ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024

პრობლემური გარიგება – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების დამაბრკოლებელი მთავარი მიზეზები
-საქართველოს ურთიერთობები კრიტიკულ ზღვარზეა – რით დაბრუნდება პრემიერი ამერიკიდან
ჩაიშალა თუ არა რუსების კონტრშეტევა კურსკში – ბოლო ცნობები ფრონტიდან
* * *
პრობლემური გარიგება – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების დამაბრკოლებელი მთავარი მიზეზები
“გაერთიანებასთან დაკავშირებით კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძისა და პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიას მოლაპარაკების მეორე რაუნდი 18 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გვიან ღამემდე გაგრძელდა. მხარეები პირდაპირ არ ასახელებენ, თუ რა უშლის ხელს გაერთიანებას. ანალიტიკოსების შეფასებით კი, სავარაუდოდ, ეს არის ახალ გაერთიანებაში გახარიას სტატუსი და ასევე ერთიანი საარჩევნო სიის შედგენის ფორმულა. ამ ყველაფერზე ბოლო ორ დღეში მხარეების მიერ გაკეთებული რამდენიმე განცხადება მიანიშნებს. “ლელოს” გარშემო შეკრული კოალიცია 4 პოლიტიკური სუბიექტისგან შედგება და ისინი გახარიას სთავაზობენ ამ გაერთიანებაში მე-5 თანასწორი სუბიექტის სტატუსით შესვლას. ხოლო გახარია კი, როგორც ჩანს, ამ შესაძლო გაერთიანებას უყურებს, როგორც ორი თანასწორი პოლიტიკური ძალის – მისი პარტიის “საქართველოსთვის” და “ლელოს” კოალიცია “ძლიერი საქართველო”. ანალიტიკოსების აზრით, ეს განსხვავება მიდგომებში პირველ რიგში ერთიან საარჩევნო სიაში ადგილების განაწილებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაზეც მითითებს, რაც, სავარაუდოდ, ამ გაერთიანებისათვის მთავარი დაბრკოლებაა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პრობლემური გარიგება – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების დამაბრკოლებელი მთავარი მიზეზები.
“დრო კი აღარ ითმენს, რადგან არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს ცესკოში საარჩევნო სიების წარდგენის ვადა მომავალ კვირაში ეწურებათ. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ გახარია-ხაზარაძის ალიანსი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში დიდ როლს შეასრულებს როგორც არჩევნებამდე, ისე მის შემდეგ, მეორე ნაწილი კი ამ გაერთიანებაში ასეთ პერსპექტივას ვერ ხედავს. გახარია-ხაზარაძის მორიგი არაფორმალური შეხვედრა 18 სექტემბერს თბილისის ერთ-ერთ კაფეში შედგა, რის შემდეგაც ლიდერებმა კომენტარები გააკეთეს. “ბატონ გიორგის შევთავაზეთ, ამ გაერთიანებაში, კოალიციაში შემოსულიყო თანაბარ სრულუფლებიან პარტნიორად…, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს. კონსულტაცია არ დასრულებულა, საუბარი გრძელდება. მინდა მას კონსტრუქციული მიდგომისთვის მადლობა გადავუხადო”, თქვა მ. თავად გახარია კი მიანიშნებს, რომ პრობლემა არა მასში, არამედ “ლელოს” გარშემო შემოკრებილ გუნდშია. შეხვედრის შემდეგ, “ლელოსთან” ალიანსში მყოფი “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა კომენტარი, რომ კიდევ დარჩა გაერთიანების შანსი”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ გაერთიანებისათვის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი საარჩევნო სია იქნება. “როცა ორი პარტია ერთიანდება, ისინი სიაში ადგილებს ინაწილებენ, გახარია თუ ამ შემადგენლობაში შევიდა, ის შევა როგორც ელისაშვილი თუ როგორც გახარია? ხაზარაძემ თავისთან მეტისმეტად ბევრი ლიდერი დააგროვა მიკროპარტიებით და ყველა მათგანს ექნება თავისი ადგილის პრეტენზია. რამდენ ადგილს აიღებს განა საიმისოდ, რომ ამდენი ადამიანი დააკმაყოფილოს? თუ შიდა კვლევაც არაა ჩატარებული და ისე ერთიანდებიან, მაშინ საქმე არაპროფესიონალიზმთან გვაქვს. ჯერ პრეზიდენტს კვლევებით უნდა გაერკვია ასეთი გაერთიანება რეალურია თუ არა და მერე შეეთავაზებინა. ამათ არცერთს არ მოუთხოვიათ – გინდა თუ არა გავერთიანდეთო. თუ უცნობია რა შედეგს მოიტანს ეს, რატომ ერთიანდები? ხომ შეიძლება გახარიას მომხრეებმა ხაზარაძის დანახვაზე არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას და პირიქით? ისინი დაპირისპირებული ფიგურები იყვნენ და მემგონი ახლაც არიან”, – მიიჩნევს საყვარელიძე. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც აცხადებს, რომ მოლაპარაკებისთვის დრო ისედაც საჭიროა, თუმცა მთავარი საკითხი მაინც სიასთან დაკავშირებით იქნება”, – განაგრძობს გამოცემა.
“გახარია-ხაზარაძის შორის ხუთწუთიანი შეხვედრა რომ საკმარისი არ იქნებოდა, ეს ნათელი იყო. როცა პოლიტიკური გაერთიანებებისას ამდენი საკითხია მოსაგვარებელი, დაპირისპირება რომც არ ყოფილიყო, დრო მაინც საჭიროა, ორ შეხვედრაში ეს ვერ მოგვარდებოდა. კონკრეტულად არ ვიცი რაზე საუბრობენ, მაგრამ, როგორც ჩანს, არის საკითხები, რომლის შეთანხმება აუცილებელია. მოლაპარაკებები გაგრძელდება და კარგი იქნება, თუ მომავალ კვირაში მაინც დასრულდება, დრო ცოტა აქვთ. სია იქნება უპირველესი პრობლემა. ხაზარაძის თქმით, მათ გახარიას შესთავაზეს თანაბარუფლებიანი სუბიექტობა. ჩემი აზრით, წამყვანი “ლელოა”, შემდეგ გახარია, დოლიძე, ელისაშილი და “თავისუფლების მოედანი”. პირველი ოცი კაცის დაკომპლექტება რომ მოხდეს, თითო სუბიექტს ოთხი კაცი უწევს. მეორე ვარიანტია – გახარია-ხაზარაძეს ხუთ-ხუთი ჰყავდეს, დანარჩენი ათი დარჩენილმა სამმა ჯგუფმა გადაინაწილოს. ამასთან, გახარიას თქმით, ხაზარაძეს პარტნიორ ჯგუფთან უნდა შეეთანხმებინაო და როგორც ჩანს, იქაც პრობლემებია. ახალი ჯგუფის დამატება პირველ რიგში სიაში ადგილების გადანაწილებას იწვევს. ეს ყველაფერი დროს მოითხოვს”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“თუ ვერ შედგა შეთანმება, ორივე მხარემ ღიად უნდა გააკეთოს განცხადება, რომ ამომრჩეველმა კარგად გაიგოს მიზეზი რა იყო. ხანდახან შეხვედრები იმისთვისაც ტარდება ხოლმე, რომ უარყოფითი შედეგი მივიღოთ… ეს იქნება ის გაერთიანება, რომელიც თანაბარ კონკურენციას გაუწევს “ქართულ ოცნებას” იმისათვის, რომ არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავოს. თუ თავიანთ პოლიტიკურ კამპანიას სწორად წარმართავენ, ეს სრულიად რეალური პერსპექტივაა. ამასთანავე, ეს იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც თავის პირობებს უკარნახებს ცალკე “ნაციონალებს” და ცალკე “ოცნებას”. ეს უკვე რეალური პოლიტიკური ძალა ექნება და ექნება წამყვანი ფუნქცია უკვე არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ბირთვის შექმნაში. ასეთი რამ ხელიდან გასაშვები არაა. ქვეყანაში ძალიან კრიტიკული ვითარებაა, პრეზდენტმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამ შეხვედრების მედიატორი რომ გახდა. შესაძლოა საზოგადოება ვერც აცნობიერებდეს იმას, თუ რა ხიფათის წინაშე დგას ქვეყანა. ეს გაერთიანება ძალიან სერიოზული ძალა იქნება, რაც ქართულ პოლიტიკას ძალიან სჭირდება”, – დაასკვნის ძაბირაძე.
აშშ-საქართველოს ურთიერთობები კრიტიკულ ზღვარზეა – რით დაბრუნდება პრემიერი ამერიკიდან
“აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კრიტიკულ ზღვარზეა. ამ ფონზე კი, კვირის ბოლოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიემგზავრება. შეცვლის თუ არა რამეს ეს ვიზიტი და რას ჩამოიტანს პრემიერი ამერიკიდან? საქართველოს ხელისუფლება უკვე ღიად ადანაშაულებს აშშ-ს ქვეყნის შიდა საქმეებში და განსაკუთრებით აქტიურად კი საარჩევნო პროცესებში ჩარევაში. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, აშშ-ს ქმედებები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ პირდაპირ გათვლილია ოპოზიციის გაძლიერებასა და მმართველი პარტიის პოზიციების შესუსტებაზე. ამის საფუძველზე კეთდება განცხადებები, რომ ოფიციალურმა თბილისმა, შესაძლოა, აშშ-სთან ურთიერთობებს გადახედოს. ანალიტიკოსების არც იმას გამორიცხავენ, რომ გარკვეული დიპლომატიური დემარშები, მაგალითად, აშშ-დან საქართველოს ელჩის გამოწვევა, ან რაიმე კიდევ უფრო რადიკალური ნაბიჯი მოჰყვეს. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, თუ აშშ საქართველოზე ზეწოლას გააგრძელებს, საქართველო შესაბამისად იმოქმედებს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აშშ-საქართველოს ურთიერთობები კრიტიკულ ზღვარზეა – რით დაბრუნდება პრემიერი ამერიკიდან.
“ირაკლი 21 -27 სექტემბერს ნიუ-იორკში დაგეგმილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თანაც, 17 სექტემბრის ბრიფინგზე პრემიერმა კობახიძემ დააანონსა, რომ დაწესებული სანქციების თემაზე პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციასთან ექნება კომუნიკაცია. ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამ ვიზიტის შედეგად აშშ-მა საქართველოს ხელისუფლების მიმართ პოზიცია შეცვალოს. მეორეს მხრივ კი, მისივე აზრით, აშშ იმდენად ერევა საქართველოს საქმეებში, რომ მართლაც საჭიროა “რაღაც-რაღაცების გადახედვა”, საქმე იქამდე არ მივა, რომ საქართველომ ამერიკიდან ელჩი გამოიწვიოს, ან ღიად გამოაცხადო ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტა. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია ამერიკაზე. თუ ისინი გააგრძელებენ საქართველოზე ზეწოლას, თუნდაც სასანქციო ომს და ა.შ. საქართველო შესაბამისად იმოქმედებს, რათა მხოლოდ საკუთარი თავი კი არ დაიცვან, არამედ სახელმწიფოც გარე ჩარევებისგან”, – აღნიშნავს გამოცემა.
“საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში მართლაც დადგა ის მომენტი, როდესაც, როგორც კობახიძემ განაცხადა, საქართველომაც შეიძლება დაიწყოს რაღაც-რაღაცების გადახედვა ამერიკასთან ურთიერთობაში, რადგან ჩემი, როგორც ანალიტიკოსის დაკვირვებით, აშშ-ის მხრიდან საქართველოს საქმეებში ჩარევა, განსაკუთრებით არჩევნებში, სულ უფრო ხილული, ძლიერი და მძლავრი ხდება. ამას მოწმობს მათი განცხადებები და სანქციების შემოღება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იმისათვის, რომ “ქართულ ოცნებას” მხარდამჭერები გამოაცალონ. ასევე სახელისუფლებო სტრუქტურებში, განსაკუთრებულ ძალოვან უწყებებში, გამოიწვიონ მღელვარება და ამით ხელი შეუწყონ მათი მხრიდან მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმასა და ოპოზიციის მხარეს გადასვლას. მე ვერ გეტყვით რაზე არის მთავრობის ადმინისტრაცია შეთანხმებული და ამერიკაში ვიტიზის ფარგლებში რა საკითხებზე შეიძლება ისაუბრონ. შესაძლოა წინასწარ დახურული კომუნიკაცია ჰქონდეთ ამერიკის ადმინისტრაციასთან გარკვეული დონის შეხვედრებზე”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“არ გამოვრიცხავ, რომ სანქციებზეც იყოს საუბარი, რადგან ორმხრივ ურთიერთობებში სიტუაცია მართლაც სერიოზულად გართულდა და რა თქმა უნდა, ეს საჭიროებს, რომ ორივე მხარე დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და რა საკითხებზეც ვერ თანხმდებიან, განიხილონ. მაგრამ, რამდენად შეთანხმდებიან, ეს ცალკე საკითხია. მე პირადად არ ველი, რომ ამერიკა თავის პოზიციას შეიცვლის”, – დასძენს ზაალ ანჯაფარიძე. ვახტანგ ძაბირაძის თქმით კი, გამორიცხული არაა კობახიძის ვიზიტი გარკვეულწილად მიმართული იყოს უმაღლესი დონის თანამდებობის პირებთან გარანტიების მიცემის აუცილებლობაზე – ანუ, იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” არჩევნებს წააგებს, კოალიციურმა მთავრობამ არ დაიწყოს მმართველი პარტიის ლიდერების რეპრესიები. რასაკვირველია, პირველ რიგში საუბარია “ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, სთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემაზე”, – დასძენს გამოცემა.
ჩაიშალა თუ არა რუსების კონტრშეტევა კურსკში – ბოლო ცნობები ფრონტიდან
“სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოჩნდება, კურსკის ოლქში რუსების მიერ დაწყებული კონტრშეტევის შედეგად რომელი მხარე გამოვა გამარჯვებული. ამის შესახებ “რეზონანსთან” ანალიტიკოსები საუბრობენ ფრონტზე არსებული ვითარების შეფასებისას. მათივე თქმით, რუსულ ნაწილებს გარკვეული წინსვლა ჰქონდათ დონეცკის ოლქში, თუმცა უკრაინელები მათ შეკავებას ახერხებენ. გასულ კვირას ს შეიარაღებულმა ნაწილებმა ამ ტერიტორიაზე კონტრშეტევა წამოიწყეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები რუსების მიერ კურსკში რამდენიმე დასახლებული პუნქტის აღების შესახებ, თუმცა, ბოლო დღეებში, კურსკის მოვლენებზე როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარე დუმილს ამჯობინებს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ კურსკში რუსების კონტრშეტევა ჩაიშალა? ანალიტიკოსების აზრით, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. გარდა ამისა, მოსკოვში კეთდება განცხადებები, რომ არმიას მიეცა ბრძანება, რომ წლის ბოლომდე გაათავისუფლონ კურსკის ოლქი უკრაინული ნაწილებისაგან”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ჩაიშალა თუ არა რუსების კონტრშეტევა კურსკში – ბოლო ცნობები ფრონტიდან.
“რუსეთ-უკრაინის ომის ამ ეპიზოდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კონფლიქტის საბოლოო მოგვარების თვალსაზრისითაც. უკრაინის პრეზიდენტი ღიად აცხადებს, რომ კურსკში შეჭრა და რუსული ტერიტორიების ოკუპირება ომის უკრაინისათვის მისაღები პირობებით დასრულების დიდი გეგმის ნაწილია. ანალიტიკოსები კი მიუთითებენ, რომ ეს შეიძლება გულისხმობდეს რუსეთსა და ს შორის ოკუპირებული ტერიტორიების ერთგვარ გაცვლას შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკების დროს. სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, კურსკის ოლქიდან ცნობების სიმწირე ასე ცალსახად არ ნიშნავს, რომ რუსების კონტრშეტევა ჩაიშალა. პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის აზრით, კურსკის ოლქში რუსული კონტრშეტევის ჩაშლაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. რაც შეეხება დონეცკის ოლქს, რუსებს იქ წინსვლა ჰქონდათ, თუმცა უკრაინელებმა შეტევის შეჩერება შეძლეს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რუსებმა კურსკის ოლქის დასავლეთის მიმართულებაზე, დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლების მიზნით შეტევა დაიწყეს. მათ რამდენიმე ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინეს და წინ მიიწევდნენ. პარალელურად აღმოსავლეთიდანაც დაიწყეს შეტევა. უბრალოდ მერე უკრაინამ საკუთარი ტერიტორიიდან კონტრშეტევა განახორციელა, რომ როგორმე რუსების ყურადღება გაეფანტათ. ასე ცალსახად ვერ ვიტყოდი, რომ რუსების გეგმა ჩაიშალა, ჯერჯერობით ბრძოლები მიმდინარეობს. კურსკის ერთ-ერთ დასახლებასთან უკრაინელებმა რუსეთის 56-ე მოიერიშე პოლკის შენაერთები ალყაში მოაქციეს. ეს ყველაფერი შემხვედრი ბრძოლების სტადიაში გადავიდა და რომელი მხარე გაიმარჯვებს, ამ ეტაპზე გაურკვეველია. ეს ალბათ 3-5 დღის მერე გამოჩნდება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“რუსები დონბასის მიმართულებითაც ცდილობენ წინ წაწევას, მაგრამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მათი შეტევის ტემპი ძალიან დაბალია. ფაქტობრივად, უკრაინელები რუსების თავდასხმებს საკმაოდ წარმატებით იგერიებენ დონბასში. თუმცაღა პუტინმა გასცა ბრძანება, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები მთლიანად დაეკავებინათ. სავარუდოდ, რუსები ამ ბრძანების შესრულებას თავგამოდებით შეეცდებიან. ასევე, პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომ გაეზარდა შეიარაღებული ძალების რაოდენობა მილიონ 500 ათასი კაცით. ზოგადად, მათი შეიარაღებული ძალების შემადგენლობა გახდება 3 მილიონ 200 ათასი ადამიანი. დონეცსკის ოლქში რუსები მცირე ტაქტიკური უპირატესობით წინ არიან, მაგრამ ამაზე მეტს ჯერჯერობით ვერ გააკეთებენ”, – დაასკვნის ვახტანგ მაისაია.
“ჯერ ადრეა იმაზე საუბარი ჩაიშალა თუ არა რუსების გეგმა, რადგან ბრძოლები მიმდინარეობს. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ბრძოლის ხაზი მარტო უკრაინის ტერიტორიაზე კი არ გადის, არამედ რუსეთის ტერიტორიაზეც, კურსკის ოლქში. რუსებს წინსვლა ჰქონდათ პოკროვსკის (დონეცკი) მიმართულებაზე, სადაც შედარებით რთული სიტუაციაა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უკრაინელებმა მოახერხეს შეტევის შეჩერება და გარკველწილად ჯერჯერობით მათი წარმატების პროცესი შეფერხებულია”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ლაშა ბერიძე.