ქართული პრესის მიმოხილვა 20.02.2025

ტრამპის რუსეთთან დათმობისა და რუსეთ-ჩინეთის დაშორების პოლიტიკა – რა რისკებს შეიცავს საქართველოსთვის
“ოცნება” კანონმდებლობის შემდგომ “დახვეწას” აანონსებს – რა მიმართულებით იგეგმება გამკაცრება
როგორც იქნა, ქვეყანა მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას იწყებს – რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში
* * *
ტრამპის რუსეთთან დათმობისა და რუსეთ-ჩინეთის დაშორების პოლიტიკა – რა რისკებს შეიცავს საქართველოსთვის
“გლობალურ პოლიტიკაში დიდი ძვრები დაიწყო, რომელიც შეიძლება მსოფლიო დღის წესრიგის შექმნაში მთავარი წინაპირობა გახდეს. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, -ს პრეზიდენტის ს ადმინისტრაციის სრულიად ახალმა პოლიტიკამ შესაძლოა პოლიტიკური დასავლეთის ცნება საერთოდაც გაყოს. მათივე შეფასებით, მსოფლიო მოვლენები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გავლენას უთუოდ ახდენენ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ გლობალურ პოლიტიკაში ახალი ძვრები დაიწყო და ჩვენთვის ჯერჯერობით გაურკვეველია რეალურად რა როლი გვექნება, კარგი იქნება ეს ძვრები თუ ცუდი და რა გავლენას მოახდენს შიდა პროცესებზე”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ტრამპის რუსეთთან დათმობისა და რუსეთ-ჩინეთის დაშორების პოლიტიკა – რა რისკებს შეიცავს საქართველოსთვის.
მტერი რომაა და 20% წაღებული რომ აქვს ჩვენგან, ეს ფაქტია. სხვებისგანაც თუ რაიმე შეუძლია, ცდილობს დააშაოს და გააფუჭოს, მასთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს. სამაგიეროდ, პოლიტიკური მიზნისთვის ჩათვალეს, რომ კარგად გამოდგება ის, რომ საქართველოს რუსეთზე ორიენტაციის იარლიყი მიაწებონ, ეს რეცეპტი უცხოელებისგან მოდის და ჩვენთანაც ოპოზიციამ აიტაცა. მეორეს მხრივ იგივე ოპოზიცია იძახის, რომ დასავლეთია იდეალური, ამ დროს უცბათ ეს დასავლეთი გაიყო, ევროპა ერთ მხარეს წავიდა, ამერიკა მეორე მხარეს და ჩვენ დასავლეთი სულ მთლიანობად წარმოგვედგინა. რუსეთი ჩვენთან შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში უარყოფით იარლიყად იყო გამოყენებული და ამერიკამ ამ რუსეთთან პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რამაც ჩვენს საზოგადოებაშიც გაორება და ეჭვები გამოიწვია და ბუნებრივია, ეს უკრაინის თემასაც ეხება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“რუსეთუმედ შერაცხულია ყველა ის, ვისაც წამოსცდება, რომ შეიძლება მ ვერ გაიმარჯვოს. უკრაინა ვერ გაიმარჯვებსო აგერ ტრამპმა გამოაცხადა და მოლაპარაკების პირველ რაუნდზე არ დაპატიჟა. ეს სავარაუდოს ხდის, რომ ამერიკა-რუსეთის პოლიტიკა შეიძლება დაახლოვდეს და ხელიხელჩაკიდებულებმა გააგრძელონ გზა. რუსულ პოლიტიკურ პუბლიცისტიკაში გაჩნდა კრიტიკული აზრი, რომ ამით ტრამპს უნდაო, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთს დააშოროსო. ეს არაა გამორიცხული, რადგან პოლიტიკაში ასეთი სვლები მოსულა, მით უმეტეს ტრამპმა ადრე გამოაცხადა, რომ ბაიდენმა ეგ შეცდომა დაუშვაო, რომ ისეთი ნაბიჯები გადადგა, რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთს დაიახლოვა, ორი დიდი სამხედრო რესურსის ქვეყანა გააერთიანაო. რა თქმა უნდა, ტრამპი ეცდება ამ ორი სამხედრო-ელიტარული იმპერიის გაყოფას”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ძნელია თქმა ეს გაყოფა ჩვენთვის კარგია თუ ცუდი, რადგან ბევრი რამ დამოკიდებულია თვითონ ჩინეთის პოზიციაზე, თუკი ჩინეთმა კავკასიაზე გზა გაიყვანა და თუკი ტრამპის ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ ეს მათ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, მაშინ ჩვენ ხიდის როლში აღმოვჩნდებით და ამ ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეების მედიატორის მაგვარ ფუნქციას შევასრულებთ, რაც გვაწყობს. თუ აღმოჩნდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის კავკასიისკენ ჩინეთის გადმოსვლა მიუღებელია, მაშინ ჩვენ ისევ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით და ჩვენზე იმდაგვარი შეტევა გაგრძელდება, რაც აქამდე იყო. აქამდეც ბაიდენის პირობებში ჩვენ ძირითადად ჩინეთის გამო გვიტევდნენ, თორემ რუსეთთან ბაიდენს ჰქონდა თუ არა ისეთი დაპირისპირება, როგორადაც ამბობდა, ეგ კიდევ საკითხავია. ფაქტია, რომ ბაიდენის პოლიტიკა რუსეთისთვის არცთუ წამგებიანი აღმოჩნდა, აგერ აკონომიკური ზრდა აქვს და ადამიანების სიცოცხლეს რუსეთი არასოდეს არ ითვლიდა. ამდენად, ჩვენი საკითხის გადაწყვეტა ისევ გზაგასაყარზეა, მაგრამ ის, რომ მსოფლიო პროცესები იცვლება და წინ მიიწევს, ეს ფაქტია”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“ჩვენ ვნახეთ, რომ აშშ-სა და ევროპაში ლიბერალური მმართველობის პირობებში საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უკეთესი არაფრით არ იყო და ლიბერალური წრეებიდან იმდენი პოლიტიკური დარტყმა მივიღეთ, რამდენიც არასოდეს არ მიგვიღია და მივიღეთ ის მოთხოვნაც, რომ გადააგდეთ “ოცნება” და ხელისუფლებაში “ნაცმოძრაობა” მოიყვანეთო, ეს იყო ჩვენი იტერესების უგულებელყოფა. ამერიკა აქამდე გვაკრიტიკებდა და გვეუბნებოდა “ოცნება” წავიდეს და “ნაციონალები” მოიყვანეთო და ეს არ გავაკეთეთ, ამიტომაც უნდოდათ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა რომ ქვეყანაზე გავლენა ვერ მოახერხეს, უნდოდათ, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა, არ გავხსენით, ლიბერალურ ადმინისტრაციას არ უნდოდა, რომ კონსერვატიულ პარტიებთან ახლოს ვყოფილიყავით და ახლოს ვართ. ამერიკას ამ პრინციპულ საკითხებზე უარი ვუთხარით”, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
“ახლა კი ვნახოთ როგორ სახეს მიიღებს ტრამპის პოლიტიკა, რომელსაც საბოლოოდ თავისი სახე ჩამოყალიბებული არ აქვს. ტრამპი ჩქარობს ლიბერალებთან ანგარიშსწორებას. ჩანს, რომ ლიბერალები შეგუებას არ აპირებენ და ბრძოლას გააგრძელებენ, ამ ბრძოლაში საზღვარი ნაჩვენები არაა. ვნახეთ, რომ ტრამპს ესროლეს და ბეწვზე გადარჩა, შესაძლოა ეს ბრძოლა განმეორდეს, ამერიკაში სიკვდილ-სიცოცხლის გარშემოა ბრძოლა, ამიტომ ტრამპი ჩქარობს. თუ მან ლიბერალები მიუშვა და ამერიკულ სივრცეში ფეხზე დადგომა მოასწრეს, მათ შეიძლება ყველაფერი გააკეთონ, ვხედავთ მოსამართლეების საშუალებით გზას უჭრიან ტრამპს. ანალოგიურად ბევრი სხვა ინსტრუმენტი შეიძლება ამოტივტივდეს თუ ლიბერალები მოღონიერდნენ და ტრამპისთვის ეს შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს”, – დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.
“როგორც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, ტრამპმა სრულიად ახალი, რუსეთთან დათმობის პოლიტიკა დაიწყო, თუმცა ეს დიდი ალბათობით ყველა საკითხში არ იქნება, მათ შორის საქართველოს თემაზეც, მისი თქმით, გლობალური პოლიტიკა შიდა პროცესებზე გავლენას ახდენს. “ტრამპმა რუსეთთან რაღაც საკითხებში დათმობის პოლიტიკა დაიწყო, ევროკავშირის და ჩინეთის პოზიციები ჯერჯერობით გაურკვეველია. როგორც ჩანს, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ტრიპოლარულ მსოფლიო წესრიგს აღიარებს – აშშ, ჩინეთი, რუსთი. ამას საქართველოს შიდა პროცესებზე გარკვეული ინდიკაციები ექნება, ამერიკას საქართველო სჭირდება აღმოსავლეთით მიმართულებით პოლიტიკური კურსის განვითარებისათვის, ასევე, ენერგოუსაფრთხოების კუთხით სატრანზიტო ქვეყანა ვართ”, – თვლის მაისაია, რომლის აზრით, “ამასთან, საქართველო ჩინური ჰეგემონიზმის შეკავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია”, – წერს სტატიის ავტორი.
“თუ აქ რუსეთ-ჩინეთის ერთგვარი ალიანსი გაფორმდა, შესაძლოა ჩვენს რეგიონშიც ახალი გადათამაშებაც ვიხილოთ. ვფიქრობ, ამერიკის ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში კვლავ რჩება. ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს საქართველოს მიმართ ინტერესი საერთოდ არ იყო, ახლა, მეორე ვადაში ინტერესი გაიზრდება, მაგრამ როგორი იქნება, ამას დრო გვიჩვენებს. ამერიკა რომ რუსეთს აქ არაფერს არ დაუთმობს, ეგ ფაქტია და აქ არა მგონია დათმობის პოლიტიკა ჰქონდეს. ტრამპს აქ უფრო ოპოზიციურ ძალებთან და სალომე ზურაბიშვილთან აქვს კარგი ურთიერთობა. თვითონ პუტინსაც შეიძლება განსხვავებული მიდგომა ჰქონდეს დღეს არსებულ რეჟიმთან. ჩვენთვის აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის ინტერესები მნიშვნელოვანია. არსებული ხელისუფლება გეოპოლიტიკური პოლიტიკის აზროვნების დეფიციტს განიცდის და არასწორად აღიქვამენ იმ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ჩვენს ირგვლივ ვითარდება. ჩვენ ამერიკულ ახალ პოლიტიკას მომზადებული უნდა შევხვდეთ”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“ოცნება” კანონმდებლობის შემდგომ “დახვეწას” აანონსებს – რა მიმართულებით იგეგმება გამკაცრება
“ქართული ოცნება” კანონმდებლობის შემდგომ დახვეწას აანონსებს და როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, პარლამენტს ოპოზიციური მედია, არასამთავრობო სექტორი და მომიტინგეები ყოველდღიურად “კარგ საქმეს უკეთებენ და კარნახობენ რომელი კანონი რა მიმართულებითაა დასახვეწი”. “შესაძლოა უფრო მეტად რეპრესიული კანონების შემოღებას აპირებდნენ, შეიძლება ხელისუფლების კრიტიკაც აიკრძალოს და ჩაითვალოს, როგორც პირადი შეურაცხყოფა და ამით არასამთავრობოებს და მედიებს ჯარიმა დაეკისროს, რაც შეიძლება საბაბი გახდეს კონკრეტული მასმედიის დახურვის”, – ამბობს შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი, ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე. “კანონები უნდა გამკარდეს და დაიხვეწოს. მაგალითად, “გამჭვირვალობის შესახებ” კანონი “ფარას” კანონით უნდა შეიცვალოს. ასევე, ისეთები, როგორებიცაა ამოღებული სამშობლოს ღალატის მუხლი, მოღალატე უნდა ისჯებოდეს. ვფიქრობ ამ კანონებზე აქვს ბატონ მდინარაძეს აქცენტი და კანონქვემდებარე აქტებიც არსებული რეალობის შესაბამისად დაიხვეწება”, – თვლის ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” კანონმდებლობის შემდგომ “დახვეწას” აანონსებს – რა მიმართულებით იგეგმება გამკაცრება.
“ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ კანონების გამკაცრება მოსალოდნელია სხვადასხვა მიმართულებით. “ოპოზიციას ბევრ რამეზე აქვს პრეტენზიები, მაგრამ კანონები ცხოვრების შესაბამისად უნდა იხვეწებოდეს. ცხოვრება ისეთი მოვიდა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მტრები მიზნებს პირდაპირ აცხადებენ. მაგალითად, ვინმე ტერე ჰელანდი “ევროპული სამეზობლოს საბჭოს” მრჩეველი იძახის, რომ ევროპამ უნდა იმოქმედოს და საქართველოს საბრძოლო ველი უნდა იყოს. ასეთი განცხადებების ავტორებს კი ადგილობრივი “მეხუთე კოლონის” იმედი აქვს. “მეხუთე კოლონა” კი არიან: გვარამიები, მელიები და ა.შ. ამიტომ კანონები უნდა გამკარდეს და დაიხვეწოს. მაგალითად, გამჭვირვალობის შესახებ კანონი “ფარას” კანონით უნდა შეიცვალოს. ასევე, ისეთები, როგორებიცაა სამშობლოს ღალატის მუხლი, ეს ამოღებული, მოღალატე უნდა ისჯებოდეს”, ამბობს გვენეტაძე, რომლის აზრით, “ჩვენ გვინდა თუ არა, ახლა ფაქტობრივად ომის მდგომარეობაში ვართ” – აღნიშნავს გამოცემა.
“ჩვენზე ომია გამოცხადებული “დიფ სტეიტის” მხრიდან. პირდაპირ ლაპარაკობენ და ჩვენ გვახსოვს პოდოლიაკის, გონჩარენკოს, დანილოვის, ზელენსკის განცხადებები. არესტოვიჩი, რომელიც “მეხუთე კოლონას” ხელის გულზე ჰყავდა აყვანილი პირდაპირ აცხადებდა, რომ საქართველოში გავისეირნებთო. ასეთი ადამიანების ადგილობრივ მხარდამჭერებს გოგლი-მოგლი და ნამცხვრები მივართვათ? ასე არ გამოვა, ის უნდა მიიღონ, რასაც იმსახურებენ და კანონები უნდა გამკაცრდეს არსებული ვითარების შესაბამისად”,- დაასკვნის ედიშერ გვენეტაძე. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ კანონების გამკაცრება მოსალოდნელია, რითაც “ოცნებას” მეტი ბერკეტი მიეცემა დიდი რეპრესიებისკენ”, – განაგრძობს გამოცემა.
“მიზანი უნდა იყოს ის, რომ შესაძლოა უფრო მეტად რეპრესიული კანონების შემოღებას აპირებდნენ. შეიძლება ხელისუფლების კრიტიკაც აიკრძალოს და ჩაითვალოს, როგორც პირადი შეურაცხყოფა და ამით არასამთავრობოებს და მედიებს ჯარიმა დაეკისროს, რაც შეიძლება საბაბი გახდეს კონკრეტული მასმედიის დახურვის. თან, ახლა ისინი საერთაშორისო ვითარებით სარგებლობენ, თუნდაც ტრამპის პოლიტიკით და ცდილობენ, რომ ზეწოლა განახორციელონ საზოგადოებაზე. თავიდან ადამიანების დაშინებას ცემით და თავდასხმებით ცდილობენ და რომ ვერ მიაღწიეს და ისევ გამოდიან და აპროტესტებენ, ახლა უკვე კანონმდებლობის შეცვლას ცდილობენ. უკვე შეცვალეს კიდეც, თუნდაც ჯარიმები 500 ლარიდან 5 ათას ლარამდე გაზარდეს, ზოგიერთი ჯარიმა ციხითაც შეიცვალა. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი ძნელი სათქმელია, ფაქტია სახელმწიფოს ვკარგავთ”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“უკვე აღარაა ლაპარაკი ევროინტეგრაციის გზაზე. ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები უკვე ვეღარ ფუნქციონირებენ, ვგულისხმობ პოლიციას, პროკურატურას, სასამართლო სისტემას, თავი რომ გავანებოთ იმას, რომ არალეგიტიმურია მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი. ამაზე დასავლეთის ქვეყნების რეაქცია კი მწარეა, მაგრამ მეორეს მხრივ ისინიც პრობლემის წინაშე არიან, ამერიკა უახლოვდება რუსეთს და ცილდება ევროპას, მაგრამ საქართველო მაინც იქნება დასავლეთის და პირველ რიგში ევროკავშირის ყურადღების არეალში” – განმარტავს ნიკა ჩიტაძე.
“ნაციონალური მოძრაობის” მედიის წარმომადგენლები, NGO სექტორი და მომიტინგეები ძალიან კარგ საქმეს გვიკეთებენ – ყოველდღიურ რეჟიმში პირდაპირ გვკარნახობენ, რომელი კანონი რა მიმართულებით არის დასახვეწი! ყოველდღიურად გვაჩვენებენ, როგორ უნდა მიუდგეს სახელმწიფო ანტიქართული და ანტიეროვნული მოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლას, მერე კი ამ ყველაფერს რეპრესიებს ეძახიან! – ეს განცხადება პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მდინარაძემ თქვა, რომ “არის შემთხვევები, როდესაც ისინი კანონში ე.წ. ხვრელებს ნახულობენ თუ როგორ დაასუსტონ სახელმწიფო, როგორ მოახერხონ საბოტაჟი ისე, რომ კანონის რომელიმე ნორმა მათ მიერ ჩადენილ რეალური საბოტაჟურ ქმედებას საბოტაჟს არ არქმევდეს, როგორ ასცდნენ პასუხისმგებლობას”, – დასძენს გამოცემა.
“უნდა გავიმეორო მათი სლოგანი – არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, არ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობა, არ იქნება სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესის გატარება”, – განაცხადა მდინარაძემ. ის ასევე გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების მიერ ს და სხვა პირების ფიტულების მიტანას და ამით ერთგვარი პერფორმანსის გამართვას. როგორც მან აღნიშნა, “ამაში მილიონობით თანხა იხარჯება”. “ვითომ კრეატიულობენ და სიკვდილს, კუბოს, დაკრძალვას – ამას ვერ ცდებიან, წარმოიდგინეთ და ამას ასწრებენ ბავშვებს. პირობითად, მოსახლეობაში ხომ ბევრი გაგიგიათ, სექტაა ჩვეულებრივიო და სექტანტებივით იქცევიან, მართლა. მართლა სექტანტებივით იქცევიან, ბავშვებს ასწრებენ დაკრძალვის რიტუალებს. მეტი რა უნდა გააკეთონ, მეტი რა უნდა მოუწამლონ ადამიანებს ტვინი და ამაში იხარჯება ათეულობით მილიონი დოლარი და ეს, ითვლება მათში კრეატივად. თვითონ ავრცელებენ ფოტოებს და კადრებს, სადაც ბავშვები ესწრებიან დაკრძალვის, რაღაც სექტანტურ ბომჟურ რიტუალს”, ამბობს მდინარაძე, რომლის თქმით “ამ რიტუალში აშშ-ის დროშას მანიპულაციურად იყენებენ”, – წერს სტატიის ავტორი.
როგორც იქნა, ქვეყანა მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას იწყებს – რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში
“მთავრობა მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს. კონკრეტულად რა შეიცვლება და როგორ შეეცდება ხელისუფლება გაზრდილ მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას, ჯერჯერობით უცნობია. მმართველი პარტიის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ დაახლოებით 2 თვეში ქვეყანა თავის პოლიტიკას გადახედავს მიგრაციული კუთხი მიდგომას გაამკაცრება. საქართველოში წლიდან წლამდე მატულობს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უცხოეთში სამუშაოს შოვნის, განათლების მისაღებად ან რაიმე სხვა მიზეზით გადიან, ხოლო უკან დაბრუნება თითქმის არავის სურს. ამასობაში მათ ადგილს უცხოელები იკავებენ, რაც დროთა განმავლობაში ქვეყანას დიდ პრობლემას შეუქმნის. დემოგრაფები მთავრობის მხრიდან ზომების გატარებაზე საუბრობენ, თუმცა დასძენენ იმასაც, რომ ჯერ ამისთვის მზად არ ვართ, სანამ 2024 წლის აღრიცხვის შედეგები არ გამოქვეყნდება. დემოგრაფ ანზორ სახვაძის თქმით, სასურველია სამთავრობო სტრუქტურაში შეიქმნას შესაბამისი რგოლი, რომელიც დემოგრაფიულ საკითხებზე მუდმივად იმუშავებს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორც იქნა, ქვეყანა მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას იწყებს – რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში / შესაცვლელია უცხოელთა ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული პირობები, ხოლო საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობებში უნდა გაჩნდეს ეროვნების დამადასტურებელი ჩანაწერი
“საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, ზომები გასატარებელია და კარგია, რომ მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას გეგმავს, თუმცა კანონში ცვლილებებზე საუბარი ჯერ ადრეა, სანამ 2024 წლის აღწერის შედეგი არ გამოქვეყნდება. თუკი ხელისუფლება ამის საჭიროებას დაინახავს, მერე უკვე შესაბამისი ნაბიჯიც გადაიდგმება. მოსახლეობის საყოველთა აღწერის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ ზუსტად შეიძლება განისაზღვროს, რომელი ქვეყნიდან რამდენია შემოსული, რა ასაკის ადამიანები და მათ შორის რამდენი დასაქმებულია. ამიტომ ჯერ უნდა დაველოდოთ აღწერის შედეგებს და იმის მიხედვით გამოიკვეთება, რა ზომების გატარება დასჭირდება ხელისუფლებას. ქვეყანაში ძალით არავინ შემოგვყავს, გამოთავისუფლებულ ადგილას შემოდიან უცხოელები. პირველ რიგში, უნდა ბრუნდებოდეს მკვიდრი მოსახლეობა, მაგრამ ამ მხრივ საკმაოდ რთული ვითარებაა. სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლოება ყოველწლიურად იკლებს. ეს პროცესი დაწყებულია 1992 წლის შემდეგ”, – აცხადებს გამოცწემის კორესპონდენტთან საუბრისას ანზორ სახვაძე.
“უამრავი მიზეზი აქვს იმას, რომ რატომ მცირდება ადგილობრივთა რაოდენობა. ჯერ ერთი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, საქართველოშიც ეკომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ამას დამატებული ის შინააშლილობა, რომელიც 90-იან წლებში ჩვენს ქვეყანაში არსებობდა – ომები, რამაც ნეგატიური გავლენა მოახდინა ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებაზე. ამას დაემატა ეკონომიკური გაჭირვების გამო, ემიგრაციის გააქტიურება. მოსახლეობის რაოდენობა იცვლება ორი ძირითადი ფაქტორით. ეს არის ბუნებრივი სხვაობა, რომელიც გულისხმობს დაბადებასა და გარდაცვალებათა ბალანსს და მიგრაციული სალდო, ანუ ჩამოსულებსა და წასულებს შორის სხვაობა”, – განაგრძობს დემოგრაფი.
“მიზანშეწონილად მიმაჩნია აღდგეს პირადობის მოწმობაში ჩანაწერი ეროვნების შესახებ. ჩვენ დღესდღეობით არ გაგვაჩნია მიმდინარე სტატისტიკა ეროვნების მიხედვით, რამდენი ქართველი და არაქართველი დაიბადა, რამდენი დაოჯახდა და ა.შ. თუ გვინდა გავიგოთ კონკრეტულად რამდენი მიდის ქვეყნიდან, დემოგრაფიული მონაცემები უნდა გვქონდეს ეროვნების ჭრილში. ისე გაუგებარი დარჩება ქვეყანაში არსებული ეროვნების მიხედვით მოქალაქეების შემადგენლობის განსაზღვრა. მხოლოდ ამის მიხედვით შეიძლება რეალური დემოგრაფიული სურათის შექმნა. ამის შემდეგ საჭიროა დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელიც მოიცავს მატერიალური დახმარებების სისტებასაც და სამედიცინო ასპექტებსაც წამოწევს წინა პლანზე. თანაც ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა გატარდეს, რომ ეფექტი ჰქონდეს. ამ ფონდში შეიძლება აკუმულირებული იქნას, როგორც სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები, ისე კერძო შემოწირულობები. ამ პოლიტიკას მთლიანად სახელმწიფო უნდა მართავდეს. ამასთან სასურველია იყოს სამთავრობო სტრუქტურაში შესაბამისი რგოლი, რომელიც რეგულარულად იმუშავებს მხოლოდ და მხოლოდ დემოგრაფიულ საკითხებზე”, – დაასკვნის ანზორ სახვაძე.
“ქვეყნიდან მოსახლეობა სხვადასხვა მიზეზით გადის, თუმცა ყველაზე ხშირად რთული სოციალური მდგომარეობის გამო. ამიტომ, როგორც ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი ზვიად ტომარაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან დროულად არის ზომები მისაღები. “ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა წინა ხელისუფლების დროს შემუშავდა. შემდეგ, როცა “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, სცადა გარკვეული ზომები გატარება, მაგრამ რეალურად არაფერი შეუცვლია. შესაბამისად, ლიბერალური მიგრაციული პოლიტიკა დღემდე შემორჩა. პირველ რიგში, შესაცვლელია ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული პირობები, ვინაიდან უცხოელი მუშახელი სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის სამუშაოს მაძიებელ ქართველებს და მათ ადგილს იკავებს. ეს ეხება კურიერებს, ტაქსის მძღოლებს და სხვა. თუ ხედავთ, რომ ესა თუ ის მიგრაციული პროცესი აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და პრობლემას უქმნის მოქალაქეებს, ხელისუფლებამაც შესაბამისად უნდა იმოქმედოს”, თვლის ტომარაძე, რომლის თქმით, “არ იცის, რა იგულისხმება მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებაში და რა ზომები გატარდება, მაგრამ ნაბიჯები აუცილეად გადასადგმელია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ნამდვილად რთული დემოგრაფიული მდგომარეობაა ქვეყანაში, მთელი ევროპა განიცდის დღეს დემოგრაფიულ პრობლემებს და მათ შორის ჩვენს. ათიათასობით ადგილობირივ გადის საქართველოდან და მათ ადგილს უცხო ქვეყნების მოქალაქეები იკავებენ. პრობლემას დროულად თუ არ მიხედავენ, ჩვენ დიდ გასაჭირში აღმოვჩნდებით. რეგიონში ყველაზე მძიმე მდგომარეობა საქართველოშია, თუკი მეზობელი ქვეყნების მოსახლეობა მატულობს, აქ საპირისპირო დინამიკაა, რა მხრივაც ემიგრაცია უარყოფით როლს ასრულებს. მოსახლეობა ინტენსიურად მიდის უცოეთში, რაც ადგილზე მუშახელის დიდ პრობლემას ქმნის. წარმოება, ეკონომიკის რეალური სექტორი ვერ ვითარდება. აქ ბევრი მიზეზია, მარტო სოციალურ-ეკონომიკური საკითხები არ არის. განათლების მიღების მიზნითაც ბევრ გადის, მაგრამ, სამწუხაროდ, უკან დაბრუნების სურვილი იშვიათად უჩნდებათ. რეგიონები ცარიელდება, განსაკუთრებით მთიანი ტერიტორიები, რასაც რეალურად ვეღარაფერს შველი”, – დასძენს ზვიად ტომარაძე.
“ჯერ საყოველთაო აღწერის შედეგები ცნობილი არ არის, ამიტომ ზუსტი მონაცემები უცნობია. 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით კი, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია. “საქსტატის” ცნობით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას, ანუ 15-64 წლის ასაკობრივ ჯგუფს წარმოადგენენ. 2023 წელს იმიგრანტები 44.6 პროცენტი, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ”, – წერს სტატიის ავტორი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – არასამთავრობოები და ოპოზიცია გვეუბნებოდნენ, ბომბების ცეცხლი გვირჩევნია, სირცხვილით წვას, რომ რუსეთთან ესკალაციას არ ვახდენთო – რა ტიპის ქვეყანა ვიქნებოდით, ვისი ტანკი იდგებოდა, ვისი ტყვია გაისვრიდა, აღარავის ეცოდინებოდა