ქართული პრესის მიმოხილვა 10.11.2025

გიორგი მელაშვილი – “ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ უკან …”
შუა აზიის ხუთი ქვეყანა, “ტრამპის მარშრუტი” და საქართველო
დავით ზურაბიშვილი – “ივანიშვილმა როცა დასავლეთთან ასეთი თამაში წამოიწყო, არ ეგონა, თუ აქამდე შეტოპავდა…”
“სურთ ფინანსურად გაანადგურონ და თან არჩევნებში მონაწილეობაც დაუფასონ…” – ხაზარაძე-ჯაფარიძის გირაო
“აფხაზეთში არ ყოფილა შემთხვევა ქართველის მკვლელობისთვის ვინმე დასჯილიყო”
* * *
გიორგი მელაშვილი – “ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ უკან …”
“ევროკავშირის გაფართოების ანგარიში ცივი შხაპია “ქართული ოცნებისთვის” და საზოგადოდ, ქართველი საზოგადოებისთვის. გავიხსენით ფრაზა ამ დოკუმენტიდან, რომ “საქართველოს კანდიდატის სტატუსიდან მხოლოდ სახელიღა დარჩა”. იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს კურსი, თუ სურს ევროკავშირში გაწევრების გზაზე დაბრუნება. ეს ანგარიში ცხადყოფს, რომ უმძიმეს ვითარებაში ვართ და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი, “ქართული ოცნებაა”. გაფართოების ანგარიში უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელშიც საქართველოს მწვავე კრიტიკა მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს – საქართველოს ევროინტეგრაცია არსებულ პირობებში და დღეს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის ხელში თითქმის შეუძლებელია. ეს ანგარიში ნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეალურად არათუ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ევროინტეგრაციის გზაზე, პირიქით, ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ უკან. ქვეყანამ მიიღო ისეთი შეფასება, რაც დავიმსახურეთ”, – აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ უკან და …”
“ქართული ოცნების” ქმედებები ბოლო დროს იმდენად პირდაპირ არის ევროკავშირის, საზოგადოდ, დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული, ბუნებრივია, გაჩნდა ვარაუდი, რომ “ოცნებამ” ეს გადაწყვეტილება სწორედ ანგარიშის საპასუხოდ მიიღო და არანაირ დანაშაულთან რეალურად საქმე არა გვაქვს. მოგეხსენებათ, ისინი პირდაპირ ადანაშაულებდნენ აქამდეც ჩვენს პარტნიორებს გადატრიალების მცდელობაში, “გლობალური ომის პარტიას” უწოდებდნენ და ა.შ. ხელისუფლების ეს რიტორიკა სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. თუ ამბობ, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი აირჩია – “ღირსებით ევროპისკენო”, გამოდის, ეს მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის მოსატყუებლად სჭირდებოდათ. აბსურდულია ის ბრალდებები პოლიტიკოსების წინააღმდეგ. მეტიც, ეს “ოცნების” დისკრედიტაციაა. გამოდის, მთელმა სახელმწიფო აპარატმა, დიპლომატებმა ”ოცნების~ ლობისტებმა, ვერავინ შეძლო ევროკავშირსა და სხვა დასავლურ ქვეყნებში პოლიტიკოსების დარწმუნება და რამდენიმე პოლიტიკოსმა ოპოზიციიდან, თან უმრავლესობა ციხეშია, მოახერხა ასეთი უზარმაზარი გავლენის მოპოვება ევროკავშირზე, რომ საბოტაჟი მოეწყო?” – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მელაშვილი.
“ეს არის ან კომიკური, ან საკუთარი უუნარობის აღიარება. რა მტრულ საქმიანობაზე ვლაპარაკობთ, როცა საქმე შეეხება ევროკავშირსა და -ს?! საქართველოს დაუძინებელი მტერი, აგრესორი, ოკუპანტი არის ს ფედერაცია, დასავლური ქვეყნები კი მოყოლებული 90-იანი წლებიდან გვეხმარებოდნენ და დღემდე გვეხმარებიან პოლიტიკურად, ფინანსურად და ა.შ., რათა ჩამოვყალიბებულიყავით ნორმალურ სახელმწიფოდ. ის, რასაც აკეთებს “ქართული ოცნება”, როდესაც საკუთარი პროპაგანდით ცდილობს ტოლობის ნიშანი დასვას დასავლეთსა და რუსეთს შორის, მხოლოდ და მხოლოდ მეტყველებს “ქართული ოცნების” სრულიად მიუღებელ საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის მათი ელექტორატისთვისაც. დარწმუნებული ვარ, მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილი უკვე ხვდება, რომ არანაირ ევროპაში არ მიდიან და ქვეყანა სულ უფრო და უფრო მეტად ეფლობა იზოლაციაში. მოკლედ, ეს ბრალდებები, რომლებიც წარუდგინეს პოლიტიკოსებს, რეალობისგან სრულიად აცდენილია და მორიგი პროპაგანდისტული ტყუილია”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“საბოტაჟი და სხვა ბრალდებები მხოლოდ და მხოლოდ სიტყვების რახარუხია, რაც ემსახურება პარალელური რეალობის შექმნას, რათა, ერთი მხრივ, ჰყავდეთ პატიმრები სავაჭროდ დასავლეთთან, მეორე მხრივ, რაკი მიხვდნენ, რომ ელექტორალურად ძალიან უჭირთ უკვე, ძალაუფლების ძალადობით შენარჩუნებაზე გადავიდნენ. “ქართული ოცნება” ისტერიკულად ცდილობს ამერიკელებისა და ევროპელების ყურადღების მიპყრობას. გავიხსენოთ, ყაველაშვილის განცხადება, რომელიც აქამდე ამაოდ ელის ტრამპის ზარს. ასევე გვახსოვს, როგორ გვპირდებოდნენ ტრამპთან ურთიერთობის მოგვარებას, რაც ასევე ვერ მოხდა. მათ არავინ ელაპარაკება, არავინ ვაჭრობს და ეს უფრო ააფთრებს “ქართულ ოცნებას”, რომელსაც სჭირდება ლეგიტიმაცია, რაც ვერა და ვერ მოიპოვეს და ახლა ცდილობენ, იქნებ რეპრესიებით, დასავლეთის შანტაჟით მაინც მოახერხონ მათი ყურადღების მიქცევა. არ ვიცი, ეს სტრატეგია ვინ მოიფიქრა, მაგრამ აშკარად დამანგრეველია უპირველესად “ქართული ოცნებისთვის”, – თვლის ანალიტიკოსი.
“ჯერ ერთი, მისი ავტორიტარული ბუნება სულ უფრო და უფრო მკვეთრი ხდება. აქედან გამომდინარე, ასევე იმ ურთიერთობებიდან გამომდინარე, რაც ქართულ სახელმწიფოს დღემდე ჰქონდა დასავლეთთან, “ქართული ოცნება” სულ უფრო და უფრო უახლოვდება იმ წერტილს, როდესაც შეიძლება იქცეს დასავლეთის პრობლემად, როდესაც ის აღარ იქნება პატარა უხერხულობა, როგორადაც დღეს ჩანს. მაშინ მას მოუწევს მართლაც რეალური, ძლიერი დასავლური წნეხის გააზრება. არა მგონია, ისინი ამისთვის მზად იყვნენ… დასავლეთი თავიდანვე თანამიმდევრული იყო, კარგა ხნის განმავლობაში რეკომენდაციებით, რჩევებით ცდილობდა საქართველოს ხელისუფლების გონზე მოყვანას, ამბობდნენ, რომ არ სურდათ საქართველოს მოქალაქეების დასჯა, ახლაც არ უნდათ. მათ “ოცნების~ წინააღმდეგ სასანქციო რეჟიმი, ფაქტობრივად, არ აუმუშავებიათ. დამერწმუნეთ, მათ აქვთ ბერკეტები, მექანიზმები, რაც დღემდე არ გამოუყენებიათ საქართველოს წინააღმდეგ და დიდი იმედი მაქვს, რომ არც გამოიყენებენ”, – მიიჩნევს გიორგი მელაშვილი.
“ევროკავშირმა ამ ცოტა ხნის წინ მიიღო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ახალი მექანიზმი, რომელმაც გააფართოვა იმ მიზეზების სია, რის გამოც შესაძლებელია შეუწყდეს ამა თუ იმ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია. ამასთან, შესაძლებელი გახდა, რომ არა მთლიანად ქვეყანას, გარკვეულ ჯგუფებს აღარ მიეცეს ვიზალიბერალიზაციით სარგებლობის საშუალება. ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში საქართველოსთან დაკავშირებითაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება იმ პირებს, რომლებიც აძლიერებენ რეჟიმს. რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ, ხოლო ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიის უკუსვლაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმებსა და ანტიდემოკრატიულ კანონებზე, ასევე პროპაგანდისტები სანქციების ქვეშ მოხვდებიან. ამას ემატება ასევე ახალი მექანიზმი, რომელიც პირდაპირ მიმართულია იმ პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც მიზანმიმართულად ეწევიან ანტიდასავლურ, ანტიევროპულ პროპაგანდას. ეს მექანიზმი არანაკლებ მტკივნეული იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც მუშაობენ პროპაგანდისტულ მედიაში”,- ამტკიცებს რესპონდენტი.
“საზოგადოების პროტესტის შესაჩერებლად “ქართულმა ოცნებამ~ ყველა წარმოუდგენელ და შესაძლებელ ზომას მიმართა. ყველანაირად ცდილობენ, რომ გატეხონ ქართველი საზოგადოება, თუმცა არ გამოუვიდათ. ამიტომ ცდილობენ სულ უფრო მეტი რეპრესიული კანონის მიღებას და საზოგადოებაზე წნეხის გაზრდას. ცდილობენ საკუთარი ლეგიტიმაციის პრობლემისა და ელექტორალური დანაკარგის რეპრესიებითა და ძალადობით ანაზღაურებას. ამ შემთხვევაში ოპოზიციას აქვს რამდენიმე სტრატეგიული ამოცანა: პირველი – ერთიანი წინააღმდეგობის შექმნა, რაც აქამდე ვერ შეძლეს… სამწუხაროდ, პროტესტს ზურგს არ უმაგრებდა პოლიტიკური ერთიანობა. საჭირო იყო სტრატეგიული თანამშრომლობა, რათა შექმნილიყო ერთობლივი ალტერნატივა ქართველი ელექტორატისთვის, რაც ვერ მოხერხდა. ნაწილობრივ ეს ოპოზიციის ბრალია, ნაწილობრივ ხელისუფლებამ მიახმარა ხელი. სტრატეგიული ერთიანობა უმნიშვნელოვანესია, რასაც ოპოზიციამ უახლოეს პერიოდში აუცილებლად უნდა მიაღწიოს. მეორე ამოცანაა წინააღმდეგობის გაგრძელება და გაძლიერება. ვიდრე ქართველი საზოგადოება არ გატყდება, მანამდე არის შანსი, როგორც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ასევე ევროპული მომავლის”, – დასძენს გიორგი მელაშვილი.
შუა აზიის ხუთი ქვეყანა, “ტრამპის მარშრუტი” და საქართველო
ცენტრალური აზიის 5 ქვეყანასთან სავაჭრო შეთანხმებას აფორმებს, რომელიც მათ აზერბაიჯანთან და სომხეთთან დააკავშირებს. საუბარია ტრანსკასპიურ სატრანსპორტო მარშრუტზე, რომლითაც შუა აზიის ქვეყანები ე.წ. ზანგეზურის დერეფანს დაუკავშირდება. ვაშინგტონში შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერის დროს საქართველოს პრემიერი , სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფებოდა. ე.წ. ზანგეზურის დერეფანი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალია, რომელიც საქართველოს გვერდის ავლით, სომხეთის ტერიტორიაზე, ირანი-სომხეთი საზღვრის გასწვრივ გადის და აზერბაიჯანს სახმელეთო გზით აკავშირებს მის ანკლავ ნახიჭევანსა და შემდეგ თურქეთთან. მისი ამოქმედების შესახებ შეთანხმებას აგვისტოში აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირების, სა და ს ვიზიტისას მოეწერა ხელი და მას ოფიციალურად ახალი სახელი “ტრიპი” მიენიჭა – “ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შუა აზიის ხუთი ქვეყანა, “ტრამპის მარშრუტი” და საქართველო – როგორ აისახება ჩვენზე ვაშინგტონის შეთანხმება.
“გასულ კვირას კი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის (ყაზახეთი, , ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) ლიდერებს უმასპინძლა. შეხვედრის შედეგად მიღებული იქნა ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყანა შეთანხმდნენ “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის” განვითარებაზე. იგეგმება მარშრუტის დაკავშირება “ტრიპთან~, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს დააკავშირებს… ამ დოკუმენტის გაფორმების პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა. მან ვრცელი ინტერვიუ მისცა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიას, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ტრანსკასპიური დერეფნის პერსპექტივებსა და ამ მარშრუტში საქართველოს როლზე ისაუბრა. მისი თქმით “საქართველო გარშემო არსებული ყველა ქვეყნისთვის საიმედო პარტნიორია” და “ტრანსკასპიური დერეფნის გაძლიერების ერთგული რჩება”. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ვაშინგტონში გამართული შეხვედრა მიუთითებს, რომ დასავლეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორადაც აღარ განიხილავს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“საქართველოს საგარეო პოლიტიკა ისეთია, რომ, როგორც ჩანს, დასავლეთი აღარც სავაჭრო პარტნიორადაც განგვიხილავს და აღარც იმ ქვეყნად, რომელიც კავკასიაში ძირითადი იყო. წესით საქართველო სატრანზიტო დერეფანი უნდა გამხდარიყო, თუმცა ფაქტია, საერთაშორისო თანამშრომლობაში ფრთხილად იგნორირებას გვიკეთებენ. ჩვენ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სწორედ ამაზე მიანიშნებს ჩვენი არმიწვევა ვაშინგტონში“, – ამბობს ძაბირაძე. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, საქართველოს არმიწვევა ვაშინგტონში სრულიად ბუნებრივია, რადგანაც ეს იყო შეხვედრა შუა აზიის ქვეყნების ლიდერებთან. მისივე აზრით, ეს შეთანხმება და მოსალოდნელი ინვესტიციები საქართველოზე მხოლოდ დადებითად აისახება”, – განაგრძობს გამოცემა.
“საქართველოსთვის ეს იმას ნიშნავს, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მიერ შუა დერეფნის ფუნქციის შესრულება და ასევე იმას, რომ იმ ინვესტიციების ნაწილი, რასაც ამერიკა აპირებს განახორციელოს შუა აზიაში, ჩვენც შეგვეხება. გასაგებია, რომ როცა ასეთი ეკონონიკური ურთიერთობები ვითარდება აშშ-სა და შუა აზიის ქვეყნებს შორის და ამერიკა იქ უკვე სერიოზულად იკიდება ფეხს, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ იქიდან წამოსული ენერგომატარებლებისა და სხვა პროდუქტების შეუფერხებლად მიწოდება იქნება ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთზე გამავალი მარშრუტები დაკეტილია, საქართველო ერთ-ერთ მთავარ პუნქტად რჩება. ასე რომ, ვფიქრობ, თუ ეს აისახება ჩვენზე, მხოლოდ სასიკეთოდ. ეს იყო შეხვედრა შუა აზიის რესპუბლიკების წარმომადგენლებს შორის და რატომ უნდა მიეწვიათ იქ საქართველო?!” – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ე.წ. ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებით საქართველო კარგავს სატრანზიტო ფუნქციას, ხელისუფლება კი ცდილობს საწინააღმდეგო დაამტკიცოს. “კობახიძის განცხადება არის წინსწრები რეაქცია იმაზე, რომ იქნება საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის მიმართ კრიტიკა. “ქართული ოცნება” ძალიან ფრთხილობს, მისმა მომხრეებმა ეჭვი არ შეიტანონ, რომ სატრანზიტო დერეფნის გარეშე ვრჩებით… მართალია, ზანგეზური ჯერჯერობით ვერ შეძლებს იმას, რომ სრულყოფილად ჩაანაცვლოს საქართველო, როგორც სატრანსპორტო დერეფანი, მაგრამ თუ გამოჩნდა, რომ საქართველო მთლიანად მოექცა რუსული გავლენის ქვეშ, მაშინ რად უნდათ ახალი დერეფნის მშენებლობა – ს გავლითაც ხომ შეიძლება, როგორც იყო საბჭოთა კავშირის დროს… საქართველო არც განიხილებოდა სატრანზიტო დერეფნად. შესაბამისად, თუ ჩათვალეს, რომ ჩვენ მთლიანად რუსული გავლენების ქვეშ ვართ, ჩვენდამი ინტერესი ბოლომდე გაქრება“, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
დავით ზურაბიშვილი – “ივანიშვილმა როცა დასავლეთთან ასეთი თამაში წამოიწყო, არ ეგონა, თუ აქამდე შეტოპავდა…”
“ბიძინას აქვს ასეთი ტაქტიკა და ამას პირველად არ შვრება: მომაწექით? – მოგაწვებით! მისთვის ოპოზიციური სპექტრი, პროტესტანტები, ყველა, ვინც მას არ ეთანხმება, აგენტურაა. მისი გაგებით, დასავლეთი აქ ამ ხალხის მეშვეობით მოქმედებს, ამიტომ ეს პირდაპირი პასუხია ევროკავშირის რეზოლუციაზე და ეს არც პირველია და დიდი ეჭვი მაქვს, არც უკანასკნელი იქნება. ივანიშვილმა დაიჯერა, რომ დასავლეთი მის ჩამოგდებას აპირებს. თავიდან ფულის ამბავს მოჰყვა მისი ეს წარმოდგენები, ამის მერე ღრმავდებოდა, ღრმავდებოდა და დღეს სრულიად გამყარებული აქვს ეს რწმენა. ფიქრობს, რომ დასავლეთი უსამართლოდ ექცევა. ჩვენ გვგონია, აქ დიქტატურას ამყარებს, მისი შეხედულებით კი თავს იცავს – მას თავს ესხმიან, მასზე უმაგალითო წნეხია, სანქცირებას უპირებენ, იქ ვიღაც გარემოცვა დაუსანქცირეს, აკრიტიკებენ, მიუხედავად იმისა, რომ იმის ნახევარი დიქტატურაც არ არის აქ, რაც აზერბაიჯანშია”, – აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ერთ დღესაც გადავიქცევით პოლიტიკურ ორღობედ, რომელთანაც არავის არ უნდა ურთიერთობა”.
“არავინ ერჩის ალიევს, პირიქით, თანამშრომლობენ მასთან ეკონომიკურადაც, ყველანაირად, ამასთან კი არავის არ უნდა არაფერი და ამაზე გიჟდება. ფიქრობს, ე.ი. ჩემი ჩამოგდება გინდათ და ამიტომაც შეგებრძოლებითო. მის ამ განწყობას ცეცხლს უნთებენ , მდინარაძეები და პაპუაშვილები. ეს არის ბიძინას მესიჯი – მაღიარეთ ისეთი, როგორიც ვარ და მერე შეიძლება ვიფიქრო, რომ ვიღაცა გამოვუშვა ციხიდან ან შეიძლება რაღაც ვქნაო. ცხადია, სანამ ბიძინა ასეთ მდგომარეობაშია, ეს დიქტატურას და ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმისკენ სვლას ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის სისტემური, რაღაც წინასწარ ჩაფიქრებული ინსტიტუციური ჭანჭიკი, ივანიშვილი სპონტანურად მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, როცა დასავლეთთან ასეთი თამაში წამოიწყო, არ ეგონა, თუ აქამდე შეტოპავდა. თუმცა ფსიქოლოგიურად მზად იყო. რა თქმა უნდა, არ ჰქონდა წარმოდგენა, ეს ინსტიტუციურად როგორ უნდა გაფორმებულიყო, მაგრამ ამას თავისი ინსტიტუციური შედეგები მოაქვს. კერძოდ, ინგრევა სახელმწიფო ინსტიტუტები და ერთ დღესაც გადავიქცევით პოლიტიკურ ორღობედ, რომელთანაც არავის არ უნდა ურთიერთობა – არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს. რუსეთისთვისაც კი არ ვიქნებით მაინცდამაინც საინტერესო…” – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“რუსეთს სურს აქ საქონელი გამოატაროს ევროპიდან, რაღაცა შემოიტანოს, შავი ხვრელები იყოს და ა.შ. და თუ ევროპასთან ურთიერთობა არა გაქვს, ეკონომიკურად არავისთვის საინტერესო ქვეყანა არ ვიქნებით, არც ჩინეთისთვის, არც რუსეთისთვის და არც არავისთვის. მე რომ ვიყო, მაგალითად, ამერიკელი ან ფრანგი და დავინტერესდე საქართველოთი, ვხედავ, რომ ეს კაცი არ არის ის კაცი, რომელიც საჭიროა, მაგრამ დავუშვათ, გადავაგდეთ, მერე ვინ მოდის? არ არის გამოკვეთილი ალტერნატივა. ამიტომაც ოპოზიციისა და ამ წინააღმდეგობის მოძრაობის ადგილზე უპირველესად იმაზე ვიმუშავებდი, რომ როგორმე შემექმნა ალტერნატივა. დასავლეთისთვის და ქართველი ხალხისთვისაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ვინ მოვა! ხელისუფლებას პროპაგანდის დიდი საშუალება აქვს, რადგან ვიღაცებს `ნაცების~ დაბრუნების ეშინიათ, ამ შიშზე თამაშობს; ვიღაცას “მხედრიონის” დროის დაბრუნების, რომ ქაოსი და არეულობა იქნება და ა.შ. თუ ალტერნატივა გამოკვეთილია, მერე რამდენიც არ უნდა იძახოს, მიშა მოდის ან ომი იქნებაო, არავინ დაუჯერებს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ამ ხელისუფლებას რომ დავაკვირდი, ბიძინა ძალიან ფრთხილად უდგება იმას, რაც არ იცის, არ მიდის ჯიქურ და არ რისკავს. რაც უკვე იცის და მეტ-ნაკლებად გადახარშული აქვს, იქ ხისტად და შეიძლება სასტიკადაც კი მოქმედებს. მაგალითად, მიტინგის დარბევა უკვე იცის. არც ასი ათასი კაცის გამოსვლაა პრობლემა, რადგან ესეც უკვე ნახა. ამიტომ რაღაც ისეთი უნდა მოხდეს, რაც ჯერ არ იცის და, თუ ისეთი რამ ჩამოყალიბდება, რაც მისთვის იქნება სიახლე, ეს აიძულებს, რომ გაჩერდეს და დაიწყოს შესწავლა, მაგრამ ჯერ ასეთი არაფერია. ჯერჯერობით ოპოზიცია ბიძინასთვის ძალიან პროგნოზირებადად იქცევა. თან, ბიძინას თვალში, ეს მთელი ოპოზიციური მოძრაობა აგენტურაა. მართლაც ფიქრობს, რომ ყველანი მას ვეწინააღმდეგებით და დასავლეთიდან გვკარნახობენ, რა გავაკეთოთ. სხვათა შორის, ოპოზიციის დიდი ნაწილი იმავეს ფიქრობს ბიძინაზე, ოღონდ მას რუსეთიდან აძლევენ დირექტივებს – კრემლიდან დაურეკეს და უთხრეს, დაუმატე იმათ ”სროკი”, იმიტომ, რომ შენზე ასეთი რეზოლუცია მიიღესო, ეს, რა თქმა უნდა, სისულელეა. პიარად, სალაპარაკოდ აქვთ, რომ ბიძინა რუსეთიდან იმართება, მაგრამ თავიანთი ქცევებით ისეთ პრაქტიკას არ მიმართავენ, რომელიც ამ შეხედულების შესაბამისია…” – ამბობს ანალიტიკოსი.
“სააკაშვილი ისეთივე მოცემულობაა, როგორიც ა. მაგას ვერაფერი გამოასწორებს. მას სურს თვითონ მოექცეს სიტუაციის სათავეში და ვერ ხვდება, რომ აღარ არის 2003 წელი. ის ყოველთვის ეცდება, საკუთარი თავი წარმოაჩინოს, თვითონ იყოს სიტუაციის ლიდერი. ამიტომ იმდენად უნდა გაძლიერდნენ სხვები, რომ აღარ იყოს ეს ფაქტორი. სააკაშვილს ყოველთვის ეყოლება ფანატიკოსი მომხრეები. იმაზე კი არ უნდა იმუშაონ სხვა პოლიტიკოსებმა, რომ “ნაცმოძრაობა” მოტეხონ საიდანღაც. არა, უნდა იმუშაონ იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც მას მხარს უჭერენ. მაგალითად, “ნაცმოძრაობის” ბევრი ამომრჩეველია, განსაკუთრებით რეგიონებში, იმიტომ, რომ იქ სხვა ოპოზიცია არ არის. ამიტომ ხალხშია სამუშაო. ჩემი აზრით, შესაქმნელია რაღაც დიდ ერთობასავით, რომელიც არ იქნება რეგისტრირებული ფორმალურად, მით უმეტეს, მე არ ველოდები, რომ 2028 წლამდე იქნება. ბიძინა ამ ყველაფერს “ცეხავიკის” თვალით უყურებს, არჩევნები მისთვის ხარჯია. ისედაც ყველა ბერკეტი მის ხელშია. დიდი ამბავი, თუ კონსტიტუციაში რაღაც წერია. მაგისთვის კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია. ამიტომ არანაირი პრობლემა არა აქვს, რომ 2028 წლამდე არჩევნები ჩაატაროს, მით უმეტეს, რიგგარეშე. ეს 2028 წელიც ახლა ეჩვენება ზოგს შორეულად, მაგრამ მალე მოვა და თუ ისევ ბოიკოტზე დაიწყო ლაპარაკი, არაფერი გამოვა” – დაასკვნის დავით ზურაბიშვილი.
“ისეთი სიტუაციაა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ისეთი ძალა უნდა შეიქმნას, რომელიც თუ საჭირო იქნება, არჩევნებშიც გავა და ქუჩაშიც. 1980-იანი წლების ბოლოს სახალხო ფრონტებივით რომ იქმნებოდა დიდი გაერთიანებები, აი, ასეთი რამაა საჭირო, სადაც იქნებიან პარტიებიც, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც, ინდივიდუალური პირებიც. ცოტა ამორფული, მაგრამ ისეთი, რომელსაც ვერ მოიხელთებ, ვერ აკრძალავ. იმიტომ, რომ არ არის აუცილებელი დარეგისტრირდეს, ხალხში იქნება ცნობილი. მაგრამ არც ეს არის საკმარისი. ჩემი აზრით, უნდა იყოს ხუთი-ექვსი კაცი მაინც, რომლებზეც გვეცოდინება, რომ ისინი მოდიან ხელისუფლებაში, ჩრდილოვანი კაბინეტივით. თუ ასეთ რაღაცაზე შეთანხმება შედგა საზოგადოების რაღაც ნაწილში, მათ შორის ამ მოპროტესტე აქტივისტებსა და პოლიტიკური პარტიების რაღაც ნაწილში, დარწმუნებული ვარ, ასეთი ძალა გახდება დომინირებადი ოპოზიციურ ფლანგზე და მას მხარდაჭერა გაეზრდება. თუ ასეთი გამოკვეთილი ლიდერი არ არის, მაშინ უნდა ვიხელმძღვანელოთ ვოლტერის პრინციპით, რომელმაც თქვა, თუ ღმერთი არ არსებობს, უნდა გამოვიგონოთო – ანუ, თუ არ არის ლიდერი, ლიდერი უნდა შექმნა, ოღონდ, რა თქმა უნდა, გარკვეული თვისებები უნდა ჰქონდეს – ყველასგან ვერ “გააკეთებ”, – მიიჩნევს რესპონდენტი.
“უახლესი ისტორიიდან მე შემიძლია მინიმუმ ორი “გაკეთებული” ლიდერი დავასახელო. ერთი იყო ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც 2007 წლამდე იყო პოლიტიკაში, პარტიის ლიდერიც იყო, მაგრამ არასდროს ყოფილა ეროვნული მასშტაბის ლიდერი, თუმცა 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიამ აქცია ეროვნული მასშტაბის ლიდერად. სწორად დაიგეგმა მისი კამპანია და სააკაშვილს სერიოზული კონკურენციაც გაუწია. ასევე, სინთეზით და კონგლომერატით იყო შექმნილი ლიდერად ირაკლი ალასანია, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ჩინოვნიკი იყო და მეტი არაფერი. რომ არ ყოფილიყო ეს სინთეზი, პარტიების გაერთიანება და მუშაობა იმაზე, რომ ეს კაცი წარმოჩენილიყო ლიდერად, შეიძლება იმის ნახევარიც არ ყოფილიყო, რაც იყო… შეიძლება სოციოლოგიური კვლევებიც ჩაატარონ და მე განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევდი ისეთ ხალხს, რომელიც არ არის გამაღიზიანებელი “ოცნების” შედარებით “ლაითი” მომხრეებისთვის. ისეთი უნდა მოძებნო, რომ მათი ნაწილისთვის მაინც იყოს მისაღები და ამით ბიძინას ჩამოაცილო ელექტორალური საყრდენი. ასე თუ ისე, მას ეს ელექტორალური საყრდენი, გარდა იმისა, რომ ძალოვან სტრუქტურებს აკონტროლებს, მაინც აქვს. ეგ თუ გამოაცალე, დაიშლება ის ძალოვანი სტრუქტურებიც. თუმცა ჯერჯერობით ვერ ვხედავ ამის ნიშანწყალს”, – დასძენს ანალიტიკოსი.
“სურთ ფინანსურად გაანადგურონ და თან არჩევნებში მონაწილეობაც დაუფასონ…” – ხაზარაძე-ჯაფარიძის გირაო
“თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე “ლელო ძლიერი საქართველოს” ლიდერებს, სა და ბადრი ჯაფარიძეს, პროკურატურის შუამდგომლობით, თითო მილიონი ლარის გირაო შეუფარდა. დანარჩენი ოპოზოციონერები ჯერჯერობით ისევ ციხეში არიან. რა სავარაუდო პრინციპით იქნა გადაწყვეტილება მიღებული? ხაზარაძესა და ჯაფარიძეს გირაოს გადახდელად 30 დღე აქვთ. რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, მათი წინასასამართლო სხდომა მხოლოდ 25 დეკემბერს გაიმართება. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს – საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ხელისუფლებას სურს ისინი ფინანსურად გაანადგუროს და თან არჩევნებში მონაწილეობაც დაუფასოს…” – გირაო ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის.
“ამასთან, ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს ჩანაწერს, სადაც, მათი ინფორმაციით, ამ საქმის ფიგურანტების საუბარი ისმის. ამავე წყაროს მტკიცებით, ჩანაწერში ზურაბ ჯაფარიძე ირანული დრონების შესახებ საუბრობს. “უკრაინელებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და, ხშირ შემთხვევაში, უკრაინელების მხრიდან მომავალ რაღაც მორალურ წნეხს ვერ უძლებენ და ამის გამო რაღაცები გადის. თუმცა რაც თქვეს ჩვენთან, რაც აინტერესებდათ, იყო ირანული დრონების ამბავი. ეს ირანული დრონები ახლა ში იქცა სერიოზულ პრობლემად. მათთვის მნიშვნელოვანი იყო ეს ინფორმაცია, რომ შეიძლება, საქართველოზე გადაფრენით შევიდა ირანიდან რუსეთში დრონები. თვითონ ახსენეს ეს ამბავი, რომ ამაზე დამატებით ინფორმაციები თუ მოვიძიეთ, თუ დადასტურდა, ეგეთი რაღაც არისო, შეიძლება, საფუძველი გახდეს ევროკავშირის შიგნით კონსენსუსის, რომ სანქციები გამოვიყენოთო”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე ჩანაწერში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა ჩიტაძის აზრით, “ლელოს” ლიდერები ციხეს იმიტომ გადაურჩნენ, რომ “ლელომ” არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, ბოიკოტის მომხრეებს კი სჯიან”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ხელისუფლებას სურს ჯაფარიძე და ხაზარაძე ფინანსურად გაანადგუროს და სხვებისგან განსხვავებით, ასე ვთქვათ, არჩევნებში მონაწილეობა დაუფასოს. ანუ რადგან არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, მათ არ დააპატიმრებენ, თუმცა მილიონი ლარი მაინც უნდა მოითხოვონ. მათ კი, ვინც ბოიკოტი გამოაცხადა, სჯიან”, – განაცხადა ჩიტაძემ. ანალიტიკოს პეტრე მამრაძის შეფასებით კი, განსხვავება მხოლოდ დანაშაულებების რიცხვსა და სიმძიმეშია. “ხაზარაძე-ჯაფარიძის გარდა ვინც ციხეშია, ყველა არის სააკაშვილის რეჟიმის ფიგურები. მოგეხსენებათ, სააკაშვილის რეჟიმი ძალადობასა და ტყუილზე იყო დაფუძნებული და ეს ადამიანები ამაში იყვნენ გარეული. რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძეს, ისინი უბრალოდ პოლიტიკური თაღლითები არიან. მთელს საქართველოში სახელი ჰქონდათ გათქმული, როგორც ფინანსურ თაღლითებს და რასაკვირველია, დანაშაულებები ჩაიდინეს. თუმცაღა არსებობს გარკვეული სხვაობები. პროკურატურა მუშაობს – აგროვებს მასალებს, მტკიცებულებებს და როგორც ჩანს, მათ იმდენი არ აქვთ ჩადენილი, რაც დანარჩენ ოპოზიციონერებს”, განაცხადა პეტრე მამრაძემ, რომლის თქმით, “განსხვავება დანაშაულის რაოდენობასა და სიმძიმეშია”, – დასძენს გამოცემა.
“აფხაზეთში არ ყოფილა შემთხვევა ქართველის მკვლელობისთვის ვინმე დასჯილიყო”
ოკუპირებულ აფხაზეთში 2023 წლის ივლისში მოკლეს გალის მკვიდრი, 28 წლის ნათია ბახტაძე. ახალგაზრდა ქალის მკვლელობა რამდენიმე დღეში აღიარა 26 წლის ოჩამჩირელმა აინარ წვიჟბამ და მხოლოდ ორი წლისა და ორი თვის შემდეგ გადაწყვიტა დე ფაქტო გენპროკურატურამ წვიჟბას წინააღმდეგ სს საქმე განსახილველად გაეგზავნა ე.წ. გალის რაიონულ სასამართლოში. როდის დაიწყება სასამართლო განხილვა, უცნობია, თუმცა აფხაზეთში არც ერთ ქართველს არა აქვს მოლოდინი, რომ დამნაშავე დაისჯება, რადგან წვიჟბა გავლენიანი და შეძლებული აფხაზური ოჯახის წევრია, ხოლო ქართველების სიცოცხლეს, გალელების თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩალის ფასი აქვს. ნათია ბახტაძის მკვლელობის საქმე დე ფაქტო გენპროკურატურამ ოქტომბერში გაიხსენა. განცხადებაში მითითებულია, რომ ბრალდებულის მიმართ ადრე განიხილებოდა “სავალდებულო სამედიცინო ზომების” გამოყენების შესაძლებლობა, თუმცა “პროკურატურა” ახლა თვლის, რომ “მისი ფსიქიკური მდგომარეობა ნორმალურია და მას შეუძლია გამოძიებისა და სასამართლო პროცესის წინაშე წარდგეს”, – წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “აფხაზეთში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქართველის მკვლელობისთვის ვინმე დასჯილიყო”.
“ადრე სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამნაშავის გავლენიანმა ნათესავებმა წვიჟბას გაუგზავნეს ყალბი სამედიცინო ცნობა, თითქოს ის ფსიქიკურად აშლილი იყო, რათა სასამართლოსთვის აერიდებინათ. ამ წლების განმავლობაში ნათია ბახტაძის დედა მუდმივად ითხოვდა დამნაშავის დასჯას – რამდენჯერმე წერილიც მისწერა დე ფაქტო პრეზიდენტს, დე ფაქტო -სა და აფხაზ ომბუდსმენს. ნათია ბახტაძე გალის საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა. ის 2023 წლის 28 ივლისს გაუჩინარდა. მისი გაუჩინარების შესახებ 31 ივლისს დედამ, იამზე აგუმავამ, სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც დე ფაქტო ხელისუფლებას მიმართავდა, ერთადერთი შვილის მოძებნაში დახმარებოდა. 2 აგვისტოს დააკავეს ეჭვმიტანილი 26 წლის აინარ წვიჟბა. მან აღიარა, რომ გოგონა მოკლა 28 ივლისს “ლექსუსის” მარკის ავტომობილის სალონში, შემდეგ კი ცხედარი გადააგდო მდინარე ენგურზე მდებარე ვარდნილჰესი-3-ის ტერიტორიაზე და გამოძიებას დანაშაულის ადგილიც აჩვენა. აფხაზი მაშველები ცხედარს რამდენიმე დღე ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ… ითქვა, რომ წვიჟბამ ნათია ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. ნათია მოსწონდა, მაგრამ უარის მიღების შემდეგ მუდმივად ემუქრებოდა. წვიჟბას მამა წლების განმავლობაში გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო, ოჯახს რამდენიმე ბიზნესიც ჰქონდა, ბიძამისი კი “დეპუტატი” იყო. დე ფაქტო პროკურატურამ სს საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა, რაც 6-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მაგრამ წვიჟბა დღესაც არ არის დაკავებული”, – აღნიშნავს გამოცემა.
“2023 წელს აფხაზებმა სამი ქართველი მოკლეს. ერთ-ერთი იყო ჩემი მეზობელი, ჯემო მარღანია, რომელიც აპრილში, გაგრაში მოკლეს. ჯემო გაგრაში ტაქსაობდა. ერთმა ნაცნობმა აფხაზმა სთხოვა, ალახაძში უნდა მიხვიდე, რაღაცას გამოგატანენო. მისცა მისამართი და გაგზავნა ისე, რომ ჯემომ არც იცოდა, ვისთან მიდიოდა და რა უნდა წამოეღო. როგორც გაირკვა, ორ აფხაზს შორის ფულზე დავა იყო, ჯემო კი შუაში აღმოჩნდა. ჯემოს ნაცნობს მანქანა გაუყიდია და 200.000 რუბლი (დაახლოებით 6.700 ლარი) უნდა გადაეხადა მყიდველს, რომელიც ჯერ უარს ამბობდა ვალის გადახდაზე, დიდი ჩარევების შემდეგ კი უთქვამს, რომ დათქმულ დღეს ფულს ძველი მეფრინველეობის ფაბრიკასთან მიიტანდა. ჯემოს ნაცნობს შეშინებია წასვლა და ჯემო გაუშვია, ოღონდ არ უთქვამს, რომ ფული უნდა წამოეღო. როგორც კი ჯემო მანქანიდან გადავიდა, ავტომატით ჩაცხრილეს – 14 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ცხედარი მეფრინველეობის მიტოვებულ ფაბრიკასთან, სამშენებლო ნაგავსაყრელზე იპოვეს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გალის რაიონის სოფელი წარჩეს მცხოვრები გიორგი.
“დააკავეს დავით ახიბა, რომელიც განთიადში (წანდრიფში) რუსეთთან საზღვარზე ოფიცრად მუშაობდა. ახიბა დანაშაულს არ აღიარებს. ჯემოს ოჯახის თქმით, ახიბა არ არის მკვლელი, მკვლელია ვიღაც სმირი, გავლენიანი ოჯახის წევრი. სასამართლოში დაკავებულის მამაც ამტკიცებდა, რომ ავტომატი, რომელიც საქმის მასალებში ფიგურირებს, მისია, ომისდროინდელი, წლებია არავის გაუსვრია და უბრალოდ სახლში ჰქონდა შენახული. ამ საქმეზე 2025 წლის ივლისში, მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ, ახიბას 14 წელი მიუსაჯეს განზრახ დამამძიმებელი გარემოებებით ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, მაგრამ აფხაზეთში არავის სჯერა, რომ ის 14 წელს ციხეში გაატარებს – ერთი-ორი წლის შემდეგ აუცილებლად გამოუშვებენ. აფხაზეთში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქართველის მკვლელობისთვის ვინმეს სასჯელი მოეხადოს. პატარაა, ყველა აფხაზს ჰყავს გავლენიანი ნათესავი რომელიმე მმართველ რგოლში და არავინ ისჯება”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“მეორე მკვლელობა იყო ზაფხულში – ნათია ბახტაძის, მესამე კი დეკემბერში. აფხაზმა მილიციონერებმა ცემით მოკლეს თემურ კარბაია. ეს გახმაურებული მკვლელობა იყო, მაგრამ იმ ორ მილიციონერს მხოლოდ 50.000 რუბლის ჯარიმა გადაახდევინეს და გაუშვეს. თემური მეზობლის სახლიდან მოდიოდა, ცოტა ნასვამი იყო და აფხაზ მილიციონერებს გადაეყარა. ისინი ხშირად ატარებენ რეიდებს ქართულ სოფლებში. რეალურად ფულის გამოძალვის მიზნით შემოდიან… ჩანს, აფხაზებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, თემურმაც უპასუხა. სცემეს, განყოფილებაში წაიყვანეს და იქაც სცემეს. შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ გარდაიცვალა… მხოლოდ მკვლელობები ხდება ცნობილი, თორემ ქართველების შევიწროება და დაუნდობლად ცემა აფხაზეთში ჩვეულებრივი მოვლენაა. ქართველმა ქართულად რომ იმღეროს ან ხმამაღლა ჩართოს ქართული სიმღერა, აფხაზები ჩხუბს იწყებენ. ზოგჯერ ქართულად ლაპარაკზეც კი შეიძლება აგიშარდნენ. გასულ წელს სომეხმა გოგომ ქართულად იცეკვა და ჯერ ე.წ. უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, შემდეგ ვიდეოებში ბოდიში მოახდევინეს მასაც, მის მშობლებსა და ბებია-ბაბუასაც კი. თუ ვინმე ქართველი არ მოეწონებათ, აპრობირებული მეთოდი აქვთ იარაღს უდებენ სახლში და იარაღის შენახვის ბრალდებით იჭერენ”, – დასძენს წარჩეს მცხოვრები გიორგი.
“როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველების უფლებების დარღვევაზეა საუბარი, პრაქტიკულად დე ფაქტო კანონი არ მოქმედებს. ეს გამორიცხულია, თუნდაც ადამიანის უფლებების ყველაზე სერიოზულ დარღვევებზე იყოს საუბარი. აფხაზეთში ქართველი, ფაქტობრივად, უუფლებო მოქალაქეა. ნათია ბახტაძის საქმეც ამის ნათელი მაგალითია. მკვლელობა ორი წლის წინ მოხდა, დამნაშავე წვიჟბამ აღიარა დანაშაული, თუმცა დღემდე გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი. ეს აჩვენებს, რომ დე ფაქტო სტრუქტურებს სამართლის აღსრულება არ აინტერესებთ. დამნაშავის გასათავისუფლებლადაც მოიძებნა საბაბი, თითქოს ის ფსიქიკურად შეურაცხადი იყო და ამიტომ არ უნდა ეგო პასუხი. ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მკვლელობა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. მაშინ, როცა მდინარე ენგურში ბახტაძის ცხედარს ეძებდნენ, სხვა დანაშაულებიც გამოავლინეს, იპოვეს ორი ადამიანის ნეშტი, რომელთა შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. ბახტაძის მკვლელობა რეზონანსული გახდა ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ოჯახმა ყველა ინსტანციას მიმართა: დე ფაქტო პრეზიდენტს, დე ფაქტო -ს, აფხაზ ომბუდსმენს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის”დირექტორი უჩა ნანუაშვილი.
“როდესაც საქმე ქართველების მდგომარეობას ეხება, არ მახსენდება შემთხვევა, რომ დამნაშავე დასჯილიყო. პირიქით, ყოველთვის გამონახავენ გზას, რომ პასუხი არავინ აგოს. ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო ამძიმებს გალში ქართველების ყოფას. ეს ეხება არა მხოლოდ მძიმე შემთხვევებს, როგორიცაა მკვლელობა, არამედ სხვა სახის დარღვევებსაც. იქ დაუსჯელობის სინდრომია, რომელიც მხოლოდ ქართველების მიმართ მოქმედებს. მსგავსი იყო თემურ კარბაიას შემთხვევაც. მას მილიციელები სასტიკად გაუსწორდნენ და ის კლინიკაში გარდაიცვალა. ძალიან მძიმე დაზიანებები ჰქონდა: მოტეხილობა, დაჟეჟილობა, დამნაშავეებს მხოლოდ ჯარიმა გადაახდევინეს. მსგავსი პრაქტიკა გვახსოვს გიგა ოთხოზორიას შემთხვევაშიც, როდესაც 2016 წელს აფხაზმა “მებაჟემ” დაშიდ კანჯი-ოღლიმ ის გამშვებ პუნქტზე ჩაცხრილა. მაშინაც ფორმალურად აღიძრა საქმე და მკვლელს მხოლოდ დროებითი შიდაპატიმრობა მიუსაჯეს. ეს, პირიქით, უფრო წახალისება იყო დამნაშავისთვის”, – განაგრძობს “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის”დირექტორი.
“ზოგჯერ გამოძიება ფორმალურია, ზოგჯერ კი არც იძიებენ – ასეთი იყო 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას საქმე. კვარაცხელია 2019 წელს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, როდესაც გალიდან აქეთ გადმოსვლას ცდილობდა. ის რუსულ სამხედრო ბაზაში გადაიყვანეს. აფხაზების ე.წ. ოფიციალური ვერსიით, მან დაკითხვის ოთახში თავი ჩამოიხრჩო. აშკარა იყო, რომ ის მოკლეს. ხმაურის საგანი მხოლოდ ის დანაშაულებია, რომლებიც სიკვდილით მთავრდება, თუმცა ბევრ სხვა დარღვევაზე არაფერი გვესმის. ეს აისბერგის პრინციპია – 1-2 მძიმე შემთხვევა ჩანს, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ რეალური სურათისა, რაც აფხაზეთშია. ხშირია ცემა, დაშინება, მაგრამ ასეთი შემთხვევების შესახებ არაფერი ვიცით. დაზარალებულთა ოჯახები ხშირად ცდილობენ ჩუმად მოაგვარონ საქმე, არაფორმალური კავშირებით, რადგან ეშინიათ, ხმაურმა მათი მდგომარეობა უფრო არ გააუარესოს”, – დასძენს ნანუაშვილი და შეკითხვაზე – “რამდენი ქართველია დღეს აფხაზურ ციხეში? 2024 წელს დააკავეს სამი ქართველი, რემიკო და მურთაზ ჭინათავები და არჩილ საკანია ”უკანონო მიგრაციის ორგანიზების ბრალდებით” და არ ვიცით, მიუსაჯეს რამე თუ გაათავისუფლე…” – პასუხობს:
“როგორც ვიცი, სამივე ისევ პატიმარია. ჩვენი მონაცემებით, ციხეში 4-5 ქართველია. ზუსტ რაოდენობაზე ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. რამდენიმე თვის წინ მივმართეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მათ მოგვწერეს, რომ დაკავებულია ორი პირი. ქართული მხარე დაკავებულებად მხოლოდ იმ პირებს მიიჩნევს, ვისაც საქართველოს პასპორტი აქვს და ქვეყნის ცენტრალური მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს. გალში მცხოვრები ქართველები, რომლებიც შესაძლოა ასევე დაკავებულები იყვნენ, ამ მონაცემებში არ ფიგურირებენ. ირაკლი ბებუა და ასმათ თავაძე გაათავისუფლეს, თუმცა ახლა `ჯაშუშობის ბრალდებით~ დაკავებულია შალვა ხიზანიშვილი, რუსულის მასწავლებელი. ამჟამად ვაზუსტებთ დაკავებულთა სრულ სიას როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალში და დაზუსტების შემდეგ გვინდა გავავრცელოთ”.