ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024

პრეზიდენტის განაცხადი მეორე ვადაზე – რას შეცვლის ეს პოლიტიკურ ველზე
პოლიტიკური ტაიმ-აუტი და ძალთა გადაჯგუფება საარჩევნოდ – როგორ გამოიყენებენ პარტიები ზაფხულს
ვაშინგტონი კიევს კიდევ ერთ “პეტრიოტს” უახლოეს დღეებში მიაწვდის – ზელენსკი სულ 7 ასეთ სისტემას ითხოვს
* * *
პრეზიდენტის განაცხადი მეორე ვადაზე – რას შეცვლის ეს პოლიტიკურ ველზე
“ოცნება” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მწვავედ აკრიტიკებს, 11 ივნისს ახალგაზრდებთან შეხვედრისას წარმოთქმული ფრაზის გამო, სადაც ზურაბიშვილმა მეორე ვადით საპრეზიდენტო კანდიდატობა არ გამორიცხა. ზურაბიშვილი კვლავ არაა წინააღმდეგი, რომ მმართველი პარტია “ქართულ ქარტიას” შუერთდეს, თუმცა როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს წინადადება თავის არსში უპერსპექტივოა და წინააღმდეგობაში მოდის მისივე ნათქვამთან – “ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის”. ანალიტიკოსების თქმით, თუ ქარტიას “ოცნებაც” შეუერთდა, “მაშინ ვისზე უნდა გაიმარჯვოს პრეზიდენტმა?” მათივე შეფასებით, ზურაბიშვილი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ის ზეპარტიულია. რაც შეეხება ზურაბიშვილის შანსებს მეორე ვადაზე, ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა ოქტომბერში, შანსი აქვს, ნაწილი კი ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც შეიძლება მოწინააღმდეგეები ჰყავდეს ზურაბიშვილს, რადგან თავად ოპოზიცია ლიდერების ნაკლებობას არ განიცდის. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უქმდება და მას საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაშიც შედის 300 ხმოსანი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლები”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პრეზიდენტის განაცხადი მეორე ვადაზე – რას შეცვლის ეს პოლიტიკურ ველზე.
“პრეზიდენტის გამოსვლას ოპოზიცია დადებითად აფასებს და თუ ზურაბიშვილი კვლავ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მიესალმებიან. პარტიების ნაწილი კი ამბობს, რომ მათგან პრეზიდენტს “აქვს სრული მხარდაჭერა იმ საქმეებში, რასაც აკეთებს”. თავად პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან შეკრებაზე რამდენიმე გზავნილი გააჟღერა, ამბობს, რომ ოქტომბრის არის ეგზისტენციალური არჩევანი “რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი”. მან ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ქართველმა ხალხმა მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველოს მხოლოდ ევროპული მომავალი აქვს. “ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის”, – ამბობს ზურაბიშვილი და დასძენს, რომ არჩევნებში მთავარი გამარჯვების იმედი არის მობილიზაცია. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ის მზად არის დაეხმაროს ახალგაზრდებს ხმების დაცვაში, მათ შორის იმაში, რომ თუ იქნება საინიციატივო ჯგუფები, რომლებსაც ტრენინგებზე დახმარება დასჭირდება, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკოორდინაციო როლს იკისრებს და დაეხმარება. ს განცხადებით, ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას ახალგაზრდების მხარდაჭერა ექნება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მე არაერთხელ ნათქვამი მაქვს და კიდევ გავიმეორებ, რომ მე იქ ვიქნები, სადაც საჭირო ვიქნები. სადაც საჭირო ვიქნები იმისათვის, რომ ჩვენ მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე. ჩემთვის საქმის ბოლომდე მიყვანა არის ერთი მხრივ, ჯერ გამარჯვება -არჩევნებში და შემდეგ “ქართული ქარტიის” შესრულება ძალიან მოკლე დროში იმის მიუხედავად, რომ ვიღაც შეიძლება ამბობდეს – “ამას დიდი დრო უნდა”. გადამოწმებულია და არ უნდა დიდი დრო, ეს უნდა შევძლოთ. მე მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელიც დაიცავს ამ შედეგს, მიიტანს ბრიუსელამდე და მიიღებს დასტურს, რომ ჩვენ გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს, ეს იქნება პრეზიდენტის როლში, თუ სხვა როლში მომავალი გვიჩვენებს, მე ყველაფრისთვის მზად ვარ და ვიქნები. თუ ვიქნები თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი პრემიერ ირაკლი ს აკრიტიკებს, რომ 26 მაისს პრემიერ-მინისტრის მიმართ პრეზიდენტისთვის მოღალატის წოდება “ქართული ჯარის არნახული შეურაცხყოფა იყო”. თუმცა ამავე დროს პრეზიდენტი “ქარტიაზე” ხელმოწერასაც სთავაზობს”, – განაგრძობს გამოცემა.
“ვერავინ იტყვის ხვალ პუტინი რას გააკეთებს და რას არ გააკეთებს. ერთადერთი ომის პარტია, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის . ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი პრემიერი, რომელიც ბერლინში იმყოფება, როგორც ჩანს, აღარ საუბრობს დასავლეთზე როგორც ომის პარტიაზე, ს სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება ფერისცვალება მოხდა, არ ვიცი. თუ ეს ასე არის, მე ვულოცავ მას და გავიმეორებ იმას, რომ “ქართული ქარტია” ღია არის ყველასთვის, ვინც არის პროევროპული. თუ მოხდა ფერისცვალება, შემოგვიერთდეს და ხელი მოაწეროს”,- განაცხადა ზურაბიშვილმა. “ქალბატონი სალომე თუ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მისასალმებელი ფაქტი იქნება – ჩვენგან მას აქვს სრული მხარდაჭერა იმ საქმეებში, რასაც ჩვენი ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფისთვის აკეთებს, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, პარტია “გახარია საქართველოსთვის” “ქართულ ქარტიაში” აღნიშნული რეფორმების გეგმას სრულად იზიარებს”, – დასძენს გამოცემა.
“პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, “ის ფაქტი, რომ შეიძლება პრეზიდენტმა რაღაცა რაოდენობის ადამიანები, ამა თუ იმ ფორმატში შეკრიბოს, ვერ გამოხატავს მთლიანად ამ ქვეყნის უმრავლესობის სულისკვეთებას. მისი თქმით, “პრეზიდენტის ახალგაზრდებთან შეხვედრა უფრო მეტად გაგრძელება იყო იმ საპროტესტო რადიკალური აქციების, რომელმაც სრულიად დაკარგა თავისი მუხტი და ამიტომ სადღაც უნდა გადასულიყო. ამიტომ პრეზიდენტმა უმასპინძლა დიდწილად ალბათ, იმ აქტივისტებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დესტრუქციულ როლს თამაშობდნენ ამ პროცესებში”. წილოსანის აზრით, “პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან უკიდურესი ფორმებით იყო შეფასებული, ახლა წარმოადგენდეს იგივე ოპოზიციას, გვაჩვენებს თავისი ამორალურობის და გარკვეულწილად, უპრინციპობის ნათელ მაგალითს” და მისთვის ”ნამდვილად გასაკვირი იქნება ახალგაზრდების მხარდაჭერა უპრინციპო და საკუთარი ქვეყნის მტრობაში არა ერთხელ შემჩნეულ პრეზიდენტისთვის…”, – წერს სტატიის ავტორი.
“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მეორე ვადით არჩევის შანსი იმ შემთხვევაშიც დაბალი აქვს, თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა არჩევნებში. მისივე თქმით, თუკი “ოცნებას” იუმორის გრძნობა აქვს, პრეზიდენტის შეთავაზება უნდა მიიღოს და “ქართულ ქარტიას” ხელი მოაწეროს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ პრეზიდენტის ფრაზა “ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის” წინააღმდეგობაში მოდის მისივე ნათქვამთან, რომ პრემიერი “ქართულ ქარტიას” შუერთდეს და ხელი მოაწეროს. თუკი “ოცნებასაც” სთავაზობს ხელმოწერას, მაშინ ვისზე უნდა გაიმარჯვოს პრეზიდენტმა? ქართულ პოლიტიკაში ლოგიკური წინააღმდეგობის ეტაპი არაა დაძლეული და მე მგონი არც მსოფლიო პოლიტიკაში, ყველას უყვარს აბზაცის დასაწყოსში ერთის თქმა და აბზაცის ბოლოს იმის საწინააღმდეგოსი”, – თვლის საყვარელიძე. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ პრეზიდენტს მეორე ვადაზე შანსი ექნება თუ ოპოზიციამ გაიმარკვა არჩევნებში”, – განაგრძობს სტატიის ავტორი.
“როცა პრეზიდენტი ევროპულ ხედვებს ახმოვანებს, იმედი აქვს, რომ თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, მეორე ვადით დარჩება პოსტზე. რადგან თუ მაგალითად “ლელოსთვის” “ნაცმოძრაობის” მიერ დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატი მიუღებელია, ასეთ შემთხვევაში, თითქოს მაგაზეა გათვლა, რომ ყველა პარტიისთვის ასე თუ ისე მისაღები კანდიდატურა იქნება ზურაბიშვილი, მაგრამ ჩემი აზრით, მისი წარსულიდან გამომდინარე, ნაკლებად უნდა იყოს მისაღები. მარკუს ავრელიუსს აქვს ნათქვამი რომ “ადამიანი თავის სულით და გულით უნდა იყოს პატიოსანი და არა ვითარებიდან გამომდინარე”. პრეზიდენტმა იცის, რომ “ქართული ოცნება” “ქართულ ქარტიას” ხელს არ მოაწერს. გათვლაც ზუსტად ამაზეა, რომ მე ჩემი შევთავაზეო, რომ ზეპარტიულობაში ჩაეთვალოს, თორემ თავადაც კარგად იცის არავინ ხელს არ მოაწერს. საერთო ჯამში, პრეზიდენტის გამოსვლა საინტერესო იყო, ცდილობს, რომ გამაერთიანებლის როლი ითამაშოს. ჩანს, რომ პოლიტიკაში კვლავ დარჩენას აპირებს, რომ ისევ პრეზიდენტად აირჩიონ ხმოსანთა საბჭომ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
პოლიტიკური ტაიმ-აუტი და ძალთა გადაჯგუფება საარჩევნოდ – როგორ გამოიყენებენ პარტიები ზაფხულს
“აქტიური პოლიტიკისთვის ზაფხული არც თუ ხელსაყრელი პერიოდია, თუმცა, როგორც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, გადამწყვეტ არჩევნებამდე ზუსტად საკმარისი დროა, “ქარტიაზე” ხელმომწერმა პარტიებმა ეს პერიოდი უნდა გამოიყენონ და კამპანია უკვე უნდა დაიწყონ. თავის მხრივ გაზაფხულის 100-დღიანი კამპანია “ოცნებამ” უკვე დაასრულა, რომელიც ათ რეგიონში ათ გასვლით შეხვედრას გულისხმობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, კარგი იქნება თუ ცხელ სეზონს ოპოზიცია ძალების კონსოლიდაციისთვის გამოიყენებს, რადგან აგვისტოს ბოლოსთვის არჩევნებამდე 60 დღით ადრე, როცა საარჩევნო რეგისტრაცია უნდა დაიწყოს, გარკვეული მონახაზი ჩანდეს ამომრჩევნებისთვის თუ როგორ და რა ფორმით აპირებენ პარტიები არჩევნებში მონაწილეობას. ანალიტიკოსთა აზრით, ამ მხრივ “ოცნებას” ყველაფერი მომზადებული აქვს. საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდმა, პარტიას რეგიონებში გასვლითი შეხვედრები აქვს, გახარია ამბობს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებენ გასვლას”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პოლიტიკური ტაიმ-აუტი და ძალთა გადაჯგუფება საარჩევნოდ – როგორ გამოიყენებენ პარტიები ზაფხულს.
“2024 წლის არჩევნები იქნება არამხოლოდ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ყურადღების ცენტრში, არამედ მას დააკვირდება მთელი საერთაშორისო საზოგადოება. ამ არჩევნებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის. ჩვენ ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ, რომელმაც უკვე დიდი ხანია განაცხადა, რომ დამოუკიდებლად ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას და კამპანიის ჩატარებას. ჩვენ დღეს ამ პოზიციაზე ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველა ხან ერთიანდება, ხან იშლება, იქმნება სხვადასხვა ფორმატები, პლატფორმები. ცხადია, ჩვენ ამის წინააღმდეგი არა ვართ, ადამიანებს და პოლიტიკურ ძალებს აქვთ უფლება, თავად მიიღონ გადაწყვეტილები. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ დამოუკიდებლად განვაგრძობთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ. “ევროპული საქართველოს” ლიდერი კი აცხადებს, რომ პროტესტი არჩევნებამდე უნდა გაგრძელდეს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“სწორედ იმის გამო, რომ ასე ეშინიათ, პროტესტი და რეჟიმის რყევა უნდა გაგრძელდეს. რეჟიმის ძალაუფლების ვერტიკალში მყოფი ადამიანები ეტაპობრივად უნდა შეეგუონ, რომ ძალაუფლებას დაკარგავენ. ეს ატმოსფერო არჩევნების დღემდე უნდა შევინარჩუნოთ და 26 ოქტომბერს, მთელ ქვეყანაში (მათ შორის საარჩევნო უბნებსა და უბნებს გარეთ) ის ატმოსფერო უნდა იყოს, რაც უზარმაზარი საპროტესტო აქციების დროს ვიხილეთ. პარალელურად კი, პირველ რიგში, პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ამავე დროს მოქალაქეებმა ერთმანეთი უნდა “ვიპოვოთ”, უნდა შევძლოთ საპროტესტო მუხტის პოლიტიკური ცვლილებების მხარდაჭერაში გარდაქმნა”, – ამბობს ბოკერია. “ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ კი განაცხადა, რომ “რადიკალური ოპოზიციის ერთ ჯგუფში გაერთიანება, ევროპული პოლიტიკური კულტურის წინააღმდეგ სვლაა”… ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ”ოცნებას” არჩევნებისთვის ფინანსებიდან დაწყებული მედიასაშუალებებით დამთავრებული ყველაფერი მომზადებული აქვს, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა” – განაგრძობს გამოცემა.
“ოცნებას” საარჩევნო მეურნეობა მომზადებული აქვს, არც ფინანსები აკლია, არც სტრუქტურა და არც ინფორმაცია და მედიასაშუალებები. მოკლედ საარჩევნოდ ყველაფრით უზრუნველყოფილია, ჯერჯერობით ჩამოყალიბებული ერთიანი გუნდია, არ შეინიშნება ის, რომ საარჩევნოდ რომელიმე გუნდი გამოეყოფა, ან ახალი პარტია შეიქმნება. სახელისუფლებო ფლანგზე ყველაფერი სტაბილურია და არის სრულმზადყოფნაში. რაც შეეხება ოპოზიციას, აქ ჯერჯერობით ბევრი რამაა გასარკვევი და პირველ რიგში გასარკვევია არა ის, თუ როგორ გამოიყენებენ ამ ზაფხულს, არამედ ის როგორ ჩამოყალიბდება თავად ოპოზიცია არჩევნებამდე 60 დღით ადრე, როცა რეგისტრაცია უნდა დაიწყოს. თუ ამ ზაფხულში, ახლა უახლოეს თვე-თვენახევარში მაინც მოასწრებენ ჩამოყალიბებას და დაჯგუფებებს, შემდეგ უკვე საარჩევნო კამპანია დაიწყება და ჩვეულებრივად წარმართავენ. სტანდარტული პროცესია და ახალს აქ ვერავინ ვერაფერს იგონებს – იყენებენ მედიასაშუალებას და პირდაპირ შეხვედრებს მოსახლეობასთან, ანუ რეგიონულ შეხვედრებს. თბილისი ეს ორი თვე ფაქტიურად იცლება და სექტემბრიდან ცენტრი ისევ თბილისში გადმოვა”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
ვაშინგტონი კიევს კიდევ ერთ “პეტრიოტს” უახლოეს დღეებში მიაწვდის – ზელენსკი სულ 7 ასეთ სისტემას ითხოვს
“უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს დაარტყეს – ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს უკრაინის გენშტაბი. უწყების ცნობით, დარტყმების სამიზნეს ბელბეკთან და სევასტოპოლთან ერთი S-300 და ორი S-400 სისტემა წარმოადგენდა. “დარტყმის შედეგად S-300 და S-400 კომპლექსების ორი რადარი განადგურდა. მესამე რადარის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება”, – აცხადებს უკრაინის გენშტაბი. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საბრძოლო მასალა აფეთქდა სამ რაიონში, სადაც განთავსებული იყო საზენიტო-სარაკეტო სისტემები. New York Times-ის ცნობით, -ის პრეიზდენტმა, ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა უკრაინაში კიდევ ერთი “პატრიოტის” სისტემის გაგზავნას. გამოცემას ოფიციალური წყაროები ეუბნებიან, რომ გადაწყვეტილება გასულ კვირას, მაღალი დონის შეხვედრებისა და დებატების შემდეგ მიიღეს. საუბარი ეხებოდა საკითხს, თუ როგორ შეიძლება დააკმაყოფილონ საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას აშშ-ის საბრძოლო მზადყოფნას”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვაშინგტონი კიევს კიდევ ერთ “პეტრიოტს” უახლოეს დღეებში მიაწვდის – ზელენსკი სულ 7 ასეთ სისტემას ითხოვს.
“მეორე სისტემა უკრაინას პოლონეთიდან მიეწოდება. ის შეიძლება განლაგდეს უკრაინაში მომდევნო რამდენიმე დღეში, იმისდა მიხედვით, თუ რა მოვლას ან მოდიფიკაციას მოითხოვს, განაცხადეს ოფიციალური პირები. უკრაინის პრეზიდენტმა გასული თვის ბოლოს ითხოვა დამატებითი ამერიკული წარმოების პატრიოტის სისტემები, რომელიც მისი თქმით, კიევს დაეხმარება საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას კი განაცხადა, რომ ომი არასოდეს უნდა გახდეს ნორმა. “ომი არ შეიძლება და არც არასოდეს არ უნდა გახდეს ნორმალური მდგომარეობა. უკრაინელები არასოდეს ნებდებიან – ისინი იცავენ საკუთარ ქვეყანას. დღეს ბერლინში ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ძლიერი, თავისუფალი, ევროპული უკრაინის აღდგენაზე. სიმტკიცე, პრინციპების დაცვა ეს არის წინაპირობა, რომ პუტინმა აღიაროს, რომ ვერ იქნება სამხედრო გამარჯვება და მისი ნაკარნახევი მშვიდობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება. მე მინდა, გულწრფელად ვთხოვო ყველას, ვინც დღეს აქ არის: დაუჭირეთ მხარი ჩვენს ინიციატივას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ყველაფრით რითაც შესაძლებელია”, – თქვა შოლცმა, რომლის აზრით, “საუკეთესო რეკონსტრუქცია” არის ისაა, რომ შეძლონ შეაჩერონ ნგრევა უკრაინაში”, – აღნიშნავს გამოცემა.
“როდესაც ვსაუბრობთ უკრაინის რეკონსტრუქციაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის მომავალი ახალი წევრი ქვეყნის რეკონსტრუქციაზე. რუსეთის ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, ჩვენ ერთად მივეცით უკრაინას მტკიცე პირობა, რომ “უკრაინის მომავალი ევროკავშირშია”. და ეს მართალია. მას შემდეგ უკრაინამ ყველაზე რთულ პირობებში აიღო გზა ევროკავშირისკენ. ომის მიუხედავად, ის მუდმივად მუშაობს რეფორმებზე”, – განაცხადა შოლცმა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე ამბობს , რომ ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე რადიკალურად არაფერი შეცვლილა. გენერალი “რეზონანსთან” მიიჩნევს, რომ რუსეთი ჩასოვ იარზე, კრინიკზე, რობოტინოზე, შეტევებს ცდილობს, თუმცა ხელშესახები არაფერი აქვს. მისი თქმით, უკვე მერამდენე თვე ამ მცირე ზომის დასახლებული პუნქტებისთვის ბრძოლები მიდის”, – განაგრძობს გამოცემა.
“რუსეთს ჰქონდა ფანჯარა, 18 მაისს იყო უკრაინაში მობილიზაცია გამოცხადებული. შესაბამისად, ნორმატივებით 6 თვე მაინც უნდა იყოს მომზადებული სანამ ბრძოლის ხაზზე წავა. ამას ემთხვევა ზუსტად ის პერიოდი, როდესაც იარაღის პრობლემა შეექმნათ უკრაინელებს. ზუსტად ეს ფანჯარა უნდოდათ რუსებს რომ გამოეყენებინათ და სწორედ ამიტომ იყო ის აქტიურობა, რომელიც ფრონტის ხაზზე შეიმჩნეოდა. ეს იყო ლოკალური, მაგრამ საკმაოდ მძიმე ბრძოლები. რუსებმა გადაწყვიტეს ფრონტის ხაზი გაეწელათ, რათა უკრაინელები კიდევ უფრო გაეფანტათ. ამიტომ მათ ბრძოლები ხარკოვის მიმართულებით უფრო ინტენსიური გახადეს. ბოლოს გარკვეული შედეგი ამან გამოიღო და უკრაინელები იძულებულები გახდნენ ჩრდილოეთ მიმართულებაზე გარკვეული ძალები გადაესროლათ. თუმცა, ეს გაწელილი ფრონტი რუსეთისთვისაც პრობლემა აღმოჩნდა. რუსების დაჯგუფება ამ მანძილის ფრონტზე კონცენტრაციისთვის საკმარისი არ გამოდგა. შესაბამისად, ეს ვოლჩანსკის დასახლება, რომელიც მიწასთან არის გასწორებული ისიც კი ვერ აიღეს. ამავე დროს, შემოვიდა ის დახმარება, რასაც უკრაინელები ელოდებოდნენ და დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
“რუსებმა თითქოს და ამ გაწელვით და გაფართოვებით, რა თქმა უნდა, გარკვეულ შედეგს მიაღწიეს, მაგრამ ესეც დიდი დანაკარგის და ბრძოლის ფასად დაუჯდათ. სამხედრო ტერმინოლიგიაში არის ასეთი სიტყვები, შიდა და გარე საოპერაციო ხაზები. სწორედ რომ ავიღოთ, მის შუაგულიდან უფრო სწრაფად მიხვალ ნებისმიერ წერტილამდე, ვიდრე წრეწირის გარედან. ამ შემთხვევაში მრუდე გამოდის და უკრაინელებმა უფრო სწრაფად მოახერხეს გადაადგილება. რუსები იძულებულები გახდნენ ახლა ჩრდილოეთ მიმართულება რომ გაეძლიერებინათ და ბელგოროდი ამ დარტყმებისგან დაეცვათ, უკვე დან გადაეტანათ საჰაერო თავდაცვითი საშუალებები. ამის გამო დარტყმები უკვე ყირიმმა მიიღო. ვინაიდან ყირიმის ნახევრაკუნძულზე ეს დაუცველობა გაჩნდა, ესეთი ინფორმაციაც კი გამოვიდა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს ოჯახების ყირიმიდან გაყვანა ურჩიეს. ვინაიდან ყირიმი ისეთი დაცული აღარ არის, როგორადაც ითვლებოდა”, – დასძენს კაპანაძე.

ასევე დაგაინტერესებთ