ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024

სანდრო თვალჭრელიძე – “მთავარია, 26 ოქტომბერს საქართველო არ დამარცხდეს!”
ხმების რამდენ პროცენტია ადმინისტრაციული რესურსი – ოპოზიცია საჯარო მოხელეებზე მასობრივი ზეწოლის შესახებ საუბრობს
ლაშა ძებისაშვილი – “ჰიბრიდულ ომში რუსული წესებით კატასტროფული სურათი გამოიკვეთა”
* * *
სანდრო თვალჭრელიძე – “მთავარია, 26 ოქტომბერს საქართველო არ დამარცხდეს!”
“20 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე ხალხის ნება თვალნათლივ გამოჩნდა, ხალხს სურს ევროპა, სურს ცვლილებები და აღარ სურს არჩევნებზე ოთხჯერ ზედიზედ ერთი და იმავე პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვოს. ეს აქცია არის ამის ცხადი გზავნილი. ჩემი აზრით, ხალხის ამ ნებას ვეღარავინ დაუდგება წინ. აქციაზე მივიდა და სიტყვითაც გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი. ვნახეთ ის ოვაცია, რითაც შეხვდა საზოგადოება. შეიძლება ითქვას, ის ერთადერთი ფიგურაა ხელისუფლებიდან, რომელსაც ენდობიან ქვეყნის გარეთ და უსმენენ საქართველოში. ჩემი შეფასებით, მისი როლი ს შემდეგ უფრო გაიზრდება. მას ექნება დაძაბულობის შემცირებისა და გამაერთიანებლის როლი. მთავარია, 26 ოქტომბერს საქართველო არ დამარცხდეს!” – აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მთავარია, 26 ოქტომბერს საქართველო არ დამარცხდეს!”
“ზოგადად თუ მიმოვიხილავთ, ამ წინასაარჩევნო პერიოდმაც აჩვენა, რომ ევროპისგან კიდევ ბევრი რამ გვაშორებს. ჯერ კიდევ აშკარაა, რომ ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრციდან მოვდივართ და ეს უპირველესად ვლინდება ჩვენს მენტალიტეტსა და მსოფლმხედველობაში. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში მოქიშპე პარტიები ერთმანეთს პატივს სცემენ და მზად არიან თანამშრომლობისთვის. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში აღარ არის ერთპარტიული მმართველობის სისტემა. წამყვან ევროპულ სახელმწიფოებს კოალიციური მთავრობები მართავენ, ჩვენთან კი კოალიციური მთავრობა მმართველი პარტიისთვის უბედურების ტოლფასია. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა ამ არჩევნებით დასრულდება, ვერც ერთი პარტია ვერ მოიპოვებს გადამწყვეტ უმრავლესობას და იძულებული იქნება ეძებოს გამოსავალი კოალიციაში, მაგრამ ერთმანეთის ლანძღვა-გინება და უკიდურესად ნეგატიური მუხტი ამას ხელს უშლის. ოპოზიციაში თითქოს მეტ-ნაკლებად მიხვდნენ, რომ არც ერთ მათგანს არა აქვს გამარჯვების შანსი და ამიტომ აშკარად მზად არიან კომპრომისისა და თანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, იგივე უნდა გაეკეთებინა მმართველ პარტიასაც, ეძებნა პარტნიორები. “, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“ქართული ოცნება”, ფაქტობრივად, ძალით აგებს ამ არჩევნებს. 6 თვის წინ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ, მაგრამ ე.წ. აგენტების კანონის მიღებამ, დასავლეთის დაუსრულებელმა ლანძღვა-გინებამ და ა.შ. ძალიან დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა. რისთვის გააკეთეს, ჩემთვის დღემდე გაუგებარია. კიდევ ერთი ნიშან-თვისება, რაც ახასიათებს ჩვენს პოლიტიკურ გარემოს, სრული დილეტანტიზმია. პოლიტიკური აქტორები ხშირად ისეთ რაღაცას ამბობენ, რისი გაკეთებაც, აბსოლუტურად შეუძლებელია. ამის არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკს მოვერიდები. არ შეიძლება ისეთი რამეების თქმა და დაპირება, რაც პირდაპირ ააშკარავებს შენს უცოდინარობას… დღემდე ჩვენი მთავრობები კომპლექტდებოდა პოლიტიკურად და არა პროფესიული ნიშნით. საბოლოოდ, პოლიტიკური ნიშნით დანიშნული მინისტრები ამ პოსტზე, ლორენს პიტერის პრინციპის თანახმად, საკუთარი არაკომპეტენტურობის მაქსიმუმს აღწევენ, რაც საქმეს აზიანებს. ამიტომ ტექნიკური მთავრობის იდეა არასწორად სულაც არ მიმაჩნია. მე ბოლო 30 წელიწადია ამაზე ვლაპარაკობ, რომ გვჭირდება სწორედ პროფესიული ნიშნით შედგენილი მინისტრთა კაბინეტი. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყანაში დაძაბულობასა და პოლარიზაციას. მოკლედ, იდეა ჯანსაღია, მაგრამ მისი ფორმა და ხორცშესხმა როგორი იქნება, ეს სხვა საკითხია”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“იმედია, საარჩევნო გარემო თანდათან­ ნაკლებად ხისტი და დაძაბული იქნება. ჩვენ ნელ-ნელა ვიძენთ სამოქალაქო საზოგადოების თვისებებს, რაც აუცილებლად აისახება პოლიტიკურ პროცესებზე. ვფიქრობ, ვინც არ უნდა გავიდეს არჩევნების შედეგების მიხედვით პირველ ადგილზე, ვერ შეძლებს გადამწყვეტი უმრავლესობის მოგროვებას და აუცილებლად დასჭირდება კოალიციური მთავრობის შექმნა, რაც დიდი ნახტომი იქნება დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში. ბოლოს და ბოლოს, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ლაპარაკი, თანამშრომლობა და შეთანხმება… თუ ოპოზიციური კოალიცია მოვიდა ქვეყნის სათავეში, მაშინ გადატვირთვა მომენტალურად დაიწყება, თუმცა “ქართული ოცნების” გამარჯვების ან მისი შექმნილი კოალიციის პირობებში ეს გართულდება. ყველაფერი, რაც ითქვა დასავლეთზე და გაკეთდა, მარტივად ვერ ჩაივლის. ეს იყო ჩემთვის და ბევრისთვის სრულიად გაუგებარი წინასაარჩევნო ხრიკი. რაში დასჭირდა “ქართულ ოცნებას” დასავლეთთან ამ ენით ლაპარაკი, არ ვიცი”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“ერთი შეხედვით, მათ სურდათ მკვეთრად შეემცირებინათ არასამთავრობო სექტორის გავლენა არჩევნებზე, რაც სრული სიბრიყვე იყო. თუ არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში დარჩნენ, მაინც მგონია, თანდათან შეეცდებიან ევროპულ გზაზე დაბრუნებას, რადგან საქართველოს სხვა გამოსავალი არა აქვს – ან უნდა მოხდეს ქვეყნის ბელარუსიზაცია, რაც ყოვლად გამორიცხულია, ან საქართველო უნდა დაუბრუნდეს განვითარების ბუნებრივ გზას. “ქართული ოცნების” პოლიტიკა კი ბოლო თვეებში, ჩემი შეფასებით, აბსოლუტური სიბეცეა. ზუსტად ამან დააყენა ეჭვქვეშ მათი გამარჯვება. “ოცნების” მარცხი, რაც 6 თვის წინ არარეალური ჩანდა, სრულიად რეალური გახდა დღეს. ამასთანავე, ბოლო თვეებში დავინახეთ, რომ “ქართულ ოცნებაში” პიროვნებები არ არსებობენ. უკაცრავად და, ამ პარტიაში, ძირითადად, არიან კლონები, რომლებიც ერთი კაცის ნათქვამის მიხედვით მოქმედებენ. თუმცა ამ კლონების ნაკადშიც გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დადუმდნენ. მაგალითად, სად გაქრა არჩილ თალაკვაძე? რატომ წავიდა პოლიტიკიდან დავით სერგეენკო? სწორედ იმიტომ, რომ არ სურდათ ამ მარაზმში მონაწილეობა. სიმართლე გითხრათ, არჩევნების წაგების შემთხვევაში, “ქართული ოცნების~ ე.წ. მოლაპარაკე თავები როგორ გავლენ ქუჩაში, არ ვიცი”, – დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.
“ეს ხალხი ლაპარაკობს იმას, რასაც ავალებენ, და არა იმას, რასაც ფიქრობენ. ეს მლიქვნელობა ზუსტად ლორენს პიტერის პრინციპს შეესაბამება. ეს არის ხალხი, რომელსაც კომპეტენცია არ გააჩნია, რასაც ეტყვის ერთი ე.წ. წინამძღოლი, იმას იმეორებენ. ასეთი პარტია განწირულია ნგრევისთვის. ამ ხალხს აერთიანებს არა მსოფლმხედველობრივი იდეა, არამედ პოლიტიკური ოკეანის ზედაპირზე ტივტივის სურვილი. როგორც კი დაბრკოლება შეხვდებათ, ჩაიძირებიან და ისევე დაინგრევა “ქართული ოცნება”, როგორც თავის დროზე “მოქალაქეთა კავშირი”. ისინი წლების განმავლობაში ლაპარაკობდნენ ევროკავშირში გაწევრებაზე, ვიზალიბერალიზაციას ამათ მოაწერეს ხელი… ახლა კი 180 გრადუსით შებრუნდნენ და უკან მიდიან. ესეც აჩვენებს, რაოდენ უპრინციპო ხალხი გვყავს ამჟამად ხელისუფლებაში… ჩემი აზრით, სულაც არ არის გამორიცხული, კოალიციური მთავრობის შექმნა “ქართულმა ოცნებამაც” შეძლოს. კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ამის პატარა შანსი ნამდვილად არის. კანონის თანახმად, თუ გადამწყვეტ უმრავლესობას ვერც ერთი პარტია ვერ მოაგროვებს, პრეზიდენტმა პირველად სწორედ პირველ ადგილზე გასულ პარტიას უნდა შესთავაზოს კოალიციის შექმნა. ეს კი, დიდი ალბათობით, “ქართული ოცნება” იქნება. რაც შეეხება ოპოზიციის მარცხს, სავსებით შესაძლებელია პოლიტიკური კრიზისის გამწვავება. ჩვენი უახლესი ისტორია ამას აჩვენებს. თუმცა ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა, ჩემი აზრით, უფრო სანდოსა და მდგრადს ხდის ვითარებას”, – ამბობს რესპონდენტი.
“ვნახოთ, საარჩევნო დღე როგორ ჩაივლის. კითხვას უფრო ასე დავსვამდი – რამდენად მზად არის `”ქართული ოცნება” წაგებისთვის? ეს პროცესი მარტივი არ იქნება, მაგრამ რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევთ. ძალიან კარგი, რომ სალომე ზურაბიშვილს არ დაუსახელებია “ტექნიკური მთავრობა”. დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნებამდეც არ იტყვის. ეს პოლიტიკური შეცდომა იქნება. საქმე ის არის, თუ პრემიერობის კანდიდატს ან მთელ შემადგენლობას დაასახელებს, ის ყველასთვის მისაღები ვერ იქნება. არ არის საჭირო ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაბნევა. მთავარია, ოპოზიციამ მიიღოს სასურველი შედეგი, დანარჩენზე მოლაპარაკება და კანდიდატების შერჩევა არჩევნების შემდეგ უნდა დაიწყოს… თქვენ მიერ ნახსენები კანდიდატურებიდან ზოგიერთს ვიცნობ, პატივსაც ვცემ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველასთვის მისაღები ფიგურა მათგან არც ერთი არ არის, ყველას აქვს დადებითი მხარეც და უარყოფითიც”, – დასძენს თვალჭრელიძე.
ხმების რამდენ პროცენტია ადმინისტრაციული რესურსი – ოპოზიცია საჯარო მოხელეებზე მასობრივი ზეწოლის შესახებ საუბრობს
“არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიცია აქტიურად ალაპარაკდა იმაზე, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურს იყენებს, პარალელურად კი ხმების მოსაგროვებლად საჯარო მოხელეებზე ზეწოლა მასიურად გაზარდა. რამდენად ძლიერია ეს ზეწოლა და ზოგადად, საშუალოდ ხმების რამდენ პროცენტს იღებს ხოლმე ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის დახმარებით? “ადმინისტრაციული რესურსი ამ ხელისუფლებას დაახლოებით 20%-მდე აქვს. წინა მთავრობისგან განსხავევებით, ამათ ცოტა მეტი აქვთ, რადგან გაცილებით გაზარდეს. მე დარწმუნებული ვარ, ისეთი ვითარებაა, რომ რასაც ესენი ანგარიშობენ, იმის ნახევარსაც ვერ აიღებენ”, – განაცხადა ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, საჯარო მოხელეები, გარკვეული მიზეზის გამო, ზეწოლის გარეშეც აძლევენ ხმას ხელისუფლებას, რადგან ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ყოველთვის იცვლებოდა დაბალი და საშუალო დონის ბიუროკრატიული რგოლი და ხელისუფლებაში მოსულ ძალას მისი აქტივისტები და მხარდამჭერები მოჰყავდა. შესაბამისად, საჯარო მოხელეებსაც აქვთ განცდა, რომ თუ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა, ეს მათზე გარკვეულწილად აისახება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ხმების რამდენ პროცენტია ადმინისტრაციული რესურსი – ოპოზიცია საჯარო მოხელეებზე მასობრივი ზეწოლის შესახებ საუბრობს.
“პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ “ოცნების” წარმომადგენლები ადამიანებს ატყუებენ, თითქოს ხმის მიცემა ფარული არ არის და მათ შეუძლიათ გაიგონ, თუ ვისზე გააკეთებენ არჩევანს. “ოცნების” რეგიონული კლანები არიან “ოცნების” დეპუტატები, ზონდერები და აქტივი. ეს ადამიანები ზეწოლას ახდენენ საჯარო მოხელეებზე, რომ მათ და მათი ოჯახის წევრებმა ხმა “ოცნების” სასარგებლოდ მისცენ. ისინი ატყუებენ მოხელეებს, თითქოს ხმის მიცემა ფარული არ არის და თითქოს “ოცნებას” შეუძლია გაიგოს ვინ ვის გააფერადებს… მთელი სქემაა, ეს ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა თანამდებობები უკავიათ, უშუალოდ ახორციელებენ საჯარო მოხელეებზე ზეწოლას, შტაბებში იბარებენ, მხარდამჭერთა სიებს აგროვებინებენ… “ნაცმოძრაობის” გენერალური მდივანის, პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ მოქალაქეების დარწმუნებას, რომ ხმის მიცემა ფარული არ არის. დავით ზურაბიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ საჯარო მოხელეების გარდა ხელისუფლება ააიპ-ების და სოციალურად დაუცველების არმიას იყენებს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ახლა განსაკუთრებული ისეთი არაფერი ხდება, რაც ადრე არ იყო. ბუნებრივია, ზეწოლა არის. პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო. თუ ადამიანი საარჩევნო სპეციფიკაში ცოტა მაინც გარკვეულია იცის, რომ ამ ზეწოლას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან მათი ხმები 100%-ით დაცული იქნება და ვერავინ გაიგებს ვის მისცა ხმა. ამიტომ, თუ ვინმე საჯარო მოხელე მომისმენს, ვეტყვი, რომ ასეთი ზეწოლის შემთხვევაში, თუ მას ეშინია, თავი დაუქნიოს, მერე წავიდეს და ვისაც უნდა იმას დაუჭიროს მხარი. თუკი ისინი ამას გააპროტესტებენ და ამ ფაქტებს საჯაროს გახდიან, ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნება. მოკლედ, ხმის მიცემა იმდენად კონფიდენციალურია, რომ არ უნდა იფიქრონ, რომ ვინმე გაიგებს. რთული სათქმელია ხელისუფლებაში მყოფი პარტიას ადმინისტრაციული რესურსიდან საშუალოდ ხმების რამდენ პროცენტს იღებს. ეს დამოკიდებულია თვითონ ადმინისტრაციული რესურსის რაოდენობაზე. როცა ამაზე ვლაპარაკობთ, მარტო საჯარო მოხელეები არ იგულისხმებიან. ამ ხელისუფლებას კიდევ უფრო დიდი ააიპ-ების არმია ჰყავს, განსაკუთრებით რეგიონებში, საკრებულოებთან არსებულები”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ეს ნიშნავს, რომ შექმნიან რაღაცას – მაგალითად, ქობულეთის კულტურის ცენტრი, ან თერჯოლის განვითარების ასოციაცია და ა.შ. ისინი საკრებულოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხელფასებს უხდიან, დაახლოებით 500-დან 1000 ლარამდე, არაფერს აკეთებენ გარდა იმისა, რომ ამ თანხებს იღებენ. ანუ მობილიზებული აქტივისტები არიან, რომლებიც არჩევნების დროს აქტიურდებიან და ერთვებიან წინასაარჩევნო პროპაგანდაში. ესეც ადმინისტრაციული რესურსია. ასევე ადმინისტრაციულ რესურსში შეიძლება ჩავთვალოთ ე.წ. სოციალური დაუცველების არმია, რომლებთანაც მერიის და სხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები მიდიან და ემუქრებიან, რომ თუ “ოცნებას” ხმას არ მისცემენ, დახმარებას მოუხსნიან. პრინციპში, ხელისუფლების მთლიანი ხმების ნახევარი ადმინისტრაციულ რესურსზე გადის. მათი ამომრჩევლები რეალური მხადამჭერები კი არ არიან, არამედ ისინი ხმას აძლევენ ძალას. თუმცაღა ამან შეიძლება არ იმუშაოს იმ შემთხვევაში, თუ ხალხში არის განცდა, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია. ასეთ ვითარებაში კი მმართველი გუნდი იმდენ ხმასაც ვერ აიღებს, რამდენსაც ელოდება. ადმინისტრაციული რესურსი ამ ხელისუფლებას დაახლოებით 20%-მდე აქვს. წინა მთავრობისგან განსხავევებით, ამათ ცოტა მეტი აქვთ, რადგან გაცილებით გაზარდეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ისეთი ვითარებაა, რომ რასაც ესენი ანგარიშობენ, იმის ნახევარსაც ვერ აიღებენ”, – დაასკვნის დავით ზურაბიშვილი.
“კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე ძალიან რთულია ამ საკითხზე დეტალურად საუბარი. თუ რეალურად ასეა, მაშინ უნდა დაასახელონ ის საჯარო მოხელეები, რომლებზეც ზეწოლა განხორციელდა, ან თვითონ ის გამოვიდეს საჯაროდ და განაცხადოს, რომ მას აიძულებდნენ ხმა მიეცა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალისთვის. ან დოკუმენტარული მტკიცებულება უნდა არსებობდეს. ამის გარეშე მე პირადად ვერ ვიტყვით, რომ მსგავს რაღაცას ადგილი აქვს. მე დეტალურად ეს საკითხი, თუ ხელისუფლება საჯარო რესურსებიდან რამდენ პროცენტს იღებს, არ შემისწავლია. ყველა ხელისუფლების პირობებში საჯარო მოხელეების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლებას უჭერს მხარს. თუმცა, ისეთი საჯარო მოხელეების გარკვეული რაოდენობაც არსებობდა, რომლებიც ოპოზიციას აძლევდა ხმას. მაგალითად 2012 წელს, საჯარო მოხელეების ძალიან დიდმა ნაწილმა “ქართულ ოცნებას” დაუჭირა მხარი. სახელმწიფო ბიუროკრატია, რომელიც ხელისუფლების სასარგებლოდ აძლევს ხმას, შეიძლება შეადგენდეს 10-15%-ს, ან ცოტა მეტს, მაგრამ კონკრეტულ რიცხვს არ დავასახელებ, რადგან კონკრეტული მონაცემები არ გამაჩნია”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
ლაშა ძებისაშვილი – “ჰიბრიდულ ომში რუსული წესებით კატასტროფული სურათი გამოიკვეთა”
“დღეს საქართველოს ისტორიის ისეთ გარდამავალ მომენტში ვართ, რომ ჩვენს წინააღმდეგ მთელი რიგი არაკეთილმეგობრულად განწყობილი ძალები და სახელმწიფოები მოქმედებენ. არის სპექტრი იმ საფრთხეებისა, რომლებიც თუ განხორციელდა (და ხორციელდება კიდეც), ეს არა მარტო სახელმწიფოს და საზოგადოებას დაასუსტებს, დიდი დარტყმის ქვეშ დაგვაყენებს. საფრთხეების სპექტრიდან ერთ-ერთი რუსული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომია, რაც არყევს ნდობას პოლიტიკური ინსტიტუტებისა და პოლიტიკოსების მიმართ, იხლიჩება საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი და ინსტიტუტები, ხალხს აღარ სჯერა პოლიტიკოსების და სახელმწიფო უწყებების. დეზინფორმაციული გზავნილები, სიცრუე, პროპაგანდა და ა.შ. გამიზნულია საზოგადოების დაპირისპირებისთვის, რათა მაქსიმალურად განადგურდეს ეროვნული საზოგადოებრივი ერთიანობა, რაც უმთავრესი წინა პირობაა იმისა, რომ ერმა და სახელმწიფომ წინააღმდეგობა გაუწიოს მტერს”, – აცხადებს ექსპერტი, უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ლაშა ძებისაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ჰიბრიდული ომი რუსული წესებით.
“ამ ომში საინფორმაციო მესიჯებით შეტევა კონკრეტული სამიზნე ჯგუფების, პოლიტინსტიტუტების და ა.შ. წინააღმდეგ არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი. მასში ბევრი სხვა ელემენტიცაა, მათ შორის, დივერსიული საქმიანობა, გავლენის მოპოვება ეკონომიკურ სივრცეში. ამ შეტევებმა ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ როცა საბოლოო დარტყმას მიაყენებენ საქართველოს – იქნება სამხედრო, პოლიტიკური თუ სხვა, ქვეყანას წინააღმდეგობის გაწევის რესურსი არ ჰქონდეს. ეს არის ის დიდი საფრთხე და ამის შემოქმედი ა. ამისგან თავდაცვისთვის საქართველოში პოლიტიკური ინსტიტუტები უნდა იყოს მედეგი. თუ პოლიტიკურ სისტემას არ გააჩნია უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს საინფორმაციო შემოტევას, ეს ნიშნავს: 1. მას არა აქვს წინააღმდეგობის გაწევის სურვილი, ნება ან 2. არა აქვს წინასწარ შემუშავებული გეგმა, მატერიალური თუ ტექნიკური რესურსი და მექანიზმები, რომ შეეწინააღმდეგოს საინფორმაციო შემოტევებს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ძებისაშვილი.
“პოლიტიკური აქტორები” – ასე ჰქვია კვლევას, სადაც შედიოდა , უსაფრთხოების სამსახური, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტები, ეროვნული კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია, პრემიერის ოფისი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარლამენტის ორი ძირითადი კომიტეტი – უსაფრთხოებისა და თავდაცვისა და ეროვნული ინტეგრაციის კომიტეტი, მუნიციპალიტეტებიდან – თბილისი, გორი, ქუთაისი, (სადაც ძალიან გაიზარდა რუსულენოვანი მოსახლეობა), ქვემო ქართლი… გვაინტერესებდა, იქ თუ ვრცელდება რუსული დეზინფორმაცია-პროპაგანდა და რა მექანიზმები გვაქვს ამის აღსაკვეთად. საბოლოოდ მივიღეთ კატასტროფული სურათი – გამოიკვეთა, რომ მიუხედავად იმისა, სახელმწიფო ფორმალურად თითქოს აღიარებს, რომ არსებობს რუსული დეზინფორმაცია-პროპაგანდის საფრთხე, მის აღსაკვეთად არაფერი კეთდება, არ არსებობს სამოქმედო გეგმა და კოორდინაცია”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ოპოზიციურ პარტიებშიც კი დაბალი იყო იმ აუცილებლობის აღქმის დონე, რომ ამ საფრთხესთან ბრძოლა ეფექტური უნდა იყოს. რაც შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტებს, შემაშფოთებელი ის იყო, რომ არ არსებობს თანამშრომლობა არც ერთ დონეზე, რათა როგორმე შეიზღუდოს და აიკრძალოს რუსული დეზინფორმაციის გავრცელების ყველა საშუალება. განსაკუთრებით საგანგაშო ის არის, რომ მუნიციპალიტეტებში საამისოდ არაფერი კეთდება. ჩვენი პარტნიორები განსაკუთრებით ამახვილებენ ამაზე ყურადღებას და ჩვენი უწყებებისგან ითხოვენ, რომ მოქალაქეები მოვამზადოთ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო ამ საფრთხესთან საბრძოლველად აბსოლუტურად მოუმზადებელია. სახელმწიფო უწყებებში ფორმალურად აღიარებენ, რომ რუსული დეზინფორმაცია სახიფათოა, თუმცა სუს-ის ბოლო ანგარიშებს თუ ნახავთ, მიხვდებით, რომ ხდება მესიჯების შერბილება, პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე ძალზე ნეიტრალურად საუბრობენ, თითქოს დასავლეთიდან მომავალი ნაკადები თავისი მავნე გავლენებით უდრის რუსეთიდან მომავალ სადეზინფორმაციო ნაკადებს, ანუ ტოლობის ნიშანს სვამენ, რაც დაუშვებელია”, – განმარტავს ექსპერტი.
“იმაზე აღარ ვილაპარაკებ, რომ ფართოდ ვრცელდება ცნობილი შეთქმულების თეორიები, თითქოს დასავლეთს სურს მსოფლიოს რესურსული ბაზების დაპყრობა, ტრადიციული ღირებულებების მოსპობა, გვაიძულებს ერთსქესიანთა ქორწინებას და ა.შ. ჩვენ რეალურად არც გვჭირდება რუსული დეზინფორმაციული ნაკადების დადარება, ვინაიდან “ოცნება” იღებს რუსულ სადეზინფორმაციო ნარატივებს და ქართული შეფუთვით თვითონ გააქვს შიდა ბაზარზე. თუ, პირობითად, სხვა ქვეყნებში რუსულ პროპაგანდას სჭირდება ადგილობრივი მედია, მაგალითად, ქმნის “რაშა თუდეის”, საქართველოში მას არაფრის გაკეთება არ სჭირდება, ეს ფუნქცია “ოცნების” ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და მასთან დაახლოებულმა მედიასაშუალებებმა იკისრეს. იმას აღარ ვამბობ, რამდენად ემთხვევა ის ნარატივი, რუსეთი წლების განმავლობაში რომ გვეუბნებოდა, ომი თქვენ დაიწყეთო, და მერე “ოცნებამ” იგივე თქვა, – ომი 2008-ში ჩვენ დავიწყეთო”, – ამბობს ლაშა ძებისაშვილი.
“მასირებულ საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ შემოტევას სახელმწიფო არათუ წინააღმდეგობას არ უწევს, მმართველ პარტიასთან აფილირებული ძალები პირდაპირ არიან ჩართული მსგავსი მესიჯების გავრცელებაში. ჯერ რად ღირს “გლობალურ ომის პარტიაზე” განცხადებები, ამ პარტიას ხან ჩვენი ომში ჩათრევა უნდა, ხან არა, ხან თურმე მასთან უნდა “დალაგდნენ”… ასეთი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური შეტევის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ სახელმწიფო იწყებს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ და საინფორმაციო სივრცეში ფართო კოორდინაციას, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საწყის ეტაპზე შეზღუდვას, შემცირებას და საბოლოოდ აღკვეთას. ჩვენ ამ სიტუაციაში მთავარი ბერკეტი გვაქვს გამოცლილი ხელიდან, რომ ეს ანტისახელმწიფოებრივი საინფორმაციო გზავნილები შევზღუდოთ და აღვკვეთოთ. ეს მთავარი ბერკეტია სახელმწიფოს მაკოორდინირებელი ფუნქცია. მისი ვალია მთელი­ რესურსების, სახელმწიფოსა და საზოგადოების მობილიზება და რეგულირება, რათა შეიზღუდოს საინფორმაციო სივრცე ამ ნაკადებისთვის”, – მიიჩნევს რესპონდენტი.
“რუსეთის საინფორმაციო შეტევა კარგად არის მორგებული თითოეული ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ფსიქოლოგიურ სურათზე. მესიჯებს შეიძლება მეტ-ნაკლებად ჰქონდეს საერთო დამახასიათებელი ნიშან-თვისება, მაგრამ მათი შეფუთვა ხდება ადგილობრივი ვითარებიდან გამომდინარე. რუსეთის მიზანია დასავლეთის ერთიანობის მოშლა და ამისთვის პირდაპირ ურტყამს დასავლეთს, რათა ევროკავშირის ერთიანობა მაქსიმალურად მოიშალოს პოლიტიკურ დონეზე (მაგალითად, როგორიცაა უნგრეთის პოლიტიკა სთან ურთიერთობაში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ბლოკავს უკრაინისთვის საფინანსო და სამხედრო დახმარებას). რუსეთს სურს ბევრი “უნგრეთი” იყოს ევროკავშირში, რათა საბოლოოდ ის, როგორც ერთიანი იდეის ეფექტური, წარმატებული პროექტი მოშალოს და მოსპოს. ბუნებრივია, რუსეთი ხვდება, რომ ამ ეტაპზე სამხედრო გზით ვერ გადაუვლის დასავლეთს, მაგრამ მას შეუძლია საინფორმაციო-ფსიქოლოგიური, პოლიტიკური გავლენის მოპოვებით შეარყიოს ევროპული ერთიანობა”, – ამტკიცებს ექსპერტი.
“შემდგომ კი, როცა ევროპა პოლიტიკურად დასუსტებული იქნება, რუსეთი შეტევაზე გადავა და სამხედრო გზით ჯერ ბალტიისპირეთს დაიბრუნებს და მერე დანარჩენს. რუსეთის საინფორმაციო-პოლიტიკური, მათ შორის ეკონომიკური გავლენების მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცის წამყვან სახელმწიფოებს, რომელთაც ევროპასთან ინტეგრაცია სურთ, მოუსპოს ამის პერსპექტივა იმით, რომ დაასუსტოს თვითონ ევროკავშირი, გახადოს უუნარო და ამ ქვეყნებზე დაიწყოს ფართომასშტაბიანი ჰიბრიდული შეტევები, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში საქმეში სამხედრო ოპერაციებითაც არ ჩაერევა. დღეს საქართველო ამ დიდი ჰიბრიდული შეტევის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა – რუსეთი ეკონომიკური გავლენის მოპოვებას ცდილობს. მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკის რუსულ ეკონომიკასთან მიბმა მიმოსვლით, ვაჭრობის გაფართოებით, ტურისტების რაოდენობის ზრდით და ა.შ. კრემლს იმედი აქვს, რომ არჩევნების შედეგად ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ მოვშორდებით დასავლეთის გზას, ჩვენს ოცნებას, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. რუსეთის მიზანია ამ ჰიბრიდული გავლენით მოხდეს საქართველოს საზოგადოების სრული გაბრუება, მისი ფსიქოლოგიური და ინფორმაციული აღქმის სრული აღრევა”- დასძენს ლაშა ძებისაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს