“ღალატი” და “ხაფანგი” ათონელის რეზიდენციასთან – “პაატა ელოდებოდა, რომ სასახლესთან სპეცრაზმი მათ მხარეს გადმოვიდოდა”
“ოცნება” “რევოლუციას” დასრულებულად აცხადებს და დაპატიმრებების სერიის გაგრძელებას აანონსებს
4 ოქტომბერი და საქართველო-დასავლეთის ურთიერთობა – რა შეიცვლება, როცა “განცხადებების კასკადი” ჩაივლის
* * *
“ღალატი” და “ხაფანგი” ათონელის რეზიდენციასთან – “პაატა ელოდებოდა, რომ სასახლესთან სპეცრაზმი მათ მხარეს გადმოვიდოდა”
“4 ოქტომბრის აქციის კულმინაციური მომენტის – პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმის დროს – აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი მათ მხარეს აპირებდა გადასვლას. მანამდე ხელისუფლების ოპონენტები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის სასახლესთან მომხდარი მოვლენები მათთვის დაგებული მახე იყო. როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აქციის შემდგომ დღეებში განაცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ აქციის ორგანიზატორები თბილისის საკრებულოს შენობის დაკავებას აპირებდნენ, თუმცა შემდეგ გეგმა შეცვალეს და ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა ამოიღეს მიზანში. კობახიძის თქმით, ხელისუფლებამ ამის შესახებაც შეიტყო და ათონელის სასახლეში აქციის მონაწილეებს “სიურპრიზი” მოუწყვეს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით კი, პრეზიდენტის სასახლის დაკავების შემთხვევაში აქციის ორგანიზატორებს იქ მე-5 პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილის შეყვანა სურდათ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ღალატი” და “ხაფანგი” ათონელის რეზიდენციასთან – “პაატა ელოდებოდა, რომ სასახლესთან სპეცრაზმი მათ მხარეს გადმოვიდოდა”.
“აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი პირადად იმყოფებოდა 4 ოქტომბრის აქციაზე, თუმცა მან თავიდანვე დაგმო ათონელის რეზიდენციის შტურმი და ეს პირადად მის წინააღმდეგ დაგებულ მახედ შეაფასა. “რაც მოხდა, იყო ის, რომ რუსული სპეცოპერაცია ჩავარდა. უკვე ყველამ გაიგო, რომ ეს იყო ნამდვილი რუსული სპეცოპერაცია, ფსიქოლოგიური სპეცოპერაციაა, რომელიც ეფუძნებოდა ბევრ სხვადასხვა კომპონენტს, იმ რაღაც უიმედობას, რომელიც შეიძლება დაგროვდა. დაღლილობაც არის ამ პროტესტში, ყველაფერი, რაც ძალიან ბუნებრივია და ამაზე ითამაშეს, ამაზე მოაწყვეს ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იყო პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა. მეც მეხებოდა ეს ხაფანგი, რამეთუ პირდაპირ ურტყამს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, რომელიც არის ის, რაც რეალურად გვრჩება და რაც არის ხალხის თვალში ნამდვილი ლეგიტიმაცია”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა. პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ კი მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აქციის ორგანიზატორები პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმის დროს სპეცრაზმის მათ მხარეზე გადასვლას ელოდებოდნენ”, – აღნიშNავს გამოცემა.
“პაატა საჯაროდაც ამბობდა, რომ მაღალჩინოსნები და რობოკოპები გამოდიან კონტაქტზე ორგანიზატორებთან და უნდათ ხალხის მხარეს გადმოსვლა, რადგან ყველაფრით არიან დაღლილებიო. “პაატა დარწმუნებული იყო, რომ გდდ-ის თანამშრომლები გადავიდოდნენ ხალხის მხარეს. ეს არ მოხდა და მოხდა უარესი რაღაც – ღობე, რომელიც ორ ბეტონის ბოძს შორის არის ჩამაგრებული რკინით, ხუთმა თუ ათმა ახალგაზრდამ მოაძრო ერთ წამში. ფაქტია, რომ ხალხის მასა არ იყო აგრესიულად განწყობილი, ვინაიდან სასწაული მოხდა და ეს ღობე ჩამოინგრა, რამდენიმე ადამიანის მეშვეობით, მაგრამ თითქმის არც ერთი ადამიანი არ შევიდა შიგნით, არც პოლიციელებს თუ დაცვის თანამშრომლებს არ გაუწიეს წინააღმდეგობა. პაატა ერთი წამითაც არ უშვებდა, რომ ძალადობა იქნებოდა აქციაზე”, – განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ. პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ აქციის ორგანიზატორებს ხაფანგი მართლაც დაუგო. პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე კი ფიქრობს, რომ ოპოზიციამ მახე საკუთარ თავს თავად დაუგო”, – განაგრძობს გამოცემა.
“შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო ხაფანგი. განცხადებებს, რომლებსაც თვეების განმავლობაში აკეთებდნენ აქციის ორგანიზატორები, აშკარა და პირდაპირი იყო, რაც გაუთვლელი ნაბიჯი აღმოჩნდა და გამორიცხული არ არის, სახელმწიფო ჩარეული ყოფილიყო, რადგან მათ შესახებ ხელისუფლებამ ყველაფერი იცოდა. სახელმწიფომ იცოდა, რომ ისინი ამისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ აცადეს. ამას იმიტომ ვიძახი, რომ აქციის ორგანიზატორები თვეების განმავლობაში დამხობაზე ლაპარაკობდნენ, თუმცა ხელისუფლებამ ფაქტის წინაშე დააყენა. რაც შეიძლება მეტი ფაქტი მოაგროვეს, რათა საზოგადოება დაერწმუნებინათ. თორე ისედაც შეეძლოთ დაეშალათ ისინი. ბურჭულაძის შვილი რომ ამბობს, პაატას ეგონა სპეცრაზმი მათ მხარეს გადმოვიდოდაო, ამის დასადასტურებლად რა მოჰყავს? ხელისუფლებამ ეს ხალხი წინასწარ შეიყვანა და ვინ ფიქრობს, რომ ისინი ისეთ სამართალდამცავებს შეარჩევდნენ, რომლებიც მათ მხარეს გადავიდოდნენ? ეს ძალიან არასერიოზულად მიმაჩნია. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ ბურჭულაძის გეგმას მხარი დაუჭირა, რომელიც ხაფანგი იყო”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.
“ეს მახე თავის თავებს დაუდეს. წლებია პროცესებს თვალს ვადევნებ და მინდა გითხრათ, რომ ეს პირველი არ არის. ეს ჩვენი ფენომენია – როცა თავი პოლიტიკურ ლიდერებად მიაჩნიათ, თავიანთ გარემომოცვასთან აქვთ კონტაქტები, ეს ჰგონიათ მთელი ხალხი და ფიქრობენ, რომ ბევრი ხალხი გავა. თუ ვინმემ ვინმეს მახე დაუგო, მხოლოდ მათ საკუთარ თავებს – აი, ამ ყალბი მრწამსით. არ მინდა სახელი და გვარების დასახელება, მაგრამ მე მომისმენია ზოგიერთებისგან, რომ არჩევნებში 80-90% აიღებდნენ, თუმცა 3%-ც ძლივს აუღიათ… შუქრი ბურჭულაძის განცხადება სავსებით დამაჯერებელია. იმ გარემოცვაში არიან, რომლებმაც, სავარაუდოდ, თქვეს, რომ “ახლობელი მუშაობს სპეცრაზმში” და აიმედებდნენ – “ბიჭები ამას გააკეთებენ”. პაატას ამის ნამდვილად სჯეროდა”, – ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
“ოცნება” “რევოლუციას” დასრულებულად აცხადებს და დაპატიმრებების სერიის გაგრძელებას აანონსებს
“4 ოქტომბრის წარუმატებელი “მშვიდობიანი რევოლუციის შემდეგ”, მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების დამხობის პროექტი დასრულებულია. მმართველ გუნდში მიანიშნებენ, რომ მსგავს პროცესებს ან რაიმე მასშტაბურ ქუჩის გამოსვლებს ახლო მომავალში აღარ ელიან და ამავე დროს აანონსებენ, რომ ყველამ, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, შესაბამის სასჯელს მიიღებს. 4 ოქტომბერის მოვლენებთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ ჯამში 23 ადამიანი დააკავა. მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას გეგმები ჩაუვარდა, ხოლო რევოლუცია დასრულებულია. “პროექტი, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების დამხობას, არის დასრულებული. რაც მთავარია, ახლა ყველამ უნდა მიიღოს ამის შედეგები. იმის სითამამე თუკი ჰქონდათ, რომ წასულიყვნენ სახელმწიფოს და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ახლა იმის სითამამეც უნდა ეყოთ, რომ მიიღონ სასჯელი, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ წამსვლელებს შემდეგ მოსდევს”, – თქვა პაპუაშვილმა, რომლის თქმით, “ამ ზრდასრული ადამიანების მხრიდან ნიანგის ცრემლებს ვხედავდით”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” “რევოლუციას” დასრულებულად აცხადებს და დაპატიმრებების სერიის გაგრძელებას აანონსებს.
“ასეთია აგენტის ბედი – მისცემენ დავალებას, გაათამამებენ, აფიქრებინებენ, რომ ყველაფერი წავა პრობლემების გარეშე. შემდეგ ჩავარდება, ამ აგენტსაც ჩასვამენ ციხეში, როგორც მიხეილ სააკაშვილის ზის და კაციშვილი მაგის გამომშვები ვერ არის გარედან. ხედავს თვითონაც, ასე ჩატოვებენ ციხეში და იქნება საკუთარი სასჯელის მოსახდელად”, – განაცხადა პაპუაშვილმა. მასობრივ დაპატიმრებებს აანონსებს პრემიერი ირაკლი კობახიძეც. მისი თქმით, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში მოძალადეების მხოლოდ 3%-ის იდენტიფიცირება მოხერხდა, ახლა ბევრად მაღალია მაჩვენებელი და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. “ბევრად მეტი მოძალადის იდენტიფიცირება არის განხორციელებული, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს მნიშვნელოვანია პრევენციისთვის. არიან უსინდისო მოძალადეები, რომელთა ადგილიც არის იქ, სადაც უნდა იყოს, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ბოლომდე მივიყვანთ გამოძიებას”, – აღნიშნა კობახიძემ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ პროტესტი არსად გამქრალა და ეს პროცესი ასე მარტივად არ დასრულდება. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა მცირე მასშტაბიანი პროტესტები”, – აღნიშნავს გამოცემა.
“აქ მნიშვნელოვანი ის კი არაა, აქციის ორგანიზატორებმა რა შეცდომა დაუშვეს და როგორ, არამედ ის, რომ ოპოზიციური მუხტი და განწყობა ხელისუფლების მიმართ არსად გამქრალა. ამას შედეგს ვუწოდებდი მაშინ, თუ 4 ოქტომბრის ჩავარდნის შედეგად მოხდებოდა განმუხტვა და საზოგადოებაში იქნებოდა სიმშვიდე. აქ სხვა რამ მოხდა: ჯერ ერთი – რუსთაველზე ისევ მიმდინარეობს პროტესტი; მერეც – ეს ხალხი, ვინც აქციებში მონაწილეობდა, არსად არც აორთქლებულა და არც გამქრალა. ასე რომ, ბრძოლა გრძელდება. თუ ვინმეს ჰგონია ხელისუფლებიდან, რომ ეს ასე მარტივად და სწრაფად დასრულდება, ძალიან ცდება. შესაძლებელია უფრო მძიმე შედეგებიც კი მივიღოთ, ვიდრე, დავუშვათ, თუნდაც სახელმწიფოს გადატრიალება… პოლიტიკურმა ოპოზიციამ უნდა გადახედოს და შეაფასოს ეს 4 ოქტომბერი და ახალი სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეიმუშავოს. ამის მიხედვით უნდა მოხდეს დიდი აქციების შეკრებაც, დაშლაც და ყველაფერი, სხვაგვარად, ისე ინერციით, როგორც აქამდე მოვდიოდით, ეს პროტესტი იქნება, მაგრამ მისი მართვა ოპოზიციას და სხვათა შორის ხელისუფლებასაც ძალიან გაუჭირდება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“რასაკვირველია, მცირე მასშტაბიანი პროტესტები ჯერ არ დასრულებულა. უფრო გაიზარდა საზოგადოებაში უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან პატარა ჯგუფი პროტესტის გამომხატველებისა კვლავ აგრძელებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას და მძღოლებთან დაპირისპირებას. ამავე დროს, მმართველი პარტიიდან გაისმა საჯარო მოწოდებები: როდემდე არ უნდა სრულდებოდეს კანონი პროტესტის გამოხატვასთან დაკავშირებით, როდესაც მცირე ჯგუფი თავისუფლად ეტევა ტროტუარზე, მაგრამ მაინც კეტავს გზის სავალ ნაწილს. ვფიქრობ, რომ ამ მოწოდებებს, განსაკუთრებით საზოგადოებიდან, გაითვალისწინებენ სამართალდამცავები და ის ქაოსი, რომელიც რამდენიმე საათით ხდება რუსთაველის გამზირზე, დასრულდება ერთხელ და სამუდამოდ. რაც შეეხება გადატრიალებაში მონაწილეებს და ორგანიზატორებს, როგორც ხედავთ, მათი დაკავებები გრძელდება. სია ჯერ არ დასრულებულა. როცა ნახავენ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ დამხობით ორკესტრირებულად გამოსვლა დასჯადია მრავალწლიანი პატიმრობით, მაშინ აღარავის გაუჩნდება ე.წ. მადა, რომ მოაწყოს მომდევნო ე.წ. მშვიდობიანი გადატრიალება”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“კითხვაზე, სადამდე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება, ან რამდენად მასშტაბური შესაძლოა გახდეს მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული დაჭერები, ვახტანგ ძაბირაძე გვპასუხობს, რომ ეს მასშტაბურ სახეს არ მიიღებს. “ოცნებამ” საკმაოდ დაიჭირა ხალხი, მაგრამ არ მგონია, როგორც იტყვიან, ძალიან გაუტიონ, რადგან ბევრი ხალხის დაჭერა თვითონ “ოცნებასაც” არ აწყობს. ხალხის რეპრესირება და დაჭერა ნიშნავს, რომ უარყოფითი მუხტი უფრო გაიზრდება და სახიფათო გახდება. “ოცნება” საკმაოდ ჭკვიანურად მოქმედებს და ამ შემთხვევაშიც არ მგონია, რომ ძალიან მასშტაბური და მასობრივი იყოს ასეთი დაპატიმრებები. თუმცა შეეცდებიან პრეზიდენტის სასახლესთან ბარიკადების მომწყობილები და ა.შ მაქსიმალურად დააპატიმრონ”, – ამბობს ძაბირაძე. გია აბაშიძე კი ამ მხრივ წინასწარი პროგნოზებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ამას პროცესი გვაჩვენებს: “საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, როცა მიმდინარეობს ინტენსიური დაკითხვები, ოპერატიულ მასალებზე უფრო ფართო წვდომა და ანალიზი, მათ შორის ვიზუალური მასალების, ვერავინ იტყვის, კიდევ რამდენ ეჭვმიტანილს დააკავებენ, როდის და როგორ მოხდება ეს. ამაზე მუშაობს გამოძიება”, – თვლის აბაშიძე, რომლის აზრით, “წინასწარ საუბარი იმაზე, თუ რამდენად გაიზრდება დაკავებულთა სია, საკმაოდ რთულია”, – დასძენს გამოცემა.
4 ოქტომბერი და საქართველო-დასავლეთის ურთიერთობა – რა შეიცვლება, როცა “განცხადებების კასკადი” ჩაივლის
“ხელისუფლება უახლოეს პერსპექტივაში ქვეყანაში დიდ და მძლავრ პროტესტს აღარ ელოდება, მათი შეფასებით, 4 ოქტომბერს დასრულდა “დამხობისა და რევოლუციის იდეა”. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დასავლეთშიც ყველა ხედავს, რომ ოპოზიციური სპექტრი ამ მომენტში ხელისუფლების შემცვლელი ვეღარაა, თუმცა, არც იმას ელოდებიან, რომ უახლოეს პერსპექტივაში “ოცნების” მიმართ მათი ტონი შერბილდება. საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობას 8 ოქტომბრის ბრიფინგზე პრემიერი ირაკლი კობახიძეც შეეხო: “უკვე მეოთხე დღეა, რაც განხორციელდა ძალადობრივი შტურმი… თუმცა, ამ დღეების განმავლობაში, არც ერთ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს, რომელსაც საქართველოში განვითარებული შიდაპოლიტიკური მოვლენების მყისიერ შეფასებაზე, ქვეყნის გაკრიტიკებასა და მისთვის მითითებების მიცემაზე აქვს პრეტენზია, მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირს და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს, არ გაუკეთებია განცხადება, რომლითაც დაგმობდა და გაემიჯნებოდა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას…” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ ჯერ ევროკავშირის ტონის შერბილების არაფერი ჩანს, აშშ კი დუმს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 4 ოქტომბერი და საქართველო-დასავლეთის ურთიერთობა – რა შეიცვლება, როცა “განცხადებების კასკადი” ჩაივლის.
“ჯერჯერობით ტონის შერბილების რა მოგახსენოთ, ევროკავშირიდან წამოსულ განცხადებებში მსგავსი არაფერი იკითხება. ნიშანდობლივია, რომ არ მოგვისმენია განცხადებები აშშ-დან. ადგილობრივი არჩევნები ბაიდენის ადმინისტრაციის დროს რომ ჩატარებულიყო, აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი კბილს აუცილებლად გაკრავდა და დაახლოებით იგივეს იტყოდა, რასაც ევროკომისიის ხელმძღვანელობა. სახდეპი ამ ამბავს საერთოდ არ ეხმაურება და ესეც ნიშანდობლივია. გაჩუმებით არ გაჩუმდებიან, მაგრამ რომ ილაპარაკო, რაღაც სერიოზული ხელჩასაჭიდი უნდა გქონდეს. ბაიდენის ადმინისტრაცია კრიტიკულ განცხადებებს ხშირად უსაფუძვლოდ აკეთებდა. აღმოჩნდებოდა, რომ რეალურ ინფორმაციას არ ეყრდნობოდა და ახლა, როგორც ჩანს, მარკო რუბიოს უწყებას უფრო მოზომილი ურთიერთობა აქვს საქართველოსთან, არც მწვადს წვავს და არც შამფურს. არც გაუმჯობესებისკენ მიდის საქმე, მაგრამ არც ისეთი დამოკიდებულებაა, როგორც წინა ადმინისტრაციის დროს იყო”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“არჩევნებიდან 4 დღე გავიდა და თუ აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტს რაიმე მოტივაცია, ან ხელჩასაჭიდი საფუძველი ექნებოდა, ვფიქრობ განცხადებას გააკეთებდა. რადგანაც არ გააკეთეს, შესაძლოა ვერბალურად არ აღიარონ, მაგრამ ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ამ არჩევნების შედეგებს შეურიგდნენ. ახლა “ოცნება” შეეცდება დასავლეთს აუხსნას, სიგნალი გაუგზავნოს, რომ ხელისუფლების ყველა რგოლი უკვე ჩემს ხელშია, სიტუაციას ვაკონტროლებ და მე ვარ აქ სტაბილურობის გარანტი. მათაც საქართველოში სტაბილურობა სჭირდებათ, ეს მთელ რიგ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ პროექტებს უკავშირდება. ამიტომ ევროკავშირს აქ არეულობა არ უნდა აწყობდეს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების გამოცვლა ძალიან სურთ. როცა ეს ვნებათაღელვა და 4 ოქტომბრის განცხადებების კასკადი ჩაივლის, დადგება ცივი გონებით განსჯის დრო. მგონია, რომ ევროკავშირს ეყოფა საღი აზრი. შესაძლოა საქართველოსთან ისეთი ურთიერთობები არ დაამყაროს, როგორიც მოლდოვასთან აქვთ, მაგრამ იქნება ურთიერთინტერესების მინიმალურ დონეზე გათვალისწინება – მათაც რომ გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები და “ოცნებამაც” გაითვალისწინოს მათი ისე, რომ საკუთარი პოლიტიკური მდგომარეობა და პოზიცია არ დაიზიანოს”, – ამტკიცებს ანჯაფარიძე.
“შეიცვლის თუ არა “ოცნება” დამოკიდებულებას დასავლეთის მიმართ და რა ხარისხით შეიცვლის, ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხარისხით შეიცვლის თავად დასავლეთი დამოკიდებულებას “ქართული ოცნებისა” და საქართველოს მიმართ. რაღაც კომპრომისებზე უნდა წამოვიდეს დასავლეთი და თავი დაანებოს ოპოზიციის და მისი ენჯეოების მიერ თავსმოხვეული ნარატივის არტიკულირებას. თუ ასე მოხდა, “ოცნებამაც”, რომელიც ცნობილია, რომ მანევრირება ეხერხება, შეიძლება რაღაც დათმოს. დღეს “ოცნებას” აინტერესებს, რომ მისი ლეგიტიმაცია აღიარონ, ის იზოლაცია მოიხსნას, რაც მის მიმართ ევროპაშია და აშშ-ევროკავშირი 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს დაელოდონ”, – თვლის ანჯაფარიძე და შეკითხვაზე – “ევროპასაც აქვს თავისი კონკრეტული მოთხოვნები და ამის დამთმობი თუ არის “ოცნება” თუნდაც უახლოეს პერსპექტივაში?” – პასუხობს:
“არ მგონია, რომ “ოცნებამ” ეს დათმოს. ეს კანონები ხომ “ოცნებას” არ გამოუგონებია? ეს მოქმედებს ისეთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორიცაა აშშ და ბრიტანეთი. მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირში არ მოსწონთ, რომ ამ კანონის შედეგად, მათი აქაური საყრდენი ენჯეოები რეგულაციების ქვეშ მოექცნენ, ეს ვერ იქნება საფუძველი იმისა, რომ “ოცნებამ” კანონი უკან წაიღოს. “ოცნების” უკან მისი ამომრჩეველია. თუკი ამ კანონებს უკან წაიღებს, მხარდამჭერებში და საზოგადოებაში მწარე კითხვები გაჩნდება – მაშინ რა საჭირო იყო მათი მიღება და მთელი ორწლიანი დავიდარაბა?..”
“ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კი მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით ურთიერთობის ნორმალიზება მოსალოდნელი არაა. “არ მგონია, რომ ჯერჯერობით ნორმალიზება მოხდეს. ეს მთლიანად “ოცნებაზეა” დამოკიდებული. ოპოზიციური სპექტრი რომ ამ მომეტში ხელისუფლების შემცვლელი ვერაა, ამას ყველა ხედავს, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოექცევა (ხელისუფლება) დაპატიმრებულებს, ოპოზიციონერებს. თუ პარტიები აკრძალა და დაპატიმრებები გააგრძელა, დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთობის არანაირი გაუმჯობესება არ იქნება. დასავლეთი, განსაკუთრებით ევროპა, “ოცნებას” სჭირდება არა როგორც სამოქალაქო ღირებულებათა სივრცე, სადაც ინტეგრაცია უნდა, არამედ, როგორც სავაჭრო პარტნიორი. მას ევროპისგან ფული სჭირდება და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში კეთილგანწყობა იმისთვის, რომ იგივე არაბულ ქვეყნებთან, ჩინეთთან და რუსეთთან “მარკა” აიწიოს”, – განმარტავს დავით ზურაბიშვილი, რომლის მტკიცებით, “დღეს საქართველო და ივანიშვილი აუტსაიდერია არა მხოლოდ დასავლეთისთვის, არამედ აღმოსავლეთისთვისაც”, – წერს სტატიის ავტორი.
“ჩვენ ვართ ევროპასთან დამაკავშირებელი სატრანზიტო გზა და თუ ევროპასთან მტრულ დამოკიდებულებაში ხარ, საქართველოს მეშვეობით ვაჭრობა არ გამოდის და სხვა გზებით სჯობს. ამიტომ საქართველოს მიმართ ინტერესი აღარაა და ტყუილად დახვდნენ ემირატების ხელმძღვანელს დიდი მოწიწებით. თუ ევროპასთან კარგი ურთიერთობა არ გაქვს, არ დაინტერესდება. რუსეთისთვისაც კი არ ხარ დიდად საინტერესო. ამიტომაც სჭირდებათ ევროპასთან ურთიერთობა. თუმცა რამდენად სჭირდებათ და რაზეა წამსვლელი, ამის თქმა რთულია – ივანიშვილი, გარდა წმინდა პრაგმატული საჭიროებებისა, ხშირად საერთაშორისო ურთიერთობებში კონსპირაციის თეორიებიდან გამოდის. მას “დიპ სტეიტი” მართლა ჰგონია… მთლად ცარიელი პროპაგანდა არაა, გარკვეულწილად მართლა დარწმუნებულია, რომ დასავლეთი მას ჩამოგდებას უპირებს და ახლა ცდილობს დაარწმუნოს, რომ ვერ ჩამომაგდებ და სჯობს მევაჭრო”, – დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
