ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2025

ვალერი ჩეჩელაშვილი – “კარგი იქნება, თუ “ოცნებაში” კარგად მოუსმენენ ლევან დავითაშვილს და გამოიტანენ შესაბამის დასკვნებს”
ბოლო ოპოზიციური მანდატების გაუქმების დრო მოახლოვდა – მმართველ პარტიას არჩევანის გაკეთება მოუწევს
ირაკლი მელაშვილი – “პლებისციტი შესაძლოა აღმოჩნდეს ის საკითხი, რაზეც ორივე მხარე შეთანხმდება”
* * *
ვალერი ჩეჩელაშვილი – “კარგი იქნება, თუ “ოცნებაში” კარგად მოუსმენენ ლევან დავითაშვილს და გამოიტანენ შესაბამის დასკვნებს”
“უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა ის რეალობა, რაც -ში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ შეიქმნა – ამერიკამ ამ შეთანხმებით დაადასტურა, რომ ის არის ერთგული თავისუფალი, სუვერენული უკრაინის და რაც მთავარია, სჯერა, რომ დარჩება თავისუფალ და სუვერენულ სახელმწიფოდ. ეს არის ძალიან კარგი შეთანხმება, რომელიც ასევე ითვალისწინებს სამხედრო ელემენტებსაც, მათ შორის უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების დამატებით მიწოდებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სწორი დასკვნები გამოიტანა დონალდ ტრამპსა და დი ჯეი ვენსთან ოვალურ კაბინეტში გამართული იმ სკანდალური შეხვედრიდან და თავისი კარგად აწონილი, დაბალანსებული პოლიტიკით მიაღწია ამ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც ნამდვილად შეცვლის თამაშის წესებს ამ ვითარებაში”, – აცხადებს აცხადებს ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ს ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ზელენსკიმ სწორი დასკვნები გამოიტანა სკანდალური შეხვედრიდან და …”
“იმასაც უნდა დავაკვირდეთ, რომ ამ პროცესის პარალელურად კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპმა: დათანხმდა უკრაინას მიჰყიდოს კომერციულ საფუძველზე დამატებითი შეიარაღება და გამოაცხადა, რომ სანქციების გაუქმება არ განიხილება, მეტიც, განიხილება დამატებითი სანქციების შემოღება, თუ რუსეთი არ დათანხმდება სამშვიდობო პროცესს. ჩემი აზრით, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება და სასანქციო პოლიტიკის უფრო გამკაცრება რუსეთის წინააღმდეგ იქნება სწორედ ის ორი მძლავრი ბერკეტი, რაც შეუწყობს ხელს ამ ომის სწრაფად დასრულებას. ტრამპის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების თარიღად 8 მაისის გამოცხადება, ვფიქრობ, ძალიან დააფიქრებს პუტინს. აქამდე აშკარად ჩანდა, რომ ტრამპი პუტინის ეგოს უფრთხილდებოდა, თუმცა 8 მაისზე გაკეთებული განცხადებით პრეზიდენტმა ტრამპმა აჩვენა, რომ ეს მხოლოდ მითია… მოგეხსენებათ, ეს საკითხი და თარიღი განსაკუთრებით სენსიტიურია პუტინისთვის, რადგან 9 მაისს კრემლის პროპაგანდა წარმოადგენს როგორც ქვეყნის ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს და იყენებს როგორც ისტორიული მემკვიდრეობისა და პატრიოტიზმის სიმბოლოს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვალერი ჩეჩელაშვილი.
“კრემლი საერთოდ რომ დათანხმდა მოლაპარაკებას, იმის ნიშანიც არის, რომ რუსეთში სერიოზული ეკონომიკური პრობლემები იწყება. ვხედავთ, მსოფლიოში რა სწრაფად ვარდება ნავთობის ფასები, რის გამოც რუსეთი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, თუმცა პუტინი არ იმჩნევს, მაგრამ ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ოფიციალურ განცხადებებს თუ მიადევნებთ თვალს, აშკარად ძალიან შემაშფოთებელ შეფასებებს ნახავთ. ამასთანავე, თუ აშშ-მა ის ორი კომპონენტიც განახორციელა, ანუ მეტი შეიარაღება მისცა უკრაინას და მეტი სანქცია დაუწესა რუსეთს, ეს შექმნის იმის წინა პირობას, რომ ამ ომის აქტიური ფაზა უკვე წელს დასრულდეს… კრემლმა ბოლო დროის აგრესიული მოქმედებებით აშშ-ში უკიდურესად მძიმე რეაქცია გამოიწვია, მათ შორის რესპუბლიკურ პარტიაში და ეს არ შეეხება მხოლოდ ე.წ. რეიგანის ფრთას, მთლიანად ამერიკელი საზოგადოება სულ უფრო და უფრო რწმუნდება, რომ მშვიდობასთან დაკავშირებული რუსეთის რიტორიკა მხოლოდ თამაშია და თუ რამე შეიძლება გაკეთდეს, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ კონცეფციით: მშვიდობა ძალის მეშვეობით. ეს პოზიცია თანდათანობით ძალას იკრებს აშშ-ის კონგრესსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ქართული ოცნების” იმ ცდების შემდეგ, როდესაც გვითხრეს, რომ თურმე ბოდიში უნდა მოვიხადოთ, რომ დამნაშავეები ვართ და ა.შ. “ქართული ოცნება” აშკარად ელოდა, რომ რუსეთი ამას შეაფასებდა და შემხვედრ ნაბიჯებს გადმოდგამდა, არადა, საპირისპირო რამ დავინახეთ – ფაქტობრივად, ყველაფერში ჩვენ დაგვადანაშაულეს, მოგვთხოვეს “ოკუპაციის შესახებ” კანონის გაუქმება, გამოგვიცხადეს, რომ არ გადაიხედება 2008 წლის გადაწყვეტილებები და ა.შ. “ოცნების~ პოლიტიკის საპასუხოდ ვნახეთ რუსების თითქმის ცინიკური განცხადებები საქართველოზე, ფრენების დაწყება სოხუმში, რასაც ჩვენი ხელისუფლებისგან ძალიან ინერტული რეაქცია მოჰყვა. ასევე გრძელდება ჩვენი მოქალაქეების გატაცება ადმინისტრაციული საზღვრიდან და ა.შ. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ჩვენი უსაფრთხოებისა და მშვიდობის ერთადერთი გარანტია არის მყარი ურთიერთობები და თანმიმდევრული თანამშრომლობის განვითარება ჩვენს ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორიცაა ნატო, აშშ და ევროკავშირი. ზუსტად ამ მიმართულებით აქვს, სამწუხაროდ, სრული ჩავარდნა “ქართულ ოცნებას”. ამ ეტაპზე ეს ამ სტრატეგიული მიმართულებით ჩვენი სახელმწიფოს სრული ჩავარდნაა”, – მიიჩნევს რუსეთში ყოფილი ელჩი.
“ვიზიტი შეიძლება იყოს სახელმწიფო, ოფიციალური ან სამუშაო. ლევან დავითაშვილის შემთხვევაში კი ეს არ ყოფილა არც ერთი მათგანი. სხვათა შორის, ლევან დავითაშვილმა თვითონ აღიარა ეს, რაც უნდა დავუფასოთ. ეს გახლდათ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრების დროს აშშ-ის ადმინისტრაციასთან ორმხრივი კონტაქტის დამყარების ცდა. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს კარგია და მიუთითებს, რომ “ქართულ ოცნებას” რეალურად აწუხებს ის ვითარება, რაშიც აღმოჩნდა – იმ ღრმა პოლიტიკური კრიზისის წყარო, რაშიც დღეს მთელი ქვეყანაა, სწორედ `ქართული ოცნებაა”. მე მხოლოდ მივესალმები აშშ-ში გამართულ შეხვედრებს. მართალია, არ ჰქონდა მაღალი პოლიტიკური დონე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბატონმა ლევან დავითაშვილმა მშვენივრად მიიღო ის გზავნილები, თუ რა უნდა გააკეთოს “ქართულმა ოცნებამ”, რათა დავბრუნდეთ ნორმალური თანამშრომლობის ფორმატში აშშ-სთან. კარგი იქნება, თუ “ოცნებაში” კარგად მოუსმენენ ლევან დავითაშვილს და გამოიტანენ შესაბამის დასკვნებს. სიტყვები არ კმარა, საჭიროა საქმეზე გადასვლა”, – დაასკვნის ვალერი ჩეჩელაშვილი.
“თუ რა უნდა გააკეთოს მმართველმა ძალამ, რათა დაბრუნდეს როგორც ნორმალური მოთამაშე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში, ნათელია. ეს ნაბიჯებია: ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონების უკან გაწვევა; პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება; ვადამდელი საპარლამენტო ს დანიშვნა. ამ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ შესაძლებელი იქნება საქართველო დაბრუნდეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ნორმალურ ტრაექტორიაზე, ამასთან დაკავშირებული ყველა შედეგით. მხოლოდ იმის ლაპარაკით, რომ თურმე ვინარჩუნებთ ევროპულ გზას, თურმე სუფთა ფურცლიდან გვინდა დავიწყოთ ურთიერთობები და ა.შ., ვერაფერს გახდება “ქართული ოცნება”, საბოლოოდ კი ეს იქნება ძალიან ცუდი ქვეყნისთვის, ქართველი საზოგადოებისთვის და უპირველესად თავად “ქართული ოცნებისთვის”. იმედია, მივლენ იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა ახალი სტრატეგიის შემუშავება”, – დასძენს ვალერი ჩეჩელაშვილი და შეკითხვაზე – “ხედავთ ამის რესურსს და სურვილს მმართველ ძალაში?” – პასუხობს:
“არ ვიცი, აქვთ ამის რესურსი თუ არა, მაგრამ ვალდებულად მივიჩნევ თავს, რომ ეს გზა ვაჩვენო “ქართულ ოცნებას” და დავანახო, რომ უპირველესად ეს “ქართული ოცნების” ინტერესებშია. ამ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების შედეგად ის შეინარჩუნებს შანსს, რომ დარჩეს პოლიტიკურ ველზე მოთამაშედ. თუ გააგრძელა ხისტი პოლიტიკა, ეს იქნება ძალიან ცუდი ქვეყნისთვის, მაგრამ კიდევ უფრო სავალალო შედეგების მომტანი “ქართული ოცნებისთვის~. ბოლოს და ბოლოს, საკუთარი ინტერესებისთვის მაინც ხომ სჭირდებათ ცვლილებები, ამისთვის კი უნდა გაიაზრონ ის ვითარება, რომელშიც აღმოჩნდა “ქართული ოცნება” და მასთან ერთად ყველა ჩვენგანი.
ბოლო ოპოზიციური მანდატების გაუქმების დრო მოახლოვდა – მმართველ პარტიას არჩევანის გაკეთება მოუწევს
“პარტიის “გახარია საქართველოსთვის” 12 საპარლამენტო მანდატის საკითხი უახლოეს პერიოდში ისევ აქტუალური გახდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით იმოქმედებენ და საგაზაფხულო სესიის დასრულებას ელოდებიან. თავად ექსპრემიერის პარტია უარს ამბობს მანდატების გაუქმების მოთხოვნით განცხადების დაწერაზე და აცხადებს, რომ მაისში ეს “ისედაც” მოხდება. შესაბამისად, მმართველი პარტია არჩევანის წინაშეა – გააუქმოს ბოლო ოპოზიციური მანდატები, თუ გააჭიანუროს პროცესი და ფორმალურად მაინც შეუნარჩუნოს პარლამენტს მრავალპარტიულობა. სავარაუდოდ, მაისის თვის შუა რიცხვებში პარლამენტს ამ 12 მანდატის გაუქმების საკითხის განხილვა მოუწევს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თავად გახარიასთვის მანდატებს მხოლოდ დაფინანსების მხრივ აქვს მნიშვნელობა, რადგან ამის გარდა სხვა დაფინანსების წყარო მას არ აქვს. ნაწილი ექსპერტებისა ელის, რომ “ოცნება” რეგლამენტის გათვალისწინებით მოიქცევა და გაუუქმებს მანდატებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ მაინც გააჭიანურებს პროცესს, რადგან პარლამენტს ფორმალურად მაინც შეუნრჩუნოს მრავლაპარტიულობა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბოლო ოპოზიციური მანდატების გაუქმების დრო მოახლოვდა – მმართველ პარტიას არჩევანის გაკეთება მოუწევს.
“რეგლამენტის თანახმად, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არ დაესწრო სხდომების ნახევარზე მეტს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას. ამასთან, კომიტეტი შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, ხოლო დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. ბიუროს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ყოველთვიურად ადგენს კომიტეტების სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას, მასში უთითებს თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობასა და გაცდენის თარიღებს და უზრუნველყოფს ამ სიის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ხალხის ძალის” წევრმა სოზარ სუბარმა აპრილის ბოლოს განაცხადა, რომ თუ გიორგი გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში არ შევლენ, მათ მიმდინარე წლის მაისში მანდატებს შეუწყვეტენ. როგორც სუბარმა “რადიო სივრცეში” სტუმრობისას განაცხადა, არსებული წესის მიხედვით, როდესაც მანდატის მქონე დეპუტატი პარლამენტში გააცდენს მორიგი, ანუ საგაზაფხულო სესიის ნახევარზე მეტს, პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, რომ მას მანდატი გაუუქმოს. “თქვენი ეთერიდან ვიძლევი პირობას, რომ მათ მანდატებს შევუწყვეტთ!”, – განაცხადა სუბარმა. ის დარწმუნებულია, რომ გახარიას პარტია ამის გამო პარლამენტში შევა. “შემოსვლა ახლაც უნდათ, მაგრამ ეშინიათ დანარჩენი ოპოზიციის ბულინგის. აი, როგორც მე თქვენ გიყურებთ, ისე დავინახავთ, როგორ შემობრძანდებიან პარლამენტში”, – ამბობდა სუბარი. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ “ოცნება” პროცესის გაჭიანურებას არ შეეცდება და მოიქცევა ისე, როგორც რეგლამენტითაა გათვალისწინებული. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი დარწმუნებული არ არის, რომ “ოცნება” მანდატების გაუქმებაზე წავიდეს”, – განაგრძობს გამოცემა.
“მე მგონი “ოცნება” გაჭიანურებაზე არ წავა, რადგან, ჯერ ერთი, პარლამენტის რეგლამენტის დარღვევა გამოდის და ამაზე, რა თქმა უნდა, ოპოზიციას რეაქცია ექნება და რომ გაუხანგრძლივონ მანდატები, დარწმუნებული არ ვარ, რომ გახარიას პარტია ამით პარლამენტში შევა. ჩემი აზრით, ყველაფერი მოხდება ისე, როგორც რეგლამენტით არის გათვალისწინებული. არ ვიცი მანდატების გაუქმების თავიდან აცილების რა ირიბი გზები არსებობს. ერთადერთი გზა არის რეგლამენტი, რაც პარლამენტშია დადგენილი – რომ როდესაც გაცდენების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, პარლამენტი ვალდებულია მანდატი შეუწყვიტოს ამ კონკრეტულ პარლამენტარს. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ გვერდის ავლის საშუალებებს და არც “ქართული ოცნებაა” დაინტერესებული, რომ გამოსავალი, ან ხვრელი ეძებოს იმისათვის, რომ როგორმე გახარიას პარტიას პარლამენტში ყოფნის სტატუსი გაუხანგრძლივოს, რადგან არანაირი შანსი არაა იმისა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, გახარიას პარტიამ ისევ რადიკალურად შეცვალოს თავის გადაწყვეტილება და პარლამენტში შევიდნენ. მე ამ მხრივ რაიმე ცვლილებების ალბათობას ვერ ვხედა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“მათი რამდენიმე წარმომადგენლის განცხადება მოვისმინე, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ ჩვენ მანდატების გაუქმება იმიტომ არ გავაკეთეთ, რომ გვჭირდებოდა დაფინანსება შეგვენარჩუნებინა, რომელიც პარტიული მშენებლობისთვის აუცილებელიაო. მათ არჩევნებში ხომ გარკვეული ხარჯი გაიღეს და როგორც ჩანს, ამის კომპენსირება სჭირდებოდათ. მეორეც, გახარიას პარტია ყოველთვის ცდილობდა, რომ რაღაცნაირად გამორჩეულიყო დანარჩენი ოპოზიციური პარტიებისგან, მათთვის არ მიებაძა და ამიტომაც ეს მეთოდი მოფიქრეს, რომ ეს პროცესი ბოლომდე გააჭიანურეს და მიიყვანეს საქმე იქამდე, რომ თავად “ქართულმა ოცნებამ” მათ ეს მანდატები შეუწყვიტოს და ასეთი გზით პარლამენტიდან გავიდნენ”, – მიიჩნევს ანჯაფარიძე და შეკითხვაზე – “რამდენად მისალოდნელია, რომ გახარიას პარტია საბოლოოდ პარლამენტში შევიდეს?” – პასუხობს:
“ამის მოლოდინი არ მაქვს. არ ვიცი ეს პროცესი სადამდე შეიძლება გაიწელოს, მაგრამ იმ ინფორმაციის თანახმად, რასაც მე ვფლობ, სადღაც მაისის შუა რიცხვებში უნდა მოხდეს და არ მგონია ეს პროცესი ხელოვნურად გაიწელოს. მემგონი ჩვეულებრივი პროცედურები იქნება, მანდატები შეუწყდებათ და დაფინანსება შეუჩერდებათ. ისინი დღემდე, ვიდრე მათი მანდატები ოფიციალურად არ გაუქმებულა, პარლამენტარის სტატუსით და პრივილეგიებით სარგებლობენ, რაც ყველა პარლამენტარს ეკუთვნით. მათ ეს სტატუსიც მოეხსნებათ, აღარ იქნებიან პარლამენტარები და თავიანთი მდგომარეობით იმ პარტიებს გაუთანაბრდებიან, რომლებმაც ასევე უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე”.
“თუ არ ვცდები, ზედიზედ 6 თვე თუ არ ესწრები სხდომებს, მაშინ უქმდება მანდატი, ან მთელი სესიის განმავლობაში. მაისის ბოლოს, ივნისში ეს სესია იხურება და ალბათ ამას უკავშირდება. არ მგონია, რომ “ოცნება” მანდატების გაუქმებაზე წავიდეს, მით უმეტეს ამ წუთში, მაგრამ გააჩნია საშემოდგომოდ როგორი გეგმები აქვთ. “ოცნების” გადაწყვეტილებები ლოგიკასთან მაინცდამაინც ვერ მოდის შესაბამისობაში და ამიტომ ძნელია თქმა… მე რამდენადაც ვიცი, პარტიაში სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ. სწორედ ეს დაფინანსება და არჩევნები ერთმანეთთანაა კავშირში. თუ ხელისუფლება ჩათვლის, რომ გახარიას პარტიის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მისთვის მომგებიანი იქნება, მაშინ მანდატებს არ გაუუქმებს; თუ ჩათვლის, რომ მათი ჩახსნა სჯობს სიტუაციიდან, მაშინ გაუუქმებს. ფინანსური თვალსაზრისით კი, მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს და თავადაც ამაზე ლაპარაკობენ, გახარიას პარტიას, გარდა ასეთი სახელმწიფო დაფინანსებისა, სხვა დაფინანსება არ აქვს. ამიტომაც იკავებენ თავს მანდდატებზე უარის თქმისგან. არ მგონია გახარიამ შეძლოს და მანდატების გაუქმებას თავი აარიდოს. ეს ალბათ მაინც “ქართული ოცნების” გადასაწყვეტია და ამას გადაწყვეტს ისე, როგორც მისთვის ხელსაყრელი იქნება”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
ირაკლი მელაშვილი – “პლებისციტი შესაძლოა აღმოჩნდეს ის საკითხი, რაზეც ორივე მხარე შეთანხმდება”
“ქართულ ოცნებაში” ფიქრობენ, რომ შეძლებენ ამერიკელებს შესთავაზონ ისეთი რამ, რაც მათთან ურთიერთობას გააუმჯობესებს. შემთხვევითი არ იყო, რომ აშშ-ში სწორედ ეკონომიკური ბლოკის ვიცე-პრემიერი გაუშვეს ამერიკელებთან სალაპარაკოდ, რომ ნიადაგი მოესინჯა, თუ რითი შეიძლება დაკმაყოფილდეს ამერიკელების ინტერესები, რომ შეეშვან საქართველოში დემოკრატიის თემებს, მაგრამ, როგორც ჩანს, არაფერი გამოდის არც ამ საქმიდან. ის, რომ ეკონომიკის მინისტრი გაუშვეს ამერიკელებთან სალაპარაკოდ (არ მახსოვს, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობის 30-35-წლიან ისტორიაში მთავარ მომლაპარაკებლად ამერიკელებთან ეკონომიკის მინისტრი გვყოლოდა) მიანიშნებს, რომ ივანიშვილსაც და საც, მათი აზრით, ერთადერთი კოზირი აქვთ – ამერიკელებს დაელაპარაკონ ეკონომიკურ საკითხებზე, ან გაიგონ, რა ეკონომიკური პროექტი იქნება მათთვის მომგებიანი, რათა ამ კუთხიდან დაარეგულირონ ურთიერთობა, რომ მათ უარი ათქმევინონ დემოკრატიულ მოთხოვნებზე, რისთვისაც ამერიკიდან დიდი ზეწოლაა ხელისუფლებაზე, მათ შორის სანქციებით”, – აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „პლებისციტი შესაძლოა აღმოჩნდეს ის საკითხი, რაზეც ორივე მხარე შეთანხმდება“.
“ძალიან საინტერესო იყო ამ რამდენიმე დღის წინ ზურაბიშვილთან გამართული ოპოზიციისა და ელჩების შეხვედრა. იქ ელჩებმა ერთი კითხვა დასვეს, ივანიშვილმა არჩევნები რომ დანიშნოს, ამისთვის მზად თუ ხართო. ოპოზიციას ამაზე მაინცდამაინც კონკრეტული პასუხი არ გაუცია. საინტერესოა ისიც, რომ ახლა ოპოზიციური პარტიები ძალიან გააქტიურდნენ რეგიონებში თავისი სტრუქტურების შექმნით. ყველა ხვდება, რომ არჩევნების გარდა, სხვა გამოსავალი არ არის. ხელისუფლების ყველაზე დიდ ინტერესში იქნება, რომ ოპოზიციის ნაწილმა გამოაცხადოს ბოიკოტი, მეორე ნაწილმა მიიღოს მონაწილეობა და ხელისუფლებას მოგება გარანტირებული აქვს. თუ ოპოზიციამ, მინიმუმ, ამ ოთხმა პარტიამ, პლუს “ფედერალისტებმა”, და კიდევ რამდენიმემ არჩევნებში ერთიანად მიიღეს მონაწილეობა, ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების და თბილისის მოგების სერიოზული შანსი აქვს. ეს იცის ხელისუფლებამ, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპოზიცია გათიშოს ბოიკოტისტებად და არჩევნებში მონაწილეებად და ისე დაამარცხოს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“ბიძინა ივანიშვილს დიდი მოთმინების უნარი აქვს. თუკი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მოხდება ოპოზიციის მარგინალიზაცია, მან შეიძლება დანიშნოს არჩევნები და უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგოს. შუალედური გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ერთი მხრიდანაც და მეორიდანაც – როდესაც ერთი არჩევნებს ითხოვს და მეორე უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, გადაწყვეტილების მიმღები უნდა გახდეს ხალხი. ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში პლებისციტი იდეალური გამოსავალი იქნება. სავსებით შესაძლებელია პლებისციტი აღმოჩნდეს ის საკითხი, რაზეც შეთანხმდება ერთმანეთთან ორი მხარე, ოღონდ ამისთვის აუცილებელია ოპოზიცია იყოს თანამშრომლობის ისეთ რეჟიმში, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალური ხმების მობილიზებას ოპოზიციის სასარგებლოდ. ოპოზიცია ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ცხადი არჩევანი, რას გააკეთებენ უკეთესად, რა პრობლემებს მოაგვარებენ, ქვეყანას რა პერსპექტივას გაუჩენენ”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“მხოლოდ და მხოლოდ ლანძღვა და იმაზე ლაპარაკი, რომ ივანიშვილი რუსეთის პროექტია და ყველანი რუსეთის აგენტები არიან, არ არის საკმარისი ხელისუფლების დასამარცხებლად. ფაქტია, ხელისუფლების პროპაგანდა უფრო წარმატებულია, ვიდრე ოპოზიციის. რა თემებითაც მიდის ხელისუფლება ხალხთან, ამაზე ოპოზიციას პასუხები არა აქვს. მშვიდობის თემას საერთოდ ხელი ჰკრეს, თქვეს, ეს პრობლემა საერთოდ არ არსებობს, ამაზე კამათს “ოცნებასთან” არც დავიწყებთო, და სინამდვილეში ამით არჩევნები წააგეს, რადგან ხელისუფლებამ ხალხი დაარწმუნა, რომ ის არის მშვიდობის გარანტი, ოპოზიცია კი ომის საფრთხეა. დღეს მსოფლიო ბანკიც, სავალუტო ფონდიც და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აჩვენებენ, რომ 11%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. უსმენ ოპოზიციის ეკონომიკის ექსპერტებს და გაიძახიან, ქვეყნის ეკონომიკა დაქცეულიაო. რაშია საქმე, რაღაცის ანალიზი ხომ უნდა გაკეთდეს? ანუ არის ეკონომიკაში რაღაც, რაშიც “ქართული ოცნება”, როგორც ჩანს, სწორია, ხომ? ასე რომ, ოპოზიციას ტაქტიკა საფუძვლიანად გადასახედი აქვს და ლაპარაკი, არაფერს აზრი არა აქვს, ამ ქვეყანაში არჩევნების თემა დახურულიაო და ა.შ., ძალიან მცდარია”, – ამტკიცებს ანალიტიკოსი.
“ყველაზე ცუდი პოზიციაა ის, როდესაც საზოგადოებას ეუბნები, არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადოთო, საზოგადოება კი სვამს კითხვას, კარგი, არ წავედი არჩევნებზე, მერე რა ხდებაო, ამაზე არავინ არაფერს ეუბნება. ამიტომაც ვამბობ, რომ ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს პლებისციტი, რადგან ეს ნიშნავს, რომ არც ხელისუფლებამ დაუთმო ბოლომდე ოპოზიციას და არც ოპოზიციამ და ორივე თანხმდება, რომ გადაწყვიტოს ხალხმა. ჩემი აზრით, პლებისციტი ოპოზიციისთვის გაცილებით მომგებიანია, რადგან პლებისციტში გამარჯვება უფრო ადვილია, ვიდრე არჩევნებში. ქვეყანაში პოლიტიკურ ძალებს შორის რაღაც ველი უნდა არსებობდეს, სადაც შეთანხმება მოხდება, რათა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ და ახალ არჩევნებს მივაღწიოთ. ამას კი სჭირდება მექანიზმები. იდეა, რომ თვითმმართველობის არჩევნები და საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთს დავუპირისპიროთ, სულ უფრო და უფრო აბსურდული ხდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოდის თვითმმართველობის არჩევნები, რაღა დარჩა, 5 თვე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე კიდევ უფრო ნაკლები და რაღაც ვერ ვხედავ, რომ ამ ოთხ თვეში ხელისუფლებას შევცვლით, ივანიშვილი ჩემოდნებს ჩაალაგებს და ქვეყნიდან გაიქცევა”, – ამბობს ირაკლი მელაშვილი.
“ერთადერთი ზეწოლა, რაც ახლა არის “ოცნებაზე”, გარე ზეწოლაა. ქვეყანაში რაც ხდება, ყოველ საღამოს რომ იკეტება რუსთაველი, ხელისუფლებას არ მოსწონს, მაგრამ, ავად თუ კარგად, ეგუება. რაც შეეხება ეკონომიკას, დღეს “ოცნებისთვის” ძალიან კარგი სიტუაციაა, მაგრამ სადამდე გაქაჩავს, არ ვიცი. ამაზე ეკონომისტებმა უნდა ილაპარაკონ, მაგრამ არა ისე, როგორც დღევანდელი ოპოზიციონერი ექსპერტები ლაპარაკობენ – წლებია ისინი “ოცნების” ეკონომიკურ კრახსა და ეკონომიკის ჩამოშლაზე ლაპარაკობენ და საზოგადოებას მათი აღარ სჯერა. ხელისუფლება პლებისციტით ქვეყნის გარეთ ეტყვის ყველას, თქვენ კი მაბრალებთ, რომ არავის ანგარიშს არ ვუწევ, მაგრამ აი, ხალხს ვეკითხები და ეს არის ყველაზე დიდი დემოკრატიაო. რიგგარეშე არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა გადადგება. კონსტიტუციით ასეა. მეორე გზაა რევოლუცია, რომლის თავი ოპოზიციას არა აქვს. პლებისციტი კი არის მექანიზმი, რომელიც ყველაზე რეალური შეიძლება იყოს ოპოზიციისთვის. პლებისციტის იდეაზე თვეებია ვლაპარაკობთ. დავდივართ ასე, ოპოზიციის ლიდერებთანაც გვქონია შეხვედრები და გვილაპარაკია, ხომ არ შეიძლება ეს გამოსავალი იყოს”, – დასძენს მელაშვილი და შეკითხვაზე – “რას ამბობენ?” – პასუხობს:
“უბედურება ის არის, რომ ნებისმიერი თემაზე, რომელიც არ არის ამ ძალიან აგრესიული მეინსტრიმული ბაბლის მოწონების საგანი, ყველა ერიდება საუბარს, იმიტომ, რომ არ სურთ ამ აგრესიისა და ბულინგის მსხვერპლი გახდნენ, მაგრამ ასე არაფერი გამოვა. ოპოზიციას რაღაცები შესაცვლელი აქვს და ამაზე თუ არ იფიქრა, არც პლებისციტი უშველის, არც არჩევნები და არც ივანიშვილი გაიქცევა. ამათი შემხედვარე, არც ამერიკა და ევროპა შეცვლიან საბოლოოდ ხელისუფლებას, თუკი დაინახეს, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს იმ დღის წესრიგის შეთავაზებას საზოგადოებისთვის, რომლითაც მხარდაჭერას მოიპოვებს. მილიონჯერ მითქვამს, კადაფის რეჟიმთან ჰქონდათ ურთიერთობა და ბიძინა ივანიშვილთანაც მოაგვარებენ ყველაფერს, თუ ოპოზიცია მარგინალიზაციის გზით წავიდა”.