ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025

ექნება თუ არა განსხვავებული დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში ვაშინგტონის ახალ ადმინისტრაციას
შესაძლებელია თუ არა ომის დასასრულებლად შეიქმნას ფორმატი: -ჩინეთი-
რაში ადანაშაულებს ნატოს 4 ქვეყანას და ალიანსში ინტეგრაციის რა პერსპექტივა აქვს საქართველოს და უკრაინას
ზამთრის ვირუსები საქართველოში – ღორის გრიპით რამდენიმე ადამიანი უკვე გარდაიცვალა
* * *
ექნება თუ არა განსხვავებული დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში ვაშინგტონის ახალ ადმინისტრაციას
“ვფიქრობ, ჯო უილსონის მოსაზრებები ექსტრემალურია და არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს. ახლა არის ახალი სანქციები და მიმაჩნია, რომ კონგრესის ზოგიერთი წევრი ყურადღებას აქცევს საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას, თუმცა, მეეჭვება ეს პოლიტიკური ვითარება ტრამპს ახლა აინტერესებდეს”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, მეთიუ ბრაიზამ “ეხო კავკაზას” განუცხადა. ხოლო კითხვაზე: “რამდენად შეიძლება “ქართული ოცნების” მოლოდინები იყოს საფუძვლიანი? რამდენად დაეხმარება ეს “ოცნების” ხელისუფლებას, შეინარჩუნოს თავისი პოზიციები?” – მეთიუ ბრაიზამ უპასუხა: “ჩემი აზრით, ბევრით” – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ექნება თუ არა განსხვავებული დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში ვაშინგტონის ახალ ადმინისტრაციას.
მეთიუ ბრაიზას თქმით, “ბაიდენი თავისი ადმინისტრაციის დასაწყისიდან მუდმივად საუბრობდა დემოკრატიაზე და ეს ძალიან თვალსაჩინო იყო ყველასთვის, ვინც საქართველოში სიტუაციას თვალს ადევნებდა და ხედავდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” სერიოზულად გადაუხვია დემოკრატიისგან, რომ ისინი არღვევდნენ თამაშის წესებს და უფრო მეტად აახლოებდნენ ქვეყანას რუსეთთან. ბაიდენისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი. თუმცა საჭირო გახდა თითქმის ოთხი წელი იმისთვის, რომ ბაიდენს რამე მოეფიქრებინა. მან მხოლოდ ახლა დააწესა სანქციები სა და ზოგიერთი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ. თუმცა მანამდე ბაიდენს არაფერი გაუკეთებია “ქართული ოცნების” წინააღმდეგ. ასე რომ, დიახ, ახლა არის ახალი სანქციები და მიმაჩნია, რომ კონგრესის ზოგიერთი წევრი ყურადღებას აქცევს საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას, ემხრობიან უფრო მეტ სანქციას, თუმცა მეეჭვება, რომ ეს პოლიტიკური ვითარება ტრამპმს ახლა აინტერესებდეს. ვნახოთ, რა იქნება. თუ იქნება სერიოზული შეტაკებები ქუჩებში, შესაძლოა სხვა მიდგომა იყოს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რაც შეეხება კითხვას – “არსებობს მოსაზრება, რომ საკმაოდ დამოუკიდებელია გადაწყვეტილებების მიღებისას, თუმცა მის გარემოცვაში რესპუბლიკელებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ქართულ ოპოზიციას ოპტიმიზმს უნერგავენ, მათ შორის ჰელსკინის კომისიის თავმჯდომარე უილსონი, “მეგობარი აქტის” თანაავტორები. რამდენად შეიძლება, იმოქმედოს ამან ტრამპის მიდგომებზე იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება?” – მეთიუ ბრაიზის შეფასებით, უილსონის მოსაზრებები არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს. “ვფიქრობ, ჯო უილსონის მოსაზრებები, გულწრფელად რომ ვთქვა, ექსტრემალურია და არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს. არის შესაძლებლობა, რომ უილსონის ეს მიდგომა მნიშვნელოვანი იყოს მარკო რუბიოსთვის, როდესაც ის სახელმწიფო მდივანი გახდება”, თქვა ბრაიზამ. მისივე აზრით “საერთოდ, რუბიო ძალიან ტრადიციული “რესპუბლიკელია”, როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკას და, ზოგადად, ეს ნიშნავს დემოკრატიის მხარდაჭერას”, – განაგრძობს გამოცემა.
“შესაძლოა, რუბიო იქნეს დარწმუნებული, რომ საჭიროა თბილისის ქუჩებზე მყოფი ხალხის მხარდაჭერა, თუმცა მიმაჩნია, რომ თავად ტრამპისთვის ეს არ იქნება პრიორიტეტი იმის მიუხედავად, რას ილაპარაკებენ უილსონი და კონგრესის ზოგიერთი წევრი”, – ამტკიცებს ბრაიზა. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ ბაიდენის და ტრამპის ადმინისტრაციებს შორის გარკვეულწილად განსხვავებული მიდგომები იქნება საქართველოს მიმართ. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა ტრამპმა გაცილებით მკაცრი ზომები მიიღოს “ქართული ოცნების” მიმართ. “ბაიდენის და ტრამპის ადმინისტრაციებს შორის საქართელოსთან მიმართებაში გარკვეულწილად განსხვავებული მიდგომები იქნება. მოგეხსენებათ, ტრამპი ჯო უილსონს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა და ის ინფორმირებულია რა ქმედებებს ახორციელებს “ქართული ოცნება”, – ამბობს ჩიტაძე და თვლის, რომ “ტრამპი მეორე პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკის საერთაშორისო ასპარეზზე უფრო აქტიურად წარმოჩინებას აპირებს”, – დასძენს გამოცემა.
“პირველი პრეზიდენტობის პერიოდში უფრო ეკონომიკურ და შიდა საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას, ახლა ვფიქრობ, ის უფრო მეტად საგარეო პოლიტიკაზე იმუშავებს. აქედან გამომდინარე, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ყურადღების ცენტრში საქართველოც იქნება. ტრამპმა გაყინა ამერიკული დახმარება სხვადახვა ქვეყნებისთვის. შესაძლოა აშშ-მ შეისწავლოს სხვადასხვა ქვეყნების დამოკიდებულება ამერიკისადმი და ამის შემდგომ შეიძლება გახსნას, ან არ გახსნას დახმარება კონკრეტული ქვეყნების მიმართ, მათ შორის ჩემი ვარაუდით, საქართველოს მიმართაც შეისწავლიან. მე ასე მგონია, რომ ტრამპს კონგრესთან კოორდინაცია ექნება და იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპი ინფორმირებულია ირაკლი კობახიძის ვიზიტის შესახებ ირანში, ასევე საქართველო აპირებს სტრატეგიული ობიექტის ჩინეთისთვის გადაცემას, რუსეთის სასარგებლო პოზიციების დაფიქსირებაზე და “ოცნება” ამერიკაზე რომ საუბრობს, აშშ არის “გლობალური ომის პარტიის” თანამონაწილეო, მგონია ტრამპი მკაცრ ზომებს მიიღებს “ქართული ოცნების” მიმართ”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
შესაძლებელია თუ არა ომის დასასრულებლად შეიქმნას ფორმატი: აშშ-ჩინეთი-უკრაინა-რუსეთი
“სი ძინპინს უკრაინაში ომის დასასრულებლად არაფერი გაუკეთებია. მე მას ვუთხარი: ეს საკითხი უნდა მოაგვარო”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომის დასრულების საკითხი განიხილა. “ამისთვის მას ბევრი არაფერი გაუკეთებია. მას დიდი ძალაუფლება აქვს, ისევე როგორც ჩვენ. დიახ, ეს საკითხი განვიხილეთ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპმსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი 17 იანვარს შედგა. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ CBS Mornings-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ომის ისე დასრულება სურთ, 3-4 წელიწადში ისევ აღარ დაიწყოს. მისი თქმით, კონფლიქტი უნდა დასრულდეს და ეს აშს-ის პოლიტიკას წარმოადგენს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შესაძლებელია თუ არა ომის დასასრულებლად შეიქმნას ფორმატი: აშშ-ჩინეთი-უკრაინა-რუსეთი.
“გვსურს, რომ მის დასასრულებლად ყველაფერი გავაკეთოთ. ჩვენს ძალისხმევას გამოვიყენებთ, რათა ეს კონფლიქტი სტაბილურად დასრულდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გვსურს კონფლიქტი დასრულდეს და შემდეგ ორ, სამ ან ოთხ წელიწადში განახლდეს. სტაბილურობის უზრუნველყოფა გვსურს”, – განაცხადა რუბიომ. როგორც მან აღნიშნა, კონფლიქტი, რომელიც რუსეთმა დაიწყო ახლა ჩიხშია შესული და როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის დამანგრეველია. “ყველა ბედნიერი უნდა იყოს, რომ დონალდ ტრამპი, რომელსაც მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობა და კონფლიქტების დასრულება სურს, აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს”, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. რონდელის ფონდის მკვლევარის, კახა გოგოლაშვილის თქმით, უკრაინის ომის დასრულებაში ჩინეთის ჩართულობაზე სავარაუდოდ, საუბარი მიდის, თუმცა მისივე აზრით, შესაძლო ამაზე რუსეთი თანახმა არ იყოს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მე დარწმუნებული არ ვარ, რომ ასე მარტივად შეიძლება მოხდეს ამ ფორმატის შექმნა, ანუ ჩინეთის, რუსეთის, აშშ-ის და უკრაინის, თუმცა, ამაზე საუბარი არის და შესაძლებელიც. თუმცაღა მე არ ვიცი რამდენად დათანხმდება ამას რუსეთი. სავარაუდოდ, უკრაინა დათანხმდებოდა, ამერიკაც შეიძლება იყოს დაინტერესებული, მაგრამ რაც შეეხება რუსეთს, გამორიცხული არაა, რომ ის არ იყოს დაინტერესებული, პუტინის ამბიციებიდან გამომდინარე”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა. ხოლო ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს უკრაინა იქნება თუ სხვა, ფაქტია, რომ სამი დიდი იმპერია სამყაროს იყოფს”, – განაგრძობს გამოცემა.
“სამწუხარო რეალობაა ის, რომ სამი დიდი იმპერია – ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი ინაწილებენ დიდი პიცის, თუ ხაჭაპურის ნაწილებს. მთავარია ჩვენ სუვერენიტეტი და თვითმყოფადობა დავიცვათ ბოლომდე. რა თქმა უნდა, არავის იდეოლოგია თავზე არ უნდა მოვიხვიოთ და ამის გამო ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი ბრძოლები მოუწევს… რაც შეეხება უკრაინას, ძალიან ცუდია, რომ ქვეყანა დაქცეულია, მათ შორის ზელნსკისა და მისი გუნდის მიერ. მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ ტრამპი მას შეიფარავს. ფაქტი ერთია, უკრაინა გაჩანაგებულია და შესაძლოა სხვებმაც მოითხოვონ რაღაცეები. გამორიცხული არაა უნგრეთმაც მოითხოვოს, რომ მისი ეროვნული უმცირესობების უფლებები დაცული იყოს, ასევე, შესაძლოა პოლონეთმა დასავლეთ უკრაინაში. სახეზე გვაქვს ერთი დიადი ქვეყნის გავერანება “ფსევდოლიბერალების” მიერ. საბედნიეროდ, საქართველო ამას გადაურჩა, მაგრამ არაფერი დასრულებულა და მართლაც კბილებით არის დასაცავი ჩვენი თავისუფლება და სუვერენიტეტი. სამი იმპერია რაღაც ლამაზი დიპლომატიური სიტყვებით იყოფს სამყაროს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
რაში ადანაშაულებს კიევი ნატოს 4 ქვეყანას და ალიანსში ინტეგრაციის რა პერსპექტივა აქვს საქართველოს და უკრაინას
“უკრაინის პრეზიდენტი ღიად ასახელებს იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ, რომელთა შორის არიან – აშშ, გერმანია, უნგრეთი და . უნდა აღინიშნოს, რომ ბუდაპეშტი და ბრატისლავა, კიევის წინააღმდეგ პოზიციას მუდმივად აფიქსირებდნენ სხვადასხვა გადამწყვეტ მომენტში, რაც ანალიტიკოსებისთვისაც არაა გასაკვირი, თუმცა კითხვებია ამ მხრივ განსაკუთრებით ბერლინზე. რაც შეეხება აშშ-ს, 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტ ტრამპს უკრაინასთან მიმართებაში მკვეთრად გამოხატული პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუმცა როგორც იანუგურაციამდე “ოვოლ სთრით ჟურნალმა” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, “ტრამპი მხარს არ უჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ სურს იხილოს ძლიერი, კარგად შეიარაღებული უკრაინა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ”. გამოცემა წერს, რომ ეს განცხადება ტრამპმა 7 დეკემბერს პარიზში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე გააკეთა. თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს რომ ტრამპმა გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე ახლა პოზიცია შეცვალოს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რაში ადანაშაულებს კიევი ნატოს 4 ქვეყანას და ალიანსში ინტეგრაციის რა პერსპექტივა აქვს საქართველოს და უკრაინას.
“უნდა აღინიშნოს, რომ ნატოს წევრი ს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი აცხადებს, რომ ალიანსმა უკრაინასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პირობა უნდა შეასრულოს, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს დადო. “ნატო-მ ჯერ კიდევ 2008 წელს გადაწყვიტა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები. ნატო-მ, მათ შორის აშშ-მა და გერმანიამ, თავისი სიტყვა უნდა შეასრულოს”, – წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა “იქს”-ზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი აშშ-ზეა დამოკიდებული. “თუ პრეზიდენტი ტრამპი მზად იქნება, რომ უკრაინა ნატო-ში იხილოს, მაშინ ჩვენ ნატო-ში ვიქნებით. ამას მხარს ყველა დაუჭერს. თუ პრეზიდენტი ტრამპი მზად არ იქნება, მაშინ ნატო-ში არ ვიქნებით. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიებისთვის ვიბრძვით, ნატო-ში ყოფნა გვსურს, ნატო-ს ქვეყნების უმეტესობა მხარს გვიჭერს”, – თქვა ზელენსკიმ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოთხი სახელმწიფო: აშშ, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ამ მხრივ საკვანძო იქნება დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. “ჯერჯერობით ტრამპის მხრიდან თავად ნატოს მიმართ პოზიციაა გასარკვევი. ჯერჯერობით ტრამპმა აქცენტი მხოლოდ შიდაპოლიტიკურ პროცესებზე გააკეთა და იმ საგარეო პროცესებზე, რომელიც აშშ-ს კონტინენტს ეხება. წინასაარჩევნოდ და მერეც კი თქვა, რომ მშვიდობაზე იქნებოდა ორიენტირებული, თუმცა რა იგულისხმა ეს არ დაუკონკრეტებია. მისი მოხსენება უფრო ნეოიზოლაციონისტური იყო. არაა გამორიცხული, რომ რასაც წინასაარჩევნოდ საუბრობდა ტრამპი, იმის საწინააღმდეგოდაც იმოქმედოს და ახლა რას იზამს ძნელი სათქმელია. პუტინისა და ტრამპის შეხვედრა ყველა ვარიანტში იქნება და ალბათ ეს სავარაუდოდ მარტში გაიმართება, არაა გამორიცხული ადგილს არჩევდნენ, შესაძლოა სტამბულშიც გადაწყდეს, რადგან პუტინი ჰააგის ტრიბუნალის ბრალდებულია და ევროპის ქვეყნებში შეხვედრა ალბათ ვერ გამოვა”, – აცხადებს მაისაია, რომლის აზრით “ამის მერე უფრო ნათელი გახდება ტრამპის პოზიციაც დათანხმდება თუ არა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას”, – განაგრძობს გამოცემა.
“ალბათ ამ შეხვედრაზე სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე იქნება საუბარი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ პუტინის ერთ-ერთი პირობა იყოს, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაზე უარი თქვას, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ სიტუაცია ისე წავიდეს, რომ ნატოს სკითხს საერთოდაც არ შეეხონ. გერმანია და ამერიკა აქამდე ამბობდნენ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების მომხრეები იყვნენ, სლოვაკეთი-უნგრეთი გასაგებია, რომ რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე ავითარებენ მაგ იდეას. არ ვიცი გერმანიაზე ზელენსკიმ საიდან მოიტანა ასეთი ამბავი, ალბათ იქიდან, რომ გერმანიას მაინც ფრთხილი პოლიტიკა აქვს და არ გამოვრიცხავ, რომ სკეპტიკური პოზიციაც დაეფიქსირებინა ახალ გაფართოებასთან დაკავშირებით და როცა უკრაინაში ომია, ბერლინი გულმხურვალე მომხრე ალბათ არ იყო უკრაინის ნატოში გაწევრიანების”, – მიიჩნევს რესპონდნეტი.
“აშშ-ს ვარიანტში ალბათ ტრამპის პოლიტიკის კონტექტში თქვა, რომ ნატოსთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილი პოლიტიკა აქვს. თავად ნატოს მომავალ პერსპექტივებთან დაკავშირებითაც ტრამპის განცხადებებს უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება საქართველოს პერსპექტივებს, პრორუსულ ხელისუფლებასთან ნატოს მჭიდრო თანამშრომლობაზე საუბარი ცოტა რთულია, თუმცა ალბათ მაინც რაღაც დონეზე ურთიერთობები შენარჩუნდება წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში, შესაძლოა რამდენიმე ერთობლივი სამხედრო სწავლებაც განხორციელდეს, ან რაღაც მცირე მასშტაბის წვრთნები, რითაც მინიმალურ დონეზე დაიყვანენ სამხედრო ურთიერთობებს. რაც შეეხება გაწევრიანებას, ეს დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალის პირობებში არ მგონია, რადგან ნატოს საერთოდაც არ ახსენებენ, პირიქით, “ოცნება”, “ხალხის ძალა” და ა.შ. ისეთი შინაარსით საუბრობენმ თითქოს ნატო ერთგვარი მტერია. ერთადერთი ნატოს აპოლოგეტები არიან და ის ოთხი პოლიტიკური ოპოზიციური პარტია, რომლებიც პროდასავლურ პლატფორმაზე არიან”, განმარტავს სამხედრო ანალიტიკოსი.
“ფორმალურად კონსტიტუციაში კი გვაქვს 78-ე მუხლი, მაგრამ რეალურად ის შეჩერებული მუხლია ამ რუსული კანონებით. სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება და არ მოვა პროდასავლური ხელისუფლება ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა არ გამოჩნდება. ევროკავშირთან ასე ახლოს ვიყავით და 2028 წლამდე ვაპაუზებთო და ნატოსთან მით უმეტეს დაპაუზებულია. საქართველო ნატოს სტანდარტებს რომ მიუახლოვდეს საკმაოდ ბევრი რამ აქვს გასავლელი, პირველ რიგში პოლიტიკური კონტექსტი არ უწყობს ამას ხელს, სანამ არ გაიწვევა კანონები უკან, სანამ სასამართლო, საარჩევნო და სხვა სტრუქტურები არ გაჯანსაღდება, მანამდე საუბარი ზედმეტია. გარდა ამისა, სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო-სტრატეგიული თვასაზრისითაც ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ამ პერიოდში შეგვეძლო, რომ სტანდარტებთან თავსებადი ვყოფილიყავით, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ამ ვითარებაში ვართ”, – დაასკვნის ვახტანგ მაისაია.
“ანალიტიკოსი გია აბაშიძე თვლის, რომ ნაკლებსავარაუდოა იმ ვითარების გათვალისწინებით, რაშიც დღეს უკრაინაა, ტრამპი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას დათანხმდეს. “ძალიან დიდი მწუხარებით ვიტყვი, რომ უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეს არის ავაზაკი ზელენსკისა და მისი მარიონეტი “გლობალური ომის პარტიის” მხარდამჭერების გამო. ძალიან საცოდაობაა რაც უკრაინაში ხდება და რაც აწი მოხდება. მე, როგორც რიგითი მოქალაქე და მით უმეტეს დედის მხრიდან მაქვს უკრაინული ფესვები, ვიტყვი, რომ საშინელება ხდება. დონალდ ტრამპი პოლიტიკური ბიზნესმენია, მისთვის ფინანსური ხეირია თუ არა – მთელს მსოფლიოს ასე უყურებს, ზოგისთვის კარგია, ზოგისთვის ცუდი. უკრაინის შემთხვევაში თქვა, რომ კი ბატონო, ომს მალე დაამთავრებს, შემდეგ მისმა მრჩევლებმა თქვეს, რომ ას დღეში დამთავრდებაო, მაგრამ უწინარესად უკრაინელთა ინტერესები უკვე ფეხვეშ გათელილია და ამ სახით რა ნატოსა და ევროკავშირი გაწევრიანებაზეა საუბარი?” – განაცხადა აბაშიძემ, რომლის აზრით “ეს ხალხი ჯერ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს”, – დასძენს გამოცემა.
“ხოლო კითხვაზე, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, აბაშიძემ განაცხადა – “ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ქართულ ოცნებას” ძალიან შორსმჭვრეტელი, დაბალანსებული და ბრძნული პოლიტიკა აქვს. ამდენი გლობალური ვეშაპების ფონზე, ქართულმა სახელმწიფოებრივობამ თავისი თვითმყოფადობა და თავისუფლება რომ შეინარჩუნოს, ამას ძალიან დიდი მოთმინება და ბეწვის ხიდზე გავლა უნდა. “ოცნება” ამ ვიწრო ხიდზე კვლავ გადის და ჯერ გამარჯვებას ვერ მივულოცავ. არ აქვს მნიშვნელობა რომელი მმართველი იქნება აშშ-ში, მოსკოვსა თუ პეკინში, ჩვენ ჩვენი თვითმყოფადობა უნდა დავიცვათ”, – წერს სტატიის ავტორი.
ზამთრის ვირუსები საქართველოში – ღორის გრიპით რამდენიმე ადამიანი უკვე გარდაიცვალა
“ქვეყანაში ზამთრის სიცივესთან ერთად ვირუსული ინფექციების გავრცელებამ მნიშვნელოვნად იმატა. განსაკუთრებით საყურადღებოა ღორის გრიპი, რომელმაც უკვე გამოიწვია გართულებები და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. სპეციალისტების თქმით, პიკი თვის ბოლოსაა მოსალოდნელი და მოსახლეობას მოუწოდებენ, ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს, რათა თავიდან ავიცილოთ შემდეგი გართულებები. საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ზუსტი ციფრი ჯერ კიდევ უცნობია. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სწორედ ღორის გრიპის ვირუსით გამოწვეული გართულებები და თანმხლები დაავადებები იყო. მდგომარეობის სერიოზულობაზე საუბრობს იაშვილის კლინიკის დირექტორი ივანე ჩხაიძეც”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ზამთრის ვირუსები საქართველოში – ღორის გრიპით რამდენიმე ადამიანი უკვე გარდაიცვალა.
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნათლად ჩანს, რომ ყოველკვირეულად გრიპის შემთხვევების რაოდენობა მატულობს. პრაქტიკულად, ყველა მეორე გრიპისმაგვარი დაავადების უკან გრიპის ვირუსი დგას. გრიპის ვირუსებს შორის ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა H1N1, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი. ასევე მაღალია „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსის გავრცელება. შედარებით ცოტა არის H3 ტიპის ვირუსი. ყველამ, ვინც გაიკეთა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, ამ ვაქცინის შემადგენლობაში 2 იყო „ა“ ტიპის ვირუსი, კერძოდ H1 და H3, ხოლო 2 „ბე“ ტიპის ვირუსი. ზუსტად დაემთხვა ვაქცინების შემადგენლობა იმ ვირუსების ცირკულაციას, რაც ქვეყანაშია. ეს ნიშნავს, რომ იმ პაციენტებში, ვინც აცრა გაიკეთა, ვაქცინა მაღალეფექტური იქნება, დაცვის ხარისხი და გართულებების თავიდან აცილების ხარისხი ძალიან მაღალი იქნება“, – განაცხადა ჩხაიძემ პრესასთან საუბარში. მისივე თქმით, მკვეთრად გაზრდილია მიმართვიანობაც. პაციენტები ძირითადად მაღალ ტემპერატურას უჩივიან, რომელიც არ ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას, “ – აღნიშნავს გამოცემა.
“ცხადია, უფრო მეტად გაზრდილია სტაციონარული მიმართვა. თუ პედიატრიულ სტაციონარებს გადავხედავთ, მკვეთრად არის გაზრდილი იმ ბავშვების მომართვიანობა, ვისაც მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი აქვს. ასევე გაზრდილია იმ ბავშვების მომართვიანობა, ვისაც ფილტვების ანთება აქვს. ასეა იაშვილის კლინიკაში, პრაქტიკულად გაგვიორმაგდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც ვაწვენთ სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების ნიშნებით. ამ პაციენტებს შორის 40% არის ფილტვების ანთებით მიმდინარე, რაც ნიშნავს რომ გრიპის ვირუსი დგას ამ შემთხვევების უკან“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ. ექიმების თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას კი საჭიროებენ 2 წლამდე ბავშვები, ორსულები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. სპეციალისტები ღორის გრიპის და სხვა ვირუსებთან გამკლავების საუკეთესო საშუალებად ვაქცინას ასახელებენ”, – განაგრძობს გამოცემა.
“ღორის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კი ძირითადად იგივეა, რაც სხვა რესპირატორული დაავადებების შემთხვევაში: მაღალი ტემპერატურა (38 გრადუსი და ზემოთ); ცხელება, მაგრამ არა ყოველთვის; კუნთების ტკივილი, ოფლიანობა, შემცივნება, ხველა, ყელის ტკივილი, დაღლილობა და ღებინება, თუმცა არა ყოველთვის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც ძნელდება სუნთქვა, იწყება მკერდის ტკივილი, ასევე თავბრუსხვევა და ძლიერი სისუსტე, დაუყონებლივ უნდა მივმართოთ ექიმს. ექიმები ვირუსისგან თავის დასაცავად გვირჩევენ, რომ ხალხმრავალ ადგილებში ვატაროთ პირბადე და დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში კი უნდა მოვერიდოთ სხვა ადამიანებთნ კონტაქტს”, -დასძენს გამოცემა.