ოპოზიცია 9 მაისს გრანდიოზული აქციისთვის ემზადება – გამოვა თუ არა ხალხი?
აზიაში უკრაინის ომზე უფრო დიდი კონფლიქტი მწვავდება – ინდოეთის ავიაციამ პაკისტანი დაბომბა
დიდი აჟიოტაჟი სამეფო უბნის თეატრის დადგმაზე
* * *
ოპოზიცია 9 მაისს გრანდიოზული აქციისთვის ემზადება – გამოვა თუ არა ხალხი?
“ევროპის დღის აღსანიშნავად ოპოზიციური სპექტრი მსვლელობას აანონსებს. 9 მაისს ხელისუფლების მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას გეგმავენ, რომელიც ევროპის მოედანზე გაიმართება. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ბევრი ხალხი გამოვიდეს. “ვფიქრობ, 9 მაისს მასშტაბური აქცია იქნება, რადგან ერთის მხრივ არსებობს მოტივაცია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებში, განსაკუთრებით “მეგობარი აქტის” მიღების შემდეგ”, – უთხრა “რეზონანსს” შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი ფიქრობს, რომ საპროტესტო აქციის მუხტის შენელებაზე ორი ფაქტორი მუშაობს – პირველი, ხალხის მასაში არ იწვევს ისეთ იმპულსს ამერიკის მიერ მიღებული აქტები, რომ ქუჩაში გამოვიდნენ, და მეორე, ოპოზიციური ლიდერის მიმართ ხალხს ნდობა არ აქვს. “საქართველოს ევროპული ორბიტის” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 9 მაისის აქციას ისინიც უერთდებიან, რადგან “საქართველო ეკუთვნის ევროპას, ხოლო ევროპის დაპირება – ეკუთვნის ქართველ ხალხს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოპოზიცია 9 მაისს გრანდიოზული აქციისთვის ემზადება – გამოვა თუ არა ხალხი? / ევროპის დღეს გამოჩნდება, რა გავლენა მოახდინა “მეგობარი აქტის” მიღებამ პროტესტის მუხტზე.
“9 მაისი – ევროპის დღე – ჩვენი ერთიანობისა და თავისუფლების დღეა. არასამთავრობო ორგანიზაციები ვუერთდებით 9 მაისის ერთიანობის და თავისუფლების დღის იდეას და მოვუწოდებთ ყველას: დავდგეთ ერთად, ევროპის მოედანზე – 9 მაისს, 19:00 საათზე და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი. საქართველომ ევროპული ცივილიზაციის გზაზე საუკუნეების წინ დაიწყო სვლა. გვჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. გვჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის, უსაფრთხოების და განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. და, რაც მთავარია ვიცით, რომ ხალხის ნება ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას. ამიტომ 2025 წლის 9 მაისს, ქართველები ევროპის დღეს ვხვდებით ერთად ევროპის მოედანზე უცვლელი მოთხოვნებით… მანამდე, 17:00 საათიდან, ევროპის მოედნისკენ მსვლელობები დაიწყება შემდეგი წერტილებიდან: საქართველოს პარლამენტის შენობიდან (სტუდენტების მარში); მარჯანიშვილის მოედნიდან; რესპუბლიკის მოედნიდან; ავლაბრის მეტროდან”, – აღნიშნა ლომჯარიამ. პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ მოახლოებულ აქციაზე შეიძლება ერთჯერადად ბევრი ხალხი გამოვიდეს, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ როცა “მეგობარი აქტზე” კენჭისყრის შედეგი ცნობილია, ასევე, დასანქცირებულთა სიაც გამოქვეყნებულია, გუშინ არაფერი გააკეთა ოპოზიციამ. ხომ იციან, რამდენი ადამიანის გამოყვანა შეუძლიათ ქუჩაში? რომ ჰქონოდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ამაზე რეაგირება, ხომ შეძლებდნენ გუშინვე ბევრი ადამიანის გამოყვანას? ეს ზუსტად იგივეა, რაც მოხდა შარშან არჩევნების დღეს – როცა შედეგები გამოცხადდა და ქუჩაში არავინ გამოვიდა. თუნდაც გავიხსენოთ სააკაშვილის დაპატიმრება, როცა მაშინაც არავინ გაინძრა. ამიტომ ამ სიტუაციასაც, ვგულოსხმობ “მეგობარი აქტს”, ეცდებიან გამოიყენონ, უბრალოდ დრო სჭირდება. შესაძლებელია რა თქმა უნდა, ერთჯერადად ბევრი ხალხი შეიძლება შეიკრობოს, თუ ფულს დახარჯავენ, თუმცა განსაკუთრებული არაფერი მოხდება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
“საპროტესტო მუხტის ვერ აწევაზე ორი ფაქტორი მოქმედებს – პირველი ეს არის ის, რომ ხალხის მასაში არ იწვევს ისეთ იმპულსს ამერიკის მიერ მიღებული აქტები, რომ ქუჩაში გამოვიდნენ. და მეორე არის ის, რომ ოპოზიციური ლიდერის მიმართ ხალხს ნდობა არ აქვს, პოპულარულები არ არიან. ამიტომ ამის ფონზე არ ვფიქრობ, რომ 9 მაისს ან მომდევნო დღეებში მნიშვნელოვანი რამ იქნება”, – ამტკიცებს მამრაძე. ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ 9 მაისს ბევრი ხალხი გამოვა, ამასთან მიიჩნევს, რომ მუხტის შენელებაზე ხელისუფლება მუშაობს და მისი ქმედებებით ბევრი ადამიანი აღარ გამოდის”, – დასძენს გამოცემა.
“ვფიქრობ, 9 მაისს მასშტაბური აქცია იქნება, რადგან ერთის მხრივ არსებობს მოტივაცია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებში, განსაკუთრებით “მეგობარი აქტის” მიღების შემდეგ. მეორე არის მნიშვნელოვანი თარიღი – ევროპის დღე. ამასთან, საგამოფენო ცენტრში იმართება ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, სადაც ბევრი ადამიანი შეიკრიბება. ჩვენ კარგად გვახსოვს, ერთხელ რიყეზე ევროპის დღესთან დაკავშირებით მასშტაბურ აქციას ჰქონდა ადგილი. ეს იყო შარშან, თან იმის მიუხედავად, რომ დიდი წვიმა იყო. ასე რომ, 9 მაისსაც დიდ აქციას ველოდები. საპროტესტო კრიტიკული განწყობა არსებობს, თუმცა “ოცნებამ” ბევრი ადამიანი დააჯარიმა და დააშინა. დე ფაქტო ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს აქციების ჩაქრობას, თუმცა მნიშვნელოვან დღეებში ბევრი ადამიანი მაინც გამოხატავს მზადყოფნას, რომ გამოვიდნენ და არსებული ვითარება გააპროტესტონ”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძემ.
აზიაში უკრაინის ომზე უფრო დიდი კონფლიქტი მწვავდება – ინდოეთის ავიაციამ პაკისტანი დაბომბა
“ბირთვული კლუბის ორ სახელმწიფოს შორის უკიდურესად დაძაბული ვითარება ღია სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 7 მაისის ღამეს ინდოეთმა პაკისტანსა და სადაო ქაშმირის ტერიტორიაზე მიიტანა იერიში, ინდოეთის შს სამინისტროს თქმით, ოპერაცია “სინდური” არის პასუხი იდოელ ტურისტებზე 22 აპრილს ქაშმირში მომხდარი თავდასხმისა, თავის მხრივ პაკისტანი იტოვებს უფლებას მის მიერ არჩეულ დროს, ადგილსა და ფორმით საპასუხო მოქმედებები განახორციელოს. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ პაკისტანს ტაქტიკური უპირატესობა გააჩნია, თუმცა რადგან ორივე ქვეყანა ბირთვული კლუბის წევრია, ნებისმიერი გამწვავება არასასურველი სცენარისკენ წაგვიყვანს. ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე კი წერს, რომ ვითარება დაძაბულია, თუმცა დაუდგენელია გაგრძელდება თუ არა შეტაკებები. პაკისტანის მხარის განცხადებით, ინდოეთის იერიშს 26 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა და ათობით ადამიანია დაშავებული, რაზეც პაკისტანი ინდოეთს უპასუხებს. ინდური მხარის განცხადებით კი პაკისტანის ტერიტორიიდან განხორციელებულ საარტილერიო შეტევის დროს ინდოეთის 10 მოქალაქე ემსხვერპლა და დაშავებულია 50-მდე”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აზიაში უკრაინის ომზე უფრო დიდი კონფლიქტი მწვავდება – ინდოეთის ავიაციამ პაკისტანი დაბომბა.
“პაკისტანის პრემიერის ოფისის განცხადებით, ინდოეთი საპასუხო ქმედებას უნდა ელოდოს. “გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, პაკისტანი იტოვებს უფლებას, თავდაცვის მიზნით, მის მიერ არჩეულ დროს, ადგილსა და ფორმით უდანაშაულო პაკისტანელების დაღუპვისა და ქვეყნის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევის გამო შური იძიოს”, – ნათქვამია განცხადებაში. პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის ოფისის განცხადებით, გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. “2025 წლის 6/7 მაისის ღამეს, ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა პაკისტანის სუვერენულ ტერიტორიაზე კოორდინირებული დარტყმები განახორციელეს. ამ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმების სამიზნე, წარმოსახვითი ტერორისტული ბანაკების არსებობის ცრუ საბაბით, სამოქალაქო ადგილები იყო”, – აღნიშნულია განცხადებაში. პაკისტანის სამხედრო ძალები, მათ მიერ განადგურებული ინდოეთის კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავების შესახებ ავრცელებს ცნობებს. ჩამოგდებულია ფრანგული წარმოების “რაფალის” ტიპის სამი თვითმფრინავი და რუსული მოიერიშეები სუ-30 და მიგ-29. რაც შეეხება ინდოეთის ოფიციალურ განმარტებებს, შს მინისტრი, ამიტ შაჰი წერს, რომ “სინდური” არის საპასუხო ოპერაცია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ვამაყობ ჩვენი შეიარაღებული ძალებით, ოპერაცია „სინდური” არის პასუხი პაჰალგამში ჩვენი უდანაშაულო ძმების სასტიკ მკვლელობაზე. ნარენდრა მოდის მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, სათანადო პასუხი გასცეს ინდოეთსა და მის მოსახლეობაზე ნებისმიერ თავდასხმას. ბჰარატი ტერორიზმის ფესვებიდან აღმოფხვრის მიმართ მტკიცე ერთგული რჩება”, – წერს ამიტ შაჰი პაჰალგამი მდებარეობს ქაშმირის ოლქში, ინდოეთსა და პაკისტანს შორის სადავო ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად ინდოეთი აკონტროლებს. 22 აპრილს ქალაქ პაჰალგამში შეიარაღებულმა პირებმა 26 ადამიანი, ძირითადად, ტურისტები დახოცეს. ინდოეთმა მომხდართან კავშირში დაადანაშაულა პაკისტანი. პაკისტანმა ბრალდება უარყო და დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვა. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ პაკისტანს აქვს ტაქტიკური უპირატესობა, თუმცა ორივე ქვეყანა ბირთვული კლუბის წევრია და ნებისმიერი გამწვავება მხოლოდ ორი ქვეყნით არ შემოიფარგლება”,- განაგრძობს გამოცემა.
“ფაქტია, რომ პაკისტანსა და ინდოეთს შორის შეზღუდული ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, საბრძოლო მოქმედებების მთელი სპექტრი ხორციელდება. მეორე დონე უკვე ლოკალური ომი იქნება, როდესაც ორივე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს დაიწყებს ერთმანეთის წინააღმდეგ, მერე უკვე იქნება რეგიონული ომი, სადაც შეიძლება სხვა ქვეყნებიც ჩაერთონ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პაკისტანი რამდენიმე სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წვერია, მათ შორის ერთ-ერთი ბლოკი თურქეთი-პაკისტანი-აზერბაიჯანია, რომელიც დღესაც აქტუალურია. ასევე პაკისტანს და ჩინეთს შორის არსებობს ორმხრივი სამხედრო პოლიტიკური კავშირები, ჩინეთი სამხედრო ტექნიკით ეხმარება, შესაბამისად, დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტის პირობებში ჯერჯერობით ტაქტიკური უპირატესობა პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს აქვთ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“რაც შეეხება ინდოეთს, მასაც გაჩნია სერიოზული პოტენციალი, ის ბრიქსის წევრი სახელმწიფოა. მაგრამ ამ სამხედრო კონლფიქტში ინიციატივა ჯერჯერობით მაინც პაკისტანის მხარესაა. პაკისტანსა და ინდოეთს შორის ორი მსხვილმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი იყო ლოკალური ომის მასშტაბების. ბოლო იყო 1971 წელს, როდესაც ბანგლადეში პაკისტანს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დღეს რამდენადაც პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ბანგლადეში პაკისტანს უჭერს მხარს. მანამდე იყო 1962-63 წლებში პაკისტანსა და ინდოეთს შორის სამხედრო კონფლიქტი ისევ ქაშმირის ტერიტორიების გამო. მათ შორის სიტუაცია 2008 წელსაც დაიძაბა და ახლა იმედია, რომ ეს ლოკალური ომის მასშტაბებში არ გადაიზრდება, რადგან ორივე ქვეყანაა ბირთვული კლუბის სახელმწიფო. ბოლო მონაცებებით, პაკისტანს აქვს 60-დან 80-მდე ბირთვული ქობინი და ბირთვული ბომბი, ხოლო ინდოეთს – 60. ორივეს აქვს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ბირთვული კომპონენტი და ორივე ინტენსიურად ავითარებს ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსების პროგრამებს. ამერიკელების პოზიცია ჯერჯერობით გაურკვეველია, ასევე რუსეთის პოზიციაც არაა გამოკვეთილი”, – დაასკვნის მაისაია.
“წუხელ სერიოზული შეტაკებები მიმდინარეობდა ინდოეთსა და პაკისტანს შორის სადაო ქაშმირის ტერიტორიაზე. აქტიურ საარტილერიო დაბომბვების ფონზე მოქმედებდა ავიაციაც და დრონებიც. ამ პროცესში ინდოეთმა სამი სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა. თუმცა ცხრა მიმართულებით სარაკეტო შეტევას კი პაკისტანის მხრიდან დადასტურებული მსხვერპლი მოჰყვა. პაკისტანის მხრიდან ინდოეთისადმი დეესკალაციის შესახებ განცხადებები გაკეთდა. მაგრამ ინდოეთი დანაკარგების ფონზე რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ორივე სახელმწიფო ატომურია, მათ შორის ბოლო ესკალაციას წინ სადავო ქაშმირის ინდოეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე ტერორისტული აქტი უძღოდა წინ, რაშიც ინდოეთმა პაკისტანის კვალი დაინახა. სადამსჯელოდ კი ინდოეთმა პაკისტანს წყლის მიწოდება შეუზღუდა და წინა შეთანხმებებიდან გამოვიდა. ინდოეთის მხარეს ისრაელი იჭერს. მან უკვე გამოაცხადა ნიუ-დელის უფლება დაიცვას საკუთარი თავი. პაკისტანის ირიბი მხარდამჭერი ჩინეთია, რომელსაც ქაშმირის აღმოსავლეთ ნაწილი აქვს დაკავებული და ინდოეთთან არაერთი სადაო ტერიტორია გააჩნია”, – წერს კობერიძე, რომლის აზრით დაუდგენელია გაგრძელება თუ არა შეტაკებები, მაგრამ პაკისტანში ინდური შეტევის მოგერიებას ზეიმობენ და ინდოეთს ომის დაწყებაში ადანაშაულებენ”, – დასძენს გამოცემა.
დიდი აჟიოტაჟი სამეფო უბნის თეატრის დადგმაზე
“რეჟისორ დათა თავაძის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა “ლიბერტე” დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სამეფო უბნის თეატრში გამართულ სპექტაკლში უცენზურო გამონათქვამებია. კრიტიკოსები ამბობენ, რომ გამოყენებულია ლგბტ პროპაგანდა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ინტერნეტში გავრცელდა ერთწუთიანი ჩანაწერი, რომელშიც მონაწილეობენ მსახიობები – ნატუკა კახიძე, მაგდა ლებანიძე, სანდრო სამხარაძე და გიგა შიშინაშვილი. პარალელურად გავრცელდა კიდევ ერთი მასალა ვიდეო ჩანაწერის სახით. თვითონ იძახიან, რომ დამდგმელი ჯგუფი თავისუფლების, იდენტობის, მეხსიერებისა და თანამედროვეობის რთულ მრავალშრიან ბუნებაში შეღწევას ცდილობს. ასევე, სპექტაკლი უამრავ საკითხს ეხმიანება, როგორიცაა საზოგადოების როლი ინდივიდის ცხოვრებაში, ხელოვანების ბედი თანამედროვე სამყაროში, დაკარგული ინდივიდი და ა.შ. სპექტაკლი 140 წუთიანია, რომლის სცენოგრაფი ქეთი ნადიბაიძეა. აღსანიშნავია ისიც, რომ დათა თავაძე ღიად აკრიტიკებს “ქართულ ოცნებას” და აქტიურად მონაწილეობს ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებში”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ერთადერთი კითხვა დამებადა, რატომ?” – დიდი აჟიოტაჟი სამეფო უბნის თეატრის დადგმაზე
“დათა თავაძის სპექტაკლს მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ “თავისუფლებას და აღვირახსნილობას ვერ არჩევენ ეს ადამიანები”. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ვლადიმერ ბოჟაძე თქვა, ამ ადამიანებს სწორედ ასეთი საქართველო წარმოუდგენიათო და სწორედ ისინი არიან ახალისებენ “რადიკალურ აქციებს”. “სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები წარმოადგენენ დღეს ლიბერალიზმის სახეს. სწორედ ასეთი საქართველო წარმოუდგენიათ, ასეთი სახელმწიფო, ასეთი ეკლესია, ასეთი ოჯახური ურთიერთობები. კიდევ უფრო საწყენია, რომ ამ სპექტაკლს საერთოდ მაყურებელი ჰყავს. ამას არაფერი კავშირი არ აქვს ხელოვნებასთან, კულტურასთან. პირიქით, ეს არის ანტიქართული, ანტირელიგიური სპექტაკლი. სამწუხაროა, მაგრამ რა ვქნათ, ეს ადამიანები წარმოადგენენ დღეს “ნაციონალურ მოძრაობას”, რადიკალურ ოპოზიციას”, – მიიჩნევს ბოჟაძე, რომლის თქმით, “ესენი არიან რადიკალური აქციების ავანგარდში” – აღნიშნავს გამოცემა.
“არის რაღაცები, რაც ცდება კოლეგიალობას, პროფესიას და არის საკითხები, სადაც არსებობს ელემენტარული ზღვარი! ეს თუა თანამედროვე თეატრი და ევროპა, მაშინ მე წარმოდგენა არ მქონია თეატრზე”, – აცხადებს მსახიობი კახა მიქიაშვილი. თავაძის სპექტაკლს სოციალურ ქსელში მსახიობი რამაზ იოსელიანი ეხმაურება და ამბობს, ეს უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის შინაარსს ატარებს. “ერთადერთი კითხვა დამებადა – რატომ? რისთვის? რა აქვთ სათქმელი? თემურ ჩხეიძეს რომ ენახა ეს სპექტაკლი, რას იტყოდა, მაინტერესებს. ესენი პავლიკა მოროზოვებს დაემსგავსნენ უკვე, საშიშია. ყველაზე ძალიან იმის მეშინია, რომ ჩვენ დავკარგეთ ის, რაც ჰქონდა ქართულ თეატრს. არაჩვეულებრივი ტრადიციები, რომელსაც გაგრძელება უნდა, სამსახიობო, სარეჟისორო სკოლა. ბოლოს და ბოლოს, მაყურებელი გვყავს ფანტასტიკური, რომელსაც ვკარგავთ”, – წერს იოსელიანი. მისევე აზრით, “რას ვეუბნებით მაყურებელს, რომ გვძულდეს ერთმანეთი? ვისაც უნდა ვეუბნებოდეთ, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი”, – დასძენს გამოცემა.
