გია ხუხაშვილი – უმადურო პუტინი ანუ ვიწროვდება თუ არა წრე რუსეთის გარშემო?!
მირიან მირიანაშვილი – “საქართველო უალტერნატივო გეოგრაფიული გასაღებია“
არჩილ გამზარდია – ორი სცენარი საქართველოსთვის ანუ რა გველის უახლოეს თვეებში?!
* * *
გია ხუხაშვილი – უმადურო პუტინი ანუ ვიწროვდება თუ არა წრე რუსეთის გარშემო?!
“ნება მომეცით ვისარგებლო შემთხვევით და უპირველესად ახალი წელიწადი მივულოცო მკითხველს, წარმატება და წინსვლა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს, ამან ის ყალბი ილუზიები, რომ თითქოს არ არსებობს საერთაშორისო წესრიგი და სამართალი, რომ აშშ უარს ამბობს გლობალური მოთამაშის ფუნქციაზე, ფაქტობრივად, გააქარწყლა. ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, დიპ სტეიტი აბობოქრდა. ეს ყელყელაობა, რაც დიქტატორულ რეჟიმებს ახასიათებს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასაც, მათი რიტორიკა, რომ არ დაუშვებენ დასავლეთის რაღაცებში ჩარევას, ამ პროპაგანდისტული ნარატივის მიღმა კი საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობენ, დაუსჯელი არ დარჩება. ამას დღევანდელ სამყაროში არავის აპატიებენ. ჩვენ ახლა ვენესუელასთან ერთად, ვუყურებთ ირანში განვითარებულ მოვლენებსაც. მოგეხსენებათ, რა მასშტაბური გამოსვლებია ანუ წრე ვიწროვდება…”, – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით უმადურო პუტინი ანუ ვიწროვდება თუ არა წრე რუსეთის გარშემო?!
“ჩემი აზრით, რუსეთთან აშშ-ის ეს ბოლოდროინდელი ლოიალური დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, ერთგვარი შირმა იყო იმისთვის, რაც მზადდებოდა სინამდვილეში და ეს ემსახურებოდა რუსეთის მოდუნებას, რათა ნელ-ნელა მის გარშემო წრე დაევიწროებინათ. ეს პოზიტიური პროცესია და მინიშნება უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლებისთვისაც, რომ მათი იმედები და ილუზიები, რომ საქართველოში, რასაც უნდა იმას იზამენ და ამას არავინ მიაქცევს ყურადღებას, რომ მათ ამის უფლება აქვთ, ქრება. ამ ტიპის რეჟიმებს რეალური დასაყრდენი ხალხში არა აქვთ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვენესუელა ამ დღეებში ამ ყველაფერს იზეიმებს. დაახლოებით იგივე ხდება ირანში, როგორც კი რეჟიმი მოირყევა, იქაც მთელი ქვეყანა იზეიმებს ამას. დროა, საქართველოშიც ერთმა კაცმა გაიღვიძოს და რეალურად დაინახოს ის მომავალი, რაც მას შესაძლოა ემუქრებოდეს, თუ გააგრძელებს ქვეყნის ფსევდოფასეულობებსა და ურაპატრიოტიზმზე აგებულ პროპაგანდისტულ მართვას, ისევ და ისევ საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობის ხარჯზე. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, საქართველოს დღეს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის პოლიტიკური პატიმრები ჰყავს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“გარდა ამისა, ბუნებრივია, რომ აშშ-ის მიერ ვენესუელური ნავთობის გაკონტროლება პირდაპირ მიმართული იქნება რუსეთის დასუსტებაზე. კრემლს ისედაც აღარ შერჩა ბევრი პარტნიორი. ერთადერთი სერიოზული პარტნიორი ჩინეთია, მაგრამ ისიც მხოლოდ სიტუაციური და არა სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს და ნებისმიერ დროს შეუძლია რუსეთისგან ხელი დაიბანოს. რუსეთის ერთგული მოკავშირეები იყვნენ ვენესუელა და ირანი, დღეს ორივეს თავისი გასჭირვებია. ევროპაში უნგრეთს განიხილავდნენ პარტნიორად, მაგრამ აპრილში არჩევნებია და, დიდი ალბათობით, ორბანის მთავრობას წასვლა მოუწევს. ეს ყველაფერი აისახება რუსეთ-უკრაინის ომზეც”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ განვითარებული პერიპეტიები, არ ჰგავს საქმის ძიებას. ეს უფრო მაფიოზური კლანების დაპირისპირებას ჰგავს, მათ შორის გარჩევებს და სამწუხაროდ, ამაში სახელმწიფო ინსტიტუტები არიან ჩათრეული და ჩართული. თუნდაც დარახველიძის ბრიფინგისას ეს ირიბად გამოჩნდა – როდესაც ვიღაცას ბრალს სდებ, მოტივი უნდა დაასახელო. შსს-ს განცხადებაში მოტივად მოყვანილი იყო ბიზნესუთანხმოება, ბუნებრივად იბადება კითხვა, რა ბიზნესზეა ლაპარაკი? ჩვენ ვიცით, რომ ერთი მხარეც და მეორეც ასოცირდება კრიმინალურ სისტემებთან, რასაც ხელისუფლებაც არ უარყოფს. მაშ, დაასახელონ რა ბიზნესზე მოუხდათ უთანხმოება? რა, სახინკლის წილები ვერ გაიყვეს? ხომ არა გვაქვს აქ საქმე ეკონომიკური საქმიანობის რუხ ზონასთან, მაგალითად, ნარკოტრეფიკთან, ქოლცენტრებთან, კონტრაბანდასთან ან რამე მსგავს უბედურებებთან? ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ შს სამინისტროს შეიძლება ამ ტიპის კრიმინალური საქმიანობა ბიზნესად მიაჩნდეს. სისტემის მენტალური მანკიერებაა, როდესაც, მაგალითად, ქოლცენტრები ვიღაცას ბიზნესად მიაჩნია, სინამდვილეში კი ძარცვაა”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“მოკლედ, ეს არის კლანებს შორის დაწყებული წმინდა წყლის მაფიოზური ომი,. ამ ყველაფერში ჩათრეული არიან სახელმწიფო უწყებები, რომელთაც თავიანთი ინტერესები აქვთ. სად პოლიტიკაა, სად კრიმინალი და სად კორუფციული მამაძაღლობა, ვერ გაიგებ, რადგან ყველაფერი ერთმანეთშია აზელილი. ამ ტიპის სისტემა ააშენეს, თან მისი ალგორითმი კოპირებულია რუსეთიდან. დიახ, საქართველოში რუსული მოდელის მმართველობითი სისტემა შენდება, რასაც თავისთავად უკავშირდება სუვერენული დემოკრატიის დამყარებას ერთი დომინანტური პარტიით და მისი სატელიტი ოპოზიციით. 2025 წელს ჩვენ ამ პროცესში ვიყავით, ხელისუფლების ერთადერთი ამოცანა იყო ძალაუფლებასთან პირდაპირ კავშირში არსებული ფულის გაკონტროლება. ამ ამოცანის შესასრულებლად ყველაფერი კეთდებოდა – იჭერდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს, მიიღეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც მაქსიმალურად ცდილობდნენ განსხვავებული აზრის შეზღუდვას და გაქრობას, ხუთავდნენ სამოქალაქო საზოგადოებას”, – ამტკიცებს გია ხუხაშვილი.
“პარალელურად მიდიოდა ცივილიზებული სამყაროს დემონიზაცია, რაც ირიბად იმას ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებას ორიენტაცია უკვე აღებული აქვს რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაციისკენ. გასულ წელს ყველა მანკიერებაზე, რაც კი შეიძლება მომხდარიყო, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ხელი მოაწერა და ისეთი პირი უჩანს, რომ ხელისუფლება ამ აღებულ ტემპს გააგრძელებს 2026 წელსაც, თუმცა არის რამდენიმე მომენტი, კერძოდ, საერთაშორისო პოლიტიკა, ანუ რა პროცესები წავა მსოფლიოში და შიდაპარტიული დაპირისპირება “ქართულ ოცნებაში”, რაც ძალიან არის გამწვავებული. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან არსებობდა სხვადასხვა ჯგუფი, რომლებიც ცდილობდნენ მეფის კარზე ერთადერთ მემკვიდრედ დარჩენას. ეს ბრძოლა ნაბიჯ-ნაბიჯ კრიმინალური მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობდა. ჯანგველაძე-ფარცხალაძის ქეისიც კარგად ააშკარავებს ამ ბრძოლების სახეს. 2026 წელს, როგორც ჩანს, ეს პროცესები კვლავ გაგრძელდება”, – თვლის რესპონდენტი.
“გამოითქმის ვარაუდი, რომ მომავალ წელს კობახიძის მორიგი სამიზნე კალაძე იქნება, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. ამ ეტაპზე კალაძე მე კობახიძისა და მისი რაზმის სიტუაციური პარტნიორი მგონია. გამომდინარე იქიდან, რომ ახლა მიმდინარეობს პროცესი, რომელიც ახდენს ბიძინა ივანიშვილის გარკვეულ სტერილიზაციას. მთავარი სტრატეგია არის ბიძინას ირგვლივ მათთვის ყველა პოტენციური საფრთხის განადგურება, ანუ მის ერთადერთ მემკვიდრედ დარჩენა. ახლა ბოროტი ბავშვი იბრძვის მდიდარი მამის მემკვიდრეობისთვის – კობახიძე მყავს მხედველობაში. კახა კალაძეს ის ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, უფრო პარტნიორად მოიაზრებს, რა თქმა უნდა, მოთვინიერებულ და დამორჩილებულ პარტნიორად და არა თავისუფალ მოთამაშედ. ვიღაცას შეიძლება აქვს ილუზია, რომ კახა კალაძე თავისუფალი მოთამაშეა, მაგრამ ასე არ არის. მას იმდენი სისუსტე აქვს, რომ მისი ნეიტრალიზება და დამორჩილება პრობლემას არ წარმოადგენს”, – განმარტავს ექსპერტი.
“ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ძალაუფლების კონტროლში. ახლა ცდილობენ მისი სისუსტეები გამოიყენონ და მას მანევრირების საშუალება მოუსპონ, შესაბამისად კი ნელ-ნელა შეავიწროონ მისი ძალაუფლება და შესაძლებლობები. მე არ მჯერა, რომ ამას მხოლოდ კობახიძე და მისი ჯგუფი აკეთებენ, ჩემი აზრით, ისინი ვიღაცის ხელში ინსტრუმენტები არიან ამ დიდ თამაშში. მე ვერ დავაკონკრეტებ, ეს ძალა კრემლში ზის, ტრანსნაციონალური კრიმინალია თუ ორივე ერთად, მაგრამ ფაქტია, სერიოზული ზურგის გარეშე ამ ყველაფერს კობახიძე და მისი რაზმი ვერ გაბედავდნენ. ივანიშვილი სულელი არ არის, რომ ვერ ხვდებოდეს, დღეს რა მდგომარეობაშია. იმასაც ვიტყვი, რომ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კობახიძის წამოწყებული პროცესი ბოლომდე მივა. ივანიშვილს თავისი სვლა ჯერ არ გაუკეთებია. მე უკვე მალე, წლის დასაწყისშივე ველი მისგან გარკვეულ ნაბიჯებს ამ ყველაფრის პრევენციისთვის”, – დაასკვნის გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე – “ როგორ შეიძლება წარიმართოს ის პროტესტი, რომელიც უამრავი შემზღუდავი რეგულაციის მიუხედავად, კვლავაც გრძელდება?” – პასუხობს:
“ეს პერმანენტული პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი რამ – დღეს ჩვენ ვართ პოლიტიკურ ომში, რა დროსაც საჭიროა მაკონსოლიდირებელი ელემენტი. პროტესტი მასშტაბურია, დიდია, მაგრამ ის დაქსაქსულია. მისი კაპიტალიზაცია, ერთ მდინარებაში მოქცევა შეუძლიათ მხოლოდ პოლიტიკოსებს. პოლიტიკოსის გარეშე შეუძლებელია, რომ ბრუტალურ ძალას ადეკვატური ძალა დაუპირისპირო. რაც შეეხება არსებულ პოლიტიკურ კლასს, სამწუხაროდ, მათში, არც თავისუფლებაში მყოფებსა და არც პატიმრად ქცეულებში, ვერ ვხედავ იმ ძალას, რომელსაც შეუძლია მაკონსოლიდირებელი როლის შესრულება. პროტესტი არ ენდობა მათ. ჩვენ დღეს ხელისუფლების ლეგიტიმურობის პრობლემაც გვაქვს და ოპოზიციისაც”.
“თითქმის ვერაფერს აკეთებენ ხალხთან სამუშაოდ, მათი ნდობის მოსაპოვებლად. არც იციან, რა, როგორ გააკეთონ, არა აქვთ რეალური გეგმები, პოზიტიურ მოლოდინებს ვერ ქმნიან. ვიღაცა მეტყვის, ციხეში სხედან და რა ქნანო, მაგრამ მანამდეც დიდი ავტორიტეტით ვერ დაიკვეხნიდნენ. ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს – ამ წლების განმავლობაში ივანიშვილი ცდილობდა მაქსიმალური ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი დაეთესა. მისი გზავნილი დაახლოებით ასეთი იყო, მე შეიძლება მამაძაღლი ვარ, მაგრამ დანარჩენები ჩემზე უარესები არიანო. ოპოზიციამაც ამას ვერაფერი დაუპირისპირა, ბევრი ვერაფერი გააკეთა, რომ ხალხთან ჩატეხილი ხიდი აღედგინა. დღესაც არაფერს აკეთებენ, ვირტუალურ პარტიებად იქცნენ… ხალხთან დიალოგში რომელი ოპოზიციური პარტია გეგულებათ? პირადი გმირობის მაგალითზე პოლიტიკის აგება პოლიტიკის დისიდენტური გაგებაა. ამგვარად ვერ მოხერხდება ქვეყანაში არსებულ მასშტაბურ პროტესტთან კავშირის დამყარება და მისი მართვა… იმედი ვიქონიოთ, რომ ეს წელი ამ თვალსაზრისით გარდამტეხი იქნება”, – დასძენს ხუხაშვილი.
მირიან მირიანაშვილი – “საქართველო უალტერნატივო გეოგრაფიული გასაღებია“
“2024 წლის განმავლობაში პოსტსაბჭოთა სივრცე ძველებურად, როგორც სადავო ტერიტორიად, “ნაცრისფერ ზონად” აღიქმებოდა, სადაც დიდი სახელმწიფოები თავიანთ ინტერესებს ათამაშებდნენ, 2025 წელი კი იმით გამოირჩევა, რომ დასრულდა თითქმის ოცდახუთწლიანი გაურკვევლობა, რომელიც ამ სივრცეს თან სდევდა… მეორე მნიშვნელოვანი გარემოებაა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწყებული მოლაპარაკებები, რამაც შეიძლება ომი დაასრულოს. ეს შეეძლო მხოლოდ აშშ-ს, რადგან მსოფლიოში დომინანტი ქვეყანაა, მისი ნება გადამწყვეტია. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მსოფლიოსთვის, არამედ საქართველოსთვისაც, იმიტომ, რომ საქართველო უკრაინის ომთან ერთად დავის საგნად იქცა და ჩვენი გაურკვევლობაც ამ პროცესთან ერთად უნდა დასრულდეს”, – აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველო უალტერნატივო გეოგრაფიული გასაღებია“.
“რუსეთმა შეიძლება რომელიმე ტერიტორია შეინარჩუნოს, მაგრამ მთავარ საკითხში, იმპერიული რევანშის თვალსაზრისით, მან ომი წააგო. რუსეთისთვის პრობლემა მხოლოდ ტერიტორია არ არის. ყველაზე დიდი პრობლემა სანქციებია. მისთვის ეკონომიკური და სოციალური წნეხი უფრო მძიმეა, ვიდრე სამხედრო გამოწვევები. ამის ნათელი მაგალითია ირანი, მრავალწლიანი სანქციების შედეგად ქვეყანა დღეს ეკონომიკური აფეთქების ზღვარზეა. რუსეთსაც სურს არა მხოლოდ სამხედრო დაძაბულობის დასრულება, არამედ სანქციების სრული პაკეტის მოხსნა, რაზეც ევროპა თანხმობას არ იძლევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე დაბრუნება. ეს ბაზარი მას წელიწადში დაახლოებით 140 მილიარდ დოლარს აძლევდა. რაც შეეხება უკრაინას, ბოლო სამ-ნახევარი წლის განმავლობაში დასავლეთიდან კოლოსალური ფინანსური რესურსი შევიდა. ჯამში საუბარია თითქმის ნახევარ ტრილიონ დოლარზე. უკრაინის ელიტისთვის ყოველთვიური 10 მილიარდი უკიდურესად სერიოზული ფინანსური ნაკადია და ბუნებრივია, ზავის მიმართ დამოკიდებულებაზე ეს გავლენას ახდენს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“არსებობს ფარული მომენტებიც, მათ შორის ფინანსური. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა ავტომატურად დათმობს ყველაფერს, მაგრამ გარკვეულ ტერიტორიებზე, რომელთა დათმობას დღეს კატეგორიულად გამორიცხავენ, თუ უკრაინას მისცემენ იმას, რაც მის ელიტას მისცემს უსაფრთხოების, ანუ აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურ გარანტიებს, შეიძლება კომპრომისზე წავიდნენ. საუბარია იმაზე, რომ უკრაინა ოფიციალურად ჩამოყალიბდეს როგორც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის სატელიტი, დაახლოებით ისეთი, როგორიც ისრაელია ახლო აღმოსავლეთში. ასეთ შემთხვევაში ამერიკა ვალდებული იქნება ნებისმიერი ქვეყნის უკრაინაზე თავდასხმა აღიქვას როგორც საკუთარ ტერიტორიაზე თავდასხმა. ასეთი გარანტია რუსეთისთვის უკრაინის ნატოში გაწევრებაზე უარესია. ეს ასევე ნიშნავს, რომ უკრაინის მართვის სადავეები მთლიანად გადადის ამერიკის ელიტის ხელში. ევროპა უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას, მაგრამ პოლიტიკური და სამხედრო კონტროლის ბერკეტები, ძირითადად, ამერიკის ხელში იქნება”, – ამტკიცებს რესპონდენტი.
“ფაქტობრივად, უკრაინის მრავალრიცხოვან არმიაზე პოლიტიკურ კონტროლს ამერიკა დაამყარებს და უკრაინა გადაიქცევა ამერიკის სამხედრო-სტრატეგიულ საყრდენად ცენტრალურ ევროპაში. კრემლი იძულებულია შეეგუოს იმ მოცემულობას, რომელიც მისთვის არახელსაყრელია, იმიტომ, რომ ამერიკასთან ომი მის შესაძლებლობებს აღემატება. უკრაინასაც მოუწევს არსებულ მოცემულობასთან შერიგება. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების მოლოდინებს ტრამპთან დაკავშირებით, არსებობს აბსურდული მოსაზრება, თითქოს საქართველო არ აინტერესებთ არც ტრამპს და არც რესპუბლიკურ ადმინისტრაციას. სინამდვილეში, საქართველო და მთლიანად რეგიონი XXI საუკუნის შუა ნახევრისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და ეკონომიკურ სეგმენტად ყალიბდება. ამაზე მიუთითებენ ამერიკული ანალიტიკური ცენტრების შეფასებებიც”, – განაგრძობს ანალიტიკოსი.
“მათი ანალიზით, ჩინეთი შუა აზიის გარეშე ამერიკისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, შუა აზია და სამხრეთი კავკასია კი ჩინეთისთვის და რუსეთ-ჩინეთის ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამერიკის მიერ შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის წართმევა რუსეთისა და ჩინეთისთვის ნიშნავს ჩინური საფრთხის განეიტრალებას და რუსულ-ჩინური ალიანსის დრამატული კონფიგურაციის დაშლას. საქართველო ამ პროცესში უალტერნატივო გეოგრაფიული გასაღებია. სამხრეთის მარშრუტი ანუ ზანგეზურის კორიდორი, ფაქტობრივად, ნიშნავს თურქეთის გაძლიერებას შუა აზიაში, რაც ისტორიულად არც ბრიტანელებს და არც ამერიკელებს არ სურდათ. მათთვის მიუღებელია თურქეთის ლიდერობით შუა აზიისა და ციმბირის კონსოლიდაცია. შესაბამისად, საქართველო რჩება ერთადერთ რეალურ გზად როგორც შუა აზიასთან, ისე შავი ზღვის აუზთან კავშირში. საქართველოზე უარის თქმა ამერიკისთვის იმდენად აბსურდულია, რომ ამაზე დისკუსიაც კი უაზრობაა”- დაასკვნის მირიან მირიანაშვილი.
“სინამდვილეში, სიგნალები ამერიკიდან უკვე იყო. საუბარია იმ წერილზეც, რომელიც რუბიოს სახელით ბიძინა ივანიშვილს გაეგზავნა. ბიძინა ივანიშვილმა ეს წერილი გარკვეული მოსაზრებების გამო არ მიიღო. ამერიკული შეფასებით, ეს უკავშირდებოდა იმას, რომ მას არ სურდა რუსების თვალწინ კომუნიკაცია ამერიკელებთან, მაგრამ თუ ეს კიდევ განმეორდება, უკვე აღიქმება როგორც ამერიკის ხელახალი შეურაცხყოფა. ამიტომ კომუნიკაციის ფორმაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში ხელისუფლებას ეკისრება. ხელისუფლება ამბობს, რომ “ელოდება”, მაგრამ მოლოდინი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. უკვე ნათლად ჩანს, ამერიკელებმა ჩართეს პირდაპირი კომუნიკაცია და განაცხადეს, რომ ივანიშვილთან ურთიერთობა ვერ იმუშავებს, სანამ რუსეთიდან გარკვეული შეზღუდვები და პირობები ძალაშია. საუბარია იმაზე, რომ ზავის იურიდიულ პირობებში პირდაპირ ვერ ჩაიწერება საქართველოს თემა, მაგრამ როგორც კი ზავის კონტურები გამოიკვეთება, რუსეთი ვალდებული გახდება საქართველოზე ზეწოლა შეწყვიტოს”, – განმარტავს რესპონდენტი.
“ამ დროს ამერიკელებს ექნებათ მთავარი გარანტია, რომ ქართველებს უარის თქმის სურვილი არ ექნებათ და დასავლურ კურსს არ გადაუხვევენ. მიუხედავად სკეპტიციზმისა, ეს ზავი გაფორმდება. როგორც კი პოლიტიკური მორიგება შედგება, საქართველოს საკითხიც ავტომატურად დალაგდება. როდესაც რუსეთი და ამერიკა შეთანხმდებიან, რუსეთს აღარ ექნება რესურსი ერთდროულად შეინარჩუნოს გავლენა უკრაინაზე, საქართველოზე, საზოგადოდ, კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა წერტილებზე”, დასძენს მირიან მრიანაშვილი და შეკითხვაზე – “ჩინეთის როლი ამ კონფიგურაციაში როგორ წარმოგიდგენიათ?” – პასუხობს:
“უკრაინის ომის ფონზე ჩინეთმა მართლაც გაიძლიერა პოზიცია, განსაკუთრებით რუსეთში, მაგრამ არა სამხრეთ კავკასიაში. ჩინეთი არ არის დაინტერესებული შავი ზღვის აუზში კონფრონტაციით. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ ტრამპმა პირდაპირ დაურეკა უზბეკეთისა და ყაზახეთის ლიდერებს და შესთავაზა ჩ20-ის ფორმატებში სტუმრის სტატუსით მონაწილეობა, რაც თვისებრივად მაღლა სწევს შუა აზიის პოლიტიკურ სტატუსს მსოფლიო ასპარეზზე. ამასთან, კულუარულად მზადდება ამერიკასა და ყაზახეთ-უზბეკეთს შორის სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულება, რაც გეოპოლიტიკურად შეცვლის შუა აზიის კონფიგურაციას. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ამერიკა აქტიურად შედის შუა აზიის პოლიტიკურ თამაშში, რათა ჩინეთი არ გახდეს დომინანტი. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის შემდეგ ამერიკული უსაფრთხოების გარანტიების პრეცედენტი შეიძლება გავრცელდეს საქართველოზეც. თუ ეს პრეცედენტი დაშვებული იქნება პოსტსაბჭოთა სივრცეში, უკრაინის შემდეგ ნომერი პირველი კანდიდატი საქართველო იქნება და თუ რუსეთი ამას უკრაინაში შეეგუება, მას მოუწევს ამ რეალობას საქართველოშიც შეეგუოს”.
არჩილ გამზარდია – ორი სცენარი საქართველოსთვის ანუ რა გველის უახლოეს თვეებში?!
“ვხედავ ძალიან მარტივ, პრიმიტიულ, კლანური ინტერესებისა და ძალაუფლების კონცენტრაციის კვეთას… საზოგადოდ, ტოტალიტარიზმი, კლასიკური დიქტატისგან განსხვავებით, არ ყოფს ხალხს მტრებად და მოყვარეებად. ტოტალიტარიზმის პრინციპით ყველა უნდა იყოს დაუცველი, ჩამოკიდებული ტოტალიტარზე. მე, რა თქმა უნდა, არა მაქვს ილუზია, რომ ის პირები, რომლებიც ძალაუფლების ნაწილი იყვნენ, უმწიკვლო ადამიანები არიან და მათ უსამართლოდ დევნიან, მაგრამ ასეთ პროცესში მთავარია, ხელისუფლებაშიც ხედავდნენ, რომ თავადაც დაუცველები არიან… და კიდევ – ტოტალიტარები გარდა იმისა, რომ თვითონ ქმნიან ყველაში შიშის სინდრომს, თვითონაც ამ შიშის რეჟიმში მართავენ საკუთარ თავს. მუდმივად შიშობენ, რომ ვიღაც არ გამოჩნდეს მათზე ძლიერი, ვინც საიდანღაც რაიმე გავლენას დაემორჩილება და ამ პროცესში ძალაუფალმა, ტოტალიტარმა, თვითონ არ იგრძნოს თავი დაუცველად. ამიტომაც გადადიან ხოლმე ტოტალურ შევიწროებასა და დევნაზე. ტოტალიტარს არ აინტერესებს, სინამდვილეში ვინ უჭერს მხარს, მთავარია, დამორჩილებული ჰყავდეს. მხარდაჭერაზე მნიშვნელოვანი მორჩილების სინდრომია” – აცხადებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ორი სცენარი საქართველოსთვის ანუ რა გველის უახლოეს თვეებში?!
“ის, რომ ვიღაცებს ჯერჯერობით გირაოთი უშვებენ, ესეც შუალედური ეტაპია, ან ამით იმის ჩვენება უნდათ, რომ შედარებითი დაცულობის ილუზიას უქმნიან. გირაოს იქით, ალბათ, კიდევ შიდა დინებებია. მაგალითად, ლილუაშვილის საქმე ავიღოთ. დაუჯერებელია, მხოლოდ ერთ მილიონზე იყოს ლაპარაკი. ჩვენთვის ეს შეიძლება უზარმაზარი თანხაა, მაგრამ ამგვარი ფინანსური ბრუნვისთვის, რაც მათ აქვთ ხოლმე, მილიონი არაფერია. ჩემი აზრით, ეს უფრო გამოჭერას ჰგავს. სინამდვილეში ბევრად დიდ თანხებზე უნდა იყოს საუბარი. გირაო, ასე ვთქვათ, აისბერგის თავია და იმ ნაწილში, რაც არ ჩანს, კიდევ სხვა პროცესები მიმდინარეობს. ხელისუფლება ამ სუბიექტებს, ერთი მხრივ, ფორმალურ სასჯელებს აჰკიდებს და მეორე მხრივ, ამ ყველაფერს, ალბათ, აბალანსებს იმ პროცესებით, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. რაც შეეხება ლილუაშვილის ისევ “ნაციონალებთან” დაკავშირებას არის ხოლმე პროპაგანდაში ასეთი მიმართულება, რომელიც სიტუაციის ამღვრევაზეა ორიენტირებული, რომ ვეღარ გააკვიო, ვინ ვინ არის”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.
თუ დავუშვებთ, რომ ეს პირები ოპოზიციას აფინანსებდნენ, ეს სხვა სურათსაც აჩენს – გამოდის, ხელისუფლების მოწინააღმდეგეები თანამშრომლობდნენ სისტემის ყოფილ გავლენიან წარმომადგენლებთან. ცხადია, თეორიულად შურისძიების ან დაპირისპირების მოტივი შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად ეს ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან ძალოვანი სისტემის ყოფილი პირველი პირები კარგად იცნობენ რისკებს, ამიტომ ასეთ ნაბიჯებს წინასწარი გარანტიებისა და ძლიერი “დაზღვევის” გარეშე არ გადადგამდნენ. ამიტომ ასე პრიმიტიულად არ შეიძლება თქმა, ლილუაშვილმა ოპოზიციური არხები დააფინანსა, რომ შეერყია ხელისუფლებაო. ამისთვის მას, მინიმუმ, ის გარანტია უნდა ჰქონოდა, რომ უკეთესი პერსპექტივა ექნებოდა და ეს როგორ უნდა მომხდარიყო, როდესაც ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ ასეთ პერსპექტივას გამორიცხავს… სინამდვილეში სიტუაციის ამღვრევას ცდილობენ – ყველას უნდა მოედოს ტალახი, არავინ უნდა იყოს სანდო, ყველა უნდა დაეჭვდეს ყველაზე. სურთ მაქსიმალურად ეჭვზე ორიენტირებული პროცესი შექმნან”, – განმარტავს რესპონდენტი.
“ძალიან საინტერესო იყო, პირობითად, ჭყონიას ქეისი. საზოგადოების ნაწილი ვეღარ მიხვდა, ლოგიკა როგორ აეგო. თუკი ერთ შემთხვევაში, პირობითად, “კვარაცხელიებს” დევნი იმისთვის, რომ მკაფიო წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნიათ ხელისუფლებაზე, მაშინ იგივე ლოგიკა უნდა მოქმედებდეს ნებისმიერ სხვასთან და მათ შორის იმ პირებთან, რომლებსაც ბევრად მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვთ საზოგადოებაში, ბიზნესსა თუ პოლიტიკაში, მაგრამ ცოტა აირია განწყობა ჭყონიასთან დამოკიდებულებაში, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მათი რეაქცია – ანუ პირები, რომლებიც სხვა შემთხვევაში მკაფიო პოზიციას აფიქსირებენ, უნდა აირიონ. აღარ არის საკმარისი, ასე ვთქვათ, `დიპ სტეიყის ფაქტორი~, რადგან ეს უკვე აღარ ალაგებს განწყობებს. შიგნიდან არის საჭირო რაღაც ეჭვების, გაორებული პოზიციების შექმნა, რათა დეზორიენტირდეს ადამიანი. ეს ტენდენცია გაგრძელდება, რადგან ჯერ კულმინაციამდე არ არის ეს ყველაფერი მისული. ამის მიზანია, რომ ადამიანს ყველასა და ყველაფრის მიმართ გაუჩნდეს უნდობლობა, ასეთი ადამიანი კი ტოტალიტარული მმართველობის საუკეთესო საკვებია”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“თუ ამ ბოლო პერიოდის მოვლენებს გადავხედავთ, მაშინ ეს დეზორიენტაცია, უფრო უნდა გამძაფრდეს, რათა აქტიურმა ანტისახელისუფლებო პირებმა ვერ გაიგონ, რა ლოგიკით იხელმძღვანელონ. მეტიც, `დიპსტეიტიზმი~ შეიძლება ჩანაცვლდეს შიდა უნდობლობით, რადგან ეს უფრო ეფექტიანად იმუშავებს ხელისუფლების სასარგებლოდ. დიპ სტეიტის ნარატივი გამოიყენებოდა როგორც საფრთხის ამორფულად წარმოჩენისა და ოპოზიციური განწყობების რეალური მასშტაბის არაღიარების საშუალება, რადგან შიშზე დაფუძნებული პროპაგანდა ემოციებს მიმართავს და არა რაციოს. ასეთი მიდგომა მოკლევადიანად დეზორიენტირებს, მაგრამ გრძელვადიანად თავად მხარდამჭერებსაც არ აძლევს საკმარის ლოგიკურ ჩარჩოს და უზღუდავს ხელისუფლებას საგარეო ურთიერთობებისთვის საჭირო მოქნილობას. დიპ სტეიტი საყოველთაო შიშის შექმნის ინსტრუმენტი იყო, რათა ხალხი ჩამოჰკიდებოდა ძალაუფალს, რომ ერთადერთი გადამრჩენელი, მხსნელი ივანიშვილის ძალაუფლება ყოფილიყო. არადა, “დიპსტეიტიზმის ეფექტი” წარმატებული არ აღმოჩნდა და თუკი ეს ყველაფერი ჩანაცვლდება შიგნით სიტუაციის ისეთი არევით, რომ ადამიანებს დაეკარგოთ პოზიტიური რწმენა ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მიმართ, ამით ბევრად მეტს მოიგებენ. დარწმუნებული ვარ, ნელ-ნელა მთლიანად საზოგადოების შიდა დეზორიენტაციის გაძლიერებისკენ იქნებიან მიმართული”, – დაასკვნის არჩილ გამზარდია.
“კულმინაცია სხვაგან უნდა იყოს – ან ივანიშვილის, ან კობახიძის დონეზე, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, არც ისეთი სუსტი მოთამაშეა. კობახიძე სერიოზული პოლიტიკური მონაწილეა და ამასობაში დიდ ძალაუფლებას იკრებს, რომელსაც არავინ იცის, სად და როგორ მიმართავს. ამიტომაც ამ ყველაფრის კულმინაცია შეიძლება მასზეც გავრცელდეს. ან შესაძლოა ეს ხმაური ხმაურად და ამღვრეულ სიტუაციად დარჩეს, იმიტომ, რომ ამით ბევრად მეტად მოიგოს ტოტალიტარმა ლიდერმა”, – ამბობს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე – “ ამ ყველაფრის ფონზე რა შეიძლება მოხდეს?” – პასუხობს:
“შიდაპოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ორი რამ განსაზღვრავს: ქვეყნის მართვა და საგარეო ფაქტორები: ომი უკრაინაში, რეგიონული და გლობალური პოლიტიკური დინამიკა. ამ ეტაპზე გარდამტეხი მოვლენა, რომელიც ხელისუფლებისთვის კრიტიკულად დამაზიანებელი იქნებოდა, არ იკვეთება, ამიტომ გარე გავლენა უფრო ინერციული დარჩება. თუ არსებული საინფორმაციო და პოლიტიკური სტრატეგიები შენარჩუნდა, ხელისუფლება ოპოზიციურ და კრიტიკულ სივრცეს ეტაპობრივად შიდა თემებით შეავიწროებს. თუმცა საზოგადოებაში პროტესტის იმპულსი არ ქრება და ამის საფუძველს ქმნის ქვეყნის განვითარების არასაკმარისი შედეგები, მოქალაქეების სოციალური წნეხი და ის, რომ ქვეყანა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ დონეზე არ არის წარმატებული”.
“ეს წინააღმდეგობა ჯერ ვერ კონვერტირდება ახალ პოლიტიკურ ალტერნატივად. ამიტომ ცვლილების პერსპექტივა ამ ეტაპზე განწყობის დონეზეა, ხელისუფლების მიმართ ნეგატიური განწყობის იმედზე. ამიტომ 2026-ში ან ეს ყველაფერი შეიკვრება, ან ნელ-ნელა ხელისუფლება მიიღებს იმ სასაფლაოსებურ სიმშვიდეს, როდესაც გარემო წყნარია, მაგრამ იქ ცოცხალი არაფერია. კარგი ის არის, რომ რაც არ უნდა ტოტალიტარულ სახელმწიფოზე ვმსჯელობდეთ, 21-ე საუკუნეში ადამიანების ფაქტორი უფრო ღირებულია, ვიდრე ეს იყო, ვთქვათ, ძველი კლასიკური ტოტალიტარიზმის პერიოდში. თანამედროვე ტოტალიტარიზმი თავისი არსით კლასიკურისგან განსხვავდება და იმ გამოცდილებამ, რომ ხალხი მარტივად არ მიჰყვება არავის, მაინც ასწია პოლიტიკური თამასა და ვინც მიხვდება, რომ პოლიტიკის შინაარსი უნდა გაზარდოს და შეცვალოს არსებული სტრატეგიები, პერსონალური დამოკიდებულებები და ა.შ., რაც ეს ბოლო ათწლეულები გვქონდა, მას შეიძლება ჰქონდეს ბევრად დიდი პერსპექტივაც და წარმატებაც. ამ პერსონალური პერსპექტივის იქით კი თუ პოლიტიკის ხარისხი გაიზრდება, სახელმწიფოსთვისაც უფრო დადებითი ეფექტი ექნება”, – დასძენს გამზარდია.




