ვიქტორ ყიფიანი – “დარწმუნებული ვარ, რომ ვერ იქნება საქართველო ფილანთროპიულად გადაცემული რუსეთისთვის”
“ნაცმოძრაობას” უნდა სინდისი მოიწმინოს” – რა მოლოდინია 4 ოქტომბერს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით
ირაკლი მელაშვილი – “აშკარაა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა მცირდება… თარიღებით დაანონსებული რევოლუციები მე არ გამიგია”
რაზე დათანხმდება ზელენსკი – შესაძლო სცენარები და დაძაბული მოლაპარაკების მოლოდინი
აფხაზეთიდან რუსეთში მხოლოდ რუსული პასპორტით… “ეს ოკუპაცია კი არა სრული ანექსიაა” – ზაქარეიშვილი
* * *
ვიქტორ ყიფიანი – “დარწმუნებული ვარ, რომ ვერ იქნება საქართველო ფილანთროპიულად გადაცემული რუსეთისთვის”
“პუტინისთვის ასეთი დახვედრა, წითელი ხალიჩა, ხელის ჩამორთმევა და ე.წ. პრესკონფერენცია მნიშვნელოვანი იყო იმიჯისთვის, მაგრამ ამისთვის გადამეტებული მნიშვნელობის მინიჭება გაუმართლებელი მგონია. ამ შეხვედრის შედეგი შესაძლოა ასე შეფასდეს – ნულოვანი ეფექტი და ეს არ არის ჩვენთვის მთლად ურიგო, ვინაიდან ტრამპის ბუნებიდან გამომდინარე, პუტინზე ლაპარაკიც ზედმეტია, უსიამოვნო სიურპრიზებს ვერ გამოვრიცხავდით. “სდელკა” ალასკაზე არ შედგა, არც უკრაინა და არც რომელიმე სხვა ქვეყანა რაიმეს სანაცვლოდ არ “გაყიდულა” და არც “გაცვლილა”. ტრამპის ხელწერისა და პუტინის “სანდოობის” გათვალისწინებით, ეს არცთუ ცუდი შედეგია, ვინაიდან უარეს სცენარსაც ვერ გამოვრიცხავდით”, – აცხადებს ექსპერტი ვიქტორ ყიფიანი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნულოვანი ეფექტი: “ალასკაზე აპოკალიფსი არ მომხდარა, თუმცა…”
“დამრჩა შთაბეჭდილება შეხვედრისთვის ტრამპს აშკარად გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ შეხვედრამდე ბოლო 2 დღის განმავლობაში მოლოდინი ოდნავ დააბალანსა, თუმცა იმედგაცრუება მაინც იგრძნობოდა ე.წ. პრესკონფერენციაზე ტრამპის გამოსვლისას. ეგრეთ წოდებულს იმიტომ ვამბობ, რომ ჟურნალისტებს კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ… ბოლო 6 თვის განმავლობაში მოვისმინეთ ტრამპის არაერთი არაორდინარული განცხადება, მოქმედება და ჩემი აზრით, ეს შეხვედრა უნდა იქცეს ტრამპის პრეზიდენტობის საწყისი ეტაპის შემაჯამებლად, რის შემდეგაც ტრამპმა თავის შიდა სამზარეულოს უნდა გადახედოს. მისი გუნდი გადახალისებას საჭიროებს კომპეტენციისა და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით. გუნდის გადახალისებასთან ერთად, საჭიროა მიდგომების გადახედვაც, რომლის შედეგადაც აშშ საგარეო პოლიტიკაში უფრო მეტ კლასიციზმს დაუბრუნდება, ისეთს, როგორსაც მიჩვეული ვართ ამ ქვეყნისგან. იმედია, ასეც იქნება. თუმცა ტრამპი არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსია, ერთ დღეს სხვას ამბობს, მეორე დღეს – სხვას…”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვიქტორ ყიფიანი.
“ევროპელების პრინციპულმა განცხადებამ ჩემს მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ევროპა უფრო სულ უფრო მეტად შედის როლში, როგორც შესაძლო ავტონომიური მოთამაშე – ავტონომიურობას პირობითად ვამბობ. ერთ-ერთი “სიკეთე”, რაც გააკეთა უკრაინის ომმა, ის არის, რომ ევროპა დააბრუნა გეოპოლიტიკურ რუკაზე, როგორ ისარგებლებენ ამ როლით, ეს უკვე სხვა საკითხია… მოგეხსენებათ, ვოლოდიმირ ზელენსკი 18 აგვისტოს ჩავა ვაშინგტონში ტრამპთან შესახვედრად. ვნახოთ, შესაძლოა ბუნდოვან ვითარებას მეტი ნათელი მოეფინოს… ტრამპმა ძალიან გაართულა რაიმეს პროგნოზირება, შეიძლება მან ნაბიჯები გადადგას დათმობებისკენ ან ახალ-ახალი სანქციებისკენ. ის ეგოცენტრიკი პოლიტიკოსია. ხშირად მრჩება შთაბეჭდილება, რომ უფრო ეფექტის მოხდენაზეა ორიენტირებული, ვიდრე შედეგის ეფექტიანობაზე, რაც ძალიან დამაფიქრებელია. მისმა ამბიციურობამ, ეგომ, ხშირად საკუთარ შესაძლებლობებში გადაჭარბებულმა რწმენამ, შესაძლოა განაპირობოს აბსოლუტურად სხვა მიდგომა, ანუ კიდევ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარება. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ თუ რეალურ შედეგს ვერ მიაღწია, ის დისტანცირდეს ამ პროცესისგან”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“ის, რომ ამ შეხვედრის შესახებ რუსი და ქართველი სახელისუფლებო პროპაგანდისტების შეფასებები ერთმანეთს ემთხვევა, ისევ და ისევ აჩვენებს, რომ ძალაუფლების საკითხი ჩვენში იმაზე მეტ დომინანტად მიიჩნევა, ვიდრე გეოპოლიტიკურ პროცესებზე ჯანსაღი მსჯელობა. გავლენიანი ჯგუფების გარკვეული სინდიკატი, რომელიც არა მხოლოდ პარტიულ ელემენტს მოიცავს, არამედ საქმიან, კრიმინალურ და სხვა მიმართულებებსაც, მიიჩნევს, რომ გავლენების ახლებური განაწილების შემთხვევაში სასურველია საქართველო აღმოჩნდეს ახალი რკინის ფარდის რუსულ მხარეს. ეს არის მათთვის კომფორტი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. რუსულ მხარეს დარჩენა ნიშნავს, რომ არ გჭირდება ლიბერალური კანონმდებლობა, სამართლის უზენაესობა, თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი მედია… მათ იმედი აქვთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ასე უაპელაციოდ აიღებს და დაუთმობს საქართველოს რუსეთს. როგორც ვთქვი, აშკარაა, რომ შეხვედრაზე ამგვარი “სდელკა” არ შედგა, ის ჩავარდა”, – დაასკვნის ვიქტორ ყიფიანი და შეკითხვაზე – “ზანგეზურის დერეფანს აშშ გააკონტროლებს, ანუ აშშ-ის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში კვლავაც ძლიერია…” – პასუხობს:
“ჩანს, ზემოთ ნახსენებ სინდიკატში ფიქრობენ, რომ თუ ყველასთვის მოულოდნელად სომხეთი და აზერბაიჯანი მიტრიალდნენ დასავლეთისკენ, ახალი გაყოფა უნდა მოხდეს იმგვარი კონფიგურაციით, რომ საქართველო რუსეთისთვის პრიზი აღმოჩნდეს, მით უფრო კარგად ვხედავთ, აქ რა პროცესები ვითარდება. თუმცა ვაშინგტონის მხრიდან რომ გადავხედოთ ამ პროცესებს, რაოდენ მსუყე ინვესტიციაც არ უნდა განახორციელოს ამერიკამ, სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და ა.შ. სომხეთსა და აზერბაიჯანში, ეს სანახევრო შედეგზე მიმართული ინვესტიცია იქნება, თუ საქართველოს საკითხი არ იქნა გადაწყვეტილი ისე, როგორც უნდა გადაწყდეს…”
“ჩვენი როლის განდიდების გარეშე დავხედოთ რუკას – არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიას, არამედ გავიხედოთ კასპიის ზღვის მიღმა ცენტრალური და შემდგომ დიდი აზიისკენ, ჩვენ გეოგრაფიულად ჩამკეტი ქვეყანა ვართ. შესაბამისად, ყველა პროცესი, რომლებიც უკავშირდება დასავლეთის შემოსვლას ჩვენს რეგიონში, ვერ იქნება დასრულებული ეფექტის მქონე, თუ საქართველო გადავა რუსული გავლენის სფეროში. ამდენად, როდესაც ვლაპარაკობთ პოლიტიკის ინსტიტუციურობაზე, ვლაპარაკობთ ჟანრის კლასიკაზე დასავლური გადმოსახედიდან. წესით, ეს ნიშნავს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანზე გავლენის მოპოვების შემდეგ, ბუნებრივი, ლოგიკური გაგრძელება უნდა იყოს საქართველოს საკითხის დღის წესრიგში დაყენება. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვერ იქნება საქართველო ფილანთროპიულად გადაცემული რუსეთისთვის. თუმცა ის არაპროგნოზირებადობა, რაც თეთრი სახლის დღევანდელ ადმინისტრაციას ახასიათებს, მაინც მხედველობაში უნდა ვიქონიოთ – ანუ რაიმე უსიამოვნო სიურპრიზს ვერ გამოვრიცხავთ. ეს რომ გამოირიცხოს, საჭიროა სათანადო მანდატით აღჭურვილი ქართული ხელისუფლება და აქ უკვე სხვა პრობლემას ვაწყდებით. ვინ და როგორ ელაპარაკება დასავლეთს საქართველოს ინტერესებზე? – აი, აქ გვაქვს უზარმაზარი დეფიციტი და ვაკუუმი”, – დასძენს ყიფიანი.
“ნაცმოძრაობას” უნდა სინდისი მოიწმინოს” – რა მოლოდინია 4 ოქტომბერს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით
“ენმ 4 ოქტომბრის აქციისათვის ნიადაგს ამზადებს – პერიოდულად პარტიის ლიდერების მიერ კეთდება განცხადებები ამ თარიღთან დაკავშირებით და პარალელურად სოციალურ ქსელში ატარებენ გამოკითხვას. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს არა რეალური მოქმედება, არამედ აქტივობის იმიტაციაა. მათი ნაწილის აზრით, ენმ აცნობიერებს, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის ბოიკოტის გამოცხადებით შეცდომა დაუშვა და ახლა არჩევნების დღეს აქციის ორგანიზებით ცდილობს ამ შეცდომის გამოსწორებას. “ჩემი აზრით, არავითარი ფაქტორი იმისა, რომ ადამიანი ქუჩაში გამოვიდეს, მით უმეტეს მათ დაძახილზე, არ არსებობს. მხოლოდ ფინანსური რესურსით თუ შეძლებენ გამოყვანას”, – განაცხადა ანალიტიკოსმა, პეტრე მამრაძემ. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციის ბოიკოტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამით რეალურ შედეგზე ვერ გავლენ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ნაცმოძრაობას” უნდა სინდისი მოიწმინოს” – რა მოლოდინია 4 ოქტომბერს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით.
“ეს სერიოზული დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის და “ქართული ოცნებისთვის” საჩუქარია. ასეთი ძლიერი “ოცნება” არასდროს ყოფილა. სააკაშვილის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, ასეთი გაფარჩაკებული ოპოზიცია არასდროს ყოფილა. რაც მან ადრე სხვაზე თქვა, ახლა მის პარტიას დაემართა. ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი მოხდება”, – თვლის ზაქარეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კი ხალხს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში გავიდნენ. “ჩვენ 4 ოქტომბერს არავის არ მოვუწოდებთ საარჩევნო უბნებზე მივიდნენ, პირიქით, ჩვენ მათ მოვუწოდებთ რამდენიმე ვარიანტიდან აირჩიონ, თუ როგორ მოიქცნენ. ერთია ის, რომ მივიდნენ ე.წ. საარჩევნო უბანთან და მიიღონ მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში. მეორე, ჩათვალონ, რომ მათი საქმე არ არის და იყვნენ სახლში, ან წავიდნენ მეგობრებთან ერთად ან მუზეუმში. მესამე გზა არის ის, რომ გავიდნენ ქუჩაში. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ 4 ოქტომბერს შეხვდეთ ქუჩაში. ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი”, – განაცხადა სანიკიძემ. ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ “ოცნებამ” უკვე მოიგო ეს არჩევნები, რაშიც “ნაცმოძრაობამ” ხელი შეუწყო”, – აღნიშნავს გამოცემა.
“4 ოქტომბერს ყველაფერი დასრულებული იქნება. ანუ, ჩატარდება არჩევნები. ვინც წამსვლელია არჩევნებზე, მშვიდად და წყნარად მივლენ და ხმას მისცემენ. ამის პარალელურად ალბათ, “ნაცმოძრაობა” რუსთაველზე თავის მომხრეებს გამოიყვანს. სავარაუდოდ, ბევრი ხალხი იქნება, მაგრამ ეს არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. არჩევნების შედეგები უკვე შედგა – ეს არის ის, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევნებში არ მონაწილეობს. ეს სერიოზული დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის და “ოცნებისთვის” საჩუქარია… 4 ოქტომბრის აქციით “ნაცმოძრაობას” უნდა სინდისი მოიწმინდოს და თავისი უდიდესი ანტისახელმწიფოებრივი შეცდომა რაღაცნაირად გამოასწოროს, თუმცა უკვე გვიანია. მათ არჩევნებში მონაწილეობის რეგისტრაცია არ გაიარეს და შესაბამისად, მიიღეს ის, რომ საქართველო მრავალი წლით დააზიანეს. ეს მათ სინდისზეა. ამიტომ ახლა უნდათ, რომ თავიანთი სინდისის წინაშე მართლები იყვნენ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ჩაივლის 4 ოქტომბერი და 10-ში უკვე არავის ემახსოვრება ეს ყველაფერი. საქართველოში დაისადგურებს მშვიდი, წყნარი ავტორიტარიზმი, რომელიც იქნება დაახლოებით ისეთი, როგორიც არის ყაზახეთში, ყირგიზეთში და ა.შ. მსოფლიო საქართველოს სცნობს როგორც ავტორიტარული მმართველობის ერთ-ერთ ნიმუშს, მეტი არაფერი. ეს იქნება “ნაცმოძრაობის” სინდისზე”, – დაასკვნის ზაქარეიშვილი. პეტრე მამრაძის აზრით, დღეს არ არის საქართველოში ისეთი სიტუაცია, რომ ხალხმა საკუთარი ნებით გადაწყვიტოს ქუჩაში გამოსვლა. ამიტომ არც ის ელოდება 4 ოქტომბერს დიდ აქციას. “თავისი საორგანიზაციო და ფინანსური რესურსის მეშვეობით, მათ შეუძლიათ ცოტა ხნით, ერთჯერადად შეკრიბონ, ვთქვათ, 2 ათასი კაცი. მერე ამაზე ააგებენ, რომ აი, ხალხი ჩვენთან არის. თუმცაღა 2 ათასი კაცი მილიონნახევრიანი ქალაქისთვის სტატისტიკურად ნულის ტოლფასია, თანაც, როცა მხოლოდ და მხოლოდ საორგანიზაციო და ფინანსური რესურსის დახარჯვით არის შეგროვებული”, – ამბობს მამრაძე, თუმცა არ გამორიცხავს, “რომ ამდენი ადამიანიც არ გამოიყვანონ და ჩათვალონ, რომ ამაზე ფულის დახარჯვა არ ღირს”, – დასძენს გამოცემა.
“სავარაუდოდ, ასეთი რაღაც მოხდება, თორემ აქტიურობის იმიტაცია სულ იქნება – განცხადებები, ცილისწამებები, მოწოდებები და ა.შ. ჩემი აზრით, არავითარი ფაქტორი იმისა, რომ ადამიანი ქუჩაში გამოვიდეს, მით უმეტეს მათ დაძახილზე, არ არსებობს. მხოლოდ ფინანსური რესურსით თუ შეძლებენ გამოყვანას. სოციალური და ეკონომიკური მდგომარება საქართველოში ისეთია, რომ არანაირი რეალური ფაქტორი, რის გამოც ადამიანები მზად არიან გამოვიდნენ ქუჩაში იმის იმედით, რომ ხელისუფლება შეიცვლება და ცხოვრება უკეთესობისკენ წავა, არ არსებობს. საქართველოში ხმას აძლევენ და მიჰყვებიან ბელადებს და არა პროგრამებს. განა შემთხვევითია, რომ კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობაში” არავინ გამოჩნდა, ვისაც აქვს ქარიზმა, ნდობა და მასების მოლიზების უნარი? ესე იგი არ არის მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
ირაკლი მელაშვილი – “აშკარაა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა მცირდება… თარიღებით დაანონსებული რევოლუციები მე არ გამიგია”
“ძალიან ცუდი პროცესია. ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან ოპოზიციური პარტიების ნაწილს მიაჩნდა, თუ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, აქტიურ ჯგუფებს პოლიტიკურად გაანადგურებდნენ, ეს გაასუფთავებდა ველს და ამ ადგილს თვითონ დაიკავებდნენ. სინამდვილეში, ეს დიდი სისულელეა. ამით უპირველესად ხდება ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ფრუსტრაცია და დღეს სწორედ ამას ვადევნებთ თვალს. “ნაცმოძრაობა~ გადასულია არა იმდენად “ოცნებასთან” ბრძოლაზე, რომელსაც ვერაფერს აკლებს, არამედ იმაზე, რომ იმედი აქვს, იმ აქტიურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც მათ მხარს არ უჭერენ, გაანადგურებს. ფიქრობენ, რომ “ოცნება” იმდენად დასუსტდება, მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა და ველზე მარტოდ დარჩენილებს ძალაუფლება ხელში ჩაუვარდებათ. მაგრამ “ნაცები” ვერ ხვდებიან, რომ უსათუოდ დამარცხდებიან, მათი ციხეში მყოფი ბელადი კი წაგებულია…” – აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “აშკარაა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა მცირდება”.
“ახლა მემარცხენეებს დაეტაკნენ, იქ ვახუშტი მენაბდეს. რაზეც ისინი მენაბდეს ეჩხუბებიან, აშკარად მიუთითებს, რომ ფიქრობენ, თუ ხარ ოპოზიციაში, მამაშენმა არათუ ტენდერი არ უნდა მოიგოს, თავადაც გამოფხეკილი ლუზერი უნდა იყო, რომელსაც ერთადერთი უფლება აქვს, იდგეს ქუჩაში და აპროტესტოს. მეტიც, ჰგონიათ, ეს არის ნორმა და მათი ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს. ვახუშტი მენაბდესაც ამაზე ეჩხუბებიან, მამაშენმა თუ ტენდერში გაიმარჯვა, შენ როგორ ხარ ოპოზიციონერიო. როგორ შეიძლება ამ აზროვნებით გქონდეს იმის იმედი, რომ შენ უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებ? “ნაცმოძრაობა” არ აძლევს მოსახლეობას საშუალებას, დაივიწყოს ის ცუდი, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს უკეთებიათ. ვერაფერს ვიზამ, მათ ჰყავთ თავიანთი მრევლი, მრევლს კი თავისი კერპი… საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ამ კერპთაყვანისმცემლობას არის მიჩვეული, ქვეყანას სწორედ ასე უყურებს – თუ ხარ ოპოზიციაში, არა გაქვს უფლებები, უფლებები აქვს მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც ხელისუფლებაშია. ამ ადამიანებს წარმოდგენა არა აქვთ დემოკრატიაზე და რაც მთავარია, მიიჩნევენ, რომ ასე უნდა იყოს. ასე იყო მიშას დროსაც”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“საზოგადოებაში უფრო გაზრდილია ნიჰილიზმი ოპოზიციური მოძრაობის მთელი ამ პროცესის მიმართ. აშკარაა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა მცირდება და მცირდება არა იმიტომ, რომ ვიღაცას ხელისუფლება შეუყვარდა, არამედ იმის გამო, რომ ალტერნატივა არ არის დამაკმაყოფილებელი, მათ შორის, დემოკრატიის, თავისუფლების ხარისხით… ოპოზიციური საზოგადოების ნაწილი მთელ დროს უთმობს “ლელოსთან” ჩხუბს. გახარიას ელექტორატი მაინც ხელისუფლების ყოფილი მომხრეების ნაწილია, ამიტომ “ლელოს” ეცნენ, რადგან მან თავიდან მათ ხმები გაუყო. ამიტომაც დაესივნენ… ახლა კი “ლელო”-გახარია მათ ამაში თვითონ უწყობს ხელს, რადგან თუ შედეგის მიღწევა გინდა, რაც შეიძლება მალე უნდა აჩვენო საზოგადოებას, რომ შეთანხმებები მიღწეულია, რომ გაცილებით დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვს, ვიდრე იმათ, ვინც არ მონაწილეობს არჩევნებში. კანდიდატების შერჩევა უნდა იყოს საზოგადოებისთვის გამჭვირვალე”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“დღეს არავინ იცის, როგორ ხდება შერჩევა, ვერ ისწავლეს, რომ პოლიტიკა წესებზე დაფუძნებული თამაშია და, როდესაც ხელისუფლებას ბრალს სდებ, რომ ის წესებს არ იცავს, შენ უნდა მისცე წესების დაცვის მაგალითი. ჩემი აზრით, უნდა გამოცხადებულიყო, აი, ამაზე ვართ შეთანხმებული, ამ წესით მოხდება კანდიდატების შერჩევაო და ა.შ. ახლა ეს ყველაფერი ისევ კულუარულია, მიდის რაღაც მოლაპარაკებები, არჩევნების იდეას კი, რომელიც ისედაც ძალიან დაზარალებულია, ეს გაურკვევლობა უფრო აზარალებს. დასაწყისშივე ყველაფერი ნათელი უნდა ყოფილიყო – თამაშის ამ წესს რომ იღებ, ეს გიცავს არასწორი ნაბიჯებისგან. მაგრამ ამ წესებს არ შეიმუშავებენ ზუსტად იმის გამო, რომ სრული თავისუფლება მოიპოვონ ლიდერებმა, რათა მერე როგორც უნდათ, ისე მიიღონ გადაწყვეტილება. ვერავინ ხვდება, რომ სხვა თამაშის წესები სჭირდება ოპოზიციას. მან უნდა აჩვენოს, რომ უფრო უკეთესია, ვიდრე ხელისუფლება. დღეს ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე დგას, რომ ხალხს ხელისუფლება არ მოსწონს. ოპოზიციამ ვერაფრით შეძლო საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ თვითონ რატომ არის უკეთესი, გარდა იმისა, რომ გაიძახის, პროდასავლური ვარო. კარგი, გავიგეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ხელისუფლების დასამარცხებლად”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“ჩემთვის ძალიან რთული განსაჭვრეტია, თუ რა გეგმები აქვთ ხაბეიშვილსა და ბურჭულაძეს, რომლებმაც გამოაცხადეს “მშვიდობიანი დამხობის” გეგმა. “მშვიდობიანი რევოლუციაც” კი არ თქვეს, დამხობაო, რაც ძალიან უცნაურია. ვფიქრობ, რომ ხაბეიშვილს უფრო შიდა ბრძოლები აქვს, როგორც ჩანს, ამით სურს ლიდერობის დაბრუნება. ეტყობა, რაღაც ხდება “ნაცმოძრაობაშიც”, იმიტომ, რომ ბევრ საკითხზე არ ჰქონდათ ერთიანი აზრი და მათ შორის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზეც, მაგრამ საბოლოოდ ბოიკოტისტებმა გაიმარჯვეს. ისიც ფაქტია, რომ კრიტიკული იყო “ნაცმოძრაობის” ზოგიერთი ლიდერის შეფასებები ხაბეიშვილის ამ განცხადებებზე, მაგრამ ახლა გაჩერდა ეს პროცესი. როგორც ჩანს, ამ სუპერაქტიურობით ხაბეიშვილს ახლა სურს ლიდერის პოზიცია დაიკავოს მთლიანად ოპოზიციურ სპექტრში, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ ახლა ამისთვის კარგი დროა – ლიდერების ნაწილი ციხეშია, გარეთ თითქოს მოცარიელდა ადგილი და შესაძლოა ამ გზით ცდილობს თავის დამკვიდრებას, როგორც ოპოზიციისა და საპროტესტო მოძრაობის ლიდერი. ლოგიკა ამას უფრო გვკარნახობს, მაგრამ იმასაც ვერ გეტყვით, რომ ხაბეიშვილის ან ბურჭულაძის ქმედებების ლოგიკა ლოგიკის ჩემეულ აღქმაში ჯდება. ყოველ შემთხვევაში, ვადებით და თარიღებით დაანონსებული რევოლუციები მე არ გამიგია”, – დაასკვნის ირაკლი მელაშვილი და შეკითხვაზე – “პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით?” – პასუხობს:
“მე მგონია, არც არაფერი მოხდება და მოსახლეობის კიდევ უარეს ფრუსტრაციას მივიღებთ, უპირველესად ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის. ჯერჯერობით ყველაფერი აქეთ მიდის. თუმცა “ოცნებას” აქვს საოცარი ნიჭი, ცარიელ ადგილზე შექმნას პროტესტი. ასე რომ, ნუ გამოვრიცხავთ, ისეთი რამ გამოაგდონ, რომ ხალხი გააგიჟონ, მაგრამ ეს არ იქნება ოპოზიციის დამსახურება. ეს ისევ ხელისუფლების დამსახურება იქნება, ისევე როგორც კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებით დაიწყო… “ნაცებს” უნდათ, ეს თითქმის ერთწლიანი პროტესტი ისე წარმოაჩინონ, თითქოს ყველაფერი არჩევნების გაყალბების გამო დაიწყო. არადა, რომ არ ყოფილიყო კობახიძის განცხადება ევროინტეგრაციის შეჩერებაზე, არც არაფერი იქნებოდა”.
რაზე დათანხმდება ზელენსკი – შესაძლო სცენარები და დაძაბული მოლაპარაკების მოლოდინი
“15 აგვისტოს ალასკაზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდეგ, ორშაბათს, 18 აგვისტოს, ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს უმასპინძლებს. უკვე ცნობილია რუსეთის პირობები, თუ რა შემთხვევაში დათანხმდება კრემლი უკრაინაში ომის დასრულებას. ამ პირობებზე ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების პირველი რეაქცია მკვეთრად ნეგატიურია და სწორედ ორშაბათის შეხვედრაზე გამოჩნდება, არის თუ არა უკრაინა თანახმა დათმობებზე და კონკრეტულად რა შეიძლება დათმოს. ზელენსკის ბოლო სტუმრობა თეთრ სახლში, ამ წლის თებერვალში, სკანდალით დასრულდა. მაშინ მან ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების თანდასწრებით ცხარე კამათი მოუვიდა პრეზიდენტ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდეტ ჯეი დი ვენსთან. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ახლაც მსგავსი რამ მოხდეს, თუმცა ამჯერად ზელენსკი მარტო არ იქნება. 18 აგვისტოს შეხვედრაში თავისი მონაწილეობა უკვე საჯაროდ დაადასტურეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა” , – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რაზე დათანხმდება ზელენსკი – შესაძლო სცენარები და დაძაბული მოლაპარაკების მოლოდინი.
“შუადღით მე ვუმასპინძლებ პრეზიდენტ ზელენსკის ბრიუსელში. ჩვენ ერთად მივიღებთ მონაწილეობას მსურველთა კოალიციის ვირტუალურ ტელეკონფერენციაში. პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, მე ხვალ შევუერთდები მას თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე”, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა 17 აგვისტოს სოციალურ ქსელში. გერმანიის ფედერალურ მთავრობის პრესსამსახურმა ასევე დაადასტურა მერცის ვიზიტი: “მოლაპარაკებები, სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების გარანტიებს, ტერიტორიულ საკითხებს და უკრაინისთვის რუსეთის აგრესიისგან თავდაცვაში მხარდაჭერის გაგრძელებას მოიცავს. ეს მოიცავს სანქციებით ზეწოლის შენარჩუნებასაც”, – აღნიშნულია ფედერალურმა მთავრობის განცხადებაში. გამოცემა “პოლიტიკოს” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე სავარაუდოდ მონაწილეობას მიღებენ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე. გარდა ამისა, ზოგიერთი წყაროს ცნობით, ორშაბათის შეხვედრის წარმატების შემთხვევაში, უკვე 22 აგვისტოს შეიძლება გაიმართოს ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის ერთობლივი შეხვედრაც”, – აღნიშნავს გამოცემა.
“პუტინის ძირითადი მოთხოვნების თანახმად, უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს; ამის შემდეგ სამხრეთში (ხერსონი, ზაპოროჟიე) ფრონტის ხაზი გაიყინება; რუსეთი თავის ნაწილებს გაიყვანს მის მიერ დაკავებული ხარკოვისა და სუმის ოლქების მცირე ტერიტორიებიდან; უკრაინამ კი უარი უნდა თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე, მაგრამ სანაცვლოდ უსაფრთხოების სხვა გარანტიებს მიიღებს. ამასთან, პუტინი ითხოვს ყირიმზე მისი სუვერენიტეტის ოფიციალურ აღიარებას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილის მოხსნას, უკრაინაში რუსული ენისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას. უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოწოდებებს და ჯერ არ განუსაზღვრია, როდის შეწყვეტს მკვლელობას, რაც ართულებს სიტუაციას… “ვემზადებით პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის… მნიშვნელოვანია, ყველა თანხმდებოდეს, რომ საჭიროა საუბარი ლიდერების დონეზე, რათა დაზუსტდეს ყველა დეტალი და დადგინდეს, რომელი ნაბიჯებია აუცილებელი და ეფექტური”, – წერს ზელენსკი. ვახტანგ მაისაიას აზრით, თუ ზელენსკი პუტინის პირობებს მიიღებს, ეს უკრაინის სრულ კაპიტულაციას ნიშნავს”, – განაგრძობს გამოცემა.
“ამ მოთხოვნის მიღება უკრაინისთვის სრული კაპუტალუაციაა და ნიშნავს იმას, რომ რაც რუსეთმა ომის მეშვეობით ვერ შეძლო, სეპარატიული, მშვიდობიანი შეთანხმებით მოახერხებს. ეს ნიშნავს, რომ ამით უკრაინა არშემდგარი სახელმწიფოს სტატუსში გადავა. ასეთი სტატუსი საქართველოს 2002-2003 წლებში ჰქონდა – ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით გარკვეულ შიდა ტერიტორიებს. ამის გარდა კორუფცია ყვაოდა და სრული ეკონომიკური კოლაფსი იყო. დაახლოებით იგივე ვარიანტია აქაც. ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, უკრაინას მოუწევს ამგვარი სტატუსის მიღება. ამიტომ არ მგონია უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამას შეეგუოს… ზელენსკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ ასეთი პირობები მათთვის მიუღებელია. მით უმეტეს, რუსულ ენაზე სასაუბროდ გამოცხადებაზე ზედმეტია ლაპარაკი. თან ენის სპეციალური კანონი მიღებული აქვთ და პირიქით, დერუსიფიკაცია ხდება. კონტროლდება, რომ ხალხმა უკრაინულად ისაუბრონ და არა რუსულად. ამიტომ გამორიცხულია, ასეთ მოთხოვნებზე უკრაინა არ წავა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“უოლ სთრით ჯორნელი” მოვლენების განვითარების ორ შესაძლო სცენარზე საუბრობს: პირველი – უკრაინა დაკარგავს ტერიტორიებს, მაგრამ მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს და შეინარჩუნებს სუვერენიტეტს. გაზეთი აღნიშნავს, რომ როგორც კიევი, ასევე ევროპა, რომელიც მას მხარს უჭერს, სავარაუდოდ, უკვე მზად არიან მიიღონ რუსეთის კონტროლი უკრაინის მეხუთედზე, მიუხედავად იმისა, რომ არ გამოხატავენ ამის საერთაშორისო დონეზე აღიარების სურვილს. ამ სცენარის თანახმად, თუკი უკრაინა უარს იტყვის თავისი ტერიტორიის ნაწილზე, ავტომატურად წარმოიშობა დარჩენილი რეგიონების უსაფრთხოების საკითხი. გამოცემა ვარაუდობს, რომ თუ ევროპა და, რაც მთავარია, შეერთებული შტატები კიევს უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, კონფლიქტის დასასრული 1953 წელს კორეის ომის სცენარს დაემსგავსება, როდესაც დასავლეთმა დაიცვა კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილი – დღევანდელი სამხრეთ კორეა. მეორე სცენარის მიხედვით, უკრაინა დაკარგავს როგორც ტერიტორიას, ასევე სუვერენიტეტს და რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა”, – დასძენს გამოცემა.
“გამოცემა ამ შემთხვევაში განიხილავს არა მხოლოდ სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონების დაკარგვას, არამედ უკრაინის “რუსეთის პროტექტორატად” გადაქცევის შესაძლებლობასაც, რაც “კაპიტულაციის” ტოლფასი იქნება. “გარდიანი” კი წერს, რომ შესაძლოა ტრამპმა ზეწოლა მოახდენოს ზელენსკიზე, რათა ის დათანხმდეს ტერიტორიულ კომპრომისზე (მაგალითად, უკრაინის ნაწილის დათმობაზე რუსეთის სასარგებლოდ) ომის დასრულების სანაცვლოდ. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ევროპელი ლიდერები (მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი) უკვე მზად არიან მონაწილეობისთვის, რათა ზელენსკი მარტო არ დარჩეს ტრამპის შესაძლო ზეწოლის ქვეშ. ასევე, აღნიშნულია, რომ ტრამპი ცდილობს სწრაფად მოამზადოს “ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმება”, მაგრამ დასავლელი მოკავშირეები შიშობენ, რომ შესაძლოა მისი პირობები ზედმეტად ახლოს იყოს კრემლის მოთხოვნებთან”, წერს სტატიის ავტორი.
აფხაზეთიდან რუსეთში მხოლოდ რუსული პასპორტით… “ეს ოკუპაცია კი არა სრული ანექსიაა” – ზაქარეიშვილი
“მთელი 2024 წლის განმავლობაში სოხუმში კამათობდნენ, მიმდინარეობდა თუ არა მათ ზურგს უკან ფარული მოლაპარაკება რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის დათმობაზე. ამჟამად აფხაზებს შორის უკვე შენელდა ვნებათაღელვა, რომ რუსეთმა შესაძლოა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი დაუთმოს საქართველოს კონფედერაციული მოდელით და ახლა სოხუმში ახალი შეშფოთების მიზეზი აქვთ – რუსული პასპორტების გამარტივებულად დარიგების გამო ოპოზიციური მედია წერს, რომ ეს არის “სისტემური კოლონიზაცია” ფორმალური ანექსიის გარეშე, რაც აფხაზეთს რუსეთის რიგით პროვინციად აქცევს. ივლისის ბოლოს რუსეთმა აფხაზებისა და ოსებისთვის გაამარტივა რუსეთის მოქალაქეობის მიღება, მსურველს არც რუსული ენის ცოდნა სჭირდება და არც რუსეთში ცხოვრების 5-წლიანი ვადა, ყველა მიიღებს რუსულ პირადობის მოწმობას და პასპორტს. ასევე რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალა აფხაზური მართვის მოწმობები და დაიწყო რუსული მართვის მოწმობების გაცემა აფხაზეთის ტერიტორიაზე”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აფხაზეთიდან რუსეთში მხოლოდ რუსული პასპორტით…
“რუსეთი მოქმედებს ისე, რომ არ აცხადებს ოფიციალურ ანექსიას, მაგრამ თანდათან იღებს კონტროლს აფხაზეთის სუვერენიტეტის საკვანძო ელემენტებზე – დოკუმენტებზე, საზღვრებზე, უფლებებსა და მმართველობით მექანიზმებზე… ეს არის რბილი კოლონიზაცია ფორმალური ანექსიის გარეშე… ტანკების გარეშე მიმდინარეობს აფხაზეთის ინფრასტრუქტურული ოკუპაცია”, – წერს ოპოზიციური გამოცემა “აიაშარა”. რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს ოკუპაცია კი არა სრული ანექსიაა. “ჩვენ უნდა გავყოთ ორი პოზიცია: რას ფიქრობენ აფხაზები და რას ფიქრობენ ქართველები. ქართველ საზოგადოებაში დომინანტურია განცდა, რომ ჩვენ რუსეთი არაფერს დაგვითმობს. პირიქით, რუსეთს უნდა საქართველო ჩაიგდოს ხელში დაკარგული ტერიტორიების გათვალისწინებით. რუსეთი არ დაგვიფასებს “ოცნების” პრორუსულ პოლიტიკას და არც ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას აპირებს. “ოცნებასაც” ესმის ეს და ამიტომ ლაპარაკობენ მშვიდობაზე, ომის არარსებობაზე, დასავლეთის მიერ მეორე ფრონტის გახსნაზე”, – ამბობს ზაქარეიშვილი, რომლის თქმით, “აფხაზეთის დაბრუნებაზე კი არავინ იღებს ხმას”, – აღნიშნავს გამოცემა.
“თავიდანვე იყო მცდარი წარმოდგენა ცხინვალსა და სოხუმში, რომ თითქოს არის მოლაპარაკება მოსკოვსა და თბილისს შორის ტერიტორიების დაბრუნებაზე. გავიხსენოთ, როგორ მოხდა ფრენების აღდგენა – რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაცხადა, კარგი იქნება, თუ აღდგება ფრენები მოსკოვსა და თბილისს შორისო, და ერთ კვირაში აღდგა. ესე იგი, მუშაობა მიდიოდა და ვიღაცას გაახმოვანებინეს. კონფედერაციაზე კი ლაპარაკი გასულ წელს იყო და უცებ აღარ არის. რუსეთს თუ დასჭირდება კონფედერაცია, ამას საქმე აუცილებლად მოჰყვება და არ ჩაიფარცხება. ეს აჟიოტაჟი იყო ცხინვალსა და სოხუმში და შემდეგ ჩვენკენაც გადმოვიდა, თუმცა ვთვლიდი, რომ ეს არაფერს ეფუძნებოდა და მართალიც აღმოვჩნდი. ვიღაც მიამიტი ქართველები შეიძლება ფიქრობენ, ამდენს ვუთმობთ რუსეთს და ნუთუ ნაბიჯს არ გადმოდგამსო. ყველაზე მეტი, რაც შეიძლება გააკეთოს რუსეთმა, ის არის, რომ ენგურის ხიდის გარდა, ხურჩაში გაგვიხსნას გამშვები პუნქტი, 1-2 ქართული სკოლა გახსნას გალში და ახალგორში 10 დღის ნაცვლად მთელი თვე დაუშვას ქართველი მოსახლეობის მიმოსვლა. თუმცა ამის სურვილსაც ვერ ვხედავთ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“სამაგიეროდ, ცხინვალსა და სოხუმში ყოველთვის ჰქონდათ შიში, რომ თუკი საქართველო უარს იტყვის დასავლეთზე და რუსულ ორბიტაზე გადავა, რუსეთი ტერიტორიებს დაუთმობს საქართველოს. მაგალითად, ინალ ხაშიგი თავისივე პოზიციების მძევალი იყო, ეგონა, რუსეთი დათმობდა აფხაზეთს და, როგორც იქნა, მიხვდა, რომ ეს ილუზიაა. მან აღიარა, რომ თურმე რუსეთი არ აპირებს ტერიტორიების “ჩუქებას”. თუმცა საკმარისია ვინმე რომელიმე ზახაროვამ ან სიმონიანმა მოსკოვში თქვას, ქართველები კარგად იქცევიან და იქნებ გვეფიქრა რაღაც დათმობებზეო, აფხაზეთში აუცილებლად დაუბრუნდებათ შიში, არიქა, `გვთმობენო~. კობახიძემ ერთხელ თქვა, 2030 წელს აფხაზებსა და ოსებთან ერთად გავწევრდებით ევროკავშირშიო, მაგრამ ეს ბოდვაა, ჩვენ 2030 წელს ვერ გავწევრდებით ევროკავშირში. ამ დღეებში კობახიძემ ისევ თქვა, რომ ჩვენ ყველანაირად კარგი პარამეტრები გვაქვს იმისთვის, რომ 2030 წელს მიგვიღონ, რაც ასევე სისულელეა, თუმცა ახლა არ უხსენებია აფხაზები და ოსები და სოხუმში ესეც შეამჩნიეს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ქართულ ოცნებას” არ ადარდებს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი. რომ ადარდებდეთ, შეიძლება ეს კომისია დაეწყო წულუკიანს? ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ კომისიაზე, დღეს ამაზე ლაპარაკი არც შეიძლება. ასე დახურდავება საქართველოს უმთავრესი საქმის, როგორიცაა კონფლიქტების მოგვარება, ყოვლად დაუშვებელია. კომისია უნდა გამხდარიყო ოსებსა და აფხაზებთან სასაუბრო თემა და არა შიდა ურთიერთობის გარჩევების თემა. ამიტომ კითხვაზე, რაში სჭირდებოდათ დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება და რუსეთთან დაახლოება, პასუხია, რომ რუსეთს სჭირდება მოკავშირედ ისეთი სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ მის იმედად იქნება. რუსეთი ახლა ელოდება, საქართველო როდის გადადგამს შემდეგ ნაბიჯს – ეს არის ინსტიტუციური ბმა. ცნობილი ფრაზაა: მოსკოვს ცრემლების არ სჯერა. რუსეთს სჭირდება საქმე, ეს კი არის დიპლომატიური ურთიერთობები დსთ-ში შესვლა, სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრება. თუ საქართველო დაიყოლია სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრებაზე, მაშინ შეიძლება იყოს ლაპარაკი კონფედერაციაზე. მანამდე გამორიცხულია. მაშინ ცალკე აფხაზეთი, ე.წ. სამხრეთი ოსეთი და საქართველო ზარ-ზეიმით შევიდოდნენ სამოკავშირეო სახელმწიფოში”, – განმარტავს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.
“ქართულ ოცნებას” რომ კონტაქტები აქვს აფხაზეთთან, ეჭვი არ მეპარება, თუმცა საუბარი მიდის არა კონფლიქტების მოგვარებაზე, არამედ ვაჭრობაზე, სანქციების გვერდის ავლაზე, ტრანსპორტზე. დარწმუნებული ვარ, საქართველომ ნებართვაც მისცა სოხუმის აეროპორტის გახსნაზე. არ გამოვრიცხავ, მომავალში კონფედერაციაზე ლაპარაკიც იყოს, მაგრამ “ოცნებას” არ უნდა აუტკივარი თავის ატკივება, მას მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება სურს. მე უარესი მგონია – “ოცნება” ძალაუფლების შენარჩუნების გამო მზად არის დათმოს აფხაზეთი და შეინარჩუნოს ე.წ. სამხრეთი ოსეთი, იმიტომ, რომ ის ქვეყნის შუაგულშია, ახლოს გადის ტრანსპორტი, რკინიგზა, გაზსადენები, ნავთობსადენები, ამიტომ ურჩევნია გაცვალოს იმაში, რომ საქართველო რუსულ ორბიტაზე დაბრუნდეს, აფხაზეთში კი რუსეთმა გააკეთოს ის, რაც უნდა. ამ წუთში უსაშინლესი პროცედურა მიდის, რაზეც უნდა ვყვიროდეთ, – აფხაზებსა და ოსებს რუსეთის შიდა მოქალაქეობის პასპორტებს ურიგებენ. ამდენ ხანს აფხაზები და ოსები უცხოეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. ეს სულ სხვა მოქალაქეობაა. ეს ოკუპაცია კი არა, სრული ანექსიაა”, – დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.
“საქართველოს ხელისუფლება მზად არის, არა კონფედერაციაზე, არამედ მთლიანად რუსეთს ჩააბაროს დე ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მართვა ისე, რომ არ აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში. ოსები ამაზე ოცნებობენ, აფხაზებს კი ეშინიათ. მათ კარგად ესმით, ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება მოუვიდეთ, ეს რუსეთის პროვინციად გადაქცევაა, საქართველო კი ამაში ხელს უწყობს. საქართველოს ხელისუფლებას არც აპარტამენტების შესახებ კანონზე ამოუღია ხმა, არც ინვესტიციების კანონზე, არც ბიჭვინთის აგარაკების გადაცემაზე. რა უნდა გააკეთოს? უნდა თქვას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება საოკუპაციო ჯარი, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით”, – მიიჩნევს რესპონდენტი.
“ყაველაშვილი თურქეთში იყო ვიზიტით, სადაც უნდა ყოფილიყო საუბარი იმაზე, რომ შევუერთდეთ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ უსაფრთხოებასა და თავდაცვის სისტემას, ქალაქ შუშის დეკლარაციას, რომლის საფუძველზე ნატოს წევრი სახელმწიფო თურქეთი იცავს და ეხმარება აზერბაიჯანს. ჩვენ მივდივართ ნატოში, აზერბაიჯანი არ მიდის, თუმცა დღეს აზერბაიჯანი უფროა ნატოსთვის მზად მყოფი სახელმწიფო, ვიდრე ჩვენ. მგონი, არც გაუგია ალიევს, რომ მსოფლიოში “გლობალური ომის პარტია” და “დიპ-სტეიტი” არსებობს, იმიტომ, რომ არსებობს მისი მეგობარი თურქეთი და ამიტომაც ვხედავთ, როგორ ელაპარაკება რუსეთს. თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამავე დროს ნატოს წევრი. ჩვენ ვკეტავთ კავკასიონის ყელს შავ ზღვაზე. იმიტომაა საშინელი ჩვენი ხელისუფლების რუსული პოლიტიკა, რომ არ ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებასა და თავდაცვის სისტემებზე, რისი გარანტიაც შეუძლია მოგვცეს თურქეთმა, როგორც ნატოს წევრმა სახელმწიფომ”, – ამბობს ექსმინისტრი.
“როგორც იქნა, აშშ დაინტერესდა სამხრეთ კავკასიით, ფეხი ჩადგა ზანგეზურის კორიდორში 100 წლით. ეს ნიშნავს, რომ აქედან წასვლას არ აპირებს, რომ ზანგეზურს უნდა მიაბას სხვა ინფრასტრუქტურები და ასეთ დროს ყველაზე ეფექტური იქნება ანაკლიის პორტი. ამაზე უნდა იყოს საუბარი და მაშინ აფხაზეთსაც სულ სხვა პერსპექტივები დაუდგება წინ. კავკასიაში უკვე 3 მოთამაშეა: რუსეთი, თურქეთი და აშშ. შავ ზღვაზეა აფხაზეთიც, რომელსაც აუცილებლად შეეხება ეს ცვლილებები და ამ დროს სად არის საქართველო? ყაველაშვილი არ არის ის ფიგურა, რომელსაც ერდოღანი სერიოზულად დაელაპარაკება, მაგრამ თურქეთში ვიზიტისას მაღალი დონის მიღება გაუმართა, რითაც რუსეთს შეატყობინა, რომ გგონია, საქართველო შენია, მე ასე არ ვფიქრობო. ეს ადამიანი მიიღო იმიტომ, რომ სჭირდება არა “ოცნება”, არამედ რეგიონში რუსეთის შევიწროება. ეს უნდა გამოვიყენოთ”, – დასძენს ზაქარეიშვილი.
