ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025

ვალერი ჩეჩელაშვილი – “ქართულ ოცნებას” არ უნდა იმის თეორიულად დაშვებაც კი, რომ ს გზით შეიძლება ხელისუფლების შეცვლა”
უკვე გადაწყვიტა თუ არა ევროკავშირმა საბოლოოდ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩეროს და რა ვადებში
ირაკლი მელაშვილი – “ვისურვებდი, რომ ამ ახალგაზრდებს უფრო ეფექტურ ტაქტიკაზე ეფიქრათ“
დრონები, რაკეტები და დივერსიული ჯგუფები – დაიწყება თუ არა იარაღის ერთობლივი წარმოება უკრაინის გადარჩენისთვის
დავით ზურაბიშვილი – “უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა შესაძლოა პროტესტის აფეთქების სერიოზული ფაქტორი გახდეს”
* * *
ვალერი ჩეჩელაშვილი – “ქართულ ოცნებას” არ უნდა იმის თეორიულად დაშვებაც კი, რომ არჩევნების გზით შეიძლება ხელისუფლების შეცვლა”
“ჩვენ გარდაუვალად ვუახლოვდებით იმ სამწუხარო თარიღს, როდესაც ევროკომისია გამოაცხადებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების შეჩერებას. აშკარად ჩანს, რომ “ქართული ოცნება” ნაბიჯის გადადგმასაც კი არ აპირებს და შესაბამისად, უკვე 1-ლ სექტემბერს საქართველოსთვის ახალი რეალობა დადგება და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველივე სხდომაზე, ალბათ, მიიღებენ ამ სამწუხარო გადაწყვეტილებას. ერთი ნიუანსიცაა – პროცედურულად ამ გადაწყვეტილებაზე ევროპაში პასუხისმგებელი იქნება ორბანის მთავრობა, რომელმაც ბოლო საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დაბლოკა ინდივიდუალური სანქციების დაწესების გადაწყვეტილება. ეს საკითხი რომ გადაწყვეტილიყო კონსენსუსით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი არ დადგებოდა დღის წესრიგში. ევროკავშირი იძულებული გახდა მიმართოს ხერხს, რომელსაც არ სჭირდება კონსენსუსი – ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ 27-დან 15 ქვეყნის მხარდაჭერით”, – აცხადებს ექსპერტი ვალერი ჩეჩელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “1-ლ სექტემბერს საქართველოსთვის ახალი რეალობა დადგება და …“
“ჩვენ შეგვეზღუდება ევროპულ სივრცეში თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა. ეს ავნებს მთელ ქვეყანას, მათ შორის “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსაც. ეკონომიკურადაც მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყანას. საქართველოდან გასული ჩვენი მოქალაქეები დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს რიცხავენ ქვეყანაში ყოველწლიურად და აქედან ყველაზე დიდი წილი ევროპულ ქვეყნებზე მოდის. სხვათა შორის, ამ გადმორიცხვებით -ის შემდეგ იტალია მეორე ადგილზეა… უამრავმა ადამიანმა სიცოცხლე შეინარჩუნა ვიზალიბერალიზაციის წყალობით. ძალიან შეეზღუდებათ ასევე ჩვენს ახალგაზრდებს ევროპაში სწავლის შესაძლებლობა. თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს სასწავლო პროგრამების შეზღუდვაზეც. საბოლოოდ ქვეყანა, რომელიც ამდენს იბრძოდა იმისთვის, რომ დაახლოებოდა ევროპას, დღეს თვითონ ამბობს უარს ამდენ შესაძლებლობაზე. ბევრი რამ გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში დაახლოებისთვის, მაგრამ ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი შესვლა ევროპულ სივრცეში, იყო განსაკუთრებული ნიშნული, რამაც დაგვარწმუნა, რომ ვხდებოდით ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი. სამწუხაროდ, რაც ხდება, დიდი იმედგაცრუებაა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მალე შეიძლება იმ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ უვიზო კავშირი ევროპასთან, სომხეთის მოქალაქეებს კი ექნებათ”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვალერი ჩეჩელაშვილი.
“კრემლი უკვე აღარ მალავს, რომ არა მხოლოდ ნატოა მისი მთავარი მოწინააღმდეგე და მტერი, არამედ ევროკავშირიც. ადრე ამას ნიღბავდნენ, არადა, ჩემი აზრით, ყოველთვის ასე იყო. გავიხსენოთ 2013 წელი, როდესაც რუსეთმა სომხეთსა და ზე მასშტაბური ზეწოლა მოახდინა, რათა მათ არ მოეწერათ ხელი ასოცირების ხელშეკრულებაზე. ევროკავშირი ყოველთვის წარმოადგენდა და წარმოადგენს დიდ გამოწვევას სთვის. საქმე ის არის, რომ ევროკავშირთან კონკურენციაში რუსეთი ყველანაირად აგებს. გასაგებია, ევროპული პოლიტიკური თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ბიზნესშესაძლებლობები, სწავლის თუ სოციალური დაცვის სტანდარტები რამდენად განსხვავდება რუსულისგან, რუსეთი ევროკავშირს კონკურენციას ვერაფერში უწევს. ამიტომაც მის ხელთ რჩება მხოლოდ სამხედრო ინსტრუმენტები, კონფლიქტების გაღვივება და მღვრიე წყალში სარგებლის ნახვა. “ქართული ოცნების” ნარატივები პირდაპირ ემთხვევა კრემლისას”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“თურმე ევროკავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, “დიპ სტეიტი~ ომს გვაიძულებს და ა.შ. ეს ხალხი ახალგაზრდები არიან, სავარაუდოდ, არ მოუწიათ საბჭოთა კავშირში ცხოვრებამ და ისედაც, წარმოდგენა არა აქვთ, რა ხილი იყო ის ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელსაც პოლიტბიუროს 15 წევრი მართავდა. არც ერთ რესპუბლიკას სიტყვა არ ეთქმოდა და ვერავინ მოახდენდა გავლენას პოლიტბიუროს გადაწყვეტილებებზე. დღეს კი ევროკავშირში კონსენსუსის აუცილებლობის გამო ერთმა უნგრეთმა, შედარებით პატარა ქვეყანამ, დაბლოკა გადაწყვეტილება და ამის უფლება აქვს ნებისმიერ სხვა ქვეყანას, იმის მიუხედავად, რამხელაა… თუ ამ განსხვავებებს საბჭოთა კავშირსა და ევროკავშირს შორის ვერ ხედავენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, უკიდურესად სამწუხაროა. რატომ აკეთებენ ამას, ამაზე ჩემი პასუხი მაქვს: “ქართულ ოცნებას” არ უნდა იმის თეორიულად დაშვებაც კი, რომ არჩევნების გზით შეიძლება ხელისუფლების შეცვლა. არადა, ეს არის ინსტიტუციური დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება”, – ამტკიცებს ექსპერტი.
“ჩვენ ვიცით, რა სივრცეში არ ხდება არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა – რუსეთში, ბელარუსსა და მსგავს რეჟიმებში… იმის გამო, რომ “ქართული ოცნების” ამ მთავარ მიზანთან ვერ არის თავსებადი ევროპული ფასეულობების სისტემა, ხელისუფლება ევროკავშირს უპირისპირდება. დავუშვათ, “ქართულ ოცნებას” ჰქონდეს ევროკავშირისგან ასეთი გარანტია, შიგნით რაც გინდათ გააკეთეთ, თვალს დავხუჭავთ, მთავარია, ჩვენი პარტნიორები იყოთო, მაშინ აღარც “გლობალური ომის პარტია” გაახსენდებოდათ, არც “დიპ სტეიტი” და ყველაფერი კარგად იქნებოდა ჩვენს დასავლურ ვექტორთან დაკავშირებით, მაგრამ ევროპელებს ასე მოქცევა არ შეუძლიათ, რადგან ეს არის ფასეულობებსა და თანამშრომლობის სტანდარტებზე დაფუძნებული სივრცე. ამ სტანდარტებთან თანხვედრა “ქართულ ოცნებას” ხელს არ აძლევს, რადგან, სულ ცოტა, ამისთვის უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლის შედეგადაც ის, დიდი ალბათობით, ვერ დარჩება ხელისუფლებაში”, – განმარტავს ვალერი ჩეჩელაშვილი.
“რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იმოქმედებს ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე, მე ამ თვალსაზრისით საშიშროებას ვერ ვხედავ. პირიქით, არის რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის ის, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა ვიაზროვნოთ არა დერეფნების, არამედ სივრცული ლოგიკით. ჩვენ ისეთი სივრცე უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ სამხრეთ კავკასიის ნებისმიერი ერთი წერტილიდან ნებისმიერ მეორე წერტილში ტვირთის გადაადგილება იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, სწრაფი და უსაფრთხო. ამით სამხრეთკავკასიური სივრცისა და მისი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფონდის მიმზიდველობა იმდენად გაიზრდება, იმდენი ტვირთი შემოვა, ვშიშობ ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების დონემ შეძლოს მათი სრულყოფილად გატარება. გარდა ამისა, ამ დერეფნებს ექნებათ აბსოლუტურად სხვადასხვა დანიშნულება და მიმართულება. ზანგეზურის დერეფანი უფრო ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულება იქნება. რაც შეეხება ევროპას, განსაკუთრებით, ცენტრალურსა და ჩრდილოეთს, იქ საქართველოს სატრანზიტო დერეფანს ალტერნატივა არ ექნება”, – ამბობს რესპონდენტი.
“აქ მივდივართ ისევ შექმნილ ვითარებასთან, ანუ ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესება აუცილებლად იმოქმედებს ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებზე. რაში მდგომარეობს ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია – ეს არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირება. როდესაც დასავლელ პარტნიორებთან ზღუდავ ურთიერთობას და ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდები, როგორშიც დღეს ვართ, ეს ნამდვილად ვერ იქნება ხელშემწყობი ფაქტორი, მათ შორის ჩვენი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფნის განვითარებისთვის. ეს აუცილებლად მოახდენს ნეგატიურ გავლენას ქვეყნის განვითარებაზე, სტაბილურობაზე, მშვიდობაზე, პერსპექტივებსა და ასევე სატრანზიტო შესაძლებლობებზე”, – დაასკვნის ექსპერტი და შეკითხვაზე – “ბოლო ხანს ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის რიტორიკა და მოქმედებები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად შეიცვალა…” – პასუხობს:
“ტრამპის ადმინისტრაციის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები იმედისმომცემია და ეს მოსალოდნელი იყო. პუტინი გაუთავებელი და გაუგებარი მანევრებით ცდილობდა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მოტყუებას. ის ამბობს, რომ ვითომ მშვიდობა სურს, მეორე დღეს კი ბარბაროსულად ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მშვიდობიან მოსახლეობას. ბუნებრივია, თეთრ სახლს ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. ბოლოს და ბოლოს, ტრამპმაც დაინახა”.
“ნატომაც გაიარა ძალიან სახიფათო ფაზა, მაგრამ ბოლო სამიტის შემდგომ ბევრი რამ ცხადი შეიქნა – მოგეხსენებათ, უკრაინის დახმარების პროგრამები უნდა ინტეგრირდეს ნატოს სახელმწიფოების თავდაცვის ბიუჯეტებში. ეს იძლევა იმის პირობას, რომ უკრაინა რესურსებით უზრუნველყოფილიყო იქნება, რათა რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს. ამასთანვე, პუტინიც ვეღარ მალავს, რომ რუსეთს დიდი ეკონომიკური პრობლემები ექმნება. ის იძულებული შეიქნა ეთქვა, სამხედრო მიზნებზე დიდი ხარჯების გაღება გვიწევს, რაც თანდათან უნდა შემცირდესო. ეს არის ირიბად აღიარება იმისა, რომ რუსეთი ომის გამო დიდ ეკონომიკურ წნეხშია. რაც მთავარია, ევროპა აბსოლუტურად განსხვავებულ როლს და პოზიციას იძენს პროცესების განვითარებაში – თუ ადრე ევროპელები ამბობდნენ, უკრაინას უნდა დავეხმაროთ და გადავარჩინოთო, დღეს სულ უფრო ხშირად ამბობენ, უნდა დავეხმაროთ უკრაინას და გადავარჩინოთ ევროპაო”, – დასძენს ვალერი ჩეჩელაშვილი.
უკვე გადაწყვიტა თუ არა ევროკავშირმა საბოლოოდ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩეროს და რა ვადებში
“ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე ელოდება. ევროგაერთიანების წარმომადგენლობა საქართველოში დამატებით წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე რეალურია. საპასუხოდ, “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ესაა შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა და გავლენა ამომრჩევლის ნებაზე. ევროკავშირის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება საჭირო არ არის, საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა – 27 წევრი სახელმწიფოდან 15 სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს წარმოადგენს. მისი თქმით, წელიწადში ერთხელ, ევროკომისია აქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პრივილეგიით სარგებლობენ. კომისიის ბოლო ანგარიში, მათ შორის საქართველოსთვის, 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. შემდეგი ანგარიში შემოდგომაზე გამოქვეყნდება და მასში უახლესი მოვლენები აისახება. ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ თუ პირობები არ შესრულდა, უვიზო მიმოსვლის შეჩერება რეალურია”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკვე გადაწყვიტა თუ არა ევროკავშირმა საბოლოოდ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩეროს და რა ვადებში.
“31 აგვისტომდე დაუდეს ვადა და რეალური კი არა, უეჭველია, რომ შეაჩერებენ, რადგან როგორც ვხედავთ, 31 აგვისტომდე ესენი რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებენ. რადგან ცვლილებებს არ აპირებენ, ეს პირობებია, რომლის შედეგადაც უნდა შეჩერდეს, ასე, რომ ამას წყალი არ გაუვა. ოღონდ ასე სწრაფად ვერ შეჩერდება. დაჩქარებულ შემთხვევაში, სადღაც თვე-თვენახევარი დასჭირდება და ჩვეულებრივ რეჟიმში თუ წავიდა, სადღაც წლის ბოლომდე გაგრძელდება ეს ამბავი. “ოცნების” პასუხის მერე უნდა შეიკრიბონ და განიხილონ პირობები შესრულდა თუ არა, ან რა შესრულდა და რა არა და ამასთან დაკავშირებით დასკვნა მიიღონ. ამის მერე ევროკომისიას დავალება უნდა მისცენ შეჩერების შესახებ, ამასობაში საელჩოები ვიზების გასაცემად უნდა მოემზადონ, მათ ხომ საქართველოში ეს სერვისები გაუქმებული აქვთ, ეს თავიდან უნდა შექმნან. როცა ევროკომისია შექმნის რეგულაცია-შესწორებას, მერე საბჭოს წევრების უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.
“ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი მიიჩნევს აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ულტიმატუმი “ძლიერი ბერკეტი არაა: “ევროკავშირში უდავოდ არის ჯგუფი ადამიანებისა, ევროკომისიაშიც, რათა ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ ისე, როგორც მათ უნდათ და არა ისე, როგორც ქვეყნის ეროვნული ინტერესებია. თუ არა და, რაღაც მეტ-ნაკლებად მასშტაბური უკმაყოფილების ტალღა მაინც მოახერხონ ხელისუფლების წინააღმდეგ. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა შარშან პრემიერმა მ გამოაცხადა, რომ ჩვენი ინიციატივით აღარ დავიწყებთ მოლაპარაკებას გაწევრიანებაზე, თუმცა მათ რომ შემოგთავაზონ თუნდაც დღეს, მზად ვართო. და მერე, უარს ვამბობთ საბიუჯეტო გრანტების მიღებაზე, ეს იყო ორი ძირითადი ბერკეტი, რომელიც მათ ჰქონდათ და რომელიც ერთბაშად გამოეცალათ და ამან გააცოფა ეს ადამიანები. ახლა კი ეს ბოლო ბერკეტი დარჩათ, თუმცა, ეს ძლიერი ბერკეტი არაა”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
“კი ბატონო, გარკვეული ფენა გაწბილებული იქნება, რომ როგორ ვერ შეინარჩუნე ეს, რაც “ოცნებამ” თავის ხელისუფლების დროს მიაღწია, მაგრამ არავითარ საერთო სახალხო მღელვარებას არ ველოდები. აგვისტოს ბოლოსთვის დროის მიცემა, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს უკვე ულტიმატუმია. ჩვენთან ბევრი ვერ აცნობიერებს რას ნიშნავს დღევანდელი ევროპელი ლიდერებისთვის ლგბტ ცხოვრების წესის კულტივირება და როგორი დარტყმაა მათთვის, როდესაც ხედავენ, რომ მილიონზე მეტი ადამიანი გამოდის საქართველოში ოჯახური სიწმინდის დაცვისთვის. ევროგაერთიანებაში ერთ-ერთი კითხვაა, როცა ევროკომისარს ნიშნავენ – უჭერს თუ არა მხარს ორსქესიან ქორწინებას, ერთმა წლების წინ გაბედა არ ვუჭერთო და მაშინვე მთელი კაბინეტი თავიდან გახდა დასამტკიცებელი, იმის შემდეგ ვინ გაბედავს. ახლა დაშინება კი არა, პირდაპირ იძულების მცდელობაა მათი მხრიდან, მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხი ამას უპრობლემოდ გაუძლებს, ვიზის ქონა-არქონა არაფერი არაა. შედარებით იმასთან, რომ ეგზისტენიალური საფრთხე დგას ჩვენი სახელმწიფოსი. არ ვიცი ზუსტად როგორ იმოქმედებენ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ყველაფერს ეცდებიან, რომ შეწყვიტონ უვიზო რეჟიმი”, – მიიჩნევს მამრაძე.
“ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმებთან დაკავშირებით და ამის საწინააღმდეგოდ ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “უვიზო მიმოსვლა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზეა დამოკიდებული. 2025 წლის იანვარში ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. 2024 წლის დეკემბერში ევროკომისიის ანგარიშში საქართველოზე სერიოზული შეშფოთება გამოითქვა. (ნაწილს ერთვის სრული ანგარიშის ბმული) ევროკავშირის რეკომენდაციებია ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება. ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერება. (ამ ნაწილს თან ერთვის რეკომენდაციების სრული სიის ბმული) ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე. თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ევროკავშირის ელჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას “რეაგირებისა და ზომების მისაღებად დრო აგვისტოს ბოლომდე აქვს”. “ჩვენ უკვე შევაჩერეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმების შესაბამისი დებულებები… არსებობს რისკი, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ყველაზე ხელშესახები სარგებელიც კი, უვიზო მიმოსვლა, შესაძლოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მალე დაიკარგოს. ევროკავშირი სრულად პატივს სცემს საქართველოს კულტურასა და იდენტობას. ადამიანის უფლებებისა და უნივერსალური ღირებულებებისადმი ჩვენი საერთო ერთგულება არის ის, რაც გვაერთიანებდა. ამავდროულად, ფუნდამენტური უფლებები არსებითია სამართლიანი და დემოკრატიული საზოგადოებისა და ყველა ადამიანისთვის. სიძულვილის გავრცელება და დისკრიმინაციის წახალისება მხოლოდ განხეთქილებასა და კონფლიქტებს ქმნის”, – ამბობს ჰერჩინსკი
“ევროკავშირმა წლების განმავლობაში საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობას ფართომასშტაბიანი მხარდაჭერა გაუწია. ჩვენ ვართ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერები. ჩვენ საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების სრულად ერთგულნი ვრჩებით. რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა არის ერთადერთი გზა მიმდინარე კრიზისის მოგვარებისა და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის. რაც შეეხება შეკითხვას, თითქოს ევროკავშირი საქართველოს აშანტაჟებს და სთავაზობს არჩევანს უვიზო მიმოსვლასა და მშვიდობასა და სტაბილურობას შორის – ასევე, ბრიუსელსა და საბჭოთა პერიოდის მოსკოვს შორის შედარებაც მოვისმინე – მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი მიზეზი, მათ შორის უვიზო მიმოსვლის გზით, სწორედ ამ განსხვავების დანახვა იყო. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები საკუთარი დასკვნების გამოტანას შეძლებენ”, – დასძინა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა…
ირაკლი მელაშვილი – “ვისურვებდი, რომ ამ ახალგაზრდებს უფრო ეფექტურ ტაქტიკაზე ეფიქრათ“
“ევროკავშირს ეს ხელისუფლება არალეგიტიმურად არასოდეს გამოუცხადებია და მეტ-ნაკლებად ურთიერთობაც გვაქვს. ისინი კი, ვინც გაიძახის, არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლების ლეგიტიმაციას ნიშნავსო, წავიდნენ და ში, რომელსაც აქამდე არალეგიტიმურს უწოდებდნენ, განცხადებები შეიტანეს – ნომრები დაგვიტოვეთო. რაც შეეხება ევროკავშირის ოფიციალურ წერილს, არავინ არ არის დარწმუნებული, უვიზო რეჟიმის გაუქმება მოიტანს თუ არა შედეგებს. უამრავი შემთხვევა არსებობს, მათ შორის, ევროპული სანქციების, როდესაც ვიზებს არ აძლევდნენ, ასევე უწესებდნენ ეკონომიკურ სანქციებს, მაგრამ არც რეჟიმი შეცვლილა და არც პოლიტიკა გამოსწორებულა. ამიტომ, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ფიქრობენ იმას, თუ რა ზომები მიიღონ. ეს წერილიც გარკვეულწილად პაუზის აღებაა შემოდგომამდე, თანაც, ევროკავშირმა რომ მთლიანობაში შემოიღოს სანქციები, ამასაც ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდება”, – აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვისურვებდი, რომ ამ ახალგაზრდებს უფრო ეფექტურ ტაქტიკაზე ეფიქრათ“.
“ვფიქრობ, ევროკავშირი მაინც არ ცდილობს ვითარების გამწვავებას, რადგან კარგად იციან, როგორც წავა უკრაინაში მოვლენები, მნიშვნელოვნად განაპირობებს საქართველოს მდგომარეობას. ამიტომ ელოდებიან, რა რეაქცია ექნება საქართველოს ხელისუფლებას. რაც შეეხება კობახიძეს, პრემიერ-მინისტრი არც აქამდე გამოირჩეოდა რაციონალური აზრებით, მაგრამ ახლა ფსკერი გაიხვრიტა. მთავრობის თავმჯდომარემ, რომელიც ყველა ოპონენტს, ვინც მათ აზრებს არ იზიარებს, ეძახის უსამშობლოებს, მოღალატეებს, მტრებს… თურმე ევროპაში არის შუა საუკუნეების ინკვიზიცია განსხვავებული აზრის მიმართ; თურმე ამ მთავრობამ დაიცვა ის, რომ საქართველოში კაცი ქალზე უნდა დაქორწინდეს. არადა, სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლით კარგა ხანია დადგენილია, რომ ოჯახი არის ქალის და კაცის ქორწინება! თურმე ევროპას ჩვენი ოჯახის ტრადიციების დანგრევა უნდა და დედამიწის ზურგზე მხოლოდ “ოცნება” ებრძვის ამას. ეს უკვე აშკარად მიანიშნებს, რომ კურსი აქვთ აღებული ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტაზე. ზოგის აზრით, ეს რუსეთის დავალებით ხდება. მე კი მგონია, რომ საკითხი მარტივად არის…” – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“ევროინტეგრაცია და ევროკავშირთან დაახლოება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში დემოკრატიული სისტემა უნდა გქონდეს, დემოკრატიული სისტემა კი გულისხმობს იმას, რომ შენ შეიძლება არჩევნები წააგო და აღარ აგირჩიონ, მაგრამ ხელისუფლებაში აბსოლუტური უმრავლესობა შემთხვევით მოსული ხალხია და თანაც, თავად კი არ მოსულან, კი არ უბრძოლიათ, არამედ მათ, როგორც მორჩილ ადამიანებს, მოჰკიდეს საყელოში ხელი და დასვეს თანამდებობებზე. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ დემოკრატიის პირობებში ძალაუფლების შენარჩუნების არანაირი შანსი არა აქვთ. აქედან გამომდინარე, ისინი მიდიან ევროპის წინააღმდეგ, რადგან ევროპა მათ სთხოვს იმას, რაც “ოცნების” ლიდერებისთვის ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ვინც გაბრაზებულია ხელისუფლებაზე, დარჩება ხელისუფლებაზე გაბრაზებული, და ის, ვინც ვერ იტანდა ევროკავშირს და დასავლეთს, დარჩება იმავე პოზიციაზე. მაგრამ საინტერესოა, ის ფენა რას იზამს, რომელიც “ოცნებას” იმიტომ უჭერდა მხარს, რომ ეშინოდათ სამსახურის და პრივილეგიების დაკარგვის? ამ პრივილეგიებში ევროპაში სიარულიც შედიოდა და ამ მცირე ფენამ შეიძლება შეიცვალოს დამოკიდებულება “ოცნების” მიმართ. ეს არის საინტერესო, მედროვეები რას იზამენ, რადგან მათ უნდათ ევროპაში იარონ, მათმა შვილებმა განათლება ევროპაში მიიღონ, ისარგებლონ ევროპის ყველანაირი სიკეთეებით. გამოკითხვებს თუ შევხედავთ, 25-30% ხელისუფლების მომხრეა, დაახლოებით ამდენივე ხელისუფლების რადიკალური ოპონენტია, ხოლო 40%-მდე ზომიერად განწყობილია – ანუ ის კატეგორია, სადაც შედის მათ შორის ის ხალხი, ვინც საჯარო სამსახურებში მუშაობს. ჩემი აზრით, ამ ზომიერად განწყობილი ხალხის რადიკალიზაცია რეალურად მოსალოდნელია, რადგან დაინახავენ, რომ კედელს მივადექით – უვიზოს გვიუქმებენ, ევროინტეგრაცია კი ისედაც შეჩერებულია”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“უვიზო იყო ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რამაც ხელშესახები შედეგი მოიტანა, და გავითვალისწინოთ, რომ ეს მხოლოდ მოგზაურობები არ იყო. ათასობით ადამიანმა შეძლო, რომ შვილებისთვის ჯანმრთელობის პრობლემა გადაეწყვიტა, ბევრად გაადვილებული იყო სასწავლებლად წასვლა. თუ ეს მიმოსვლა გაჩერდა, დაარტყამს აეროპორტებსაც და სხვადასხვა ბიზნესსაც, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ. ერთი სიტყვით, უვიზო რეჟიმის შეჩერება საქართველოსთვის ძალიან უარყოფითი ფაქტორია, მათ შორის, მოსახლეობისთვის. თუმცა ვიმეორებ, ჩვენი მოსახლეობის მინიმუმ 25% ანუ მოსახლეობის მეოთხედი დასავლეთს ვერ იტანს. ფაქტობრივად, ეს არის ასაკოვანი კატეგორია, რომელსაც ენატრება საბჭოთა კავშირი. ამ ხალხს ვერაფერი გამოცვლის. დანარჩენებში კი, ვფიქრობ, მაინც მკვეთრად უარყოფითად შეიცვლება ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება. უვიზოს გაუქმება “ოცნებაზე” კარგად არ იმუშავებს. თუმცა, რამდენად გადაიხრება ის პინა, რომელიც საბოლოოდ გადაწონის საზოგადოების აზრს და რადიკალურად დასვამს საკითხს, რომ ხელისუფლება მოსაშორებელია, არ ვიცი”, – დაასკვნის ირაკლი მელაშვილი.
“შემოდგომაზე ბევრი რამ გაირკვევა უკრაინაში, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ზანგეზურის დერეფნის საკითხი – ანუ გაუჩნდება თუ არა კავკასიაში ალტერნატივა საქართველოს როგორც სატრანზიტო გადამზიდავს. ევროპული პოლიტიკა ყოველთვის იყო აგებული იმაზე, რომ მხოლოდ ერთი ხისტი გამოსავალი არ ჰქონოდა, ამიტომ გააკეთებენ იმას, რაც თვითონ აწყობთ. რაც მთავარია, მათი ინტერესები საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს ემთხვევა, რა პროპაგანდაც არ უნდა წარმართოს “ოცნებამ”… ჩვენ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი – პოლიტიკურ ბრძოლაში არის აღმავლობა, რასაც მოჰყვება დაღმავლობა. ჩემი აზრით, შემოდგომაზე მოვა აღმავლობის პერიოდი. უბრალოდ, რამდენად იქნება საზოგადოება მყარად მზად ამ აღმავალი ტალღისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი. ფაქტია, ის მოდელი, რაც საზოგადოებრივ მოძრაობას აქვს – არანაირი ლიდერი და არაფერზე პასუხისმგებლობა – ბრძოლის მთლად ეფექტური ფორმა ვერ გამოდგა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საპროტესტო მოძრაობის აქტორები რამდენად შეძლებენ ამ ყველაფრის გააზრებას და ისე მომზადებას ახალი ტალღისთვის, ამაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. მე არ მინდა პესიმისტი ვიყო, ისედაც ვიცი, რომ რთული ვითარებაა. ნამდვილად ვისურვებდი, რომ ეს ახალგაზრდები დამსხდარიყვნენ და გაეანალიზებინათ შეცდომები და უფრო ეფექტურ ტაქტიკებზე ეფიქრათ”, – დასძენს ანალიტიკოსი.
დრონები, რაკეტები და დივერსიული ჯგუფები – დაიწყება თუ არა იარაღის ერთობლივი წარმოება უკრაინის გადარჩენისთვის
“300-ზე მეტი დრონი და 30 რაკეტა” – 18 ივლისს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით მორიგი მასშტაბური შეტევა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ავრცელებს. ზელენსკიმ ხაზგასმით განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ინტენსიური შეტევის ფონზე, უკრაინის მოქალაქეების გადარჩენა იარაღის ერთობლივი წარმოების დაწყებაზე გადის. სად განთავსდება საწარმოები და დაიწყება თუ არა ერთობლივი წარმოება – ეს კითხვები დღესაც საკვანძოდ რჩება. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ წარმოება შეიძლება უკრაინასა და ნატოს წევრ სახელმწიფოებში წარიმართოს. მისი თქმით, რუსებმა უკვე განახორციელეს ერთობლივ პოლონურ-უკრაინულ საწარმოზე თავდასხმა ლვოვში, სადაც იქმნებოდა უკრაინული დრონების ნაწილი”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დრონები, რაკეტები და დივერსიული ჯგუფები – დაიწყება თუ არა იარაღის ერთობლივი წარმოება უკრაინის გადარჩენისთვის.
“მაისასიას თქმით, რუსები დაემუქრნენ, რომ შეუძლიათ მარტივად განახორციელონ შეტევა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ შეუტიონ ასეთივე ტიპის საწარმოს გერმანიაშიც, არა მარტო პოლონეთში. ასე რომ, ასეთი საწარმოები შეიძლება ბევრ სახელმწიფოში შეიქმნას – ამერიკელებთან, ნატოს წევრ სახელმწიფოებთან, შეიარაღების წარმოებისთვის. კითხვაზე – შეიძლება თუ არა წარმოების პროცესში უშუალოდ ამერიკელები ჩაერთონ – ვახტანგ მაისაია გვპასუხობს, რომ გამორიცხული არაფერია, ხაზგასმით ამბობს, რომ იარაღის ერთობლივი წარმოება მარტივ პროცესებთან არ არის დაკავშირებული, მისივე თქმით, თუ წარმოება ახლა დაიწყება, მის შედეგეებს უკრიანა მაქსიმუმ ნახევარ წელიწადში მოიმკის. “დიახ, შესაძლებელია, თვითონ ამერიკის შეერთებული შტატებიც ჩაერთოს წარმოების პროცესში… რა თქმა უნდა, უკრაინას თვითონაც გააჩნია საკმაოდ ეფექტური სამხედრო კომპლექსები – ისინი კარგ შეიარაღებას უშვებენ. ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსების გამოშვებაც დაიწყეს უკრაინელებმა – დიდ ეფექტურობას აჩვენებენ ბრძოლის ველზე”, ამბობს ექსპერტი, რომლის აზრით, “რა თქმა უნდა, თუ ასეთი საწარმოები დიდი რაოდენობით შეიქმნება, ამას ექნება გავლენა, – აღნიშნავს გამოცემა.
“აღსანიშნავია ის, რომ რუსები დღითიდღე უფრო ინტენსიურად აწარმოებენ დამრტყმელ დრონებს. თუ აქამდე იყო 200-300 დრონი, დღეს უკვე 500 დრონით ხდება შეტევა – და ეს გაიზრდება 1000-მდეც. ასე რომ, რუსები ზრდიან სამხედრო შეიარაღებას – იყენებენ ჩრდილო კორეულ, ირანულ, ბელარუსის სამხედრო პოტენციალს”, – თვლის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი. თუ ერთობლივი წარმოება დაიწყება, მისი აზრით კრემლის მუქარა ისევ ძალაშია და არ გამორიცხავს რომ დივერსიული ჯგუფების დახმარებით იგივე ისტორია განმეორდეს, რაც ჩეხეთში, როცა ჩეხური საწარმო, რომელიც იარაღს უკრაიანაში აგზავნიდა, მოულოდნელად აფეთქდა. მაისაია საუბრობს, რუსეთის მარიონეტული ომის სტრატეგიაზეც, ხაზგასმით ამბობს, რომ რუსეთმა მასში საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა გააღვიძა”, – განაგრძობს გამოცემა.
“ამ ყველაფრის ფონზე კი, რუსეთს შეუძლია ამ შემთხვევაშიც მარიონეტული ომის სტრატეგიის გამოყენებით განახორციელოს სამხედრო საწარმოების განადგურება. ისინი იყენებენ ამ პროცესებში ადგილობრივ რენეგატებს, რომლებიც, ასე ვთქვათ, რუსული სენტიმენტებით არიან გამსჭვალული. აგზავნიან დივერსიულ ჯგუფებსაც. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთმა გააღვიძა საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა – რადგან სსრკ-ს ჰყავდა მსგავსი ტიპის ჯგუფები, რომლებიც დასავლეთის სახელმწიფოებში გარკვეული დროის შემდეგ მოქმედებდნენ – ასევეა რუსეთშიც”, – დასძენს ვახტანგ მაისაია. ზელენსკი კი ხაზგასმით ამბობს, რომ იარაღის ერთობლივი წარმოება მეტი სიცოცხლის გადარჩენას შესაძლებელს გახდის – “იარაღის ერთობლივი წარმოება, უკრაინაში დრონების წარმოებაში ინვესტიციების ჩადება, საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და რაკეტებით უზრუნველყოფა და მათი უკრაინაში წარმოების შესაძლებლობა – ეს ყველაფერი სიცოცხლის გადარჩენას შესაძლებელს ხდის და ახლა უკრაინას სჭირდება”, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი”, – დასძენს გამოცემა.
დავით ზურაბიშვილი – “უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა შესაძლოა პროტესტის აფეთქების სერიოზული ფაქტორი გახდეს”
“ივანიშვილი დარწმუნდა, რომ დასავლეთს უნდა მისი ჩამოგდება და ცდილობს მაქსიმალურად დისტანცირდეს. თუკი ადრე ეგონა, ტრამპი მოვა და ჩემს ფულს დამიბრუნებსო, რადგან არ უბრუნებენ, გადაწყვიტა, რომ მისი ჩამოგდება უნდათ. პროტესტიც, ასე თუ ისე, არ ჩერდება და ივანიშვილს დედამიწის ზურგზე ვერავინ დაარწმუნებს, რომ ეს პროტესტი მართლაც ჩვენი მოქალაქეების უკმაყოფილების გამოხატულებაა და არა დავალება, რომელსაც მითური “დიპფ სტეიტიდან” იღებენ. ამიტომ გადაწყვეტილი აქვს, რომ რაც შეიძლება მყარი ჯებირი ამოაშენოს მათთან ურთიერთობაში, რათა არ ჩამოაგდონ, დაამყაროს აბსოლუტური ერთმმართველობა და ამით ეკონომიკური პრობლემები, რასაც მოუტანს ვიზალიბერალიზაციის გაუქმება თუ სვიფტიდან შესაძლო ჩახსნა, რაღაცნაირად დააკომპენსიროს რუსეთით, ჩინეთით, არაბული ქვეყნებით და მის გარემოცვაში გამდიდრებული ადამიანებისგან ხარკის აკრეფით”, – აცხადებს ექსპერტი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა შესაძლოა პროტესტის აფეთქების სერიოზული ფაქტორი გახდეს”.
“ეს რომ შეიცვალოს, ალბათ, ერთადერთი შანსი იქნება, რომ ივანიშვილს დაუბრუნონ თავისი ფული და აღიარონ მისი მარადიული მმართველობა. რამდენადაც ეს არ მოხდება, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მოსცილდეს ევროპას და ევროინტეგრაცია დაასამაროს. ხელისუფლება მაქსიმალურად იმუშავებს, რომ, თუ ეს მოხდა, ოპოზიციას დაჰბრალდეს და ამისთვის ყველანაირ პროპაგანდის ხერხს გამოიყენებს. თუ ოპოზიციაში ცოტა აზრზე არიან, უნდა მიიღონ ზომები და ხალხს დაანახონ, ეს რატომ ხდება. ამ დროს კი ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და ხაზარაძე-გახარიას მიტინგებს უწყობს. რას ნიშნავს რუსული არჩევნები? რატომ რუსული და არა ქართული? ცესკოს თავმჯდომარე პუტინმა დაუნიშნა თუ არჩევნების თარიღი კრემლმა ჩაუწერა კონსტიტუციაში? როდესაც ასეთ რაღაცებს ამბობენ, არასოდეს განმარტება არ მოჰყვება” – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ივანიშვილს შეუძლებელია აკმაყოფილებდეს ის ვითარება, ურთიერთობის ის დონე, როგორიც აქვს ამერიკასა და ევროპასთან. ტრამპის ადმინისტრაცია შესაძლოა სამხრეთ კავკასიის რეგიონს იმდენად არ აღიქვამს უკრაინის და ევროპის კონტექსტში, მაგრამ აღიქვამს ახლო აღმოსავლეთის კონტექსტში – ეს ტრამპის ინტერესს კი არ ამცირებს, უფრო ზრდის,. ტრამპი დაინტერესებულია რუსეთის აქედან განდევნით. ამიტომ ასეთ ვითარებაში ბიძინა ტრამპსაც დაუპირისპირდეს, ამერიკასაც, ევროპასაც, თურქეთსაც, აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც, მაშინ მართლა რუსეთის გუბერნია თუ გავხდებით, თორემ სხვანაირად ამას ვერ გაუძლებს. ამიტომ არა მგონია, ეს აწყობდეს. პირიქით, ცდილობს, როგორმე გადატეხოს აქ პროტესტი, რათა ჩაითვალოს, რომ ის ყველაფერს აკონტროლებს და რაღაცნაირად დასავლეთი შეაგუოს იმას, რომ აქ მხოლოდ ის არის. ეს არის მისი ამოცანა და მიაჩნია, რომ დასავლეთთან დათმობები მხოლოდ მისი სისუსტის გამოვლინება იქნება. ამიტომაც კომპრომისზე არ წავა”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“უბრალოდ, ივანიშვილმა თვითონ არ იცის, როგორ მოიქცევა თუ დასავლეთის ზეწოლა, სანქციები ძალიან მტკივნეული გახდება და ქუჩაშიც ბევრი ხალხი გამოვა. ამიტომ მას ეს ამოღებული ფული ჯერ იმისთვის სჭირდება, რომ შიდაეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნოს, და არც იმას გამოვრიცხავ, სხვა გზა თუ არ დარჩა, მოჰკიდებს ამ ფულს ხელს და გაიქცევა მაგალითად, სამხრეთ ამერიკაში, მაგრამ არა მგონია, ახლა ამისთვის ემზადებოდეს. ახლა რომ ვუკვირდები, რაც მან 2012 წელს გააკეთა, ძალიან დიდი რისკი იყო, ოღონდ შემთხვევით გაარტყა რაღაც მომენტებს. ამან უფრო დაარწმუნა, რომ რაღაცების გათვლა შეუძლია. მაშინ ძალიან კარგად იცოდა, რომ დასავლეთი სააკაშვილს თუ არ გააჩერებდა, ბიძინა არათუ ვერაფერს მოიგებდა, უბრალოდ, დაიჭერდნენ, მაგრამ ვერაფრით მიხვდა, რატომ იყვნენ უკმაყოფილო ამერიკა და დასავლეთი სააკაშვილით, რატომ გააჩერეს და რატომ მისცეს მას გამარჯვების შანსი. გამარჯვების მერე ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ახლა ამერიკამ მასზე უნდა დადოს ფსონი და აქ მისი მარადიული მმართველობა უნდა გაფორმდეს. რადგან ეს არ გამოვიდა და მერე ამას ჩვენდა ჭირად დაემთხვა ბანკის პრობლემაც, ჩათვალა, ეტყობა, ამერიკელები ჩემით უკმაყოფილო არიან და ისევ იმის დაბრუნებას აპირებენო. ამის მერე მთელი მისი გათვლები და პოლიტიკა ამაზეა აგებული”, – განმარტავს ექსპერტი.
“ამ სიტუაციაში ევროკავშირის პოზიცია აბსოლუტურად არაადეკვატურია და სადღაც ეს ჩვენი ოპოზიციის დამსახურებაც არის, იმიტომ, რომ არ არის გამოკვეთილი ალტერნატივა. ჩადის იქ “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი და ელაპარაკება ერთს, მერე ჩავა გახარია და ეტყვის მეორეს. ჩავა “ლელო” და ის კიდევ რაღაც განსხვავებულს ამბობს, გვარამიას პარტია კიდევ სხვას იტყვის და იქ ვეღარ გაიგეს, რა ქნან. ამიტომ მარტივი სქემით მოქმედებენ. კარგი, ამბობთ თქვენ, ხალხი არ დავსაჯოთო, მაგრამ ოპოზიციის რაღაც ნაწილი ხომ ფიქრობს, უვიზო რეჟიმი რომ გავაუქმოთ, ხალხი გამოვარდება ქუჩაში და დაამხობს ხელისუფლებასო. მე რომ ვინმე მეკითხებოდეს, გავაკეთებდი ასე, მოვილაპარაკებდით ოპოზიციის ერთიან ფორმატში და, თუ ევროკავშირის მიერ ხელისუფლების სანქცირება არ ხერხდება, კონკრეტული პირებისთვის მოვითხოვდით უვიზო რეჟიმის გაუქმებას და არა მოსახლეობისთვის. თუ ევროკავშირი ამას ვერ ახერხებს, ადგნენ და ეს ცალკეულმა ქვეყნებმა გააკეთონ. სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც ისინი დასეირნობენ. სერბეთსა და სლოვენიაში ჩავლენ თუ არა, სულ არ ენაღვლებათ, ბალტიისპირეთში ისედაც არ დადიან, ბრიტანეთში კი ისედაც ვიზა უნდათ. წესით, შეიძლებოდა ამაზე შეთანხმება, მაგრამ არ არის კოორდინაცია”, – ამტკიცებს დავით ზურაბიშვილი.
“არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის ერთიანი პლატფორმა იყო ყველაზე კარგი, რომ ერთიანობა და ალტერნატივა დაფიქსირებულიყო, რადგან ახლა ვიღაცები იღებენ მონაწილეობას და ვიღაცები – არა, მაგრამ ვინც არ მიიღებს მონაწილეობას, “ნაცმოძრაობიდან” წამოსული სპექტრი, აქ ვიღაცებმა გადაწყვიტეს, ახლა კარგი მომენტია და მოდი, ჩავრეცხოთ არანაცური ფლანგიო. ჩერგოლეიშვილი ამას პირდაპირ ამბობს, დანარჩენები ღიად ამას არ ამბობენ, მაგრამ ზუსტად იგივე კამპანია აქვთ. რამდენად ჭკვიანურია ეს, დრო აჩვენებს. მე მგონია, მაინცდამაინც ჭკვიანური არ არის”, – დაასკვნის ექსპერტი და შეკითხვაზე – “გახარია-ხაზარაძის პარტიების თანამშრომლობამ შეიძლება გააჩინოს ალტერნატივის ჩამოყალიბების საფუძველი?” – პასუხობს:
“შეიძლება, თუკი აქტიურად და სწორად ჩართავენ საზოგადოებრივ ძალებსაც, მაგრამ ჯერ დიდ აქტიურობას ვერ ვხედავ”.
“რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას, ჩვენ გვაქვს ბელარუსის მაგალითი, როდესაც მთელი ქვეყანა გარეთ იყო გამოსული და ხელისუფლებამ მაინც ჩაახშო. თუ ხელისუფლებას აქვს ეფექტური კონტროლი და საყრდენი ძალოვან სტრუქტურებში, როგორც წესი, ის ახშობს აქციებს, თუ დასავლეთის გავლენა არ არის. “ოცნებას” დღეს ძალოვან უწყებებში აქვს დასაყრდენი. ამიტომაც ამ შემთხვევაში გარდატეხა უნდა მოახდინონ ძალოვან სტრუქტურებში, პოლიციაში, უშიშროებაში, მაგრამ ბოიკოტისტებისგან დღეს ძირითადად ის გვესმის, მოვალთ და ყველას დაგიჭერთო. პოლიციას და უშიშროებას ამას რომ ეუბნები, ცხადია, უფრო მეტად შეეკვრებიან ხელისუფლებას. მხარდამჭერები რომ არ ჰყავდეს, ხელისუფლება აქამდეც იქნებოდა დამხობილი, მაგრამ ჰყავს და საჭიროა მიდგომის შეცვლა. ის მაინც გაიხსენონ, “” როგორ მოხდა. ძალოვან უწყებებში აბსოლუტური ქაოსი იყო. მეტიც, რევოლუციის მხარეს იყო უშიშროების და პოლიციის ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი. თუ რევოლუცია გინდა, ასე კეთდება და, თუ ამას ვერ აკეთებ, მაშინ სხვა გზები უნდა ეძებო”, – დასძენს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბათუმში, რესტორანში, თურქი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ თურქეთის ორ მოქალაქეს ბრალდება წარედგინა – პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაულის დღეს, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი