ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024

სანდრო თვალჭრელიძე – “ერთმა გასროლამ შეიძლება მთელი ქვეყანა ააფეთქოს”
გადამწყვეტი კვირა – სადავო კანონის მესამე მოსმენით განხილვა და მაღალი დონის ვიზიტები პერმანენტული აქციების ფონზე
კახა გოგოლაშვილი – “ხელისუფლებამ გადააბიჯა უკანონობის გზით სიარულის ზღვარს”
დიდი საინფორმაციო ომი – როგორ იცვლება საზოგადოების განწყობა და რა შედეგები ექნება ამას
* * *
სანდრო თვალჭრელიძე – “ერთმა გასროლამ შეიძლება მთელი ქვეყანა ააფეთქოს”
“პრემიერ კობახიძის ტელეწამყვანებთან შეხვედრას უყურეთ? ხომ ნახეთ, მთელი მსოფლიო ცდება, მხოლოდ ის არის მართალი. ყველაზე საშიში კი ის არის, მას ამ ყველაფრის გულწრფელად სჯერა. მისთვის ყველაფერი მარტივი ყოფილა, დანარჩენს, ყველას, დაბალი IQ გვქონია, მხოლოდ ის და მისი უფროსი არიან ინტელექტის მეტრები. ის, რასაც ამბობდა კულტურაზე, ზრდილობაზე, უკვე არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. მეჩვენება, რომ ისინი ბევრ რამეს ვერ ხვდებიან, მათ შორის ვერც ყველაზე მთავარს, და მართლაც ჰგონიათ, რომ ეს ამხელა საპროტესტო მოძრაობა კოლექტიურმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ააგორა. ასე რომ ყოფილიყო, ეს საპროტესტო მუხტი დიდი ხნის გაცამტვერებული იქნებოდა. დაუჟინიათ, ეს თითქოს “ნაციონალური მოძრაობის” აღორძინებაა – არავითარ შემთხვევაში ასე არ არის. ეს არის ხელისუფლების მცდელობა, გაამარტივოს პროცესები, რაც დიდი შეცდომაა”, – აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ერთმა გასროლამ შეიძლება მთელი ქვეყანა ააფეთქოს”.
“ნაციონალური მოძრაობა” და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა პროცესს იწყებდა ზემოდან, აქ კი სულ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. ეს მოვლენები დაიწყო ქვემოდან და ამ მოძრაობას არა ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი. ამიტომაც ასეთი მოძრაობის დამარცხება შეუძლებელია. შეიძლება ითქვას, ეს არის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ბოლო ფაზა. ასეთი ძლიერი პროცესი ერთი მახსენდება ისტორიაში – 1789 წლის 14 ივლისი, როდესაც ბასტილია დაანგრიეს. შემდეგ გაჩნდნენ რობესპიერი, მარატი და ა.შ. ვინ დაანგრია ბასტილია? – ხალხმა. დღეს ჩვენთან სწორედ ამგვარი სახალხო მოძრაობაა აგორებული, რომლის არდში ახალგაზრდობაა. ჩვენს ხელისუფლებას ეს არ ესმის და ამას შესაძლოა ქვეყნისთვის ძალიან სავალალო შედეგი მოჰყვეს. სამაგიეროდ, ეს კარგად ესმით ჩვენს პარტნიორებს და მათი გაფრთხილება, არ მიიღოთ ეს კანონიო, არ არის მხოლოდ ფასეულობების კონფლიქტით განპირობებული, მიუხედავად იმისა, რომ მეც სრულიად დარწმუნებული ვარ, ეს რუსული კანონია. თუ რატომ, თქვენთან წინა ინტერვიუში განვმარტე, ამიტომ ამაზე დროს აღარ დავკარგავ. მოკლედ, რასაც დღეს ხელისუფლება ამბობს, ან არის მიზანმიმართული ტყუილი მოსახლეობის შესაცდენად, ან საკუთარი თავის მოტყუება”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“ხელისუფლებამ ამ კანონპროექტზე ხელი მარტო იმიტომ უნდა აიღოს, რომ არ შეიძლება მიიღო კანონი, რომელიც საზოგადოებას ხლეჩს, ხალხს ერთმანეთს აპირისპირებს. შეუძლებელია მთელი მსოფლიო ცდებოდეს და მხოლოდ იყოს მართალი. თუ მაღალი IQ აქვს, ამაზე დაფიქრდეს. ჩემი აზრით, მიუხედავად ამ თითქოს გაჯიუტებისა, ხელისუფლებას მოუწევს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ლაპარაკი და უკან დახევაც, სხვანაირად მართლაც ჩიხში აღმოვჩნდებით. ახლა დასავლეთთან ვაჭრობას ცდილობენ. ხომ ნახეთ, რუსთაველის თეატრში ევროპის დღის აღნიშვნაზე არ მივიდნენ. ეს არის დემარში, რომელიც მათთვის კარგად არ დასრულდება… ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ძალადობას ძალადობით უპასუხოს ვინმემ. ერთმა გასროლამ შეიძლება მთელი ქვეყანა ააფეთქოს. უახლოესი ისტორიის აზრზე არ არის ეს მაღალი IQ-ს მქონე ხალხი. ვერაფერს სწავლობს, ტერორი ამ ქვეყანაში არავის გამოუვიდა. პირიქით, სულ უფრო მეტად იკვრება ასეთ ვითარებაში საზოგადოება. ასეთი მეთოდებით ქართველი ადამიანის დაშინება შეუძლებელია. პირიქით, ეს ყველაფერი უფრო გააძლიერებს საპროტესტო მუხტს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ივანიშვილი სულ ამტკიცებს, რომ ძალიან ბევრი რამის გათვლა შეუძლია. თუ ასეა, გამოდის, ის განგებ ანგრევს “ქართულ ოცნებას”, ან ელემენტარული რაღაცების გათვლა არ შეუძლია. მან დაკარგა საზოგადოებასთან კავშირის ძარღვი. ჰგონია, ის ხალხი, ვინც მასთან მიდის და მლიქვნელურად რაღაცებს ეუბნება, მართალია, არადა, სიმართლე სხვაგან არის. ტერორის გზას ერთი მძიმე დასასრული აქვს – როგორი მაღალი იდეებითაც არ უნდა საზრდოობდე, შენ მაინც ჯოჯოხეთურ სამყაროში ხვდები, როდესაც ტერორის გზას ადგები. ისტორიულადაც ასე იყო. აიღეთ დიდი ბურჟუაზიული რევოლუცია ინგლისში, როდესაც ოლივერ კრომველი დიქტატორად იქცა. იგივე დაემართათ რობესპიერსა და მარატს და ა.შ. როგორც კი ტერორის გზას ადგები, წასულია შენი საქმე, იმიტომ, რომ ბოლო ერთია – ამ ნიაღვარში რომ მოხვდები, მერე რაც არ უნდა იქნიო ხელები, მაინც წაგიღებს. ტერორის გზიდან გამოსავლის პოვნა თითქმის შეუძლებელია, მასთან ბრძოლა კი შეუქცევად პროცესად იქცევა”, – განმარტავს ექსპერტი.
“ვიღაცები ამბობენ, რომ ამ ტერორის გზაზე პუტინის რეჟიმი ჯერჯერობით იმარჯვებს, მაგრამ საქართველო არ არის. პუტინის წინააღმდეგ 160-მილიონიან ქვეყანაში 5-10 ათასი კაცი გამოდიოდა, ჩვენს 3-მილიონიან საქართველოში კი აქციებზე 200 000 კაცი გამოდის. ხომ ნახეთ, რეგიონებშიც რა ხდება? ს მსვლელობა ხომ ნახეთ? წინ შშმ პირები რომ მოდიოდნენ, აქეთ-იქით აივნებზე კი გადმომდგარი იყვნენ ხანდაზმული ადამიანები და ტაშს უკრავდნენ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ვინც ქუჩაში გამოდის, იმაზე მეტი მათ შინიდან თანაუგრძნობს. ვიღაც ასაკშია, ვიღაცას ეშინია, ვიღაცას ბიზნესი აქვს და იმის დაკარგვა აფიქრებს და ა.შ. მაგრამ ეს ხალხი არჩევნებზე “ოცნებას” აღარ მისცემს ხმას. როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს, რა რესურსიც არ უნდა გამოიყენონ, მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მოგებული არჩევნები უკვე დღეს აქვთ წაგებული. დარწმუნებული ვარ, ოქტომბერში კოალიციური მთავრობა მოვა. სხვა საქმეა, ვისგან იქნება დაკომპლექტებული და იქნება თუ არა რევანში? ხელისუფლება შეიცვლება, ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ, თუ რაიმე შეუქცევადი მსოფლიო პროცესები არ მოხდა”, – მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.
“დღეს “ქართული ოცნების” ხელისუფლების ტაქტიკა და სტრატეგია ტრაგიკულად მცდარია. – კვლევა ჩავატარეთ, შევამოწმეთ რესპონდენტების IQ და მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში 45,6 პროცენტიო. ძალიან მაინტერესებს, როგორ გამოიკვლიეს, როგორ დაითვალეს ამდენი ხალხის IQ? გადაწყვიტეს, რომ ხალხს გამოუცხადონ, ჩვენი მომხრეები თუ არა ხართ, იდიოტები ხართ, არაფერი გესმით, ჭკვიანები მარტო ჩვენ ვართ, ვიცით, როგორ ვმართოთ სახელმწიფოო – მარტივი ნარატივია. ისევ ჟურნალისტებთან კობახიძის შეხვედრას დავუბრუნდები. მე პირადად მათ ადგილას სხვანაირად წავიყვანდი ამ კითხვა-პასუხის რეჟიმს, წყნარად, ყოველგვარი დეკლარაციების გარეშე და გამოვააშკარავებდი მის IQ-ს. მ სცადა სხვა სიბრტყეში გადაეყვანა დებატები, ჟურნალისტებიც გაჰყვნენ, რაც არასწორი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს ძალიან დიდ პატივს ვცემ, საუბრის სტრატეგია მაინც არასწორი იყო.”, – ამტკიცებს რესპონდენტი.
“ამ ახალგაზრდებისგან ძალადობას ვერ ვხედავთ, გარდა პროვოკატორებისა, რომლებიც მრავლად არიან, თუნდაც ისინი, პარლამენტის კარის დაზიანებას რომ ცდილობდნენ. მე კარგად დავიმახსოვრე – მათი სახეებიც მახსოვს, 8 ახალგაზრდა იყო, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ სხვა პროტესტანტების მოწოდებებს. როგორც ვიცი, ეს ხალხი ჯერ არ დაუკავებიათ, იმიტომ, რომ შეგზავნილი იყვნენ. დარწმუნებული ვარ, ამგვარი პროვოკაციების მოწყობას კვლავაც შეეცდებიან. ვიმეორებ, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. ხელისუფლებას არ დაავიწყდეს – ვერავის ვერაფერს გადააბრალებს, ყველა საფრთხე, რაც წარმოიშვა ხვდებიან, რომ სულ სხვა რამ არის რევოლუცია და სხვა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. ჩემი შეფასებით, შეიძლება პატარა ექსცესები იყოს, მაგრამ ეს მასობრივ სახეს არ მიიღებს. ღმერთმა დაგვიფაროს რევოლუციისგან, ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს არჩევნებით”, – დასძენს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე – “აქციაზე დაკავებული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთმა მისცა აღიარებითი ჩვენება, რომ მან მოუსმინა გვარამიას, მელიასა და ჯაფარიძის საუბარს აქციაზე მყოფებისთვის ფულის გადახდის თაობაზე და რომ თითქოს მათგან 1 200 ლარი აიღო”, – პასუხობს:
“ვიდრე ამაზე გიპასუხებთ, მინდა აუცილებლად ვახსენო “ფეისბუქში” შექმნილი ჯგუფი “დაიტოვე”, რომელსაც 200 000-მდე წევრი ჰყავს. გასაოცარია ამ ხალხის ერთმანეთისადმი სოლიდარობა და დახმარების სურვილი. ისინი ფულსაც აგროვებენ ერთმანეთის დასახმარებლად. მიმაჩნია, რომ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ჩვენში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ყალიბდება, რომლის მოტყუება და გადაგდება პოლიტიკოსებს აღარ გამოუვათ. ეს ჯგუფი მე ძალიან მაიმედებს. რაც შეეხება იმ ახალგაზრდის ჩვენებას, მე მაინც მგონია, რომ ეგ წინასწარ დაგეგმილის ნიშნებს ატარებს. კარგი, მისცეს ეს 1 200 ლარი, მაგრამ ათიათასობით ადამიანი რომ ლამის ყოველდღე ქუჩაში გამოდის, განა მათგან რამდენს აძლევენ ფულს, თან ყოველდღიურად? ამხელა რესურსი ივანიშვილსაც კი არა აქვს, არათუ ვინმე სხვას. ან კიდევ თუ არეულობა და დესტრუქცია უნდათ, სად ჩანს ეს? აგერ, უზარმაზარი აქცია იყო 11 მაისს, რამე მოხდა, ვინმემ რამე დესტრუქციული გააკეთა? ასე რომ, ეს ტყუილები აღარ გაუვა ხელისუფლებას. სასაცილოა მათი ლაპარაკი. მაგ ხალხს, რომელსაც ძალიან მაღალი IQ აქვს, ვიღაცამ უახლესი ისტორიის კურსი უნდა წაუკითხოს!”
გადამწყვეტი კვირა – სადავო კანონის მესამე მოსმენით განხილვა და მაღალი დონის ვიზიტები პერმანენტული აქციების ფონზე
“თბილისში უპრეცედენტოდ მასშტაბური 11 მაისის “ევროპული მარშის” შემდეგ, ვითარება კვლავ დაძაბული რჩება და ეს ყველაფერი კულმინაციას, სავარაუდოდ სამშაბათს, 14 მაისს მიაღწევს. ამ დღეს პარლამენტში “უცხური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” სადავო კანონის მესამე და საბოლოო მოსმენით განხილვაა დაგეგმილი და სწორედ ამ დღეს თბილისში -სა და ევროპიდან რამდენიმე მაღალი დონის დელეგაცია იქნება ჩამოსული. კანონპროექტის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისსვე 9 საათზე პროტესტის ფონზე დაიწყება. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის დეპუტატებს პარლამენტში შესვლის წინ “თვალებში უნდა ჩახედონ”, რაც ვითარების ესკალაციისა და პოლიციასთან შეტაკების რეალურ საფრთხეს ქმნის. მეორეს მხრივ კი, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები აჩენს განცდას, რომ მხარეებს შორის კომპრომისის მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. 10 მაისს მედიის წარმომადგენლებთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, რომელსაც, როგორც უკვე წინასწარ ცნობილია, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, უკვე ვეტოს დაძლევის პროცედურის ფარგლებში შესაძლებელი იქნება პოზიციების შეჯერება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გადამწყვეტი კვირა – სადავო კანონის მესამე მოსმენით განხილვა და მაღალი დონის ვიზიტები პერმანენტული აქციების ფონზე.
“გარდა ამისა, მმართველი პარტიის თამჯდომარის, ირაკლი ღარიბაშილის მიერ 11 მაისს გაკეთებული განცხადება ოპოზიციის ნაწილმა უკვე შეაფასა, როგორც ერთგვარი ტონის შერბილება და საფუძლის შემზადება ხელისუფლების მხრიდან დათმობისათვის. თუმცა, მეორეს მხრივ, კანონის ნებისმიერ მოდიფიკაცია თავად ოპოზიციას მიუღებელად მიაჩნია და ისინი მის უპირობოდ გაწვევას ან კენჭისყრისას ჩაგდებას ითხოვენ. როგორც 11 მაისის აქციაზე აღინიშნა, პროტესტის მონაწილეები კვირას ღამის 10 საათიდან შეიკრიბებიან პარლამენტის წინ და ღამეს გაათენებენ. როგორც მწერალმა მ სცენიდან თქვა “ჩვენ უნდა ჩავხედოთ ამ 83-ს (“ქართული ოცნების” დეპუტატს) თვალებში. მათ არ უნდა მიიღონ რუსული კანონი, ამიტომ ჩვენ ბევრნი უნდა ვიყოთ”. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისსვე 9 საათზე დაიწყება. ოპოზიციონერი დეპუტატები განხილვაში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ. ამასთან მიმდინარე კვირას თბილისში მაღალი დონის ვიზიტებია დაგეგმილი – 13 მაისს ღამით საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი ეწვევა”, – განაგრძობს გამოცემა.
“სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ობრაიენი შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან, “რათა გამოხატოს აშშ-ის მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისადმი და საქართველოს მისწრაფებისადმი მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ”. ამასთან, ობრაიენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. “ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კრემლის მიერ შთაგონებულ საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის შესახებ. ჩვენ ვგმობთ ამას. ქვეყანა, რომელიც აპირებს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციებისკენ სვლას, ჩაატარებდა სრულ, დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებას”, – წერს ობრაიენი. დაგეგმილია სხვა ვიზიტებიც – საქართველოში 13-15 მაისს ჩამოდის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი, მან დაწერა, რომ მიმდინარე კვირას “ევროპის ნამდვილ დედაქალაქს” სტუმრობს. როთთან ერთად, პოლონეთის, ჩეხეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტების საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები ჩამოვლენ”, – დასძენს გამოცემა.
“14 მაისს კი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მესამე მოსმენა უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კვირას განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მანამდე არსებული ინფორმაციით, მესამე მოსმენა პარასკევს, 17 მაისს იგეგმებოდა. “პლენარულ სხდომაზე განხილვა სამშაბათს იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ამ კანონპროექტზე ცნობილია. სამწუხაროა, რომ ამდენი კვირის განმავლობაში უცხოელმა აქტორებმა ნაცვლად რეკომენდაციებისა, ამჯობინეს დეზინფორმაციული კამპანიის წახალისება საქართველოში, რაც 9 რეკომენდაციიდან პირველს ეწინააღმდეგება. უცხოელმა აქტორებმა პირველივე ტესტი ვერ ჩააბარეს, დეზინფორმაციული კაპანია წამოიწყეს”, – აღნიშნა პაპუაშვილმა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მთავარია ესკალაცია არ მოხდეს. 14 მაისს “ოცნება” კანონპროექტს გაიტანს, თუმცა ამით ყველაფერი არ დამთავრდება. მისი აზრით, ღარიბაშვილის შეცვლილი რიტორიკა ნიშნავს, რომ მმართველ გუნდში შიდა პრობლემაა”, – წერს სტატიის ავტორი.
“ის, რომ 84 დეპუტატს “თვალებში ჩავხედოთო”, ეს უფრო პოეტური იყო. მგონია, რომ “ოცნებას” დაძაბულობა სჭირდება, რომ პროცესები ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიყვანოს. ეძებს საბაბს, რომ ყველაფერი მომიტინგეებს დააბრალოს. ჩვენი მთავარი ამოცანა არჩევნებია. “ოცნებას” ეს კანონი არჩევნებისთვის სჭირდება, რათა დამკვირვებლები არ იყვნენ და სამოქალაქო საზოგადოება დასუსტდეს, რომ გაყალბების გზით გაიმარჯვოს. ამ კანონის უკან გაწვევასაც რომ მივაღწიოთ, ჯერ კიდევ არ იქნება გამარჯვება. გამარჯვება იქნება არჩევნებში. არჩევნებამდე კი ესკალაციისა და დაძაბულობის გარეშე უნდა მივიდეთ. ყველას ვურჩევდი, რომ “თვალებში ჩახედვას” პროტესტის მშვიდობიანი ფორმის შენარჩუნება სჯობს. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მოვიდეს, მაგრამ მისვლას მაშინ აქვს აზრი, თუ ეს იქნება არაძალადობრივი. 14 მაისს ისინი მაინც გაიტანენ თავის კანონპროექტს – ბედნიერი ვიქნები თუ ვცდები, – მაგრამ ყველა მონაცემებით – ცინიზმით, იმით, რაც კობახიძემ იკადრა, მდინარაძის შეფასებით, რომ თურმე 20 ათასი კაცი იდგა მიტინგზე, დაცინვებით და ფარისევლობით – ჩანს, რომ არ აპირებენ დათმობაზე წასვლას. მაგრამ ამით თითქმის არაფერი არ მთავრდება. საზოგადოებაში არის ის განცდა, რომ ეს მარცხი არ იქნება, ეს იქნება მომავალი გამარჯვების კიდევ ერთი მოტივაცია, რომ არჩევნებზე გავიმარჯვოთ, ეს ხალხი არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, ხელისუფლების დამარცხებაზე ამხელა მომართული მასა საქართველოს არ ჰყოლია არასდროს, თან პირველად საქართველოში სახალხო მოძრაობას ლიდერი არ ჰყავს, ეს ბედნიერებაა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“კობახიძემ გარკვეული მინიშნებები გააკეთა, თითქოს ვეტოს დადების კონტექსტში შესაძლოა “ოცნება” კომპრომისზე წავიდეს. გჯერათ, რომ კობახიძე პირობას შეასრულებს? ყველაფერში გადამგდებები არიან და რატომ უნდა გვქონდეს ახლა ნდობა?! შეიძლება დროის გაწელვა და ტემპერატურის დაგდება უნდა არჩევნებამდე და შესაძლოა ახლა ვეტოს დადების კონტესტში რაღაცა იმაიმუნონ. ყბადაღებულად ლაპარაკობენ, რომ არავის შენიშვნები არ მოუციაო – შენიშვნები ნიშნავს იმას, რომ მზად არიან ილაპარაკონ კანონის მიღებაზე და შინაარსზე, ოღონდ უკეთესი იყოს, მაგრამ თავად კანონია ამორალური… ღარიბაშვილის ნათქვამის არ მჯერა, მაგრამ ის რომ გაუშვეს და კობახიძის მოყვანის მერე დააბრუნეს კანონი, მე შიდა პრობლემას ვხედავ. ეტყობა ღარიბაშვილს დაბრალდა, რომ წნეხს ვერ გაუძლო. კობახიძემ კი ივანიშვილი დააჯერა, რომ ჯერ თავად აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, ღარიბაშვილი გაეშვა და ის დაენიშნა და აჩვენებდა რას ნიშნავს ქართველი ხალხის ნების ფეხებზე დაკიდება. კობახიძე ახლა ამას აჩვენებს ივანიშვილს, რომ კანონის გატანა მას შეუძლია და ღარიბაშვილმა სისუსტე გამოავლინა. რატომ ხდება ეს არჩევნების წინ? იმიტომ, რომ კობახიძემ თავის სია შეადგინოს, თავის ხალხი მოიყვანის პარლამენტში და მისი მთავრობა დამტკიცდეს, დღევანდელი მთავრობა ჯერ კიდევ ღარიბაშვილისაა”, – დაასკვნის ზაქარეიშვილი.
“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” კი აცხადებს, რომ “თვალებში ჩახედვა”, სავარაუდოდ, სირცხვილის კორიდორის მოწობას გულისხმობს, რაც სიტუაციას გაამწვავებს. ფიქრობს, რომ 14 მაისს სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება, თუმცა დიდია ალბათობა, რომ უცხოურმა ვიზიტებმა სიტუაცია შეამსუბუქოს. საყვარელიძის შეფასებით, ღარიბაშვილის განცხადება კი კობახიძის გზავნილებს ემთხვევა. “ახალგაზრდები ასეთ შეხვედრებს მრავალფეროვანს ხდიან ხოლმე. “თვალებში ჩახედვა” სავარაუდოდ სირცხვილის დერეფნის მოწყობას ნიშნავს. თუ ამ დერეფანმა დეპუტატებს შენობაში შესვლაში ხელი შეუშალა, ალბათ კონფლიქტი მოხდება. პოლიცია ვალდებულია პარლამენტის ბლოკირებაში ჩაერიოს. მეჩვენება, რომ გამძაფრებას ცდილობს თვითონ მომიტინგე მხარე. საკუთრივ ამოცანის ასე დაყენებაც – რომ თვალებში უნდა ჩავხედოთო – მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის ცოტა გაუგებარია. ანუ გამომწვევი ხასიათის ნაბიჯების გადადგმას უკვე ვხედავთ და ამას ის ლოგიკა აქვს, რომ ამის საპასუხოდ, სავარაუდოდ, ხელისუფლებაც გადადგამს ნაბიჯებს. დასავლეთი კი ძალის გამოყენებას ამტყუნებს და ესაა პოლიტიკური მიზანი”, – ამბობს საყვარელიძე, რომლის თქმით, 14 მაისს ალბათ უფრო დაიძაბება სიტუაცია”, – განაგრძობს წერილის ავტორი.
“ვიცით, რომ პრეზიდენტი ვეტოს დადებისთვის ემზადება, დასავლეთიდან კი ვიზიტებია დაგეგმილი, რომელიც მე მგონი გავლენას იქონიებს. კობახიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა, რომ თუ უცხოელი კოლეგები რაღაც კონკრეტულ წინადადებებს მოგვცემენ, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ და ანგარიში გავუწიოთო. ევროპის წარმომადგენლებიც იძახიან, რომ ამ სახით კანონის მიღება არ შეიძლება, მაგრამ სხვა სახე ალბათ მოიძებნებაო. მეორეს მხრივ ოპოზიცია იძახის – ამ კანონის მიღება არანაირი სახით არ შეიძლებაო. ალბათ იმის მცდელობა იქნება, რომ ევროპელებთან მაინც მოიძებნოს საერთო ენა იმაში, რომ შემუშავდეს კანონპროექტი, რომელიც ევროპელებისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება… ღარიბაშვილის ტექსტი კობახიძის ნათქვამის სულისკვეთებას ემთხვევა – რომ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მივიყვანოთ ეს კანონი იმ კონდინციამდე, რომ მისაღები იყოს. ეტყობა ოპოზიცია ღარიბაშვილისგან ჭექა-ქუხილს ელოდა და რადგან არ გაისმა, ამიტომ ჩათვალეს, რომ ის მეორე მხარეს დადგა და შესაძლოა მიტინგზე მის მისვლას დაელოდონ. ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება, ვიზიტებით დატვირთული კვირაა და ალბათ ეს ვიზიტები სწორედ იმას მოემსახურება, რომ კომპრომისული ვარიანტი მოიძებნოს”, – მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.
კახა გოგოლაშვილი – “ხელისუფლებამ გადააბიჯა უკანონობის გზით სიარულის ზღვარს”
“ხელისუფლება, ძალოვანი სტრუქტურები, მათი განცხადებები, ქმედება არადემოკრატიულია და ეს ნიშნავს, რომ არაკონსტიტუციურიც. ვფიქრობ, ხელისუფლებას მშვიდობიანი პროტესტის ძალიან შეეშინდა. არადა, მისი პროვოცირება თვითონვე მოახდინა, ეგონა, პროტესტი ხალხს ენერგიას გამოაცლიდა – ეს თავად ივანიშვილმა თქვა, მაგრამ მუხტი უფრო გაძლიერდა. ამიტომ მიმართეს ტერორის საშუალებებს – თავდასხმას, ჩასაფრებას, ცემას და ა.შ. ის, რომ თავდასხმები ორკესტრირებულია ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, ეჭვს არ იწვევს გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი ეფექტური ღონისძიება, არც პრევენცია არ მომხდარა, ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ, რომ მაგალითად, დამუქრებოდნენ მათ, ვინც ხალხს თავს ესხმის. ამას ემატება აშკარად კოორდინირებული ტელეფონით რეკვა, შეურაცხყოფა-მუქარა. ეს არის კოორდინირებული და ორგანიზებული დანაშაული. ხელისუფლების უმოქმედობა მიანიშნებს, რომ ეს დანაშაულები მისი პროვოცირებული, ორგანიზებული და შეგულიანებულია, მათი დაკვეთით ხდება”, – აცხადებს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი და რონდელის ცენტრის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნებას” კიდევ აქვს შანსი, კანონი უკან წაიღოს და…”
“არ არის საუბარი პატარა დარღვევებზე, დემოკრატიიდან გადახვევაზე ან დემოკრატიის ხარისხის დაცემაზე, ანტიდემოკრატიულია ყველა ქმედება, ყველანაირი მეთოდის გამოყენება მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად. ისინი ხელს უწყობენ რადიკალიზაციას. ისე ჩანს, რომ ხელისუფლებას ხელს აძლევს, რომ ხალხმა ძალადობას ძალადობით უპასუხოს. ამით კიდევ უფრო შეზღუდავს დემოკრატიას, პოლიციას და ძალოვან სტრუქტურებს სრულ უფლებას მისცემს მაქსიმალურად უხეშად და კანონდარღვევით იმოქმედონ. ფიქრობენ, ამით გადატეხენ და დასცემენ ჩვენი მოქალაქეების საპროტესტო სულისკვეთებას, მუხტს, დათესენ შიშს, დაბნეულობას… ხელისუფლება ასეთ ფორმებს მაშინ მიმართავს, როდესაც ლეგიტიმაციის დაბალი ხარისხი აქვს, სხვა შემთხვევაში არანაირი პროტესტი არ შეაშინებდა, თუ ეცოდინებოდათ, რომ ხალხის უმეტესობა უჭერს მხარს, იტყოდა, კი ბატონო, გააგრძელეთ კანონიერ ფარგლებში პროტესტი და რეაგირებასაც არ გავაკეთებთ, ვინაიდან ხალხი მაინც ჩვენს მხარეზეაო. მაგრამ როცა რეჟიმი გრძნობს, რომ პროტესტი, ერთი მხრივ, ხალხის უმეტესობას შეადგენს, მეორე მხრივ კი, პროტესტის შედეგად მათი მომხრეების რაოდენობა მცირდება”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.
“ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, შიგნიდან მისი გატეხა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, მაგრამ არ გამოვრიცხოთ, რომ ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ რუსეთი დაეხმარება. ამ ყველაფრის საბოლოო და მთავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა, რისთვისაც ყველაფერზე მიდის “ქართული ოცნება”, თანაც ისეთი ძალაუფლების, რომელზეც საერთაშორისო კონტროლიც აღარ მოქმედებს. ჩვენ მეტ-ნაკლებად ინტეგრირებული ვიყავით საერთაშორისო თანამეგობრობაში, ვიყავით ევროსაბჭოს კონვენციების ხელმომწერები, გვქონდა გაეროს კონვენციები და ა.შ. – ანუ სხვადასხვა მექანიზმით საერთაშორისო კონტროლი, მათ შორის ევროკავშირში გაწევრების ვალდებულებებით, ასევე გულისხმობს ჩვენთან არსებული მდგომარეობისა და დემოკრატიის მონიტორინგსა და კონტროლს ევროკავშირის მიერ. “ოცნებამ” თავისი მეთოდების გამოყენებით თუ გაიმარჯვა, ამ სიტუაციიდან გამოვა სულ სხვანაირი სახელმწიფო, რომელიც არ ემორჩილება საერთაშორისო ნორმებს, არ ცნობს საერთაშორისო კონვენციებსა და სამართალს, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ (მათ შორის არ ცნობს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს) და ქვეყანას მართავს ძალისმიერად”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“შესაბამისად, ხდება ხელისუფლების როგორც საერთაშორისო, ისე შიდა დელეგიტიმიზაცია კლასიკური გაგებით. მას რჩება ხელში ძალა, დაქვემდებარებული სტრუქტურები, რომლებიც მოქმედებენ ავტორიტარული რეჟიმის წესებით და ასრულებენ მხოლოდ მმართველი ძალის (ლეგიტიმაციადაკარგული ძალის) ნებისმიერ უკანონო ბრძანებას. ძალაზე დამყარებული რეჟიმი ძალაუფლებას დემოკრატიული არჩევნების გარეშე ინარჩუნებს. ხელისუფლება შეეცდება არ ჩამოვიდნენ დამკვირვებლები ჩვენს ქვეყანაში, ანუ ზურგი აქციონ ევროპულ სტრუქტურებს, გამოიწვიონ რადიკალიზაცია და მერე ეს დააბრალონ ევროსტრუქტურებს. თქვან, ისინი გვემტერებიან, აქ რევოლუციის მოწყობა უნდოდათ, ჩვენ ეს ავლაგმეთ და არ შემოვუშვებთ, რომ არ გამოგვიცხადონ, არჩევნები არასამართლიანად ჩატარდაო. ისე ჩაატარებენ არჩევნებს, რომ დამკვირვებელი არ იარსებებს. არჩევნებზე არ დაუშვებენ არც ადგილობრივ დამკვირვებლებს, მათ არ მიუშვებენ საარჩევნო უბნებთან და ნებისმიერს მოუწყობენ ობსტრუქციას. ხელისუფლებამ გადააბიჯა უკანონობის გზით სიარულის ზღვარს”, – დაასკვნის რონდელის ცენტრის მკვლევარი.
“ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მართავს თავის პროტესტს და სიტუაციას ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა, რომლის პრაქტიკულად 60-70% ქუჩაშია გამოსული (მარტო თბილისში ხომ არ ხდება ეს) და ეს არის სამართავი. ოპოზიციაც უნდა დაბრძენდეს, საჭიროა მათ შორის მეტი კოორდინაცია და მაქსიმალურად ბრძნულად მოქმედება. როგორც ვხედავთ, ახლა პროტესტი მიჰყავთ ახალგაზრდებსა და მოსახლეობას, რომლებიც საზოგადოების შეგნებული ნაწილია. ამას დავარქმევდი სამოქალაქო საზოგადოებას. ეს სამოქალაქო-საზოგადოებრივი პროტესტია, რომელშიც პოლიტიკოსებიც მონაწილეობენ. არაა აუცილებელი სადავეები მათ აიღონ, ჯობია დარჩეს სამოქალაქო პროტესტად, მაგრამ ყველა ჯანსაღი ძალა კოორდინაციაში უნდა იყოს და არ აჰყვნენ პროვოკაციებს, რადიკალიზაციას, რაც ხელისუფლებას აწყობს, რათა თქვას, შეიარაღებული ძალა უნდა გამოვიყვანოთ, სხვა შემთხვევაში ქაოსის წინაშე დგას ქვეყანაო. არ მოერიდებიან პროვოცირებას, როგორც რუსეთში ხდება, რომ მერე თავიანთი ქმედება მოსახლეობასთან გაამართლონ, რა გინდათ, ქაოსი თუ წესრიგიო. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვთ ამ კანონის მიღება, მაგრამ ისაა საშინელება, რომ ამ კანონის მიღებას კიდევ სხვა რაღაც მიზანი აქვს – არა მხოლოდ ის, რომ არასამთავრობოებს გაურთულონ არსებობა და პრობლემები შეუქმნან. ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს პროვოკაციული მიზნები და შედეგად, ქვეყანაში დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება და მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს”, – მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი.
“ჩვენი პარტნიორები ცდილობენ გაფრთხილებებით მოიყვანონ ჭკუაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ყველაფერი გათვლილი აქვს და ყველანაირ მსხვერპლზე მიდის ერთადერთი მიზნის გამო – შეინარჩუნონ ნებისმიერი სახით ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება დიდი გართულებები, შეიძლება ჩაგვეკეტოს ბევრი რეჟიმი, საბანკო-საფინანსო გადარიცხვები, ბევრ მათგანს შეიძლება პირადი სანქციები დაუწესდეს გადაადგილებაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, თანახმა არიან ამ მსხვერპლზე, ოღონდ იყვნენ ხელისუფლებაში, დაიცვან მოპოვებული ქონება, ძალაუფლება და ქვეყანა ჰქონდეთ ჯიბეში. საქართველოს მოსახლეობა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან გამოირჩევა შეურიგებლობით უსამართლობასთან, მაგრამ დემოკრატიის ბოლომდე გაგება ჯერ არც ჩვენს საზოგადოებაშია. უსამართლობა კი ესმით და იმაღლებენ ხმას, მაგრამ რამდენადაა დემოკრატიული ნორმები დაცული, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები, რატომ არ შეიძლება უმცირესობის დაჩაგვრა, რატომაა ცუდი ნეპოტიზმი, ეს ბევრს ჯერ არ ესმის, მოსახლეობის ნაწილისათვის კორუფციის რაღაც ფორმები შეიძლება მისაღები იყოს და სხვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოსახლეობის რა ნაწილი აცნობიერებს დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობას”, – ამბობს რესპონდენტი.
“ნაცმოძრაობას” და სხვა პარტიებს რომ ვუყურებ, ისინიც კი დაბნეული არიან, არ იციან, რა ქნან, დინებით მიჰყვებიან ამ თვითმართულ აქციას, რომელიც მართულია სულისკვეთებით, თავისუფლების და სამშობლოს სიყვარულით და ახალგაზრდების შემართებით. ეს აქციები არა დაგეგმილი, არამედ სპონტანურია, რაღაც პრინციპებზეა დაფუძნებული – ეს ხალხი ვერ იტანს სიცრუეს, დისკრიმინაციას. ეს ის პრინციპებია, რომელთა შელახვა შობს პროტესტს. პროევროპულობა, სოლიდარობა, ქვეყნის სიყვარული – აი, ეს ყველა მოწინავე პრინციპები მართავს­ ამ აქციებს. ნებისმიერი პარტია, რომელიც ამას გაჰყვება, ის გაჰყვება ხალხის დინებას. დასავლეთი საერთოდ დაბნეულია, აგვიანებენ რეაქციას, არ იციან, როგორ მოიქცნენ. წარმოუდგენელია, დასავლეთს ვინმემ ამ პროცესის მართვა დააბრალოს, როცა არა მარტო აქტიური ჩარევისგან იკავებენ თავს, აზრსაც ძალიან ფრთხილად გამოხატავენ. ნეტავ რომელიმე პროევროპული პარტია მართლაც იყოს ისეთი ძლიერი და ჰქონდეს ისეთი რესურსი, რომ ასეთი აქციების მართვა შეეძლოს. სამწუხაროდ, არც ერთი ოპოზიციური პარტია არაა ასეთი ძლიერი საქართველოში, პირიქით, ისინი მიჰყვებიან ახალგაზრდებსა და სამოქალაქო საზოგადოებას”, – განმარტავს მკვლევარი.
“ისინი მთავრობას სთხოვენ მინიმალურს – კანონი უკან წაიღეთ, რადგან ხალხის უმრავლესობას არ უნდაო. ესენი პირიქით, არც ხალხს უსმენენ, ძალასაც იყენებენ და სულ უფრო მეტად ახალ და ახალ პასუხს იღებენ სამოქალაქო საზოგადოებისგან. “ოცნებას” კიდევ აქვს შანსი, უკან წაიღოს კანონი და თავი დაანებოს რეპრესიებს. ეს პროტესტი ავტომატურად ჩაქრება, ზუსტად ისე, როგორც შარშან და არჩევნებამდე ცხოვრება ნორმალური დინებით წავა. თუმცა ხალხს არ დაავიწყდება ეს უბედურება, რაც “ოცნებამ” თავისი უგუნურებითა და ახირებით გამოიწვია. ხელისუფლებას აქვს გამოსავალი, სწორედ ამას სთხოვენ და უჩიჩინებენ დასავლეთიდან, “ოცნებას” ეხვეწებიან, მოიქცეს ისე, ხალხი რომ დაწყნარდეს. ამაშია დასავლეთის როლი, დასავლეთის შესახებ სხვა ყველაფერი აბსოლუტურად უმადური და ცინიკური ინსინუაციებია”, – დასძენს კახა გოგოლაშვილი.
დიდი საინფორმაციო ომი – როგორ იცვლება საზოგადოების განწყობა და რა შედეგები ექნება ამას
“ბოლო რამდენიმე კვირაა ქვეყანაში ვითარების უკიდურესი დაძაბვისა და ძალადობის ესკალაციის ფონზე, სრულმასშტაბიანი საინფორმაციო ომი მიმდინარეობს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები თავისი პოზიციებს დასაცავად სხვადასხვა არგუმენტები მოჰყავთ. რომელი პოზიცია იქნება უფრო მისაღები საზოგადოების უმრავლესობისათვის და ვინ მოიგებს ამ საინფორმაციო ომს – ანალიტიკოსთა შეფასებით, ამას შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა ჰქონდეს ქვეყნის მომავალზე. ამ საინფორმაციო ომში ორივე მხარე ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მათ პოზიციას იზიარებს. ხელისუფლება, თავის მხრივ, ამ საინფორმაცია ომში თავის ოპონენტების დისკრედიტაციასთან ერთად, მათ დაშინებასაც ცდილობს. 8 მაისს -მ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც, სხვადასხვა ქვეყნებში პოლიციის მიერ აქციების ბრუტალური დარბევის კადრების დემონსტრირების ფონზე, გაკეთდა განცხადება, რომ მომიტინგეების მიერ წესრიგის დარღვევისა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პოლიცია “უმკაცრეს ზომებს” მიიღებს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიდი საინფორმაციო ომი – როგორ იცვლება საზოგადოების განწყობა და რა შედეგები ექნება ამას.
“იმავე დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელისუფლების კრიტიკოსთა მონაცემთა ბაზის შექმნა დააანონსა, სადაც შეიყვანენ არა მხოლოდ მათ, ვინც, მათი შეფასებით, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებშია ჩართული, არამედ მათაც, ვინც ასეთ ქმედებებს სოციალურ ქსელებში იწონებს. აღსანიშნავია, რომ იმავე ღამით სხვადასხვა აქტივისტების სადარბაზოებსა და სახლის კარებთან გაჩნდა შეურაცხმყოფელი წარწერები პლაკატები წარწერით “აგენტი”. აქედან მოყოლებული პერმანენტულად ხდება ფიზიკური თავდასხმები ცალკეულ ლიდერებზე და აქტივისტებზე. ბოლო დღეებში უკვე რამდენიმე ათეული მსგავსი ინციდენტი მოხდა და ამ თავდასხმების გამო ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. ამის პარალელურად, მასობრივი ხასიათი მიიღო ხელისუფლების ოპონენტთა სატელეფონო ტერორმა. საეჭვო ნომრებიდან ურეკავენ, ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ხელისუფლების ლიდერები კი პრაქტიკულად ღიად აცხადებენ, რომ მათ მხარდამჭერებს უფრო მაღალი ინტელექტი აქვთ, ვიდრე ხელისუფლების ოპონენტებს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მეორეს მხრივ, ამ ყველაფერს ხელისუფლების ოპონენტები “ქართული ოცნების” დისკრედიტაციისათვის იყენებენ. სოციალურ ქსელებსა და ოპოზიციურ მედიაში პერმანენტულად ვრცელდება პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების, უცნობი პირების აქტივისტებზე თავდასხმის კადრები, ასევე საეჭვო ნომრებიდან განხორციელებული შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი ზარების ჩანაწერები. ამ ფონზე ხელისუფლების ოპონენტებმა ახალი კამპანიაც წამოიწყეს – “არ შეშინდე – გაბრაზდი!” გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტები იმაზე აკეთებენ აქცენტს, რომ “ქართულ ოცნებას” უპირისპირდება არა პოლიტიკური ოპოზიცია და კონკრეტული ოპოზიციური პარტიები, არამედ ახალგაზრდები – სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. სოციალურ ქსელებში ხდება იმ ცნობადი სახეების – ცნობილი სპორტსმენების, ხელოვანების და ა.შ. – ბულინგი ვინც ღიად არ უპირისპირდება სადავო კანონის მიღებას. ხდება შეურაცხმყოფელი იარლიყების მიკერება მმართველი პარტიის იმ დეპუტატებისათვის, ვინც ორი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონის მიღებას”, – განაგრძობს გამოცემა.
“ამ საინფორმაციო ომის ნაწილი იყო 10 მაისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრა ტელე-მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრა პრემიერის 21 წუთიანი მონოლოგით დაიწყო, რაც მედიის ნაწილმა გააპროტესტა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მედიის ცალკეული წარმომადგენების კრიტიკულ შეფასებებზე პრემიერი კობახიძე ერთი და იმავე რეპლიკით პასუხობდა – “ზრდილობა, კულტურა, IQ და ინტელექტი”. საბოლოოდ, “ტვ პირველის”, “ფორმულას” და “მთავარის” წამყვანებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება სიტუაციას ვერ ცვლის, დღეს სრულიად განსხვავებული ვითარებაა – მანიფესტანტების შემადგენლობა გაახალგაზრდავდა და შეიძლება ითქვას, რომ “საინფორმაციო დაპირისპირებაში უპირატესობა ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების მხარესაა”, – დასძენს გამოცემა.
“კანონთან დაკავშირებით არ წყდება კრიტიკა დასავლელი პარტნიორებისგანაც. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. “ოცნება” კი აცხადებს, რომ “აბსოლუტურად ღიაა ამ მსჯელობისა და დისკუსიისთვის, მაგრამ “კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები” არ მოუსმენია პარტნიორებისგან. ამასთან დასძენს, რომ მმართველ გუნდს დასავლური კურსისთვის არ გადაუხვევია, მზადაა “კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის” და ამ კანონის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაა და სხვა არაფერი. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ დღეს რეალობა სრულიად განსხვავებულია, მანიფესტანტთა ასაკი გაახალგაზრდავებულია და ასეთ ვითარებაში, ხელისუფლებამ “როგორი პროპაგანდისტული მანქანაც არ უნდა აამუშაოს, მისი მხარდამჭერების რაოდენობის ზრდა ფაქტიურად გამორიცხულია”, – წერს სტატიის ავტორი.
“მხოლოდ ინფირმაციის გავრცელება, რა თქმა უნდა, სიტუაციას ვერ ცვლის. რაც “ქართული ოცნებაა” ხელისუფლებაში იმდენი, დრო გავიდა და იმდენად სრულიად განსხვავებული რეალობა შეიქმნა, რომ “ოცნებამ” ისედაც მნიშვნელოვნად დაკარგა ამომრჩეველი, გახდა არა მხოლოდ ერთპარტიული, არამედ ერთი კაცის ნება-სურვილზე დამყარებული პოლიტიკური ორგანიზაცია. ამას ხედავს ყველა – “ქართული ოცნების” მომხრე თუ მოწინააღმდეგე. ამას ემატება ისიც, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი თაობა გამოვიდა, საკმაო შესვენების შემდეგ. 2003 წლის შემდეგ ასეთი ტრანსფორმირება არ მომხდარა მანიფესტანტების შემადგენლობაში, ძალიან გაახალგაზრდავდა საპროტესტო მოძრაობა. ასეთ ვითარებაში, ხელისუფლებამ როგორი პროპაგანდისტული მანქანაც არ უნდა ამუშაოს, მისი მხარდამჭერების რაოდენობის ზრდა ფაქტიურად გამორიცხულია”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ოცნებამ” რაც არ უნდა მობილიზება გაუკეთოს თავიანთ მომხრეებს რუსთაველის პროსპექტზე და ა.შ., ეს ყველაფერი უკვე განვლილი და ათასჯერ ნანახია ქართულ რეალობაში. შესაბამისად, საინფორმაციო დაპირისპირებაში უპირატესობა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების მხარესაა. ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება დღეს ქვეყანაში დაახლოებით 60-70%-ია, ბევრი რამ შეიძლება მიუღებელი იყოს, გასაკუთრებით ტელემედიის საქმიანობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი მიუღებლობა იმდენად მაღალი იყოს, რომ ამით “ოცნებამ” ქულები დაიწეროს, “ოცნების” პროპაგანდა არ და ვერ მუშაობს და ამას ადასტურებს ეს აქციები, რომელიც ქვეყანაში უკვე ორი კვირაა პერმანენტულად მიდის”, – დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.