ეს არ ნიშნავს ოპოზიციონორობის შეწყვეტას. დემოკრატიულ ქვეყანაში ოპოზიციონორობას აქვს თავის გამოვლენის ისეთი საშუალება, როგორიცაა უმაღლესი პოლიტიკური ორგანო, პარლამენტი და არ ჯობია, რომ ამ გზით წავიდეს ოპოზიცია? იმიტომ, რომ ოპოზიციამ, ამ საპროტესტო აქციების გადამკიდე, ერთი შეხედვით სრულიად გაუგებარი გზა აირჩია. უკეთესი არ იქნება, რომ დაუბრუნდეს საპარლამენტო ცხოვრებას და იქიდან აკეთოს საქმე? უფრო მეტი რესურსი და ინფორმაციები ექნება. ეს იმ შემთხვევაში, თუ ვთვლით, რომ ქართული ოპოზიცია არის ოპოზიცია. ყური გაცვდა, მაგრამ ხომ ხედავთ ჯეფრი საქსმა ეუთოს ტრიბუნიდან რა თქვა? – რასაც ახლა საქართველოს უკეთებენ, ძალიან ცუდია საქართველოსთვის და წესით, ევროპელები არ უნდა ჩავიდნენ საქართველოშიო. ის, რომ უცხოელები საქართველოს ებრძვიან, ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა, ეს უფრო დიდი ბრძოლაა კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის. საქართველოს ებრძვიან როგორც ერთ-ერთ ქვეყანას, რომელიც კონსერვატორების მხარეს დგას”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“სწორედ აქ ვართ მოყოლილი. მათი სურვილია საქართველოში, რუმინეთში და სხვა ქვეყნებში გამარჯვებული იყოს ლიბერალური ჯგუფები. რუმინეთში არჩევნები გააუქმეს და აქ ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენთანაც გასაუქმებელია. აბსოლუტურად ერთი და იგივე პროცესია. ხელისუფლების ახალი მეთოდი – აქციის მონაწილეების დაჯარიმება – ხელს შეუწყობს პროტესტის შემცირებას. აქციის სრულიად ჩახშობა ძნელი წარმოსადგენია, ჯერჯერობით ტემპერატურამ აიწია და ბევრი ადამიანი თავს მოვალედ თვლის პროტესტში მონაწილეობა მიიღოს. ახლა აქციებში მონაწილეობა ცოტა მოდის სახეს იძენს – იქ ღამე გასეირნება, ერთმანეთს ხვდებიან, თავისუფლების განცდა აქვთ და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ცუდ საქმეს ხმარდება იმ მხრივ, რომ ქვეყანაში იქმნება არასტაბილურობის სურათი? ახლა უხსენი ყველა უცხოელს, რომ მარტო ღამე ხდება, პროცენტულად მცირეა და ა.შ. უცხოელები საქართველში ფულს აღარ ჩადებენ”, – მიიჩნევს საყვარელიძე.
მირიან მირიანაშვილი – “სხვათა შორის, ივანიშვილი ძალიან დიდ სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ თანხმდება”
“ხელისუფლებას მინიმალური შანსიც კი არა აქვს, რომ პროტესტი ადმინისტრაციული ჯარიმებით მოიგერიოს. მრჩება განცდა, რომ ასეთი მეთოდით პოლიციელებზე გაწეული ხარჯების პროტესტანტებისგან ამოღებას ცდილობენ. ჯარიმებით პროტესტის მოგერიება რუსეთში აპრობირებული მეთოდია. თუმცა იქ პროტესტი მოსახლეობის 0,1-საც კი არასდროს მოიცავდა. მასობრივი პროტესტის ჯარიმებით მოგერიება მსოფლიო ისტორიამ არ იცის. რუსულ სისტემას პროტესტის მოგერიების ესკალაციური სკალა აქვს. ე.ი. თუ მოქმედებენ რუსული მეთოდოლოგიით, მაშასადამე, წინდაწინ არის შესაძლებელი შემდგომი ნაბიჯების გათვლა…” – აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გამორიცხულია “დაპადიეზდებებით” პროტესტი ჩაცხრეს”.
“ჩემი აზრით, აქტივისტებმა იმთავითვე იცოდნენ, რომ პროტესტი არა მხოლოდ მასობრივი, არამედ ხანგრძლივიც იქნებოდა. ივანიშვილი სანამ არ დაინახავს, რომ ამერიკელები რუსეთს არ უთმობენ საქართველოს და ევროპელებთან ერთად ამერიკელების მოგერიებაც მოუწევს, დათმობაზე არ წავა. ბატონმა ბიძინამ მსოფლიოში არსებული ძალთა თანაფარდობა ძალიან კარგად იცის და ხვდება, რომ ამერიკელების ლეგიტიმაციის გარეშე პოლიტიკური დღის წესრიგი ვერ იარსებებს, უბრალოდ, მას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ საქართველოს როლი ამერიკულ და ანგლოსაქსურ სისტემაში ჩაეწერება რუსეთის გავლით. ისე კი მგონია, რომ დათმობების ნუსხა მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს. უსასრულოდ შეიძლება მიტინგი გაგრძელდეს, მაგრამ რეპრესიებს ლიმიტირებული რესურსი აქვს. ამას სჭირდება როგორც შიდაინსტიტუციური მხარდაჭერა, ასევე საგარეოც – წაყრუება. ასე რომ, პრობლემა დღეს ბიძინა ივანიშვილს უფრო აქვს, ვიდრე აქტივისტებს.”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“პირდაპირ გეტყვით – ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან არაფერს ველოდები, ისინიც ივანიშვილივით რუსულ-ამერიკული “სდელკის” შედგენა-არშედგენას ელიან, მანამდე კი არაფრისმთქმელი სვლებით ცდილობენ დროის გაყვანას. ხალხი ოპოზიციას არ ენდობა, ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათი და ხელისუფლების ფარული ალიანსის შესახებ მთელმა თბილისმა გაიგო და, სხვათა შორის, არა მარტო თბილისმა. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ზედნაშენმა დაკარგა პოლიტიკური ფუნქცია, ისევე, როგორც ხელისუფლებამ. ეგეც არ იყოს, ერთი არჩევნებით პოლიტიკურ კრიზისს ვერ გადავლახავთ. საქართველო შევა ტურბულენტური, მაგრამ განახლებების ციკლში. პირველი დათმობა, რაც ივანიშვილს მოუწევს და რასაც საზოგადოება პოზიტიურად შეხვდება, არის რეალური საარჩევნო სიის გამომზეურება – რამდენი ამომრჩეველია საქართველოში. სამი მილიონ ექვსასი ათას კაცში სამი მილიონ ოთხასი ათასი ამომრჩეველი რომ ვერ იქნება, ძალიან მარტივად მისახვედრია”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ძალიან მიკვირს, რომ ამ საკითხზე ოპოზიცია არ ლაპარაკობს, რადგან, მგონი, მათაც იხეირეს ამომრჩეველთა სიის გაბერვით. სხვა შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ არ იღებენ ხმას. რა გამოდის, საქართველოში მოზარდი და ბავშვი აღარ არსებობს? 30%-ზე ნაკლები მოზარდი არც ერთ ქვეყანაში არ არის – ეს ოქროს სტანდარტია. საქართველოში, სადაც 700 000 თუ 800 000 ოჯახია, 30%-ზე ნაკლები მოზარდი როგორ არის? 10 ოჯახიდან მხოლოდ ერთს ჰყავს შვილი? ეს ხომ აბსურდია, ისევე როგორც ის, რომ ამ ამბავს ოპოზიცია არ აპროტესტებს… სხვათა შორის, ივანიშვილი ძალიან დიდ სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ თანხმდება. შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართულ ოცნებას” პოზიტიური შედეგის ათჯერ ნაკლები შანსი აქვს, ვიდრე ახლა რომ ჩაეტარებინა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. საპარლამენტო არჩევნებში თბილისის ნეგატიურ შედეგებს რეგიონების პოზიტიური შედეგებით გადაფარავდა. არადა, თბილისში არჩევნების წაგება “ქართული ოცნებისთვის” პოლიტიკური დინამიტი იქნება”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“ვფიქრობ, ს გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან არავინ არის მხარდაჭერილი. როგორ ჩამოყალიბდება პოლიტიკური კონსტრუქცია, ჯერ არ ვიცი. ვიცი, ვინ არის ზურაბიშვილის ლობისტების ჯგუფში და იმასაც გეტყვით, რომ მას ხელმძღვანელობს. თუ მაკრონმა გერმანიის ახალ ხელისუფლებასთან შეთანხმება შეძლო საქართველოს საკითხზე, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ევროპელების პოლიტიკური ზეწოლის მოგერიება ივანიშვილისთვის შეუძლებელი იქნება. სხვათა შორის, მაკრონმა, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო შოლცის გააქტიურება და საფრანგეთის ზეწოლა ქართულ პოლიტიკაზე საერთოევროპულში ვერ გარდასახა. სოციალ-დემოკრატები შოლცის მეთაურობით საქართველოს ქეისთან დაკავშირებით ძალიან ინერტული იყვნენ, საფრანგეთი კი გერმანიის გარეშე საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზულ სვლებს, როგორც წესი, არ აკეთებს. ახლა ინტრიგა იმაშია, თუ როგორი იქნება ქრისტიან-დემოკრატების დამოკიდებულება მაკრონის ქართული გეგმის მიმართ. ჩემი ინფორმაციით, მისი შინაარსი `ქართული ოცნების~ ლიდერებმაც იციან. შინაარსზე საუბარს მოვერიდები, რადგან არჩევნებამდე ორიოდე დღე დარჩა”, – ამტკიცებს მირიან მირიანაშვილი.
“როგორც კი ჩამოყალიბდება გერმანული ხელისუფლება, დაახლოებით ერთ თვეში შედგება ამერიკულ-ფრანგულ-გერმანული კომუნიკაცია საქართველოს საკითხზე. მაკრონს არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული, რომ ელოდება გერმანიის ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბებას, რათა ამერიკელებს საქართველოს საკითხზე მოელაპარაკოს. ამერიკულ-ევროპულ კონსულტაციებს მოჰყვება დასავლურ-რუსული კომუნიკაცია და სულაც არ იქნება ისეთი, როგორსაც ივანიშვილი ელოდება… საქართველოს პოლიტიკურ როლს ამერიკა განსაზღვრავს, აქედან გამომდინარე, რუსეთი საქართველოს საკითხზე მხოლოდ ამერიკელებს გაუწევს ანგარიშს. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ვინ წყვეტს საქართველოს ბედს ამერიკის ადმინისტრაციაში. ბაიდენის დროს პოსტსაბჭოთა სივრცე ჯეიკ სალივანს ჰქონდა მინდობილი, დღეს ჩაბარებული აქვს ყოფილ სენატორ მარკო რუბიოს. ის რესპუბლიკელი სენატორების იმ ჯგუფის წევრია, რომელიც ანტირუსული განწყობებით გამოირჩევა. ამ და სხვა ფაქტორებზე დაყრდნობით გამოვრიცხავ, რომ ამერიკამ საქართველო რუსეთს დაუთმო”, – დაასკვნის რესპონდენტი.
“მე მაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილი იმედგაცრუებულია 20 იანვრის გამო, ისე თამამი ვეღარ არის რეპრესიებში. იმის შესახებაც მაქვს ინფორმაცია, რომ სცადა ოპოზიციაში ჩანერგილი ხალხის მიგზავნა დასავლელ პოლიტიკოსებთან, მაგრამ არავინ გაიკარა. ვის უნდა დააჯერონ, რომ ჩხარტიშვილის დასანქცირებას მისი სიძე გულწრფელად ითხოვს, ან ის ვის სჯერა, რომ გვარამია, რომელსაც ივანიშვილის ოლიგარქმა ოქრიაშვილმა 4 თუ 5 მილიონი მისცა ხელფასის სახით, ივანიშვილის პოლიტიკური დავალებების გარეშე მოქმედებს?” – დასძენს მირიანაშვილი და შეკითხვაზე – “ოქრიაშვილმა ხომ ახლახან მთავარ არხს დაფინანსება შეუწყვიტა?” – პასუხობს:
“იცით, რატომ? გვარამიას მორიგი საგარეო ვოიაჟის დროს წამოაძახეს, როგორი ოპოზიცია ხარ, ივანიშვილის ოლიგარქი გაფინანსებსო. სხვათა შორის, ეს ევროპარლამენტის კედლებში მოხდა. ახლა მეტყვით, გვარამია ციხეშიც ხომ იჯდაო, ეს მისი პოლიტიკური იმიჯისთვის გაკეთდა, იმიტომაც იჯდა ხუთვარსკვლავიან საკანში”