გიორგი მელაშვილი – “მოსახლეობისთვის რუსეთთან ინტეგრაციული პროცესები, რაც “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის ნაწილია, სრულიად მიუღებელია”
რა წნეხში მოვექცევით, თუ რუსეთი ბაქოსა და ერევანზე კონტროლს საბოლოოდ დაკარგავს
იაგო კაჭკაჭიშვილი – “რეგიონებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობაში ძალიან მძაფრია ოპოზიციური განწყობები”
რუსეთი ახალ საბრძოლო ტაქტიკას იყენებს, კიევი კი სწრაფ რეაგირებას ითხოვს – რა მიმართულებით უჭირს უკრაინას
ვახტანგ ძაბირაძე – “სალომე ზურაბიშვილის განცხადება არც არაფერს შეცვლის და არც არაფრის მომტანია”
* * *
გიორგი მელაშვილი – “მოსახლეობისთვის რუსეთთან ინტეგრაციული პროცესები, რაც “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის ნაწილია, სრულიად მიუღებელია”
“ბოლო ხანს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, რაც ხდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე თუ შემდგომ, იმ სახელმწიფოებს, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის ძირითად ბირთვს, ცხადად დაანახა, რომ საქართველო შორდება საკუთარ ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაც გულისხმობდა ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრებას. აქედან გამომდინარე, ისინი კარგა ხანია მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას” შეცვალოს აღებული კურსი და დააბრუნოს საქართველო დასავლური ინტეგრაციის გზაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში შემხვედრი ნაბიჯების ან რაიმე ტიპის პოზიტიური სიგნალების გაგზავნის ნაცვლად, “ქართულმა ოცნებამ” გააძლიერა ანტიდასავლური პროპაგანდა და უზარმაზარი რესურსი ჩადო ევროკავშირის ინსტიტუტების, კონკრეტული სახელმწიფოების თუ მათი ელჩების შავ პიარში. მიუხედავად გაშავების ამ მასშტაბური ცდებისა, აშკარაა, რომ მათი სტრატეგია ეფექტიანი არ არის”, – აცხადებს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი, ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “5 სცენარი ანუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი საქართველოს შესახებ?!”
“საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მაინც ირჩევს ჩვენი სახელმწიფოს მიზნად ევროინტეგრაციას. ამასთანავე, საქართველოს მოსახლეობისთვის რუსეთთან ინტეგრაციული პროცესები, რაც, როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, სრულიად მიუღებელია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ევროკავშირმა სცადა გამოეყენებინა სასანქციო ინსტრუმენტი, თუმცა სანქციების დასაწესებლად აუცილებელია ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა. “ქართულ ოცნებას” ამ ხნის განმავლობაში მხარს უჭერდნენ უნგრეთი და სლოვაკეთი და ბლოკავდნენ სასანქციო გადაწყვეტილებებს, თუმცა გეოპოლიტიკური ვითარება პერიოდულად იცვლება – უნგრეთსაც და სლოვაკეთსაც უწევთ ანგარიში გაუწიონ ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას, განსაკუთრებით “ვაიმარის სამკუთხედის” ქვეყნების – საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის პოზიციებს. აქედან გამომდინარე, ბოლო ხანს ვაკვირდებით ძალიან სერიოზულ მოთხოვნებს ამ ორი ქვეყნის მიმართ, რომ აღარ შეუშალონ ევროკავშირის გადაწყვეტილებებს ხელი. დანიამ, რომელიც ახლახან გახდა თავმჯდომარე ქვეყანა, პირდაპირ ილაპარაკა უნგრეთისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევაზე”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მელაშვილი.
“თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ევროკავშირს გაცილებით გაუადვილდება საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს, უკრაინის თუ კიდევ სხვა თემაზე… “ქართული ოცნების” ანტიდასავლური და ევროკავშირის საწინააღმდეგო პოლიტიკა სრულიად ამოვარდნილია ევროკავშირში დღეს არსებული კონტექსტიდან, მათი მოკავშირე ქვეყნების პოზიციები კი ევროკავშირში მკვეთრად შერყეულია და ცოტა ხანში კიდევ მეტად შეიზღუდება. ამ ყველაფერს ემატება ის გარემოება, რომ “ქართულმა ოცნებამ” იმის ნაცვლად, კიდევ უფრო გაემყარებინა ურთიერთობები იმ ევროპულ ძალებთან, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მხარდამჭერები არიან, და რომლებსაც სურთ ევროკავშირის გარდაქმნა არა მხოლოდ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ერთობად, არამედ უნდათ სამხედრო კომპონენტიც შემოიტანონ, ურთიერთობები დაამყარა და გააღრმავა ყველაზე ანტიდასავლურ, ანტიევროპულ ძალებთან, როგორიც არის, მაგალითად, “სუვერენულ ერთა ევროპის” გაერთიანება, რომლის წევრიც არის “ალტერნატივა გერმანიისთვის”, აშკარად პუტინისტური, პრორუსული პარტია, რომლის წარმომადგენლებიც ჩასულები იყვნენ ოკუპირებულ სოხუმში და საოკუპაციო რეჟიმთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“აღსანიშნავია, რომ მათ სურდათ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში შეეტანათ შესწორება, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას ეწინააღმდეგებოდა. მოგეხსენებათ, ეს საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა. მოკლედ, ეს არის მთელი ის კონტექსტი, რომელიც გაითვალისწინა ევროპარლამენტმა და რატომაც მიიღო ასეთი მკაცრი რეზოლუცია. ამას დაემატა 11 ივლისს გამოქვეყნებული ევროკავშირის ბირთვი სახელმწიფოების ერთობლივი განცხადება, ხელმომწერებს შორის არის ასევე გაერთიანებული სამეფოც და ორივე დოკუმენტში “ქართული ოცნების” დღემდე არნახული კრიტიკაა. ეს დოკუმენტები ზუსტად ასახავს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და პასუხია ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯებზე როგორც დასავლეთის, ისე ქართველი საზოგადოებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ… ევროკავშირს თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს – მათ არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მათი მიზანი არ არის დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა ევროკავშირში გაწევრებას. ჩვენს ხალხს კარგად აქვს გააზრებული, თუ რაოდენ სახიფათოა რუსეთთან პირისპირ დარჩენა”, – განმარტავს ანალიტიკოსი.
“ევროკავშირი კარგად იაზრებს იმ რეალობას, თუ რამხელა პროპაგანდისტული წნეხია საქართველოს მოსახლეობაზე, ძალიან ბევრი ადამიანი ჩაიკარგა ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართულ პროპაგანდაში. ყველა ის ნაბიჯი, რასაც ჩვენ ვხედავდით ამ დროის განმავლობაში, მიზნად ისახავდა გამაფრთხილებელი სიგნალების გაგზავნას როგორც “ქართული ოცნების”, ისე მისი ელექტორატის მისამართით. თუმცა “ოცნებამ” არ შეისმინა ის გაფრთხილებები, რაც ისმოდა ბრიუსელიდან, ლონდონიდან, ვაშინგტონიდან… ახლა ევროკავშირს უწევს გაიაზროს ურთიერთობა საქართველოში არსებულ რეჟიმთან. მიმაჩნია, რომ საპასუხო ნაბიჯებს აქვს განვითარების რამდენიმე სცენარი: 1. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გადახედვა, რაც იქნება ძალიან ძლიერი დარტყმა საქართველოს ეკონომიკურ სექტორზე; 2. ვიზალიბერალიზაციის ანუ უვიზო რეჟიმის გაუქმება, რაც შედარებით მარტივად გადასაწყვეტია, რადგან ამ გადაწყვეტილებას სჭირდება უბრალო უმრავლესობა; 3. საქართველოს ფინანსური სისტემის ან კონკრეტული ბანკების გათიშვა შჭIFთ-იდან, რაც დამანგრეველი იქნება ქართული ეკონომიკისთვის. ეს უკვე ჩაიწერა ევროკავშირის რეზოლუციაში, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება; 4. ასოცირების ხელშეკრულების მთელი მუხლების გადახედვა, რაც ასევე დიდი პრობლემა იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის, ეკონომიკისთვის”, – მიიჩნევს გიორგი მელაშვილი.
“თუმცა არსებობს კიდევ მე-5 სცენარი, რაც, ვფიქრობ, პირველ ეტაპზე იქნება მიღებული – ეს არის კონკრეტული პირების დასანქცირება იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობა იქნება დაძლეული. როგორც ჩანს, ეს ძალიან მალე მოხდება. თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ ევროკავშირი გადავა სხვა სასანქციო მექანიზმების განხილვაზე. ბარემ აქვე ვიტყვი, უნგრეთმა და სლოვაკეთმა რომც დაბლოკონ ის სასანქციო პაკეტი, რომელსაც განიხილავს ევროკომისია, უკვე აშკარა ხდება, რომ ევროკავშირის ბირთვი სახელმწიფოები გამოიყენებენ ინდივიდუალურ სანქციებს ეროვნულ დონეზე. ამ სანქციებს შეუერთდება გაერთიანებული სამეფოც… ეს არის, რაც გველოდება უახლოეს პერიოდში, თუ საქართველოში არსებული რეჟიმი არ გადახედავს საკუთარ როგორც რიტორიკას, ისე საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს. მე არ ვამბობ, რომ უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები გახდება ცნობილი მიმდინარე კვირაში ევროკავშირის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, თუმცა, ალბათ, რაღაც კონტურები გამოიკვეთება”, – ამბობს ანალიტიკოსი.
“ბოლო მოვლენებმა ძალიან ნათლად გვაჩვენა, რომ კავკასიაში ისტორიული ტექტონიკური ცვლილებებია. აზერბაიჯანმა ძალიან ჭკვიანურად გამოიყენა საკუთარი ძლიერი მხარეები – მან მოახერხა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ახლა კი ძალიან სწორად იყენებს დაგროვილ დიპლომატიურ კაპიტალს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჩაეხსნას რუსეთს და შეამციროს რუსული გავლენები აზერბაიჯანში. ჩვენ ვნახეთ ბაქოში “რუსული სახლის” დახურვის გადაწყვეტილება, ასევე “სპუტნიკის” დე ფაქტო აკრძალვა, მისი თანამშრომლების დაკავება და ჯაშუშებად გამოცხადება და ა.შ. იგივე პროცესი მიდის სომხეთში. სომხები გულაცრუებული არიან რუსეთზე, რადგან მან არ დაიცვა ეს ქვეყანა აზერბაიჯანთან ომისას, უფრო მეტიც, როგორც ერევანში, ისე ბაქოში აშკარა ხდება რუსეთის მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკა კავკასიაში, რომლის ამოსავალიც იყო “დაშალე და იბატონე”. ამის მიზანი იყო კავკასიურ ერებში კონფლიქტების გაღვივება, რათა შემდგომ რუსეთი ყოფილიყო ფსევდომშვიდობისმყოფელი. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი… მოკლედ, ბაქოსა და ერევანში რუსული გავლენები მცირდება და ჩვენდა სამწუხაროდ, კრემლის ერთადერთ საყრდენად კავკასიაში რჩება თბილისი. ეს არის სრულიად არანორმალური მდგომარეობა როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენი მეზობლებისთვის” – დაასკვნის გიორგი მელაშვილი.
რა წნეხში მოვექცევით, თუ რუსეთი ბაქოსა და ერევანზე კონტროლს საბოლოოდ დაკარგავს
“სომხეთი და აზერბაიჯანი, თურქეთის მხარდაჭერით, სულ უფრო მეტად თამაშობენ რეგიონში დამოუკიდებელ თამაშს, რითიც რუსეთს ბერკეტები თანდათან ხელიდან ეცლება, რომ თავის გავლენის სფეროში ამყოფოს ერევანი და ბაქო. პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში ფიქრობენ, რომ მოსკოვი რაც უფრო დაკარგავს კონტროლს აზერბაიჯანსა და სომხეთზე, წნეხი გაძლიერდება საქართველოზე, ჯერ ჰიბრიდული მეთოდებით მოაქცევს ქვეყანას და ხელისუფლებას მისი კონტოლის ქვეშ და მერე “შეიძლება სამხედრო ინტერვენციაზეც იფიქროს”. სომხეთსა და აზერბაიჯანში განვითარებული ბოლო მოვლენების ფონზე, ქვეყნები სამშვიდობო შეთანხმებაზეც მუშაობენ. აბუ დაბიში სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის 2-საათიანი აუდიენცია სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით არ დასრულებულა, თუმცა არც უკმაყოფილონი დარჩნენ მხარეები და დიალოგის შემდგომი გაგრძელების მზაობა გამოთქვეს. ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დელიმიტაციის პროცესში პროგრესი მიღწეულია”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა წნეხში მოვექცევით, თუ რუსეთი ბაქოსა და ერევანზე კონტროლს საბოლოოდ დაკარგავს.
“ანალიტიკოსთა შეფასებით, სომხეთს, რომელიც ახლა დასავლეთთან დაახლოებას ცდილობს, ნატო და ევროკავშირი თავის ქოლგის ქვეშ ვერ დაპირდებიან რუსეთისგან თავდაცვას, და ამ შემთხვევაში, ერევანს გამოსავალი აქვს თურქეთთან დაახლოება, რაც აჩქარებს ყარაბაღის საკითხზე სამშვიდობო ხელშეკრულებას. ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ რუსული გავლენები სამხრეთ კავკასიაში მცირდება, რაც თავად მოსკოვის პოლიტიკითაა გამოწვეული, ერთის მხრივ პარტნიორების უგულებელყოფით და მეორეს მხრივ იმით, რომ ის მთლიანად გადართულია უკრაინაში სამხედრო კონფლიქტზე. ჯიპას პროფესორ გიორგი კობერიძის შეფასებით, რუსეთი აზერბაიჯანშიც სუსტდება და სომხეთშიც და ცდილობს ორივე ქვეყნაში სიტუაცია არიოს”, – აღნიშნავს გამოცემა.
„რუსული გავლენა მცირდება, ისე გაერთო ომში უკრაინასთან და იმდენად ბევრი რესურსი დახარჯა, რომ ეს არცაა გასაკვირი. მეორე მიზეზი ისაა, რომ ისეთი ძალა გახდა, რომელიც ანგარიშს არ უწევს არავის, არც ერთ მეზობელს არ ინდობს, აბსოლუტურად არასანდო ქვეყანა და პარტნიორია. აზერბაიჯანის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე არც გამოძიება ჩაატარა და არც ბოდიში მოიხადა, შემდეგ აზერბაიჯანელებს დაერივნენ და საშინლად მოექცნენ. სომხეთთან მიმართებაში რუსეთმა ძალიან ნეგატიური როლი ითამაშა ყარაბაღის ომის დროს. თურქეთის პოზიციები ძლიერდება და მე მგონი თურქეთსა და რუსეთს შორის კვლავ იზრდება გეოპილიტიკური კონკურენცია სამხრეთ კავკასიაში გავლენის გამო. ამ ახალ პროცესს სომხეთმაც ალღო აუღო. ცდილობს თურქეთთან უკეთესი ურთიერთობა განავითაროს და მისგან მიიღოს რუსეთისგან თავდაცვის გარანტიები, ამით საკუთარი ევროპული ორიენტაციის განვითარება უზრუნველჰყოს: ვერც ნატოს ქვეყნები და ვერც ევრკავშირი, რომლებიც ირიბად არიან ჩართულები კონფლიქტში, ვერ დაჰპირდებიან იმხელა რესურსის გამოყოფას სომხეთს, რომ მან რუსეთისგან თავი დაიცვას, რომლის ბაზებიც იქ არსებობს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.
“თურქეთი თუ დაინტერესდება სომხეთის გეოპოლიტიკურ პარტნიორად გადაქცევაში და წესით უნდა იყოს, რადგან სომხეთზე გადის აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სახმელეთო კავშირი, რომელიც ყველაზე მარტივი და მოკლეა, ჩვენზე უფრო ბევრად მოკლე კავშირია სომხეთზე გამავალი. აქ უკვე სომხეთი ცდილობს გამოიყენოს რუსეთისგან თავდასაცავად თურქთთან კარგი იურთიერთობა და ამისთვის სჭირდება მოლაპარაკება აზერბაიჯანთან, სამშვიდობო შეთანხმება ამას თავისთავად ხელს უწყობს. თუ ზანგეზურის დერეფნის საკითხი გადაწყდა და სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი შეთანხმდნენ რაღაც ფორმით ამ დერეფნის საერთო გამოყენებაზე, თავისთავად თურქეთი სომხეთს მისცემს რუსეთისგან თავდაცვის გარანტიას, რასაც ირანი ვერ მისცემდა. რუსეთთან მიმართებაში ირანი თითსაც არ გაანძრევს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სომხეთის ოკუპირებას მოინდომებს. აქ ერთადერთი ძალა თურქეთია – მისი, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტანდემი მთლიანად მოიშორებს რუსეთს ძალიან მარტივად სამხრეთ კავკასიიდსან, თუმცა ვრჩებით ჩვენ. თურქეთს ამ მომენტში საქართველო სჭირდება, ესაა ნავთობსადენები და ყველანაირი დერეფანი, მაგრამ თუ სომხეთთან ყველაფერი მოაგვარა, საქართველოს ისეთი აქტიური დამცველი აღარ იქნება”, – განაგრძობს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი.
“სამწუხაროა, რომ ევროპა და ნატო მთავრობამ პრაქტიკულად აქედან გადენა, ჩვენ რუსეთის წინაშე საკმაოდ დაუცველები ვრჩებით. ის ჯერ ცდილობს ჰიბრიდული მეთოდებით სრული გავლენის ქვეშ მოაქციოს მთლიანად საქართველოს ხელისუფლება და აკეთებინოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც მას აწყობს და თუ ეს არ გამოვა, შეიძლება ოკუპაციაზეც იფიქროს, რაღაც სამხედრო ინტერვენციაზე, ან სხვა უფრო ბრუტალურ მეთოდებზე. გამოსავალი არის საქართველოს დაბრუნება ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ამას ძალიან სწრაფად მოვახერხებთ, რადგან საქართველო ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ნატოს ქვეყნებისთვის, საქართველო მათ უკავშირდება პირდაპირ ზღვით, ამიტომ ევროპა და ამერიკა ჩვენი დაცვით უფრო მეტად იქნება დაინტერესებული და აქ რუსეთს არანაირი ომის გაჩაღების საშუალებას არ მისცემს, თუ დავუბრუნდებით ევროპულ ორბიტას”, – დაასკვნის კახა გოგოლაშვილი.
“რუსეთი აზერბაიჯანშიც სუსტდება და სომხეთშიც. რუსეთი ამის წინააღმდეგია და ყველანაირად ცდილობს ერთის მხრივ სომხეთში არიოს სიტუაცია, ხოლო მეორეს მხრივ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არ დაუშვას მოლაპარაკებები. მოსკოვი არც აზერბაიჯანის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაციაზე იტყვის უარს, უკვე დაიწყეს კიდეც საუბარი რუსეთში მცხოვრები აზერბაიჯანული დიასპორის გამოყენებაზე ან პირიქით, განდევნაზე. რუსეთს პირდაპირი ომის თავი ახლა ნამდვილად არ აქვს, მაგრამ სიტუაციის არევას რომ შეეცადოს, ეს გამორიცხული არ არის. ისიც სათქმელია – ვერც ვერაფერს, რომ ვერ გახდეს რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანში და საჩვენებლად რომც დალაგდეს მათთან, ორივე რეჟიმი – ალიევისა და ფაშინიანის – სანდო და მისაღები აღარაა მისთვის. მაგრამ ფაქტი ერთია – ამ პროცესებით სამხრეთ კავკასიაში რუსეთი სუსტდება”, – მიიჩნევს ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე.
“რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის ეს ძალიან კარგი მოვლენაა. ბიზნესის ინვესტიაციაც უფრო რეალისტურია იქ, სადაც ხელმოწერილი მშვიდობაა. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამის შემდეგ რუსეთის ორბიტაზე მყოფი ერთადერთი სახელმწიფო საქართველო არ აღმოჩნდეს. ეს პოლიტიკური და ეკონომიკური დარტყმა იქნება ჩვენთვის. აზერბაიჯანისა და სომხეთის დაახლოების შემთხვევაში ახალი ეკონომიკური დერეფანი გაჩნდება, რომელიც საქართველოს ალტერნატივა გახდება. ამ ალტერნატივას ძალიან რთული რელიეფიდან გამომდინარე უახლოეს მომავალში დიდი მნიშვნელობა შეიძლება არ ჰქონდეს, თუკი პოლიტიკურად საქართველომ თავი დააღწია რუსეთს, მაგრამ გრძელვადიანად, რუსულ ორბიტაზე დარჩენის შემთხვევაში, ევროპული, თურქული და აზერბაიჯანული პოლიტიკური ნება გადაწყვეტს ძალიან ბევრ რამეს, მიუხედავად იმისა თუ როგორია რელიეფი აღმოსავლეთ ანატოლიასა და მცირე კავკასიონზე. სხვის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებულება და რუსულ ორბიტაზე აღმოჩენა კი ძალიან მძიმე მოცემულობა იქნება”, – დასძენს კობერიძე.
იაგო კაჭკაჭიშვილი – “რეგიონებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობაში ძალიან მძაფრია ოპოზიციური განწყობები”
“იანვარსა და მაისში ჩატარებულმა კვლევამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გვაჩვენა. ზოგიერთი საკითხისადმი დამოკიდებულება, წინა კვლევებთან შედარებით, გამძაფრებულია. გამოკითხვა ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის ქვეყნის განვითარების კურსი, ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე. ეს ეხებოდა აქციების დროს დაპატიმრებული ახალგაზრდების მიმართ დამოკიდებულებას. გამოკითხვამ ასევე მოიცვა, თუ როგორ აფასებენ რესპონდენტები საკუთარი ოჯახების ეკონომიკურ ცვლილებას უკანასკნელი 2,5 წლის განმავლობაში და ა.შ., და პრაქტიკულად ყველა ამ თემაზე ოპოზიციური განწყობები ჭარბობს. ინტენსივობა იცვლება იმის მიხედვით, თუ ვინ არის კვლევის სამიზნე ჯგუფი. რეგიონებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობაში ძალიან მძაფრია ოპოზიციური განწყობები. ასევე გამოიკვეთა საზოგადოების ემპათია ხელისუფლების მიერ რეპრესირებულ პირთა მიმართ – უპირველესად იგულისხმება აქციების დროს დაკავებული ხალხი”, – აცხადებს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის თავმჯდომარე, ექსპერტი იაგო კაჭკაჭიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რეგიონებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობაში ძალიან მძაფრია ოპოზიციური განწყობები”.
“ჩვენ ცალკე დავთვალეთ ხელისუფლების ამომრჩევლების მონაცემები და საინტერესო შედეგი მივიღეთ – თვით “ქართული ოცნების” ამომრჩევლების 40% მხარს უჭერს აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას. მაღალია ემპათია მზია ამაღლობელის მიმართაც, ხელისუფლების ამომრჩეველთა ჯგუფში ყოველი მეოთხე ამბობს, რომ ის უსამართლოდაა დაპატიმრებული. იგივე ითქმის პარტიების ლიდერების დაკავებაზეც, ემპათია სუსტია მათ მიმართ, თუმცა მაინც არსებობს. ხელისუფლებამ ვერ დააჯერა მოსახლეობა, რომ აქციების დროს დაპატიმრებული პირები კრიმინალები არიან, რომ ამ პირთა გადაცდომები იმ მასშტაბისაა, იმსახურებენ წლობით ციხეში ყოფნას. მოსახლეობის ამ განწყობას ამაგრებს ის ფაქტიც, რომ არც ერთი სამართალდამცავი, რომლებმაც იძალადეს მოქალაქეებზე, არ დასჯილა. კიდევ ერთი მიგნება ის არის, რომ სახელისუფლებო პროპაგანდა ბევრი მიმართულებით ან აღარ, ან ცუდად მუშაობს. ამის რამდენიმე ინდიკატორია. ხელისუფლების პროპაგანდა მუდმივად აპელირებს, რომ საერთაშორისო მტრული ძალები დიპ სტეიტისა და გლობალური ომის პარტიის სახით საქართველოს ართმევენ სუვერენიტეტს და ცდილობენ ქვეყანა მრავალ უბედურებაში ჩაითრიონ, მაგრამ ამ კონსპირაციული სქემების საზოგადოებას არ სჯერა”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იაგო კაჭკაჭიშვილი.
“საქართველოს მოსახლეობის 55% ამბობს, რომ არ არის დამაჯერებელი ამ საერთაშორისო ძალების არსებობა და გავლენა. ამასთან, მოსახლეობა ვერ დარწმუნდა, რომ ქვეყანაში არნახული ეკონომიკური ზრდაა, ევროპაში საუკეთესოც კი. კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, თუნდაც რეალურ სტატისტიკურ მაჩვენებლებში, არ ასახულა რიგითი ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ადასტურებენ, რომ უკანასკნელი 2,5 წლის განმავლობაში მათი ეკონომიკური მდგომარეობა უცვლელია ან უფრო გაუარესდა. მოწინავე ადგილზეა მაღალი ფასები… რაც შეეხება “ოცნების~ ამომრჩევლის 40%, რომელიც ითხოვს აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლებას, ჩვენ ესეც გავზომეთ. ის 40%, ვინც ამ საკითხში ხელისუფლების პოზიციას ეწინააღმდეგება, ოპოზიციონერთა ბანაკში იოლად არ გადავა – ასე არ არის. მარტო ამ ერთი საკითხით ხელისუფლების ცვლილების საკითხს არ იღებენ, მაგრამ ამ ამომრჩევლებში არის 10-12%, მაქსიმუმ 15%, ვინც ბევრი თვალსაზრისით არ იზიარებს “ქართული ოცნების” პოზიციას და შეიძლება ითქვას, მოწყვლადია პარტიის მყარ ამომრჩევლად დარჩენის თვალსაზრისით”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ამომრჩევლები როგორც უკვე აღვნიშნე, თანაუგრძნობენ აქციაზე დაპატიმრებულებს, წუხან და არ მოსწონთ, რომ ქვეყანამ დასავლურ კურსს გადაუხვია და “ქართულ ოცნებას” მტრული დამოკიდებულება აქვს დასავლური სტრუქტურების მიმართ. საგარეო კურსი ხელისუფლების ამომრჩეველთა ნაწილსაც, შესაძლოა მცირეს, მაგრამ არ მოსწონს. უკმაყოფილებაა იმ ასპექტშიც, რომ ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, მაღალი ფასები, უმუშევრობა, სიღარიბე, ემიგრაცია. თქვენ სრულიად ლოგიკურად შეიძლება დაგებადოთ კითხვა, თუ ასე ფიქრობს “ოცნების” ამომრჩეველთა 10-15%, მაშინ რატომ რჩება ხელისუფლების მხარდამჭერად? “ქართული ოცნების” ამომრჩეველს მყარად სჯერა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა აარიდა რუსეთთან ომს და შეინარჩუნა მშვიდობა. ისინიც კი, ვინც ოპოზიციურად განწყობილია, ხელისუფლების ამ დამსახურებას აღიარებს”, – განმარტავს ექსპერტი.
“ეს საკითხი, როგორც ჩანს, ძალიან სენსიტიურია, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. ამან ხელისუფლების “ფასი” გაზარდა. ვიდრე ეს ომი რუსეთის საზიანოდ არ დამთავრდება, მანამდე ეს განწყობა მოსახლეობაში იქნება. ძალიან რთულია დააჯერო მოქალაქეები, რომ “ქართული ოცნება” არაფერ შუაშია და რუსეთთან კონფლიქტის აცილების გზა საიმედო პარტნიორების ყოლაა. მესიჯი, რომ “ქართული ოცნება” მშვიდობის გარანტია, ისევ მუშაობს. ამ საკითხზე მკვეთრი ოპოზიციური განწყობები არ არის… მაისის გამოკითხვაშიც იყო დაპატიმრებულების შესახებ კითხვა დასმული და ჩანდა ემპათია, თუმცა ამ კვლევაში უფრო გაზრდილია. მოქალაქეები რწმუნდებიან, რომ სასამართლოს არა აქვს დამაჯერებელი სამხილები. არ მინდა გამომრჩეს – ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა, არის ქვეყანაში კრიმინალის ზრდა. როდესაც არის კორუფცია და გაზრდილია დანაშაულის სტატისტიკა, ამ ახალგაზრდების ინფანტილური საქციელისთვის კრიმინალური იარლიყის მიკერება დაუჯერებელია”, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
“თბილისი გამოკვეთილად ოპოზიციურია. ხელისუფლების მაჩვენებელი თბილისშიც და რეგიონებშიც იმავე ნიშნულზე დარჩა, რაც მაისის კვლევაში იყო. იცით, ეს რას ნიშნავს? – ოქტომბრის შემდეგ “ქართული ოცნების” რეიტინგი შემცირებულია. თუ არჩევნების შედეგებს გავითვალისწინებთ, მე არ ვგულისხმობ ოფიციალურ შედეგს, რადგან მეც ვფიქრობ, რომ შედეგები მანიპულირებული იყო. არჩევნების დღეს ჩატარდა ორი ეგზიტპოლი, რომელმაც დაახლოებით ერთნაირი შედეგი აჩვენა: “ქართულ ოცნებას” დაახლოებით 42% ჰქონდა. სწორედ ამ ნიშნულს უნდა შევადაროთ მათი რეიტინგი, ამ შემთხვევაში კი ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლებას აქვს 7-8%-იანი კლება, რაც უმნიშვნელო არ არის. კლება შენარჩუნდა და ჩანს ბოლო კვლევებში. “ქართული ოცნების” ამომრჩევლების 68%-იც კი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. ეს მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობაში უფრო დიდია და 72%-ს შეადგენს. ფაქტია, ამ თვალსაზრისით ერთმანეთს ეთანხმება ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერი ამომრჩეველი. თუმცა არის სხვაობა, კრიზისის წყაროდ ვინ რას აღიქვამს”, – თვლის სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის თავმჯდომარე.
“ქართული ოცნების” ამომრჩეველს კრიზისის წყაროდ მიაჩნია ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობა”, ოპოზიციურ ამომრჩეველს კი ამ პასუხისმგებელ აქტორად – “ქართული ოცნება”. განცდა, რომ კრიზისია, საერთოა… გახარიას და “ლელოს” აქვთ ურთულესი ამოცანა, უნდა დააჯერონ ამომრჩევლები, რომ ღირს არჩევნებში მონაწილეობა, მით უფრო, რომ ჩვენ მივიღეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უარყოფითად განიხილება და “ლელოს” ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ ის იყო, რომ ევროკავშირი ითხოვდა ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას. ამ რეზოლუციამ ეს არგუმენტი გააქარწყლა. ამიტომ მათთვის ახლა უფრო რთული იქნება დააჯერონ საკუთარი ამომრჩეველი, რომ მონაწილეობა ღირს. საქმეც და სირთულეც ის არის, რომ მათ არა მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის დარწმუნება მოუწევთ, არამედ სხვა ოპოზიციური ძალებისაც, რადგან თუნდაც მათი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი რომ მივიდეს, არ იქნება საკმარისი”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“თვითმმართველობის არჩევნებში მოგებაზე ფიქრი ოპოზიციას შეეძლო მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, თუ ყველა ოპოზიციური ძალა დათანხმდებოდა მონაწილეობას, აამაღლებდა საკუთარი ამომრჩევლის მოტივაციას მონაწილეობისთვის და შეთანხმდებოდა მერობისა და მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე. მაგრამ ეს არ მოხდა. თუმცა მოგების სერიოზული შანსი არსებობდა თბილისში და შესაძლოა ზოგიერთ ურბანულ ქალაქშიც. თბილისში 66/24-ზეა თანაფარდობა “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ეს საკმაოდ დიდი ნაპრალია და ბრძოლა მოგებისთვის შეიძლებოდა, მაგრამ არა იმ პირობებში, რაც ახლაა. ახლა ეს საუკეთესო ვარიანტია “ქართული ოცნებისთვის”. ოპოზიცია რომ საზოგადობისთვის მოსაწონი იყოს, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის წილი გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ახლა ეს არის 30%, ანუ ის ამომრჩეველი, რომელსაც არც ერთი არ მოსწონს”, – დასძენს იაგო კაჭკაჭიშვილი და შეკითხვაზე – “კვლევით გაირკვა, – მოსახლეობის 57,1 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ქვეყნის საგარეო კურსთან?” – პასუხობს:
“ქართულმა ოცნებამ~ მოახერხა, რომ საკუთარ ამომრჩეველს ევროპისა და ევროკავშირის განსხვავებული ხატი შეუქმნა და რაღაცნაირად ამ ხატზე “ჩამოისვენეს” ხელისუფლების ამომრჩევლებმა. ისინი დააჯერეს, რომ ევროკავშირი მარტო ლიბერალური ევროპა კი არ არის, იქ ძლიერდება კონსერვატორული ნაკადი, რომ ორბანიც და ფიცოც ევროპაა და ჩვენ ასეთი ევროკავშირი გვინდა. სწორედ ამიტომ ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ ძალიან ძლიერია ყველა ჯგუფში, შედარებით დაბალია “ქართული ოცნების” ამომრჩევლებში -_ 68%-ს შეადგენს, თუმცა საქართველოს მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას. ხელისუფლება არ ამბობს, რომ ევროკავშირისკენ აღარ მივდივართ, თუმცა ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ამბობენ, რომ სხვანაირი ევროპა უნდათ – ულტრამემარჯვენე და კონსერვატიული”…
რუსეთი ახალ საბრძოლო ტაქტიკას იყენებს, კიევი კი სწრაფ რეაგირებას ითხოვს – რა მიმართულებით უჭირს უკრაინას
“რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 26 რაკეტა და 597 დრონი გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსული ძალების საჰაერო იერიშების შედეგად ჩერნოვცში 2 ადამიანი დაიღუპა. “ღამით რუსეთმა დარტყმები ხარკოვისა და სუმის ოლქებიდან ლვოვამდე და ბუკოვინამდე განახორციელა. 20-ზე მეტი რაკეტა და დრონების დიდი უმრავლესობა განადგურდა. მადლობა საჰაერო თავდაცვის ძალებს. რუსეთის საჰაერო თავდასხმები სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს და მისი შეჩერება სანქციების მეშვეობით ახლავე შეიძლება. საჭიროა მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა. ჩვენი პარტნიორებისგან არა მხოლოდ სიგნალებს, არამედ ისეთ ქმედებებს ველით, რომლებიც სიცოცხლეს გადაარჩენს”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი “იქსზე”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსეთი ახალ საბრძოლო ტაქტიკას იყენებს, კიევი კი სწრაფ რეაგირებას ითხოვს – რა მიმართულებით უჭირს უკრაინას.
“ამასთან, ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა: “არის მაღალი დონის პოლიტიკური სიგნალები – კარგი სიგნალები, მათ შორის შეერთებული შტატებისგან, ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ყველა მხრივ მიწოდებები აღდგენილია. გავაგრძელებთ მომდევნო კვირას ამერიკულ მხარესთან მუშაობას სამხედრო დონეზე, კერძოდ ჩვენი სამხედროები გენერალ კელოგთან ვამზადებთ ახალ ევროპულ თავდაცვით პაკეტებსაც. უახლოეს მომავალში ძლიერ ნაბიჯებს ველით რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზეც ამ ომისთვის: ზეწოლამ უნდა იმუშაოს”. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, რუსები ახორციელებენ უკრაინელების საჰაერო და სარაკეტო საბრძოლო თავდაცვითი სისტემების გამოფიტვას. მისივე თქმით, სწორედ ამის განეიტრალებას ითხოვს ზელენსკი, რაც მისივე აზრით, ძალიან კარგი მინიშნებაა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ზელენსკი აბსოლუტურად მართალია. რუსეთი გადავიდა ახალი ტიპის სტრატეგიაზე, პრინციპში ახალი არ არის, მაგრამ ადაპტირებული ვარიანტია. ეს არის გამოფიტვის სამხედრო სტრატეგია. ფაქტობრივად, ახლა რუსები ახორციელებენ უკრაინელების საჰაერო და სარაკეტო საბრძოლო თავდაცვითი სისტემების გამოფიტვას, მათ გამოშიგვნას და განადგურებას, რათა მოიპოვონ ჰაერში სრული ბატონობა. ეს არის რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობის მთავარი ამოცანა. რასაც, სამწუხაროდ, ისინი თანდათანობით წარმატებით ახორციელებენ. სწორედ ამაზე მიანიშნა ზელენსკიმ. ის ზუსტად იმას ითხოვს, რომ ამ გამოფიტვის ოპერაციის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგეს, რომ ჰაერიდან რუსებს ყოველგვარი შესაძლებლობა ჩაეხშოთ, რათა სტრატეგიული ინიციატივა მოიპოვონ საბრძოლო მოქმედებების დროს და ჰაერზე რუსეთის სრული დომინანტობის ეფექტი განეიტრალდეს”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“ამაზეა საუბარი, რაზეც ზელენსკიმ ძალიან სწორად გააკეთა აქცენტი, როგორც უკრაინის უმაღლესმა მთავარსარდალმა. ამ კუთხით მინდა გითხრათ, რომ ზელენსკი არა მხოლოდ გამოცდილი პოლიტიკოსი გახდა, არამედ სამხედრო სტრატეგიულ საკითხებში დიდი გამოცდილება მიიღო და გარკვეული სტარტეგიული ალღო შეიძინა. ეს მას გამოარჩევს სხვებისგან, თუნდაც რუსეთის უმაღლეს მთავარსარდალ პუტინისგან, რომელსაც ასეთი მიდგომები არ გააჩნია. ასე რომ, ზელენსკიმ ზუსტად დაინახა პრობლემა აღნიშნა კიდეც. ეს აბსოლუტურად სწორი მინიშნება იყო”, – დასძენს მაისაია.
ვახტანგ ძაბირაძე – “ზურაბიშვილის განცხადება არც არაფერს შეცვლის და არც არაფრის მომტანია”
“არ ვიცი, ახალი მემორანდუმი, ახალი შეთანხმება რას მოგვცემს. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ სიტუაციას არ ვაფასებთ. ჩვენი პარტნიორების რეზოლუციები “ქართულ ოცნებაზე” გავლენას ვერ ახდენდა, ეს აღარ მუშაობს, რაც არ უნდა თქვან ევროპაში თუ ამერიკაში, აღარ ადარდებთ. ან იმაზე მეტი რა უნდა ითქვას, რაც აშშ-ის ელჩმა თქვა კობახიძის წერილის შესახებ? ანუ წერილი დაწერა, გაგზავნა ვაშინგტონში, სადაც, როგორც ელჩი ამბობს, შეურაცხყოფა მიაყენა ამერიკის ახალ, ძველ და საერთოდ, ყველა ადმინისტრაციას. ამიტომ რა რეზოლუციაც არ უნდა მიიღონ, ევროპა იქნება თუ ამერიკა, “ქართული ოცნება” არაფრად აგდებს. გავლენა შეიძლება მოახდინოს იმან, თუ ჩვენი პარტნიორები რეზოლუციებიდან უკვე კონკრეტულ ქმედებებზე გადავლენ და აქაც ჩნდება ბევრი კითხვა -_ რა იმოქმედებს, როგორ, როდის? – აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ზურაბიშვილის განცხადება არც არაფერს შეცვლის და არც არაფრის მომტანია”.
“რაც შეეხება ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობს, არ მესმის მათი, ვინც ლაპარაკობს ე.წ. ბოიკოტზე. ბოიკოტი რას მოგვცემს? თუ ლაპარაკია იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობით ჩვენი პარტნიორები “ქართული ოცნების” ლეგიტიმურობას აღიარებენ ან არა, ეს ბოიკოტზე უკვე აღარ არის დამოკიდებული. აქამდე არ აღიარეს და არც იმის მიხედვით აღიარებენ, მიიღებს ვინმე არჩევნებში მონაწილეობას თუ არა. რაც შეეხება ლეგიტიმაციის თემას თვითონ “ქართულ ოცნებაში”, მათთვის ძალიან მშვენიერი იქნება, თუ არავინ მიიღებს მონაწილეობას. უმტკივნეულოდ მოიგებენ ყველა უბანს, ზედმეტი ხარჯის გარეშე და გააგრძელებენ ამ ქვეყნის მართვას. ოპოზიცია ამბობს, არ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობაო და ხშირად ახსენებენ, 1990 წლის მარტშიც იყო ბოიკოტიო, მაგრამ ვინც ამას ამბობს, კარგად შეისწავლოს ის ექვსი თვე, დღევანდელი მდგომარეობა და ისე შეაფასონ სიტუაცია. ბოიკოტს აზრი აქვს მაშინ, თუ იქნება აქტიური ბოიკოტი, მაგრამ რეალობა სხვაგვარია – დღეს საზოგადოება აქტიური ბოიკოტისთვის მზად არ არის. პირადად მე წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ვერ ვხედავ მზაობას”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ეს ჩანს რამდენიმე მომენტით. როდესაც მიდის ახალგაზრდების, ფაქტობრივად, ბავშვების სასამართლოები და ყველა დარწმუნებულია, “ქოცია” თუ “ნაცი”, ყოველ შემთხვევაში, თავის საახლობლოში, ყველა ხედავს, რომ სასამართლო კი არა, არ ვიცი, ამას რა დავარქვათ და საზოგადოებას იმაზე მეტი რეაქცია არა აქვს, რაც არის, რა ბოიკოტზე შეიძლება ლაპარაკი?! როდესაც ამას ემატება ისიც, რომ დაპატიმრებები გრძელდება, პოლიტიკოსი ლიდერები თითქმის ყველა დაპატიმრებულია და რეაქცია არ არის, ვგულისხმობ მძაფრ და მასშტაბურ რეაქციას და არა აქტივისტების შეკრებას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება ამისთვის მზად არ არის. საზოგადოება მზად არის იმისათვის, რომ არჩევნებზე მივიდეს. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ, ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ვინ არა, ჩვენ უნდა შევძლოთ, საზოგადოდ, ოპოზიციამ, პოლიტიკური იქნება თუ საზოგადოებრივი, ხალხი მიიყვანოს იმ ნიშნულამდე, რომ ის ოპოზიციის აქტიურ მხარდაჭერაში გადავიდეს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ამის ერთ-ერთი საშუალება არის არა ის, რომ დავუშვათ, შიმშილობა გამოაცხადო, თქვა, ციხეში მივდივარო და ა.შ., არამედ ის, რომ ნელ-ნელა ტემპერატურა ასწიო. არჩევნებში მონაწილეობა კი სწორედ ამის უზრუნველსაყოფად არის საჭირო, რომ ამ სტაგნაციიდან, რაშიც დღეს ოპოზიციაა, პოლიტიკურიც, საზოგადოებრივიც და მთლიანად ელექტორალურიც, გამოიყვანო და გამოაფხიზლო. მთელი ანატომია ამ პროცესის ეს არის. სხვას ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც სიტუაციას შეცვლის. ჩემი აზრით, ევროკავშირმა დღესაც რომ გადაწყვიტოს სანქციების შემოღება, მისი ეფექტი არ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი, რა მნიშვნელობაც ექნება იმას, რომ არჩევნებში ადგილებზე მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი და ოპოზიციური ელექტორატის გამოფხიზლებისა და ტონუსში მოყვანის მიზნით. ამიტომ ზურაბიშვილის განცხადება არც არაფერს შეცვლის და არც არაფრის მომტანია. რეალობა არის ასეთი – ან ვმონაწილეობთ და, თუ არ ვმონაწილეობთ, ცუდია, მაგრამ კიდევ უარესია, როდესაც ამ არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს ვამუნათებთ, არც შენ წახვიდეო”, – ამტკიცებს ანალიტიკოსი.
“თეორიულად წარმოვიდგინოთ – მართლაც არავინ რომ არ მიიღოს მონაწილეობა, გარდა “ქართული ოცნებისა” და არც ელექტორატი არ მივიდა არჩევნებზე, მერე რა ხდება? “ქართულ ოცნებას” შერცხვება, ბოდიშს მოგვიხდის და იტყვის, როგორ ვცდებოდიო? იმდენ ბიულეტენს ჩაყრიან ურნებში და დაწერენ იმ რაოდენობას, რამდენიც ენდომებათ. რამე მტკიცებულება გვექნება, რომ გააყალბეს? ან რომც გვქონდეს, სადმე უჩივლებ თუ რა? თუ ოპოზიცია გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, ეს იქნება ბრძოლა. მე ილუზია კი არა მაქვს იმის, რომ “ქართული ოცნება” კარგად მოიქცევა. არა, პირიქით, “ქართული ოცნება” უფრო შეეცდება გააყალბოს არჩევნები, რადგან ფაქტია, თბილისს მაინც ვერ იგებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, გააყალბებს, მაგრამ ჩვენ არ ვითვალისწინებთ მთავარს – ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს მხოლოდ იმიტომ, რომ მოხდეს ოპოზიციური ელექტორატის მობილიზება და ამ საღათას ძილიდან გამოვიდეს. ოპოზიციური მუხტის აწევისთვის, მეტი არაფრისთვის არ არის ეს არჩევნები და, თუკი თავს ვანებებთ ყველაფერს, მაშინ სიტუაცია დარჩება ისეთივე, როგორიც არის”, – დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“იცით, კიდევ რას არ ვითვალისწინებთ? იმას, რომ ადგილობრივ არჩევნებში ძალიან ბევრი მოქალაქე მონაწილეობს, ზოგი მაჟორიტარობის კანდიდატია, ზოგი პროპორციულ სიაშია და ეს ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სხვა ასეთი საშუალება, რომ გამოიყვანო ოპოზიციური ელექტორატი არსებული მდგომარეობიდან, არ არსებობს. ოპოზიციამ არჩევნები უნდა გამოიყენოს იმისთვის კი არა, რომ რაღაცას მოიგებს, არამედ იმისთვის, რომ მით უმეტეს, დიდ ქალაქებში მოგების შანსი არის. “ქართული ოცნება” შეეცდება იყიდოს ყველაფერი, მაგრამ ეს ხომ მის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს? იმიტომ, რომ იძულებული იქნება დაიწყოს მასწავლებლების გაფრთხილება, ბაღის აღმზრდელებზე ზეწოლა, მათგან მოითხოვოს მათი ნათესავების ჩართვა, ხმების მიტანა… ეს დიდი პროცესია, როდესაც შენ აიძულებ “ქართულ ოცნებას” წავიდეს ასეთ მოქმედებებზე, რაც საბოლოოდ მის საწინააღმდეგოდ იმუშავებს. სხვაგვარად განცხადებები, რუსეთისკენ მივდივართო, არ ჭრის”, – მიიჩნევს რესპონდენტი.
“ამიტომ დღეს ჩვენი ამოცანაა, თუ როგორ გავააქტიუროთ ოპოზიციური ელექტორატი. თუ ოპოზიცია ამ ამოცანას გადაწყვეტს, მაშინ “ქართული ოცნება” რას დაიწერს, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება, მაგრამ, თუ ამ სტაგნაციაში დარჩება, კი ბატონო, ნელ-ნელა ყველას მოგვაკითხავენ… მე ვიცი ერთი რამ – ვიღაცებს რადიკალიზმის ნოსტალგია აქვთ. 2002 წელს სააკაშვილს რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო, 2003-ში იქნებოდა კი ის მოვლენები? ვისაც ახსოვს, მაშინაც ხომ ამან შეუწყო ხელი ელექტორატის გააქტიურებას, რომელიც არცთუ ისე აქტიური იყო და გამოიყვანა ამ მდგომარეობიდან. ეს იყო მაშინ მნიშვნელოვანი და შემდეგ უკვე დაიწყო 2003 წლის მოვლენები. ისე, კაცმა რომ თქვას, ასეთი კითხვაც ხომ შეიძლება დაისვას – ბიძინა თუ ყველაფერს ყიდულობს, ოპოზიციაშიც ვერ იყიდის ვინმეს?” – ამბობს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე – “ოპოზიცია ერთია და, მეორეა საზოგადოება, რომელიც არჩევნებში მონაწილეებს “ქოცობად” აცხადებს და საზოგადოებაც ნაყიდია?” – პასუხობს:
“ჩვენთან ძალიან მცდარი და რომანტიზებული შეხედულებებია ეროვნული მოძრაობის დროზე, მაგრამ მაშინ საზოგადოება ამისთვის მზად იყო, დღეს კი მზად არ არის. რაც არ უნდა ვთქვათ, საზოგადოება დღეს გაყოფილია. თუნდაც იმ 8 პარტიიდან 6 მაინც “ნაცმოძრაობიდან” არის გამოსული, “ქართული ოცნება” ამას იყენებს და ელექტორატი, რომელიც არჩევნებზე მიდის, ის ელექტორატია, რომელსაც ეს ყველაფერი ახსოვს. ახალი ელექტორატი მოდის იმ ბიჭების თაობიდან, ახლა რომ ხელისუფლება ყოველგვარი არგუმენტებისა და რეალური ბრალდებების გარეშე ციხეში უშვებს, მაგრამ რეალური ამომრჩეველი ძირითადად სხვა ასაკის არის”.
“ამიტომ აქაც თუ რაიმე შეიძლება ილაპარაკო იმაზე, რომ ზურაბიშვილის მემორანდუმი რაიმეს გააკეთებს, ეს არის, პირველ რიგში, ელექტორატის გამოყვანა სტაგნაციური მდგომარეობიდან და მეორე, მართლაც ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნა, რომელიც არ იქნება არც “ქოცური” და არც “ნაცური”, მაგრამ საზოგადოების სტაგნაციიდან გამოყვანის შემდეგ და არა პირიქით. ამ ვარიანტში შეიძლება მოხდეს გარღვევა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ აღიარებდეს ამ კაბინეტს, ამ კაბინეტის პრემიერის კანდიდატურას. აქაც პრობლემაა, იმიტომ, რომ საზოგადოებრივ ასპარეზზე ასეთი პირი, მეტ-ნაკლებად გამოცდილების მქონე და ა.შ., არ ჩანს. პირდაპირ ახალი ვიღაცის მოყვანა იქნება ძალიან რთული. თუმცა არა შეუძლებელი და ამას ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ იმისთვის ვართ განწირული, რომ არსებული ვითარება შენარჩუნდეს, თუ რაღაც ექსტრაორდინარული არ მოხდება, რაც ქაოსურ მდგომარეობამდე მიგვიყვანს და ქაოსური პროტესტის გამომწვევი გახდება. ეს კი, ჩემი აზრით, ყველასთვის დამღუპველი იქნება. მეორე საკითხია ის, რომ რადიკალიზმზე საუბარი ოპოზიციურ ელექტორატს უფრო აფრთხობს, ვიდრე აფხიზლებს. ამიტომაც ვამბობ, რომ ამ გზით კი არა, იმ გზით უნდა წავიდეთ და მაშინ რაღაცნაირად დალაგდება”, – დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.
