რა ცვლილებები შედის გრანტების შესახებ კანონში და როგორ აისახება ეს ვითარებაზე
ხელისუფლება ამჯერად დიდი ბრიტანეთის ელჩს აკრიტიკებს – დიპმისიებთან დაპირისპირების შესაძლო მიზეზები
კვარტალური სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ 2025 წლის ივნისის N2 (294) ნომრის მიმოხილვა
* * *
რა ცვლილებები შედის გრანტების შესახებ კანონში და როგორ აისახება ეს ვითარებაზე
“გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებია – საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, ასევე სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების და “სხვა სახის დახმარების ფორმით” გრანტად იქნება მიჩნეული. გარდა ამისა, იმ სფეროთა ჩამონათვალს, რა მიმართულებითაც გრანტი შეიძლება გაიცეს, თავდაცვა და უსაფრთხოება ემატება. ამ შინაარსით გადამუშავდა “გრანტების შესახებ” კანონში მორიგ ჯერზე დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტს მეორე მოსმენით – მუხლობრივი განხილვისთვის წარედგინა. კანონპროექტის გადამუშავებული რედაქციით, ჩასწორდა გრანტის გამცემ დონორთა ჩამონათვალი და მათ სიას “აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია” დაემატა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული ნებისმიერი სახსრები გრანტად იქნება მიჩნეულნი”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ცვლილებები შედის გრანტების შესახებ კანონში და როგორ აისახება ეს ვითარებაზე.
“კორექტირებული კანონპროექტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი იქნება როგორც წერილობითი ხელშეკრულება დონორსა და გრანტის მიმღებს შორის, ასევე უცხოური გრანტის გამცემის წერილობითი გადაწყვეტილება. “გრანტების შესახებ” კანონს ასევე ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმად, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, “ჰორიზონტი ევროპა” და ევროკავშირის პროგრამა “ერაზმუს” ფარგლებში განხორციელებული გრანტები მთავრობისგან თანხმობის გაცემის ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება. “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვით, გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია. უნებართვო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალა.”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ამბობს: “ეს კანონი გულისხმობს იმას, რაც აღნიშნულია, ანუ დავუშვათ, თუ რომელიმე დონორი ორგანიზაცია ტექნიკურ დახმარებას უწევს ადგილობრივ ორგანიზაციას, მაგალითად, ჩამოჰყავს რომელიმე ჯგუფი, რომელმაც უნდა დაატრენინგოს ადგილობრივი ორგანიზაციები და მათი ბენეფიციარები რაღაცა სფეროში, ეს ჩაითვლება გრანტად. ან შესაძლოა ტექნიკური დახმარება გაუწიოს, სადაც შეიძლება იგულისხმებოდეს რაღაც გარკვეული ტექნიკის აღჭურვილობის მიწოდება, ესეც განხილული იქნება, როგორც გრანტი”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი გრანტების შესახებ კანონი მთლიანად ემსახურება იმას, რომ ყველაფერი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოაქციონ”, – დასძენს გამოცემა.
“გრანტების კანონში ცვლილებები შედის მხოლოდ ერთი მიმართულებით და მიზნით – ქვეყანაში შეზღუდონ რესურსი იმის, რომ განსხვავებული მოსაზრებების ტირაჟირება ხდებოდეს. ეს არის ამ კანონის მთლიანი არსი. არც ის უნდათ, რომ სხვაგვარად მოაზროვნეები ახალ ტექნოლოგიებს დაეუფლონ, ანუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ასევე, არც ის უნდათ, რომ მათ რაღაც ფინანსური შემოსავალი ჰქონდეთ. ამიტომ ყველაფერზე მიდიან, რათა სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოაქციონ აბსოლუტურად ყველაფერი. მიზანიც არის ის და ფიქრობს, რომ თუ აკონტროლებს, ძალაუფლებას შეინარჩუნებს. ეს არის და ეს და პათეტიზმი, რომ სამშობლო და ა.შ. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს არავის აინტერესებს. ყველასთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო არის ის, თუ რა შემოსავალი ექნებათ, როგორ იცხოვრებენ და ა.შ. ხომ ხედავთ სანქციებსაც კი აღარ ერიდებიან იმ მიზნით, რომ ახლა თუ ფულს დააგროვებენ, ოდესმე მოუხსნიან. ამ ხალხის ფსიქოლოგია და ფილოსოფია დაახლოებით ეს არის”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
ხელისუფლება ამჯერად დიდი ბრიტანეთის ელჩს აკრიტიკებს – დიპმისიებთან დაპირისპირების შესაძლო მიზეზები
“ქართული ოცნება” ამჯერად ბრიტანეთის ელჩს გარეტ უორდს მწვავედ აკრიტიკებს, მათი განცხადებით, ბრიტანელი დიპლომატი ერეოდა ქვეყნის შიდა “საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესში”, 11 ივნისს კი, მათი თქმით, “პოლიტიკურად ანგაჟირებადი გააკეთა”, როცა ახალი კანონის გაურკვევლობის მოტივით, საელჩომ მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებული დაგეგმილი გრანტები გააუქმა. საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, მათ საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება “გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ” ჯერ დასრულებული არ არის და შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს “გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ” გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები. “ოცნებაში” აცხადებენ, რომ ბრიტანეთის საელჩოს განცხადება არის “გარკვეული თავდასხმა – როცა რამდენიმე დღით ასწრებ “გრანტების შესახებ” კანონის მიღებას და ზიანს აყენებ სახელმწიფოს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ხელისუფლება ამჯერად დიდი ბრიტანეთის ელჩს აკრიტიკებს – დიპმისიებთან დაპირისპირების შესაძლო მიზეზები.
“პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის ელჩი საარჩევნო და საერთოდ პოლიტიკურ პროცესში “პირდაპირ ერეოდა”. “ვიფიქრებდი, ბრიტანეთის ელჩმა შეცდომა დაუშვა და იჩქარა კომენტარები რომ გააკეთა, რომ არ ჰქონდეს იმ ცუდი გამოცდილების მაგალითები, რომელიც გაგვაჩნია ბრიტანეთის ელჩთან ურთიერთობაში, როდესაც იგი პირდაპირ ერეოდა საარჩევნო პროცესში, საერთოდ პოლიტიკურ პროცესებში, იყო მკვახე, ხისტი გამონათქვამების ავტორი და პირდაპირ მოუწოდებდა ოპოზიციის მხარდაჭერას. ეს ჩვეულებრივი ამბავია ბოლო პერიოდში. მანდ ბრიტანეთის ელჩი შეიძლება იყოს ცალკე გამოყოფილი. ეს გერმანიის ელჩსაც ეხება, საფრანგეთის ელჩსაც და სხვასაც… ბრიტანეთის ელჩმა იჩქარა თუ არ იჩქარა, შეცდომა მოუვიდა თუ არა, რასაკვირველია, არ ჩაეთვალა არანაირ პოზიტივში, კონსტრუქციულობაში, ვინაიდან ზუსტად იცის, რამდენიმე დღეში ეს თემა მოგვარდება, არჩევნებამდე დიდი დროა და მას ექნება საშუალება წარმოადგინოს საკუთარი პროექტი ამის დაფინანსების ორგანიზების თაობაზე”, – განაცხადა ვოლსკიმ. “დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება” – დაახლოებით ამას ჰგავდა ის განცხადება, რაც ბრიტანეთის საელჩოსგან სამწუხაროა”, – აცხადებს “ოცნების” დეპუტატი მამუკა მდინარაძე, მისი თქმით, ეს არის გარკვეული თავდასხმა საელჩოს მხრიდან, რაც ძალიან ცუდია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“არის წესი, რომელსაც ქვეყანა ადგენს. ამ წესებს ძალიან მალე დავადგენთ, იცით, რომ მიმდინარე პროცესია. როდესაც რამდენიმე დღეში, წესით, კანონი უნდა ამოქმედდეს და ამის თანახმად, შეგიძლია მიმართო ხვალ თუ ზეგ მთავრობას და თანხმობა მიიღო… თუ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს გრანტის გამცემს, როცა რამდენიმე დღით ასწრებ და ზიანს აყენებ სახელმწიფოს, ახორციელებ გარკვეულ თავდასხმას საელჩოს მხრიდან, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ეს არის ძალიან ცუდი რამ”, – განაცხადა მდინარაძემ. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აცხადებს, რომ მმართველი პარტია არავის უპირისპირდება, პირიქით, ელჩები აქეთ უპირისპირდებიან “ქართულ ოცნებას”. “… ის თავხედური განცხადება, რაც დიდი ბრიტანეთის საელჩომ გააკეთა, მე მგონი უფრო იცავდა ამჟამინდელ თუ მომავალ ბენეფიციარებს ენჯეო სექტორში, რომლებიც გამუდმებით ებრძვიან საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ცდილობენ შეარყიონ მისი დემოკრატიული წესწყობილება… ხელისუფლება არავის არ უპირისპირდება, “ქართული ოცნების” გუნდს უპირისპირდებიან ცალკეული ელჩები”, – განაცხადა გია აბაშიძემ, რომლის აზრით, `მათი მხრიდან ეს დაპირისპირება როგორც გამწვავდება, ისევე მათი მხრიდანვე ჩაცხრება, როცა მიხვდებიან, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება არანაირ გარე შანტაჟსა და დამუნათებას არ ექვემდებარება არც დღეს, არც ხვალ და არც მაზეგ”, – დასძენს გამოცემა.
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ “ოცნებას” დიდი ბრიტანეთისგან ორი საკითხი აღიზიანებს, ერთია სანქციები და მეორე, მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებული გრანტების პროგრამის გაუქმება, რომლითაც ფაქტიურად დიდი ბრიტანეთი არ ცნობს თვითმმართველობის არჩევნებს. “ქართული ოცნება” გაღიზიანებულია თუნდაც იგივე დიდი ბრიტანეთის მიერ გატარებული პოლიტიკით. ვიცით, რომ ბრიტანეთმა რამდენიმე ქართველი მაღალჩინოსნის მიმართ სანქციები აამოქმედა და ამიტომ “ოცნებას” მათ მიმართ მორიგი ანტიდასავლური გზავნილები აქვს”, – წერს სტატიის ავტორი.
“დიდი ბრიტანეთი აპირებდა, რომ გრანტები გაეცა, რომელიც მუნიციპალურ არჩევნებს უკავშირდებოდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ პროგრამას აუქმებს, ამან “ქართულ ოცნებაში” გაღიზიანება გამოიწვია, ანუ ბრიტანეთი არ ცნობს მომავალ მუნიციპალურ არჩევნებს ლეგიტიმურად… ელჩებზე თავდასხმის კამპანია, ესაა დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი შენადგენელი ნაწილი. “ოცნებამ” ძალიან კარგად იცის, რომ მისი ქმედება დემოკრატიულ პრონციპებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, აღნიშნულს დასავლეთიდან კრიტიკა მოჰვება და ამით, თითქოს თვითონ უნდათ, რომ დაასწრონ და დასავლელ პარტნიორებს აქეთ დააბრალონ საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა. ამაყად აცხადებენ, რომ საქართველო ასეთი სუვერენული არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა, ამაში გულისხმობენ იმას, რომ თითქოს, კორუფციის მხრივ ახლა უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ და დასავლეთის მითითებებს არ დაელოდებიან”, – დააკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
კვარტალური სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ 2025 წლის ივნისის N2 (294) ნომრის მიმოხილვა
რუსული დიდი საზაფხულო შეტევის მოლოდინში / რა შედეგი მოჰყვა წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევის წესების შეცვლას / რუსი ტურისტების „საჰაერო დესანტი“ ოკუპირებულ აფხაზეთში… / რითი ეხმარება ევროპა ომში მყოფ უკრაინას… / რუსეთის „ჰიბრიდული ომი“ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წინააღმდეგ / პირველი გასამხედროებული ფორმირება საქართველოში / მან სანგარში სიცოცხლე დატოვა, ისტორიაში კი გმირის სახელი / ნაოსნობა რიონსა და მტკვარზე – ისტორიები წარსულიდან / საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი ტექნიკა / 161 წლის ისტორიის მქონე ფოთის შუქურა / „დასავლეთის დახმარების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება“ / ახალი ავტომატი გერმანიის არმიისთვის
„მაისის შუა რიცხვებში სტამბოლის მოლაპარაკებებზე ჩასულმა რუსულმა მხარემ უკრაინულს ხუთი ძირითადი მოთხოვნა წაუყენა: პირველი – უკრაინის ნეიტრეალიტეტი, ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანებაზე უარის თქმა და უცხო ქვეყნების სამხედრო კონტინგენტებისა და მასობრივი განადგურების იარაღის განუთავსებლობა უკრაინის ტერიტორიაზე; მეორე – რეპარაციაზე უარის თქმა, საბრძოლო მოქმედებების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე ორმხრივი პრეტენზიის ანულირება; მესამე – რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა; მეოთხე – ტერიტორიების საკითხი, უკრაინის პრეტენზიების მოხსნა ყირიმის, ასევე ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის კუთვნილებაზე და მომავალში მათი საერთაშორისო აღიარებისთვის ხელის შეუშლელობა; მეხუთე – ცეცხლის შეწყდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის არმია დატოვებს ყველა იმ ტერიტორიას , რომელთაც რუსეთი თავისად მიიჩნევს – დონეცკის, ლუგანსკის,ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების იმ ნაწილებსაც, რომლებიც რუსეთს ჯერ კიდევ არ დაუპყრია“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ 2025 წლის ივნისის N2 (294) ნომერში, სათაურით რუსული დიდი საზაფხულო შეტევის მოლოდინში.
„ამ ცინიკური პირობების მოთხოვნათა შესრულება წარმოუდგენელია, განსაკუთრებით კი იმ ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობა, რომლებიც პუტინის არმიას ჯერ არ დაუპყრია და კაცმა არ იცის, შეძლებს თუ არა. მაგრამ ეტყობა სწორედ ამაზეა გათვლილი კრემლის სტრატეგია, რომ თან მსოფლიოს და პირველ რიგში აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს თავი მოაჩვენოს, რუსეთი თითქოს არ გაურბის სამშვიდობო მოლაპარაკებას, მაგრამ ამასთან დრო მოიგოს, უკეთესად მოემზადოს, რათა დაიწყოს… ფართომასშტაბიანი საზაფხულო შეტევა უკრაინის ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე. ამაზე მეტყველებს სტამბოლის მოლაპარაკებაზე რუსული მხარის გამომწვევი განცხადება – რუსეთი შვედეთს 21 წელი ებრძოდა და ახლაც მზადაა ეს ომი გააგრძელოს, მაგრამ თქვენ,უკრაინელები გაუძლებთ კი ამასო… სად და როგორ შეიძლება დაიწყოს და გაგრძელდეს რუსეთის საოკუპაციო ძალების ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაცია?“ – აღნიშნავს გამოცემა.
„უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომის 1 100 კმ სიგრძის ფრონტის ხაზზე ამჟამად მიმდინარეობს მეტ-ნაკლებად აქტიური საბრძოლოს მოქმედებები, რომელშიც რუსეთის საოკუპაციო ძალები 640 ათასამდე მებრძოლს იყენებენ, თუმცა ზრდიან ცოცხალის ძალის რაოდენობას. საზაფხულო შეტევა აუცილებლად გაგრძელდება კონსტანტინოვკაზე, კრამატორსკ- სლოვიანსკისკენ გასაჭრელად, რათა დონეცკის ოლქი ადმინისტრაციულ საზღვრამდე დაიპყრონ. პოკროვსკის დაპყრობას რუსეთის გენშტაბია დიდი ხანია ცდილობს, რადგან მიადგება უკრაინის კიდევ ერთი – დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებს. გარდა ამისა, მოსალოდნელია შეტევები ფრონტის ჩრდილოეთ ნაწილში კუპიანსკის ხელახლა დასაპყრობად, რუსმა ოკუპანტებმა ნაწილობრივ უკვე გადალახეს მდინარე ოსკოლი. თუმცა უკაინული მხარისთვის შეიძლება უფრო დიდ საფრთხედ იქცეს ის,რომ რუსეთის არმიამ ჩრდილოკორეულ სამხედრო დანაყოფებთან ერთად სცადოს ხარკოვისა და სუმის ოლქების სიღრმეში კვლავ შეჭრა, მით უმეტეს, სტამბოლის სამიტზე სწორედ ამით იმუქრებოდნენ რუსული დელეგაციის წევრები“… – განაგრძობს გამოცემა.
„წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვიანი ვადით გაწვეულმა და ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა პირებმა ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადასა და სენაკში, 31-ე ქვეითი ბატალიონის ბაზაში საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვიანი ვადით გაწვეულ პირთა რაოდენობით თავდაცვის ძალების მოთხოვნილი კვოტა სრულად დაკმაყოფილდა. ვაზიანისა და სენაკის ქვედანაყოფებში შესვლის პირველივე დღეს წვევამდელებს სამხედრო ბაზაში მოქცევის ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ, აღჭურვილობა დაურიგდათ და იმ ყაზარმებში განთავსდნენ, სადაც 8-კვირიანი კურსის განმავლობაში იცხოვრებენ. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებასთან ერთად კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის ელემენტების შესწავლას ითვალისწინებს. სამხედრო ინსტრუქტორები კურსის მონაწილეებს ფიზიკურად მოამზადებენ და სადისციპლინო წესდებებსაც გააცნობენ. 8-კვირიანი კურსის დასრულების შემდეგ წვევამდელები ფიცს დადებენ და თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონსა და მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონში გადანაწილდებიან“ , – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში სათაურით რა შედეგი მოჰყვა წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევის წესების შეცვლას.
„6-თვიანი ვადით გაწვეული პირები წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს საბრძოლო ქვედანაყოფებში ყოველდღიურად გაივლიან. მათთვის დარიცხული ანაზღაურება თვეში 765 ლარი იქნება. ის პირები კი, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ. როგორც ცნობილია, თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სრულიად განახლდა და 2025 წლის 1-ლი იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. შესაბამისად, თავდაცვის ძალებში შეიქმნა სსიპ „სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო“, რომელიც 8 რეგიონული ცენტრისა და 81 მუნიციპალური განყოფილების მეშვეობით თავდაცვის ძალების რეგულარული და სარეზერვო სამხედრო სამსახურების შესაბამისი პერსონალით დაკომპლექტებისათვის საჭირო აღრიცხვიანობას, რეკრუტირებასა და გაწვევის ღონისძიებებს ახორციელებს. „არსენალს“ რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე, პოლკოვნიკი აქვსენტი (დათო) ლომიძე მიმდინარე ცვლილებებსა და მის შედეგებზე ესაუბრა“, – აღნიშნავს გამოცემა.
„2025 წლიდან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელების გაწვევასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა სიახლეა, რომლის ფარგლებშიც, სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტროში ჩამოყალიბდა სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის ორგანიზებას. წვევამდელთა გაწვევის უზრუნველსაყოფად შეიქმნა ერთიანი ელექტრონული სისტემა, სადაც აღირიცხებიან 17-დან 27 წლამდე საქართველოს მოქალაქეები. სწორედ აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ყოველი წლის დასაწყისში, გაწვევის პროცესის დაწყებამდე ელექტრონული სისტემა წვევამდელებს მიანიჭებს რიგით ნომრებს, რომლის მკაცრი დაცვით, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების განყოფილებები წვევამდელთა გამოძახებას ახდენენ. ასევე, სიახლეა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სახეებში, ვადებსა და ანაზღაურებაში. თუ აქამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა მსახურობის ვადა 12 თვე იყო, მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან, სხვადასხვა ვადა დაწესდა. არის 6-თვიანი, 8-თვიანი და 11-თვიანი სამსახური…“, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლკოვნიკი აქვსენტი ლომიძე.
„აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება რუსეთის დახმარებით აგრძელებს არსებული სატრანსპორტო ინსფრასტრუქტურის შესაძლებლობათა გამოყენება-გაფართოების პოლიტიკას. ტურისტთა ნაკადის მოსამატებლად 1-ლ მაისს ბაბუშერაში მდებარე სოხუმის აეროპორტმა პირველი „საერთაშორისო“ რეისი მიიღო. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან გამოფრენილი რუსული კომპანია UVT aero-ს კანადური Bombardier CRJ200 ტიპის 50-ადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავი 4 სთ-იანი ფრენის შემდეგ სოხუმში დაეშვა. 30 მაისიდან ყოველ პარასკევს ნიჟნი-ნოვგოროდიდან სოხუმისკენ ფრენებს კომპანია Ikar Airlanes-ის ამერიკული Boeing 737-900ER-ისა და ბრაზილიური Embraer ERJ-ის ტიპის თვითმფრინავებით შეასრულებს. ზემოთ დასახელებულ კომპანიებს დაემატება ავიაკომპანია iFLY-ს ავიარეისები უფიდან და ყაზანიდან. გამორიცხული არ არის, სოხუმთან საჰაერო კავშირების გეოგრაფია რუსეთის ქალაქებთან უფრო გაფართოვდეს“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით რუსი ტურისტების „საჰაერო დესანტი“ ოკუპირებულ აფხაზეთში…
„სავსებით შესაძლებელია ზაფხულში რუსულ ავიაკომპანიებს ბელარუსის ავიაგადამზიდავები შეუერთდნენ, მაგრამ ნიკარაგუიდან, ვენესუელიდან, ვანუატუდან ან თუნდაც სირიიდან აფხაზეთში ფრენის მოსურნეთა პოვნა მარტივი არ იქნება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან, რომელიც არ არის სერტიფიცირებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ და, სადაც ქართული მხარე მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს საავიაციო უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე ზედამხედველობა, ნებისმიერი ავიაკომპანიის მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა წარმოადგენს როგორც საერთაშორისო ნორმების, ისე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას. მაგრამ რუსეთი უგულებელყოფს საქართველოს კანონმდებლობასთან ერთად სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მოთხოვნებს“,- აღნიშნავს გამოცემა.
„სოხუმის აეროპორტი „საერთაშორისო“ რეისების მომსახურებამდე უმოქმედოდ არ ყოფილა. აფხაზეთის ომის შემდეგ აეროპორტს ერთხანს აფხაზეთში გაეროს საერთაშორისო მეთვალყურეთა მისია შვეულმფრენთა ბაზირებისთვის იყენებდა. ასევე აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებული იყო სეპარატისტთა სამხედრო ავიაციის Aero L-39 Albatros-ის ტიპის რამდენიმე თვითმფრინავი და შვეულმფრენი. დროდადრო აეროპორტით სარგებლობდა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ავიაცია, 2008 წლის 10 აგვისტოს კი რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო Ил-76 ტიპის თვითმფრინავებმა ულიანოვსკის 31-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის 450-კაციანი საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი გადმოისროლეს. საჰაერო გზითვე ტრანსპორტირება გაუკეთდა 30-მდე მსუბუქ ჯავშანტექნიკას, ოთხ 120 მმ-იან თვითმავალ ქვემეხ “ნონას”, 122 მმ-იან ჰაუბიცებსა და სხვა ტექნიკას…” – განაგრძობს გამოცემა.
„ბელგია, დანია და პოლონეთი აცხადებენ, რომ მზად არიან უფრო მეტი სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას, საფრანგეთმა კი ევროპის ქვეყნებს მოუწოდა უზრუნველყონ „უკრაინის არმიის გრძელვადიანი დახმარება“. ამ განცხადებების ფონზე 16 მაისს სტამბოლში გაიმართა უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციების შეხვედრა, რომელზეც, როგორც ცნობილია, რუსეთის მხარემ, ფაქტობრივად, უკრაინის დემილიტარიზაცია მოითხოვა. „როგორც თქვენ იცით, რუსეთის მოთხოვნებს შორის არის უკრაინის დემილიტარიზაცია, რომელიც, როგორც ჩანს, მოსკოვის მიერ წამოწყებული დისკუსიის ნაწილს წარმოადგენს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ გავაგრძელოთ უკრაინისათვის მხარდაჭერა მოკლევადიან პერსპექტივაში, არამედ გავაკეთოთ ეს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაშიც“, – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ რომში გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრისას“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით რითი ეხმარება ევროპა ომში მყოფ უკრაინას…
„18 მაისს ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა საჯარო გახადა 1 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტის შინაარსი, რომლის შესახებ დაპირებაც კიევმა 2025 წლის აპრილში, უკრაინაში ბელგიის სახელმწიფო დელეგაციის ვიზიტის დროს მიიღო. როგორც ბელგიური მედია წერს, დახმარება ბელგიის მთავრობამ 16 მაისს დაამტკიცა და ის მოიცავს 20 ერთეულ მოდერნიზებულ საჰაერო თავდაცვის სისტემა Cerber-ს; რეალურ საბრძოლო მოქმედებებში გამოსაცდელ Leopard 1A5BE-ს ტიპის ტანკს, განახლებული უეკიპაჟო კოშკურით; ცეცხლსასროლი იარაღის 16 ათას ერთეულს; ხუთ ერთეულ საზღვაო უპილოტო ხომალდს და რამდენიმე ათეულ დრონს; დაახლოებით 100 ცალ სასწრაფო დახმარების ჯავშანმანქანას; ასევე დრონებს, ჩაფხუტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, პორტატული დრონების აღმოჩენის სისტემებს, ღამის ხედვის სათვალეებს და ქიმიური, რადიოლოგიური და ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დამცავ სამოსს. aმასთან, ბელგია მოამზადებს უკრაინელ პილოტებს F-16-ებისათვის და ჩაატარებს ასაფეთქებელი ნივთიერებების განადგურების ტრენინგებს”, – აღნიშნავს გამოცემა.
„როგორც აპრილში ითქვა, ბელგია წელს უკრაინისთვის ორი F-16-ის სათადარიგო ნაწილებად გამოყენებისთვის გადაცემას გეგმავს, ხოლო მომავალ წელს კიდევ ორს მიაწვდის. დანარჩენი F-16-ების შესახებ ჯერჯერობით, ზუსტი ინფორმაციები არ არის ცნობილი და გამანადგურებლების კიევისთვის გადაცემის პროცესი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მიიღებს ბელგიის სამხედრო-საჰაერო ძალები მათ მიერვე აშშ-ისთვის შეკვეთილ უფრო თანამედროვე F-35 გამანადგურებლებს. ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი, 645 მილიონი ევრო, რეალიზებული იქნება ბელგიური კომპანიების მიერ. „ეს ნიშნავს, რომ რესურსების ნაწილი ბრუნდება ჩვენს ეკონომიკაში და ავითარებს ჩვენს თავდაცვით სექტორს“, – აღნიშნა თეო ფრანკენმა. უკრაინის სამხედრო დახმარებას განაგრძობს კიევის კიდევ ერთი მოკავშირე დანია, რომელმაც 17 მაისს გამოაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 26-ე პაკეტის შესახებ…“ – განაგრძობს გამოცემა.
„უკანასკნელ პერიოდში იმ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ჩამონათვალს, რომელთა წინააღმდეგაც რუსეთი „ჰიბრიდული ომის“ მთელ არსენალს იყენებს, სომხეთიც დაემატა. დიპლომატიური ხრიკები, ეკონომიკური ბერკეტები, სპეცსამსახურების აგენტურისა და ადგილობრივი „მეხუთე კოლონას“ ამოქმედება: ყოველივე ეს მიმართულია სომხეთის დღევანდელი ხელისუფლების დასამხობად. „ჩვენ არასდროს ვერევით ჩვენი მეზობლებისა და საზოგადოდ, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში“, – განაცხადა ამას წინათ პუტინმა. სწორედ ამაზეა ნათქვამი, „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“. სომხეთში „ხავერდოვანი რევოლუციის“ ათვლის წერტილად 2018 წლის აპრილი ითვლება, როდესაც სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა, რომელსაც კონსტიტუციის მიხედვით მესამე ვადით ამ პოსტის დაკავება აღარ შეეძლო, ქვეყნის პრემიერმინისტრობა მოინდომა და გახდა კიდეც. აბა, ხელს ვინ შეუშლიდა, როდესაც რუსეთის უპირობო ფავორიტი იყო?“ – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით რუსეთის „ჰიბრიდული ომი“ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წინააღმდეგ.
„ჩვენს ახალგაზრდა მკითხველს შევახსენებთ, რომ ამგვარი „პოლიტიკური ეკვილიბრისტიკა“, კონსტიტუციური ცვლილებებით საპრეზიდენტო ქვეყნის საპარლამენტოდ „გადაკეთება“, მიხეილ სააკაშვილმაც განახორციელა და 2012 წელს პრეზიდენტის სავარძლიდან პრემიერ-მინისტრის არანაკლებ კომფორტულ სავარძელში სურდა „გადასკუპება“, თუმცა როგორც ზოგიერთი იტყოდა, „ნურას უკაცრავად“. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრ დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემას სწორედ სააკაშვილის ამ გაუაზრებელმა „რეფორმებმა“ დაუდო საფუძველი: დღეს უფუნქციო საქართველოს პრეზიდენტები ისე არიან, როგორც „ჭრელი პეპელა“: „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“. დავუბრუნდეთ სომხეთს. სარგსიანი (ისევე, როგორც სააკაშვილი) დაუღალავად იმეორებდა: მე ძალაუფლების შენარჩუნება გახანგრძლივება კი არ მინდა, ეს დემოკრატიული ცვლილებებია და ამის გარეშე ქვეყანა დაიღუპებაო. თუმცა ამას ვინ დაიჯერებდა? არც სომეხი ხალხი მოტყუვდა, ეს გადაწყვეტილება ძალაუფლების უზურპაციად ჩათვალა და ქუჩაში გავიდა“, – აღნიშნავს გამოცემა.
„დემონსტრანტებს ლიდერად საშუალო ტანის წვეროსანი (დღესაც რუსეთის სპეცსამსახურებში „ბოროდად“ ანუ „წვერად“ მოიხსენიებენ), ყოფილი ჟურნალისტი, ყოფილი პოლიტპატიმარი, იმჟამად კი სომხეთის პარლამენტის დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი მოევლინა. სარგსიანის პრემიერობა ზუსტად შვიდ დღეში დასრულდა, 2018 წლის 8 მაისს კი სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად სწორედ „წვერა“ აირჩია. პრემიერ-მინისტრობის უკვე პირველ ორ წელიწადში ნიკოლ ფაშინიანმა იმდენი მოახერხა, რომ ქვეყანაშიც და მის გარეთაც ყველა გადაიმტერა: კორუფციაში მოფუთფუთე სომეხი ჩინოვნიკ-პოლიტიკოსები; „რუსული სკოლის“ სამხედროები და უშიშროების სტაჟიანი თანამშრომლები; კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებით უკმაყოფილო ბიზნესმენები და რიგითი მოქალაქეები. ამას დაემატა სასტიკი მარცხი აზერბაიჯანთან ომში…“ – განაგრძობს გამოცემა.
„1980-იანი წლების მიწურულს საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მომძლავრებამ და სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის შექმნილმა გარემოებებმა წინ წამოსწია დამოუკიდებელი ქვეყნისთვის აუცილებელი საყრდენის – ეროვნული არმიის ჩამოყალიბების საკითხი. ამ დროს საბჭოთა კავშირი არსებობას განაგრძობდა და მისი სადამსჯელო მანქანის პირობებში ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული გასამხედროებული ორგანიზაციის შექმნა, მით უფრო საქმიანობა, ყოველმხრივ სახიფათო იყო. ამის მიუხედავად, პირველი პატრიოტული სულისკვეთების ორგანიზაცია „ქართველ შევარდენთა ლეგიონი“ მაინც გაჩნდა და მის სათავესთან იდგა ამჟამად თადარიგის პოლკოვნიკი ელგუჯა წიკლაური. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალთან“ საუბრისას მან გაიხსენა ლეგიონის შექმნისა და მისი ისტორიის საინტერესო ფურცლები“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით პირველი გასამხედროებული ფორმირება საქართველოში.
„1985 წლის თებერვალში რუსეთიდან თბილისში დაბრუნება ოჯახურმა მდგომარეობამ – დედის ჯანმრთელობის გაუარესებამ მაიძულა. მანამდე რვა წელი რუსეთში კამჩატკაზე თევზსაჭერ ტრაულერებზე დავცურავდი. დაბრუნებამდე აქ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მე ნაკლებად ინფორმირებული ვიყავი და როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, 1987 წელს, „წმინდა ილია მართლის“ საზოგადოებას შევუერთდი და მანდატი N102 გადმომეცა. აქტიურად ჩავები საზოგადოების მუშაობაში და თან ფიზკულტურისა და სპორტის რესპუბლიკურ კომიტეტში ვმუშაობდი. დედაქალაქში მიმდინარე პროცესები რეგიონებსაც გადაედო. ამით ისარგებლეს საბჭოთა კა-გე-ბეს ხელშეწყობით მოქმედმა აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა და ანტიქართული რიტორიკიდან აქტიურ ქმედებებზე გადავიდნენ. ვითარება დღითი დღე იძაბებოდა და მოსალოდნელი საფრთხის მოახლოება იგრძნობოდა. 1988 წლის 26 მაისს ვაკის პარკში ხალხმრავალი მიტინგი გაიმართა, სადაც კომუნისტურ რეჟიმს საბჭოთა არმიაში სავალდებულო სამსახურისთვის საქართველოდან გაწვეული ახალგაზრდებისთვის სამხედრო სამსახურის საქართველოში გავლის მოთხოვნა წაუყენეს. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე და მისი ნათქვამი, საქართველოს თავისი ჯარი რომ ჰყავდეს, ავტონომიებთან დაკავშირებულ პრობლემებს მოაგვარებდაო, გონებაში ჩამრჩა და მისი რეალიზაციის გზებზე ფიქრი მაიძულა“, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელგუჯა წიკლაური.
„ვმონაწილეობდი 1988 წლის 22-29 ნოემბრის შიმშილობის აქციაში მთავრობის სახლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს მხატვრის სახლთან ვიდექი, როცა საბჭოთა სამხედროები მომიტინგეთა დარბევაზე გადავიდნენ. იმავე ღამით ჩემს ოთხ პლეხანოველ მეგობარს შევხვდი და ლაპარაკი დავიწყეთ ოკუპანტებთან ბრძოლაზე, ქართული ჯარის საჭიროებაზე და წინააღმდეგობის მომავალი ორგანიზაციისთვის სახელი „ქართველ შევარდენთა ლეგიონი“ მაშინ მოვიფიქრე“, განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე – „როგორ აპირებდით კბილებამდე შეიარაღებულ საოკუპაციო ჯართან შიშველი ხელებით ბრძოლას?“ – პასუხობს:
„იარაღი ჩვენ არ გვქონდა, ამიტომ მისი მოპოვება გადავწყვიტეთ. ვიცოდით, რომ რუსი სამხედროების ერთ-ერთი დანაყოფი ვაკის პარკსა და „ქარიშხალას“ სტადიონს შორის იყო დაბანაკებული. აპრილის ერთ ღამეს ყველაზე განაპირა კარავში შევიპარეთ, მედღევე გავთიშეთ და ათი „კალაშნიკოვის“ ავტომატი თითო მჭიდით ჩვენს ხელთ აღმოჩნდა. თბილისში კომენდანტის საათი მოქმედებდა, ამიტომ იარაღი კუს ტბაზე ავიტანეთ, იქ ორმოში დავმალეთ, ზემოდან ბალახითა და ტოტებით შევნიღბეთ“…
“დავით შარტავა 2021 წლის 18 აპრილს უკრაინაში რუსეთის ხელახალ ინტერვენციამდე დაიღუპა. ვინ იყო ქართველი მეომარი, რატომ წავიდა სხვა ქვეყნის ომში, ვინ არის საქართველოსთვის რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული დავით შარტავა და როგორ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მისი სახელი?.. ისიც იმ თაობის წარმომადგენელი იყო, რომელმაც ძნელად აიდგა ფეხი. ცხოვრების ასპარეზზე გამოსულს, მასაც მძიმე პერიოდი შეხვდა. მსახიობი იყო. სხვადასხვა თეატრში მუშაობდა. წარმატებულიც იყო, მაგრამ 22 წლისამ ცოლი შეირთო და მწირი ხელფასით ოჯახის რჩენა გაუჭირდა. მაშინ გამოემშვიდობა საყვარელ საქმეს, პროფესიას და ბედი სულ სხვა სფეროში სცადა. 2004 წელს საქართველოს თავდაცვის ძალებში ჩაირიცხა. სწრაფი რეაგირების ძალების ბატალიონ “კომანდოს” შემადგენლობაში განსაკუთრებული მომზადების კურსი გაიარა და 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის მისადგომებთან საბრძოლო ნათლობაც მიიღო“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით მან სანგარში სიცოცხლე დატოვა, ისტორიაში კი გმირის სახელი.
“თავდაცვის ძალებში რამდენიმე წელი იმსახურა, შემდეგ კი საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ. 2008 წლის აგვისტოში, როდესაც საქართველოში რუსეთი შემოიჭრა, განსაცდელში მყოფ სამშობლოს მყისვე მოაშურა, მაგრამ როგორც მოხალისემ, საომარ მოქმედებებში ჩართვა ვერ მოახერხა. 2016 წელს დავით შარტავა მებრძოლმა სულმა უკრაინაში წაიყვანა და საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა. “მამაჩემი ამბობდა, რომ თავისი სამშობლოს მტრების წინააღმდეგ უნდა ებრძოლა ნებისმიერ ადგილას და არ ჰქონდა მნიშვნელობა, სად იქნებოდა – საქართველოსა თუ უკრაინაში, რაშიც სრულებით ვეთანხმები”, – ამბობს დავით შარტავას უფროსი ვაჟი, გიორგი შარტავა, – როდესაც მეგობრებისგან შეიტყო, რომ ისინი უკრაინაში წასვლას აპირებდნენ, არც დაფიქრებულა, ისე გადაწყვიტა წასვლა. თავიდან ინსტრუქტორი იყო და უკრაინელ ახალწვეულებს ამზადებდა, მერე კი თვითონაც ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში, სულ ცხელ წერტილებში იყო. თავდაპირველად, “ქართული ლეგიონის” შემადგენლობაში იბრძოდა, შემდეგ კი – უკრაინის არმიის სხვადასხვა ქვედანაყოფში”. სულ ბოლოს დავით შარტავა უკრაინის არმიის 128-ე ცალკეული სამთო-მოიერიშე იმიერკარპატების ბატალიონში მოხვდა”, – აღნიშნავს გამოცემა.
„რუსეთმა მორიგი შეთანხმება დაარღვია და ბატალიონის პოზიციები ოკუპირებული დონეცკის ოლქის სოფლების, სახანკასა და ლენინსკოეს მხრიდან დაბომბა. ამ დროს ქართველი მეომარი სანგარში იყო, სადაც მტრის ყუმბარა ჩავარდა. მის გვერდით უკრაინელი ახალწვეული ჯარისკაცი იდგა. დავითმა ბიჭს ხელი ჰკრა და გვერდზე გადააგდო. ასე იხსნა სიკვდილისაგან, თვითონ ყუმბარის ნამსხვრევებით თავში მძიმედ დაიჭრა და დაიღუპა. უკრაინულმა ბატალიონმა სამძიმრის წერილი გაავრცელა. ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე, დასავლეთ უკრაინაში, იმიერკარპატების ოლქის ქალაქ მუკაჩევოში დავით შარტავას სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა ბატალიონის კაპელანმა, უკრაინის ეკლესიის უჟგოროდისა და იმიერკარპატების ეპისკოპოსმა ვარსონოფმა. გიორგი შარტავა: „როგორც მამაჩემის თანამებრძოლმა მითხრა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებიდან დაბომბეს ის სანგარი, სადაც მამა ახალწვეულთან ერთად იყო. მისთვის ხელი უკრავს, ბიჭი მსუბუქად დაჭრილა და გადარჩა, მამა კი თავში დაიჭრა და დაიღუპა. ხშირად გვირეკავდა ხოლმე. იმ დღესაც დამირეკა, დაახლოებით დღის 4 საათზე, სამსახურში ვიყავი და ვერ ვუპასუხე და მერე, როცა მე დავურეკე, აღარ მიპასუხა. თურმე უკვე დაღუპული იყო“… – განაგრძობს გამოცემა.
„სამდინარო-საზღვაო ნაოსნობა საქართველოში“ ასე ჰქვია წიგნს, რომელსაც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორი თემურ ჩაჩანიძე ზღვაოსნობის ისტორიით (და არა მხოლოდ) დაინტერესებულ მკითხველს საქართველოში სამდინარო ნაოსნობის არაერთი უცნობი ისტორიის გაცნობის საშუალებას აძლევს. „ზღვაოსნობის ისტორია ჩემი გატაცებაა, ყოველთვის მაინტერესებდა იმის გარკვევა, ამ საქმეს საქართველოში რა უწყობდა ან პირიქით, რა უშლიდა ხელს. ქართულად ნაოსნობაზე სულ რამდენიმე წიგნია გამოცემული და მათში რიგ საკითხებს გვერდი აქვს ავლილი ან არასათანადოდაა გაშუქებული. ეს განსაკუთრებით სამდინარო ნაოსნობას შეეხება. წიგნის იდეა სამხედრო ისტორიის კარგმა მცოდნემ, პროფესორმა მამუკა წურწუმიამ მიკარნახა, ხოლო მუშაობას „კოვიდის“ პერიოდში შევუდექი. მუშაობა 2022 წლის მეორე ნახევარში დავასრულე“, – ამბობს თემურ ჩაჩანიძე, რომლის თქმით, წიგნი „სამდინარო-საზღვაო ნაოსნობა საქართველოში“ გამომცემლობა „არტანუჯმა“2023 წლის ბოლოს გამოსცა“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ნაოსნობა რიონსა და მტკვარზე – ისტორიები წარსულიდან.
„წიგნში აღწერილია უძველესი სამდინარო-სანაოსნო საშუალებები, მოყვანილია ძველი ცნობები რიონის შესახებ, განხილულია სხვადასხვა დროს რიონით სამდინარო ლაშქრობები და აზოვის კაზაკთა რიონის ფლოტილიის მოქმედებები აღმოსავლეთის (ყირიმის) ომის პერიოდში. მკითხველს შეუძლია გაეცნოს რიონზე ორთქლის გემების ნაოსნობას 1858-1871 წლებსა და საბჭოთა პერიოდში, თბილისის სამდინარო ტრამვაის ისტორიას, თბილისის ზღვის სამგზავრო ფლოტილიას და სხვა მრავალ ისეთ საკითხს, რომლებიც საზღვაო ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის ნაკლებადაა ცნობილი… ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა ნაოსნობა ზღვებზე ბევრად ადრე, მდინარეებიდან დაიწყეს და ადამიანის გამოგონილი პირველი მცურავი საშუალება ტივი იყო, ხოლო მდინარეები ტივებისთვის გზების ერთგვარ დანიშნულებას ასრულებდა. ტივებს მოჰყვა მორში ამოჭრილი ნავები, რომლებითაც, ასე თუ ისე, მდინარის დინების წინააღმდეგ ცურვა შეიძლებოდა. ამგვარად ვითარდებოდა სამდინარო ნაოსნობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და მათ შორის საქართველოში“, – აღნიშნავს გამოცემა.
„საქართველო ღვინის კულტურის უძველესი კერაა და ჩვენთან ყურძნის დასაწურად ხის საწნახელების გაკეთების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. მორში საწნახელისა და ნავის ამოჭრას კი ერთმანეთისგან არაფერი განასხვავებს. ივანე ჯავახიშვილი „საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაში“ მეღვინეობის განხილვისას ყურძნის დასაწურ მოწყობილობა-იარაღებზე წერს, რომ მთლიანი ცაცხვის ან მუხის ხისგან გამოთლილ ყურძნის საჭყლეტ მომცრო საწნახელს ქართლ-კახეთში თურმე „ნავს“ ეძახდნენ. ძველი ქართველი ოსტატები მორებისგან საწნახლებსა და ნავებს როგორც გარედან, ასევე შიგნიდან ერთნაირად თლიდნენ და განსხვავება მხოლოდ დაბოლოებებში იყო. დანიშნულებიდან გამომდინარე, საწნახელს ბოლოებში ვერტიკალური კედლები უკეთდებოდა, რადგან ნავს ცურვისთვის ერთი ბოლო მაინც მახვილი უნდა ჰქონოდა. ყურძნის საჭყლეტი დანიშნულების გარდა, საწნახელს დასავლეთ საქართველოში რიონის ადიდების დროს ადამიანების გადასარჩენადაც იყენებდნენ“… – განაგრძობს გამოცემა.
შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 27 ერთეული ახალი მაღალი გამავლობის სამაშველო ავტოტექნიკა შეემატა. Toyota Hilux-ის მარკის ავტომობილები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სხვადასხვა დანაყოფში გადანაწილდება. ავტომანქანები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გათვლილია რთულ რელიეფზე სამაშველო ოპერაციებისთვის. ახალი მანქანები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მუშაობას და უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას სამაშველო ღონისძიებების დროს რთულად მისადგომ ადგილებში. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალთან” საუბრისას აცხადებს, რეაგირების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლება”, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი ტექნიკა.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ინფრასტრუქტურის განავითარებას და ტექნიკური რესურსების განახლებაზე სისტემური მუშაობა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ამიტომ სამსახური განაგრძობს ავტოპარკის მოდერნიზაცია-განახლებას. სამსახურმა შეიძინა თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის. ავტომობილები მთლიანად არის ადაპტირებული ტყისა და ურბანულ ხანძრებზე, აქვს თვითქრობის ფუნქცია, განათების სისტემა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ღამე მუშაობის ეფექტიანობას. აღნიშნული ავტომობილები ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი და მთლიანად სამსახურის სახელით მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად მინისტრს მხარდაჭერისთვის. სამსახურმა ასევე შეიძინა 27 ახალი სამაშველო ავტომობილი, რომლებიც რეგიონებზე გადანაწილდება და, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამაშველო ღონისძიებებზე ჩვენი მეხანძრე-მაშველების სწრაფი და ეფექტური რეაგირების ხარისხს“, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ მღებრიშვილი.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიმდინარე წელსაც გეგმავს ავტოპარკის შევსებას დამატებითი ტექნიკით. სამსახურმა უკვე შეიძინა 3 სახანძრო ავტოკიბე, რომლებიც გათვლილია მაღალსართულიან შენობებზე სახანძრო-სამაშველო ღონისძიებებისთვის და აღჭურვილია თანამედროვე სახანძრო სისტემებით. აქვე მსურს მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობასა და იაპონიის საელჩოს საქართველოში, რომლებმაც პარტნიორობის ფარგლებში დამატებით სამი სახანძრო მანქანა და სამი სახანძრო ავტოკიბე გადმოგვცეს.რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სამსახური სისტემურად ახორციელებს ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტებს რეგიონებში, რაც მიზნად ისახავს სამსახურებრივი რესურსების გაძლიერებასა და რეაგირების გაუმჯობესებას. მიმდინარე წელს ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სახანძრო-სამაშველო განყოფილებების მშენებლობა იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში იგეგმება…“ – განაგრძობს რესპონდენტი.
„1851 წელს ნიკოლაევში შავი ზღვის ჰიდროგრაფიულმა დეპომ გამოსცა შავი ზღვის პირველი ლოცია, რომელიც შეიცავდა კავკასიის სანაპიროს აღწერას და იძლეოდა მონაცემებს: სანაპიროსთან ზღვის ფსკერის მდგომარეობაზე, ხომალდების რეიდზე დგომისთვის შერჩეულ ადგილებში ზღვის სიღრმეებზე, გაბატონებულ ქარებზე, სახომალდო წყლის, საკვებისა და შეშის მარაგების შევსებისთვის ხელსაყრელ ადგილებზე და ა. შ. აღმოსავლეთის (ყირიმის) ომის დასრულების შემდეგ გაიზარდა ზღვაოსნების უკმაყოფილება სხვა ქვეყნებთან შედარებით რუსეთის იმპერიის ზღვებში ცუდ სანავიგაციო მოწყობაზე, რის გამოც გახშირდა შავ ზღვაში გემების ნაპირთან მიახლოებისას უცნობ მეჩეჩთან ან წყალქვეშა ქვებთან შეჯახება. გამონაკლისი არც კავკასიის სანაპირო იყო, სადაც არც ერთი შუქურა და სანავიგაციო ნიშანი არ ფუნქციონირებდა. არადა, ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა მდინარე რიონის შესართავი. ფოთს მაშინ პორტი არ ჰქონდა და მგზავრების მომსახურება ან სატვირთო ოპერაციები რეიდზე წარმოებდა“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით 161 წლის ისტორიის მქონე ფოთის შუქურა.
„თუკი ზღვა და ამინდი ამის საშუალებას არ იძლეოდა, მაშინ გემები რიონის სამხრეთ ტოტში შედიოდნენ და მდინარის მარჯვენა ნაპირზე კომპანია „რუსეთის ნაოსნობისა და ვაჭრობის საზოგადოების“ გემთსადგომით სარგებლობდნენ. ამავე გემთსადგომს იყენებდნენ რიონზე 1858 წლის მაისიდან ფოთიდან სოფელ ორპირამდე მოცურავე ორთქლის გემები. ფოთის მდებარეობა უცხო ქვეყნის ბევრმა შკიპერმა მაშინ არ იცოდა და რეიდის ან რიონის შესახებ აუცილებელ ინფორმაციას შემხვედრი გემებისგან იგებდა. ღამით ფოთთან მიახლოებას ვერავინ ბედავდა, ხოლო კიდევ უფრო სახიფათოდ რიონში შესვლა ითვლებოდა. თუკი ვინმე მაინც გარისკავდა, ასეთი გემისთვის ცურვა ხშირად რიონის ბარის (ადგილი, სადაც მდინარისა და ზღვის წყლები ერთმანეთს ხვდება. ამის შედეგად იქ ბევრი ქვიშა ილექება და დიდი მეჩეჩი ჩნდება) მეჩეჩზე მოხვედრით მთავრდებოდა. 1858 წლის ნოემბერში იმპერატორმა ალექსანდრ II-მ, ფოთი საპორტო ქალაქად გამოაცხადა და ახალი სტატუსის შესაბამისად ქალაქს გემების მისაღებად შუქურა სჭირდებოდა. ყველაზე უკეთ შუქურას აუცილებლობას ქალაქის მმართველობა ხედავდა და პროექტი ბრიტანულ საინჟინრო კომპანიას შეუკვეთა, მაგრამ სათანადო თანხის უქონლობის გამო ანაზღაურების სანაცვლოდ კომპანიისთვის მიწის ნაკვეთი შეუთავაზებია“, – აღნიშნავს გამოცემა.
„1862 წელს შუქურას კოშკი ბრიტანულმა კომპანია Easton Amos &Sons Engineers-მა თუჯისგან ჩამოსხმული ფილებისგან დაამზადა. 1864 წელს ფილები გემით ოდესაში გაიგზავნა, ხოლო იქიდან იალქნიან-ხრახნიანმა შხუნა “ბომბორამ” ბათუმში გადაზიდა. ბათუმიდან დიდგაბარიტიან თუჯის მძიმე ფილებს პატარა წყალჯდომის გემები რიონის ნაპირზე მდებარე გემთსადგომამდე ეზიდებოდნენ. საინტერესოა, რომ ანალოგიური მარშრუტით ჩამოვიდა ქუთაისისთვის საფრანგეთში დამზადებული კავკასიაში პირველი ლითონის ხიდი. მისი ნაწილები 1861 წლის დამდეგს გემმა “ცერერამ” ოდესიდან ბათუმში, ხოლო ბათუმიდან ფოთში ხიდის კონსტრუქციები პატარა გემმა “გოლუბჩიკმა” რამდენიმე რეისით ფოთში ჩაიტანა, საიდანაც რიონით ნავებმა სოფელ ორპირამდე, ხოლო ორპირიდან ქუთაისამდე ურმებმა გადაზიდეს… შუქურას ასაწყობი თუჯის ფილები იარუსების მიხედვით წინასწარ იყო დანომრილი და ნომრები დღესაც შემორჩენილია. ფუნდამენტისთვის 8 მეტრის სიღრმის საძირკველი ერთ თვეში გაითხარა, ხოლო კოშკურას მთლიანი კონსტრუქცია ხრახნ-ჭანჭიკების გადაბმით ინგლისელმა ოსტატებმა 6 თვეში ააწყვეს. ფოთის შუქურა კავკასიის სანაპიროზე თუჯის პირველი შუქურაა. მანამდე რუსეთში შუქურების ასაგებად ქვას, ხის მასალას ან ზოგჯერ ფოლადის ფურცლებს იყენებდნენ..” – განაგრძობს გამოცემა.
დასავლელი პარტნიორების დახმარებაზე დამოკიდებული უკრაინა ბოლო დროს ამუნიციის, სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალებისა და შეიარაღების უკმარისობას უჩივის, ეს კი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ უფრო საგრძნობი გახდა. ეროვნებით რუსი 37 წლის ისტორიკოსი ალექსანდრ მონჩუკი უკვე წლებია, როგორც სნაიპერი იცავს უკრაინას პუტინის ჯარებისგან. ის თვეების განმავლობაში იბრძოდა ხარკოვის რეგიონში, კერძოდ, ვოლჩანსკის მახლობლად, სადაც, როგორც თავად ამბობს, „იხილა ოკუპანტების ტყვიის შედეგი და კვალი“. ინტერნეტკავშირის შეფერხების მიუხედავად, მონჩუკმა შეძლო ჟურნალ „არსენალისთვის“ დროის გამონახვა და ჩვენი მკითხველისთვის ფრონტის ხაზზე მდგომარეობა, აშშ-ის გამო იმედგაცრუება, ომის მომავალსა და დასავლეთის მხარდაჭერაზე ესაუბრა“ , – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით „დასავლეთის დახმარების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება“
„ჩვენთვის, ფრონტის წინა ხაზზე მყოფი მეომრებისთვის, შოკი იყო ზელენსკისა და ტრამპის თეთრ სახლში შეხვედრა. ყველა დავალებაზე წასვლის წინ, როდესაც ნაწილიდან მივდიოდი, სულ ვფიქრობდი, რა იქნება ხვალ, რა ვითარება დამხვდება, როცა დავბრუნდები, თუ დავბრუნდი, საერთოდ… თუმცა იმ ღამეს ყველაზე ნაკლებად მედარდებოდა დაბრუნება, რადგან ასეთ გაურკვევლობაში ომის დაწყებიდან პირველი კვირის შემდეგ არ ვყოფილვართ არც მე, არც ჩემი მეგობრები. მერე როგორღაც შევეგუეთ ამ ყველაფერს და მხოლოდ ბრძოლასა და იარაღზე ვფიქრობდით, რადგან, ასე თუ ისე, გვეხმარებოდნენ, მაგრამ იმ ღამეს მივხვდი, თუ დავალებიდან ვერ დავბრუნდებოდი, ამაზე არ უნდა მედარდა. ამ განცდის ახსნა ახლა გამიჭირდება, მაგრამ მაშინ უიარაღოდ დარჩენილ ჩემს თავს რომ წარმოვიდგენდი, მართლა მერჩივნა, ისევე, როგორც ჩემი უამრავი თანამებრძოლი, პოზიციიდან არ დავბრუნებულიყავი. ომს არ უხდება სენტიმენტები, ბიჭები იშვიათად ვსაუბრობთ სიკვდილზე, მაგრამ ის ღამე არასდროს დამავიწყდება. ამერიკის პრეზიდენტის დამოკიდებულება, განცხადებები, ქცევა არის ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რაც ბოლო წლებში მქონდა. ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს თამაშობს ადამიანების სიცოცხლით, მათი და ჩვენი ქვეყნის ბედით“, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრ მონჩუკი.
„შემდეგ ბოლომდე არა, მაგრამ ევროპის გამოფხიზლებამ დაგვანახვა, რომ სულ მარტო არა ვართ. თუმცა მაინც ყოველი ჩვენგანი ფიქრობს, როგორი იქნება ხვალინდელი დღე უკრაინისთვის, როგორ განაგრძობენ ცხოვრებას ჩემი და ჩემი მეგობრების ოჯახები, რომლებიც ისედაც მუდმივად საფრთხეში არიან. ომში ცხოვრებას თითქოს შეჩვეული იყვნენ, მაგრამ მაინც ძნელია შეგუება, როგორ გინდა „შაჰიდებისა“ და ბალისტიკური რაკეტების ხმაში დაიძინო, იმუშაო, ბედნიერი იყო… ისინი ცხოვრობენ ისე, როგორც უკრაინის მთელი მოსახლეობა – მუდმივი დაუცველობის განცდითა და იმაზე ფიქრით, როგორი იქნება ქვეყანა, ხალხი ომის შემდგომ, თუკი ოდესმე დასრულდება. ჩვენ ვიხილეთ უამრავი სიკვდილი, დაკარგული მეგობრები, თანამებრძოლები და ოჯახის წევრებიც კი. იმედს და მოტივაციას? გვაძლევს ის, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის. ჩვენ უკან ჩვენი ოჯახები, სამშობლო და ცივილიზებული სამყარო დგას. ამიტომ არ ვაპირებთ გაჩერებას, ამდენი ბრძოლის, ამდენი სიკვდილის შემდეგ თუ უკან დავიხევთ, სიცოცხლეს რა აზრი აქვს?..“ – განაგრძობს რესპონდენტი.
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების – ბუნდესვერის ისტორიაში მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი დადგა – გერმანელი ჯარისკაცები ახალი ავტომატებით, ავტომატური საიერიშო შაშხანა G95-ებით გადაიარაღებას იწყებენ. ავტომატური საიერიშო შაშხანა G95-ი კი სხვა არაფერია, თუ არა კარგად ცნობილი გერმანული საიარაღო კონცერნ Hechler& Кoch-ის ახალი HK416 A8 ტიპის მოდერნიზებული ვარიანტი, რომელმაც გაიმარჯვა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს კონკურსში, თუმცა მეორე ცდაზე. საქმე ის არის, კონკურსში ჯერ კიდევ 2020 წელს გაიმარჯვა სულ სხვა გერმანულმა საიარაღო ფირმამ, შედარებით ნაკლებად ცნობილმა CG Haenel-მა თავისი MK556 ტიპის ავტომატური შაშხანით, მაგრამ გავლენიანმა Hechler& Кoch-მა გააპროტესტა მისი გამარჯვება, გამოიყენა მთელი კავშირები და გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ახალი შესარჩევი კონკურსი გაამართვინა, რომელმაც გამარჯვებულად უკვე თავად ის გამოავლინა”, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ახალი ავტომატი გერმანიის არმიისთვის / ბუნდესვერმა კარგად ცნობილი G36-ის ჩანაცვლება ახალი ავტომატური შაშხანა G95-ით დაიწყო.
„Hechler& Кoch-ის პროტესტის მთავარი არგუმენტი ის გახლდათ, რომ CG Haenel-მა თითქოს უკანონოდ გამოიყენა შაშხანიდან წყლის წვეთების გადმოდინების უკვე დაპატენტებული კონსტრუქციული გადაწყვეტილება. ასეა თუ ისე, კარგად ცნობილ G36-ს, რომელსაც ინტენსიური სროლების დროს გადახურების პრობლემას საყვედურობდნენ, შემცვლელი გამოეძებნა. MK556-იც და HK416 A8-ც, ფაქტობრივად, იმეორებენ ლეგენდარული ამერიკული AR-15-ის (მის ბაზაზეა შექმნილი ავტომატური შაშხანა M16 და ავტომატური კარაბინი M4) კონსტრუქციას, იმ განსხვავებით, რომ მათ ავტომატიკაში გამოყენებულია აირდგუშის მცირე მანძილზე გადაადგილების პრინციპი. 2031 წლამდე ბუნდესვერმა Hechler& Кoch-ისგან უნდა შეიძინოს 209 მლნ ევროს ღირებულების 118 718 ერთეული 42 სმ-ის ლულიანი G95A1 მოდიფიკაციის ავტომატური შაშხანა და 35.5 სმ-ის ლულიანი G95KA1 მოდიფიკაციის ავტომატური კარაბინი”, – აღნიშნავს გამოცემა.
„თუმცა ამ ავტომატური იარაღის ბუნდესვერის დანაყოფებში გაგზავნისთანავე გამოიკვეთა კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მართალია, ამ ავტომატებს არ უკავშირდება, მაგრამ შეეხება მასზე დაყენებულ სამიზნე მოწყობილობებს – როგორც აღმოჩნდა, ამ იარაღზე დასაყენებელი ოპტიკური სამიზნეები და ღამის ხედვის მოწყობილობები კონსტრუქციულად ერთმანეთს ვერ „ეწყობა“, რის გამოსასწორებლადაც საჭირო გახდა დამატებითი კოლიმატორული სამიზნეების დამონტაჟება, რაც ღირებულებას უზრდის ისედაც საკმაოდ ძვირად, 1 760 ევროდ შეფასებულ G95A1 (HK416 A8) ტიპის ამ ავტომატურ შაშხანას. გარდა ამისა, ბუნდესვერის ექსპერტები უკმაყოფილო არიან G95A1-ის სროლის სიზუსტის გამოც, განსაკუთრებით ავტომატური ჯერებით სროლისას, რადგან სწრაფსროლის ტემპი – 850 გასროლა/წთ-ში ძალიან მაღალია და მსროლელს ხელს უშლის მიზანში ტყვიების ზუსტად „გაგზავნაში“, – დასძენს გამოცემა.
