რას “ნიშნავს ურთიერთობის გაჯანსაღება” – რა ნაბიჯებს გულისხმობს საქართველოს ხელისუფლება
რა სთხოვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპას და როგორ აფასებენ მის გამოსვლას ევროპარლამენტში
ტრამპის და ზელენსკის განსახვავებული პოზიციები – რამდენ ხანს გაგრძელდება ომი
* * *
რას “ნიშნავს ურთიერთობის გაჯანსაღება” – რა ნაბიჯებს გულისხმობს საქართველოს ხელისუფლება
“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ დასავლეთთან “ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის” მზადა, თუმცა “მთავარია ეს ორმხრივი იყოს”. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ აღნიშნული განცხადებები ნიშნავს, რომ “ოცნება” ერთის მხრივ აშშ-ში ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ელოდება, მეორეს მხრივ კი მოსალოდნელი სანქციების თავიდან არიდებას ცდილობს. “ვარაუდობენ, რომ როცა აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაცია შეიცვლება ტენდენციურობაც აღარ იქნება მათ შორის ევროპაშიც, ანუ გაჯანსაღება შეიძლება 20 იანვრიდან დაიწყოს და ამიტომაა ლაპარაკი ორმხრივზე, რომ იმათ მხრიდანაა გაჯანსაღების მოლოდინი, თორე ჩვენ ჯანსაღად ვართ”, – განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ. “ამ განცხადებებით ჩანს, რომ ისინი დასავლეთის გადაწყვეტილებებით ძალიან შეშფოთებულები არიან, თუმცა არ აღიარებენ და იძახიან, რომ სანქციები არ გვაღელვებსო. სწორედაც რომ აღელვებთ”, – თქვა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას “ნიშნავს ურთიერთობის გაჯანსაღება” – რა ნაბიჯებს გულისხმობს საქართველოს ხელისუფლება.
“სასიამოვნო არაა ის ურთიერთობები, რაც ახლა დასავლეთთან და აშშ-სთან არის – არაერთხელ განგვიმარტავს, რომ მზად ვართ, ურთიერთობები გავაჯანსაღოთ, მთავარია ეს ორმხრივი იყოს”,- აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მისი თქმით, “შანტაჟი, მუდმივი მუქარა, შეურაცხყოფების მიყენება, მეორე ფრონტის მოთხოვნა, სანქციებზე მიერთება – ეს ის თემებია, რაც პირდაპირ დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, არ გავაკეთებთ ისეთ რამეს, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ შეიძლება ამით სხვა ქვეყნებმა ისარგებლონ და სათავისოდ გამოიყენონ. არ გვინდა, ვინმეს მივცეთ საშუალება, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. ჩვენ მხოლოდ მეგობრობა, პარტნიორობა და ურთიერთობების გაღრმავება გვინდა… ჩვენ მზად ვართ, ეს ურთიერთობები გავაჯანსაღოთ, გადაიტვირთოს არსებული ურთიერთობები. ეს არავისთვის არაა მისასალმებელი. მზად ვართ ჯანსაღი ურთიერთობებისთვის, მთავარია ეს ორმხრივი იყოს”,- განაცხადა კალაძემ. როგორც ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, ხელისუფლების განცხადებები ურთიერთობების გაჯანსაღებაზე ნიშნავს, რომ “ოცნება” შეშფოთებულია სანქციებით, თუმცა ამას ღიად არ ამბობენ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ოცნება” შეშფოთა იმ ამბავმა, რომ ევროკავშირი სავიზო რეჟიმს აამოქმედებს, კალაძე კი იძახის, რომ ჩვეულებრივი პასპორტით წავალ, მივალ საკონსულოში და რა პრობლემააო, მაგრამ დიდი პრობლემა ისაა, რომ საკონსულოში რომ შეეკითხებიან რისთვის ჩამოართვეს დიპ პასპორტი, ან მისცემენ ვიზას და ან არა. ამ განცხადებებით ჩანს, რომ ისინი დასავლეთის გადაწყვეტილებებით ძალიან შეშფოთებულები არიან, თუმცა არ აღიარებენ და იძახიან, რომ სანქციები არ გვაღელვებსო. სწორედაც რომ აღელვებთ. მათ გამონათქვამებს არ უნდა ვენდოთ, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ თითქოს მათ იტალიამ და რუმინეთმა დაუჭირეს მხარი და კალაძის თქმით, აქციებზე ადამიანები სხვადასხვა ტანსაცმელს იცვლიან. კალაძე რაღაც მინიშნებებს აკეთებს, რომ რაღაც დათმობაზე წამოვალთო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა მათი რესურსები იფიტება, ჯერ ეს იმ პირობებში, როცა დამატებითი ამერიკული სანქციებია დაანონსებული. “ოცნება” ცდილობს გარიგება შესთავაზოს, რომ კი ბატონო პროდასავლურ კურსს გავყვებით, ოღონდ გვაღიარეთ, როგორც ხელისუფლებაო და სანქციები არ დაგვადოთო. ახლა ზეწოლა თუ გაძლიერდა შეიძლება ის კანონებიც კი გაიტანონ, ოღონდ ხელისუფლებაში დარჩნენ. “ოცნებისთვის” მთავარი ხელისუფლებაში დარჩენაა, ამისთვის შეუძლიათ დათმობაზე წავიდნენ. რუსული კანონი არჩევნებისთვის უნდოდათ და ახლა მაინცდამაინც არ სჭირდებათ და არაა გამორიცხული სავაჭროდაც ჰქონოდათ შემოღებული”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ოცნების” მხრიდან 20 იანვრის მოლოდინი ეს დაახლოებით “წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა”-ს ვარიანტია. ახლა უკვე იციან, რომ ტრამპის ადმინისტრაციაც მათ სასარგებლოდ არ იმოქმედებს. მანამდე იმედი ჰქონდათ, რომ ტრამპი უფრო ლოიალური იქნებოდა “ოცნებისა” და რუსეთის მიმართ. ახლა ყველანაირად დროს წელავენ და ფიქრობენ, რომ ახალი წლის დღესასწაულებზე ხალხი დაიშლება და ამ დროს 20 იანვარიც მოახლოვდება, მაგრამ ვხედავთ, რომ პროტესტი უფრო ძლიერდება|”, – ამბობს ჩიტაძე. რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ გაჯანსაღება 20 იანვრიოდან დაიწყება, მაშინ როცა ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტობას ოფიციალურად შეუდგება. ანალიტიკოსს მოლოდინი აქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს გააუქმებს”, – განაგრძობს გამოცემა.
” ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოზე შეტევა ძალიან ჯიუტად დაიწყო, ამერიკას ევროპა აჰყვა და ახლა ყოველ დღე და დღეში რამოდენიმეჯერ გვიტევენ და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ჩვენს კრიტიკაში არიან. ყოველგვარი არგუმენტის გარეშე იძახიან იმას, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ, როდესაც ეუთო/ოდირი ასე არ თვლის. იძახიან იმას, რომ გეზი რუსეთისკენ გვაქვს აღებული, რისი არგუმენტიც არაა, მით უმეტეს ჩვენს სიტუაციას მსოფლიოს სხვა ქვეყებში არსებულ მდგომარეობას თუ შევადარებთ, რომლებსაც რუსეთთან ინტენსიური ვაჭრობა აქვთ, ჩვენ კი დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს. ამ ფონზე, ეს დაუმსახურებელი განცხადებები აშკარად ტენდენციურობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ ტენდენციის მიზეზები შეიძლება გამოიძებნოს, მაგრამ ასეთი ტენდენციურობა რადგან ბაიდენის ადმინისტრაციასთანაა დაკავშირებული, ვარაუდობენ, რომ როცა ეს ადმინისტრაცია შეიცვლება ტენდენციურობაც აღარ იქნება აშშ-შიც და შესაბამისად ევროპაშიც, ანუ გაჯანსაღება, რასაც კალაძე გულისხმობს, შეიძლება 20 იანვრიდან დაიწყოს” – მტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე – “დასავლეთის მხრიდან რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს “ოცნებას”? – პასუხობს:
“მთელი ეს ნაბიჯები, რაც ბოლო ხანებში გადაიდგა საქართველოს მიმართ კრიტიკული, უარყოფითი, ამ ნაბიჯებზე თქვან უარი და ამ მხრივ ურთიერთობა გაჯანსაღდეს და ის პოზიტიური დაინახონ, რაც საქართველოშია გაკეთებული. პირველ რიგში ალბათ არჩევნები უნდა აღიარონ. არჩევნები აღიარონ, ეს არაა მარტივი საკითხი, ეს ნიშნავს იმასაც, რომ აღიარონ ქართველი ხალხის უფლება აირჩიონ თავისი ხელისუფლება. ეს ძალიან ბევრ საკითხს წითელ ხაზად გასდევს, მათ შორის ამ დღეებში ევროპულ სტრუქტურებშიც გაიჟღერა ფრაგმენტულად მაგრამ მაინც, რომ პატივი ვცეთ ქართველი ხალხის არჩევანსო და მერე დავიწყოთ სხვა რამეზე ლაპარაკიო, ეს შინაარსი იგულისხმება, რომ აღიარება იყოს არა მხოლოდ ფორმალური, არამედ ის, რომ ხალხის არჩევანს პატივის სცენ”.
რა სთხოვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპას და როგორ აფასებენ მის გამოსვლას ევროპარლამენტში
“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში ვრცელ გამოსვლას პოლიტიკური მყისიერი შეფასებები მოყვა ბრიუსელსა და თილისში. “ქართულ ოცნებას” მიაჩნია, რომ პრეზიდენტის განცხადებების “გულწრფელობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა”. ოპოზიცია კი გამოსვლას დადებითად აფასებს და მიაჩნია, რომ პრეზიდენტის გზავნილები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებამდე მიაღწევს. ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროტესტზე, 26 ოქტომბრისა და ახალ არჩევნებზე, საგარეო მხარდაჭერის მნიშვნელობასა და რუსულ გავლენებზე. პრეზიდენტის გამოსვლას ტაშით შეხვდნენ ევროპარლამენტარები, სიტყვის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს ფეხზე წამოუდგნენ, ევროპარლამენტარების ნაწილს ხელში საქართველოს დროშები ეჭირა. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, “სალომე ზურაბიშვილის გამოსვლამ არა მხოლოდ ის ხალხი გააძლიერა, რომელიც ისედაც საქართველოს მხარეს იდგა, არამედ ინფორმაცია მიაწოდა იმ ხალხს, ვინც რაღაცეებს ეჭვით უყურებს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა სთხოვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპას და როგორ აფასებენ მის გამოსვლას ევროპარლამენტში.
“ზურაბიშვილის თქმით, ახლა გადაწყვეტი დროა საქართველოსთვის. “მადლობა, რომ საქართველოსთვის ასეთ გადამწყვეტ დროს მომეცით უფლება, აქ ვყოფილიყავი და მესაუბრა იმის შესახებ, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება. მინდა, ასევე მადლობა ვუთხრა ევროპარლამენტის დელეგაციას, რომლის წევრებიც რამდენიმე დღის წინ იყვნენ საქართველოში. მათი საქართველოში ყოფნა ამ ეტაპზე ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ეს გადამწყვეტი დროა, რადგან ზოგიერთ მომენტში ჩვენ ვგრძნობთ თავს 1921 წელში. ეს სცენები მეორდება და სავარაუდოდ სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და შემართება, რომლითაც რეაგირებს დღეს ქართველი ხალხი, რასაც ისინი აღიქვამენ თავისუფლების, მომავლის და რაღაც კუთხით დამოუკიდებლობის უფლების ჩამორთმევად”, – განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოში პროტესტი ჯერ კიდევ არჩევნების შემდეგ დაიწყო. “ეს საპროტესტო მოძრაობა არის ძალიან მშვიდობიანი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და მისი მონაწილეები მხოლოდ ორ რამეს ითხოვენ, დამიბრუნეთ ხმა, რადგან არჩევნები მოიპარეს. დამიბრუნეთ ჩემი ევროპული მომავალი და ეს არის ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნა”, – თქვა პრეზიდენტმა, რომლის აზრით “ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა თავისი არსით, რადგან არ არის მოთხოვნა, რომ ვინმე უნდა გადააგდონ ან რომელიმე ძალა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ეს ეხება არჩევნებთან დაბრუნებას თავისუფალ და სამართლიან გარემოში. მოდით, ვნახოთ, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება დღეს, რომლის ჩვენებას დღეს ქუჩებში ცდილობენ, მაგრამ, მოდი ვნახოთ დემოკრატიული გზით არჩევნებზე. არ არის ორი მხარე საქართველოში. არის მცდელობა იმაში დარწმუნების, რომ ჩვენ შესაძლოა, მივდივართ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. არ არის ორი მხარე. ერთ მხარეს არის საქართველოს მოსახლეობა და მეორე მხრივ არის ერთი პარტიის რეპრესიული აპარატი. ამის სადემონსტრაციოდ, მმართველ პარტიას აქვს გარკვეული რუსული გზა. ამ დროს ჯერ კიდევ აქვს პრეტენზია, რომ როგორმე დაუბრუნდება ევროპას და რატომ, იმიტომ რომ ხალხს სურს ეს ევროპული გზა, 80-90 პროცენტს სურს ეს და ამას აჩვენებს ყველა გამოკითხვა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ასე რომ, “ქართული ოცნების” ლიდერებს თუ სურთ, ჰქონდეთ “ოცნების” გარკვეული ნაწილი, უნდა შეინარჩუნონ ეს იმედი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში ყველა ინსტიტუტი გადავიდა ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ”, – განაგრძობს გამოცემა.
“2024 წელს იყო მეორე რუსული კანონი და რუსული რიტორიკა ახალ სიმაღლეებზე ადის საქართველოს ერთპიროვნული მმართველის, ბატონი ივანიშვილის სიტყვით გამოსვლით, რომელიც საუბრობს გლობალური ომის პარტიაზე, ადანაშაულებს ჩვენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებს, რომ ისინი არიან თითქმის ყველაფერზე პასუხისმგებლები. ეტაპობრივად, ამ რუსული თუ ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, ლგბტ თემაზე ბრალდებებით, რომ ევროპა და ამერიკა წაგვართმევენ ჩვენს იდენტობას, ეროვნულ ღირებულებებს, რაც ბევრ თქვენგანს მოგისმენიათ სხვა ქვეყანაში, რომელიც საქართველოდან ჩრდილოეთით მდებარეობს, რუსული სახელმწიფოს შენება მიმდინარეობს ეტაპობრივად, თუმცა მტკიცედ. ყველა ინსტიტუტი გადავიდა ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ. პარლამენტი, მთავრობა, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებისთვის ახალი როლით, ეროვნული ბანკი, ანტიკორუფციული ბიურო, რეფორმირებული საპენსიო ფონდიც კი, მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც სრულად და მთლიანად კონტროლის ქვეშ არის ქვედა ინსტანციიდან საკონსტიტუციო სასამართლომდე”, – თქვა ზურაბიშვილმა”, – დასძენს გამოცემა.
“პრეზიდენტის თქმით, “მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიაში წააგო, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში დამკვიდრება, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? მას შემდეგ, რაც რუსეთმა წააგო მოლდოვაში, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს?” ზურაბიშვილის აზრით, არჩევნებზე ორი ძირითადი პრინციპი დაირღვა – უნივერსალურობა და კონფიდენციალურობა და “ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება, რადგან ეს ამ სიტუაციიდან ერთადერთი, დემოკრატიული, პოლიტიკური გამოსავალია. ევროპას გამოწვევისთვის ბოლომდე არ უპასუხია, ბევრად მეტი შეიძლება და ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს – როცა ქართველები დღე და ღამე იბრძვიან, ევროპა ნელ-ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს”,- ამბობს ზურაბიშვილი. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ზურაბიშვილის გამოსვლა პრეზოდენტობის ვადის მიწურულს აუცილებელი იყო, რომ რათა ქართველი ხალხის ნება დაეფიქსირებინა და ევროპელი სკეპტიკოსებისთვის კიდევ ერთხელ მიეწვდინა გზავნილი არსებულ რეალობაზე”, – წერს სტატიის ავტორი.
“ვინაიდან ზურაბიშვილს მალე პრეზიდენტობოს ვადა ამოეწურება და უკვე საკამათო ვითარებაში გადავა, სადაც საზოგადოების ნაწილი მას პრეზიდენტად არ ცნობს და ნაწილი ცნობს, ამ ფონზე, ეს იყო ბოლო აუცილებელი ჩასვლა ევროპაში, რათა ქართველი ხალხის ნება კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ ევროპამ ტრიბუნა დაუთმო, მიეცა საშუალება, რომ სათქმლი კიდევ ერთხელ ეთქვა. ის ამის მერე კიდევ ჩავა, რადგან ევროპა და ამერიკა ოპოზიციაში მყოფ წარმატებულ, ქარიზმატულ და ავტორიტეტულ ადამიანებს აღიარებენ ხოლმე, როგორც ლიდერებს და მათთან თანამშრომლობენ. დარწმუნებული ვარ, ზურაბიშვილი დასავლეთთან თანამშრომლობას განაგრძობს. ეს ერთ-ერთი ნაბიჯია, როცა მას უფლება აქვს სახელმწიფოს სახელით ჯერ კიდევ ილაპარაკოს, თუმცა, მერე უკვე ხალხის სახელით ლაპარაკი მოუწევს. რაც გააჟღერა ეს არის ის, რაც ევროპამ უნდა იცოდეს. ევროპას მეტი არგუმენტი სჭირდება თავის სახელმწიფოების მიმართ, სადაც ჯერ კიდევ ეჭვები აქვთ, ეს უნგრეთი იქნება თუ სლოვაკეთი”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“აქ მხოლოდ ფიცო და ორბანი ხომ არ არიან? იქ სხვა პოლიტიკოსებიც არიან, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, ეს სკეპტიკურად განწყობილი სახელმწიფოებისა და პოლიტიკოსების გასაგონადაა, თორემ ვინც საქართველოს მომხრეები არიან, მათ კარგად იციან აქ რაც ხდება და რომ სიმართლე “ქართული ოცნების” მხარეს არაა. “ოცნებას” რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს, ეს იცის ყველამ, ვინც საქართველოსთან თანამშრომლობს და იცნობს. რუსული პროპაგანდა მუდმივად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველოში ვიღაც ექსტრემისტები და რადიკალები არიან და ამას არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან, ამიტომ ზურაბიშვილის გამოსვლა საჭიროა, რათა ამ სკეპტიკურად განწყობილმა სახელმწიფოებმა დამატებითი არგუმენტები მიიღონ, რომ საქართველოში ისე არაა საქმე, როგორც რუსული პროპაგანდა წარმოაჩენს. ამას ყაველაშვილი ვეღარ გააკეთებს, მას არც საუბარი შეუძლია და ამიტომ არ აირჩიეს, რომ სადმე იაროს და განცხადებები აკეთოს, ამით პრეზიდენტობის ინსტიტუტს მოკლავენ, მაგრამ მადლობა ღმერთს გვყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ცარიელ ადგილს შეავსებს, როგორც უკვე დამსახურებული ლიდერი და უკვე მერე სახალხო პრეზიდენტი”, – თვლის ზაქარეიშვილი და შეკითხვაზე – “რა არის მოსალოდნელი ევროკავშირისგან ზურაბიშვილის ამ გამოსვლის მერე?”, – პასუხობს:
“რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი დააწესეს, რუსეთის ბოროტება მსოფლიოში სულ სხვა დონეზეა, ვიდრე “ოცნების” ბოროტება, თუმცა, არა მგონია, რომ დიპლომატიური პასპორტების წინააღმდეგ სანქციები ერთადერთი იყოს და ეს მხოლოდ დაწყება და შეტყობინებაა, რომ გემუქრებათ სანქციები, მერე გაღრმავდება და გაღრმავდება. დააკვირდებიან როგორ მუშაობს სანქციები, სად მუშაობს, სად არა. წამალივითაა, ექიმი რომ აკვირდება – თუ სუსტად მუშაობს, დოზას გაიზრდის. ახლა დააკვირდეიან შეიგნო თუ არა “ოცნებამ” თუ რასთან აქვს საქმე, ამის მიხედვით დოზაც გაეზრება. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლამ არა მხოლოდ ის ხალხი გააძლიერა, რომელიც ისედაც საქართველოს მხარეს იდგა, არამედ ინფორმაცია მიაწოდა იმ ხალხს, ვინც რაღაცეებს ეჭვით უყურებს, რომ მათ გამოაცალოს არგუმენტები თუ რატომ უჭერენ მხარს რუსეთის გავლენებს საქართველოში, როცა პოლიტიკოსი რაღაცას აკეთებს, მას არგუმენტი სჭირდება, ამ არგუმენტების გამოცლაზე მუშაობს ზურაბიშვილი”.
ანალიტიკოსი ედიერ გვემეტაძე კი აცხადებს, რომ ზურაბიშვილის გამოსვლა გავლენას ვერ მოახდენს ვერც შიდა და ვერც გარე ფატქორებზე. “ეს იყო პოლიტიკურად გადამღვრძალი გედის სიმღერა, მას დარჩა ჩვენთან პოლიტიკაში ყოფნის ორი პარასკევი და ერთი დღე. რისი მერეც წკაპუნები ჩაიცვას და ჩაწკაპუნდეს პარიზში და აქეთ აღარასოდეს გამიუხედოს, ვინაიდან მას აქ ჩამოსასვლელი პირი აღარ აქვს. სალომე ზურაბიშვილმა იმ ევროდემოკრატიას მოუწოდა, რომელიც მასზე მეტად უარეს დღეშია. გასაკეთებელი და სამამაძაღლო გაგვიკეთა და მეტს არაფერს ველოდები”, – განაცხადა მან. კითხვაზე, თუ რა შეიძლება ეგულისხმა ზურაბიშვილს განცხადებაში, სადაც ამბობს, რომ “კონკრეტული ჯგუფები” ჰპირდებიან “ძალიან ცუდ რამეს არჩევნების შემდეგ”. გვენეტაძემ თქვა: “ვის რაში სჭირდება? თვითონ მას უნდა, რომ მის წინააღმდეგ მართლაც რაიმე მოხდეს, რაც მისთვის ბაირამობა იქნება – დაიჭირონ, ან ვინმემ რაღაცა უთხრას, მაგრამ ვის რაში სჭირდება სალომე ზურაბიშვილი? რა უნდა ელოდებოდეს, ან საერთოდ რა პოლიტიკური წონა აქვს? თუ მას ვინმე რამეს გაუკეთებს, ეს ჩემი აზრით იქნება მისივე დაკვეთით მიცემული, ან იმავე გვარამიებისა და მელიების მიერ გაკეთებული, რომ რაღაცნაირად სიტუაცია ვითომ შეაცბუნონ საქართველოში, სალომეს ყოფნით, ან არ ყოფნით რა უნდა მოემატოს ქვეყანას, ან მოაკლდეს მითხარით?!”- განაცხადა გვენეტაძემ”, – წერს სტატიის ავტორი.
“საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის შეფასებები უაღრესად მნიშვნელოვანია. “დადებითად ვაფასებ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თქვა. დარწმუნებული ვარ, მისი ხმა გაგებული იქნება წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. რა თქმა უნდა, შეშფოთებების დრო აღარ არის. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 21 დღეა იცავენ ევროპულ ფასეულობებს, რეალური მხარდაჭერა სჭირდებათ და არა შეშფოთებები. მათ არ სჭირდებათ მხოლოდ დიპლომატიური ვიზის გაუქმება, მათ სჭირდებათ კონკრეტული, ინდივიდუალური სანქციები, ადამიანებზე, ვინც დღეს ანგრევენ ევროპულ პერსპექტივას, არჩევნებს, ძალადობენ მოქალაქეებზე, უკანონოდ ჰყავთ დაპატიმრებული 500-ზე მეტი ადამიანი. აქ შეშფოთებების დრო არ არის, ქმედითი მხარდაჭერა გვჭირდება ყოველდღიურად, რათა თავი დავიცვათ, გადავარჩინოთ ევროპული ფასეულობები, ეს მათ ინტერესებშიც უნდა იყოს”,- აღნიშნა გახარიამ. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ კი განაცხადა, რომ როდესაც პრეზიდენტად იწოდები, ნებისმიერი ტრიბუნიდან ხალხზე, შენი ქვეყნის ინტერესებზე უნდა ილაპარაკო და არ უნდა ხელმძღვანელობდე გვარამიას, მელიას თუ ხაბეიშვილის ინტერესებით, მისი თქმით, გაყალბებული არჩევნების თემა არის “აბსოლუტურად უსაფუძვლო, სიცრუე, რომელსაც შეიძლება, ამავე დროს, თაღლითობა დავარქვათ”… – დასძენს სტატიის ავტორი.
ტრამპის და ზელენსკის განსახვავებული პოზიციები – რამდენ ხანს გაგრძელდება ომი
“ამერიკის მომავალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ ის უკრაინაში მალე ომს დაასრულებს. მისგან განსხვავებული პოზიცია აქვს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ამბობს, რომ ისინი უბრალოდ დანებებას და ომის არასასურველი ფორმით დასრულებას არ აპირებენ. ზელენსკის თქმით, ტრამპს ჯერ არ აქვს წვდომა ყველა საჭირო ინფორმაციაზე, რადგან ის ჯერ არ იმყოფება თეთრ სახლში. საუბარია დაზვერვის მონაცემებზე, თავდაცვის სამინისტროზე, გარკვეულ დიპლომატიურ არხებზე და ა.შ. “ტრამპმა იცის ჩემი სურვილი, რომ არსად არ ვიჩქარო უკრაინის საზიანოდ. ქვეყანა დიდი ხანია იბრძვის სუვერენიტეტისთვის. რამდენ პრეზიდენტს თუ პრემიერსაც არ უნდა სურდეს ომის დასრულება, ჩვენ არ ვაპირებთ უბრალოდ დავნებდეთ და უარი ვთქვათ დამოუკიდებლობაზე, საშიშროება იქნება, ვთქვათ: გავყინავთ ომს და შევთანხმდებით რუსებთან”, – განაცხადა ზელენსკიმ ტრამპთან პარიზში გამართული მოლაპარაკებების კომენტარებისას”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ტრამპის და ზელენსკის განსახვავებული პოზიციები – რამდენ ხანს გაგრძელდება ომი.
“როდესაც ის იქნება, ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ ერთ ენაზე, ინფორმაციის ერთნაირი დონით”, – განაგრძო უკრაინის პრეზიდენტმა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოსს ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ ომი ერთგვარ გაჭიანურების ფაზაშია გადასული და თუ ასე გაგრძელდება, შესაძლოა კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდეს. მისივე თქმით, რთული სათქმელია ეყოფა, თუ არა ტრამპს რესურსები ომის შესაჩერებლად. “თუ სიტუაცია ასე წავიდა, შეიძლება ომი კიდევ 2 წელი გაგრძელდეს. ფაქტობრივად, ომი შევიდა გაჭიანურების ფაზაში. თუ რამე ისეთი არ მოხდა, რაც კარდინალურად შეცვლის ერთის ან მეორის სასარგებლოდ, ეს ომი გაჭიანურების ფორმით გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ეს ვარიანტი გასათვალისწინებელია. რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპი ამ ომის შეჩერებას რთული სათქმელია. კი, დიდი სახელმწიფოა, მაგრამ მთლად ისე არაა, რომ ორი სახელმწიფოს ინტერესი შეაჯეროს. უკრაინა და რუსეთი არაა პატარა ქვეყნები. თან ისიც მნიშვნელოვანია, რამდენად ეყოფა ტრამპს რესურსები, რომ ზეწოლა მოახდინოს”, – ამბობს მაისაია, რომლის ამერიკას აქვს იმის რესურსები, რომ დავუშვათ, უკრაინას დაეხმაროს, ამით გაათანაბროს ძალები და ბალანსის სისტემის მიხედვით, უკრაინას მისცემს საშუალებას მოწინააღმდეგე დააბალანსოს” – აღნიშნავს გამოცემა.
“თუ ტრამპმა ეს მომენტი დააყენა მუხრუჭების დონეზე, რუსეთი შეიძლება იყოს ერთგვარი ბიფურკაციის წერტილი, რომლის მეშვეობითაც, შესაძლოა სტრატეგიული უპირატესობა რუსების მხარეს გადავიდეს. ამის საშიშროება არსებობს”, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ. ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით კი, ტრამპის ინაუგურაციამდე გაკეთებული ნებისმიერი განცხადება დროებითია, რადგან მისივე თქმით, 20 იანვრის შემდეგ უკარინას დათმობაზე წასვლა მოუწევს. “ზელენსკის ბოლო განცხადებები აშკარად ურთიერთგამომრიცხავია და ეს მკაფიოდ ჩანს მედიაში. ჯერ იყო და, ის და მისი გუნდი ამბობდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ომი, ამისთვის მან რამდენიმე დღის წინ მიავლინა წარმოამდგენლები ვაშინგტონში ტრამპის მრჩევლებთან მოლაპრაკების გასამართად. ახლა ამას ამბობს. ასევე, ისიც თქვა, რომ თურმე ტრამპს არ ჰქონია სრული წვდომა ომის მიმდინარეობაზე და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებსო”, – აცხადებს გია აბაშიძე, რომლის აზრით, “ეს ყველაფერი უკავშირდება იმ საჯარო განხადებებს, რომელიც როგორც ამერიკიდან მოდის, ისევე ევროპიდან, რომ ცეცხლის შეწყვეტის და მშვიდობის სანაცვლოდ უკრაინას მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა”, – დასძენს გამოცემა.
“ეს იქნება ტერიტორიების დათმობა ოკუპანტი რუსეთისთვის და სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადება. თუმცაღა, ისიც უნდა ითქვას, რომ ზელენსკი შეურაცხყოფილი იქნებოდა იმ განცხადებით, რაც ტრამპმა თქვა 2 დღის წინ მის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიწვეული არაა. რა თქმა უნდა, ეს ნებისმიერი ლიდერისთის შეურაცხმყოფელი იქნება. თუმცა ამ პირად წყენებს და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს რომ შევეშვათ, რეალობა ასეთია: როცა ტრამპი ოფიციალურად პრეზიდენტი გახდება, ექნება სხვადასხვა ძლიერი ბერკეტები, რომ უკრაინა აიძულოს დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, სულ სხვანაირი პოლიტიკური გარემო იქნება ოფიციალურ კიევში. ამიტომ ეს ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები დროებითია. არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო 20 იანვრის მოლოდინშია, რადგან დიდი ტექტონიკური ძვრები მოხდება გლობალურ პოლიტიკაში. ეს შეეხება პატარა საქართველოს და ამერიკისთვის მცირე სამხრეთ კავკასიას, სირიაში კონფლიქტს, რუმინეთში არჩევნების თემას, ჩინეთის ეკონომიკურად შეკავებას და ა.შ. სია ძალიან ვრცელია. 20 იანვრამდე რა განცხადებები გაკეთდება სხვადასხვა მხრიდან ტრამპის წინააღმდეგ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”, – დაასკვნის გია აბაშიძე.