ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024

“გაიყინა” თუ არა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი – რა გამოხმაურებები მოჰყვა ევროკავშირის ელჩის განცხადებას
ვინ არის ერთიანი სიის წინააღმდეგი ოპოზიციაში – “მხოლოდ თვენახევარი აქვთ, რომ ბოლომდე ჩამოყალიბდნენ ვინ ვისთან უნდა იყოს”
“აეროპორტებში კონტროლი გამკაცრდება” – გერმანია მიგრანტების რაოდენობას შეამცირებს – როგორ შეეხება ეს ქართველებს
* * *
“გაიყინა” თუ არა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი – რა გამოხმაურებები მოჰყვა ევროკავშირის ელჩის განცხადებას
“საქართველოში ევროკავშირის ელჩი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა – პრემიერის თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები 20-30%-მდე გაიზარდა. ჰერჩინსკი საპასუხოდ ამბობს, რომ პირიქით, ამან ევროინტეგრაციის პროცესი ფაქტიურად გაყინა. განცხადებას მყისიერი შეფასება მოჰყვა პოლიტიკოსებისგან – საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, “ამ ზაფხულში ვერაფერი გაიყინება” მათ შორის პოლიტიკური ურთიერთობები. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის განცხადება სამწუხარო რეალობას ასახავს, რაც “ქართული ოცნების” “მიზანმიმართული მავნებლური პოლიტიკის შედეგად დადგა”. ანალიტიკოსთა შეფასებით კი, თუ ევროინტეგრაციის პროცესი მართლაც გაიყინა და დეკემბერში უარყოფითი დასკვნა მოვა ევროკომისიისგან, ეს შესაძლოა დროებითი მოვლენა იყოს. ამასთან, ჰერჩინსკიმ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა, რომ საქართველომ და ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ სახელმწიფოსთან როგორი ურთიერთობა სურთ. ისიც აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ჩინეთს ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა აკავშირებთ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “გაიყინა” თუ არა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი – რა გამოხმაურებები მოჰყვა ევროკავშირის ელჩის განცხადებას.
“როგორც პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, არაერთხელ განაცხადეს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვაზე უარყოფითად იმოქმედებდა. “საკითხს მომავალ კვირას ევროკავშირის ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრები, რამდენიმე დღის შემდეგ კი პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები განიხილავენ და ჩვენ გადავწყვეტთ რა ზომებს მივიღებთ საქართველოში განვითარებულ ამ მოვლენებთან დაკავშირებით… ამ კანონის მიღებამ, როგორც ამას მე ვხედავ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გაყინა. მოგეხსენებათ, ევროკავშირში ინტეგრაცია ერთსულოვნებას მოითხოვს და ჩვენ უკვე მოვისმინეთ, რომ რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ საჯაროდ განაცხადა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ისინი საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის წინააღმდეგი იქნებიან”, – განაცხადა ჰერჩინკსიმ, რომლის თქმით, “ევროკომისიის სამსახურებმა და საგარეო ქმედების სამსახურმა საპასუხო ღონისძიებების ვარიანტები მოამზადეს და იგი წევრ სახელმწიფოებს გადაეგზავნა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ეს ხმამაღლა და გარკვევით თქვეს ჩემმა უფროსებმა, თავად ევროკომისიის პრეზიდენტმა, ასევე უმაღლესმა წარმომადგენელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ევროკომისიის სამსახურებმა და საგარეო ქმედების სამსახურმა, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტები მოვამზადეთ. ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იქნა გაზიარებული და წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, თუ რომელი ვარიანტი განახორციელონ ამ მენიუდან. ეს გადაწყვეტილებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ორშაბათს ლუქსემბურგში, შემდეგ კი ევროპული საბჭოს დონეზე 27 ივნისს უნდა იქნას მიღებული, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, რომელიც ყველაზე მაღალი დონეა ევროკავშირში. ეს ხდება მომავალ კვირას უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის კონტექსტში. ასე რომ, ნამდვილად გული მწყდება იმის დანახვით, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია, პრაქტიკულად გაყინულია და ამავდროულად, სთან და მოლდოვასთან ჩვენ წინ მივიწევთ”, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. მისივე თქმით, საპასუხო ზომებს მიღება ევროკავშირის უმაღლეს დონეზე მოხდება”, – განაგრძობს გამოცემა.
“პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ საქართველომ და ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ სახელმწიფოსთან როგორი ურთიერთობა სურთ. ასევე, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ჩინეთს ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა აკავშირებთ. “რა თქმა უნდა, ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ. შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირს ჩინეთთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა აქვს. ეს ურთიერთობა ვრცელდება არა მხოლოდ ვაჭრობაზე, არამედ ბევრ სხვა სფეროზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება. ჩვენ ჩინეთს განვიხილავთ, როგორც მსოფლიო ასპარეზზე ძალიან მნიშვნელოვან და შეუცვლელ პარტნიორს, მაგრამ ამავდროულად, ჩინეთის გავლენიდან გამომდინარე რისკების შემცირებას ვცდილობთ, რათა ჩვენი ეკონომიკა ჩინეთზე დამოკიდებული არ იყოს. საქართველომ და ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ის, თუ რომელ სახელმწიფოსთან როგორი ურთიერთობა სურთ”, – თქვა პაველ ჰერჩინკსიმ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ევროკავშირის ელჩის განცხადება შესაძლოა არ წარმოადგენდეს მთლიანი ბლოკის პოზიციას და თუ დეკემბერში მაინც ვერ მივიღეთ ევროკომისიისგან მოლაპარაკებების ეტაპის გადასვლაზე დადებითი დასკვნა, შესაძლოა ესეც დროებითი უარი იყოს”, – დასძენს გამოცემა.
“ევროკავშირს ჯერ თავის საერთო გზავნილი ჩამოყალიბებული არ აქვს, ამიტომ ერთ გენერალურ ხაზად მაინცდამაინც არ მივიჩნევდი ამა თუ იმ განცხადებას. ჯერ ერთი, ევროპა უზარმაზარ ორომტრიალშია მოყოლილი – უკრაინის ომი, ამერიკა-ჩინეთის დაპირისპირება და ა.შ. ამავე დროს, თვითონ ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ ყველაფრის ფონზე, თვითონ ევროპას აქვს ჯერ ბევრი რამ დასალაგებელი. ის პრეტენზიები, რაც ევროპას საქართველოს მიმართ აქვს, გაუგებარია, პრეტენზიულობა -დან გასაგებია, რადგან ჩინეთი მისთვის კონკურენტია და ჩვენ პეკინთან ურთიერთობას გვსაყვედურობს, მაგრამ, ევროპას რატომ აქვს ეს პრეტენზიები, როცა ჩინეთიდან საქონელი შენზე უნდა გამოვიდეს და ევროპას შენი კეთილგანწყობის ინტერესი უნდა ჰქონდეს. ეს ცოტა გაუგებარია და მისი ახსნა ცოტა ძნელია თუ არ დაუშვებ, რომ ეს ამერიკის გავლენით ხდება. თუ ეს აშშ-ს გავლენით ხდება, ეს უკვე ევროპული კი არა ამერიკული პოლიტიკაა, რომელსაც ევროპა მხარს უბამს… საკმარისია ამერიკული პოლიტიკა ევროპამ გადახედოს და ამ კურსში თავისი ინტერესები ჩადოს, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. თუკი დეკემბერში ევროკომისიისგან დადებითი დასკვნა არ მოვა, ეს არ ნიშნავს რომ დავიღუპეთ. შესაძლოა ეს დროებითი მოვლენა იყოს”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ხალხის ძალის” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, საქართველო თავსებადობით და მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნების შესაბამისად, ასე ახლოს ევროკავშირთან არასდროს ყოფილა. “ამ ზაფხულში ვერაფერი, მათ შორის, ვერც პოლიტიკური ურთიერთობები ვერ გაიყინება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო თავსებადობით, მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნების შესაბამისად, ასე ახლოს არასდროს არ იყო ევროკავშირთან. ევროკავშირის ელჩმა ეს განცხადება რის საფუძველზე გააკეთა, გაუგებარია, იმიტომ, რომ ევროპის საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებით ჩვენ არამხოლოდ კანდიდატ ქვეყნებზე, არამედ წევრ ქვეყნებზე წინ ვართ. ამიტომ, თუ რაიმეს გაყინვაზეა საუბარი ერთადერთი შეიძლება ჩვენ გავყინოთ ლგბტ პროპაგანდა, რადიკალური ოპოზიციის ქმედებები. მე კითხვა მაქვს ევროკავშირის ელჩთან: იმ ათეულობით მილიონმა ევროპელმა ჩვენს მსგავსად უარი რომ უთხრა, ლგბტ პროპაგანდასა და ულტრა ლიბერალურ ფაშისტურ პოლიტიკას, მათაც ურთიერთობების გაყინვის სურვილი აქვთ? – აღნიშნა მაჭარაშვილმა. მისი თქმით “საქართველო იცხოვრებს ქართულად, ევროპულად და ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად. თუ ვინმეს რამე ურთიერთობის გარკვევა უნდა, დახედოს რუკას, ეკონომიკურ მდგომარეობას, შუა დერეფანს, რომელიც ჩინეთიდან იწყება და ევროკავშირში საქართველოს გავლით მთავრდება”, – წერს სტატიის ავტორი.
“როგორ შეიძლება აქ რაიმე გაყინვაზე იყოს საუბარი? აქ საუბარი ურთიერთობების გალღობაზე, მეგობრობაზე უნდა იყოს. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და მე დარწმუნებული ვარ, მოიძებნება ევროკავშირში ის ძალები, როგორც საზოგადოებაში მოიძებნა, რომლებმაც თქვეს, რომ ურთიერთობების გაყინვა კი არ უნდათ, არამედ პარტნიორული ურთიერთობა, ოჯახური ტრადიციები და ა.შ”, – მიიჩნევს მაჭარაშვილი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი კი აცხადებს, რომ როდესაც “ქართულ ოცნებას” კოალიციური მთავრობა ჩაანაცვლებს, საქართველოს ევროკავშირის გზაზე პროგრესი დაუყოვნებლივ მოხდება. “სამწუხაროდ, ის რაც ევროკავშირი ელჩმა განაცხადა, სამწუხარო რეალობას ასახავს, რომელიც საქართველოში “ქართული ოცნების”, ამ რუსული კოშმარის მიზანმიმართული მავნებლური პოლიტიკის შედეგად დადგა, რომ საქართველო მოწყდეს ევროკავშირს და დასავლური განვითარების ვექტორს. პირველ რიგში, ამაზე პასუხი უნდა ჩვენგან და ამას არ უშველის “რუსული კანონის” წაღება”, – თვლის ჭიაბერაშვილი, რომლის აზრით, “ამას უშველის 26 ოქტომბერს ძალადობრივი რუსული რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოცილება”, – განაგრძობს სტატიის ავტორი.
“რაც შეეხება ევროკავშირს, ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგას და მან ისე უნდა განსაზღვროს თავისი პოლიტიკა, რომ ერთის მხრივ, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში უნდა უპასუხოს „ქართული ოცნების” ძალიან დამაზიანებელ და მავნებლურ პოლიტიკას და მეორეს მხრივ, ევროპული განვითარების პერსპექტივა ქართველ ხალხს შეუნარჩუნოს. დარწმუნებული ვარ, როდესაც ამ ძალადობრივ რეჟიმს კოალიციური მთავრობით ჩავანაცვლებთ, დაუყოვნებლივ პროგრესი ევროკავშირის გზაზე მოხდება, ამიტომ ევროკავშირის პოლიტიკა იქნება ისეთი, რომ “ქართულ ოცნებას” უპასუხოს, მაგრამ ქართველი ხალხს ევროპული პერსპექტივა შეინარჩუნოს”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ვინ არის ერთიანი სიის წინააღმდეგი ოპოზიციაში – “მხოლოდ თვენახევარი აქვთ, რომ ბოლომდე ჩამოყალიბდნენ ვინ ვისთან უნდა იყოს”
“რა ფორმით წარდგება არჩევნებზე ოპოზიცია და მოხდება თუ არა არსებული ერთობის ფორმირება – “ნაციონალური მოძრაობ” ოპოზიციის გაერთიანების სანაცვლოდ გარკვეულ პირობებზე საუბრობს. პარტია მზადაა, ერთიანი სიისა და ერთობის შემთხვევაში, პარტიული ნომერი და სიაში საკუთარი წილიც დათმოს. ოპოზიციის ნაწილი კი სწორედ ყოფილი მმართველი პარტიის ფაქტორის გამო, საერთო ოპოზიციური გაერთიანების შექმნისგან თავს იკავებს და დამოუკიდებელ გეგმებს აწყობს. თუმცა, ბლოკების აკრძალვისა და 5%-იანი ბარიერის პირობებშიც კი, ოპოზიციური ფლანგის ნაწილისთვის, ხელისუფლების შეცვლის გზა მაინც რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაზე გადის. ვიხილავთ თუ არა ასევე წინასაარჩევნოდ კიდევ ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას და იმ პარტიების წარმომადგენელთა თანამშრომლობას, რომლებიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ მძიმე ურთიერთბრალდებებით იყვნენ დაკავებული. ეს კითხვა გიორგი გახარიას განცხადებამ გააჩინა, რომლითაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა “ლელო”, მის პარტიასთან ყველაზე ახლოს მდგომად დაასახელა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ არის ერთიანი სიის წინააღმდეგი ოპოზიციაში – “მხოლოდ თვენახევარი აქვთ, რომ ბოლომდე ჩამოყალიბდნენ ვინ ვისთან უნდა იყოს”.
“გახარიას “ლელოში” უარით უპასუხეს და წარსული შეახსენეს. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოხატავს. რამდენ ოპოზიციურ ერთობას ვიხილავთ არჩევნებამდე, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუმცა, მმართველი გუნდი ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციის წარუმატებლობაში დარწმუნებულია და მიმდინარე პროცესებს გარედან მართულს უწოდებს. პარტიების ნაწილს არ სურს იყოს იმ გაერთიანების წევრი, სადაც “ნაციონალური მოძრაობაცაა”. “ეს კონფიგურაცია არჩევანს უზღუდავს და მძევლის მდგომარეობაში აყენებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რეჟიმის ცვლილება უნდათ, თუმცა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიუღებლობა აქვთ, არ აქვს მნიშვნელობა, სწორი თუ არასწორი მიზეზით”, – ამბობს “ევროპული საქართველოს” ლიდერი . ის საერთო სიის იდეას წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებს, წარმატების გასაღებს კი ამომრჩევლის უპრეცედენტოდ მაღალ აქტივობაში ხედავს. “ოპოზიციურ ერთობაში “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პარტია, მინიმუმ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს”, – ამბობს ზურა ჯაფარიძე და ასახელებს არგუმენტებს იმ პარტიებისა და მოქალაქეებისთვის, რომლებიც საერთო სიას “ნაციონალური მოძრაობის” მიუღებლობის გამო აკრიტიკებენ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“იმ სცენარში, რომელსაც მე მხარს ვუჭერ, ნაციონალური მოძრაობა უარს ამბობს ძალაუფლებაზე, არ ექნება ხუთი ნომერი, ვერ მიიღებს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, დაკარგავს საარჩევნო კომისიაში წევრებს, დაკარგავს საბიუჯეტო დაფინანსებას, უფასო რეკლამას და ყველა იმ ბენეფიტს, რომელსაც პარტიები არჩევნებში მონაწილეობით იღებენ. საჯაროდ ამბობენ იმასაც, რომ არანაირი ამბიცია და პრეტენზია არ ექნებათ, მაგალითად, ძალოვანი მინისტრები ჰყავდეთ”, – ამბობს ჯაფარიძე. ერთიანი სიის იდეას სკეპტიკურად უყურებს პარტია “ახალის” ლიდერი . ის აპირებს, საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე დაყრდნობით მიიღოს,” – აღნიშნავს გამოცემა.
“არა საერთო სიასო – ჩვენს პარტიას არ უთქვამს, ჩვენ გამოვთქვამთ სკეპტიკურ დამოკიდებულებას, რამდენად არის ეს გამარჯვების ფორმულა. თუ ეს აღმოჩნდება ერთადერთი, უალტერნატივო და ეფექტიანი გზა ს დასამარცხებლად, ჩვენ არ ვაპირებთ ამ მიზანზე უარის თქმას, მაგრამ დღეის მდგომარეობით ეს არის მხოლოდ სპეკულაცია, რომ საერთო სია გამარჯვების ფორმულაა. ჩვენ სპეკულაციას ვერ ავყვებით. არ ვაპირებთ ყველაზე უფრო ტოქსიკური წინასაარჩევნო სიტყვის “სიის” ტრიალს მუდმივად ეთერში”, – ამბობს ნიკა გვარამია. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ჯერ ბევრი რამე აქვს გასარკვევი. იგი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში გასარკვევია არა ის, თუ როგორ გამოიყენებენ ამ ზაფხულს, არამედ ის როგორ ჩამოყალიბდება თავად ოპოზიცია არჩევნებამდე 60 დღით ადრე, როცა რეგისტრაცია უნდა დაიწყოს. საზოგადოებას უნდა აჩვენონ რეალურად რა კომბინაციით წარსდგებიან 2024 წლის არჩევნებისთვის”, – დასძენს გამოცემა.
“წესით ოპოზიცია უნდა იყოს უკვე რეგიონებში ამომრჩევლებთან შეხვედრებში ჩართული. მხოლოდ თვენახევარი აქვთ იმისთვის, რომ ბოლომდე ჩამოყალიბდნენ ვინ ვისთან უნდა იყოს. თბილისი ეს ორი თვე იცლება, ამიტომ პოლიტიკური ცენტრი მაინც რეგიონებზე გადადის. საერთო სიაზე ბევრი განცხადება გაკეთდა და ყველა მიხვდა იმას, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად გასვლა ოპოზიციისთვის იქნება დამღუპველი. სააკაშვილს აქვს პირადი პოლიტიკური მიზნები და მართალიც არის. ის ახლა ცდილობს ივანიშვილმა 2012 წელს რომ გააკეთა, საერთო სია, იგივე გააკეთოს. სააკაშვილს უნდა, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ მით უმეტეს მისგან დისტანცირებულმა “ახალმა” და სხვა ნაცპარტიებმა ხმები არ წაართვას. თავად პარტიაშიც პორბლემებია. გასაგებია ხაბეიშვილს რომ გაუშვებდნენ, მაგრამ ბოკუჩავა რას შეცვლის. ალბათ ჩანაფიქრი ისაა, რომ ბოკუჩავასთან უფრო არ შერცხვებათ საერთო სიაში გაწევრიანება. მე მგონია ოპოზიცია სამ ცენტრად მაინც უნდა დაიყოს. კარგი იქნება თუკი გახარია და ხაზარაძე რაღაცაზე შეთანხმდებიან. ნაციონალებთან, კი ბატონო, წავიდნენ მისი ყოფილი წევრები, აქ გასაკვირიც არაფერი იქნება. თუმცა მესამე ცენტრის შექმნა იქნება ძალიან კარგი და არჩევნებში ბევრ რამეს შეცვლის“, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“აეროპორტებში კონტროლი გამკაცრდება” – გერმანია მიგრანტების რაოდენობას შეამცირებს – როგორ შეეხება ეს ქართველებს
“გერმანიის კანცლერის, ს განცხადებით, რეგულარული მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ფედერალურ მთავრობასა და აღმოსავლეთ გერმანიის ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებს შორის სრულ ერთიანობას ხედავს. როგორც იგი აღნიშნავს, მიგრანტების შესამცირებლად ყველა ზომა მიღებული იქნება. ვიტენბერგში, ამ მიწევის მთავრობების მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ, შოლცმა თქვა, რომ შარშან შორსმიმავალი გადაწყვეტილებები მიიღეს, რომელიც ძალაში მალე შევა. საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრმა, რაინერ ჰაზელოფმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ გასულ კვირას ვოლმირშტედტში დანით განხორციელებულმა თავდასხმამ აჩვენა, რომ დეპორტაციის პრაქტიკაზე სასწრაფო მოქმედებაა საჭირო. “ხალხი ახლა თავს დაცულად არ გრძნობს”, – აღნიშნა რაინერ ჰაზელოფმა. ამასთან მისი თქმით, მიუღებელია ის ფაქტი, რომ მემარჯვნე პოპულისტური “ალტერნატივა გერმანიისთვის” აღმოსავლეთ გერმანიაში ყველაზე გავლენიანი პარტია გახდა. ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ გერმანიაში და ზოგადად ევროკავშირში მიგრანტებზე პრობლემები არის და ამან განაპირობა ზომების მიღება. როგორც იგი აღნიშნავს, ეს ტენდენცია ქართველ მიგრანტებზეც აისახება და აეროპორტებში კონტროლი გამკაცრდება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “აეროპორტებში კონტროლი გამკაცრდება” – გერმანია მიგრანტების რაოდენობას შეამცირებს – როგორ შეეხება ეს ქართველებს.
“საერთო ჯამში გერმანიას მიგრანტებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რადგან იქ სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, 12 მილიონამდე მიგრანტი ცხოვრობს. მათ შორის ნაწილი უკანონო და ნაწილი პირიქით, კანონიერი. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ ევროკავშირშიცაა. ამიტომ აეროპორტებში კონტროლი გამკაცრებული იქნება. მით უმეტეს, რუსეთ-უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე. რაც შეეხება ქართველ მიგრანტებს, მე პირადად მგონია, რომ აქაც იქნება გარკვეული ზომები მიღებული”, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე. ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით კი, მკაცრი იმიგრაციული პოლიტიკა შეეხება ყველა იმ არალეგალს, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება. მისი აზრით, მას შემდეგ, რაც გერმანიის მმართველი კოალიცია ძალიან მწარედ დამარცხდა ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებში, შესაბამისად, ახლა მმართველი პარტიები ცდილობენ, რომ ამომრჩევლის ნება-სურვილს თავიანთი პოლიტიკა მოარგონ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ფაქტია, რომ ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის დაწინაურდა იმის გამო, რომ მას ძალიან ხისტი, ანტიიმიგრაციული პოლიტიკა ჰქონდა. ბუნებრივია, ამ ჭარბი მიგრანტული ტალღის გამო გერმანიის სოციალურ-ეკონომიკური ვითარება გაუარესდა, ისევე როგორც კრიმინალურმა შემთხვევებმა მოიმატა. მკაცრი იმიგრაციული პოლიტიკა შეეხება ყველა იმ არალეგალს, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება. დაუსაბუთებლად ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს და სანამ მათ ასეთ სტატუსს მისცემენ, გერმანიის ბიუჯეტს მათი დაფინანსება უხდება. რამდენად შეეხება ეს ქართველებს, პროცენტულად და სტატისტიკურად ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. ეს არ იქნება სელექციურად ქართველი უკანონო იმიგრატი თუ აფრიკიდან ჩამოსული და ა. შ. დიდი ალბათობით აქ უნივერსალური ღონისძიებები იქნება გატარებული. იმ ადამინების მიმართ, რომლებიც სოციალურ წესრიგს თუ სხვა წესებს არღვევენ, იქნება რეაგირება. თუმცა ეს ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. მოგეხსენებათ გერმანიის პარლამენტი ჭრელია, თავად კოალიცია სამი პარტიისგან შედგება და განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ, მათ შორის, მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.