ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024

“ვიღებთ განსაკუთრებულ ზომებს” – პრემიერის განცხადებით, ივანიშვილის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ ოპოზიციონერებიც არიან
უერთდება თუ არა “ლელოს” პლატფორმას მარგველაშვილი და რას შემატებს ალიანსს ყოფილი პრეზიდენტი
“აფხაზები ცდილობენ საქართველოსთან ურთიერთობა დაათბონ” – რა პროცესები მიდის სოხუმში
* * *
“ვიღებთ განსაკუთრებულ ზომებს” – პრემიერის განცხადებით, ივანიშვილის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ ოპოზიციონერებიც არიან
“სკანდალურ განცხადებას ავრცელებს პრემიერ-მინისტრი – ამბობს, რომ “ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან ოპოზიციის ლიდერებიც. აღნიშნულს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციისგან, მათი შეფასებით, პრემიერის ნათქვამი “პირდაპირი მუქარაა” მათი მისამართით. “გლობალურ ომის პარტიაზე საუბარი კი “ანტიდასავლური რიტორიკაა”. “შესაძლოა გათვლა იყოს ასეთი – ირიბი მუქარა ოპოზიციის მიმართ, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ თავდასხმა (ისინი განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებზე აწყობდნენ კიდეც თავდასხმებს), მაგრამ ეს დაბრალდება გარეშე ძალებს, მაგალითად ე.წ. გლობალურ ომის პარტიას და ა.შ.” – აცხადებს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი თვლის, რომ “რევანშისტ ნაცოპოზიციას აწყობს ის, რომ აქ არეულობა იყოს, ზოგიერთი მათგანი თავადაც არ დაფიქრდება, რომ გაწირონ ნებისმიერი მათი ე.წ. თანაგუნდელი, რათა პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ, დაბრალდეს ხელისუფლებას, დაბრალდეს რუსულ სპეცსამსახურებს და ა.შ.” – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ვიღებთ განსაკუთრებულ ზომებს” – პრემიერის განცხადებით, ივანიშვილის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ ოპოზიციონერებიც არიან.
“გლობალური ომის პარტია”, რომელიმე კონკრეტული იურიდიული საჯარო პირი, ან რომელიმე ქვეყანაში რეგისტრირებული არ არის. ეს არის გავლენიან, ფულიან პოლიტიკოსთა, ბიზნესმენთა გაერთიანება, რომლებიც არიან იარაღის მრეწველობის სფეროში, გლობალურ მსხვილ კორპორაციებში. ცხადია, ამ “გლობალური ომის პარტიის” ინტერესებშია, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა იყოს მათ გავლენის ქვეშ და რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში ჰყავდეთ მარიონეტული ხელისუფლება, რაც “ნაცმოძრაობის” ხელისუფლების პირობებში იყო… როცა, ამ ბოლო 12 წლის განმავლობაში, ვერც ერთ არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის გამარჯვება ვერ მოხერხდა, ასპარეზზე შემოდის ის საშინელება, რასაც ფიზიკური ლიკვიდაცია, ტერორისტული აქტი ჰქვია. დღემდე გამოუძიებელია ის მოტივი თუ რატომ მოხდა 13 ივლისს დონალდ ტრამპზე თავდასხმა, მისი პირადი დაცვა ასეთი სუსტი რატომ იყო. ამერიკაში შეკითხვები ძალიან ბევრია – პასუხები არ არის. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ ფსევდოლიბერალი ექსტრემისტი, ს პრემიერ ფიცოს თავს დაესხა, ფიცო ძლივს გადაურჩა, იქაც დაცვის ჩავარდნა იყო. შესაბამისად, აუცილებელია, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ, როგორც ბიძინა ივანიშვილის, ისე სხვა მაღალჩინოსნების დაცვა. ეს ეხება არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ ცალკეულ აქტიურ პოლიტიკოსთა დაცვას”,- აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაძიძე.
“დაკონკრეტებით ვერ დავაკონკრეტებ, იქიდან გამომდინარე, რომ სპაცსამსახურების მუშაობა ფარულია, ისინი ეწევიან პრევენციას, პროფილაქტიკას და ა.შ. გავიხსენოთ რამდენიმე წლის წინანდელი შემთხვევა, როცა ქართულმა სპეცსამსახურებმა გამოავლინეს შეთქმულება ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მოტივით. მაშინ ეს ფაქტი თავიდან იქნა აცილებული ჩვენი სპეცსამსახურების პროფესიონალების მხრიდან. პირველ რიგში საფრთხე არსებობს, რომ საქართველოში არეულობა მოხდეს, მეორეც ის, რომ თავად რევანშისტ ნაცოპოზიციას აწყობს ის, რომ აქ არეულობა იყოს, ზოგიერთი მათგანი თავადაც არ დაფიქრდება, რომ გაწირონ ნებისმიერი მათი ე.წ. თანაგუნდელი, რათა პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ, დაბრალდეს ხელისუფლებას, დაბრალდეს რუსულ სპეცსამსახურებს და ა.შ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში და კიდევ ის ფაქტები, რომლებიც ზედაპირზე არ ჩანს, სპეცსამსახურებს და სამართალდამცველებს იმის სამართლიან საფუძვლებს აძლევს, რომ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, ღიად რომელიც საზოგადოებისთვის ჩანს და ფარულად, რომელიც უსაფრთხოების დაცვისა და ქვეყანაში მშვიდობის განმტკიცებისთის აუცილებელია”, – დაასკვნის გია აბაშიძე.
“შესაძლოა გათვლა იყოს ასეთი – ირიბი მუქარა ოპოზიციის მიმართ, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ თავდასხმა (ისინი განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებზე აწყობდნენ კიდეც თავდასხმებს), მაგრამ ეს დაბრალდება გარეშე ძალებს, მაგალითად ე.წ. გლობალურ ომის პარტიას და ა.შ. “გლობალური ომის პარტია” გათვლაა ისეთ ხალხზე, ვისაც ეს სჯერა, როგორც მანამდე დააჯერეს, რომ თითქოს მასონები ებრძვიან საქართველოს და მთლიანად მსოფლიოში უნდათ ომი, ან კოვიდის დროს რომ საუბრობდნენ, რომ თითქოს აცრისას ადამიანებს ჩიპებს უკეთებდნენ, ახლაც “გლობალური ომის პარტია” გამოიგონეს. სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც ამას იჯერებენ. ბევრი ადამიანი წყაროს არ ითხოვს და არ კითხულობს – მართლა არსებობს თუ არა ე.წ. გლობალური ომის პარტია. შესაძლოა მართლაც მოხდეს თავდასხმები, ხედავენ, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი დაცემულია და შეიძლება ოპოზიციონერები ამით დააშინონ. მინიშნებაა, რომ ჩვენ შეგვიძლია, რესურსი გვაქვს, რომ თქვენზე თავდასხმა მოვაწყოთ, ოღონდ სხვას დაბრალდება ყველაფერი და მსხვერპლი თქვენ იქნებითო. ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე მიდიან”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“როგორც ირაკლი მ თქვა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან განსაკუთრებით ის ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებზე თავდასხმაც საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნას გამოყენებული. კითხვაზე, საიდან აქვს მმართველ ძალას ამგვარი ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერი ლიდერები თავდასხმის რისკის ქვეშ არიან, კობახიძემ აღნიშნა, რომ როდესაც “ოპოზიცია დასუსტებულია, ინფორმაცია გარეთ საცერივით გამოდის”… კობახიძის განცხადებას ეხმიანება “ევროოპტიმისტების დეპუტატი , მისივე თქმით, პრემიერის ნათქვამი რომ “შესაძლოა, ოპოზიციის ლიდერები დაზიანდნენ”, ოპოზიციისადმი პირდაპირი მუქარაა. ენმ-ს საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა კი განაცხადა, რომ თუ ვინმეს აწყობს საქართველოში არეულობა და დაპირისპირება, ეს “ოცნება” და ივანიშვილია”, – წერს სტატიის ავტორი.
“ჩვენ მოვისმინეთ მორიგი აბსურდული განცხადება. თურმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი მოკავშირეები – ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, რომლებსაც ზოგადად, “გლობალური ომის პარტიას” უწოდებენ, აპირებენ ბიძინა ივანიშვილის მოკვლას და ამიტომ ბიძინა ივანიშვილი არ დაფრინავს ვერტმფრენით, ვინაიდან, საფრთხე ემუქრება მას. კი არ ამბობენ, რომ რუსეთმა შეიძლება ააფეთქოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, არა. აქ არაფერ შუაში არ არის, “გლობალური ომის პარტია”, ანუ დასავლეთი ებრძვის ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ დადის ამ “დუშკაბინით” და დაჯავშნილი შუშით და შემდეგ დააქვს პერსონალური უნიტაზი. ეს არის დანაშაულებრივი განცხადება, პირდაპირ არის ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელება. ფაქტობრივად, ეს რუსეთისადმი ირიბი მხარდაჭერაა და აბსურდულიც არის და კომიკური. მაგრამ განცხადების მეორე ნაწილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ თურმე ოპოზიციის ლიდერები შეიძლება დაზიანდნენ, ეს არის პირდაპირი მუქარა ოპოზიციისადმი, რომ ჩვენ თქვენ აგაფეთქებთ, მოკლავთ ან რაღაცას მოგიწყობთ და მერე ეს ყველაფერი დაბრალდება “გლობალური ომის პარტიას”, – განაცხადა გოცირიძემ, რომლის თქმით, უკვე აუტანელი ხდება ის განცხადებები, რაც ჩვენ “ქართული ოცნების მხრიდან გვესმის”, – დასძენს სტატიის ავტორი.
უერთდება თუ არა “ლელოს” პლატფორმას მარგველაშვილი და რას შემატებს ალიანსს ყოფილი პრეზიდენტი
“3 სექტემბერს “ლელოს” ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო, სადაც “ძლიერი საქართველოს” ლიდერებთან ერთად, ექსპრეზიდენტი დგას. “წინ მხოლოდ გამარჯვებაა”, – ამ სათაურით აქვეყნებს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ფოტოს, სადაც მასთან და გიორგი მარგველაშვილთან ერთად არიან – , ბადრი ჯაფარიძე, ფიქრია ჩიხრაძე და დავით გამყრელიძე. უერთდება თუ არა ამ პლატფორმას მარგველაშვილი, ამაზე თავად კომენტარისგან თავს იკავებს, თავად ალიანსშიც არ ადასტურებელ აღნიშნულ ინფორმაციას, თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში ეს ნაბიჯი გადადგას მარგველაშვილმა. მარგველაშვილის “ლელოსთან” გაერთიანების არ უკვირს “ქართულ ოცნებას”. პარლამენტის ვიცე-სპიკერი არ ელის, რომ “ძლიერი საქართველოს” კოალიცია გიორგი მარგველაშვილისგან რაიმე სარგებელს მიიღებს. დეპუტატმა, მ კი განაცხადა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი უავტორიტეტო იყო და “ოცნებამ” ხალხს ძალით აარჩევინა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უერთდება თუ არა “ლელოს” პლატფორმას მარგველაშვილი და რას შემატებს ალიანსს ყოფილი პრეზიდენტი.
“მარგველაშვილს რა შანსები უნდა ჰქონდეს ახლა, ნუ გადამრიეთ. თვითონ ხაზარაძის პარტიას 4%, თუ 3% აქვს და იმას არ აქვს შანსი. პირიქით, “მკვდარი მკვდარს აეკიდაო”. რა შანსი უნდა ჰქონდეს?! უავტორიტეტო პრეზიდენტები გვყავდა. ხალხს ძალით ავარჩევინეთ. რატომ? იმიტომ, რომ იმ მოცემულობაში სიტუაციას ასე სჭირდებოდა. ახლა თავისი მეზობლები არ აძლევენ ხმას, რა სარგებელი უნდა მოიტანოს? არაფერი. აგროვებენ, როგორც ბაქრაძემ თქვა, “ნახმარ სახეებს”, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ცნობად სახეებს და იქნებ მერე რაღაცა მიტინგებზე გამოიყვანონ. რჩევა მაქვს – ფხიზელი დადგეს. მეტი რა სხვა რესურსი აქვთ ამათ? როგორ შეიძლება უთავმოყვარეოები, უსამშობლოები, საზოგადოებისგან ყველანაირად გარიყული კოალიციით რა უნდა გამოუვიდეთ? არაფერი”, – განაცხადა ზარქუამ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ მარგველაშვილი წონადი ფიგურაა და “ლელოს” “როგორც მინიმუმ გააძლიერებს”. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი თვლის, რომ მარგველაშვილი დაბალრეიტინგიანი პოლიტიკური ფიგურაა, თან ბოლო დროს პასიური და არაა იმის მოლოდინი, რომ მისმა “ლელოში” გაერთიანებამ რამე შემატოს პარტიას”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ლელო” ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მეთოდურად მიდის იმ მიმართულებით, რომ გაძლიერდეს. შესაძლოა ცალკე აღებული მარგველაშვილი მომხიბლავი ორიენტირი მართლაც არ იყოს, მაგრამ როცა გუნდის შეკვრაზეა ლაპარაკი, იქ მარგველაშვილი საკმაოდ წონადი ფიგურაა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან საპრეზიდენტო ვადა ამოწურა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა. ამიტომ “ლელოს” გუნდთან მისი შეერთება როგორც მინიმუმ გააძლიერებს და უფრო მიმზიდველს გახდის. ეს სწორი ნაბიჯი იქნება. ამ მიმართულებით “ლელოში” ნაბიჯებს ვფიქრობ, კიდევ გადადგამენ. გამოდის, რომ ოპოზიციური ფლანგიდან უკვე სამი პრეზიდენტი ებრძვის “ქართულ ოცნებას”, რომელთაგან ორი მათივე არჩეული კანდიდატია. ეს პრეზიდენტები, რომლებიც “ქართული ოცნებიდან” იყვნენ მხარდაჭერილები ის ხალხია, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ მიხვდნენ, რომ მათი პოლიტიკური გზები თანხვედრაში არ იყო, ხმა ამოიღეს და საკმაოდ წარმატებითაც. განსაკუთრებით ზურაბიშვილი, რომელიც დღეს ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი და გარკვეული ორიენტირია ჩვენი ოპოზიციის, ქართული ოპოზიცის და საზოგადოების”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“მარგველაშვილი თავის დროზე იმ რეიტინგის მქონე არ იყო, რომ გავლენა მოეხდინა მის ამა თუ იმ ფლანგზე ყოფნას და ახლა დიდი ხანია პასიურია, არ ჩანს. არც “ლელოს” შემადგენლობაა ისეთი, რომ თქვან – აი მარგველაშვილი აკლიაო. ამდენად არ მგონია რაიმე სერიოზული გეგმების ნაწილი იყოს მათი ერთად ყოფნა. არც ის მგონია, რომ რაიმე რეიტინგი შემატოს “ლელოს”. აქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ადამიანებს ე.წ. დაუნახაობა არ უყვართ და დაპირისპირება იმ ადამიანთან, ვინც პრეზიდენტი გახადა. ივანიშვილს მარგველაშვილი პიროვნულად უყვარდა, მოსწონდა და მარგველაშვილის მასთან დაპირისპირება კი არ იყო გამყარებული ისეთი არგუმენტებით, რომ საზოგადოებას მისი მხარე დაეჭირა და ამიტომ რეიტინგიც არ გაეზარდა. ახლა “ოცნებასთან” დაპირისპირებული პრეზიდენტების რიცხვი გასამდება – მოქმედი, იმის წინანდელი და სააკაშვილი, რომელიც “ვივა-მედიდან” უპირისპირდება “ოცნებას”. ვნახოთ რამდენად გამოადგებათ ეს გასამება”, – ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“აფხაზები ცდილობენ საქართველოსთან ურთიერთობა დაათბონ” – რა პროცესები მიდის სოხუმში
“აფხაზებსა და რუსებს შორის სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ კრემლმა 1 სექტემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა. ამის შესახებ რუსები აფხაზებს უკვე დიდი ხანია ემუქრებიან და ამ მუქარის აღსრულება დაიწყეს. ინფორმაცია ოკუპირებული ს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა. მისი თქმით, მოსკოვმა არაერთგზის განაცხადა, რომ აფხაზეთის მიერ ნაკისრმა შეუსრულებელმა ვალდებულებებმა შეიძლება გარკვეული სანქციები გამოიწვიოს. “ისინი უკვე ამოქმედდა 1 სექტემბრიდან, მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხებათ ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ნათელია, ეს პირველი ასეთი ნაბიჯებია, გარდა ამისა, დგას საკითხი, რომ ამიერიდან ელექტროენერგიის იმ ნაკადში, რომელსაც ყოველ ზამთარში ვიღებთ, კომერციული ფასი უნდა გადავიხადოთ”, – თქვა შამბამ ბრიფინგზე”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “აფხაზები ცდილობენ საქართველოსთან ურთიერთობა დაათბონ” – რა პროცესები მიდის სოხუმში.
“მედიის ცნობით, ბჟანიასა და ნოვაკის შეხვედრის ოქმის მიხედვით, რუსეთი 1-ელი სექტემბრიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას აპირებს, სანამ “აფხაზური მხარე” შემდეგ ვალდებულებებს არ შეასრულებს: – ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება; – რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების შესრულების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა; – რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები). ამასთან, ოკუპანტი ქვეყანა აპირებს, სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს მოუწოდოს, მინიმუმამდე დაიყვანონ “აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებთან” კონტაქტი რუსეთის წინაშე ვალდებულებების შესრულებისადმი არაკონსტრუქციული პოზიციის გამო. აფხაზური მედია კი აქტიურად წერს კრემლის მოხელეებსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის მომხდარი ძლიერი განხეთქილების შესახებ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რუსულენოვანი ტელეგრამარხი “აფხაზეთის კომპასი” თავის წყაროებზე დაყრდნობით, წერს მძიმე საუბარზე, რომელიც ასლან ბჟანიას ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთში კრემლის გეგმების შეფერხების გამო. აფხაზეთში არც ის გამოჰპარვიათ, რომ პუტინმა, დამკვიდრებული ტრადიციის საწინააღმდეგოდ, არ მიულოცა სოხუმს აღიარების მორიგი წლისთავი. აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში პოლიტიკის მთავარი თემა დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიასა და მოსკოვის ურთიერთობაა. აფხაზური ტელეგრამარხები რუსეთ-აფხაზური “სამთავრობათაშორისო კომისიის” სხდომის ჩაშლასა და რუსული დოტაციების გაყინვის შესახებაც წერენ. არსებობს აფხაზებში ვერსია, რომ კრემლი თბილისთან კულუარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს და მათი დასჯის მიზნით, საქართველოსთვის აფხაზეთის დაბრუნეებას აპირებს. ამ შეთქმულების თეორიების ფონზე, კონფლიქტოლოგები ფიქრობენ, რომ შესაძლოა თბილისსა და მოსკოვს შორის გარკვეული კომუნიკაცია მართლაც ხდებოდეს და პუტინი აფხაზების უმადურობით გაბრაზებული მათ თავიდან მოშორებას ფიქრობდეს”, – განაგრძობს გამოცემა.
“კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთისთვის არც ისე შორს არის უკვე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ამიტომ დიდი ალბათობით რუსეთმა ამისთვის მზადება დაიწყო. კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ კრემლი ახლა ცდილობს ასლან ბჟანია თავიდან საბოლოოდ მოიშოროს და თავისი მორჩილი ე.წ. ხელისუფლება შეარჩიოს. “ახლა აფხაზებსა და რუსებს შორის დაპირისპირების პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება. აფხაზები დაფინანსების შეჩერების გამო, აგარაკის საკითხს არ დათმობენ და რუსეთისთვის მუხლის მოდრეკვას არ აპირებენ. ის თანხები რაზეც საუბარია, არ არის წარმოუდგენელი მასშტაბის და არ გამოვრიცხავ, რომ აფხაზებმა რაღაცა ალტერნატიულ წყაროებზე ფიქრი დაიწყონ. მათ შორის კულუარულად საქართველოს გავლითაც. ეს კი ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელი პროცესი იქნება და რაც უფრ მეტად დავაშორებთ აფხაზეთს რუსეთს, ეს მომავლის პერსპექტივაზე, ქართველების და აფხაზების ურთიერთობის დალაგებაზე დადებით ასახვას ჰპოვებს”, – ამბობს ბენდიანიშვილი, რომლის თქმით “სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება, რადგან პარალელურად კრემლი ეძებს ერთგულ ხალხს, რომლებიც მისი პირობების შესრულებას შეძლებენ და აფხაზებს დაარმწუნებენ ამ დათმობაზე წასვლის აუცილებლობაში”, – დასძენს გამოცემა.
“თუმცა ეს, ჩემი აზრით აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული იქნება, რადგან რუსეთმა რამდენჯერაც ე.წ არჩევნებში ჩარევა სცადა და თავისი კანდიდატურა დააყენა, იმდენჯერ წააგო. თუმცა სხვა ბერკეტებიც უკვე აღარ გააჩნიათ. აფხაზებს უკვე დიდი ხანი ამით აშინებდნენ. დაანონსებული იყო,რომ თუკი ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამდნენ, მაშინ ამ ნაბიჯზეც წავიდოდნენ. მიუხედავად ამისა, აფხაზების გატეხვა მაინც ვერ შეძლეს. ფაქტია, რომ დე ფაქტო ხელისუფლება, ოპოზიცია და ხალხიც აპარტამენტების თემასთან დაკავშირებით, ყველა ერთ აზრზეა. ეს კრემლს აჩვენეს და ვნახეთ უკვე იქიდან საპასუხო ნაბიჯებიც გადაიდგა. რუსეთი სწორედ ამაზე გამწარდა და ამიტომაც ასეთ კარდინალურ ნაბიჯებზე წავიდა. კრემლს ახლა სამხედრო გადატრიალების გარდა სხვა არაფერი აღარ დარჩა იმისთვის, რომ ე.წ. ხელისუფლება და ხალხის ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაითანხმოს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბენდიანიშვილი.
“საინტერესოა ასევე აფხაზეთიდან წამოსული განცხადებები “ქართული ოცნების” მისამართით, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აანონსებს. ერთის მხრივ ცოტა გასაკვირია, მაგრამ მეორე მხრივ, აფხაზებს დღეს კრემლთან დაპირისპირების ფონზე, დეფიციტის შევსება სჭირდება. აფხაზები ამას უკვე მშვენივრად ათვიცნობიერებენ, ამიტომაც ცდილობენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები კიდევ უფრო დაათბონ, რაც ძალიან პოზიტიური მოვლენაა. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი აფხაზეთის დაბრუნების გეგმას მხოლოდ რუსეთთან კომუნიკაციით არ ხედავს. ახლა ვხედავთ ჩვენ რომ კავკასიაში ჩინეთი და თურქეთიც ახალ მოთამაშეებად არიან შემოსულები. გარკვეული ანტიდასავლური სივრცე იქმნება თავისი ჩინური ეკონომიკური შესაძლებლობებით და ამ სივრცეში უფრო მგონია, რომ ივანიშვილი აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნების გეგმას ხედავს. ივანიშვილი ფიქრობს, რომ ჩინეთის და თურქეთის ინტერესების ბალანსის შესაბამისად, რაღაცნაირად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეძლებს. ვფიქრობ, რომ ის მხოლოდ რუსეთის იმედად არ არის. ზუსტად რა გეგმა აქვს მას და რა სქემას ალაგებს, რთულია ამაზე საუბარი, თუმცა ეს ფაქტია“, – ამტკიცებს ბენდიანიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”