სანდრო თვალჭრელიძე – “დარწმუნებული ვარ, რუსეთს დიდი კატასტროფა ელის”
“სხვის სუფრაზე მიდიან და ფოტოებს აფრიალებენ” – რატომ უპირისპირდებიან აქტივისტები ნაციონალებს
დავით ზურაბიშვილი – “ბოლო ამერიკული გაფრთხილება?!”
* * *
სანდრო თვალჭრელიძე – “დარწმუნებული ვარ, რუსეთს დიდი კატასტროფა ელის”
“ჩემი აზრით, სანქციების მძიმე პერსპექტივას ჩვენი ხელისუფლება და ქვეყანაც ვერ აიცილებს თავიდან და ეს დოკუმენტი, სამწუხაროდ, კანონად იქცევა. აქტის მიღება კი დაჩქარდა იმიტომ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, ბოლოს და ბოლოს, მოიცალა საქართველოსთვის. თუ გახსოვთ, მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ტრამპი ჩვენთვის გაზაფხულის ბოლოსკენ მოიცლის-მეთქი და, ფაქტობრივად, ასეც მოხდა. აქამდე მას უამრავი რამ ჰქონდა მოსაგვარებელი. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ აშშ-ს, მიუხედავად ადმინისტრაციის ცვლილებისა, აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები, რომელთაც მიზანმიმართულად ატარებს, იმის მიუხედავად, ვინ არის თეთრ სახლში. ცნობილი გამონათქვამია, რომ აშშ-ს არა ჰყავს მეგობრები და მტრები, მას აქვს სტრატეგიული ინტერესები. საქართველო სწორედ ამ ინტერესებში შედის ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. აშშ ვერ შეეგუება თავისი გავლენის დაკარგვას. ეს უნდა ესმოდეს ჩვენს მთავრობას. ბატონ ივანიშვილს ეგონა ის დაალაგებდა ტრამპთან ურთიერთობას ისე, რომ ჩინეთსა და რუსეთთანაც წარმატებით ითანამშრომლებდა. ფაქტია, ეს არ გამოდის, მეტიც, ეს შეუძლებელია”, – აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დარწმუნებული ვარ, რუსეთს დიდი კატასტროფა ელის”.
“თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება და როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, ეს აქტი დავიწყებას მიეცემა. ჩემი აზრით, დღეს ამ ხელისუფლების გამო შექმნილი ვითარება, უფრო სწორად, ივანიშვილის ბოლო 2 წლის ქმედებების გამო შექმნილი პრობლემები, საქართველოს სტრატეგიული განვითარების გზაზე პატარა დაბრკოლებაა. ერთი რამ მინდა ვთქვა სენატის განმარტებაზე, რომელშიც ჩინეთსა და რუსეთთან ერთად ლაპარაკია ირანზეც. პირადად მე ირანის საკითხს ვერ დავეთანხმები. ჩემი აზრით, ამ ქვეყანასთან ურთიერთობაში არაფერი განსაკუთრებულად არ შეცვლილა, დაახლოებით ისეთივე ურთიერთობა გრძელდება, როგორიც სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა. განსხვავებით, მაგალითად, ჩინეთისგან, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობა გამოაცხადეს… ყველაფერი კი 4-5 წლის წინ დაიწყო, როდესაც ამ სტრატეგიული გზების მშენებლობაში ჩინელები შემოიყვანეს და ეს ქვეყანა საქართველოში მთავარი სამშენებლო აქტორი გახდა. სამწუხაროდ, მაშინ აშშ-მა და ევროპამ ამას ყურადღება არ მიაქციეს. თუნდაც ანაკლიის პორტზე, რაც მოხდა, ვფიქრობ, გარკვეულწილად აშშ-ის შეცდომის შედეგიც არის – ის მშენებლობისგან კარგა ხანს იკავებდა თავს. მე თუ მკითხავთ, როდესაც საქართველოში ლუგარის ლაბორატორია აშენდა, მაშინვე უნდა დაწყებულიყო ამ პორტის მშენებლობაც”, – აღიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“ჩემი აზრით, ზღვარი იქნება პირადი სანქციები და ამის შედეგად მკვეთრად გაუარესებული მათი ცხოვრება – როდესაც ვეღარ ივლიან აშშ-სა და ევროპაში პირადი ვოიაჟებით, მათი ბევრი ახლობელი, ოჯახის წევრები, შვილები ცხოვრობენ და სწავლობენ უცხოეთში, აი, როდესაც მათი ამ ქვეყნებიდან გამოძევება დადგება დღის წესრიგში, ვფიქრობ, მოეგებიან გონს. ეს შეეხება ივანიშვილის შვილებსაც, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. … რა არის ეს “დიფ სთეითი”~, ამიხსნას ვინმემ, ვინ არიან მისი წარმომადგენლები, სად აქვთ შტაბბინა? ეს ტერმინი ამათი მოგონილიც კი არ არის, ბენამიან ნეთანიაჰუმ ახსენა, მერე რუსეთმა აიტაცა და ახლა ესენი ყველა კომენტარში აკვეხებენ. სინამდვილეში “დიფ სთეითი” არის აშშ-ის ხანგრძლივი, მდგრადი პოლიტიკა დემოკრატიისკენ – მეტი არაფერი. ძლიერი პროპაგანდით ხალხის ნაწილს ეს დააჯერეს. იყო დრო, ხალხს ბაყბაყ დევისაც სჯეროდა და მისი ეშინოდა. აგერ ახლახან დაიჯერეს ვიღაცის ხუმრობა, რომ რომის პაპის მამა, დედა თუ ბებია ქართველიაო. ახლა “ქართულმა ოცნებამ” იქნებ რომის პაპის იმედიც იქონიოს, რომ ის დაიცავს “დიფ სთეითისგან”. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი აქტს ხელს მოაწერს. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება რუსეთ-უკრაინის ომის განვითარებაზეც. არც ისეთი ადვილი ყოფილა მშვიდობის დამყარება, როგორც ბატონ ტრამპს ეგონა”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩვენი პრობლემა ის არის, რომ 35 წელიწადია არჩევნებში სულ ვიღაცის წინააღმდეგ ვაძლევთ ხმას და არა ვიღაცის სასარგებლოდ. ჯერ კომუნისტების წინააღმდეგ მივეცით ხმა ზვიად გამსახურდიას, შემდეგ მის წინააღმდეგ ედუარდ შევარდნაძეს დავუჭირეთ მხარი, მერე შევარდნაძის წინააღმდეგ სააკაშვილს მივეცით ხმა, მიშას წინააღმდეგ კი ბიძინა მოვიყვანეთ ხელისუფლებაში. როდესაც ამ პრინციპით მარცხდებოდა არჩევნებში იმჟამინდელი მმართველი ძალა, ყოველთვის ოპოზიცია იყო ძლიერი და გაერთიანებული. ივანიშვილმაც ასე მოახერხა გამარჯვება. დღეს ამას ოპოზიცია ვერ ახერხებს, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ კარგად ვიცით ერთმანეთის გინება, მაგრამ არ ვიცით თანამშრომლობა. ახალი თაობის წარმომადგენლები ძალიან ახალგაზრდები არიან, მათგან ჯერ ვერ გამოიჩეკნენ პოლიტიკური ლიდერები. ამჟამინდელი ოპოზიციის უმრავლესობის ყურებაც კი აღარ შეგვიძლია… სალომე ზურაბიშვილმაც ჯერჯერობით ლიდერობა ვერ შეძლო. მისი იდეა კოალიციური, ტექნოკრატიული მთავრობის თაობაზე, სწორია. მეც დიდი ხანია ამაზე ვლაპარაკობ, მაგრამ ეს ჯერჯერობით ძალიან დიდ წინააღმდეგობას აწყდება”, – თვლის ექსპერტი.
“ტრამპი აშკარად არათანამიმდევრულად იქცევა. რატომღაც ეგონა, რომ სამშვიდობო შეთანხმება ადვილი მისაღწევი იქნებოდა. უცნაურია, რომ ტრამპმა არ იცის, რა ცბიერ და არასანდო ძალასთან აქვს საქმე. ტრამპის რიტორიკის შეცვლა, მინერალების ხელშეკრულების გარდა, გამოიწვია იმანაც, რომ რაც მეტად ჩაუღრმავდა მისი ადმინისტრაცია საკითხს, უფრო აშკარად დაინახა, რომ რუსეთი ამ პროცესს დროის გასაყვანად იყენებს. ძალიან დიდი შეცდომაა ყველაფრის გამარტივება, პრობლემა უნდა დაინახო ძირეულად და სიღრმისეულად, თუ გინდა მისი გადაწყვეტა. სულ ტყუილად ეგონათ, რომ პუტინი უკან დაიხევდა. ჩემი აზრით, ტრამპი და აშშ უფრო ხისტად და ძალისმიერად უნდა მოიქცნენ, თუ შედეგი სურთ. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ პოზიციას დაიკავებს ევროპა და როგორ აიძულებს ტრამპს ცოტა უფრო რაციონალური ნაბიჯები გადადგას. რუსეთი ეცდება პროცესის გაწელვას. ვფიქრობ, რაღაც შეთანხმებას ხელსაც მოაწერს, თუმცა მერე ამის დარღვევაში დაადანაშაულებს უკრაინას და ამ შეთანხმებას დაივიწყებს. ტრამპი საბოლოოდ იძულებული გახდება ძალიან ხისტი სანქციები დაუწესოს და ინტენსიურად მოამარაგოს უკრაინა იარაღით,” – ამტკიცებს სანდრო თვალჭრელიძე.
“უმნიშვნელოვანესი გამოდგა ამ პროცესში დიდი ბრიტანეთის პოზიცია, კირ სტარმერი ძალიან ხისტია რუსეთის მიმართ. არ დაგავიწყდეთ, რომ გასულ კვირას მიიღეს სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც უწესებს სანქციებს იმ ქვეყნების ტანკერებს, რომელთაც რუსული ნავთობი გადააქვთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ნავთობსადენები არ მუშაობს, მხოლოდ ტანკერები მუშაობდა და კონტრაქტები, რომლებიც რუსეთმა ბოლო ხანს დადო, ფარატინა ქაღალდი ხდება. რუსეთის შემოსავალი ნავთობის გაყიდვიდან ომის დაწყების შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული, ახლა უფრო შემცირდება. დარწმუნებული ვარ, რუსეთს დიდი კატასტროფა ელის”, – დასძენს თვალჭრელიძე და შეკითხვაზე – “ამასობაში ახალი ომი და ახალი ბირთვული საფრთხე გაჩნდა აღმოსავლეთით – აქამდე ინდოეთმა და პაკისტანმა ქაშმირის გამო 4-ჯერ იომეს, არადა ორივე ბირთვული ქვეყანაა…” – პასუხობს:
“ვფიქრობ, არ იქნება ფართო მასშტაბის ომი, მით უფრო არა მგონია, რომ ბირთვული იარაღი გამოიყენონ. მეეჭვება, ეს არმიების პირდაპირ შეჯახებაში გადაიზარდოს. ალბათ, დაბომბავენ ერთმანეთის ტერიტორიას და ბოლოს ეს ყველაფერი მორიგი არამყარი ზავით დასრულდება. ამ ქვეყნებს შორის ძალიან დიდი უთანხმოებაა, მსოფლმხედველობრივი, რელიგიური განსხვავება… ქაშმირის ტერიტორიისთვის წლებია კონფლიქტია, რომელიც კიდევ დიდხანს გაგრძელდება”.
“სხვის სუფრაზე მიდიან და ფოტოებს აფრიალებენ” – რატომ უპირისპირდებიან აქტივისტები ნაციონალებს
“სამოქალაქო აქტივისტები ენმ-ს უპირისპირდებიან და მწვავე განცხადებებს აკეთებენ. ისინი მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც 9 მაისის აქციაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო ნახეს, რაც შემდგომ დაწვეს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ნაცმოძრაობისა” და აქტივისტების დაპირისპირებას აფასებს და ამბობს, რომ აქციაზე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ფოტოების აფრიალება არასწორია, რადგან საბოლოო შედეგს ვერ დადებს – “ნაცმოძრაობის” სისხლიანი 9 წელიწადი არავის დავიწყებია. უმჯობესია დაწყნარდნენ და სხვის სუფრაზე ფოტოებს ნუ აფრიალებენ, რადგან შედეგზე უარყოფითად იმოქმედებს. “ქართული ოცნება” ამას ძალიან კარგად იყენებს”… სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ჟღენტი ფეისბუქზე წერს, რომ საერთო პროტესტის გამო ხმას არ იღებდა, “ნაცებმა” კი იფიქრეს ხალხს დაავიწყდა ყველაფერი და თავი წამოყეს, “ტალახის ზელის მეტი არაფერი შეუძლიათ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “სხვის სუფრაზე მიდიან და ფოტოებს აფრიალებენ” – რატომ უპირისპირდებიან აქტივისტები ნაციონალებს.
“ნაცობა იქამდე იქნება სირცხვილი, სანამ ნაცები ადამიანების გატაცებას, წამებას, უკანონო დაპატიმრებებს, ბიზნესის რეკეტს, სპეცრაზმის მედიაში შეჭრას, აქციების დარბევას და წაქცეული ადამიანების დასისხლიანებას – “სამაგალითო დემოკრატიად” მოიხსენიებენ. ცოტა უფრო “დავარცხნილი” ნაცები კი აღიარებენ, რომ ეს შეცდომა იყო (რეალურად კი – უმძიმესი დანაშაული, რომლის შედეგებსაც დღემდე “ქოცების” სახით ვიმკით), მაგრამ ესეც აფერისტობაა. თუმცა, ეს კატეგორია მაინც ჯობია გიჟ მიშისტებს, რომლებსაც ამის აღიარების ჭკუაც კი არ ჰყოფნით. სექტა აქციაზე გამოსულ ათასობით ადამიანს, რომელსაც წინა რეჟიმმა ცხოვრება გაუმწარა, მიშას ბანერებს უფრიალებს – თანაც იმ ფონზე, როცა ათობით ახალგაზრდა დაკავებულია. არც მორიდება აქვთ, არც სიტუაციის აღქმის უნარი, ვერავინ და ვერაფერი აჩერებთ, მათ შორის თავად მიშაც, რომელმაც რამდენჯერმე სთხოვა ციხიდან სახელს მუ მიტეხავთ და გაჩერდით ზოგჯერ მაინცო, მაგრამ ესენი ხო მიშაზე უფრო მიშისტები არიან, ოჯახს უღალატებენ მიშას გამო. მერე იგივე ხალხი დადგება და ქოცებს აკრიტიკებენ არადემოკრატიული კანონების მიღების, ხალხის დაჯარიმების, აქციის დარბევის და ბიძინას ბრმა რწმენის გამო”, წერს გიორგი ჟღენტი, რომლის აზრით “რატომ ღმერთი არ გაიცინებს ამათ უტიფრობაზე”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ვინ დათვლის, რამდენჯერ დაარღვიეს ნაცებმა აღებული პირობა, ჩაშალეს ერთობა, დაშალეს აქცია და გააშავეს პროცესი – მხოლოდ იმიტომ, რომ მის სათავეში ვერ აღმოჩნდნენ. დღეს აბსოლუტურად ყველა პირობა არსებობს ხელისუფლების ცვლილებისთვის, მაგრამ იმდენი შეცდომა დაუშვეს, რომ ვეღარც იმ ხმების ნახევარს იღებენ, რამდენსაც რამდენიმე წლის წინ იღებდნენ. რა გასაკვირია ეს შედეგი, როცა პარტია დატოვა ყველამ, ვინაც წერა-კითხვა, ინგლისური და კომპიუტერის გამოყენება მაინც იცოდა. დღეს პარტიაში სულ რამდენიმე ადამიანიღა დარჩა, ისინიც კლანებად არიან დაყოფილნი და ერთმანეთს ებრძვიან – სანამ მიშა “ვივამედიდან” წერილს არ მოიწერება და გადაწყვეტილებას არ მიიღებს. თუ ნაცების ფასადურ პროდასავლურობას არ ჩავთვლით, ქოცსა და ნაცს შორის ვერც ერთ მნიშვნელოვან განსხვავებას ვერ ვხედავ – გარდა იმისა, რომ ბიძინა გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდა და თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკის ლუქს-პალატაში, პლაზმური ტელევიზორის წინ, სავარძელში მჯდომ მიშას აიფონით ხელში თავის სასარგებლო იდიოტად იყენებს. და მაინც, არავინ უვარდება გიჟ მიშისტს – ბანერი რატომ გიკავიაო, თუ წინ არ გადაუხტები მარშს, სცენაზე არ ავარდები და ჩვენი ბიჭების ბანერებს არ გადაფარავ. და თუ ამდენი ხართ, უკეთესი გზა იცით რეჟიმის დამარცხების და სამოქალაქო საზოგადოება არასწორად იქცევა, მაშინ გააკეთეთ თქვენი გასაკეთებელი, ჩვენ რატომ დაგვსდევთ მიშას ბანერებით”, – განაგრძობს გიორგი ჟღენტი.
“ვივამედშია” მიშა და კანცელარიაში მთავრობა. ხომ მაგრები ხართ, მიდით! ხომ გვიწუნებთ ბრძოლას, მასშტაბს, ფორმას, სტრატეგიას, შინაარსს და ყველაფერ სხვას. ჰოდა, ადექით და დაანონსეთ აქცია. პარტია ხართ თუ კომენტატორები, რას ელოდებით?! ხომ უმრავლესობა ხართ, ხომ ჩვენზე მეტად გიყვართ სამშობლო (ანუ, მიშა) და ჩვენზე მეტად თამამებიც ხართ, საქმე და შედეგი გვაჩვენეთ. რუსთაველზე თქვენი პარტაქტივი რომ უბღაოდა სალომეს გეგმა, გეგმაო, თქვენ გვაჩვენეთ ეგ გეგმა და შესრულება დაიწყეთ. აგერ ბურთი და მოედანი. მაგრამ არაფერს იზამთ, რადგან ეთერებიდან და სოციალური ქსელიდან ტალახის ზელის გარდა სხვა არაფერი შეგიძლიათ” – დაწერა გიორგი ჟღენტმა. ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ “შეიძლება მიშისტებს ჰგონიათ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობაში ხალხი მხოლოდ ერთი ოლიგარქის ავტორიტარული რეჟიმის მოსაშორებლადაა ჩართული, მაგრამ ისინი ცდებიან”, – დასძენს გამოცემა.
“ჩვენ ახალი საქართველო გვინდა, სადაც ავტორიტარის ადგილი არ არის პოლიტიკაში. სააკაშვილის ხელისუფლება ქართველი ხალხისთვის ისევე იყო თავს მოხვეული, როგორც “ქართული ოცნების”. “ნაციონალურ მოძრაობას” საქართველოში ძალადობრივი რეჟიმი ჰქონდა დამყარებული. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მაშინ ვუპირისპირდებოდით ამ ძალადობრივ სისტემას, დღესაც ქუჩაში ვდგავართ და ახლა ამათ ვებრძვით. იმიტომ კი არა, რომ ეს ორი ერთი და იგივე გვგონია (არა ისინი სხვადასხვანაირი ბოროტება არიან), არამედ იმიტომ, რომ სამართლიანობაა ჩვენთვის ღირებულება და არა პირადი სარგებელი. ნაცები კი დღეს მხოლოდ ტექნიკურად არიან სიმართლის მხარეს. ასე აწყობთ. მათ ვერც ერთი გაკვეთილი ვერ ისწავლეს, არც ერთი ჩადენილი დანაშაული არ მოუნანიებიათ. ჩემი აზრით, ამ პროცესში ყოფნით მას უფრო აზიანებენ და მხოლოდ “ოცნებას” ასაზრდოებენ” – თვლის ვახუშტი მენაბდე. პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საზოგადოებას “ნაცმოძრაობის” 9 წელი კარგად ახსოვს და მიუღებელია მიშას ფოტოების აქციაზე გატანა, რაც პროტესტზე ეს დადებითად ვერ იმოქმედებს”, – წერს სტატიის ავტორი.
“ჩემი აზრით, “ნაცმოძრაობა” უნდა დაწყნარდეს და დანარჩენ საქართველოს თავიანთ სისხლიან 9 წელიწადს არ უნდა გვახსნებდნენ. მათთვის და საქართველოსთვის ასე უკეთესია. რისი მიღწევა უნდათ, როცა ჯერ კიდევ არაა ჩამოქცეული “ქართული ოცნება”? ფაქტია, ამას “ოცნება” გამოიყენებს, ანუ “ნაცები” ასეთი ქმედებები ხელს შეუწყობს “ოცნებას” ძალაუფლების შენარჩუნებაში. ვფიქრობ, ზოგიერთი მათგანის ქცევები სრულიად გაუგონარია. არ მესმის, რისი გაკეთება უნდათ, როცა ერთობას არღვევენ. იქნებ თქვან, რადგან მათი ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ სააკაშვილიც ხომ პოლიტიპატიმარია და რატომ არ შეიძლება მისი სურათის აფრიალებაო. კი ბატონო, მაგრამ შედეგი რა არის? შედეგი არის ფოტოს აფრიალება, თუ “ოცნების” ჩამოშლა? თუ ხელისუფლების ჩამოშლა არის შედეგი, მაშინ ფოტოს აფრიალება ამ პროცესს აფერხებს. თუმცა თუ სურათის აფრიალებაა მნიშვნელოვანი, მაშინ ვიყოთ ასე, “ოცნების” რეჟიმში. ვერ ვხვდები, რა არის მათი მთავარი ამოცანა და რას ემსახურება ასეთი უცნაური გაჭედვა, რომელიც მათივე ინტერსებს ანგრევს. ცალკე გააკეთონ აქციები და აფრიალონ მიშას ფოტოები, ვინ უკრძალავს?” – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“მაგრამ სხვის სუფრაზე რატომ მოდინ? ძალიან გაუგებარია. ესე იგი ხალხი არ ჰყავთ და ამიტომ ვერ აკეთებენ, და თუ ასეა მაშინ დაწყნარდნენ. უნდა მიხვდნენ, რომ იმდენი მომხრეები არ ჰყავთ, რომ დიდი აქცია მოაწყონ. იმ დღეს იყო და სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა და უკან მიშას ფოტოები აუფრიალეს, ევროპის დღე იყო და ისევ ისე. სხვის სუფრაზე მოდიან, რადგან თვითონ ვერ აწყობენ. რისი მიღწევა უნდათ იქნებ ჩამოყალიბდნენ და თქვან, მე და სხვებიც მზად ვართ მოვუსმინოთ. სხვის საქმეში რატომ ეჩრებიან, როცა მათ საქმეთში არავინ ერევა? სწორედ ეს იწვევს აქტივისტების და აქციის მონაწილეების გაღიზიანებას, რადგან ესენი გეგმავენ აქციებს და “ნაცები” მოდიან, ვინაიდან მათ დაგეგმილ გამოსვლებზე არავინ მიდის. ამიტომ ჯობს იყვნენ თავიანთვის. ახლა “ნაცების” გარჩევის დრო არა, 2012 წელს დასრულდნენ. მათ მხოლოდ “ქართული ოცნება” ასულდგმულებს. მათი დრო აღარაა და ისინი ამას გრძნობენ. ასეთი მუდმივი შეხსენებები, რომ ისინი წარმოადგენენ დღევანდელი რეალობის სურათს, სინამდვილეს არ შეესაბამება. როცა არაფერს იძახიან, არავინ არაფერს ერჩის, მაგრამ როგორც კი თავიანთ პატიოსნებაზე და სისუფთავეზე დაიწყებენ ლაპარაკს, ეგრევე ყველას ის სისხლიანი 9 წელი ახსენდება. არავის ავიწყდება, უბრალოდ არ ახსენებენ”, – განმარტავს პაატა ზაქარეიშვილი.
დავით ზურაბიშვილი – “ბოლო ამერიკული გაფრთხილება?!”
“აბსოლუტურად ყველაფერი, რაც “მეგობარ აქტშია”, დაიმსახურა “ოცნებამ”. მე რომ მკითხოთ, უფრო მკაცრ ზომებსაც იმსახურებს. ქვეყნისთვის კარგი არ არის, თუმცა შეიძლება კარგიც იყოს. კარგი არ არის იმიტომ, რომ საფრთხეს შეიცავს – თუ ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ვერ ლაგდება ამერიკასთან, არ გამიკვირდება, თუ პირდაპირ გადავა რუსეთთან დაახლოებაზე. თუ ეს აქტი ბერკეტია, რომ ივანიშვილს დაათმობინოს რაღაც, გამოუშვან პატიმრები, შეიძლება დღის წესრიგში რიგგარეშე არჩევნებიც დადგეს. საით წავა ივანიშვილი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამერიკელებზე. მე არ მაქვს იმედი, რომ გონს მოეგებიან, ეს გამორიცხულია. მე რომ აშშ-ის ადგილზე ვიყო, ამის პარალელურად დავიწყებდი ივანიშვილთან მოლაპარაკებას, თუ რაზეა ის წამომსვლელი. მთელი პრობლემა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს არავინ ელაპარაკება. ეს ჩვენს ოპოზიციას რატომღაც უხარია, მაგრამ მე სასიხარულოს ვერაფერს ვხედავ _ თუ არავინ არ დაელაპარაკა, რატომ დათმობს რამეს? რატომ ჰგონიათ, რომ ჩამოიშლება?” – აცხადებს ექსპერტი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ბოლო ამერიკული გაფრთხილება?!”
“ოპოზიცია შიდა პოლიტიკაში დიდ როლს ვერ თამაშობს. დარწმუნებული ვარ, ახლა 26 მაისის ლოჯისტიკაზე იქნება სამკვირიანი მსჯელობა, ვინ საიდან წამოვიდეს და ვინ რა ქნას. უამრავ სისულელეზე შეიძლება დაიხარჯოს დრო და რესურსი. არადა, ახლა მთავარი, რაც შეიძლება გააკეთონ, ის არის, რომ ვისაც საქართველოს საკითხი ეკითხება, უთხრან, რომ საქართველოში ეს ნიუანსებია… ეს ხალხი, ვილსონი, რიში და სხვები, “ოცნების” ხელისუფლებას პერსონალურად ჰყავს ნაგინები და არა მგონია, მათ მოინდომონ ივანიშვილთან დალაპარაკება. ივანიშვილმა ხან ლილუაშვილი გაგზავნა, ხან დავითაშვილი, მაგრამ არაფერი… მას საკონტაქტო პირიც არა ჰყავს, რაღაცაზე რომ დაელაპარაკოს, რამის დაპირება რომც უნდოდეს, ვერ ჰპირდება. საელჩომ განაცხადა, ჩვენთან ნორმალური ურთიერთობა თუ უნდათ, რა უნდა გააკეთონ, იციანო, და ამით ლაპარაკი დაამთავრეს. ელოდებიან, როდის გააკეთებენ იმას, რაც საელჩოს მეშვეობით გადაეცათ. როგორც ჩანს, კარგი არაფერი გადაუციათ, რადგან ესენი არაფერს აკეთებენ და “მეგობარი აქტიც” დაიძრა”, – აღნიშნავს გამოცემის კორეპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“სხვათა შორის, ამას “მეგობარი” აღარ ჰქვია, რადგან როდესაც ეს სახელი ერქვა, თუ საქართველო პროდასავლურ კურსს დაუბრუნდებოდა, ამ შემთხვევაში იყო გათვალისწინებული ბენეფიტები, აშშ-თან უვიზო რეჟიმი და კიდევ ბევრი სხვა რამ, მაგრამ ახლა აქედან მხოლოდ ზოგადი ფრაზა დარჩა – თუ კურსს დაუბრუნდებით, მერე შეიძლება რამეზე ვილაპარაკოთო. ამიტომ ახლა “მეგობარი აქტი” აღარ გამოვიდა და პირდაპირ დაწერეს, რომ ეს არის აქტი იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, სადაც ჩინეთის, რუსეთისა და ირანის გავლენებია. როგორც მტრული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქტი, ასეა ჩამოყალიბებული. ასეთ მძიმე ვითარებაში ჯობს ოპოზიციამ ამერიკელებს ურჩიოს, რომ დაელაპარაკონ ივანიშვილს. ის კი არ უთხრან, ნუ გეშინია, შენ ხელისუფლებაში დაგტოვებთო, არამედ უთხრან, რომ მათი თვითმიზანი არ არის მისი პიროვნული განადგურება, რომ მანაც რაღაც უნდა დათმოს და ქვეყნის კურსი დააბრუნოს იმ კალაპოტში, რაშიც ოცდაათი წელი მოვდიოდით”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“რამდენად შეძლებენ მის დარწმუნებას, არ ვიცი, მაგრამ ივანიშვილმა თუ არ იგრძნო, რომ ის დასავლეთთან რაღაც თამაშშია, ისე არაფერს დათმობს და ან ქვეყანას მიიყვანს დაქცევამდე, ან თვითონ დაიქცევა და ჩვენ გადავრჩებით, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, თორემ სხვა არგუმენტი არა მაქვს. სხვათა შორის, არც საზოგადოების იმედი არა მაქვს. ხელისუფლების მომხრეები როგორ რეაგირებენ პროცესებზე, სრული კოშმარია. ბოლო დროს სოციოლოგიურ კვლევაში საიმედო ვერაფერი დავინახე, რომ ამ ხალხს რამე შეაცვლევინო. მათთვის მთელი ოპოზიცია სრულად გაიგივებულია “ნაცმოძრაობის” ყველაზე უარყოფით მხარესთან. მათთვის “ოცნების” შეცვლა “ნაცმოძრაობის” ყველაზე კოშმარული ნაწილის დაბრუნებაა. თავი დაირწმუნეს, რომ ნამდვილად ასეა და ამას ხელს უწყობს დასავლეთი. ამიტომ საშველი არ ჩანს”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“თუ ივანიშვილის მიზანია, რუსეთში შეგვიყვანოს, “მეგობარი აქტი” მისთვის უფრო სასარგებლო არ იქნება? ამიტომ ეს კი არ შეაწუხებს, უფრო გაუხარდება. მაგრამ, თუ ვუშვებთ, რომ ეს არ არის მისი მიზანი და მისი მიზანია პირადი ძალაუფლების შენარჩუნება და ამის გამო მზად არის რუსეთს ჩაჰბარდეს, მაშინ ივანიშვილისთვის, ჩემი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თვითმმართველობის არჩევნებს და არა მარტო მისთვის – დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამერიკაშიც ელოდებიან ამ არჩევნებს. თუ ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი იმ აზრზე დარჩება, რომ ამ არჩევნებს გამოუცხადოს ბოიკოტი, ეს ივანიშვილისთვის მისწრება იქნება. რამდენიმე პატარა პარტია მაინც მიიღებს მონაწილეობას, არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ისე, რომ არჩევნებში მხოლოდ “ოცნება” დარჩეს, დასავლეთისთვის ყოველთვის, ყველა ვითარებაში გაუგებარია არჩევნების ბოიკოტის გადაწყვეტილება, ბოიკოტს არასოდეს უჭერენ მხარს და არც ახლა დაუჭერენ. მაქსიმუმი ის იქნება, შეიძლება გაგებით მოეკიდონ, მაგრამ უფრო უარყოფითად შეფასდება და ივანიშვილი მშვიდად ჩაატარებს ამ არჩევნებს. მერე იტყვის, მე რა ვქნა, თვითონ არ მიიღეს მონაწილეობაო და ბოლო სოფლით დაწყებული და თბილისით დამთავრებული, ყველაფერს ბოლომდე `ოცნებით~ დააკომპლექტებს, ამით ძალაუფლებას განიმტკიცებს”, – ამბობს დავით ზურაბიშვილი.
“მეორე მხრივ, არ მესმის იმ ხალხის არგუმენტის, ვინც ამბობს, რომ ჯერ ხელისუფლება დაემხოს და მერე მივიღებ არჩევნებში მონაწილეობასო. მაგრამ როგორ უნდა დაემხოს? სახიფათო იდიოტიზმის დონემდე მისული გულუბრყვილობაა. შენ თუ იმის რესურსს ხედავ საკუთარ თავში, ოპოზიციურ პროტესტში, რომ შეგიძლია ხელისუფლება აიძულო, სასამართლო და ცესკო აღარ ჰქონდეს ჯიბეში, მაშინ არჩევნების გაყალბების რატომ გეშინია? ამიტომ ახლა ივანიშვილს იმის იმედი აქვს, რომ ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს და თვითონ მშვიდად გაიმყარებს ძალაუფლებას და დასავლეთსაც სათქმელი არაფერი ექნება. შეიძლება არც ეს იმედია მთლად გამართლებული, მაგრამ ამით მას იმედი უჩნდება, რომ იქნებ მერე დასავლეთი დაელაპარაკოს, რადგან ჩათვლის, რომ სერიოზულად თუ უნდა საქმის დაჭერა, ისევ მათთვის მიუღებელ, სრულიად ავტორიტარ პირთან უნდა დაიჭიროს საქმე, რადგან ოპოზიცია სრულ თვითლიკვიდაციას აცხადებს.”, – განმარტავს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “თეორიულად რომ დავუშვათ – “თვითმმართველობის არჩევნებამდე ზედა პალატამაც დაამტკიცა და ტრამპმაც მოაწერა ხელი აქტს, მაშინ რა ხდება?” – პასუხობს:
“ერთ დღეში ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ ეკონომიკასა და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ძალიან ცუდად დაეტყობა. ივანიშვილს გადაეკეტება უამრავი ფინანსური წყარო, საიდანაც ის ბიუჯეტს ავსებს. შესაძლოა აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მთლიანად დაიკარგოს. თუ ამერიკის მიერ მთელი მთავრობაა სანქცირებული, მაშინ ასეთ მთავრობასთან საქმეს ვინ დაიჭერს? ჩინეთიც კი არ დაიჭერს და მაშინ ბოლომდე უნდა გახდეს რუსეთის ნაწილი. ერთადერთი ეს გზა რჩება. ბიუჯეტი საიდან უნდა შეავსოს? თუ ბიუჯეტის სეკვესტრი გახდა საჭირო, პენსიები და ხელფასები ვერ დარიგდა, რამდენიც არ უნდა აბრალოს ამერიკას და “დიფ სთეითს”, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება იქნება. შესაძლოა დასჭირდეს დახმარება, ფინანსურ-ეკონომიკური იქნება თუ სამხედრო-პოლიტიკური. ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მით უმეტეს, თუ ამერიკამ გადაწყვიტა, რომ აქაურობას თავი არ უნდა დაანებოს, ტრამპის ადმინისტრაცია მაინცდამაინც თეთრხელთათმნებიანი პოლიტიკით არ გამოირჩევა და ბიძინა ივანიშვილი შეიძლება გაცილებით დიდი საფრთხის წინაშე დადგეს. სიტუაცია ყველა ვარიანტში აიჭრება და ამ აჭრილი სიტუაციიდან შეიძლება ისე გამოვძვრეთ, რომ შევცვალოთ ხელისუფლება და დავუბრუნდეთ ისევ იმ კურსს, მაგრამ მძიმე დანაკარგების შემდეგ, ან უფრო მძიმე რეალობაში ჩავცვივდეთ”…
