ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2025

4 ოქტომბერი, 4 საათი და 4 სცენა – ოპოზიციის გეგმის ახალი დეტალები
ივანიშვილის წერილი არჩევნებამდე 3 დღით ადრე – მთავარი აქცენტები და შეფასებები
პრემიერის ვიზიტი ურთიერთობის მკვეთრი გამწვავების ფონზე
* * *
4 ოქტომბერი, 4 საათი და 4 სცენა – ოპოზიციის გეგმის ახალი დეტალები
“თბილისის მერიამ “რუსთაველის გამზირის” დამფუძნებელ პაატა ბურჭულაძეს 4 ოქტომბერს თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე 4 სცენის გამართვაზე უარი უთხრა და მხოლოდ ერთი სცენის გამართვის უფლება მისცა. 4 სცენის გამართვის აუცილებლობას ბურჭულაძე შეკრებაში მონაწილეობის მსურველთა დიდი რაოდენობით ხსნის. მეორეს მხრივ კი, ეს შეიძლება საპოლიციო ძალების დაქსაქსვის მიზნით კეთდებოდეს. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ აქციის ორგანიზატორებს, ბევრი ხალხის შემთხვევაში, 4 სცენა შეიძლება აქციის მონაწილეთა უკეთ კოორდინაციისთვის გამოეყენებინათ და მეორეს მხრივ, “პოლიცია იძულებული იქნებოდა, რომ ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე დამდგარიყო”. მერიამ ბურჭულაძის განცხადებაც გაასაჯაროვა და მისი პასუხიც. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ განცხადება მერიაში 29 სექტემბერს შევიდა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 4 ოქტომბერი, 4 საათი და 4 სცენა – ოპოზიციის გეგმის ახალი დეტალები.
“აპარატურის და სცენების მონტაჟი მოთხოვნილია შემდეგ ლოკაციებზე: 1. თავისუფლების მოედანი (საკრებულოს შენობის წინ); 2. პარლამენტის შენობის წინ; 3. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ; 4. რესპუბლიკის მოედანზე. მანამდე ბურჭულაძისგან ცნობილი იყო, რომ აქცია 4 საათზე დაიწყება, ხალხის ჩამოყვანა რეგიონებიდანაც იგეგმება და ორგანიზატორებს დაახლოებით 200-300 ათასი კაცის მოლოდინი აქვთ. მისივე თქმით, ეს იქნება არა უბრალოდ აქცია-პროტესტი, არამედ “ეროვნული კრება”, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება და ხალხი “ხელის აწევით” გამოხატავს თანხმობას ხელისუფლების გადაბარებაზე, რის მერეც საჯაროდ დასახელდება ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა და საღამოს 8 სათისთვის “ხელისუფლების გადაბარება უკვე დასრულებული იქნება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“განმცხადებელი ითხოვს, 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე არსებულ ოთხ ლოკაციაზე სახალხო შეკრებისა და სცენის მონტაჟისთვის, მუნიციპალური და სახელმწიფო უწყებების ინფორმირებას და აღნიშნული ტერიტორიების შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფას. განმცხადებელს პასუხად ეცნობა, რომ შეკრების ორგანიზატორებმა სცენა უნდა განათავსონ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იმგვარად, რომ არ შეფერხდეს ტრანსპორტის გადაადგილება და ხელი არ შეეშალოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტის ფუნქციონირებას”, – წერია მერიის განცხადებაში. გარდა ამისა, მერია მიუთითებს, რომ, კანონმდებლობის შესაბამისად, “დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება”, – განაგრძობს გამოცემა.
“საპასუხოდ ბურჭულაძე ამბობს, რომ “ვალდებულები არ იყვნენ, რომ ნებართვა მოეთხოვათ”. “ეს არის უმნიშვნელოვანესი კრება. ნუ გეშინიათ, ჩვენ მშვიდობიანად მოვდივართ, კანონს არ დავარღვევთ, ოღონდ გაფრთხილებთ – თქვენც არ დაარღვიოთ კანონი და მოიქეცით კანონის ფარგლებში”, – თქვა ბურჭულაძემ მერიის მიერ მიმოწერის გასაჯაროების შემდეგ. კითხვაზე, რა საჭიროა ოთხი სცენა სხვადასხვა ლოკაციაზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ერთი მხრივ შესაძლოა ოთხივე სცენაზე განცხადებები გაკეთებულიყო ორატორებისგან, რადგან როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება, ვინც ოპერასთან დგას, შესაძლოა პარლამენტის წინ მდგარი სცენიდან ვერ გაიგოს და მეორეს მხრივ, არაა გამორიცხული, რომ მიზანი პოლიციის დეკონცენტრაცია ყოფილიყო”, – დასძენს გამოცემა.
“ვფიქრობ, ძალიან ბევრ ადამიანს ელოდებიან და ურთიერთკოორდინაცია რომ იყოს. შესაძლებელია მონიტორებიც დაემონტაჟებინათ და ამით ოთხი სხვადასხვა ადგილიდან ურთიერთკოორდინაცია ყოფილიყო. ამასთან, არ გამოვრიცხავ, პოლიციის კონცენტრაცია მომხდარიყო ოთხ სხვადასხვა ადგილას. გვახსოვს, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმი ხალხს არბევდა, ძირითადად განთავსებული იყვნენ თავისუფლების მოედნის მიმდებარედ და შემდგომში იწყებდნენ წყლის ჭავლისა და მხუთავი აირის გამოყენებას. ახლა პოლიცია იძულებული იქნებოდა, რომ ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე დამდგარიყო. ერთი სცენით, ვფიქრობ, კოორდინაცია მაინც იქნება. შესაძლოა პოლიციასთან გარკვეული პრობლემები შეიქმნას, მაგრამ სცენების გარეშე შესაძლოა მონიტორიც დამონტაჟდეს. მგონია, რომ ბევრი ადამიანი იქნება დაწყებული რესპუბლიკის მოედნიდან. რეგიონებში ხალხთან შეხვედრები შედგა”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
ივანიშვილის წერილი არჩევნებამდე 3 დღით ადრე – მთავარი აქცენტები და შეფასებები
“ოცნების” საპატიო თავმჯდომარე 2012 წლის არჩევნებში პარტიის გამარჯვების 13 წლისთავთან დაკავშირებით ვრცელ წერილს აქვეყნებს. მთავარ აქცენტებს აკეთებს მმართველობის შედეგებზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, შიდა და გარე მტრებზე და მათ მიერ ქვეყნის არევის მცდელობაზე, საგარეო კურსსა და გუნდის შიგნით “მუხანათურ ღალატზე”, რაც ანალიტიკოსთა ნაწილისთვის განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო. ოპოზიციამ ეს წერილი უკვე შეაფასა, როგორც “შიშის გამოვლინება” 4 ოქტომბერს დაანონსებული პროტესტის მიმართ. “მიმართვა” სხვა არაფერია, თუ არა 4 ოქტომბრის შიშის პირდაპირი აღიარება – ის, რომ თავად ივანიშვილმა გადაწყვიტა 4 ოქტომბერზე საჯაროდ დაწეროს, ნიშნავს, რომ მას ნამდვილად აშინებს ქართველთა ერთიანობის ძალა”, – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ივანიშვილის წერილი არჩევნებამდე 3 დღით ადრე – მთავარი აქცენტები და შეფასებები.
“ოცნების” დამფუძნებელი წერს, რომ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის “მთავარი შემოქმედი ქართველი ხალხია”, რომელიც “სწორედ ამ იდეალებს დაეფუძნა და იმ ბრძოლის გარდაუვალ დასასრულად იქცა”, რომელიც ივანიშვილმა, “ქართულმა ოცნებამ” და “მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა 2011 წლიდან გარე ძალებს მორჩილ შიდა მტრებთან დაიწყეს”. მისი თქმით, ამ დღიდან მოყოლებული “ოცნება” ცდილობს “მეტ კეთილდღეობას, სიმდიდრეს, ეკონომიკურ სიმყარეს” მიაღწიოს, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს “ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისა და მყარი სუვერენიტეტის მისაღწევად”, თუმცა, ამ გზაზე “უმთავრეს ბარიერად რადიკალიზმის, ურთიერთდაპირისპირების, ხელოვნური შუღლის შემოქმედი ძალები გვევლინება, რომლებიც ამჯერად ოპოზიციის სახელით ებრძვიან საკუთარ ხალხსა და ქვეყანას, ცდილობენ წარსულსა და უძრაობაში, უცხო ინტერესების მორჩილებაში დაგვაბრუნონ”. წერს, რომ ყველა სფეროში 2012 წელთან შედარებით მდგომარეობა “კარდინალურად გაუმჯობესებულია” და “ამას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს, ამბობს, რომ “დღეს კვლავ ბეწვის ხიდზე გავდივართ” და “ფეხის დაცდენის” უფლება არ გვაქვს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ოცნების” საპატიო თავმჯდომარის თქმით, ამ 13 წელიწადში “იყო შეცდომებიც”, თუმცა არა იმ ხარისხის, რომ “სახელმწიფოებრიობას თუ ფიზიკურ არსებობას საფრთხე დამუქრებოდა”. “უმძიმესია, რომ განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არა მხოლოდ “ქართული ოცნება” დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ, ქართველ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას შეუქმნა განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის, ქვეყნის სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების რეალური საფრთხე. წარსულში ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა გადაწყვიტა, რომ გავლენიანი უცხო ძალების მორჩილებაში გადასვლას ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე პირადი კომფორტისთვის ზრუნვას მათთვის დიდი სარგებლოს მოტანა შეეძლო”, – წერს ივანიშვილი. მისი თქმით, “გარე მტრებს” ქვეყნით შიგნით ჰყავთ “დასაყრდენი აგენტები” ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში, რომლებიც “ერთი შეხედვით დასუსტდნენ”, თუმცა, ის ძალები მოქმედებენ, რომლებისთვისაც “არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენი მოქალაქეების თვალის ასახვევად, ერთი ცნობადი სახის სხვა ადამიანით, ერთი პარტიის სხვა პარტიით, ან თუნდაც, ერთი ტელევიზიის სხვა ტელევიზიით ჩანაცვლება”, – განაგრძობს გამოცემა.
“არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე”, – წერს ივანიშვილი. მისი თქმით, გასული წლების “ოცნების” მონაპოვრისა და დაცვის კუთხით, “4 ოქტომბერს კიდევ ერთი გამოცდა ველოდება”. წერს, რომ “მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიღაბჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არეულობის, სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ”. ივანიშვილმა ამომრჩეველს მოუწოდა, რომ მივიდნენ არჩევნებზე. ამბობს, რომ “დღეს გვაქვს შესაძლებლობა 2012 წელს მოპოვებული მშვიდობიანი გამარჯვება საბოლოოდ, მშვიდობიანადვე გავაფორმოთ, რადიკალიზმი და ურთიერთდაპირისპირება გუშინდელ დღედ ვაქციოთ”. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ წერილში იკითხება გაფრთხილება საზოგადოების და იმ ადამიანების მისამართით, ვინც პროტეტში მონაწილეობენ”, – დასძენს გამოცემა.
“ივანიშვილს საზოგადოების დამშვიდება და საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება სურს, რათა, თუ მას რაიმე პოლიტიკური რეიტინგი შერჩა, სრულად გამოყენებული იქნას. წერილში გარკვეულწილად გაფრთხილებაა არა მარტო საზოგადოების, არამედ იმ ჯგუფებისაც, რომლებიც პროტესტში მონაწილეობას აპირებენ. იგი ცდილობს ისეთი ილუზია შექმნას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, მდგომარეობა სტაბილურია და ა.შ. ამასთანავე როგორღაც გაამართლოს ხელისუფლების მოქმედებები და ღალატი დაარქვას იმას, რასაც კორუფციული სქემების გაშიფვრა მოჰყვა. ივანიშვილი აქ საუბრობს იმაზე, რასაც დღევანდელი პრემიერი და მისი გუნდი შიფრავს – კრიმინალი, ნარკობიზნესი. იმის თქმაც, რომ 4 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. ამ გზავნილებს რამდენად მიიღებს საზოგადოება, სხვა თემაა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ივანიშვილი იმ ტექსტით არ ლაპარაკობს, რასაც და კალაძე ამბობენ – “თუ ვინმეს ხელი წაუცდებაო”, მაგრამ ამბობს, რომ ინსტიტუტები ძლიერია და მიუხედავად იმისა, თუ რა მცდელობა იქნება, არავის მისცემენ უფლებას, რომ კანონსაწინააღმდეგოდ იმოქმედონ. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ გარე ძალებს როგორც უნდა ისე ცვლიან პარტიებს, ხელისუფლებას და ა.შ. მე მგონი, საზოგადოებას აფრთხილებს, რომ თუ არეულობა იქნება, მონაწილეობა არ მიიღონ”, – დაასკვნის ძაბირაძე. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ მისთვის ივანიშვილის წერილიდან ყველაზე თვალშისაცემი “მუხანათური ღალატი” იყო. “მე დამაინტერესა მოღალატეების ხსენებამ. ასეთმა ეპითეტმა და კონკრეტულმა მითითებამაც მე მგონი ივანიშვილთან პირველად გაიჟღერა, თორემ ის, რომ საქართველომ დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს, ამის მოწოდება ადრეც ჰქონდა. ერთ-ერთ პირველ არჩევნებზე თქვა, რომ დროა საქართველომ სხვების ინიციატივით მოყვანილ ხელისუფლებებზე უარი თქვას და საკუთარი ხელისუფლება აირჩიოსო… არ ვიცი და ვერ ვიტყვი მუხანათურ ღალატში ვის მოისაზრებს, მაგრამ ალბათ იმ ადამიანებიდან ზოგიერთი, ან ყველა, ვინც ბოლო ხანებში თანამდებობები დატოვა”, – მიიჩნევს საყვარელიძე”, – წერს სტატიის ავტორი.
“რაც შეეხება არჩევნებს, ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ “ოცნებას” საქმე ისე არ აქვს, რომ 4 ოქტომბრის ეშინოდეს. “ოცნებას” ისე არ აქვს საქმე, რომ რაღაცეების ეშინოდეს. გაფრთხილება უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაღაც იმას ვერ ვხედავ, რომ “ოცნება” შიშით კანკალებდეს, თუ რა იქნება 4-ში, მით უმეტეს იმ ფონზე, რა ვითარებაც დღეს ქვეყანაშია და კერძოდ ოპოზიციაშია. ძალიან შეშინებულები და შეშფოთებული არ არიან, თუმცა ეცდებიან, რომ ყველაფერი ზომიერების ფარგლებში ჩატარდეს. გააჩნია ოპოზიცია რას მოიმოქმედებს – ზოგი ლაპარაკობს, რომ უბნებზე უნდა ვიყოთ და იქ ჩავშალოთო, ზოგი სხვა რამეს. ოპოზიციაში ქაოსია და ამას “ოცნება” თავის სასარგებლოდ გამოიყენებს”, – ამტკიცებს ძაბირაძე. რამაზ საყვარელიძე კი განმარტავს, რომ თუ ოპოზიცია “გადატრიალებას აპირებს”, შიშის საფუძველი მართლაც არის, რომ “ოცნებას” 13-წლიანი მოღვაწეობა წყალში გადაეყრება”, – დასძენს სტატიის ავტორი.
“მანჯგალაძე ჭკვიანი კაცია და ალბათ პასუხიც ექნება, გადატრიალებასა და მაიდნის მოწყობას თუ აპირებენ, ხელისუფალს უნდა ეშინოდეს თუ არა. რა შიშზეა ლაპარაკი – პიროვნულ შიშზე, თუ იმის შიშზე, რომ აქამდე განვლილი გზა წყალში გადაიყრება და უნდა მოვუფრთხილდეთ. ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ სიტყვა “შიში” ბულინგის ინსტრუმენტად გამოიყენონ – “აა, გეშინია? უნდა ეშინოდეს, აბა რა…” თუ შენს გაზრდილ შვილს რამე ემუქრება, არ უნდა გეშინოდეს? ხელისუფლებამ კი 13 წლის განმავლობაში სახელმწიფო ასეთად გაზარდა, რაზედაც ივანიშვილს აქვს ლაპარაკი. საფრთხე რომ ემუქრება, მაგიტომაც გააკეთა განცხადება. რაც მთავარია, ოპიზიციონერები და ღამის გამოსვლების მიმდევრები არ მალავენ, რომ 4-ში ხელისუფლების შეცვლას აპირებენ. 4 ოქტომბერს ხელისუფლება კანონიერად ვერ შეიცვლება, რადგან ეს საპარლამენტო არაა, ესე იგი უკანონოდ და ძალისმიერად უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, სერიოზული საფრთხეა, ოღონდ არაა გამორიცხული, რომ ეს განგაში სპეციალურად იყოს ატეხილი, რომ ადამიანები არჩევნებზე არ გავიდნენ. მაშინ ოპოზიციას ბოიკოტი მართლაც გამოუვა. ივანიშვილის მოწოდებას ის ფუნქცია აქვს, რომ დაარწმუნოს ადამიანები, რომ ხელისუფლება ამ დღეს პასიურად არ ხვდება”, – ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
პრემიერის ვიზიტი ურთიერთობის მკვეთრი გამწვავების ფონზე
“საქართველო-დასავლეთის ურთიერთობებში მზარდი დაძაბულობის ფონზე, პრემიერ-მინისტრი კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამის პარალელურად, 2 ოქტომბერს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე დებატების გამართვასა და მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მირებას გეგმავს. კონფრონტაციული ტონის პარალელურად კობახიძის ვიზიტი კოპენჰაგენში ექსპერტებისთვის სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს და შეფასებებიც განსხვავებულია. ბოლო პერიოდში საქართველო-დასავლეთის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 24 სექტემბერს გერმანიის ელჩი, ხოლო 25 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს. მიზეზი ისაა, რომ “ქართული ოცნება” ელჩებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და რადიკალიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. თავად ელჩები და მათი მთავრობები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და “ოცნების” დეზინფორმაციასა და აგრესიულ რიტორიკას გმობენ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვიზიტი ურთიერთობის მკვეთრი გამწვავების ფონზე / კოპენჰაგენში პრემიერ კობახიძის სტუმრობის პარალელურად, სტრასბურგში საქართველოს მიმართ კრიტიკულ რეზოლუციას უყრიან კენჭს.
“პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც 2 ოქტომბერს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება. შეხვედრა იმ ფონზე ტარდება, როდესაც ევროპულ საჰაერო სივრცეში რუსული დრონების გამოჩენის შემთხვევები გახშირდა და სწორედ ამ ვითარების გამო ფორუმზე განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული. კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. მასზე ევროპის 47 ქვეყნის პირველი პირია მიწვეული. სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. ასევე, დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში “ეკონომიკური უსაფრთხოება – ევროპული დამოკიდებულებების შემცირება”. პრემიერი ერთად დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ირაკლი კობახიძის კოპენჰაგენის ვიზიტის პარალელურად, 2 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დებატებს გამართავს და კრიტიკული რეზოლუციის მიღებას გეგმავს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დებატები, სახელწოდებით “დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა საქართველოში”, დღის მეორე ნახევრისთვის არის დაგეგმილი. საქართველოს საკითხის გარდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ასევე გაიმართება შემდეგი დებატები: “სასწრაფო მოწოდება დამანგრეველი ჰუმანიტარული კატასტროფისა და ღაზაში ჟურნალისტების მკვლელობის დასრულებისკენ”, “: ახალი საფრთხეები ევროპული დემოკრატიებისთვის”, “მონიტორინგის შემდგომი დიალოგი ბულგარეთთან” და სხვა. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, პრემიერი კოპენჰაგენში მიწვევა ადასტურებს, რომ ევროპა საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციას აღიარებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველ პრემიერს ფორუმზე არ მიიწვევდნენ”, – განაგრძობს გამოცემა.
“ვფიქრობ, ცალკეულ მიწვევა-არმიწვევებზე აქცენტის გაკეთება საინტერესო არ არის. რადგან კობახიძე არის მიწვეული ასეთი მაღალი რანგის ფორუმზე, ეს, უპირველეს ყოვლისა, იმას ნიშნავს, რომ ევროპაში საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციას აღიარებენ – ვინ მიიწვევდა არალეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელს?! ლოგიკა ხომ ამას ამბობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში სურთ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გარკვეული კონტაქტების დამყარება; სურთ გაიგონ, რას ფიქრობენ ისინი ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე, რა გეგმები აქვთ და ა.შ. შესაბამისად, კობახიძის მიწვევაც სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ”, – განაცხადა ანჯაფარიძემ. განსხვავებული მოსაზრება აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს. მისი აზრით, ამ ფორუმზე კიდევ ერთხელ შეეცდებიან დაარწმუნონ საქართველოს პრემიერი, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესება მის ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს”, – დასძენს გამოცემა.
“მგონია, რომ ამ შემთხვევაში ევროპელები კიდევ ერთხელ შეეცდებიან კობახიძე დაარწმუნონ, რომ საქართველოსთვის არაფერ კარგს არ მოიტანს ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესება. ევროკავშირს გააჩნია კონკრეტული ბერკეტები, რომ აამოქმედოს სანქციები. შესაბამისად, მიზანი არის კრიტიკული შეკითხვების დასმა და დარწმუნება. ისინი კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ საქართველო არ მიდის სწორი გზით. შესაძლოა, ღონისძიების მონაწილეებს უფრო სურდეთ ბიძინა ივანიშვილის, ქვეყნის დე ფაქტო ლიდერის მიწვევა, მაგრამ, რადგან ივანიშვილს არ გააჩნია სახელმწიფო თანამდებობა, იწვევენ კობახიძეს. ასე რომ, აქ მთავრობის ლეგიტიმაციაზე არ არის საუბარი”, – თვლის ჩიტაძე. ანჯაფარიძემ ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს 2 ოქტომბრის სხდომაზეც, სადაც საქართველოზე დებატებია დაგეგმილი. აღნიშნავს, რომ ეს დებატები “მით უმეტეს დიდი სიურპრიზი” არ უნდა იყოს, რადგან ამ სტრუქტურის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ისედაც ცნობილია. ანჯაფარიძე ხაზს უსვამს, რომ ამ სხდომას და ფორუმს, რომელშიც კობახიძეა მიწვეული, ერთმანეთთან კავშირი არ აქვს”, – წერს სტატიის ავტორი
“ევროპის საბჭოს ევროდეპუტატებს უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობა საქართველოსთან. ვიცით, რომ ისინი არ აღიარებენ არჩევნებს და საქართველოსთან დაკავშირებული დებატების გამართვაც განსაკუთრებით დიდი სიურპრიზი არ უნდა იყოს. იქ მოქმედებენ ყველასთვის ნაცნობი ლობისტური ჯგუფები, რომლებიც ამგვარ დებატებს აორგანიზებენ. ხოლო იმ ფორუმზე, სადაც კობახიძეა მიწვეული, სრულიად სხვა სტრუქტურაა – ძირითადად აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს და აზრებს ცვლიან. ასე რომ, მე დიდ ურთიერთკავშირს ამ დებატებსა და კობახიძის ვიზიტს შორის ვერ ვხედავ”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე. განსხვავებულად ფიქრობს ნიკა ჩიტაძე: “შესაძლებელია, რომ იმ ფორუმს, სადაც კობახიძეა მიწვეული და ამ სხდომას შორის რაღაც ურთიერთკავშირი იყოს. თუმცა, მეორე მხრივ, ევროპის საბჭო სხვა ორგანიზაციაა, ხოლო ეს ფორუმი – სხვა. არ არის გამორიცხული, რომ იყოს გარკვეული დამთხვევა, თუმცა ისიც არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ურთიერთკოორდინაცია იყოს ევროპის საბჭოსა და ამ ფორუმის ორგანზიატორებს შორის”, – თვლის ჩიტაძე” , – დასძენს სტატიის ავტორი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – საქმეები, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ ასახავს მართლმსაჯულებას, ეს არის დაშინება – ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებით ვერ ვსარგებლობ, თუ აქ სამართალს ვერ ვნახავ, ევროპულ სასამართლოში წავალ