სანდრო თვალჭრელიძე – “ოცნება” ხაბეიშვილისგან გმირს ქმნის, არ სურთ, რომ ეს იმიჯი უფრო ჭკვიანი ადამიანისგან გამოიძერწოს”
ყოფილი პროტესტანტი “ოცნების” სიაში და კორუფციული სკანდალები – რა ფაქტორებმა შეიძლება დააკარგვინოს ხმები მმართველ პარტიას
“სიძულვილის ენა ჰაერიდან არ მოსულა, ეს ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმის პირდაპირი სტრატეგიაა” – ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე
* * *
სანდრო თვალჭრელიძე – “ოცნება” ხაბეიშვილისგან გმირს ქმნის, არ სურთ, რომ ეს იმიჯი უფრო ჭკვიანი ადამიანისგან გამოიძერწოს”
“ის, რაც მოხდა ჯუანშერ ბურჭულაძესთან დაკავშირებით, ჩემი შეფასებით, არის “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე დაპირისპირების, ანუ გავლენების ახლებური გადანაწილების შედეგი. გვარს არ დავასახელებ, მაგრამ მიხვდებით, ალბათ, ვისზეა ლაპარაკი. აღმასრულებელ შტოს ყოფილი პრემიერის გუნდისგან სრულად ათავისუფლებენ და ძალაუფლებაში მოდის მეორე ფრთა. ამ ორ ფრთას შორის უკვე მრავალი წელი მიდიოდა დაპირისპირება. როგორც ვხედავთ, ამ ეტაპზე კობახიძის გუნდმა მოახერხა წარმატების მოპოვება. მოკლედ, ეს არის შიდა ბრძოლები, ამ ორივე ფრთის პატრონი კი, ალბათ, ზის და ღიმილით ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს. რაც შეეხება კობახიძის ნათქვამს, რომ კორუფციის ფაქტები მხოლოდ წარსულში ხდებოდა, ამის არ მჯერა. დარწმუნებული ვარ ამგვარი სქემებით ტენდერები დღესაც იმართება. უბრალოდ, დღეს ამას არ ახმაურებენ, მაგრამ მოვა დრო და ესეც გასაჯაროვდება, როდესაც გავლენების ახალი განაწილება დაიწყება ან ხელისუფლება შეიცვლება”, – აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სკანდალური კვირა – ჯუანშერ ბურჭულაძის ქონება, ხაბეიშვილის საქმე და ცემა-ტყეპა მელიქიშვილზე.
“უბრალოდ, ახლა ასე სჭირდებათ და ბურჭულაძის საქმე ამოატივტივეს. სამწუხაროდ, უხისტესი კონტროლის გარეშე კორუფცია ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იღებდა სისტემურ ხასიათს. ის ვერავინ ჩაკლა. მისი სრულად მოსპობა ვერსად მოხერხდა, მათ შორის წამყვან, ტრანსპარანტულ ქვეყნებში, თუმცა გააჩნია მასშტაბსაც. მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა ქვედა და საშუალო დონეზე კორუფციის გაქრობა, სამაგიეროდ, ხელი შეუწყო ელიტური კორუფციის სისტემად ქცევას. გავიხსენოთ ისიც, რომ ჯერჯერობით ყველანი საბჭოთა კავშირიდან მოვდივართ, რომელიც თავისი არსებობის ბოლო 30 წლის განმავლობაში კორუფციაში იხრჩობოდა… რაც შეეხება ხაბეიშვილის “ქრთამს”, ჯერ ერთი, ქრთამს ფარულად აძლევენ, ის კი მთელი ქვეყნის გასაგონად ყველა ეთერში გაჰკიოდა. ჩემი აზრით, მისი ბრალდება იურიდიულად სრულიად გაუმართავი და გაუმართლებელია. ისე ჩანს, რომ “ “ოცნება” ამგვარი აბსურდული ბრალდებით ხაბეიშვილისგან გმირს ქმნის და ვერ გამიგია, ეს რაში სჭირდება. მისგან ოპოზიციონერი ლიდერის იმიჯს ძერწავენ. რა ვიცი, შეიძლება არ სურთ, რომ ეს იმიჯი უფრო ჭკვიანი ადამიანისგან გამოიძერწოს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“ჩემი აზრით, ეს აშკარად პროვოკაციას ჰგავს, როგორც ზოგიერთი ე.წ. ოპოზიციონერის რადიკალური განცხადებები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაზე და ა.შ. ვინც ამას ამბობს, ან პირდაპირ “ქართულ ოცნებაზე” მუშაობენ, ან იდიოტები არიან. არსებობს მოსაზრება, რომ ხელისუფლებას შეეშინდა ხაბეიშვილის მიერ დაქადნებული 4 ოქტომბრის აქციის. ოპოზიციაში ამის რესურსს ვერ ვხედავ, მით უმეტეს პარტიების ასეთი დაქსაქსულობის ფონზე… საზოგადოებაში არის უდიდესი უკმაყოფილება, მაგრამ ვერ ხერხდება მისი აკუმულირება. მთელი უბედურება ის არის, რომ ჩვენი საზოგადოება ალტერნატივას ვერ ხედავს. კი ბატონო, გავუშვით “ოცნება”, მერე რას ვშვრებით? _ აი, ეს კითხვა აწუხებს ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს. ათასჯერ მაქვს ნათქვამი, რომ გამარჯვების მისაღწევად საჭიროა კონსოლიდაცია, მაგრამ ჩვენი ოპოზიცია ოპოზიციურ ფლანგზე ვერ იყოფს ადგილს და წარმოიდგინეთ, ძალაუფლების მიღების შემთხვევაში როგორ დაჭამენ ერთმანეთს. 2012 წელს ივანიშვილმა გამარჯვება სწორედ ოპოზიციის გაერთიანებით მოახერხა”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე ნაკლებად აქტიური იქნება, ელექტორატის დიდი ნაწილი არ მივა საარჩევნო ურნებთან. ოპოზიციას არჩევნებში სრულფასოვნად უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ რადგან ამაზე შეთანხმება ვერ მოხერხდება, საჭირო იყო ერთიანობის შენარჩუნება და ბოიკოტი ყველას უნდა გამოეცხადებინა. ძალა ერთობაშიაო, თუმცა საქართველოში დაქსაქსვა უკეთ გამოგვდის, ვიდრე ერთიანობა. ოპოზიციაში არ ჩანს ფიგურა, რომლის გარშემოც ყველა გაერთიანდებოდა. გადავხედოთ უახლეს ისტორიას: ჯერ ხალხი გაერთიანდა ზვიად გამსახურდიას ირგვლივ და გადააგდეს კომუნისტები, შემდეგ ედუარდ შევარდნაძის, მერე მიხეილ სააკაშვილის და ბოლოს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ. ხალხი მხარს უჭერდა ძლიერ ფიგურას, რომელსაც ყელში ამოსული სისტემის ალტერნატივად მიიჩნევდა. დღეს ასეთი ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ ჩანს. ვიდრე ოპოზიციის გამაერთიანებელი ფიგურა არ გამოჩნდება, მე ასეთი დაქსაქსული ოპოზიციის გამარჯვების, არც არჩევნებით და არც მშვიდობიანი რევოლუციით, არ მჯერა. თავის დროზე ამგვარ გამაერთიანებელ ფიგურად ქცევის შანსი ჰქონდა მამუკა ხაზარაძეს, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსში რომ არ შესულიყო და მათსავით არ დაეწყო ლაპარაკი, შემდგომ თავის შეცდომას კი მიხვდა და პოზიციის შეცვლა სცადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო”, – განმარტავს ექსპერტი.
“რაც კალაძის შტაბთან ვნახეთ, მართლაც გამაოგნებელი იყო. შტაბიდან გამოსული ამხელა კაცები როგორ ურტყამდნენ ქალებს, ზოგიერთი კი შვილისტოლა გოგონებს. ეს ყველაფერი აჩვენებს, რამხელა ფარსია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ტრადიციებზე, ქალის პატივისცემაზე, “კაცი კაცი რომ უნდა იყოს” ლაპარაკი. მაგათთვის მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა, დანარჩენი კი მხოლოდ ცარიელი ლაპარაკია. რომელ ქართულ ძირძველ ფასეულობებზე გველაპარაკებიან, როდესაც ქალს ჯერ შეურაცხყოფა მიაყენა მამაკაცმა, მერე ამის გამო სილა რომ მიიღო, ადგა და ამ ქალს უჩივლა და დააჭერინა… ეს არის ქართული ფასეულობა, ქალის პატივისცემის ტრადიცია? ასეთი პრინციპები უნდა დანერგონ მოსახლეობაში? ეს ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი პოლიტიკური კონიუნქტურა, მლიქვნელობაა… “ქართული ოცნების” ლოზუნგები მლიქვნელური ლოზუნგებია. ეგენი პოლიტიკურ პრაგმატიზმს რომ ეძახიან, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ყველაფერი დაშვებულია. ეს არ არის თანამედროვე, პროგრესული პოლიტიკური პარტიისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ეს უფრო ლათინურამერიკული პოლიტიკური სისტემის მოდელს ჰგავს” , – დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.
“მეგობარი აქტის”კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება ვერ ხერხდება, შესაბამისად, ამ კანონპროექტს ჩვეულებრივ განიხილავენ, რაც, როგორც ამბობენ, გრძელვადიანი პროცესია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ვერ შეცვლის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დინამიკას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი რეგიონის ორივე ქვეყანამ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, დაამყარა პირდაპირი და უშუალო კავშირი ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან. “ქართულ ოცნებას” კი, ისე ჩანს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციასთან საჯარო კი არა, კულუარული არხებიც კი არ შერჩა. სხვათა შორის, ამაზე მეტყველებს ყაველაშვილის მიერ ტრამპისთვის გაგზავნილი ღია წერილიც. “ოცნება~ ძალიან ცუდად იქცევა, როდესაც არაფრის დათმობა არ სურს და ჯიქურ ცდილობს საკუთარი ინტერესების დაცვას ქვეყნის ინტერესების ხარჯზე. საბოლოოდ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ტრამპი მოისურვებს, მაგრამ, როგორც ვატყობ, მან ჩვენთვის ჯერ ვერ მოიცალა, ვერ ჩამოაყალიბა საქართველოს საკითხზე საკუთარი პოზიცია. ჩემი აზრით, თუ აშშ-მა მონახა საქართველოში რეალური ლიდერი, “ოცნებას” დიდი დღე არ უწერია. ამერიკის აქვს იმის გავლენა და ბერკეტები გინდ საჯარო და გინდ კონსპირაციული, რომ რეალურად შეცვალოს აქ ვითარება, თუ, რა თქმა უნდა, მოიცალა ჩვენთვის”, – ამბობს თვალჭრელიძე და შეკითხვაზე – “უცნაურია, რომ “ოცნებაში” აქტივისტ ჩარლი კირკის მკვლელობას ლამის მათზე თავდასხმად განიხილავენ…” – პასუხობს:
“ნებისმიერი ადამიანის მკვლელობა ტრაგედიაა, გინდ მემარჯვენე იყოს და გინდ მემარცხენე. ნებისმიერი შემთხვევაში ტერორიზმი დასაგმობია. ასეთი ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური იმიჯისთვის, არა მგონია, მორალური იყოს, მით უფრო სად ამერიკის შეერთებული შტატები და სად “ქართული ოცნება”. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში ტრამპის მოსაზრებებს ემთხვევა ამათი რიტორიკა, მე არ მიმაჩნია, რომ “ოცნებას” აქვს რაიმე ტიპის ჩამოყალიბებული იდეოლოგია. პოლიტიკური მოღვაწეობის გარიჟრაჟზე ივანიშვილიც და “ოცნებაც” მემარცხენე განცხადებებით გამოირჩეოდნენ, ახლა კი უცებ მემარჯვენეები გახდნენ. ეს ყველაფერი ბლეფია, ისევე როგორც ქართულ ტრადიციებზე აპელირება და მის დამცველებად თავის წარმოდგენა. ისე, სიმართლე რომ ითქვას, ტრამპსაც საკმაოდ მოფაშისტო აზრები აქვს. თუნდაც გავიხსენოთ, რასაც კამალა ჰარისზე ამბობდა. ასე რომ, იმასაც ვერ გამოვრიცხავ, თუ არ გამოჩნდა რეალური ალტერნატივა ქვეყანაში, შესაძლოა “ოცნებასთანაც” დაამყაროს ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციამ…”
ყოფილი პროტესტანტი “ოცნების” სიაში და კორუფციული სკანდალები – რა ფაქტორებმა შეიძლება დააკარგვინოს ხმები მმართველ პარტიას
“არჩევნების წინ მმართველი პარტიის მიერ მიღებულმა ზოგიერთმა გადაწყვეტილებამ თავად ხელისუფლების მხარდამჭერებში გარკვეული დაბნეულობა, უკმაყოფილება და შიდა დისკუსია გამოიწვია. ეს ეხება პირველ რიგში თბილისის საკრებულოს არჩევნებზე “ოცნების” პროპორციულ სიაში 21 წლის ლუკა ძაძამიას ჩასმას, რომელიც გასული წლის ანტისახელისუფლო აქციების აქტიური მონაწილე იყო და ასევე, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს “ოცნების” ხმებზე გავლენას მოახდენს. გარდა ამისა, კითხვები გააჩინა და დაბნეულობა გამოიწვია არჩევნების წინ საუბრებმა იმის შესახებ, რომ შესაძლოა “ოცნების” კიდევ რამდენიმე ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირი დააკავონ კორუფციის ბრალდებით. ამასთან დაკავშირებით უკვე მედიაშიც გაჩნდა კონკრეტული ცნობები. “ფორ.ჯი” თავის წყაროზე დაყრდონით წერს, რომ ანტიკორუფციული სამსახური სწავლობს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის მინისტრობის პერიოდს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმაურიანი დაკავებები, სავარაუდოდ, გაგრძელდება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ყოფილი პროტესტანტი “ოცნების” სიაში და კორუფციული სკანდალები / რა ფაქტორებმა შეიძლება დააკარგვინოს ხმები მმართველ პარტიას.
“ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ლუკა ძაძამიას ფაქტორმა ნამდვილად გამოიწვია უკმაყოფილება “ოცნების” მხადამჭერებში, რისი შედეგიც არჩევნებზე გამოჩნდება. “მე პირადად, რაც ძაძამიას ფაქტორზე სოციალურ ქსელებში ვნახე, ნამდვილად იყო უკმაყოფილება “ოცნების” მხარდამჭერებში. რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და ვის გამო, ნამდვილად ვერ გეტყვით. რამდენად ბევრი უკმაყოფილი აღმოჩნდება, ალბათ ვნახავთ არჩევნებზე. თუმცა მიმაჩნია, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობის დაკარგვა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია”, – აღნიშნა ანჯაფარიძემ. რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ძაძამიას ფაქტორმა “ოცნებას” ხმები დააკარგვინოს. “ალბათ მმართველმა პარტიამ ხმები უნდა დაკარგოს. მით უმეტეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. სააკაშვილის მხარდამჭერი “ოცნებიდან” თავის დროზე ივანიშვილიც იყო, სანამ პარტია შეიქმნებოდა. თუ მაგ პრინციპს მივყვებით, თუ ვინ იყო სააკაშვილის მომხრე, მაშინ ივანიშვილსაც უნდა ეხებოდეს. მასზე არაფერს ამბობენ, რადგან ივანიშვილმა სააკაშვილს ზურგი შეაქცია, როდესაც მისთვის მიუღებელი ნაბიჯები დაინახა და შექმნა ახალი პოლიტიკური რეალობა. იქნებ ამ ძაძამიამაც რამე დაინახა? როგორ ყველაფრის მსაჯულები ვართ ქართველები…” – თქვა საყვარელიძემ, რომლის თქმით, “არ ვიცით რამდენად სწორია ეგ დამოკიდებულება, პოლიტიკის ისტორიამ არაერთი მსგავსი შემთხვევა იცის”, – აღნიშნავს გამოცემა.
“კორუფციული სკანდალებთან დაკავშირებით ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ “ოცნების” მხადამჭერებში ბურჭულაძის საქმე, ანუ კორუფციასთან ბრძოლა უფრო დადებითად აღიქმება, ვიდრე უარყოფითად. “რაც შეეხება ბურჭულაძის დაპატიმრებას და კორუფციის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას, არ მგონია “ქართული ოცნების” მომხრეებში ისეთი დიდი უკმაყოფილება გამოიწვიოს, რომ მათ უარი ათქმევინოს “ოცნების” მხადაჭერაზე. თუმცა, შეიძლება რაღაც კითხვები გაჩნდეს – რატომ ახლა და აქამდე სად იყვნენ. მე მაინც ვფიქრობ, რომ კორუფციასთან ბრძოლის ფაქტები ამომრჩეველთა უმეტესობაში უფრო დადებითად აღიქმება, ვიდრე უარყოფითად”, – თვლის ანჯაფარიძე. რამაზ საყვარელიძე ასევე მიიჩნევს, რომ “ოცნების” მხარდამჭერებში ბურჭულაძის დაკავება უაყოფითად არ მოქმედებს”, – განაგრძობს გამოცემა.
“ვფიქრობ, ეს საკითხი პირიქით, “ოცნების” ამომრჩევლებზე დადებითად იმოქმედებს, რადგან ფაქტია, ბურჭულაძის ცოდვების ამოტივტივებას არაფერი აიძულებდა და მაინც ჩაჯდა იმაში, რომ ხელისუფლება თავიანთი გუნდის წევრების მიმართაც დაუნდობელია, თუკი კორუფცია გამოვლინდა. ჩვენ ვიცით, რომ ანალოგიური კორუფციის ბრალდების აჩრდილი ტრიალებდა სხვა ფიგურებთან დაკავშირებითაც, რომლებმაც ძალაუფლება დაკარგეს. ასე რომ, ჯერჯერობით არის ეს სტილი, თუმცა საკმარისი სიმკაცრით არ არის გატარებული, რომ “ოცნება” კორუფციას ებრძვის”, – ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“სიძულვილის ენა ჰაერიდან არ მოსულა, ეს ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმის პირდაპირი სტრატეგიაა” – ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე
“სიძულვილის ენა უბრალოდ, ჰაერიდან არ მოსულა. ეს ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმის პირდაპირი სტრატეგიაა, ის სიძულვილის ენით ამყარებს ერთგვარ კონტროლს იმის ხარჯზე, რომ საზოგადოებას ყოფს 2 ჯგუფად და შემდეგ ამ ჯგუფებს ქვე-ქვეჯგუფებად, რადგან როდესაც საზოგადოება ერთიანია, ერთიანდება გარკვეული იდეის გარშემო, მისი მართვა, კონტროლი და დამორჩილება რთულია. ავტორიტარული რეჟიმისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს ტოტალური კონტროლი აბსოლუტურად ყველაფერზე. როცა კონტროლი დამყარებულია მხოლოდ შიშზე, ადამიანი წყვეტს რაციონალურად აზროვნებას და ემორჩილება, რადგან მასში გადარჩენის ინსტინქტი არსებობს, რისიც ეშინია, იმ შიშის მორჩილი ხდება. მეორე და მნიშვნელოვანი ამ სტრატეგიაში არის სიძულვილის ენის სტანდარტიზაცია – “ჩვენ ასე ვლაპარაკობთ!” ანუ არსებობს ჯგუფი, ჩვენიანები, და არსებობს მტერი”, – აცხადებს ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პოლარიზაციის ფსიქოლოგია ანუ „შტურმი“ ფსიქიკაზე.
“იმ მტრის დეჰუმანიზაცია ხომ უნდა მოხდეს, თუ რატომ არის მტერი, რომ ის ხელს უშლის, მაგალითად, ქვეყნის განვითარებას, რომ საქართველო იყოს სუვერენული… ადამიანი სოციალური არსებაა, რომელიც ურთიერთქმედებს გარემოსთან ანუ ჩვენი თითოეული რეაქცია განპირობებული იმ სიგნალით, რომელსაც გარემო უშვებს. შესაბამისად, მე, რომელიც შეიძლება ვარ მშვიდი, ხალხის მოსიყვარულე, კეთილი, თუკი ვეფლობი გარემოში, სადაც არის სიძულვილის სტანდარტი და ჩემკენ უშვებენ შეურაცხმყოფელ მესიჯებს, ცდილობენ გამანადგურონ, წამართვან ღირსება, ჩემი დეჰუმანიზაცია გამოიწვიონ, ჩემი რეაქცია იცვლება და მე ვრეაგირებ ამ ყველაფერზე. ეს ერთმანეთზე მიბმული პროცესია. მაგალითად, თუ შევხედავთ მთავრობის დაფინანსებულ ფბ-გვერდებს, იოლი მისახვედრია, რამდენს ხარჯავენ პროპაგანდისტულ მესიჯბოქსებზე – უთუოდ დიდძალი თანხებია. ამით მას აქვს დიდი შესაძლებლობა, მოიცვას საზოგადოების უდიდესი ნაწილი და ის მეორე ჯგუფი, რომელიც ამის საწინააღმდეგოდ ცდილობს გალაშქრებას, ამ სიძულვილის ენასთან ძალიან წამგებიან პოზიციაშია, ფაქტობრივად თავდაცვის რეჟიმშია”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელენე ჯაფარიძე.
“როდესაც გეძახიან ფაშისტს, რადიკალს, უსამშობლოს, მახინჯს, არაქალს, ყველაფერს, რაც გილახავს ღირსებას და გართმევს ყველაფერ იმას, რაც გიშენებია, რითიც თავს იწონებდი, რომ ხარ ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე, სიძულვილით სავსე მესიჯების გასანეიტრალებლად, საპასუხოდ, იწყება ბრაზის გამოსაშვები მესიჯები. მეორე მხრივ, ფსიქოლოგიურად როგორი განმარტება და ახსნაც არ უნდა ჰქონდეს, ეს პროცესები ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან – მე ცუდად მეპყრობა და შესაბამისად, ჩემი რეაქციაც შესაბამისია. ფაქტობრივად, ყველა სივრცეში ტოქსიკურ ურთიერთობაში ვართ. ადგილი აღარ დარჩა დადებითისთვის, ჰარმონიულისთვის, სიკეთისთვის. ეს ყველაფერი მოქმედებს ძალიან მძიმედ, რადგან სულ გადარჩენის, ბრძოლის, თავდაცვის პოზიციაში ხარ, მუდმივად დაძაბული. ვაკვირდები ხოლმე ჩემი მეგობრების, პაციენტების, თანამებრძოლების სხეულებრივ დაჭიმულობას, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს, თუ რა ზეგავლენას ახდენს მთელი ეს სიძულვილი ჩვენზე, არა მარტო ფსიქიკაზე, არამედ სხეულზეც კი. გიჭირს მოდუნება, რომ ცოტა ხნით საკუთარ თავს დაუკვირდე, რა კარგია ცხოვრება, ვინ ვარ მე, რა მიყვარს, რისთვის მოვევლინე სამყაროს – ეს ყველაფერი გამქრალია”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“აგრესია და სიძულვილის სტანდარტია დაწესებული, რომ თქვენ ხართ მტრები, ჩვენ ვართ მართლები! შეუძლებელი ადამიანი ამ ვითარებაში დიდხანს ჯანსაღი დარჩეს. სიჯანსაღე არის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური კეთილდღეობა. როცა ასეთი ბზარია სოციალურ კეთილდღეობაში, სადაც წახალისებული უსამართლო აგრესია, დევნა და რეპრესია, ფსიქიკა ზიანდება და იწყება ფსიქოსომატიკა. ამ მთელ შლამს, რომელშიც გვიწევს ყოფნა, ამდენ უსამართლობას, ვერ ინელებს ფსიქიკა… ამას სენსორული ანესთეზია ჰქვია – პაციენტი მოდის და გეუბნება: ვეღარაფერს ვგრძნობ, მხოლოდ ემოციურად კი არა, ფიზიკურადაც, რა დამემართა, არ ვიციო. დაემართა ის, რომ იმდენ უსამართლობას უყურა, რომ ფსიქიკას ამის ატანა აღარ შეუძლია. როდესაც სხვისი ტანჯვის შემსწრე ხარ ან გვესმის სხვისი ტანჯვის შესახებ, ვხედავთ მომიტინგეების დარბევას, ვიცით, რომ გვყავს პოლიტპატიმრები და ა.შ., სავსებით ბუნებრივია, დაგემართოს ასეთი ფსიქოსომატური დარღვევა. ჩვენ ამას დარღვევას ვუწოდებთ, სინამდვილეში კი ეს გადარჩენის მექანიზმია _ აღარ შეგიძლია ამ ტკივილის გაძლება და ფსიქიკამ უნდა გადაგარჩინოს”, – ამბობს ფსიქოლოგი.
“ხშირად მეკითხებიან, როგორ გადავრჩე ამ საყოველთაო სიძულვილშიო. ჩვენ უფრო მაღალი სტანდარტი უნდა გვქონდეს – რასაც ერთი მხარე კადრულობს, ჩვენ არ ვკადრულობდეთ, მაგრამ ხშირად არ გამოდის, ხელს გიშლის ღირსების შელახვის გამო ბრაზი. როდესაც მირტყამ უსამართლოდ, გსურს ფიზიკურად და მორალურად გამანადგურო, რასაც წარმოვადგენ, ყველაფერი გააბათილო და წაშალო, მე აუცილებლად უნდა გამოვხატო რეაქცია, რადგან გამოუთქმელობა უფრო გამანადგურებს, იმიტომ, რომ ბრაზი შიგნიდან გჭამს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ინდივიდუალური ტრავმები, პრობლემები არსად წასულა, ამას ემატება კოლექტიური აგრესიული ველი, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც თითოეულ ინდივიდუალურად გადაუმუშავებელ ბრაზს უფრო აძლიერებს. თუ ეს ვატარე, არ გამოვთქვი, არ გამოვხატე, უმოქმედო ვხდები, მთელი ენერგია იმაში მიდის, რომ ჩემი კოლოსალური ბრაზი მოვთოკო და ვხდები უუნარო, მაქვს დაღლილობის განცდა, გადავდივარ აპათიაში, აღარაფერი მაინტერესებს ან მეორე უკიდურესობაა _ ვფეთქდები, ოღონდ ვფეთქდები არა ერთხელ, არამედ პერმანენტულად”, – განმარტავს ელენე ჯაფარიძე.
“მეუბნებიან, ისეთ რაღაცაზე ვფეთქდები, რაზეც, ვხვდები, რომ არ უნდა ავფეთქდეო. ასე იმიტომ ხდება, რომ მაგალითად, როცა შეიძლება მიტინგზე ავფეთქდე რომელიმე ტიტუშკასთან ან პატრულთან, ვიცი, რომ ძალიან დიდი საფრთხე მემუქრება, მაგრამ სადღაც ხომ უნდა წავიდეს ეს ენერგია, ვეღარ ვიკავებ, სავსე ვარ და ნაწილ-ნაწილ, პატარ-პატარა დოზებად გამოდის ყველაზე უსაფრთხო ადგილებში, იმისთვის, რომ დავიცალო და შევძლო ამოსუნთქვა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი სუბლიმირდება რაღაც სხვაში და საბოლოოდ მაინც უკმაყოფილო ვარ, რამეთუ ადამიანის ფსიქიკას სჭირდება, რომ გარემოდან მოსულ სიგნალს დაუბრუნოს თავისი რეაქცია. თუ ვერ უბრუნებს ან აბრუნებ სხვაგან, მაშინ წაგებული ხარ და რამდენჯერაც არ უნდა ავფეთქდე, როგორც არ უნდა გამოვხატო, რამდენი პოსტიც არ უნდა ვწერო ფბ-ზე, მაინც არ მექნება განცდა, რომ ეს საკითხი დაიხურა. ეს ბოლოს აუცილებლად მიგვიყვანს გამოფიტვამდე”, – ამტკიცებს ფსიქოლოგი.
“ჩვენი საზოგადოების დიდი ტრაგედიაა, რომ ამ ყველაფერს უყურებენ ბავშვები. მათ აქვთ ფანტასტიკური “როლური მოდელი”, რომ ასე ქცევა შეიძლება ნორმაა. ისინი ხომ ჩვენგან სწავლობენ ქცევას. ხედავენ, რომ შეიძლება ქუჩაში მომიტინგეებს სცემო, ვიღაცები დააშინო, რომ ძლიერი და აგრესორი იმარჯვებს, რომ მისია ეს სამყარო. ჯუნგლის კანონები დაკანონდა და გაიმარჯვებს ის, ვინც არის ძლიერი. რამდენიც არ უნდა აუხსნა ბავშვს, რომ ეს არაა სწორი, მისი რეალობა განსხვავებულია და ამ რეალობიდან გამომდინარე მოქმედებს. ბავშვი იღებს უცნაურ და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. ერთია, რას ვასწავლით და მეორე – რას ხედავს. უჩნდება კითხვები მოვიქცე ისე, როგორც მშობელი მარიგებს და შემდეგ დავიჩაგრო, თუ მოვიქცე ისე, როგორც ინსტინქტი მკარნახობს, რომ გადავრჩე… მოზარდებში, რომელთაც გარდატეხის პერიოდი აქვთ, ჩნდება კითხვა: “ვინ ვარ მე?” და ხდება ჯგუფთან იდენტიფიკაცია – როგორ ჯგუფთან უნდა ვიდენტიფიცირდე, რომ ვიყო ის, ვინც მე მინდა ვიყო. გინდა იყო სამართლიანი და კეთილი, მაგრამ გარემო აბსოლუტურად სხვაა. ხედავ, რომ სამართ”, – დასძენს ელენე ჯაფარიძე და შეკითხვაზე – “გამოსავალი რა არის?” – პასუხობს:
“საყოველთაო გამოსავალზე ვერ ვილაპარაკებ. ინდივიდუალური გამოსავალი, რომელსაც თავად ვიყენებ, როცა ვგრძნობ, რომ სავსე ვარ ტოქსინითა და აგრესიით, არის ის, რომ შევზღუდო სოცმედია, გავაცნობიერო, რომ რამდენიც არ უნდა ვლანძღო მოწინააღმდეგე მხარე, ამით მხოლოდ და მხოლოდ ბოლს ვუშვებ. ჩემი შინაგანი რეაბილიტირება არ ხდება, ფსიქიკა ვერ ამუშავებს, აგროვებს სხეულში და იწყება მძიმე ფსიქოსომატური დარღვევები. ჩემს თავზე ზრუნვა ნიშნავს, რომ ბრაზი სხეულიდან გამოვიტანო და რაღაც უსაფრთხოში ჩავდო, იქნება ეს სპორტი თუ ხელოვნება. მაგალითად, რაღაც დავხატო, დავწერო, ვირბინო იმიტომ, რომ უნდა გადავრჩე! ერთმანეთის გამხნევებაც უნდა შეგვეძლოს: მესმის შენი ბრაზი, მაგრამ კი არ ვხარშოთ ერთმანეთი ამ ბრაზში, გავიაზროთ, რომ ამის გარდა არსებობდეს სივრცე სხვა თემისთვის. ბრაზობენ ხოლმე, როდესაც ამას ვეუბნები ჩემს მეგობრებს, აქტივისტებს, როგორ შეიძლება სხვა თემა არსებობდესო?! უნდა არსებობდეს! ეს არ ნიშნავს, რომ სხვა თემამ გადაფაროს ყველაფერი, მაგრამ 10%-ით მაინც რაღაც უნდა არსებობდეს, სადაც მე ამოვისუნთქებ და გაჩნდება პოზიტივისთვის სივრცე”.
