ქართული პრესის მიმოხილვა 22.08.2024

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რა მაქსიმალურ შედეგს დადებს „ოცნება“ და ოპოზიცია
რა შემთხვევაში დაიწყება საპროტესტო გამოსვლები
რატომ გადაწყვიტა აზერბაიჯანმა “ბრიქსში” სასწრაფოდ გაწევრიანება – მიაღწიეს თუ არა შეთანხმებას ალიევმა და პუტინმა
* * *
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რა მაქსიმალურ შედეგს დადებს „ოცნება“ და ოპოზიცია
“ქართული ოცნება” ირწმუნება, რომ ოქტომბერის არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, ამაზე ბოლო პერიოდში ხშირად აკეთებს განცხადებებს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ერთობლივად შეძლებს “ოცნების” დამარცხებას. ამ პოლიტიკური მოცემულობით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რა მაქსიმუმს დადებს მართველი პარტია და ოპოზიცია? ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ დღეს, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გარანტირებული ექნება და ბევრად მეტსაც აიღებს. ოპოზიცია კი, “კატასტროფულად დამარცხდება”. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეს კი აცხადებს, რომ დღეს “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობის კი არა, უბრალო უმრავლესობის მოპოვების შანსიც არ აქვს, მისი რეიტინგი 35%-მდეა. ამბობს, რომ განცხადებები საკონსტიტუციო უმრავლესობაზე, მხოლოდ სახელისუფლებო ვერტიკალზე, მათ მხარდამჭერ ელექტორატსა და ბიზნესმენებზეა გათლილი, რომ “გვერდით გახედვა არ დაიწყონ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რა მაქსიმალურ შედეგს დადებს „ოცნება“ და ოპოზიცია.
“ამ წუთში რომ არჩევნები ჩატარდეს, “ქართული ოცნება” არა 60%-ს, არამედ 70-75%-ს აიღებს, ქვეყანა ისეთ სიტუაციაშია ოპოზიციისგან. ოპოზიცია ის ძალაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გარე ძალების ინტერესების მიხედვით მოქმედებს და რომელსაც “ოცნების” პოლიტიკური საბჭო “გლობალური ომის პარტიას” უწოდებს. “გლობალური ომის პარტიაში” საერთაშორისო იმპერიალისტები არიან, მათი წარმომადგენელი ადგილზე კი, აქ არსებული ე.წ. ოპოზიციაა, სინამდვილეში “მეხუთე კოლონა”. ოპოზიცია რაღაცის შეკოწიწებას ცდილობს, რომელიც ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოხდება. “მეხუთე კოლონამ” თავშივე დიდი შეცდომები დაუშვა, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ისინი საქართველოს ომში ჩართვას უპირობოდ მოითხოვდნენ, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო. საქართველოს მოსახლეობას გამოცდილი აქვს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, 2012 წლამდე, თითქმის ყოველი ხელისუფების დროს ომები და უბედურებები იყო. ეს “მეხუთე კოლონა” ისტორიის ობიექტური მიმდინარეობის შედეგია, რომელიც არჩევნებზე აუცილებლად კატასტროფულად დამარცხდება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
“ქართულ ოცნებას” არც ერთი შემთხვევისთვის არ გაუჭირდება, რომ არა მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არამედ ბევრად მეტიც მოიპოვოს. მოლოდინი მაქვს, რომ 113 მანდატზე ბევრად მეტს აიღებს. რეგიონებში დავდივარ, დასავლეთ საქართველოსა და სხვა ადგილებში ვიყავი, ხალხს გავესაუბრე და ამ ოპოზიციის დანახვაც არ უნდა. არ ვსაუბრობ, რომ “ქართული ოცნება” ანგელოზებით სავსე კრებულია, არა ბატონებო! მაგრამ ე.წ. ოპოზიციის ფონზე, მართლაც ფრთიანი ანგელოზები არიან. “ქართულმა ოცნებამ” ამ 12 წლის მანძილზე ქვეყანაში ერთი უმთავრესი რამ შეინარჩუნეს – მშვიდობა, ასევე ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიების ერთი სანტიმეტრიც კი და ამასთან ერთად, (არ ვსაუბრობ, რომ რაღაც სასწაულად, მაგრამ) ასე თუ ისე ხალხის ცხოვრების დონე გაუმჯობესდა”, – დასძენს ედიშერ გვენეტაძე.
“ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობის კი არა, უბრალო უმრავლესობის შანსიც არ აქვს. ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს “ქართული ოცნება” 30-დან 35%-მდე აიღებს, დაახლოებით, ეს მისი დღევანდელი მონაგარია. რაც შეეხება ოპოზიციას, იქ პრობლემები რა თქმა უნდა არის, მაგრამ ჯამურად, დღეის მდგომარეობით (არ ვიცი რა იქნება ხვალ და ზეგ) ამ ოთხ პლატფორმას 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არც ერთს არ აქვს და მიიღებს გაცილებით მეტს, ვიდრე “ოცნებას” ექნება. ოპოზიცია ჯამურად “ოცნებას” მოუგებს, მანდატების გადანაწილების შემდეგ, ოპოზიციას რა თქმა უნდა უმრავლესობა ექნება”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ოცნება” ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს შინ და გარეთ, რომ მას საკონსტიტუციო უმრავლესობის იმედი და რეალური შანსი აქვს, რადგან შემდეგ კითხვები არ გაჩნდეს თუ უბრალო უმრავლესობით მოიგებს, ანუ 76 მანდატს თუ გადააჭარბებს. ფორას უფრო მეტზე დებს, ლაპარაკობს, რომ შემდეგ უბრალო უმრავლესობაც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დარჩეს. იტყვის, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ვიბრძოდით და დიდი ამბავი თუ უბრალო უმრავლესობა მივიღეთო. ამ დროს, მას რეალურად უმრავლესობა ნამდვილად არ აქვს. ამით “ქართული ოცნება” თავის ამომრჩეველს აჩვენებს, რომ არ შეგეშინდეთო. არა მხოლოდ ამომრჩეველს, არამედ დღეს “ოცნების” პრობლემა ისაა, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი არ დაერღვეს და ის ბიზნესი, რომელიც დღეს მასთან არის, გვერდზე გახედვა არ დაიწყოს”, – განაგრძობს ანალიტიკოსი.
“თუმცაღა “ოცნებამ” რაც არ უნდა ილაპარაკოს, ამ სახელისუფლებო ვერტიკალში, მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხება აქვთ და განწყობებს თავადაც ხედავენ. ასევე ის ბიზნესმენები, რომლებიც დღეს მათთან კი არიან, მაგრამ ხვალ და ზეგ არ იციან რა იქნება, ამიტომაც ისინი გვერდით გახედვასაც ცდილობენ, რაც “ოცნებას” ნამდვილად არ აწყობს. ამიტომ “ოცნების” მიზანია, რომ უპირველეს ყოვლისა ეს ხალხი დააჯეროს, თითქოს ყველაფერი რიგზეა და ჩვენ ისევ მოვიგებთო, ამ პიარის აზრიც და მიზანიც ესაა”, – დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
რა შემთხვევაში დაიწყება საპროტესტო გამოსვლები
“ოპოზიცია აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებს, საჯარო განცხადებებში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება სწორედ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს. “ოცნება” კი აცხადებს, რომ ოპოზიცია რეალურად არა 26, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადება, არჩევნებს უნდობლობას გამოუცხადებენ, რათა საპროტესტო გამოსვლებს ლეგიტიმურობის ელფერი მიეცეს. ყოფილი სახელწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ქუჩაში გამოსვლა არავის არ ეხალისება და ხალხი იმ შემთხვევაში გამოვა, თუ დარწმუნდა, რომ არჩევნები მართლაც გაყალბდა. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ ოპოზიციაში საუბარი მიდის შესაძლო სცენარზე. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ისინი სწორედ არჩევნებს ელოდებიან, რომ პროტესტი ლეგიტიმური გახადონ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შემთხვევაში დაიწყება საპროტესტო გამოსვლები.
“ეს განცხადება ჯერ მდინარაძემ გააკეთა და მერე იმეორებენ, რომ 27 ოქტომბერს გამოვლენო. ანუ, აშკარად გაყალბებას აანონსებენ, თორე ხალხი ქუჩაში რატომ უნდა გამოვიდეს თუ არჩევნები გაყალბებული არ იქნება, იდიოტი ხომ არაა?! ხალხმა უნდა დაიჯეროს რომ გაყალბდა, რომ გამოვიდეს. “ქურდს ქუდი ეწვისო”, თავად წინასწარ გრძნობენ რამდენად ჩიხში შევიდნენ და საზოგადოებას სხვა გზას არ დაუტოვებენ გარდა იმისა, რომ ქუჩაში გამოვიდნენ. ქუჩაში გამოსვლა არავის არ ეხალისება, მით უმეტეს ოქტომბრის ბოლოს, როცა სიცივეები და წვიმები იწყება. “ოცნებას” აშკარად დამსახურებული სამართლიანი რისხვის ეშინია, რაც მათ მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგები გამოიწვევს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“თუ დასავლეთს სამართლიანი არგუმენტები არ ექნება, ისინი არ იტყვიან, რომ გაყალბდა. აქ კომისია იქნება, უკვე ჩამოსულები არიან და უფრო მეტიც ჩამოვა, დადებენ სერიოზულ დასკვნას. დასავლეთი კი ამ დასკვნის შესაბამისად მოიქცევა. რა თქმა უნდა, დასავლეთს არ მოეწონება თუ არჩევნები გაყალბდა, საქართველოსთან ურთიერთობის დემონტაჟს დაიწყებს, ალბათ ვიზალიბერალიზაციას გაიწვევს, არ გააუქმებს, მაგრამ კანდიდატობის სტატუსს საბოლოოდ დიდხანს გაყინავს. გაწყდება დასავლეთთან ყოველგვარი კავშირები და რუსეთთან პირისპირ მარტო დავრჩებით. საზოგადოებამ ეს არ უნდა ჩაყლაპოს და “ქართულ ოცნებას” ძალიან ძვირად დაუჯდება თუ მოახერხებს და წარმატებას გაიფორმებს, ქართველი ხალხი არაა მზად ეს ყველაფერი ჩაყლაპოს”, – დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.
“მე მგონი სწორედ არჩევნებს ელოდებიან და ლაპარაკი არის სცენარზე, რომ არჩევნები გაყალბებულად შეფასდეს და ამან უკვე საპროტესტო აქციები ლეგიტიმური გახადოს… იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბებულია და ჯანსაღი, ვაჟკაცური საპროტესტო აქციები დაიწყება. საქართველოში შემოდგომა გვიყვარს და აქციები სითბოში და სიწყნარეში იქნება. თუმცაღა, საპროტესტო აქციები საერთოდ მილევადია ხოლმე, პირველი აფეთქებაა მაქსიმალური და მერე ნელ-ნელა იკლებს. სააკაშვილის წინააღმდეგ პროტესტი რომ გავიხსენოთ, როცა “კარვების ქალაქი” გაკეთდა, სტაციონალური საპროტესტო აქცია იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მილევადი აღმოჩნდა. ხალხი კარვებში აღარ ჩერდებოდა, ვინც ჩერდებოდა, არა პოლიტიკა, არამედ სხვა ინტერესი ჰქიონდა და ამიტომ ეს აქციები ჩაქრა. ეს პროტესტი სწორედ პასუხია იმაზე რამდენად მილევადი იქნება აქციები. თუ “ოცნების” მისამართით დასავლეთის კრიტიკული რეაქცია არჩევნების მერეც გაგრძელდა, სწორედ ეს რეაქცია იქნება ამ აქციების ერთ-ერთი კომპონენტი. ერთ-ერთი არგუმენტი ეს ექნებათ, რომ დასავლეთიც კი ამბობს, ესე იგი გაყალბდაო”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დრის წინ განაცხადა, რომ ოპოზიცია არა რევოლუციისთვის, არამედ არჩევნებისთვის ემზადება. “ჩვენ ვემზადებით არა რევოლუციისთვის, ჩვენ, ყველანი უნდა მოვემზადოთ არჩევნებზე მისვლისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის და მას შემდეგ, რაც ისინი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს უნდა მოვემზადოთ, ყველანი ერთად, ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში კვირების, თვეების განმავლობაში მშვიდობიანად დგომისთვის, სანამ არ ვაიძულებთ მათ, მიიღონ ქართველი ერის არჩევნები”, – თქვა მან. “ხალხის ძალის” წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი 27 ოქტომბრისთვის ემზადება და ამას თავადაც “აღიარებენ”. “უცხოური ძალა და ადგილობრივი ლოკალური ომის პარტია, რადიკალური ოპოზიციისა და მათი კვერის დამკვრელი ენჯეოების სახით, ემზადებიან არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ 27 ოქტომბრისთვის. ამას აღიარებენ კიდეც. დელეგიტიმაციაზე, გაყალბებაზე საუბრობენ, როდესაც არავის არანაირი ფაქტი არ დაუფიქსირებია და ა.შ. აქაც გადაასწრო პატიმარმა სააკაშვილმა, ჩაუშვა ეს ხალხი და თქვა, ჩვენი გეგმა არჩევნები კი არ არის, ჩვენი გეგმა არის 27 ოქტომბერს ვითომ გაყალბებული არჩევნების გაპროტესტებაო”, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა, რომლის აზრით, “რა თქმა უნდა, ამას არანაირი მომავალი არ აქვს”, – აღნიშნავს გამოცემა.
რატომ გადაწყვიტა აზერბაიჯანმა “ბრიქსში” სასწრაფოდ გაწევრიანება – მიაღწიეს თუ არა შეთანხმებას ალიევმა და პუტინმა
“აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და ს პრეზიდენტ ს შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაუყონებლივ გააკეთა განაცხადი “ბრიქსში” გაწევრიანების შესახებ – ამაზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აიჰან ჰაჯიზადემ თურქულ გამოცემა Anadolu Agency-სთან საუბარში თქვა. ცნობისთვის, ივლისის დასაწყისში ყაზახეთში გამართული “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სახელმწიფო მეთაურების შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის “სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ” ერთობლივი დეკლარაცია იქნა მიღებული. დეკლარაციაში აღნიშნული იყო, რომ ბაქოს “ბრიქსში” გაწევრიანება სურს, ხოლო პეკინი ამ მისწრაფებას მიესალმება. პუტინის ვიზიტის შედეგად მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაშიც აღნიშნული იყო, რომ მოსკოვი მხარს უჭერს “ბრიქსში” აზერბაიჯანის წევრობას. კონფიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანისთვის მსხვილ ფინანსურ “გეოპოლიტიკურ ოჯახთან” მიერთება მნიშვნელოვანია, აზერბაიჯანმა ევროკავშირზე და ნატოზე უარი თქვა, ამიტომ დიდ საერთაშორისო ორგანიზაციაში შესვლა სჭირდებოდათ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ გადაწყვიტა აზერბაიჯანმა “ბრიქსში” სასწრაფოდ გაწევრიანება – მიაღწიეს თუ არა შეთანხმებას ალიევმა და პუტინმა.
“ბრიქსში” არის მთელი არადემოკრატიული მსოფლიო, იქ არის ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი და ა.შ. ანუ დიდი და სერიოზული სახელმწიფოების ერთობაა. “ბრიქსში” გაწევრიანება ნიშნავს მსხვილ ფინანსურ არადემოკრატიულ ნაკადთან შეერთებას. ასეთი რამდენიმე დიდი ერთობაა მსოფლიოში, პირველ რიგში “დიდი შვიდიანია”, რომელიც ყველაზე წამყვანი და ძლევამოსილი გაერთიანებაა. ამას მოჰყვება “დიდი ოციანი”, რომელიც მეორე ადგილზეა საკმაოდ სერიოზულ ორგანიზაციებს შორის. შესაძლოა თამამად ითქვას, რომ მესამე ადგილზე “ბრიქსია”, რომელიც სხვადასხვა ტიპის სახელმწიფოებს აერთიანებს. ამიტომ აზერბაიჯანის მიერთება ამ მსხვილ ფინანსურ “გეოპოლიტიკურ ოჯახთან” ბაქოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იქნება. ვინაიდან აზერბაიჯანმა ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა, რაც ჩემი აზრით ეს უფრო სერიოზულია. რა თქმა უნდა, ამ ფონზე მათ სჭირდებათ დიდ ერთობაში შესვლა და “ბრიქსი” ამ შემთხვევაში მათთვის კარგი იქნება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ჩვენ, საქართველო უარს ვამბოთ ნატოსა და ევროკავშირზე, რომლებმაც კარები გაგვიხსნეს, საქართველოში მავნებლური და იდიოტური აზროვნება არსებობს, რომ მარტო უნდა ვიყოთ, რაც სრული აბსურდი, ბოდვა და შეუძლებელიც კია. თუ რომელიმე მსოფლიო დონის ერთობას არ შეუერთდები, რუსეთი წაგლეკავს და შეგჭამს. ვინც მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტზე ლაპარაკობს, ის აშკარად რუსული ნარატივის გამტარებელია, ოღონდ რუსეთს ვერ ახსენებს. ამ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანი ნატოსა და ევროკავშირზე უარს ამბობს, მისთვის “ბრიქსი” ზედგამოჭრილია”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“როდესაც ალიევი და პუტინი შეხვდნენ, ხმა არ ამოუღიათ ისრაელ-ირანის ურთიერთობებზე, რაც ორივესთვის პრიორიტეტია, რადგან სხვადასხვა ბანაკებში არიან. რუსეთი ირანს უჭერს მხარს, ხოლო აზერბაიჯანი უფრო სკენ იხრება. თუ მათ ხმა არ ამოუღიათ და არ უხსენებიათ ეს არის მნიშვნელოვანი. შეუძლებელია პუტინი და ალიევი ერთად ყოფილიყვნენ და არ ესაუბრათ ამ საკითხზე. თავისთავად ამაზე დადუმება ნიშნავს იმას, რომ მათ შორის ბოლომდე “ქიმია” ვერ შედგა, ბოლომდე ვერ შეთანხმდნენ, თორემ იტყოდნენ, რომ ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ. მე მაინც მგონია, რომ გამორიცხულია ირან-ისრაელზე არ ესაუბრათ, აზრებს აუცილებლად გაცვლიდნენ, თუმცა, აქ კითხვებს აჩენს ის, თუ რატომ არ იძახიან ხმამაღლა – ეს ბევრ რამეზე მეტყველებს”, – დასძენს ზაქარეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერზე – „პერსონა ნონ გრატადაა“ გამოცხადებული, რადგან გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან – დავინახავ, პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ივანიშვილთან ერთად, როგორ იჭიკჭიკებს

TI, ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა” და მისი დამფუძნებლები ანტიკორუფციულმა “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნო – Netgazeti • ანტიკორუფციული ბიურო • ეკა გიგაური • რაჟდენ კუპრაშვილი • Netgazeti.ge