ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2024

ვახტანგ ძაბირაძე – ეზრას არზა ანუ სინამდვილეში რა მისიით ჩამოვიდა ამერიკელი მაღალჩინოსანი თბილისში?!
რაც არ გვკლავს, არჩევნებს მოგვაგებინებს? – როგორ აისახება ტრამპზე თავდასხმა საპრეზიდენტო არჩევნებზე
თენგიზ ფხალაძე – “დიახ, დასავლეთს სჭირდება საქართველო, მაგრამ…“
“ოცნებაზე” დასავლეთიდან წნეხი იზრდება – როგორ შეიძლება განვითარდეს პარტნიორებთან ურთიერთობა
ირაკლი მელაშვილი – “ვინც უნდა გადატეხოს “ქართული ოცნების” ბატონობა წელში, ის მთავარი ძალა ჯერ არ გამოკვეთილა”
* * *
ვახტანგ ძაბირაძე – ეზრას არზა ანუ სინამდვილეში რა მისიით ჩამოვიდა ამერიკელი მაღალჩინოსანი თბილისში?!
“ჩემი აზრით, ასეთი მაღალი რანგის მოხელის საქართველოში ჩამოსვლას ხელისუფლებასთან ურთიერთობის გარდა, სხვა გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ ეს ვიზიტი გამიზნული იყო არა მარტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის დასამყარებლად, არამედ მოსახლეობის ფართო აუდიტორიის ინფორმირებისთვის, რამეთუ ჩვენს ხალხს გაცილებით კარგად დაენახა, რა ურთიერთობების ჩამოყალიბებას ცდილობს საქართველოსთან და ამ ურთიერთობების შედეგად მას რა მოლოდინი აქვს. ის სამი გზავნილი, რაც ქალბატონმა ეზრა ზეიამ გაახმაურა, ჩვენთვის, პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ჩახედულთათვის, ისედაც ცხადი იყო, მაგრამ ამას ისევ და ისევ გაესვა ხაზი, რადგან ჩვენი ხელისუფლება კვლავინდებურად ცდილობს საზოგადოება შეაცდინოს თავისი თავხედური, ანტიდასავლური პროპაგანდით, რითაც, შეიძლება ითქვას, ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა…” – აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ეზრას არზა ანუ სინამდვილეში რა მისიით ჩამოვიდა ამერიკელი მაღალჩინოსანი თბილისში?!
“სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სავსებით ნათელი განცხადებები გააკეთა როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების გასაგონად. თუ ამას `ქართული ოცნება~ ისევ არ გაითვალისწინებს და ისევ გააგრძელებს ამ გაუგონარ პოლიტიკას, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ პარტნიორული ურთიერთობები დასავლეთთან, რაც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, ვეღარ გაგრძელდება. ცხადი იყო აქამდეც, რომ დასავლეთს, კერძოდ, აშშ-ის ხელისუფლებას, ჩვენს დასავლური გზიდან გადახვევაზე აუცილებლად ექნებოდა რეაქცია. ვფიქრობ, ეს სულ უფრო მძიმე სახეს მიიღებს, თუ ხელისუფლება გონზე არ მოეგება. არ ველი, რომ “ქართული ოცნება” ხვალიდან ისევ დასავლურ რელსებზე დადგება, მაგრამ, ვიმედოვნებ, რაღაცას მაინც შეცვლის – სხვა თუ არაფერი, ამ შეურაცხმყოფელ ბრალდებებს მაინც მოეშვება. ჩემი აზრით, კულუარულად აუცილებლად იქნებოდა ლაპარაკი ს შემდეგ “ქართული ოცნებისთვის” უსაფრთხოების გარანტიებზეც. სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რა იქნება არჩევნებზე და როგორ გადაწყდება უახლოესი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის მართვის საკითხი. ჩემი აზრით, ამ შეხვედრის შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს უკან დახევა და ანტიდასავლური რიტორიკის შერბილება”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“არ გამოვრიცხავ, პირისპირ საუბრისას სცადეს დაერწმუნებინათ ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომ ეს რიტორიკა თითქოს ს შესაძლო აგრესიის შესარბილებლად სჭირდებათ, ამის მიღმა კი ისინი დასავლური კურსის ერთგული არიან, თუმცა ამას ბავშვიც აღარ დაიჯერებს. ამ ვიზიტის დროსაც გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, როგორ ჩატარდება არჩევნები ოქტომბერში და პირველ ყოვლისა ქართველი საზოგადოების რა რეაქცია მოჰყვება მის შედეგს… “ოცნების” ხელისუფლებამ არაფერი შეისმინა და პარტნიორები იძულებული გახდნენ გადასულიყვნენ მოქმედებებზე. კარგა ხნის განმავლობაში `ქართული ოცნება~ ცდილობდა ჩვენი საზოგადოების დარწმუნებას, თითქოს ჩვენი პარტნიორები მხოლოდ განცხადებებს დასჯერდებოდნენ და ყველაფერი კარგად იქნებოდა. ისინი იძულებული გახადეს არა მხოლოდ გადაწყვეტილებები მიეღოთ, არამედ საჯარო განცხადებებიც გაეკეთებინათ, რათა ქართველ საზოგადოებას გაეგო, რა პრეტენზიები აქვს დასავლეთს ჩვენს ხელისუფლებასთან. განემარტათ, მართლა “ომის პარტიას” წარმოადგენენ და ჩვენს იდენტობას ემუქრებიან, თუ ბოლო 30 წლის განმავლობაში გვეხმარებოდნენ განვითარებაში, სახელმწიფოებრიობისა და სწორედ რომ იდენტობის შენარჩუნებაში”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ოცნება” ღრმა ჩიხში შევიდა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში, როცა პარტნიორს “მტერს” და “ომის პარტიას” უწოდებ, მისგან პარტნიორულ ურთიერთობას აღარ უნდა დაელოდო. შექმნილი უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლა ძალიან გაჭირდება, თუმცა ვიმედოვნებ, “ოცნება” მომავალ არჩევნებში ვეღარ გაიმარჯვებს. ჯერჯერობით, ოპოზიცია სწორი მიმართულებით ყალიბდება. ჩემი აზრით, ბოლო აკორდი დარჩა, თუ მასაც სწორად “აიღებენ”, “ქართულ ოცნებას” გამარჯვების შანსი არ დარჩება… ჩვენ დროს ვკარგავთ არა მხოლოდ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ და საჭირო დროსაც ვკარგავთ. ისევ ღრმა ჭაობში შევდივართ, ამიტომაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის “ქართული ოცნება” გახდა უცხო პოლიტიკური ძალა, რომელიც მის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ასეთ ვითარებაში როგორ აპირებენ არჩევნებზე გასვლას, ძალიან საინტერესოა. მაგათი პროპაგანდა აღარ მუშაობს. თუ სადღაც კიდევ მუშაობს, ჩემი აზრით, ისეთი მცირე შედეგი მოაქვს, რომ “ქართულ ოცნებას”არ უშველის”, – მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე – “როგორ შეიძლება აიხსნას “ოცნების~ ბოლოდროინდელი პოლიტიკა: როგორც პრორუსული კურსი, თუ დიდ გეოპოლიტიკურ რუკაზე პოლიტიკური ბალანსის პოვნის მცდელობა?” – პასუხობს:
“ამაზე მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გამოვთქვათ. ერთი ნამდვილად ცხადია, ვინაიდან ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები ერთი პირია, ეს ყველაფერიც სწორედ მას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ყველაზე დამაჯერებელი ვერსია მაინც ის არის, რომ შესაძლოა ივანიშვილს რუსეთიდან მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ. დააკვირდით, მისი შვილები მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტული – ერთი საფრანგეთშია, მეორე ბრაზილიაში, მესამე აშშ-ში, უმცროსი კი საქართველოში… ისეთი შთაბეჭდილება რჩება, გადამალული ჰყავს შვილები. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევაც სწორედ ამით აიხსნება – ივანიშვილის უსაფრთხოების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა. რუსეთი, მოგეხსენებათ, რა ქვეყანაც არის და მისი სპეცსამსახურებიდან მსგავსი მუქარაც და მისი შესრულებაც სრულიად მოსალოდნელია. გარდა ამისა, მისთვის გაურკვეველია, რა მოხდება -რუსეთის ომში, ამიტომ ცდილობს შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი იმის იმედით, რომ ამგვარად რუსეთს არ გააბრაზებს, გაბრაზებული დასავლეთისგან კი დიდ საფრთხეს ვერ ხედავს და შემორიგების იმედიც აქვს”.
“კიდევ ერთი ვერსია ის არის, რომ ხელისუფლებაში ჩამოყალიბდა კლანი (ეს ახალი არ არის, იგივე ხდებოდა სხვა ხელისუფლებების დროს), რომელიც დაინტერესებულია თავისი ეკონომიკური სარგებლით, საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ყველაფრის გამო ხელს ბიძინა ივანიშვილს შეახოცავენ. ამასთანავე, შესაძლოა ივანიშვილი ეძებს გარანტიებს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ისევე, როგორც შევარდნაძისა და სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა, როდესაც მათ ხელისუფლებიდან წასვლამ მოუწიათ… ვერ გამოვრიცხავთ, ცდილობდეს დასავლეთისგან გამოივაჭროს ეს გარანტიები დამარცხების შემთხვევაში. რაც შეეხება ოპოზიციას, ძალიან კარგია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ბაზაზე 2 პოლიტიკური ძალა შეიქმნა. ორივე მუშაობს “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველზე, რომელიც არის ძალიან მყარი და ერთგული. როდესაც ვთქვი, პროცესი სწორად ვითარდება-მეთქი, ვიგულისხმე, რომ აუცილებელია მაქსიმალურად მოხერხდეს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მისვლა არჩევნებზე, თან ისე, რომ არავის ხმა არ დაიკარგოს, ანუ ყველა ანგარიშგასაწევმა ძალამ მოახერხოს ბარიერის გადალახვა, აი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ძლიერი გაერთიანებების შექმნა და ელექტორალური რესურსის სრულად ათვისება. მიმაჩნია, რომ ეს ორი ძალა ე.წ. ნაციონალური ელექტორატის სრულ მობილიზებას შეძლებს. ამ ფლანგზე არის კიდევ ერთი პარტია, “ევროპული საქართველო”, უმჯობესი იქნება, ის ერთ-ერთ ამ ცენტრში გაერთიანდეს, რადგან, ფაქტია, ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს”, – დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“ვფიქრობ, არც “ნაციონალური მოძრაობის” ახალ პლატფორმას და არც “ახალთან” შექმნილ გაერთიანებას არ გაუჭირდება საარჩევნო ბარიერის გადალახვა. ახლა საინტერესოა, ვინ იქნება პირველი და ვინ -_ მეორე. ვიმეორებ – ოპოზიციური ძალების უმთავრესი ამოცანაა, მათ ხმები არ დაკარგონ, ანუ ყველამ, ვინც ოპოზიციიდან მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. რჩება ელექტორატის უმნიშვნელოვანესი ნაწილი – ე.წ. შუაშისტური ამომრჩეველი. სწორედ ამიტომ არ მივესალმებოდი “ახლების”, “დროასა” და “გირჩი – მეტი თავისუფლების” გაერთიანებაში “ლელოს” შესვლას. “ლელო” ამ გაერთიანებას ბევრს ვერაფერს შესძენდა, მაგრამ ელექტორალურად ბევრს დაკარგავდა. მნიშვნელოვანია, რომ “ლელომ” გაერთიანება ჩამოაყალიბოს გახარიას პარტიასთან, ასევე ანა დოლიძისა და ს პოლიტიკურ ძალებთან. თუ ეს ჯგუფი შეიკვრება, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციური ელექტორატის შუაშისტურ ნაწილს ეს გაერთიანება სრულად წაიღებს”, – განმარტავს რესპონდენტი.
“ანუ, ერთი მხრივ, სრულად ათვისებული “ნაციონალური” ელექტორატი და მეორე მხრივ, ეს გაერთიანება ნიშნავს, რომ გადასანაწილებელი ხმები, ფაქტობრივად, აღარ დარჩება. არჩევნებში ბევრი პარტია მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ისინი 0,01%-საც ვერ აიღებენ, შესაბამისად, მათ გამო არც ოპოზიციური ხმები დაიკარგება. ამაზე უნდა იფიქრონ “ლელოსა” და გახარიას პარტიაში. ჩვენ ვდგავართ ძალიან რთული არჩევნების წინაშე, მათ ახლა სოციალური გამოკითხვებით, ცალ-ცალკე შეიძლება 5%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამდენივეს მიღებას შეძლებენ არჩევნებზე, ამისთვის ყველაფერს გააკეთებს მმართველი პარტია. ისინი მზად უნდა იყვნენ ბრძოლისთვის, რაც ერთიანი ძალით გაცილებით ადვილი იქნება. როდესაც ვახსენე, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ბოლო აკორდია ასაღები-მეთქი, სწორედ ამ გაერთიანების შექმნას ვგულისხმობდი. ვიმედოვნებ, საკუთარ ამბიციებს და ურთიერთწყენას დაივიწყებენ “ლელოსა” და გახარიას პარტიაში და შეძლებენ თანამშრომლობას”, – დასძენს ექსპერტი.
რაც არ გვკლავს, არჩევნებს მოგვაგებინებს? – როგორ აისახება ტრამპზე თავდასხმა საპრეზიდენტო არჩევნებზე
ს მოკვლის მცდელობის შემდეგ ბევრი მიმომხილველი დარწმუნებულია, რომ ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია – დემოკრატებმა ბაიდენი რომც შეცვალონ, რაზეც ბოლო დროს ბევრი საუბრებია, ტრამპი, თავდასხმისგან გადარჩენის მომენტის ტალღაზე, არჩევნებს უცილობლად მოიგებს. მანამდე კი მომხდარზე უამრავი ვერსია და შეთქმულების თეორია ვრცელდება. ბევრი, არც მეტი არც ნაკლები, პოლიტიკური შეკვეთის კვალს ხედავს, ზოგი კი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ტრამპი უეჭველი სიკვდილისგან შემთხვევითობამ იხსნა, როცა მან გასროლის მომენტში თავი სხვა მხარეს შეატრიალა. ახლა უკვე ცნობილია, რომ ყურის არეში ჭრილობა მსუბუქია და ტრამპი საარჩევნო კამპანიას აგრძელებს. მოკლულია ორი ადამიანი, მათ შორის სავარაუდო კილერი და ტრამპთან ერთად ტრიბუნაზე მყოფი მისი მხარდამჭერი. მიტინგის კიდევ ორი შემთხვევითი დამსწრე მძიმედაა დაშავებული”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რაც არ გვკლავს, არჩევნებს მოგვაგებინებს? – როგორ აისახება ტრამპზე თავდასხმა საპრეზიდენტო არჩევნებზე.
“სამართალდამცველებმა მსროლელის იდენტიფიცირება შეძლეს – ეს არის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი. ფედერალურმა საგამოძიებო სამსახურმა და პენსილვანიის შტატის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ერთად მუშაობენ გამოძიებაზე. თავდასხმა სწორემ ამ შტატის ქალაქ ბატლერთან მოხდა, სადაც ტრამპი საარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოდიოდა. ტრამპმა საკუთარ სოციალურ მედია-პლატფორმაზე დაწერა, რომ “ტყვიამ მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გახვრიტა. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა, მომესმა წივილის და გასროლის ხმები, ვიგრძენი, რომ ტყვიამ კანი გახვრიტა. როცა ბევრი სისხლი წამოვიდა, მივხვდი, რა ხდებოდა”. თავდასხმა საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა ტრამპის პიარ ჯგუფმა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის ფოტო და ვიდეომასალა ჰეროიკულ სტილში. ერთ-ერთი ასეთი ილონ მასკმა `იქსზე” (ყოფილი ტვიტერი) გააზიარა. მანვე მოგვიანებით გადააზიარა კიდევ ერთი პოსტი, სადაც კონსერვატორი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი აცხადებს, რომ “ამერიკა სწრაფად მიექანება ტრამპის მკვლელობისკენ”. აქ საუბარია კარლსონის შარშანდელ განცხადებაზე, რომლის გამოც ის ენბისის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში შეთქმულების თეორიების გამავრცელებლად შერაცხეს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ასევე ვრცელდება ბევრი ამერიკელი სამხედროსა და სპეცრაზმელის მოსაზრება, რომლებიც ერთხმად ამტკიცებენ, რომ თავდასხმას წინ უძღოდა დაცვის სამსახურის უხეში შეცდომები. მაგალითად, ერაყის ომის ვეტერანი ბლეიკ ჰოლი ტვიტერზე წერს: “მე ვიყავი ჩემი ბატალიონის სნაიპერების დასაქმების ოფიცერი და ვხელმძღვანელობდი ასობით საბრძოლო მისიას. უსაფრთხოების გეგმაში იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები, რამაც მსროლელს საშუალება მისცა პრეზიდენტ ტრამპისთვის 130 მეტრიდან ესროლა – ის იოლი სამიზნე იყო”. სხვათაშორის, ბლეიკის ეს ტვიტი ვირუსულად გავრცელდა და მისმა პოპულარობამ 10 მილიონს გადააჭარბა. ახლა, სანამ გამოძიება რაიმე ხელშესახებ შედეგს დადებს, ყველაზე აქტუალურია კითხვა, როგორ აისახება ეს არჩევნებზე და რამდენად გაიზარდა ალბათობა იმისა, რომ ტრამპმა გაიმარჯვოს? ამ საკითხზე ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტრამპი ამით პოლიტიკურ ქულებს აუცილებლად დაიწერს და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწევს. თუმცაღა მათი გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ არაფერი შეიცვლება და ვინც ბაიდენს მხარს უჭერდა, ისევ მის მხარეს დარჩება”, – განაგრძობს გამოცემა.
“პარალელურად „ოცნებაში” უკვე ორაზროვნად მიანიშნებენ “გლობალური ომის პარტიის” ხელწერაზე. “გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს”, – დაწერა პრემიერმა ირაკლი მ ფეისბუქში. “რა თქმა უნდა, ეს ინციდენტი ტრამპის რეიტინგის ზრდას ხელს შეუწყობს. ის ჩაგრული მსხვერპლის როლში გამოვა, ეს კი ნებისმიერ საზოგადოებაში კანდიდატის მიმართ სიმპათიას იწვევს, მიუხედავად რაღაც წინააღმდეგობისა. ამრიგად, მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის წინაასარჩევნოდ პოლიტიკურ ქულებს დაიწერს”, – აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, მისი ამომრჩევლების რაოდენობა ძალიან არ გაიზრდება. მისი თქმით, “ამ შემთხვევას ფრაზა “რაც არ გვკლავს გვაძლიერებს” ზუსტად შეესაბამება. ამით მას ქულები დაეწერა, თუმცა საეჭვოს მისი ამომრჩევლების რაოდენობა ძალიან გაიზარდოს”, – დასძენს გამოცემა.
ანჯაფარიძის აზრით, გამორიცხული არაა გამოძიებამ ისეთი შედეგები დადოს, რომ სახელმწიფომ არც გაასაჯაროვოს. “სამწუხაროდ ჩვენ ალბათ ვერაფერს გავიგებთ რა მოტივაცია ჰქონდა თავდამსხმელს, რადგან იგი უკვე ლიკვიდირებულია და ვეღარაფერს იტყვის. იმედია საგამოძიებო სტრუქტურები გამოიძევენ, მაგრამ შესაძლოა ისეთი შედეგები დაიდოს, რომ სახელმწიფომ მისი გასაჯაროვებისგან თავი შეიკავოს, როგორც ეს ექსპრეზიდენტ ჯონ კენედის შემთხვევაში მოხდა. ალბათ ეფ-ბი-აის მხრიდან რაღაც ვერსიას ვიხილავთ”, – თვლის ანჯაფარიძე”, – წერს სტატიის ავტორი.
“აშკარაა, რომ ტრამპმა ამით სერიოზული უპირატესობა მოიპოვა, თან ბაიდენს არჩევნებში წარმატების მისაღწევად ისედაც პრობლემები ჰქონდა. სამწუხაროა, ტრამპზე ასეთი ტერაქტი განხორციელდა და კარგია, რომ გადარჩა. მას ისეთივე მკაფიო მხარდამჭერები ჰყავს, როგორც ბაიდენს. “რესპუბლიკელებსა” და “დემოკრატებს” მკვეთრად გამოხატული ამომრჩეველი ჰყავს. ვინც ტრამპისთვის ხმის მიცემას არ აპირებდა, ის არც ახლა დაუჭერს მხარს, იმის მიუხედავად, რომ ამგვარ საქციელს ყველა გმობს. ვისაც რაღაც შეთქმულებების და გლობალური ომის პარტიების სჯერა, ისინი ისევ იმ აზრზე დარჩებიან და მათი პოზიციები უფრო გამყარდება. ამრიგად, თუ ტრამპს მყარი პოზიციები ჰქონდა, ეს უფრო გაძლიერდა და არ შესუსტებულა. ხოლო ბაიდენის სუსტი პოზიციები კიდევ უფრო შესუსტდა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
თენგიზ ფხალაძე – “დიახ, დასავლეთს სჭირდება საქართველო, მაგრამ…“
“არასოდეს, ასეთ კრიტიკულ ზღვარზე ჩვენი ურთიერთობა ალიანსთან არ ყოფილა. ამდენი ათწლეულის შრომა ხელის ერთი მოსმით გადაიყარა წყალში, რაც უნდა დავაბრალოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს თავსა და საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს. სრულიად წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, რომ დღევანდელ დღეს ბუქარესტის ფორმულირებაც კი ნატოს საიუბილეო კომუნიკეში არ არის. ნაცვლად იმისა, გვესაუბრა ინტეგრაციის შემდგომ ნაბიჯებსა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, ის პროგრამებიც კი, რომლებიც არსებობდა, იხურება, იხურება წვრთნები, რომლის ჩატარებასაც ძლივს მივაღწიეთ, იმიტომ, რომ ეს მართლაც ძალიან სერიოზული შრომის შედეგი იყო. ამას სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება”, – აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დიახ, დასავლეთს სჭირდება საქართველო, მაგრამ…“
“აი, ეს არის სწორედ პრობლემა. თუ დაჰკვირვებიხართ, საქართველოს დელეგაციას, რომელიც ნატოს სამიტზე ჩავიდა, ან რა შეხვედრები ჰქონდა, რა ფორმატებში მონაწილეობდა. აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როდესაც არც იმ ინტენსივობის ორმხრივი შეხვედრები იმართება, არც იმ ფორმატებში ვართ ჩართული, სადაც ვიყავით, ამის ლოგიკური შედეგია, რაც მივიღეთ. ეს კი არა მარტო სავალალოა არამედ საგანგაშოცაა. ყველაფერი გამომდინარეობს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნაბიჯებიდან და პარტნიორების შესახებ განცხადებებიდან. როგორ შეიძლება, ადანაშაულებდე მათ რაღაც შეთქმულებების თეორიებში და გადატრიალებების მცდელობებში და თან სთხოვდე, ფული ჩადეთ ჩვენთან, სახელმწიფო პროგრამებში დაგვეხმარეთო. თუ არ არის ღირებულებითი ერთობა და პარტნიორობა, თუ იკარგება ნდობა, გასაგებია, რომ თავს შეიკავებენ დახმარებისგანაც. როდესაც პარტნიორობა იკარგება, შესაბამისად, ეს ყველაფერზე მოქმედებს. ხელისუფლების ყოველი ასეთი განცხადება სულ უფრო მეტად გვაზარალებს. მილიონი ფსევდო და აბსურდული არგუმენტი შეიძლება მოვისმინოთ და აქამდეც არაერთი მოგვისმენია. ადრეც გვითქვამს, რომ ხელისუფლების ასეთი რიტორიკა მიმართულია უფრო შიდა აუდიტორიისკენ, მაგრამ ეს ყველაფერი აზარალებს სახელმწიფოს, იმიტომ, რომ რაც არ უნდა ვიძახოთ და რაც არ უნდა დავიჯეროთ ამ ვითომდა არგუმენტების, სიმართლე არ დაიმალება”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.
“ყველამ ვიცით და მით უმეტეს, საერთაშორისო პარტნიორებმა ყველაზე კარგად იციან და ხედავენ ვითარებას. ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებით აგრესიულად აშშ-ის მიმართ არის განწყობილი. შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა იყო განმსაზღვრელი ყველა სხვა სახელმწიფოსთან ურთიერთობისთვის. როდესაც შეერთებული შტატები შენი სტრატეგიული პარტნიორია, ბუნებრივია, ის გეხმარება სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაშიც და ჩვენ ამ მთავარ დასაყრდენს, რომელიც ასე ძლიერ ამაგრებდა საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მორყევა დავუწყეთ და შედეგიც შესაბამისია. უკვე გერმანია აკეთებს განცხადებებს, საფრანგეთი და ა.შ. ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია და ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ – რასაც ვაკეთებთ დღეს, ამით ვარყევთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“დასავლეთს აქვს ძალიან მარტივი პრინციპი _ თუ გინდათ დემოკრატია და დემოკრატიული განვითარება, ამაში დაგეხმარებით, თუ არ გინდათ, მაშინ იყავით ისე, როგორც გინდათო. ევროკავშირიც, აშშ-ც და საერთოდ, ევროპა, საქართველოს გარეშე გაძლებს. საკითხავი ის არის, საქართველოს სახელმწიფოებრიობა როგორი იქნება, თუ არ გვექნება აშშ-ის, ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერა. კი, დასავლეთს სჭირდება საქართველო, მაგრამ არა იმდენად, რომ უარი თქვას თავის პრინციპებზე, ღირებულებებზე და აიტანოს საქართველოს ხელისუფლებისგან შეურაცხყოფა, უმადურობა და ტყუილები… ალბათ, ვიღაცას ძალიან გულუბრყვილო წარმოდგენა აქვს ამერიკის პოლიტიკაზე. იმ გადაწყვეტილებებს, იმ დოკუმენტებს, რომელსაც ახლა იღებს კონგრესი, რას ვუზამთ? პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს და მათ შორის დონალდ ტრამპიც, მოქმედებს აშშ-ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე”, – განმარტავს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
“მან ეს ძალიან კარგად დაგვანახა თავისი პრეზიდენტობის პერიოდში. ამიტომ ის ისევ და ისევ ამერიკის ინტერესების დამცველი იქნება და შესაბამისად, არც “ქართული ოცნების” და არც რომელიმე სხვა ხელისუფლების მიმართ არ იქნება ტოლერანტობა, თუკი დაინახავს, რომ ეს ამერიკის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ ვითარდება. ტრამპის ადმინისტრაცია უფრო ხისტი იქნება, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციაა. ჩვენ ნელ-ნელა მომსწრე ვხდებით იმისა, თუ როგორ უწევს საქართველოს ხელისუფლებას შეცდომების გამო საფასურის გადახდა. იყო ძალიან ბევრი გაფრთხილება, რაც არც შევისმინეთ, არც ვაღიარეთ და შესაბამისად, დასავლეთი მოქმედებაზე გადავიდა. რაც დრო გავა, ვითარება უფრო დამძიმდება, ვიდრე არ მივხვდებით, რომ ხელისუფლების ასეთი ქმედებები ქვეყნის ინტერესებს აზიანებს”, – დასძენს თენგიზ ფხალაძე.
“ოცნებაზე” დასავლეთიდან წნეხი იზრდება – როგორ შეიძლება განვითარდეს პარტნიორებთან ურთიერთობა
“ქართულ ოცნებაზე” დასავლეთიდან წამოსული ზეწოლა ყოველდღიურ სახეს იღებს. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ელჩმა მ განაცხადა, რომ საქარველოს თავდაცვისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაიყინა და ის მესამე სექტორის განვითარებას მოხმარდება, დახმარების შეჩერებაზე განცხადებები გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმაც გააკეთეს. “ოცნებაში” ირწმუნებიან, რომ საფრანგეთის სხელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს დასახმარებლად ერთი თეთრიც არ ირიცხებოდა. ხოლო რაც შეეხება 30 განყინულ მილიონს, ის კრედიტის სახით იყო ქვეყნის თავდაცვის დასახმარებლად გამოყოფილი და საჩუქარი არ ყოფილა. ასევე ცნობილი ხდება, რომ ამერიკის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა “მეგობარი აქტი” მიიღო, რასაც ამ დღეებში წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის. აქტი კომიტეტმა 41 ხმით მიიღო, 6 წინააღმდეგ წავიდა. პრემიერი კობახიძე ამის გამო წუხილს გამოთქვამს და ამბობს, რომ ეს ევროკავშირთან და ამერიკასთან ურთიერთობას ვერ გადატვირთავს. ირწმუნება, რომ 2030 წლისთვის საქართველო, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მზად იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნებაზე” დასავლეთიდან წნეხი იზრდება – როგორ შეიძლება განვითარდეს პარტნიორებთან ურთიერთობა.
“ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება. ეს ურთიერთობების გაჯანსაღებას არ წაადგება. 3-4 წლის განმავლობაში საქართველოში ისეთი პროცესები განვითარდა, რომ თვისობრივად გარკვეული სირთულეები შეიქმნა ურთიერთობებში და ამას გადატვირთვა და გაჯანსაღება სჭირდება. ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გადატვირთვას. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მჯერა, რომ მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები გაჯანსაღებას დაიწყებს. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ვიტყვი, რომ 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მზად იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ამისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მ. ოპოზიცია კი შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ეზრა ზეიას განცხადებებს იზიარებს და გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ქართული ოცნება” მანიპულატორობს კვლავ რუსული მეთოდებით, როდესაც გაუგებარს უწოდებს იმას, რაც ყველასთვის გასაგებია. ამბობენ, რომ უნდა გადავტვირთოთ ურთიერთობები ამერიკასთანო. ამისთვის კი თბილისიდან უთხრეს, ამერიკა მზად არის ურთიერთობების გადასატვირთად, რუსული კანონის წაღებით, დემოკრატიისკენ დაბრუნებით და ქართველი ხალხის მისწრაფებების განხორციელებით. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ყველაფერში ბრალეულია “ქართული ოცნებაა” და არა ჩვენი დასავლელი პარტნიორები. “როდესაც “ოცნება” მეორე ფრონტის გახსნას, რევოლუციების მოწყობას და ათასგვარ უბედურებებს აბრალებს, ამით რუსეთს კარს უხსნის ქვეყნის სიღრმეში”, – აცხადებს პარლამენტის “რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია. “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის განცხადებით კი გადამწყვეტი მომენტია ახლა საქართველოში და ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს, არის ერთიანობა”, – განაგრძობს გამოცემა.
“დღე არ გავა, უმაღლესი რანგის დელეგაცია არ ჩამოვიდეს საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ქართველ ხალხს, გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა დასავლელი პარტნიორებისგან. რატომ ჩამოდიან ასე ინტენსიურად?! იმიტომ, რომ ხედავენ, გადამწყვეტი მომენტია ახლა საქართველოში და ერთადერთი, რაც ჩვენ გადაგვარჩენს, არის ერთიანობა. მიზანი ერთია, ერთიანობით საქართველომ გაიმარჯვოს და სირცხვილისგან გავთავისუფლდეთ”, – თვლის ვაშაძე. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს სიტუაცია თავად ამერიკაშია არეული და იმდენად რთული შიდა პოლიტიკური ვითარებაა, რომ გაუგებარია, ვისგან რა უნდათ. საყვარელიძე ამბობს, რომ ზუსტად იგივე ხდება საქართველოსთან მიმართებაშიც და, ბოლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფონზე ჩნდება შთაბეჭდილება, რომ თავად ამერიკელებმა არ იციან, რეალურად, ჩვენგან რა უნდათ”, – დასძენს გამოცემა.
“რაში სჭირდება საქართველოსთან ამერიკის შეერთებულ შტატებს ასეთი პოლიტიკა და რა სტრატეგიას აწარმოებს ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, გაუგებარია. ამ მდგომარეობაში მყოფ პოლიტიკურ ელიტას კარგად არა აქვს ბოლომდე გაცნობიერებული, ჩვენგან რას ითხოვენ. ამიტომ მე არ ველოდები არჩევნებამდე მათი მხრიდან რაიმე მკაფიო ნაბიჯის გადადგმას. ჯერჯერობით რაც ხდება საქართველოსთან მიმართებაში, ეს ეხება დაკვირვებას, კრიტიკას, მგონია კვლავ გაგრძელდება. ამიტომ ახალი ადმინისტრაციის შემთხვევაში შეიცვლება თუ არა ეს ტენდენცია და როგორ გაგრძელდება მოვლენები, რთული სათქმელია. ჩვენ ვიცით, რომ ევროპულმა სტრუქტურებმა ისეთი დადგენილება მიიღეს, რომელიც რუსეთის პოზიციებს ემთხვევა. ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში პირდაპირ ამერიკის გამოძახილია. სამწუხაროდ ევროპა ზუსტად იმას იმეორებს, რასაც ამერიკა ეტყვის. ევროკავშირზე ძალიან დიდი გაველნა აქვთ და ეს სინქრონი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებში, ამას ნიშნავს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ვერ ვიტყვით, რომ ეს კარგია და რამეში ვინმეს წაადგება, თუმცა ამას ბევრი მიზეზი აქვს. აქ მხოლოდ კანონზე არ არის საუბარი. ანალოგიურად, ამერიკის შეტევა საქართველოზე, რუსულ განწყობილებებს ეხმიანება. უბრალოდ, რუსეთის და ამერიკის ინტერესები, ბევრი თვალსაზრისით, ემთხვევა ერთმანეთს და ჩინეთი ამერიკისთვის მიუღებელია. როგორ გადახარშავს ამერიკა ჩინეთთან ურთიერთობას, მერე ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენთან ურთიერთობაც. ამერიკის ელჩის კრიტიკაში ჩინეთის თემა პირველ ადგილას იყო. არადა, ვითომ ეს კანონია პრობლემა. კარგი, მაგალითად, გაიწვიეს კანონი და დაუჯერა “ოცნებამ”, მერე რა იქნება? ახლა ჩინეთთან ურთიერთობის გამო გაგვაკრიტიკებენ ისევ? ასე მარტივად სიტუაცია არ არის. ამიტომ არჩევნებზეც არ ქნება მარტივი მდგომარეობა. ხელისუფლებას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ახლა, რომ არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდეს და რაიმე ხელჩასაჭიდი არ გაუჩნდეთ. ამერიკის ეს დაულაგებელი და გაუაზრებელი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში დიდი ხანი ვერ გაგრძელდება და ის შეიცვლება. ამ პოლიტიკას თავად ამერიკისთვის არაფერი მოაქვს და იმედია, ახალი ადმინისტრაცია მაინც მიხვდება და საქართველოს პრემიერის გადატვირთვის პოლიტიკას შემხვედრ ნაბიჯს დაახვედრებენ”, – დასძენს საყვარელიძე.
ირაკლი მელაშვილი – “ვინც უნდა გადატეხოს “ქართული ოცნების” ბატონობა წელში, ის მთავარი ძალა ჯერ არ გამოკვეთილა”
“ნაცმოძრაობის” ფლანგზე დალაგდნენ. ორ პოლიტიკურ გაერთიანებად გავლენ, რაც უზრუნველყოფს იმ ამომრჩეველთა მისვლას არჩევნებზე, ვინც წლების განმავლობაში სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერი იყო. ეს საშუალოდ 25%-ია. აშკარაა, რომ ყოველივე ამაში ძალიან სერიოზულია კეზერაშვილის გავლენა. ხშირად ვამბობთ, რომ ქვეყანაში ჩრდილოვანი ოლიგარქიული მმართველობაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ოპოზიციაშიც იგივე პრობლემაა. რამდენად დამოუკიდებელი იქნებიან ეს ლიდერები, რომლებიც გვარამია-მელია-“გირჩი”-“დროას” ალიანსში შევიდნენ, საკითხავია. ჩემი აზრით, ეს გაერთიანება “ოცნების” დამარცხებაში გადამწყვეტ როლს ვერ ითამაშებს, რადგან მეეჭვება, ან ერთმა, ან მეორე გაერთიანებამ შეძლოს დამატებით იმ ამომრჩევლის ხმების მოპოვება, ვინც “ნაცმოძრაობას” არ უჭერდა მხარს”, – აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვინც უნდა გადატეხოს “ქართული ოცნების” ბატონობა წელში, ის მთავარი ძალა ჯერ არ გამოკვეთილა”.
“ახლა ყველაზე მეტად საინტერესოა ის ამომრჩეველი, რომელსაც არც “ოცნება” უნდა და არც სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნება. ამ ველზე კი, რომელიც გადამწყვეტია, ჯერ კიდევ დიდი გაუგებრობაა. არის გახარია, “ლელო”, ყალიბდება რაღაც ერთობა სალომე ზურაბიშვილთან. თუ ამ ნაწილმა ვერ მოახერხა არანაცურ-არაქოცურ ფლანგზე ძლიერი და კონსოლიდირებული არჩევანის ჩამოყალიბება, ეს იქნება “ოცნებისთვის” გამარჯვების ერთადერთი შანსი. “ნაცმოძრაობის” ფლანგმა ჯამში შეიძლება 25% აიღოს, მაგრამ ვინც უნდა გადატეხოს “`ქართული ოცნების” ბატონობა წელში, ის მთავარი ძალა ჯერ არ გამოკვეთილა. ამ დაქსაქსულობამ შეიძლება გამოიწვიოს ხმების დაკარგვა, რაც “ოცნების” მხარეს წავა. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ ბოლო არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” ხმების 50% ვერ მიიღო, მაგრამ გაიმარჯვა სწორედ იმის წყალობით, რომ დაკარგული ხმებით დარჩა უმრავლესობა. ყველაზე მეტი შანსი გახარიას აქვს, მაგრამ მარტოს არც მას ეყოფა შესაძლებლობა, გახდეს ისეთი ძლიერი ცენტრი, რომელიც გაუწევს წინააღმდეგობას “ოცნებასა” და “ნაცმოძრაობის” ფლანგს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“არადა, ახლა სიტუაცია ისეთია, ამ 12 წლის განმავლობაში პირველად არის შანსი, რომ მეორე ადგილზე გავიდნენ არა “ნაცმოძრაობა” და მისი პარტიები, არამედ ის ძალები, ვისაც არც “ოცნება” უნდა, არც “ნაცმოძრაობა”. ახლა არსებობს ორი მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფლანგი, ერთის უკან ივანიშვილი დგას, და მეორის უკან სააკაშვილი და კეზერაშვილი დგანან – ანუ ორივეგან ჩრდილოვანი მმართველობის ფაქტორებია. “ლელო” და გახარია გაერთიანდებოდნენ თუ სხვები, მთავარი ამოცანა ის იყო, შეექმნათ ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ პროცესს გაუწევდა წინააღმდეგობას. დღეს პოლიტიკური ამბიციები გვერდზე უნდა გადადონ, ჩვენ ახლა ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომლის წინაშეც ამდენი ხნის განმავლობაში ქართული სახელმწიფო არ მდგარა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს “ლელო” ან გახარია, არ ვიცი, მაგრამ ვისურვებდი, რომ ამ ფლანგზე რაღაც ძლიერი ცენტრი ჩამოყალიბებულიყო, რომელსაც ექნება სრული შანსი ხმების დაახლოებით 1/4 აიღოს და, თუკი ვერ გაიმარჯვებს, “ოცნების” შემდეგ მეორე ადგილი დაიკავოს. ეს კი ნიშნავს, რომ თუკი “ოცნება” ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, მეორე ადგილზე გასულ ძალას ექნება საშუალება დააკომპლექტოს მთავრობა. ეს იქნება მნიშვნელოვანი გარღვევა, საზოგადოებას მოეხსნება ეს დამოკლეს მახვილი – ივანიშვილი თუ არ იქნება, სააკაშვილი მობრუნდებაო”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ამით ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები დაიწყება და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. რაც შეეხება პრეზიდენტის საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებას, არ ვიცი, ვინ დგას ამ მოძრაობების უკან. ზოგს მიაჩნია, რომ ზურაბიშვილია, ზოგს “ლელო” ჰგონია. მესმის, რომ ეს ადამიანები გულწრფელი არიან, მაგრამ ისიც ცხადია, რომ რაღაც პროცესისთვის ხელშეწყობას მოძრაობების შექმნა არ სჭირდება. ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, გადამწყვეტია, ქვეყანაში ჩამოყალიბდეს მესამე ძალა და დავამთავროთ ეს დიქოტომია _ მიშა თუ ბიძინა. რეალურად არის შანსი, რომ იმ ხალხმა, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე, მიიღოს შესაძლებლობა, გადამწყვეტი როლი ითამაშოს მთავრობის ფორმირებაში. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ისინი დააკომპლექტებენ, რა თქმა უნდა, კოალიცია უფრო ფართო იქნება, მაგრამ საზოგადოებას ეცოდინება, რომ ევალება იმათ, ვინც არ არის არც მიშა და არც ბიძინა, რომ არ არიან ის პარტიები, რომელთა უკანაც ისინი დგანან. კარგი იქნება, თუკი პოლიტიკოსები თავიანთი ამბიციებით ამას ხელს არ შეუშლიან, რადგან პოლიტიკოსებში ყოველთვის ჭარბობს ამბიციები, ვინ იქნება პრემიერი და ა.შ. ვიცი, რომ ამაზე დიდი შეუთანხმებლობაა, მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ ეყოფათ ჭკუა და ამ ამბიციებს გადალახავენ”, – დასძენს ირაკლი მელაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ