ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025

იგორ კვესელავა – “ყველანაირი თვალსაზრისით, უკეთესია არჩევნებში მონაწილეობის მიღება”
ქვეყანას სინამდვილეში სჭირდება 10-ჯერ ნაკლები სტუდენტი, ვიდრე ყოველწლიურად აბარებს
6 წელი 5 გრამი “პლანისთვის” – რას ითვალისწინებს “ოცნების” ახალი კანონი
* * *
იგორ კვესელავა – “ყველანაირი თვალსაზრისით, უკეთესია არჩევნებში მონაწილეობის მიღება”
“ბოიკოტი, რომელიც გამოწვეულია თვითონ ოპოზიციის შიგნით აზრთა სხვაობით, ხელისუფლებას აძლევს ხელს, ანუ აზრთა ასე გახლეჩვა “ოცნებისთვის” მისაღებია. თუმცა აქ ტაქტიკის საკითხია, მაგალითად გახარიას პარტია ჩამოყალიბებულია თავისი პროგრამით, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და ძალაუფლება ხელში მათ აიღონ. ხელისუფლებისთვის ოპოზიციის ცალკ-ცალკე დამარცხება მარტივია, მაგრამ ერთად არა. ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, აქ აბსოლუტურ გაერთიანებაზე საუბარი არ არის, რადგან შეუძლებელია. გიორგი გახარიამ ბრძოლის გზად არჩევნები აირჩია, რაც სხვებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ბოიკოტი გამოაცხადეს. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ეს მათი არჩევანია, მაგრამ ასეთ დროს ერთად დგომაა საჭირო, რადგან არ არის გამორიცხული, ამან უფრო მეტი შედეგი გამოიღოს. მე ვფიქრობ, ყველანაირი თვალსაზრისით, უკეთესია არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ამიტომ გახარიას გზას ვემხრობი, ვინაიდან ყველაფერი უნდა გამოიყენონ ხელისუფლების შესაცვლელად. არ შეიძლება გახარიას ვუკიჟინოთ, რომ სწორად არ იქცევა. საერთოდ უკეთესი იქნებოდა, დასხდნენ, მოითათბირონ და გადაწყვიტონ ეს საკითხები”, – აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ბოიკოტით ხელისუფლების შეცვლა თითქმის გამორიცხულია” – იგორ კვესელავა.
“რაც შეეხება საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას ჩართვას, გახარია ასე ხელწამოსაკრავი ადამიანი არ არის, საკმაოდ განათლებულია, რომელსაც გამოცდილებაც აქვს. იმის შესახებ, რომ ის რუსეთში წავიდა სასწავლებლად, მის მიმართ წულუკიანის მიერ ასეთი ცინიკური დამოკიდებულება მიანიშნებს იმაზე, რომ თვითონ წულუკიანია დაბალი დონე. ის იმიტომ კადრულობს ასეთ რაღაცას, რომ მისი კითხვები არალოგიკური და მიუღებელია. ეს საზოგადოებრივ აზრს დადებით განწყობილებას კი არ შეუქმნის, პირიქით – უარყოფითს. ამიტომ მე ვურჩევ, საერთოდ შეწყვიტონ, ვინაიდან ამ კომისიის მუშაობამ მკვეთრად უარყოფითი რეაქციები გამოწვია. მე რამდენადაც ვიცი, გახარიას შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და თავის აზრს ამბობდა, მაგრამ იქიდან მსგავსი არაფერი ყოფილა, არადა, პრინციპში, ისინი უფრო მომზადებულები უნდა ყოფილიყვნენ. კომისიის წევრები არიან ერთი გუნდის მომხრეები, რომლებმაც პოლიტიკა არ იციან. შესაბამისად, მათი კითხვები არარეალური და არასერიოზულია”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.
“მე არ ვიცი გახარია იყო თუ არა დამნაშავე, მაგრამ შეცდომები არავის მოსდის? ამიტომ ჩემი აზრით, გახარიამ უნდა თქვას სიმართლე, რა მოხდა. საერთოდ ამ კომისიის შექმნა არის დაბალი დონე. ასეთი საკითხების გამოააშკარავება არ შეიძლება, რადგან ორ ქვეყანას ეხება. ახლა ეს ყველაფერი ხომ საზოგადოებამ ნახა? რა დასკვნა უნდა გამოიტანონ უცხოეთში, როცა ამას დააკვირდებიან? ამ შემთხვევაში მე გახარიას გზას და პოლიტიკას ვემხრობი. არ არის ეს პიროვნება ისეთი, რომ აგრესორი რუსეთი ესიამოვნებინა”, – განაგრძობს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე – “რითია განპირობებული რუსეთის დაძაბული ურთიერთობები რეგიონში და როგორ აისახება საქართელოზე?” – პასუხობს:
“სამხრეთ კავკასიაში რუსეთის დომინირება უკვე გამორიცხულია. აქამდე კი, ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. ახლა აზერბაიჯანმა თავისი გზა აირჩია, სომხეთი ევროპის გზაზე დადგა. საქართველოს ვერ გადაუწყვეტია, საბოლოოდ სად დგას, რადგან რუსეთი აქ ოფიციალურ დომინირებას ვერ განახორციელებს, ვინაიდან მან წაიღო ტერიტორიები და აგრესორად არის გამოცხადებული. ჩვენი პირდაპირი სწრაფვა ევროპა უნდა იყოს. რუსეთს დაეძაბა ურთიერთობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რადგან ეს ქვეყნები რუსეთის დაკრულზე სიარულს აღარ აპირებენ. თუმცა ეს რუსეთის უარყოფას არ ნიშნავს, მათ დიპლომატიური ურთიერთობები, ჩვენგან განსხვავებით, აქვთ. ისინი ცდილობენ ურთიერთობა ჰქონდეთ იმდენად, რამდენადაც საჭიროა. ამ ორ ქვეყანას უნდა ურთიერთობების შენარჩუნება, მაგრამ არა ისე, რომ რუსეთი დომინირებდეს. რუსეთის მდგომარეობა მთლად სასიკეთო აღარ არის, თან ჩინეთის ისეთი მეგობარიც აღარ არის, როგორც ადრე”.
“რაც შეეხება რუსეთის მიერ საქართველოსთვის შეთავაზების გაგზავნას “ჩრდილოეთ-სამხრეთის” სატრანსპორტო კორიდორში ჩართვაზე, არსებობს საერთაშორისო დერეფანი, რაზეც არ საუბრობენ, ასევე რეგიონალური დერეფანი და ადგილობრივი. საქართველოში არის დერეფანი, მაგრამ ძალიან სუსტი. ასე რომ, ჩვენ არავითარი საერთაშორისო დერეფანი არ ვართ და თუ ასე გაგრძელდება ვითარება, შეიძლება სამხრეთ კავკასიის დერეფანიც კი არ ვიყოთ, რადგან ჩვენ ამისთვის ბევრი რამ გვჭირდება, ანუ ჩინეთიდან და ყაზახეთიდან მოწოდებული პროდუქცია ისე უნდა მივაწოდოთ, რომ უკმაყოფილება არ გამოიწვიოს ირანში, სომხეთში, რუსეთში და ა.შ. რუსეთს თავისი გზა და დერეფნის პროგრამა აქვს სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ რადგან ისინი ასე ოფიალურად გვთავაზობენ, საკითხი უნდა დადგეს ასე – თუ ამ შეთავაზებას მიიღებს საქართველო იმ ქვეყნისგან, რომელსაც ტერიტორიები დაკავებული აქვს, რას დათმობს რუსეთი? მინდა გითხრათ, რომ ის მსგავს არაფერს არ იზამს. თუ რუსეთს საქართველო სჭირდება, გალის რაიონის საკითხის გადაწყვეტაზე უნდა წავიდეს. გალი არ არის აფხაზეთის ნაწილი, არამედ სამეგრელოსი. ანუ რუსეთმა მხოლოდ აფხაზეთი კი არ წაიღო, არამედ სამეგრელოს ნაწილი”, – დასძენს იგორ კვესელავა.
ქვეყანას სინამდვილეში სჭირდება 10-ჯერ ნაკლები სტუდენტი, ვიდრე ყოველწლიურად აბარებს
“მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად ათეულ ათასობით აბიტურიენტი აბარებს, გარკვეულ სპეციალობებზე დეფიციტი მაინც იგრძნობა. ეს გამოწვეულია იმით, რომ აბიეტურიენტების უმეტესობა, ძირითადად, ერთსა და იმავე სპეციალობებზეა ორიენტირებული, როგორიცაა ბიზნეს ადმინისტრირება, იურისპრუდენცია, ჟურნალისტიკა და სხვა. ამ დროს, ისეთი სპეციალობები, რომელიც წესით, ეკონომიკის გამწევ ძალას უნდა წარმოადგენდეს და ქვეყანაში დოვლათს ქმნიდეს, ინტერესის მიღმაა. ეს ეხება გეოლოგიას, ენერგეტიკას, ვეტერინარიას, აგრონომიას, ინჟინერიას და სხვა. შესაბამისად, სპეციალისტები სწორედ დეფიციტური კადრების პრობლემაზე ამახვილებენ ყირადღებას და მთავრობას მდგომარეობის გამოსწორებისკენ მოუწოდებენ“, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ქვეყანას სინამდვილეში სჭირდება 10-ჯერ ნაკლები სტუდენტი, ვიდრე ყოველწლიურად აბარებს / “ვის რაში სჭირდება ამდენი დიპლომატი, ბიზნესის სპეციალისტი, იურისტი, სად უნდა წავიყვანოთ და დავასაქმოთ?”
“გუშინ ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. წელს 39 ათასი აბიტურიენტი 24 საგამოცდო ცენტრშია გადანაწილებული. ყოველ წელიწადს საკმაოდ ბევრი აბიტურიენტი აბარებს მისაღებ გამოცდებს, თუმცა მათი დიდი ნაწილი პროფესიის გარეშე რჩება. სპეციალისტების აზრით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს მკაცრი პოლიტიკა და მოერგოს იმ სპეციალობებს, რაც მას განვითარებისთვის სჭირდება. აკადემიკოსი ზურაბ ვახანია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ უმაღლესი განათლება კომერციად გადაიქცა. ასეთი მიდგომით ამ ახალგაზრდების თითქმის 99% გზას სცდება. განათლების სფეროს ექსპერტი მუხრან გულიაშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ აუცილებელია იმ მავნე სტერეოტიპების დანგრევა, რაც წლებია აზიანებს მომავალ თაობას. ამისათვის აუცილებელია საჯარო სკოლებში დაიწყოს გარდატეხა და მოზარდებმა თავიანთი შესაძლებლობები მრავალმხრივ დაინახონ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“,,ის რაც დღეს განათლების სისტემაში ხდება, დანაშაულია. თვალსაჩინოებისთვის ერთ შედარებას მოვიყვან. კომუნისტების დროს ჩვენ დაახლოებით ორჯერ მეტი ახალგაზრდა გვყავდა, ვიდრე დღესაა და მაშინ ყოველწლიურად 8000 აბიტურიენტი ხდებოდა სტუდენტი. პროპორციულად, რომ გამოვიანგარიშოთ, დღეს სტუდენტი 4-5 ათასი აბიტურიენტი უნდა გახდეს. ეს ოპტიმალური რაოდენობა გახლავთ. საქართველოს მოსახლეობის გათვალისწინებით ამაზე მეტი სტუდენტი სახელმწიფოსთვის საჭირო არ არის. თანაც, არც პროფესორ-მასწავლებლები გვყავს იმდენი, რომ ამ არანაორმალურად გაზრდილ რაოდენობას ასწავლოს. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ასეთი განათლება არც ამ ახალგაზრდებს სჭირდებათ. ისინი მცდარ გზაზე დგანან. სინამდვილეეში იმ 4-5 ათასი გამონაკლისი სტუდენტის გარდა, დანარჩენი მაინც ვერ სწავლობს და მხოლოდ დიპლომს “ყიდულობს”. გამოდის, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში უზარმაზარ თანხას იხდიან, ოჯახები ვალს იღებენ, წვალობენ და ბოლოს იყიდის ამ ფარატინა დიპლომს და მათი 99% თავისი სპეციალობით სამუშაოს მაინც ვერ იშოვის”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ვახანია.
“ასეთი მიდგომით, ისინი გზას აცდენილი ადამიანები ხდებიან. მათ საკუთარი თავი, მაგალითად, იურისტი ჰგონიათ და სახელმწიფოს დასაქმებას სთხოვენ. სინამდვილეში, ფაქტია, რომ არავის სჭირდება ამდენი იურისტი. ამიტომაც, საბოლოო ჯამში, ახალგაზრდები ხელმოცარულნი რჩებიან. მდგომარეობა სახელმწიფომ მართოს. მეცნიერულად შეისწავლონ სად რამდენი სპეციალისტია საჭირო და სასწავლებლებზე აკრედიტაციც ამის მიხედვით გასცენ. მთავარი უბედურება ისაა, რომ ჩვენთან განათლება სახელმწიფოებრივი საქმე არაა. ის ჩვეულებრივ კომერციად გადაიქცა. ამიტომაც, ამჟამად სფეროს მიმართ ნეოლიბერალისტური მიდგომა გვაქვს. ყველაფრისგან გვინდა ფული ვაკეთოთ. არც უმაღლესი სასწავლებელი, არც სამინისტრო და სახელმწიფო არ ფიქრობს იმ ახალგაზრდებზე, რომლებსაც ფარატინა დიპლომის მერე გაძვალტყავებული, ბანკის ვალიანი ოჯახები ხვდებათ. ძალიან ბევრი დეფიციტური საუნივერსიტეტო პროფესიები და დარგებია, რომლებიც პროფესიული კოლეჯების საქმეა. ამიტომაც, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ განათლება კომერცია და ფულის კეთება არაა. აუცილებელია სახელმწიფოებრივი ზრუნვა ახალგაზრდებზე”, – დაასკვნის აკადემიკოსი ზურაბ ვახანია.
“ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა სკოლის ფუნქციის არასწორად გააზრებისგან მოდის. სინამდვილეში სკოლის ფუნქცია არის ის, რომ ადამიანმა თავისი ბუნებრივი ნიჭი აღმოაჩინოს. მთავარია ნახოს რაშია კარგი. არაა აუცილებელი რომელიმე საგნის გაძლიერებული სწავლა გამოცდის ჩასაბარებლად და ა.შ. არც სასკოლო პროგრამაა კარგად შედგენილი. მნიშვნელოვანია სასკოლო განათლების სისტემის ფუნდამენტური ცვლილება. მასწავლებელი სასკოლო გარემოში უნდა აკვირდებოდეს მოზარდს და ურჩიოს მშობელს რა კუთხით არის მისი შვილი ძლიერი. არც დამატებითი თანხის გადახდა უნდა უწევდეს მშობელს. ყველა მოსწავლეს თავისი ნიჭის გამოვლენის შესძლებლობა უნდა ჰქონდეს და არ იყოს მშობლის სახსრებზე დამოკიდებული. თუ ეს პრობლემა მოგვარდება, შემდეგ არ მოხდება პოპულარულ პროფესიებზე გამოდევნება”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მუხრან გულიაშვილი.
“ვის რაში სჭირდება ამდენი დიპლომატი, ბიზნესის სფეროს სპეციალისტები, იურისტები და ა.შ. ყოველწლიურად, ვთქვათ 5000 იურისტი ამთავრებს. სად გვაქვს ამდენი კომპანია, რომ ისინი სათითაოდ დასაქმდნენ? ეს ხომ აბსურდია. სამწუხაროდ, ყველაფერი აცდენილია ერთმანეთს. ეს ახალგაზრდებიც დროს კარგავენ… დღეს ტურიზმი, მეღვინეობა და მსგავსი მიმართულებები ვითარდება. დიდი მოთხოვნაა ხელობაზეც. საჭიროა სტატისტიკას დაუკვირდნენ და ადვილად დაინახავენ იმას თუ რეალურად ქვეყანას რა სჭირდება. ცუდია, რომ ეს მავნე ტენდენცია წლიდან წლამდე არ იცვლება. სადაც რეალურად კადრები გვჭირდება იქ უცხოელებს ვასაქმებთ. ვის უნდა ამდენი დიპლომატი ან იურისტი, ვერ ვხვდები რატომ არ იცვლება ეს პარადიგმა. დიდი სახელმწიფო კამპანიაა საჭირო ალბათ იმისათვის, რომ ცნობიერება შეიცვალოს. განათლება, ზოგადად ცუდი არ არის, მაგრამ ცოტა პრაქტიკული მიდგომა რომ იყოს, ჩვენს ქვეყანასაც კარგად დაეტყობა. რაც მეტი ადამიანი იქნება დოვლათის მომტანი, მით მეტად გაიმართება წელში სახელმწიფოც”, – დასძენს მუხრან გულიაშვილი.
6 წელი 5 გრამი “პლანისთვის” – რას ითვალისწინებს “ოცნების” ახალი კანონი
“ოცნებამ” ნარკოპოლიტიკის კიდევ ერთი კანონი დაამტკიცა. 5 გრამზე მეტი მარიხუანის, იგივე “პლანის”, შეძენა-შენახვაზე 6 წლამდე პატიმრობა დაგეკისრებათ, ხოლო ფსიქოტროპულების იმპორტს მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს. უფრო კონკრეტულად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღებენ იმ მუხლს, რომელიც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას არეგულირებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მუხლი მსუბუქ სანქციებს ითვალისწინებს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 6 წელი 5 გრამი “პლანისთვის” – რას ითვალისწინებს “ოცნების” ახალი კანონი / “შემოიტანეს კანონი, რითაც მილიონ მოქალაქეს დაემუქრნენ, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მოიხმარენ მარიხუანას”.
“წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულია იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებმაც საბოლოო ჯამში, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებასა და გავრცელებას შეუწყო ხელი. კამპანიური ხასიათის ღონისძიებები ხორციელდებოდა, თითქოს მარიხუანა არის მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება. ანალოგიური კამპანია იწარმოებოდა ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებთან დაკავშირებითაც, რამაც საბოლოო ჯამში ამ საშუალების მოხმარების ზრდა გამოიწვია. ეს აწუხებს საზოგადოებას და წარმოადგენს პრობლემას ჩვენი მომავლისათვის. თუ გვინდა, რომ მომავალზე ვიზრუნოთ, აუცილებელია არსებობდეს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ამ საშუალების გავრცელებას და მოხმარებას”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ. აღსანიშნავია, რომ, ცვლილების თანახმად, მცირე ოდენობით კანაფის – გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლის – 10 გრამამდე შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორების შემთხვევაში იგივე ქმედება გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე”, – აღნიშნავს გამოცემა.
“სისხლის სამართლის დასჯადი ოდენობის, მცენარე კანაფის შემთხვევაში – 10 გრამიდან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში – 5 გრამიდან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში – 10 გრამიდან 140 გრამამდე, შეძენა, შენახვა გამოიწვევს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, “ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანას, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციაში ხელშეწყობა ზუსტად იმავე წესით დაისჯება, როგორც რეალიზაციისთვის. ეს ცვლილება ე.წ. დამდებებზე გავრცელდება, ანუ იმ ადამიანებზე, რომლებიც საჯარო სივრცეში ნარკოტიკულ საშუალებებს დებენ”. კანონპროექტს აქტიურად “გირჩის” წევრები აპროტესტებენ. ამპარტიის დამფუძნებელმა სოციალურ ქსელებში მიმართვა გაავრცელა მან მოქალაქეებს, რომლებიც მოიხმარენ მარიხუანას, გამოსვლისა და ხმის ამოღებისკენ მოუწოდა”, – განაგრძობს გამოცემა.
“შემოიტანეს ქოცებმა კანონი, რითაც მილიონ საქართველოს მოქალაქეს დაემუქრნენ, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მოიხმარენ მარიხუანას ქვეყანაში… მილიონი კაცი რაღაცას აკეთებს და ეს არ შეიძლება იყოს კანონდარღვევა. მე შემიძლია გითხრათ, რომ იმ დღიდან, როდიდანაც მიცნობთ და რა საქმეებიც მიკეთებია, მე სულ მოვიხმარდი ამ ნივთიერებას და ეს არასდროს დამიმალავს. ეს რომ გაეკეთებინა იმ ადამიანების მეათედს, რომლებიც მარიხუანას მოიხმარენ, დღეს საერთოდ სხვა სიტუაცია გვექნებოდა. გამოდით, შეუტიეთ სახელმწიფოს, მინიმუმ იმიტომ, რომ (სახელმწიფომ) თავი დაგანებოთ”, – წერს ხვიჩია. ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტები შინაარსით საკმაოდ საშიშია, უფლებადამცველი საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში წერს, რომ “ეს არ არის ნარკოპოლიტიკის გამკაცრება, ეს არის სისტემის შემზადება ნარკოტიკების მასიური ჩადებისთვის, რომელსაც ვეღარც ჟურნალისტები გააშუქებენ, ვეღარც კამერები გადაიღებენ და ახლა უკვე ვეღარც თვითონ დაცვის მხარე გამოიკვლევს სათანადოდ”, – დასძენს გამოცემა.
“ეს არის ქოცების მართლმსაჯულება და ვისაც ეს წესები მოგწონთ, ამავე კანონებით განსჯა მისურვებია. ხოლო ჩვენ, ვინც საღამოობით სუფთა ჰაერზე ვიკრიბებით, ეს ტრადიცია პირბადეებით უნდა გავაგრძელოთ და, შეძლებისდაგვარად, მარტოებმა არ ვიაროთ ხოლმე. დანარჩენი უცვლელია”, – წერს ბრაჭველი. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხდა: “ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანისა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება – ჩვენი ვალია, დავუპირისპირდეთ ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დავიცვათ საზოგადოება”. არჩილ გორდულაძის თქმით კი კანონი მარიხუანას მოხმარებაზე არ მკაცრდება – “კანონის გამკაცრება ამ ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, მის კულტივაციასა და რეალიზაციას ეხება”, წერს სტატიის ავტორი.
“ნაბიჯი წინ თუ ნაბიჯი უკან? – ჯერ კიდევ 8 წლის წინ, 2017-ში პარლამენტი აცხადებდა, რომ გეგმავდა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე, ამბობდა, რომ ნარკოპოლიტიკა გაცილებით ჰუმანური უნდა გამხდარიყო. იდენტური განცხადება გააკეთა 2017 წელს გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც მაშინ პრემიერი იყო: “კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას. ამიტომ თხოვნით მივმართავ პარლამენტს, დაჩქარდეს ამ საკითხზე მუშაობა”, – აცხადებდა კვირიკაშვილი. მალევე, 2017 წლის 16 ივნისს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანაფის მარიხუანისა და კანაფის მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა, მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებას. ცვლილებების მიზანი კანონმდებლობის საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებასთან შესაბამისობაში მოყვანა იყო. თუმცა, 2025 წლის მოქმედმა პარლამენტმა შეზღუდვები ისევ გაამკაცრა”, – დაასკვნის სტატიის ავტორი.