ქართული პრესის მიმოხილვა 02.09.2024

სანდრო თვალჭრელიძე – “კოალიციური მთავრობა არის სტაგნაციიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი, სხვა გზას ვერ ვხედავ”
ივანიშვილის მინიშნებები და სკანდალი აფხაზეთში – რამდენად რეალურია ტერიტორიული მთლიანობის “მოულოდნელად” აღდგენა
კონსტანტინე ვეკუა – “არ არის გამორიცხული, სგან მივიღოთ კიბერიმპერია”
“სირცხვილიას” პრეცედენტი და მოსალოდნელი დიდი განხეთქილება – რა პროცესები იწყება არასამთავრობო სექტორში
კვარტალური სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ 2024 წლის სექტემბრის N3 (291) ნომრის მიმოხილვა
* * *
სანდრო თვალჭრელიძე – “კოალიციური მთავრობა არის სტაგნაციიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი, სხვა გზას ვერ ვხედავ”
“ჩემი აზრით, აშკარად გადაჭარბებულია ამ სასამართლო პროცესის “საუკუნის პროცესად” შეფასება. ვფიქრობ, მის ვერდიქტს შეუძლია შეცვალოს ქვეყნის განვითარების გზაზე ბევრი რამ, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით მართლაც შეჩერდება ამ კანონის მოქმედება, მაგრამ თუ პირიქით მოხდება, არა მგონია, ამას შეუქცევადი შედეგები მოჰყვეს. შეუქცევადი შედეგები შეიძლება ჰქონდეს არჩევნებს – აი, ეს იქნება ნამდვილად მნიშვნელოვანი. ბევრი სვამს კითხვას, იმოქმედებს თუ არა ეს განხილვა არჩევნებზე? პირადად მე არა მგონია. საქმე ისაა, რომ აქ იურიდიული მხარე მეორე პლანზე გადავიდა და მსოფლმხედველობრივმა მხარემ წამოიწია წინ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს კანონი შესაძლოა საერთოდ გაუქმდეს. მოკლედ, ვიმეორებ, მთელ ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესი მომავალი არჩევნებია, სწორედ მისი შედეგები იქნება ბევრი მიმართულებით გადამწყვეტი, ამიტომ ამომრჩეველი კარგად უნდა დაფიქრდეს, ვიდრე ხმის მიცემას გადაწყვეტს”, – აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გამოჩნდა ბერიას მიერ დაარსებული რუსული სამხედრო დაზვერვის სრული კრახი!”
“იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ვერ ვნახეთ პარლამენტის ვითომ “ტოპფიგურები”, აქვს სამი მიზეზი: პირველი – ამით ცდილობენ სასამართლო პროცესს მოეხსნას პოლიტიკური შემადგენელი და სრულიად იურიდიულ ჭრილში განიხილონ, თუმცა, ჩემი აზრით, ეს შეუძლებელია იმის მიუხედავად, სასამართლოში ვინ მივა და ვინ არა; მეორე – “ქართული ოცნება” აშკარად ცდილობს დააკნინოს ამ კანონის სოციალური მნიშვნელობა. ისე წარმოადგენენ, თითქოს ეს ჩვეულებრივი კანონი და შესაბამისად, ჩვეულებრივი პროცესი იყოს. სასამართლოზე ხელისუფლების პოზიციის დამცველი ქალბატონის განცხადება, როდესაც მან ეს კანონი “უცხო ვარცხნილობასა” და “უცხო გარეგნობას” შეადარა, სწორედ ამ მცდელობის მაგალითია; მესამე – ჩანს, ბოლომდე მაინც ვერ ენდობიან საკონსტიტუციოს მოსამართლეებს და შიშობენ, ემანდ, არ შეაჩერონ კანონის მოქმედებაო. ასე თუ მოხდა, მაშინ იქ იმ “ტოპფიგურების” გამოჩენა მათთვის ჰარაკირის ტოლფასი იქნება. არ მინდა რაიმე ფორმით გამოვხატო ჩემი პოზიცია, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ეს მესამე მიზეზი, ალბათ, გადაჭარბებული შიშის შედეგი უფროა…” – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“მოდი, ყველაფერს ვუწოდოთ თავისი სახელი – ხელისუფლების ინიციატივას ეკლესიიდან, უბრალოდ, უარყოფითი კი არა, მკვახე რეაქცია მოჰყვა. ეს ყველაფერი არის, რასაკვირველია, ძალიან მარტივი პოლიტიკური გათვლების შედეგი. როგორც ს უყვარს თქმა, “ყველაფერი მარტივია”. დიახ, მათი ქმედებების წაკითხვა მართლაც ძალიან მარტივია. ჯერ ერთი, ვფიქრობ, სურდათ საკონსტიტუციო სასამართლოდან ყურადღება გადაეტანათ ამ საკითხზე, თუმცა აშკარად გამოჩნდა, რომ არ ელოდნენ ეკლესიისგან ასეთ მკვახე საბოტაჟს. არადა, ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ თვალწინ არის საბერძნეთის მაგალითი, სადაც მართლმადიდებლობა გამოცხადებულია სახელმწიფო რელიგიად, რაც ნიშნავს, რომ სწორედ სახელმწიფო აკონტროლებს ეკლესიას. ასეთი კონტროლის თავიდან აცილება სურს ჩვენს ეკლესიას და ამას უცილებლად მიაღწევს. გარდა ამისა, საქართველო არის მრავალეროვანი ქვეყანა, სადაც მრავალი კონფესიის ხალხი ცხოვრობს. აქ არასდროს ყოფილა რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტები. საინტერესოა, ახლა რას გეგმავს ჩვენი ხელისუფლება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით, ამ სხვა კონფესიის ადამიანებს ან თუნდაც ათეისტებს სახელმწიფოს მიღმა ტოვებს?” – განაგრძობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, ეს იყო ძალიან ბუნდოვანი ნათქვამი და უკანდახეული ნაბიჯი. ღია კარის დღეს გვეთამაშება… რასაკვირველია, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში მართლმადიდებლობამ დიდი როლი ითამაშა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ოდითგან იყო მრავალეროვნული და მრავალრელიგიური სახელმწიფო და მისი მმართველები პატივს სცემდნენ ყველა ეთნოსისა და რელიგიის წარმომადგენლებს. საქართველო, მგონი, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ იდევნებოდნენ ებრაელები. სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება იქნება დიდი შეცდომა. ამას მიხვდნენ და დარწმუნებული ვარ, არ და ვერც ვერაფერს შეცვლიან – “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. რა თქმა უნდა, სასულიერო პირები სწორად აფასებენ და ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილიც, რაც ამომრჩევლის მოხიბვლის ძალიან უსუსურ ცდად მიმაჩნია. ამით ამომრჩეველს ვერ გადაიბირებენ…ჩანს, “ქართულ ოცნებაში” შეეცადნენ მალულად ეცადათ ამ საკითხის მოსინჯვა, თუმცა ეკლესიამ პირდაპირ თქვა ყველაფერი, ყოველგვარი დიპლომატიური წიაღსვლების გარეშე”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“ქართული ოცნების” საარჩევნო გზავნილები ისეთი დრომოჭმულია, ისეთი ხავსმოკიდებული, რა ვთქვა, არც ვიცი. ბოლო 12 წელია მოგვაბეზრეს თავი ამ ერთი და იმავე ტექნოლოგიით – “ნაციონალური მოძრაობის” ურჩხულად გამოცხადებასა და ამით საზოგადოების დაშინებას ვერა და ვერ მოეშვნენ. იმდენად აღარ მაინტერესებს, აღარც ვუსმენ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილიც ასეა. როცა საინტერესო აღარ ხარ, არ გისმენენ – ეგ არის ყველაზე ცუდი. ჯობია გისმენდნენ და სძულდე ხალხს, ვიდრე შენდამი სრულიად გულგრილად იყოს განწყობილი. მახსოვს, 2012 წელს პირდაპირ ტელეეკრანებს ვერ ვწყდებოდით და ვუსმენდით ბიძინა ივანიშვილს, ახლა აბსოლუტურად სხვა ვითარებაა, შეიძლება 12 წლის განმავლობაში არაფერი შეიცვალოს? ცოტა მაინც არ უნდა გაიზარდო? მოკლედ, მაგათ მოსმენაში დროის დაკარგვა არ ღირს, საქმის კურსში რომ ვიყო “ინტერპრესნიუსზე” სათაურებს ვკითხულობ… შესაბამისად, მე მათგან ახალს არაფერს ველოდები… კონსტიტუციურ უმრავლესობას ითხოვენ `ნაციონალური მოძრაობის~ გასაუქმებლად, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ…”, – ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.
“ისევ შუღლს აღვივებენ და პოლარიზაციის გაღრმავებას ცდილობენ. ეს ქმნის, რა თქმა უნდა, მასშტაბური რეპრესიების საფრთხესაც, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ვერავითარ კონსტიტუციურ უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ. კიდევ ერთი რამ ძალიან მაინტერესებს, როგორ აპირებენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? ამას თუ იკითხავ, პასუხად მხოლოდ გინებას იღებ, გეჩხუბებიან, კითხვებს რატომ სვამო, რაც პირდაპირ აჩვენებს, რომ ეგ დაპირება ცარიელი სიტყვებია… პარტიების აკრძალვის თემა კი წინასაარჩევნო ხრიკი მგონია, ასეთი განცხადებები და პოლიტიკური დევნის დაანონსება პირდაპირ სამოქალაქო ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. მოგვწონს თუ არა, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ პოზიტიურად არის გაწყობილი. გაცილებით აწონილი პოლიტიკაა გასატარებელი იმისთვის, რომ ეს გახლეჩილი და უბედური ქვეყანა როგორმე გავამთლიანოთ”, – თვლის ექსპერტი.
“რაც შეეხება ოპოზიციას, ჯერჯერობით მაინც სტაბილურად მიდის ყველაფერი, თუმცა, ალბათ, სექტემბრის ბოლოსთვის ბევრი რამ ნათლად გამოჩნდება. ნელ-ნელა ძალას იკრებს “ლელოს” გარშემო გაერთიანებული ცენტრი. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბებას. ამ ეტაპზე ჯერ არ ჩანს იმის კონტურები, ვინ და როგორ დააკომპლექტებს კოალიციურ მთავრობას. დიდი იმედი მაქვს, რომ ამის აუცილებლობა შეიქმნება. ეს არის სტაგნაციიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი, სხვა გზას ვერ ვხედავ. “ქართული ოცნების” ერთპიროვნულად გამარჯვება ნიშნავს -დან და ევროპიდან უფრო ხისტ სანქციებს, რაც საზოგადოების კისერზე გადაივლის. რიგითი მოქალაქეები ვართ ამ ბინძური პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი. საკუთარი თავის გარდა, ვერაფერს ხედავენ. არადა, მსოფლიოში უამრავი საინტერესო პროცესი მიმდინარეობს. ერთმანეთის ლანძღვა-გინების გარდა, არაფერი იციან. ისე იქცევიან, თითქოს ჩვენ გარშემო ვაკუუმი იყოს. მეგობრებო, ჩვენ გარშემო არის მსოფლიო, სადაც უმნიშვნელოვანესი პროცესები მიმდინარეობს”, – დასძენს თვალჭრელიძე და შეკითხვაზე”, – “დასასრულ, როგორ აფასებთ, კურსკში უკრაინელთა ოპერაციას?” – პასუხობს:
“ამ ოპერაციამ აჩვენა ასე ნაქები და ლავრენტი ბერიას დაარსებული რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) სრული კრახი. ეს ყოფილა საპნის ბუშტი, მგონი, მაგას ჩვენი საქართველოს დაზვერვაც კი სჯობს. ის, რაც გააკეთა სირსკიმ, სასწაულია, სასაცილო გახადა რუსეთის არმია. კრემლიდან პასუხი არის მხოლოდ ჰაერიდან, ლაჩრულად თავს ესხმიან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, სხვას ვერაფერს აკეთებენ. პირველად ნახეს რუსებმა, რომ ომი სთან ბულვარში გასეირნება არ არის, გამოცადეს საკუთარ თავზე მისი მთელი საშინელება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ოპერაცია ომის დასასრულსაც მოაახლოებს”.
ივანიშვილის მინიშნებები და სკანდალი აფხაზეთში – რამდენად რეალურია ტერიტორიული მთლიანობის “მოულოდნელად” აღდგენა
წინასაარჩევნო რეგიონელური ტურნეს ფარგლებში ზედიზედ უკვე მესამედ აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შესაძლოა, “ნებისმიერ დროს” მოხდეს. ამის პარალელურად გაირკვა, რომ ოფიციალური მოსკოვი ს დე ფაქტო ხელისუფლებას ფინანსური დახმარების შეჩერებითა და ერთგვარი პერსონალური სანქციებით ემუქრება. რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი და რამდენად რეალურია ოკუპირებული ტერიტორიების ახლო მომავალში მშვიდობიანად დაბრუნება? სოხუმსა და ცხინვალში “ქართული ოცნების” განცხადებებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ. თუმცა, სხვადასხვა ფაქტორებმა, რაც კრემლისა და სეპარატისტთა ლიდერების ურთიერთობის გაუარესებაზე მიუთითებს, გაზარდა მათი შეშფოთება, რომ შესაძლოა მოსკოვსა და თბილისს შორის რაღაც ფარული შეთანხმება არსებობდეს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ივანიშვილის მინიშნებები და სკანდალი აფხაზეთში – რამდენად რეალურია ტერიტორიული მთლიანობის “მოულოდნელად” აღდგენა.
“ბოლო ასეთი ფაქტორი იყო გასულ კვირას სოხუმში აგორებული სკანდალი. გაირკვა, რომ რუსეთის ხელისუფლება ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას “ვალდებულებების შესრულებას” სთხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში დახმარების შეჩერებით ემუქრება. გარდა ამისა, სექტებრის ბოლოს, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან იმ აფხაზ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ “ვალდებულებების” შესრულებას ეწინააღმდეგებიან. როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, ამ დამთხვევამ შეიძლება სხვადასხვა სცენარზე გვაფიქრებინოს, თუმცა რეალურად ყველაფერი ასე მარტივად არაა. ზაქარეიშვილის აზრით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის დღეს ერთადერთი მიმზიდველი თემა ევროკავშირთან ინტეგრაციაა და ტერიტორიული მთლიანობის აღგენის კუთხით ერთადერთი გამოსავალი “ევროპული მშვიდობა და ევროპული კონფლიქტების მოგვარებაა”. 26 აგვისტოს რამდენიმე აფხაზურმა “ტელეგრამ” არხმა ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკის შეხვედრის ოქმი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე განხილულ იქნა “აპარტამენტების კანონის” მოწინააღმდეგე აფხაზ “დეპუტატებისთვის” რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი”, – აღნიშნავს გამოცემა.
“შეხვედრის ოქმის მიხედვით, რუსეთი იმუქრება, რომ მოსკოვი 1-ლი სექტემბრიდან შეაჩერებს ფინანსურ აჩერებს, სანამ აფხაზური მხარე შემდეგი სახის ვალდებულებებს არ შეასრულებს: – მოხდეს შეთანხმების რატიფიცირება რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკებს შორის ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ; – უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლა;- მოიხსნას შეზღუდვები რუსი ინვესტორებისთვის კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები)”, – ნათქვამია ინტერნეტით გავრცელებულ დოკუმენტში. ამავე ოქმში აღნიშნულია, რომ ბჟანიას აქვს ვალდებულება, 2024 წლის 20 სექტემბრამდე წარადგინოს ინფორმაცია ე.წ. პარლამენტის წევრებისა და “აფხაზური ოპოზიციის ლიდერების” შესახებ, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა და მოქმედებენ “რუსეთის ფედერაციის ინტერესების და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების საზიანოდ, მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით”, – განაგრძობს გამოცემა.
“გათვალისწინებული იქნას აფხაზური მხარის (ა.გ. ბჟანია) ვალდებულება, 2024 წლის 20 სექტემბრამდე მიაწოდოს ინფორმაცია სახალხო კრების – აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ოპოზიციის აფხაზი ლიდერების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარების მიზნის საზიანოდ მოქმედებენ, მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით”, – წერია ოქმში. აღსანიშნავია, რომ ამ ოქმის გამოქვეყნებას დე ფაქტო ხელისუფლებამ მხოლოდ 31 აგვისტოს უპასუხა. ბჟანიას ე.წ. ადმინისტრაციამ მოკლე განცხადება გაავრცელა, სადაც მხოლოდ ისაა ნათვქმი, რომ “პრეზიდენტს” ურჩი “დეპუტატებისა” და ოპოზიციის ლიდერების შესახებ რაიმე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არ აუღია საკუთარ თავზე… პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ აფხაზეთში მინდინარე მოვლენებს საერთო არაფერი აქვს ივანიშვილის განცხადებებთან. მისი თქმით, ეს მხოლოდ წინასაარჩევნო თამაშია, ტემპერატურის ასაწევად ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ევროკავშირში ინტეგრაციაა”, – დასძენს გამოცემა.
“იმას, რაც აფხაზეთში ხდება, არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რაც დანარჩენ საქართველოში ხდება. ორივეგან წინასაარჩევნო პერიოდია, არჩევნებია ოქტომბერში საქართველოში და “არჩევნებია” მარტში ოკუპირებულ აფხაზეთში. ახლა ვხედავთ რუსეთის მონაწილეობას ორ წინასაარჩევნო კამპანიაში. სხვადასხვა კომპონენტია, თუმცა ახლა ერთმანეთს დაემთხვა. აფხაზეთში ხდება ის, რომ ბჟანია საზოგადოებაში ძალიან არაპოპულარულია, რადგან რუსული პროექტების გატანა უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ზე საკითხი ჯერ კიდევ ბოლომდე მოსაგვარებელი აქვს. განსაკუთრებით კი აპარტამენტების საკითხი ვერ შეასრულა და მისი ვადა იწურება. ამიტომაც რუსეთი კისერზე ფეხს აჭერს, რათა ბჟანიამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს მოსკოვის სასარგებლოდ, თუ არა და ხელს შუწყობს მის გაშვებას”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ბჟანია კორუფციაში და უამრავ რაღაცეებშია ჩაფლული, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია – ერთის მხრივ საზოგადოება ვერ იტანს და მისი გაშვება უნდათ და მეორეს მხრივ რუსეთი აწვება და აიძულებს რაღაც გააკეთოს. რუსეთი ფინანსურ დახმარებას არ შეუწყვეტს, რადგან ეს გამოიწვევს საზოგადოებაში უკვე რუსეთის მიუღებლობას. საზოგადოება ბჟანიას ვერ იტანს, მაგრამ რუსეთის მიმართ ჯერ კიდევ ლოიალობას ინარჩუნებს. ეჭვი მეპარება, რომ რუსებმა აფხაზური საზოგადოება დასაჯონ. დასჯიან უფრო ბჟანიას და “არჩევნებში” მის გამარჯვებას ხელს არ შეუწყობს. რუსეთს კავკასიაში ისედაც პრობლემები აქვს და აღარ აწყობს, რომ აფხაზებთანაც გაიფუჭოს საქმე. საქართველოშიც რუსებს კარგად საქმე არ აქვს, იცის, რომ ჩვენი ხელისუფლება რაც უფრო პრორუსული ხდება, მით მეტად ხდება საზოგადოება ანტირუსული. რაც შეეხება თბილისს, ის, რომ ივანიშვილი მესამე-მეოთხეჯერ იმეორებს, რომ ტერიტორიების აღდგენისთის საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდებაო, ეს ბლეფია ხმაურისა და ტემპერატურის ასაწევად”, – განმარტავს რესპონდენტი.
“საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰაერშია გამოკიდეული, კვალიფიციური უმრავლესობაც კი პრობლემაა. რაც მეტად ილაპარაკებენ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე, მეტად დააჯერებენ ხალხს, რომ მათ მისცენ ხმა და იქნებ ის მაინც აიღონ, რაც დღეს აქვთ. არსებობს ასეთი გამოთქმა – განცხადება რაც უფრო აბსურდულია, მით დამაჯერებელიაო. სწორედ ასეთი განცხადებაა ტერიტორიული მთლიანობის მოულოდნელად აღდგენა. ჯერ ერთი, შეუძლებელია მოუმზადებელი მოვლენა მოხდეს, აფხაზები კი ჯერ თბილისის მხარეს არ იყურებიან; და მეორე – ნუ გვგონია, რომ რუსეთს შეუძლია აფხაზეთი ასე აიღოს და მისცეს თბილისს. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი ყოველდღე არ კითხულობს აფხაზეთში რა ხდება და ამას ვიღაცა ხომ უწერს? შეიძლება ეს ვიღაცა ეუბნება – აფხაზეთი მზადაა ჩაგვბარდესო (როგორც პუტინს ეუბნებდნენ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის სასარგებლოდ მიდისო), ივანიშვილი კი ამას იმეორებს და ამ დროს, აფხაზი ხალხი არანაირად მზად არაა ამისთვის. ესაა “გარეჯი საქართველოა”-ს მეორე სერია. გარეჯის თემა შედარებთ იოლი იყო და ახლა უფრო რთულია გამოვიდეს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი”, – თვლის კონფლიქტოლოგი.
“რუსეთს ძალიან დიდი ხანია თავისი მკაფიო კანდიდატი არ ჰყავს არც აფხაზეთში და არც “სამხრეთ ოსეთში”. ყველა პოლიტიკური ფიგურა პრორუსია და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, რუსულ თამაშს ითამაშებენ, რამდენადაც მოსახლეობა ამის ნებას მისცემს. რუსეთმა კარგად იცის, რომ გარკვეული თემები ბჟანიასთვის მისაღებია, მაგრამ საზოგადოებისთვის – არა. ესენია: საკუთრება მიწაზე, საკუთრება უძრავ ქონებაზე და ტრანსკავკასიური გზის გაყვანა კოდორის ხეობაზე. ამ სამ თემაზე აფხაზები 30 წელია კატეგორიულად წინააღმდეგი არან. რუსეთმა კარგად იცის, რომ ბჟანიაში, ბაღაფშში და ანქვაბში არაა საქმე, მოსახლეობასთან მუშაობაა საჭირო. ყოველთვის, როცა რუსეთი ხედავს, რომ აფხაზები ამა თუ იმ თემაზე ღიზიანდებიან, სულ ცდილობს, რომ დასაჯოს არა აფხაზი ხალხი, არამედ ე.წ. ხელისუფლება და თავში წამოარტყას. რუსეთს ჯერ აფხაზეთი უნდა გარანტირებულად და მეორე რიგში დანარჩენი “სიკეთეები”, მიწაზე საკუთრება იქნება ეს, თუ სხვა. სამწუხაროდ, მოსკოვს უფრო კარგად ესმის რა ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, ვიდრე თბილისს”, – დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.
“რუსეთი არც ერთ შემთხვევაში არც ერთ ტერიტორიას თავისი ნებით არ დაგვითმობს, გამორიცხულია. ერთადერთი გამოსავალია ევროპა, მისი ღირებულებები, ევროპული მშვიდობა, ევროპული კონფლიქტების მოგვარებაა. რუსეთში ომია და არ მესმის ჩვენი ოპოზიცია ასეთი დოყლაპია როგორაა და როგორ უთმობს დროს ომისა და მშვიდობის თემას და ამ ტყუილის ლაპარაკის საშუალებას რატომ აძლევს?! ჩვენთან ომი იმიტომ არაა, რომ ევროპისკენ დავიწყეთ მოძრაობა. მართალია, ეს “ოცნების” დროს დაიწყო, მაშინ კოალიცია იყო, მაგრამ ეს მხოლოდ “ოცნების” არა, ევროპაში მიმავალი ხალხის დამსახურებაა და ევროპასთან სიახლოვემ რუსეთს დაგვაშორა და შემოიტანა ევროპული მოლოდინები აფხაზებისა და ოსებისათვის. ეს იყო ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და სხვა. აფხაზებისთვის და ოსებისთვის მხოლოდ ესაა მიმზიდველი. ისინი დარწმუნებული არიან, რომ თუ საქართველო ევროპაში მიდის, ომი არ იქნება. ისინი კარგად ხედავენ რუსეთი რა არის და მისი ძალიან ეშინიათ. ევროპაში არასდროს ომები არაა და დსთ-ში, სადაც რუსეთია, ყველგან ომებია”, – დასძენს ზაქარეიშვილი.
კონსტანტინე ვეკუა – “არ არის გამორიცხული, რუსეთისგან მივიღოთ კიბერიმპერია”
“როდესაც ამა თუ იმ ქვეყანასთან ურთიერთობას ვიწყებთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი ისტორია, მიზნები და ინტერესები. რუსეთი დიქტატურაზე დამყარებული იმპერიაა. ამ ქვეყნის ხელისუფლებაში რაც უნდა დემოკრატი და ლიბერალი მმართველი მოვიდეს, ვერაფერს შეცვლის, იმიტომ, რომ იმპერია დიქტატურის გარეშე ვერ იარსებებს. ტყუილად იჩემებენ რუსები, სუვერენული დემოკრატია გვაქვსო. სინამდვილეში მათ აქვთ თვითმპყრობელობაზე დამყარებული ნომენკლატურული სისტემა, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიას. კი, დემოკრატიულ მმართველობაზე გადასვლა ნამდვილად სცადეს, თანაც სამჯერ, მაგრამ ყველა უშედეგოდ დასრულდა”, – აცხადებს პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს ეროვნული­ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ვეკუა გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არ არის გამორიცხული, რუსეთისგან მივიღოთ კიბერიმპერია”
“XIX საუკუნეში ალექსანდრე I-მა დემოკრატიული რეფორმები გაატარა, თუმცა დემოკრატიული მოძრაობის პირველი მძლავრი ტალღა ბატონყმობის გადაგდების პერიოდში აგორდა. მეორე ტალღას თებერვლის რევოლუციის შემდეგ საფუძვლად ედო რუსეთ-იაპონიის ომში დამარცხება, რის მერეც ნიკოლოზ II დათმობაზე წავიდა. სტოლიპინის რეფორმამ შექმნა საშუალო კლასი, რომელიც მოგვიანებით კულაკებად მონათლეს. ამ კლასის წყალობით ეკონომიკა ისე განვითარდა, რომ რუსეთი ერთ-ერთ გავლენიან მოთამაშედ იქცა ევროპაშიც კი. ეს ტენდენცია ბოლშევიკურმა რევოლუციამ ჩაახშო. ბოლშევიკების მთავრობა თვითმპყრობელობაზე მეტად ავტორიტარული აღმოჩნდა. იმ წლებში საშინელება გამოიარეს არა მარტო იმპერიაში შემავალმა სხვა ერებმა, არამედ თავად რუსმა ხალხმაც – საშუალო კლასის ქონების ექსპროპრიაცია მოახდინეს, თავად ხალხის ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი გადაასახლეს. ამის შედეგად საბჭოთა სივრცეში შეიქმნა დიდი ვაკუუმი, რის ამოვსებასაც სოციალური იზომერიით შეეცადნენ. ე.ი. რუსებთან ერთად საბჭოთა კავშირში შემავალი ხალხების საუკეთესო ნაწილი გაანადგურეს და დატოვეს მხოლოდ (სამედიცინო ტერმინს გამოვიყენებ) დეგენერატები, ანუ შექმნეს ახალი ჯიშის ინტელიგენცია. სწორედ აქედან მოდის წითელი ინტელიგენცია, სამეწარმეო ელიტა და პარტიული ნომენკლატურა”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონსტანტინე ვეკუა.
“ვერ ვიტყვი, რომ საბჭოთა კავშირი უკვე დაიშალა, ჩემი შეფასებით, პროცესი ახლაც მიდის, მაგრამ ის აუცილებლად დასრულდება, ამის დასტურია რუსეთ-უკრაინის ომიც. კი ბატონო, 90-იანებში შეიქმნა განცდა, რომ რუსეთის დემოკრატიზაცია მესამე ჯერზე ელცინს სურდა, თითქოს ის სხვა რუს ლიდერებზე, მათ შორის გორბაჩოვზე, მეტად დემოკრატი იყო და დასავლეთმაც ფსონი მასზე დადო. სამწუხაროდ, მან დემოკრატიზაციის იდეას მალევე უღალატა. რუსმა ლიდერებმა ძალიან კარგად იციან, მაგრამ ახლა არ აწყობთ იმის გახსენება, რომ ელცინის მმართველობის შემდეგ, როდესაც ქვეყანა დიდ ქაოსში აღმოჩნდა და დეფოლტის წინაშე დადგა, დასავლეთიდან ძალიან დიდი დახმარება მიიღეს. მაგალითად, 1994-1995 წლებში ამერიკიდან რუსეთში საკვებით დატვირთული უზარმაზარი სატვირთო “ბოინგები” შედიოდნენ. როგორც მახსოვს, იმ ერთი წლის განმავლობაში 25000 რეისი გააკეთეს. დასავლეთმა არაერთხელ მისცა შანსი რუსეთს, ყოფილიყო სანდო პარტნიორი და ცივილიზაციის განვითარებაში წვლილი შეეტანა”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“მარტო ის რად ღირს, რომ ნავთობ­პროდუქტებს წარმოუდგენლად მაღალ ფასად ყიდულობდნენ. ამ 30 წლის განმავლობაში მინიმუმ 30 ტრილიონი დოლარი მაინც არის შესული დასავლეთიდან რუსეთის ბიუჯეტში. იმის ნაცვლად, რუს ლიდერებს დასავლური დახმარება კეთილსინდისიერად გამოეყენებინათ და ქვეყნის განვითარებაში ჩაედოთ რესურსები, საკუთარი ჯიბეები გაისქელეს, რუსეთი კი ისევ ჭაობში ჩატოვეს. პუტინის მმართველობის პერიოდში ერთი უნიკალური მოვლენა მოხდა – იმპერატორისა და მერე პარტიული ნომენკლატურის შემდეგ სახელმწიფოს “კაგებეშნიკები” დაასხდნენ თავზე. ეს არც გორბაჩოვის დროს ყოფილა, არც სტალინის და მით უფრო, არც იმპერატორების პერიოდში. XIX საუკუნეში “ოხრანკას” იმპერატორი მართავდა, რევოლუციის შემდეგ “კაგებე”-ში პარტიული ნომენკლატურა წყვეტდა ყველაფერს, პუტინის დროს კი “ეფესბედ” გადაკეთებულმა “კაგებემ” მთელი სახელმწიფო ჯიბეში ჩაისვა… ეს ისტორიული წიაღსვლა მკითხველს ნათლად წარმოუდგენს, როგორ დასამარდა დემოკრატია რუსეთში. ჩვენ თუ მართლა დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაზე გვაქვს პრეტენზია, წესით, საქმე არ უნდა გვქონდეს რუსეთთან, იმიტომ, რომ მაგ ქვეყანაში დემოკრატიული წესები არ მოქმედებს”, – განმარტავს ფილოსოფიის დოქტორი.
“წარმოგიდგენიათ საღად მოაზროვნე ქართველი, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში დარჩენას მოისურვებს? კი, არის ქართველების 12-13%, რომელიც რუსული რეჟიმის საყრდენია საქართველოში, მაგრამ ეს ხომ უმცირესობაა… იმპერიები სხვა ქვეყნების ტერიტორიებს ითვისებდნენ იმ მიზნით, რომ არა მარტო მოსახლეობის რესურსით ესარგებლათ, არამედ ბუნებრივ წიაღისეულზე ჰქონოდათ წვდომა. ეს არის პარაზიტული ეკონომიკა – მხოლოდ მიგაქვს და არაფერს აბრუნებ, ანუ ადგილობრივ განვითარებას არ უწყობ ხელს. ასეთ შემთხვევაში ვალდებული ხარ, არჩინო ქვეყანა, რომელიც ვეღარ განვითარდა. ეს კი გაცილებით ძვირი ჯდება. აი, ამას მიხვდნენ ბრიტანელები. მაგრამ ბრიტანეთი სულ სხვა ყაიდის იმპერია იყო, რუსეთის იმპერია კი სრულიად განსხვავებულია და სანამ ის საძირკვლიანად არ დაინგრევა, მანამდე არ მოხდება რუსი ხალხის ცნობიერების ტრანსფორმაცია. სხვათა შორის, მინახავს პროგრესულად მოაზროვნე რუსებიც, რომელთაც არ მოსწონთ საკუთარი ქვეყნის იმპერიალისტური ბუნება და ამბობენ, რომ იმპერიული მემკვიდრეობა სისხლის ფასად უჯდებათ, მაგრამ ასეთები ერთეულები არიან და პოლიტიკურ სურათში გარდატეხა ვერ შეაქვთ”, – დაასკვნის კონსტანტინე ვეკუა.
“მე არ ველი, რომ რუსეთში დიდი დემოკრატიზაციის ტალღა აგორდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ რუსეთი დიდხანს ვეღარ დარჩება ისეთად, როგორიც ახლაა. რუსების დიდი ნაწილი, ვინც დასავლური სიკეთეები ნახა, გასულია ქვეყნიდან, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო დიდი გადინება. ვინც ქვეყანაში დარჩა, ისინი კრემლის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მსხვერპლი კი არა, პროდუქტები არიან. ეს განსაკუთრებულად მძიმე მასაა. თუმცა დარწმუნებული ვარ, პუტინის რეჟიმი რომ დაემხოს, ქვეყანაში დასავლური ცივილიზაციანანახი ხალხი დაბრუნდეს და სახელისუფლებო ვერტიკალში მოექცეს, ერთი ან ორი თაობის შემდეგ ისევ ექსპანსიონისტური პოლიტიკა წამოიწევს წინ, ალბათ, უფრო დემოკრატიული ფასადით, მაგრამ საბოლოოდ მაინც “არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა”. შეიძლება ძალისმიერ მეთოდებს აღარ მიმართონ, მაგრამ ჰიბრიდულ ომს გააგრძელებენ და არ არის გამორიცხული, რუსეთისგან მივიღოთ კიბერიმპერია. ერთადერთი გამოსავალია რუსული იმპერიის საბოლოო დაშლა, სხვა შემთხვევაში რუსი იმპერიალისტურ მემკვიდრეობას ვერ შეელევა”, – დასძენს ვეკუა და შეკითხვაზე – “ზოგის აზრით, რუსეთის იმპერიის დაშლის ერთადერთი გზა შიდა დაპირისპირებაა და ეს კარგად გამოიკვეთა კურსკის მოვლენების დროს, როდესაც ძალოვანებმა ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს კურსკის დაკარგვის გამო”, – პასუხობს:
“ვერტიკალში დაპირისპირება აქამდეც არაერთხელ იქნებოდა არა მარტო ახლა, არამედ წარსულშიც. ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების დროსაც ებრძოდნენ ერთმანეთს რუსები, ბოლშევიკებსა და მენშევიკებს სხვადასხვა რეჟიმი აწყობდათ, თორემ ისე ორივე მხარე რუსეთის იმპერიის გაძლიერებისთვის იბრძოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მათ, ვისაც პუტინის რეჟიმის დამხობა სურს, რუსული იმპერიის დაშლა კი არა, სახელისუფლებო ვერტიკალის სათავეში მოსვლა სურთ. არ არის გამორიცხული, პუტინს მუსოლინის ბედი სანატრელი გაუხდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინც მის ადგილს დაიკავებს, ის რუსულ იმპერიალისტურ მემკვიდრეობაზე უარს იტყვის”
“სირცხვილიას” პრეცედენტი და მოსალოდნელი დიდი განხეთქილება – რა პროცესები იწყება არასამთავრობო სექტორში
“არასამთავრობო სექტორში სერიოზული დისკუსია მიდის იმასთან დაკავშირებით, უნდა დარეგისტრირდნენ თუ არა “უცხოური ინეტერესების გამტარებელთა რეესტრში”. ამის შესახებ ანალიტიკოსები საუბრობენ მოძრაობა “სირცხვილიას” გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომელიც ჯერ, “გამჭვირვალობის კანონის” მოთხოვნის შესაბამისად, დარეგისტრირდა “უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში”, ხოლო მეორე დღეს, საყოველთაო კრიტიკის შემდეგ, ამ რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საბოლოოდ შესაძლოა სხვა ცნობილმა და გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც მიიღონ დარეგისტრირების გადაწყვეტილება, რაც არასამთავრობო სექტორში დაპირისპირებასა და დიდ განხელთქილებას მოასწავებს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “სირცხვილიას” პრეცედენტი და მოსალოდნელი დიდი განხეთქილება – რა პროცესები იწყება არასამთავრობო სექტორში.
“მე ვვარაუდობ არა მარტო იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ “სირცხვილია” დარეგისტრირდა, არამედ ვიცი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წრეებში მიდის აქტიური დისკუსიები და საკმაოდ ცხარე დაპირისპირებასაც ჰქონია ადგილი დარეგისტრირება-არდარეგისტრირებაზე”, – განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ დაწესებული ჯარიმის გამო დიდი არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი იძულებული გახდება დარეგისტრირდეს. ყველასთვის მოულოდნელად, “გავლენების კანონის” აქტიური მოწინააღმდეგე მოძრაობა “სირცხვილია” ხელისუფლების მიერ შემოღებულ წესებს თანხმდება და “უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში” რეგისტრირდება. 30 აგვისტოს მოძრაობამ თავის “ფეისბუქ” გვერდზე ვრცელი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამ გადაწყვეტილების მიზეზებია ახსნილი. ამან საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. უმრავლესობისთვის “სირცხვილიას” ეს ნაბიჯი კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა. მანამდე ცნობილი იყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არსებობდა ერთგვარი შეთანხმება, რომ პროტესტის ნიშნად არ დაემოჩილებოდნენ “გავლენების კანონს” და არ დარეგისტრირდებობდნენ შესაბამის რეესტრში”, – აღნიშნავს გამოცემა.
“31 აგვისტოს კი “სირცხვილიამ” სოციალური ქსელით ახალი განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოთხოვნით გათვალისწინებულ რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი თანამდებობას ტოვებს. აღსანიშნავია, კანონი რეალურად 2 სექტემბრიდან შედის ძალაში და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გადაწყვიტონ დარეგისტრირდნენ “უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში”, ოფიციალურად გამოაცხადონ თვითლიკვიდაცია, თუ არ დაემორჩილონ კანონს და გააგრძელონ არსებობა. უმეტესი უარს ამბობს რეგისტრაციაზე და ზოგიერთმა მათგანმა ფუნქციონირებაც შეწყვიტა. ამის პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ ამ კანონთან დაკავშირებით სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. 30 აგვისტოს პროცესზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა იმაზეც ისაუბრა, რომ უკვე 233-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტა “უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში” დარეგისტრირება”, – განაგრძობს გამოცემა.
“მე ვფიქრობ, რომ “სირცხვილიას” ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, შეთანხმებული იქნებოდა მის პოტენციურ დონორებთან, რადგან ორგანიზაცია, რომელიც ძირითადად საერთაშორისო გრანტებით ფინანსდება, ვერ მიიღებდა ამ დაფინანსებას, თუ რეგისტრაციაზე უარს განაცხადებდა. ამიტომ, როგორც ჩანს, მათთან ეს საკითხი შეათანხმეს და ამ მხრივ შესაძლოა ეს პრობლემა გარკვეულწილად მოაგვარეს. სხვანაირად რთულია ამის ახსნა. ეს არის ერთგვარი “ენჯეო” ტრენდიდან ამოვარდნილი მოქმედება. მათ გადაწყვეტილებაზე პირველი რეაქციებიც ამაზე მიანიშნებს, რადგან აქამდე ყველა წამყვანი “ენჯეო”, რომელიც უცხოურ დაფინანსებას ღებულობს, სოლიდარული იყო იმაში, რომ არც ერთი მათგანი არ დარეგისტრირდებოდა. ამიტომ, გარდა იმისა, რაც იუსტიციის მინისტრის მოადგილისგან მომისმენია დარეგისტრირებულთა მონაცემების შესახებ, შესაძლოა არასამთავრობოების გარკვეული რაოდენობა კიდევ დარეგისტრირდეს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“ამის შემდეგ არასამთავრობო სექტორში შეიძლება დაიწყოს მათთვის არცთუ ისე სასურველი პროცესები. კერძოდ, დაირღვეს ის სოლიდარობა, რაც აქამდე ჰქონდათ. პრინციპში, “სირცხვილიას” ამ გადაწყვეტილებით ისედაც დარღვეულია, თუმცა მათ თუ კიდევ შეუერთდებიან სხვა მეტ-ნაკლებად ცნობადი ორგანიზაციები, ეს გამძაფრდება. ასევე არსებობს ფინანსური მოსაზრებებიც. მოდით პირდაპირ ვთქვათ – საქართველოში ყველა მოქმედი “ენჯეო”, გარდა იმ ცნობილი მდიდარი “ენჯეოებისა”, ასე უცებ ჯიბიდან ვერ ამოიღებენ 25 ათას ლარს, რომ ჯარიმის სახით გადაიხადონ. ეს ფაქტორიც მოქმედებს”, – დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.
“მოძრაობა “სირცხვილია” თავის საქმიანობას – დღევანდელი მთავრობის კრიტიკას ისევ გააგრძელებს. ორგანიზაციები, რომლებიც რეგისტრირდება, არ ნიშნავს, რომ ისინი ამ კანონს პატივს სცემენ, ან დადებითად უყურებენ. აქ პრობლემა ფულადი ჯარიმაა და არსებობს საფრთხე, რომ ესა თუ ის ორგანიზაცია გაუქმდეს. ვიღაცები იქნებიან, რომლებიც ამაზე უარს იტყვიან და პრინციპში ორივე გადაწყვეტილებას გარკველწილად ვიზიარებ. მთავარია პოზიციები, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისკენ არის მიმართული, არ შეცვალონ. დიდი ალბათობით, არასამთავრობო სექტორში დაპირისპირება და განხეთქილება დაიწყება. ამის გარდა, შესაძლოა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებშიც გაჩნდეს რაღაც უნდობლობა გარკვეული არასამთავრობოების მიმართ… დღევანდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულმა საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ, გარკვეული პრობლემების გამო, “ენჯეოების” რაღაც ნაწილი დარეგისტრირდება, რაღაც ნაწილი კი – არა. თუმცა, მთავარი ეს კი არაა, არამედ მოახლოებული არჩევნები, სადაც ხმა პროდასავლურ პარტიას უნდა მისცენ. ფაქტია, რომ არჩევნებზე ხალხი ხმას აძლევს პოლიტიკურ პარტიებს და არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის “სირცხვილიას”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
ჟურნალ „არსენალის“ 2024 წლის სექტემბრის N3 (291) ნომრის მიმოხილვა
ოკუპანტის ოკუპაცია – რუსეთს ომი უკან უბრუნდება / საზღვაო ომი ახალი რეალობებით / რა გამოწვევების წინაშეა ეროვნული თავდაცვის აკადემია / რას შეძლებენ F-16-ები უკრაინის ცაში / რუსული დეზინფორმაცია… „ჭუჭყიანი ბომბებით“ / XXI საუკუნის კავალერია / „სისხლი სისხლის წილ“: რამდენად ამართლებს ტერორიზმთან ბრძოლის ს სტრატეგია / ტანკი თუ დრონი? / საბჭოთა „გავლენის აგენტები“ იტალიაში: „ჟიგული ვაზ-2101“ წარმოების უცნობი ისტორია / „არავინ უნდა ნახოს ომი“ – ქართველი მეომრების ისტორიები „არსენალის“ ფურცლებზე / ასე იწყებოდა აფხაზეთის ომი… / „სიმულაციური სწავლებები გვაძლევს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობას“ / ს „კომეტები“ აფხაზეთის ომში / „ჯარის ბანაკი“ – დაუვიწყარი თავგადასავლები ახალგაზრდებისთვის
„პანიკის დათესვა რუსეთის მოსახლეობაში, დონბასის ფრონტიდან რუსული საბრძოლო დანაყოფების მოხსნა კურსკის გასამაგრებლად, ფრონტის ახალი მონაკვეთის გახსნა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, მუდამ თავდაცვაში მყოფი უკრაინის დამცველების შეტევაზე გადასვლით მათი საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტაზე მოსალოდნელი სამშვიდობო მოლაპარაკების წინ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური პოზიციის გამყარება – აი, ის მიზნები და ამოცანები, რამაც უკრაინელ პოლიტიკოსებსა და სამხედროებს გააბედვინა ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაცია წამოეწყოთ მეზობელი აგრესორი რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით, მაშინ, როდესაც ათასკილომეტრიანი ფრონტის რამდენიმე უბანზე უკრაინის არმიას ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უკან უწევს დახევა…” – წერს კვარტალური სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალი“ 2024 წლის სექტემბრის N3 (291) ნომერში, სათაურით „ოკუპანტის ოკუპაცია – რუსეთს უკრაინასთან დაწყებული ომი უკან უბრუნდება… / რუსეთთან სრულმასშტაბიან სამწლიან ომში მყოფმა უკრაინამ კურსკის ოლქს ისე მძლავრად შეუტია, რაც რუსეთის ფედერაციას თავის ტერიტორიაზე არ უნახავს 1992 წლიდან…“
„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაცია საბრძოლო მოქმედებებს (როგორც ოფიციალურად, ისე არაოფიციალურად) თავისი ტერიტორიის გარეთ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კუთვნილ მიწაზე, ჰაერსა და წყალში იწყებდა. 2022 წელს, უკრაინაზე თავდასხმის დროს, რუსეთის არმია უკრაინაში ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებიდანაც შეიჭრა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პუტინს ბლიცკრიგის გეგმა ჩაეფუშა, რუსეთის გენშტაბი იძულებული შეიქნა ამ მიმართულებებიდან თავისი დანაყოფები ისევ რუსეთის ტერიტორიაზე დაებრუნებინა. ამით გარკვეულწილად ისარგებლა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარმა სამმართველომ და მის რიგებში ჩამოყალიბებული „რუს მოხალისეთა კორპუსი“ რუსეთის ბელგოროდის ოლქს შეუსია. საერთო ჯამში, უკრაინას დღემდე ორი ასეთი, მეტ-ნაკლებად მასშტაბიანი სადაზვერვო-დივერსიული ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში, თუმცა 2024 წლის 6 აგვისტოს დილით უკრაინამ მესამე სადაზვერვო-დივერსიული გალაშქრება დაიწყო რუსეთის ტერიტორიაზე, ამჯერად, კურსკის ოლქის ქალაქ სუჯის რაიონში“, – აღნიშნავს გამოცემა.
„მოსალოდნელი იყო, რომ ეს ოპერაციაც წმინდა სადაზვერვო-დივერსიული გამოდგებოდა როგორც მანამდე ბელგოროდის ოლქში და მას შემდეგ, რაც ერთ-ორ დღეში უკრაინელი დივერსანტები გულს იჯერებდნენ კურსკის ოლქში რუს მესაზღვრეებზე „გადავლით“ და მოსახლეობაში პანიკის დათესვით, უკრაინაში დაბრუნდებოდნენ, მაგრამ შეცდნენ. კურსკის ოლქში შეჭრიდან მეხუთე დღეს საბრძოლო მოქმედებები არათუ მინელდა, არამედ სადაზვერვო-დივერსიულიდან საერთო-საჯარისოს დონემდე ავიდა და კურსკის ოლქში, რუსეთის ტერიტორიაზევე, რუსეთ-უკრაინის სამწლიანი ფართომასშტაბიანი ომის ფრონტის, ფაქტობრივად, ახალი მონაკვეთი გაიხსნა. ყველაფერი კი ასე დაიწყო – 6 აგვისტოს დილას უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადის დანაყოფებმა, გაძლიერებულმა სპეცდანიშნულების რაზმებით, ჯავშანტექნიკითა და მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით, არტილერიისა და კამიკაძე-დრონების ინტენსიური მხარდაჭერით გადალახეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი კურსკის ოლქის ქალაქ სუჯასთან და წარმატებით წაიწიეს წინ…“ – განაგრძობს გამოცემა.
„პრეზიდენტ ზელენსკის 17 ივლისის ბრძანებულებით ძალაში შევიდა უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინის საზღვაო უსაფრთხოების სტრატეგიაზე. დოკუმენტის მიზანია საფრთხეების კომპლექსურ-ეფექტური აცილებებითა და სათანადო რეაგირებით უკრაინის მზადყოფნის უზრუნველყოფა საზღვაო უსაფრთხოებაზე, რამაც შეიძლება თავი იჩინოს მიმდებარე ტერიტორიებზე, მის საზღვაო სივრცეებზე, აგრეთვე მსოფლიო ოკეანის იმ რაიონებში, სადაც უკრაინას ეკონომიკური ან სხვა ინტერესები აქვს. საზღვაო უსაფრთხოების სტრატეგიაში დასახულ ამოცანებს შორისაა: სამხედრო-საზღვაო ძალების განვითარება, ნატოს წევრი ქვეყნების მონაწილეობით ნაღმსაწინააღმდეგო კოალიციის შექმნა, შავ ზღვაში ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთობლივი სწავლებები და მათი მუდმივი ყოფნის უზრუნველყოფა. აგრეთვე აზოვ-შავი ზღვის აუზში ნატოს წევრი ქვეყნების მონაწილეობით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი საზღვაო პატრულირება. დოკუმენტი ძალაში შევიდა და ვიდრე უკრაინაში ომია, მისი ამოქმედება სათუოა“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით საზღვაო ომი ახალი რეალობებით.
„რუსეთ-უკრაინის ომმა ზღვაზე ომის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ხერხებზე წარმოდგენები ძირფესვიანად შეცვალა და არაერთ საკითხზე სრულიად ახალი მიდგომების ჩამოყალიბების საჭიროება წარმოშვა. ომის წინ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უკრაინაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა წყალზედა და წყალქვეშა ხომალდებით, რასაც უფრო აძლიერებდა ჰაერში რუსული საზღვაო ავიაციის ბატონობა, რაც, თავის მხრივ, უკრაინელთა თითო-ოროლა წყალზედა ხომალდის გამოყენებას მნიშვნელოვნად ზღუდავდა. რუსები ჰაერსა და ზღვაზე უპირატესობას ახლაც ინარჩუნებენ. ამის გამოა, რომ ვერ ხერხდება შავ ზღვაში ბრიტანეთისგან მიღებული მტრალავების M310 „ჩერნიგოვისა“ და M311 „ჩერკასის“, ამერიკის მიერ გადმოცემული საპატრულო Р194 „ვიაჩესლავ კუბრაკისა“ და საშუალო ზომების სხვა მცურავ საშუალებათა შემოყვანა. ომის დასრულებამდე უკრაინა ვერ შეძლებს თურქეთში მშენებლობის დასკვნით სტადიაში მყოფ კორვეტ F211 „გეტმან ივან მაზეპასა“ და მომდევნო F212 „გეტმან ივან ვიგოვსკის“ მიღებას“, – აღნიშნავს გამოცემა.
„უფლოტოდ დარჩენილი მეომარი ქვეყანა მსოფლიოში სიდიდით მეორე ფლოტს არ შეუშინდა და რაკეტებით, საჰაერო და საზღვაო დრონებით რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, სამხედრო-საზღვაო ბაზებსა თუ პორტებს იმდენად მტკივნეული დარტყმები მიაყენა, რომ ამჟამად შავი ზღვის ფლოტის აქტიურობა მინიმუმამდეა დაყვანილი. მწარე გაკვეთილებიდან რუსებმა სათანადო დასკვნები გააკეთეს და საზღვაო დრონებთან ბრძოლის, ასე თუ ისე, საიმედო სისტემა შექმნეს და თავდასხმებსაც მეტ-ნაკლები წარმატებით იგერიებენ. უკრაინელებმა საზღვაო დრონებით ბოლო დიდ გამარჯვებას 2024 წლის 5 მარტს მიაღწიეს, როცა ქერჩის სრუტის მახლობლად 1800 ტ სრული წყალწყვის საპატრულო ხომალდი „სერგეი კოტოვი“ ჩაძირეს. შემდგომ პერიოდში კიდევ რამდენიმე ოპერაცია ჩატარდა წარუმატებლად და მხოლოდ 9 აგვისტოს დროებით ოკუპირებულ ს დასავლეთ ნაწილში დასახლება ჩერნომორსკაიას მახლობლად 2 ტ-მდე წყალწყვის საპატრულო კატარღის აფეთქება მოხერხდა. უკრაინელთა საზღვაო ძალის დამრტყმელ ძალას, მრავალფუნქციურ საზღვაო დრონ Magura V5-ს, რამდენიმე სუსტი მხარე აქვს…” – განაგრძობს გამოცემა.
„ეროვნული თავდაცვის აკადემია კავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც თანამედროვე მეთოდებით, თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი ოფიცრების მომზადებას უზრუნველყოფს“, – ამბობს აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე. მას აკადემიის უნიკალურ სერვისებზე, ინფრასტრუქტურასა და ინსტიტუციურ განვითარებაზე სასაუბროდ ქალაქ გორში, აკადემიის ბაზაში ვეწვიეთ. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალთან“ საუბრისას აკადემიის რექტორი ხაზს უსვამს სასწავლებლის მნიშვნელობას და ამბობს, რომ ის წარმოადგენს ქვეყნისა და თავდაცვის სამინისტროს სისტემისათვის ღირსეული, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალის, ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსისა და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადების კერას, ასევე, საგანმანათლებლო სივრცეში არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საშუალებას“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით რა გამოწვევების წინაშეა ეროვნული თავდაცვის აკადემია / სიახლეები, მიღწევები და გეგმები.
„განვითარებული, წარმატებული, მაღალი ზნეობრივი შეგნებისა და უმაღლესი განათლების მქონე ოფიცერთა კორპუსის ჩამოყალიბება ეროვნული თავდაცვის აკადემიის ძირითადი პრიორიტეტია. აკადემიამ 2018 წლიდან სწრაფი ტემპით დაიწყო ინსტიტუციური განვითარება. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ქვეყნის განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება – ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ახალი სტანდარტების დანერგვა. როგორც ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, აკადემიისთვისაც აღნიშნული სიახლეები გარკვეულ გამოწვევებს წარმოადგენდა, რომლებიც უმოკლეს ვადებში წარმატებით დაიძლია. დღეს აკადემიური და სამხედრო მიმართულებების ინტეგრირებული პროგრამები, კვალიფიციური აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სამხედრო ინსტრუქტორები, მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურა, სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები მაღალი დონის სამხედრო და სამოქალაქო განათლების მიღების მყარ წინა პირობას ქმნის“, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამია ბალახაძე.
„აკადემია, როგორც სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მუდმივად დგას გამოწვევების წინაშე. ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, უპირველეს მიზანს წარმოადგენს აკადემიის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის უზრუნველყოფა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მოთხოვნებთან. ასევე, იუნკრებისა და მსმენელებისთვის ისეთი სახის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიცემას, რაც დააკმაყოფილებს თავდაცვის სისტემაში არსებულ საჭიროებებს. აკადემიისათვის უმნიშვნელოვანესია ღირსეული სამხედრო ლიდერების მომზადება. ყველა კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს ლიდერისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები და სამხედრო მომზადების ისეთი დონე, რაც განაპირობებს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მათ კონკურენტუნარიანობას. ჩვენ მივმართავთ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა აკადემიის ყველა კურსდამთავრებული იყოს საუკეთესო საუკეთესოთა შორის…“ – განაგრძობს რესპონდენტი.
„დასრულდა წელიწადნახევრიანი გაურკვევლობის ეპოპეა, დაკავშირებული F-16 Fighting Falcon-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ნატოს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გადაცემა-არგადაცემასთან დაკავშირებით. ნატომ შეასრულა თავისი სიტყვა და პირველი ათი ნიდერლანდური F-16 უკრაინას 2024 წლის ზაფხულშივე გადასცა, კიდევ ათი ასეთივე „მებრძოლი შევარდენი“ უკრაინაში წლის ბოლომდე ჩავა, სულ კი უკრაინისთვის 79 ერთეული ერთადგილიანი და ორადგილიანი F-16-ის გადაცემაა დაგეგმილი 2025 წლის ბოლომდე, თუმცა მათ ნაწილს, ალბათ, სათადარიგო ნაწილებად გამოიყენებენ. უკრაინელები დიდ მადლობას უთვლიან ნატოს წევრ ქვეყნებს, თუმცა კიევში არც იმას მალავენ, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა მეტ-ნაკლებად თანაბარი საჰაერო ბრძოლები რომ გაუმართონ რუსეთის სამხედრო ავიაციას, ამისთვის უკრაინას, როგორც მინიმუმ, 130-მდე F-16 მაინც სჭირდება… – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით რას შეძლებენ F-16-ები უკრაინის ცაში.
„ჯერჯერობით თავად უკრაინასაც არა აქვს იმის რესურსი, რომ ყველა გადაცემულ F-16-ზე ორი სამხედრო მფრინავი ჰყავდეს გამწესებული და ასევე უზრუნველყოს ამ „მებრძოლი შევარდნების“ უსაფრთხო ბაზირება იმ აეროდრომებზე, რომლებსაც რუსეთი სისტემატურად ბომბავს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე კამიკაძე-დრონების გამოყენებით. ომში საბრძოლო დანაკარგი გარდაუვალია და უკვე უკრაინულ F-16-ებიდან რამდენიმეს რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავები ან საზენიტო რაკეტები, ადრე თუ გვიან, დააზიანებენ ან სულაც ჩამოაგდებენ და ამისთვის წინასწარაა საჭირო შეგუება, თუმცა დაუშვებელია, რომ F-16-ები თუ სხვა თვითმფრინავები რუსმა ოკუპანტებმა უკრაინულ აეროდრომებზევე ააფეთქონ. ეს რომ არ მოხდეს, უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობას მოუწევს კუკუდამალობანას თამაში რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან და F-16-ების საიმედოდ გადამალვა, იქნება ეს აეროდრომებზე არსებული რკინაბეტონის დაცული ანგარები ან საავტომობილო გზის ის სწორი მონაკვეთები, რომელთა დროებით ასაფრენ-დასაფრენ ზოლად შეიძლება გამოყენება“, – აღნიშნავს გამოცემა.
„თუმცა ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, თუკი ეს უკრაინული F-16-ები, ძირითადად, მეზობელ, ნატოს წევრ რუმინეთისა და პოლონეთის სამხედრო აეროდრომებს შეაფარებდნენ თავს, რომლებზეც შეტევას კრემლი ვერ გაბედავდა და ამასთან, რუმინეთსა და პოლონეთსაც თავად ჰყავთ შეიარაღებაში F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, რომელთა შორის უკრაინული „მებრძოლი შევარდენები“ ისე „აირეოდნენ“, რომ რუსულ სადაზვერვო თანამგზავრებსაც გაუჭირდებოდათ მათი გამოვლენა… რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა კომერციულმა სტრუქტურამ უკვე დააწესა პრიზი – 15 მლნ რუსული რუბლი იმ რუსი მებრძოლებისთვის, ვინც პირველ უკრაინულ F-16-ს ჩამოაგდებს – ეს კი 174 715 დოლარია, რაც კარგი სტიმულია რუსი პილოტებისა და მეზენიტეებისთვის, ისე ინფორმაციისთვის, იგივე რუსული კომერციული სტრუქტურა ნახევარ მილიონ რუსულ რუბლს (5 824 დოლარს) იხდის უკრაინის არმიის ყოველი ამერიკული „აბრამსისა“ თუ გერმანული „ლეოპარდის“ აფეთქებისთვის უკრაინის ფრონტზე…” – განაგრძობს გამოცემა.
„რუსეთ-უკრაინის ომის სამწლიან პერიოდში ერთი საინტერესო ნიუანსი გამოიკვეთა -როგორც კი რუსეთის საოკუპაციო ძალებს პრობლემები შეექმნებათ ფრონტის ხაზზე, მაშინვე კრემლის კარნახით რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანა ამოიწევს… „ჭუჭყიანი ბომბების“ თემას – უკრაინა დღე-დღეზე „ჭუჭყიან ბომბებს“ გამოიყენებსო… ასე იყო 2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც რუს ოკუპანტებს ხარკოვის ოლქიდან გაქცევამ მოუწიათ და ასე გაგრძელდა 2023 წლის ივნისში, როდესაც უკრაინამ დიდი კონტრშეტევა წამოიწყო, და ასე ხდება დღესაც, როდესაც უკრაინის არმიის დანაყოფები რუსეთის ტერიტორიის ერთ ნაწილს აკონტროლებენ კურსკის ოლქში…”, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით რუსული დეზინფორმაცია… „ჭუჭყიანი ბომბებით“.
„რა არის „ჭუჭყიანი ბომბი“? ჩვეულებრივ კონტეინერს, რომელშიც მოთავსებულია მაღალრადიოაქტიური იზოტოპები, დამონტაჟებული აქვს მცირე სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობა მხოლოდ იმიტომ, რომ აფეთქების ძალამ კონტეინერის კონსტრუქცია დაშალოს და იზოტოპები რამდენიმე ათეულ ან ასეულ მეტრში მიმოფანტოს, მერე კი ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეების ტრაგედიას უხილავი რადიაცია გააგრძელებს. გასაგებია, რომ ამ დროს არ იწყება ჯაჭვური რეაქცია და არ ხდება ბირთვული აფეთქება. „ჭუჭყიანი ბომბის“ განმარტებაც პირობითია და ის მსოფლიოში, ძირითადად, ჰოლივუდურმა მძაფრსიუჟეტიანმა მხატვრულმა ფილმებმა გაავრცელეს. შვარცენეგერისა თუ სტალონეს კინოგმირები წარმატებით ანადგურებენ საერთაშორისო ტერორისტებს, რომელთაც „ჭუჭყიანი“ რადიოაქტიური ბომბის აფეთქება ნიუ-იორკის ცათამბჯენზე ან ვაშინგტონის მეტროში სურდათ, მამაცი და ძლიერი პერსონაჟები კი ამერიკელ მოქალაქეებს დიდ განსაცდელს არიდებენ. სინამდვილეში „ჭუჭყიანი ბომბის“ კუსტარულად დამზადება, სამწუხაროდ, არცთუ ძნელია – მთავარია, მაღალრადიოაქტიური იზოტოპების შოვნა“, – აღნიშნავს გამოცემა.
„იონიზირებადი გამოსხივების გამოყენებით შექმნილ ასაფეთქებელ მოწყობილობას რადიოლოგიურ იარაღსაც უწოდებენ და სანამ ათასი ჯურის პოტენციური თუ რეალური ტერორისტი მისი საშუალებით ქალაქების „გაჭუჭყიანებას“ მოიფიქრებდა, დიდი სახელმწიფოები მის შეიარაღებაში მიღებაზეც კი ფიქრობდნენ. ყველა რუსი სამხედრო ბლოგერი და სხვა რუსული საინფორმაციო საშუალებები გაიძახიან, რომ უკრაინის არმია თითქოს კურსკისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურების წინააღმდეგ სწორედ ასეთი „ჭუჭყიანი ბომბების“ გამოყენებას აპირებს. კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მიერ „ჭუჭყიანი ბომბების“ თემის ხელახლა წამოწევა შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ რუსული მხარე როგორც კურსკის, ისე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებზე მორიგ პროვოკაციებს გეგმავს, რომლებსაც უკრაინას დააბრალებს, – მიაჩნიათ უკრაინის სპეცსამსახურებში…“ – განაგრძობს გამოცემა.
„უკრაინის ომში გამოჩნდა, რომ ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები, ჯავშანავტომობილები თუ სხვა სახის მსუბუქი ჯავშანტექნიკა ტანკების მსგავსად უპილოტო საფრენი აპარატების მასირებულ თავდასხმის წინაშე უძლურია, სათანადო ჯავშანდაცვის გარეშე ქვეითთა შეტევები კი შეიძლება პირადი შემადგენლობის დიდი დანაკარგით დასრულდეს. რუსული გენერალიტეტი ამ რეალობის წინაშე დადგა და პუტინის დასახული ამოცანების შესასრულებლად შეტევების პირველ ტალღებში მიერეკებიან რეზერვისტებს, პატიმრებს, დაქირავებულებს ლათინური ამერიკის, აზიისა და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან ანუ იმ კატეგორიის პირებს, რომელთა სიცოცხლე არაფრად უღირთ. ახლა რუსი სამხედროები შეტევების თითქმის ნახევარს მოტოციკლეტებით, კვადროციკლებით, „ბაგითა“ და მაღალი გამავლობის ავტომობილებით აწარმოებენ. რუსები ღია ადგილების დაძლევას, სადაც მოუქნელი ჯავშანტექნიკის გამოყენება გაძნელებულია, სწრაფი ტრანსპორტის სიჩქარის ხარჯზე ცდილობენ. მაგრამ დანაღმულ ადგილებში ახალი რუსული ტაქტიკა არცთუ სასურველ შედეგს იძლევა“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით XXI საუკუნის კავალერია.
„უფრო მეტად გავრცელდა მოიერიშე ჯგუფებში იაფი სამოქალაქო მოტოციკლეტების გამოყენება, რითაც რუსები ძველი დროის საკავალერიო შეტევების ტაქტიკის აღორძინებაზე გადავიდნენ. რიგითი უკრაინელი ჯარისკაცის დაკვირვებით, რუსების შეტევა დაახლოებით ასე გამოიყურება: რუსული არტილერია იწყებს უკრაინელთა თავდაცვის პირველი ხაზის დამუშავებას და ზოგჯერ დაბომბვას ავიაცია კორექტირებადი ავიაბომბებით აგრძელებს. ამ დროს უკრაინელებს პოზიციები დატოვებული აქვთ და თავდაცვის მეორე ხაზზე არიან გადასული. უკრაინელთა პირველი ხაზის რაც შეიძლება სწრაფად დასაკავებლად, რუსები შეტევაზე მოტოციკლიტებით გადადიან. ღია სივრცეში მოძრავ მოტოციკლეტებს უკრაინელების FPV-დრონები, ნაღმსატყორცნები და მძიმე არტილერია გამანადგურებელ ცეცხლს უხსნის. პოზიციებს თუ პირველები უკრაინელები დაიკავებენ, მაშინ რუსებს სრული განადგურება მოელით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოზიციების დასაბრუნებლად უკრაინელებს მძიმე ბრძოლების გადატანა უხდებათ“, – აღნიშნავს გამოცემა.
„არის შემთხვევები, როცა რუსი მოტოციკლეტისტები ცეცხლს ვერ უძლებენ, თავიანთ რკინის ცხენებს ტოვებენ და თავშესაფრის საძებნად თავქუდმოგლეჯილი გარბიან. ჩვეულებრივ ქვეითთან შედარებით, მოტოციკლეტიან ჯარისკაცს დრონის თავდასხმისას დიდი სიჩქარის ხარჯზე გადარჩენის მეტი შანსი აქვს, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია ორბორბლიანი მანქანის სუსტი მხარეები – მოძრავი მოტოციკლეტიდან სროლა შეუძლებელია, მისი მოძრაობის ტრაექტორიის წინასწარ განსაზღვრა შესაძლებელია, აქვს ხმაურიანი ძრავა და მოტოციკლისტმა ამის გამო შეიძლება დრონის ხმა ვერ გაიგონოს, უგზოობაში მაღალ სიჩქარეზე მოძრაობისას გადაბრუნებისა და ტრავმების მიღების ალბათობაც დიდია. უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში რუსებმა გამოიყენეს ჩინური სამოქალაქო გოლფკარები, „ბაგის“ ტიპის ავტომობილებიც. ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებები ზომით პატარა, სწრაფი და მანევრულია, ამიტომ დრონებისთვის მათთან ბრძოლა მარტივი არ არის…“ – განაგრძობს გამოცემა.
„2024 წლის 13 ივლისს ისრაელის სამხედრო თვით-მფრინავებმა დაბომბეს ღაზის სექტორში, კონკრეტულად კი ხან-იუნისში, შენობის კომპლექსი, სადაც ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ გასამხედროებული სტრუქტურების ხელმძღვანელი, მოუხელთებელი მუჰამედ დეფი იმყოფებოდა. ათეულობით დაღუპულთა შორის დეფიც აღმოჩნდა. 30 ივლისს ისრაელმა სარაკეტო იერიში მიიტანა ლიბანში განლაგებულ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, რის შედეგადაც დაიღუპა მრავალი ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობაც. გარდაცვლილთა შორის იყო ასევე ფუად შუქრი, იგივე ალ-ჰაჯ მოჰსინი, „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის, ჰასან ნასრალას მოადგილე სამხედრო საკითხებში და „ჰეზბოლას“ უმაღლესი სამხედრო ორგანოს, „ჯიჰადის“ საბჭოს წევრი. თუმცა ივლისში ისრაელის „ანტიტერორისტული ოპერაციების“ ქრონიკა ამ ორი ფაქტით არ ამოიწურება“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით „სისხლი სისხლის წილ“: რამდენად ამართლებს ტერორიზმთან ბრძოლის ისრაელის სტრატეგია.
„31 ივლისს, გამთენიისას, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარე ისმაილ ჰანია თეირანში, ჯერ კიდევ ბურუსით მოცული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ის ირანში იმყოფებოდა ამ ქვეყნის ახალარჩეული პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე. ამ ღონისძიებას მრავალი ქვეყნის ლიდერი დაესწრო და, ბუნებრივია, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული. არ იყო საიდუმლო, რომ ისმაილ ჰანია თეირანში ყოფნისას ყოველთვის თეირანის ჩრდილოეთით მდებარე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ე. წ. ვეტერანების სახლში ცხოვრობდა, რადგან ეს საცხოვრებელი კომპლექსი განსაკუთრებით იყო დაცული. მიუხედავად ამისა, ისმაილ ჰანიას მკვლელობა თავიდან ვერ იქნა აცილებული. ჯერ კიდევ უცნობია, ვინ და როგორ დაესხა თავს „ჰამასის“ ერთ-ერთ ლიდერს. ფაქტია, ეს ძალზე გამოცდილი სპეცსამსახურის დაგეგმილი და შესრულებულია, რაზეც ტერაქტის პროფესიონალურ დონეზე ჩატარება და შედეგები მეტყველებს“, – აღნიშნავს გამოცემა.
„შერლოკ ჰოლმსის ცნობილი „გამორიცხვის მეთოდის“ გამოყენება არ დაგვჭირდება იმის დასადგენად, თუ ვის აწყობდა ისმაილ ჰანიას ლიკვიდაცია. ირანის ხელისუფლებამ პირველივე წუთებიდან მკვლელობაში, რაღა თქმა უნდა, ისრაელი დაადანაშაულა. არცაა დასამალი, რომ ისმაილ ჰანია მრავალი წელია ისრაელის სპეცსამსახურების სამიზნე იყო – სწორედ მას მიიჩნევდნენ გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის ერთ-ერთ ორგანიზატორად. 10 აგვისტოს ისრაელის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ღაზის სექტორში მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე, რომელსაც, ისრაელის ხელისუფლების მტკიცებით, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტად იყენებდა და შეტევის მომენტში იქ, სულ მცირე, „ჰამასის“ 20 ტერორისტი იმყოფებოდა. ღაზის სექტორის პალესტინური ადმინისტრაციის (რომელსაც „ჰამასი“ აკონტროლებს) განცხადებით, სკოლაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100 კაცს აღწევს…“ – განაგრძობს გამოცემა.
„მრავალრიცხოვანი ჯავშანკოლონებით ფრონტის გარღვევის სტრატეგია, როგორც ჩანს, მალე წარსულს ჩაბარდება. აეროკოსმოსური დაზვერვის თანამედროვე სისტემებმა, უპილოტო საფრენმა აპარატებმა (დრონები) ომის წარმოების სტრატეგია ძირფესვიანად შეცვალა და ახალი რეალობის წინაშე დააყენა. რადიოელექტრონული თვალთვალის საშუალებებისთვის შეუმჩნეველი არაფერი რჩება, ხოლო უკრაინის უზარმაზარ ტერიტორიაზე ბევრი ღია, მოშიშვლებული ადგილია, სადაც ყველაფერი ხელისგულივით მოჩანს. ერთ ადგილზე თავმოყრილი ტანკებისა თუ სხვა სახის ჯავშანტექნიკის აღმოჩენა და მისი მწყობრიდან გამოყვანა მომენტალურად, დროის უმცირეს პერიოდში ხდება. უკრაინის ომის გავლენით ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა არცთუ შემთხვევით ტანკებს მოსწრებულად უწოდა „სასიკვდილო ხაფანგი“. ტანკების უზარმაზარი დანაკარგის გამო რუსებმა ტაქტიკა შეცვალეს და ე. წ. სახორცე შეტევებზე გადავიდნენ ანუ უკრაინელთა პოზიციებს რუსი ქვეითები დიდი დანაკარგის ფასად ჯავშანტექნიკის მცირე რაოდენობით ან მის გარეშე უტევენ“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ტანკი თუ დრონი?
„ჰაერიდან დრონების მასირებული გამოყენების გამო ქვეითთა პატარა ჯგუფები ღია სივრცეებისგან სწრაფად გარიდებას მოპედებით, ველოსიპედებით, სკუტერებით, მოტოციკლეტებით, სახურავგადაჭრილი „ჟიგულებით“, ბაგის ტიპის ავტომობილებით, ხოლო ჩამოქვეითებულები მოკლე გადარბენებით უახლოეს თავშესაფრამდე მიღწევას ცდილობენ. არის შემთხვევები, როცა ერთ ჯარისკაცს ზოგჯერ 2-3 დრონი ებრძვის. თუმცა უკრაინული დრონებისთვის პრიორიტეტული მიზნები მაინც ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, საარტილერიო-სარაკეტო სისტემები და სხვა საბრძოლო საშუალებებია, რაც, თავის მხრივ, ჯავშანტექნიკის დაცვის სათანადო საშუალებათა სრულყოფას ითხოვს. 2021 წელს ერთ-ერთ სწავლებაზე რუსმა სამხედროებმა წარმოადგინეს ტანკები, რომლებსაც ყველაზე სუსტი ადგილის – ზედა პროექციის დასაცავად კოშკურიდან 1.5-2 მ-ის სიმაღლეზე მაყალის მსგავსი ლითონის ცხაური ჰქონდა დაყენებული. გამოგონების ავტორთა აზრით, „მაყალს“ ზემოდან წამოსული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების, ბარაჟირებადი უპილოტოების ან სხვა საბრძოლო საშუალებათა განადგურება ან კუმულაციური მასალის ინიცირება ამოქმედებამდე უნდა მოეხდინა“, – აღნიშნავს გამოცემა.
„მაყალის“ შესაძლებლობათა ასამაღლებლად ლითონის მესერი პასიური დინამიკური დაცვის Контакт-1-ის ბლოკებით დაიფარა. ასეთ კონსტრუქციას ახლა რუსები სერიულად ამზადებენ და ახალგამოშვებულ ტანკებს უყენებენ. კოშკურის ზემოდან დაცვის ამოცანა, ასე თუ ისე, გადაწყდა, მაგრამ დაუცველი დარჩა კორპუსის უკანა სამოტორო განყოფილება და ტანკის გვერდითი პროექციები. 2023 წლის ზამთრიდან Т-72Б3М, Т-80БВМ, Т-90М ტიპის ტანკებზე დაიწყო დრონის აღმომჩენი დეტექტორ-ანტენებისა და მისი მართვა-ნავიგაციის რადიოსიგნალების ჩამხშობი აპარატურის დაყენება. ამის გარდა, ჯავშანსატანკო დანაყოფებს დაემატა რადიოელექტრონული ბრძოლის მობილური აპარატურით აღჭურვილი ჯარისკაცები. ამან თითქოს ნაყოფი გამოიღო, მაგრამ უკრაინელმა სპეციალისტებმა სწრაფად მიიღეს კონტრზომები და რუსეთის არმიის სატანკო დანაკარგის მატების დინამიკა შენარჩუნდა, დანაკარგი კი იმდენად დიდია, რომ მრეწველობა დანაკლისის თანამედროვე მოდელებით შევსებას ვერ ასწრებს და რუსეთი იძულებულია გამოიყენოს ყველა იმ ტიპის ტანკი, რომლებსაც საბჭოთა სატანკო ქარხნები 1950-იანი წლებიდან უშვებდნენ. იმავდროულად, თავი იჩინა ძველი ტანკების თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისგან დაცვის პრობლემამ. ამ მხრივ რუსები ბევრს ცდილობენ, თუმცა ეფექტურსა და საიმედოს, ჯერჯერობით, ვერაფერს მიაგნეს…“ – განაგრძობს გამოცემა.
„საბჭოთა იმპერიის არსებობის განმავლობაში მსოფლიოში თითქმის არ დარჩენილა ქვეყანა, სადაც საბჭოთა სადაზვერვო ქსელს ფეხი არ გაედგა და კონტროლქვეშ არ მოექცია ამ ქვეყნის პოლიტიკური ელიტა, სამხედრო და სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები, სპორტსმენები, ხელოვნებისა თუ მეცნიერების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები. ბუნებრივია, ეს ოპერაციები სხვადასხვა ქვეყანაში მეტ-ნაკლები წარმატებით ხორციელდებოდა. თავმომწონე იტალიელთა უდიდესმა ნაწილმა შეიძლება არც იცოდეს, რომ მათი ლამაზი ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზე ათწლეულების განმავლობაში კრემლის კაბინეტებში მზაკვრული გეგმები მუშავდებოდა“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით საბჭოთა „გავლენის აგენტები“ იტალიაში: „ჟიგული ვაზ–2101“ წარმოების უცნობი ისტორია
„საბჭოთა სპეცსამსახურები იტალიაში იმდენად თავისუფლად გრძნობდნენ თავს, რომ ეს ქვეყანა სპეცოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების ერთგვარ შტაბბინად იყო გადაქცეული. რომიდან, ტურინიდან და მილანიდან იმართებოდა სპეცოპერაციები დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ის და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების წინააღმდეგ. იტალიაში საბჭოთა სპეცსამსახურებს დიდი არჩევანი ჰქონდათ აგენტ-ინფორმატორების, გავლენის აგენტებისა თუ უბრალოდ „სანდო პირების“ მრავალრიცხოვან არმიას შორის. მათგან მოსკოვს უმთავრესად „გავლენის აგენტები“ აინტერესებდა, რადგანაც სწორედ მათ ხელში იყო ან მოკლე პერიოდში აღმოჩნდებოდა იტალიის პოლიტიკური სისტემის მართვის სადავეები. ამიტომაც საბჭოთა სპეცსამსახურებს „გავლენის აგენტები“ ჰყავდათ იტალიის როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში – კონკურენცია ხომ „პროგრესის“ მთავარი მამოძრავებელი ძალაა!“ – აღნიშნავს გამოცემა
„კა-გე-ბეს მიერ იტალიაში ჩატარებული სპეცოპერაციების ისტორიიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ამ ქვეყანაში მოქმედი „გავლენის აგენტების“ აქტიური მონაწილეობა ე. წ. საუკუნის პროექტის იტალიური კონცერნ „ფიატის“ მიერ საბჭოთა კავშირში საავტომობილო ქარხნის მშენებლობაში. ეს იყო ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც საბჭოთა კავშირმა მსუბუქი ავტომობილის კონსტრუქცია და ტექნიკური დოკუმენტაცია კი არ მოიპარა, არამედ მის მწარმოებელთან ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა არც ეს ისტორია დასრულდა საბჭოთა დაზვერვისა და `გავლენის აგენტების~ მონაწილეობის გარეშე. 1966 წლის 16 აგვისტოს მოსკოვში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იტალიურ კონცერნ „ფიატს“ საავტომობილო ქარხანა უნდა აეშენებინა საბჭოთა კავშირში, კერძოდ, ვოლგისპირეთში. მანამდე დიდი ფარული ბრძოლები მიმდინარეობდა საბჭოთა ხელისუფლებასა და კონცერნ „ფიატის“ ხელმძღვანელობას შორის…“ – განაგრძობს გამოცემა.
„ჩემი ურთიერთობა ჟურნალ „არსენალთან“ 13 წლის წინ დაიწყო – მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს აზერბაიჯანულ საჯარო სკოლაში ქართულ ენას ვასწავლიდი. როცა მეთორმეტე კლასში შევდიოდი, ელთუნ ნასიბოვს ქართული ჟურნალი ჰქონდა გადაშლილი და მუდმივად კითხულობდა. ჯარითა და სამხედრო ტექნიკით დაინტერესებული ბიჭი იყო. თითქმის ყველანაირი შეიარაღების ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები ზეპირად იცოდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ცოდნა მას ჟურნალ „არსენალიდან“ ჰქონდა შეძენილი. როდესაც მის მერხზე სწორედ ეს ჟურნალი შევნიშნე, მას შემდეგ მასში გამოქვეყნებულ სტატიებს მთელ კლასს ხმამაღლა ვაკითხებდი. ჩემი, როგორც მასწავლებლის, ამოცანა იყო ქართული წერა-კითხვის გავრცელება და ქართულ ენაზე მეტყველების განვითარება. ამისთვის ყველანაირ საშუალებას ვიყენებდი, რაშიც ელთუნის ჟურნალები დიდად მეხმარებოდა. თითოეულ ახალ ნომერს იყო „ჩასაფრებული“ და დიდი ინტერესით ეცნობოდა. ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ ბავშვებმა სამხედრო ნაწილში ექსკურსიის მოწყობა მთხოვეს, მერე კი ყველა ბიჭმა ქართულ ჯარში სამსახურის სურვილი გამოთქვა“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით „არავინ უნდა ნახოს ომი“ / ქართველი მეომრების ისტორიები „არსენალის“ ფურცლებზე.
„ ერთი მათგანი თავგადახოტრილი, სამხედრო ჩანთამოკიდებული შემხვდა ქუჩაში და მომახარა, მასწ. ჯარში წავედიო… იმ წელიწადს დასრულდა მასწავლებლის ამპლუაში სკოლასთან ჩემი ურთიერთობა, „არსენალი“ კი ჩემი სამაგიდო ჟურნალი გახდა“. რუსეთ-უკრაინის ომმა უკვე კორესპონდენტის რანგში დამაკავშირა „არსენალს“. „ქართველები უკრაინის ომში“ – ამ რუბრიკის ერთ-ერთი თანაავტორი გავხდი და უკრაინის ფრონტზე საერთო მტრის წინააღმდეგ მებრძოლი ჩვენი ბიჭების თავდადების ამბების შეკვრა დავიწყე. გიორგი გელაშვილი, შოთა ბითაძე, არჩილ ხოფერია, გია შიოშვილი, გიორგი კასრაძე, ირაკლი ქურციკიძე და მრავალი და მრავალი… „არსენალის“ ფურცლებზე დაბეჭდილმა ისტორიებმა რუსული უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიაშიც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. გიორგი კასრაძე ერთ-ერთია უკრაინაში მებრძოლ ქართველთაგან, რომელიც „არსენალის“ სტუმარი იყო. ის ამჟამად საქართველოშია. აპირებს თუ არა უკან დაბრუნებას და სხვა საკითხებზე კიდევ ერთხელ გავესაუბრეთ“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი, ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე.
„დღეს უკრაინაში წყდება საქართველოს თავისუფლების ბედიც. რა თქმა უნდა, ვაპირებ უკან დაბრუნებას. მე უკრაინიდან ჩამოვედი მამაჩემის ავადმყოფობის გამო. როგორც კი მომეცემა საშუალება, დავბრუნდები და ვიბრძოლებ საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის. რაც შეეხება პრესას, სტატია გავაზიარე ჩემს გვერდზე. მართალია, უკრაინელებმა არ იციან ქართული, მაგრამ დაინახეს, რომ ქართველი საზოგადოება უკრაინაში მეომარი ბიჭების მიმართ ყურადღებას იჩენს. ვინც უკრიანაში იბრძვის, მათზე უნდა იბეჭდებოდეს სტატიები და მედიაში ეთმობოდეს დრო და ადგილი ყველა იმ საკითხს, რაც კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, დაფარული არ არის. დრო მოვა და ისტორია იტყვის სიმართლეს. რთული სათქმელია, უკრაინის ომი როდის დამთავრდება, მაგრამ მჯერა, ბრძოლაში, რომელიც წლების წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო, უკრაინა და საქართველო გაიმარჯვებენ“, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კასრაძე.
„დაიწყებოდა თუ არა ომი აფხაზეთში, რკინიგზის გასაკონტროლებლად ქართული ძალოვანი სტრუქტურები რომ არ შესულიყვნენ? – ამ კითხვას ზუსტი პასუხი არა აქვს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ომის წინმსწრებ მოვლენებს, შეიძლება ითქვას, საქართველოს გატეხა-განადგურების მიზნით რუსული იმპერიალისტური ძალების მიერ წაქეზებული სეპარატისტულად განწყობილი აფხაზები შეიარაღებულ კონფლიქტს მაინც გააჩაღებდნენ. მახსოვს, იგივე კითხვა დავუსვი აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაში თამაზ ნადარეიშვილს. აფხაზები ამ ომისთვის დიდხანს ემზადებოდნენ, ყიდულობდნენ იარაღს და სანგრებს თხრიდნენ. 1987 წელს მიტინგზე გაგრის მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოვედი და მათ ეს ინფორმაცია რომ ვუთხარი, სტვენა დამიწყეს. აღმოჩნდა, სიმართლეს ვეუბნებოდიო, მითხრა მაშინ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, აწ განსვენებულმა თამაზ ნადარეიშვილმა“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ასე იწყებოდა აფხაზეთის ომი…
„1989 წლის ივლისში ანტიქართული გამოსვლები, რომელიც მაშინ ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას იქ ჩასვლამ გაანეიტრალა… 1992 წლის 23 ივლისს აფხაზი სეპარატისტების მიერ აფხაზეთის კონსტიტუციის აღდგენა და სუვერენიტეტის გამოცხადება საქართველოს მთლიანობას საფრთხეს უქმნიდა. და კიდევ… 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო. ალბათ, არავის ეგონა, რომ იგი 13 თვე გაგრძელდებოდა. ალბათ, ვფიქრობდით, აფეთქების ზღვარზე მისულ სიტუაციას მალე ჩავაქრობდით და კვლავ მშვიდობა დაისადგურებდა, მაგრამ აფხაზურ ძალებს შეუერთდნენ კაზაკები, თურქეთსა და სირიაში მცხოვრები აფხაზები, კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია და რუსული არმია, რამაც საბოლოოდ ქართული სახელმწიფოს მარცხი გამოიწვია და ეს ულამაზესი კუთხე დედასამშობლოს მოსწყვიტა. რა ხდებოდა ომის პირველ დღეებში აფხაზეთში, იმ მოვლენების მონაწილეებს, აფხაზეთის ომის ვეტერანებს, იოსებ კაპანაძესა და დომენტი (დონი) ფანჩულიძეს გავესაუბრეთ“, – აღნიშნავს გამოცემა.
„1992 წლის 14 აგვისტო იყო, ზუსტად მახსოვს, პლაცზე მოგვაწყვეს და გვითხრეს, ახალციხიდან ჩვენი ნაწილისთვის ტანკები უნდა ჩამოვიყვანოთ და ვისაც სურვილი აქვს, წამოვიდესო. მე ერთ-ერთი პირველი გავედი, ტრაქტორის ტარება ვიცოდი და ტანკს წამოვიყვან-მეთქი, გამიხარდა. მოვემზადეთ ყველანაირი აღჭურვილობით და მეორე დღეს წავედით. ხაშურში რომ გავედით და ახალციხის გადასახვევს ავცდით, მივხვდით, რომ ახალციხეში კი არა, სოხუმში მივდიოდით. გაგონილი გვქონდა, რომ აფხაზეთში არეულობა დაიწყო… ჩვენი კოლონა სოხუმს უახლოვდებოდა, წინ „კოლხოზნიკი“ მიგვიძღოდა, მოულოდნელად მძღოლს ესროლეს. მყისვე გაიცა ბრძანება, საბრძოლველად მოემზადეთო. გზის იქით, მინდორში, ერთადერთი კაცი იჯდა და რაციით ლაპარაკობდა. როგორც გაირკვა, სნაიპერს ჩვენ შესახებ ინფორმაციას გადასცემდა. საბედნიეროდ, მძღოლი გადარჩა. ჩვენებმა ის კაცი აიყვანეს. ამ ინციდენტის შემდეგ შვეულმფრენი დაფრინავდა და გზას აკონტროლებდა. იმ ღამესვე დაგვაყენეს პოზიციებზე, ზოგი ზღვის სანაპიროზე გაგვანაწილეს, ზოგიც – ტყის პირას, რადგანაც მოწინააღმდეგე ზღვიდანაც გვიტევდა ხოლმე და ტყიდანაც…“ – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იოსებ კაპანაძე.
„შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების საკითხებზე ორგანიზებულ უწყებათაშორის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი ლევან ღირსიაშვილი, სწავლებაში მონაწილე სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. სწავლებების მიზანი იყო ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) ინციდენტების დროს ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე უწყებათაშორისი მზადყოფნის, კოორდინაციისა და რეაგირების შესაძლებლობების დემონსტრირება და შემდგომ გაძლიერება. საველე ვარჯიში გაიმართა სოფელ კრწანისის ტერიტორიაზე და მას საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით „სიმულაციური სწავლებები გვაძლევს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობას“ / რას ემსახურება ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე სწავლების ჩატარება.
„ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მიმართულებით ჩატარებული სიმულაციური უწყებათაშორისი საველე სწავლებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზემოხსენებულ ინციდენტებზე რეაგირების დახვეწასა და ეფექტურობის გაზრდაში. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წელსაც გაიმართა უწყებათაშორისი საველე სწავლება გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, რაც მიზნად ისახავდა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ინციდენტების დროს ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე უწყებათაშორისი მზადყოფნის, კოორდინაციისა და რეაგირების შესაძლებლობების დემონსტრირებასა და შემდგომ გაძლიერებას. ეს არ გახლდათ პირველი ფართომასშტაბიანი სწავლება, რომელიც ქბრბ-ინციდენტების მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა, მაგალითად, 2019 და 2023 წლებში აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ეგიდით გაიმართა ორგანიზებული უწყებათაშორისი საველე სწავლება, რომელშიც მონაწილეობდნენ შს სამინისტროს ყველა მორეაგირე ჯგუფი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და თავდაცვის სამინისტრო“, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.
„ამ სწავლებებმა პირველი მორეაგირე ჯგუფების ტაქტიკური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად განავითარა და უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა გააუმჯობესა. მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, სიმულაციური სწავლებები გვაძლევს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობას, რათა ვუპასუხოთ და მომზადებული დავხვდეთ ნებისმიერი ეროვნული დონის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტს. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერის გარეშე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სხვადასხვა მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებასა და განვითარებას“, – განაგრძობს რესპონდენტი.
„იყო დრო, როცა ფოთის გემთსაშენ-გემთშემკეთებელ ქარხანაში აგებულ წყალქვეშა ფრთებიან „კომეტებს“ მაღალი საექსპლუატაციო მახასიათებლებისა და საიმედოობის გამო მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ყიდულობდა. 1961-1984 წლებში ქარხანამ 104 „კომეტა“ ააგო და უმეტესობა 17-მა ქვეყანამ იყიდა, რომელთა შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, აშშ და ა. შ. აფხაზეთის ომის წინ ფოთის პორტზე მიწერილი იყო ფოთში აგებული „კომეტა-50“ და ფეოდოსიის ქარხნის „კომეტა-51“. ომმა ორივეს სხვადასხვა ბედი არგუნა. 1992 წლის 14 აგვისტოს „კომეტა-51“ ფოთიდან ტრაპიზონისკენ მგზავრებით გასვლისთვის ემზადებოდა, როცა ფოთის პორტის ხელმძღვანელობის განკარგულებით მგზავრებს ბორტი დაატოვებინეს და თბომავალი პორტის მე-7 გემთსადგომთან დადგა, 15 აგვისტოს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მახლობლად, დაბა განთიადთან დაახლოებით 80-90 მებრძოლის, კვების პროდუქტებისა და უზრუნველყოფის სხვადასხვა საშუალების დესანტირებისთვის“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ფოთის „კომეტები“ აფხაზეთის ომში.
„კომეტას“ წყალქვეშა ფრთების გამო ნაპირთან ახლოს მისვლა არ შეეძლო, ამიტომ ნაპირიდან მოშორებით ღია ზღვაში დადგა. თბომავლის ბორტთან მჭიდროდ დგებოდა შავი ზღვის ფლოტის ფოთის ბრიგადისგან ნათხოვარი პატარა სადესანტო კატარღა და ჯარისკაცები კატარღაზე უზრუნველყოფის საშუალებებთან ერთად გადადიოდნენ. ასეთ არცთუ მარტივ ოპერაციას ამინდმაც ხელი შეუწყო – ზღვა არ ღელავდა და არც ქარი ქროდა. 1992 წლის 18 აგვისტოს ფოთის პორტის მეორე „კომეტა-50“-ით საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების მაშინდელმა სარდალმა, I რანგის კაპიტანმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა აფხაზ სეპარატისტთა ცხვირწინ ბიჭვინთიდან 173 ბავშვი, ქალი და მოხუცი მოხერხებულად განსაცდელს განარიდა. მაგრამ მომდევნო რეისი ამ „კომეტისთვის“ ბოლო გამოდგა, როცა 21 აგვისტოს ფოთი – სოხუმი – ბიჭვინთის რეისს ასრულებდა. ბიჭვინთაში ლტოლვილთა გამოსაყვანად შესულ „კომეტა-50“-ს აფხაზი ბოევიკები დახვდნენ, მგზავრები გადმოსხეს და მძევლად აყვანილ ეკიპაჟს თბომავლის გუდაუთაში გადაყვანა უბრძანეს. ამის შესახებ როგორც კი ცნობილი გახდა, ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადაეცა რუსეთის, უკრაინის, თურქეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის პორტების ადმინისტრაციებს თხოვნით, რომ „კომეტა“ პორტში შესვლისთანავე დაეკავებინათ“, – აღნიშნავს გამოცემა.
„თუმცა აფხაზებს სულ სხვა გეგმა ჰქონიათ მოფიქრებული – მათ „კომეტის“ რეიდერად და ქართულდროშიან სამოქალაქო გემებზე თავდასხმებისთვის გამოყენება სურდათ. მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ მაღალსიჩქარიან „კომეტას“ ნელმავალი უიარაღო სამოქალაქო გემების წინააღმდეგ მოქმედება თავისუფლად შეეძლო. გუდაუთაში „კომეტა“ შავად შეიღება, ზღვაში რომ ძნელად შესამჩნევი ყოფილიყო, ხოლო ეკიპაჟი აფხაზი მეზღვაურებისგან დაკომპლექტდა. სეპარატისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ 1992 წლის 26 აგვისტოს საღამოს გაგრისკენ ფოთიდან მცურავი ამწე „ჩერნომორეც-9“ ბუქსირ „კაპიტან რეკვავას“ თანხლებით მიემართებოდა. დაახლოებით 22-50 სთ-ზე აფხაზებმა ბიჭვინთის მახლობლად „კომეტიდან“ ქართულ გემებს ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი გაუხსნეს. პასუხი მცურავი ამწის გემბანზე დაწყობილმა ჯავშანტექნიკამ გასცა და სავარაუდოდ, სროლის შედეგად „კომეტა“ დაზიანდა…“ – განაგრძობს გამოცემა.
„პროექტი „ჯარის ბანაკი – დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ – ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება. პროექტი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ სკოლებში საზაფხულო არდადეგების დაწყებისთანავე განაახლა, უკვე დასრულდა. საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებული პროექტია, რომელიც წელს მეორედ განხორციელდა. იგი თავდაცვის უწყების, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, უკვე მეორედ გაიმართა“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით „ჯარის ბანაკი“ – დაუვიწყარი თავგადასავლები ახალგაზრდებისთვის.
„დიდი ინტერესის გამო თავდაცვის სამინისტრომ „ჯარის ბანაკში“ მოსწავლეთა რაოდენობა გაზარდა, შესაბამისად, მოიმატა ბანაკის ლოკაციებმა. წელს „ჯარის ბანაკი“ მოეწყო შემდეგ ქვედანაყოფებში: კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში; საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში; ახალქალაქში, უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში. სამივე „ჯარის ბანაკმა“ მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეთა შერჩევა და ქვედანაყოფებში ტრანსპორტირება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტომ უზრუნველყო. პროექტი განხორციელდა სახელმწიფო უწყებებთან პარტნიორობით შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: მოსწავლე 2023 წელს არ უნდა ყოფილიყო ნამყოფი სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ბანაკებში (ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი, „ჯარის ბანაკი“); მას უნდა ჰქონოდა ბანაკში მონაწილეობის მოტივაცია“, – აღნიშნავს გამოცემა.
„უპირატესობა ენიჭებოდათ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრებს, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს, ობოლ ან/და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს. აგრეთვე მაღალმთიან რეგიონებში, ე. წ. საზღვრისპირა სოფლებში და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს; „ჯარის ბანაკებში“ ბავშვებისთვის კომფორტული, უსაფრთხო და სრულყოფილი გარემოს შექმნაზე თავდაცვის უწყებამ იზრუნა, სამივე ლოკაციისთვის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ მოამზადა და დეტალურად გაწერა თითოეული დღის განწესი. ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ სერჟანტთა აკადემიაში ბანაკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული და ფიზიკური აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცეები მოაწყო. სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ შექმნილი დიზაინებით კი „დელტა ტექსტილმა“ მონაწილეებისთვის სამ ფერში მაისურები და კეპები, „ჯარის ბანაკისა“ და ოცეულის დროშები, სასაჩუქრე ჩანთები, ზურგჩანთები, მაისურები და ბენდენები მოამზადა…“ – განაგრძობს გამოცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”